დიდი სიყვარულით და გულისტკივილით -ნანა ფაჩუაშვილი

გიორგი ყაჯრიშვილი

დიდი სიყვარულით და გულისტკივილით - ნანა ფაჩუაშვილი

 

ნანა ფაჩუაშვილი - რუსთაველის თეატრის შუა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი -  დიდი სიყვარულითა  და ზოგჯერ გულისტკივილითაც კი იხსენებს თავის მოღვაწეობას ამ თეატრში. თეატრი და კერძოდ კი რუსთაველის  თეატრი გახდა მისი ცხოვრების მთავარი მიზანი  და მისი ასპარეზი. დიდი პირადი ტრაგედიების  გადატანის მიუხედავად,    მისთვის ერთადერთი,  თანაც  ყველა დროს და ყველა შემთხვევაში მთავარი და განუმეორებელი თეატრში ცხოვრება და არსებობა იყო. მაშინაც  კი როცა ახლობლები დაკარგა, მაშინაც კი როცა მისი საყვარელი მსახიობები  თანდათანობით სტოვებდნენ  ამ ქვეყანას  ...

ნანა ფაჩუაშვილის შესრულებულ როლთა რაოდენობა 100-მდე აღწევს. ამ  განვლილ შემოქმედებითი ცხოვრებას თანამედროვე თაერმცოდნენი სამ ეტაპად ყოფენ - ახალგაზრდული ენთუზიაზმით შექმნილი თამამი და „ცისფერი“ გოგონების როლები და ქალთა სახეები, თავისი ვნებებით, სასიყვარულო ისტორიებითა და პირადი ტრაგედიებით, მეორე - მარტოხელა, მარტოსულ ან დავრდომილთა ტიპაჟები, რომელთაც სხვისი დახმარებისა და თანაგრძნობის გარეშე ცხოვრება უჭირთ.  და მესამე - ძლიერი ნებისყოფის,  შურისმაძიებელი, პატივმოყვარე  ქალბატონები.  მნიშვნელოვანია, რომ  ამ დაყოფას ის შინაარსი აქვს, რომ როლები შემთხვევით კი არ განლაგდნენ მის შემოქმედებით გზაზე, არამედ ისინი მისი შინაგან  მოთხოვნილებას პასუხობდნენ ამა თუ იმ   ეტაპზე და რასაკვირველია ემთხვეოდნენ დამდგმელი რეჟისორის არჩევანს და სპექტაკლის გადაწყვეტას.

ნანა ფაჩუაშვილის პირველი როლი იყო საკურსო სპექტაკლში გ. გეიერმანსის „იმედის დაღუპვა“  და მის წარმატება პატარა იოს როლში უკვალოდ არ დარჩენილა.  მსახიობი რეჟისორთა ინტერესის სფეროში აღმოჩნდა  და მალევე მისი რუსთაველის თეატრთან „ურთიერთობა“  დაიწყო, მაშინ როდესაც  იგი ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი გახლდათ. დოდო ალექსიძის სამსახიობო ჯგუფის მოწაფის მოსვლა რუსთაველის თეატრში, როდესაც აქ  ჯერ კიდევ მოღვაწეობდა მისი ოსტატი, თითქოს და სრულიად ლოგიკური უნდა გამხდარიყო, მაგრამ  ისე მოხდა რომ ნანა ფაჩუაშვილს  დოდო ალექსიძის სპექტაკლში დიდ სცენაზე,  მხოლოდ ერთხელ  მოუწია თამაში -  ბ. ბრეხტის „სამგროშიან ოპერაში“  პოლი პიჩემის როლი განასახიერა. ამის  შემდეგ  დოდო ალექსიძემ სულ მალე დატოვა ეს თეატრი და ნანა ფაჩუაშვილი  იმ დროს მთავარი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ყურადღების არეალში აღმოჩნდა. პარადოქსულია,  მაგრამ ეს მართლაც  ასე მოხდა - თუმანიშვილის თეატრი თვისობრივად განსხვავდება დოდო ალექსიძის რეჟისორული მეთოდიდან.  ეს სულაც არ გახდა თეატრის მთავარი რეჟისორისთვის „მიუღებელი“  და  მან ახალგაზრდა მსახიობი თავის სპექტაკლებში დაეკავა და უფრო მეტიც - მასთან ცალკე იმუშავა და განსაკუთებული ყურადღებითაც  კი გაანებივრა. 

თეატრში კი პირველი ნამუშევარი  იყო ევას  როლი  ბ. კობახიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში  ი. შტოკის  „ღვთებრივ კომედიაში“  (1964 წ.) და ისეთ მსახიობებთან მოუწია თამაში, როგორებიც იყვნენ ადამი - კახი კავსაძე, ღმერთი- ეროსი მანჯგალაძე,  ეშმაკი -  გოგი გეგეჭკორი,  ანგელოზები:  კარლო საკანდელიძე და ბორია წიფურია.

ნანა ფაშუაშვილის  ევა, პირველი ქალი სამყაროში, თანაც ქართულ თეატრში სცენაზე მდგომი  პირველი „შიშველი“ მსახიობი,  მომხიბლავი გარეგნობითა და სიძლიერით გამოირჩეოდა, კომიკურ ჟანრში გადაწყვეტილი სპექტაკლი დიდ ემოციურ მუხტს ატარებდა, რაც თავისთავად ახალგაზრდა შემსრულებლის დამსახურებაც  იყო.

რუსთაველის თეატრში წლების განმავლობაში იცვლებოდა სარეჟისორო შემადგენლობა  და  მსახიობი ყოველთვის რჩებოდა მათ პროფესიული ინტერესი სფეროში, როგორც  უფროსი თაობის - გ. ჟორდანია, რ. მირცხულავა, გ. ანთაძე „ბედნიერი ბილეთი“,  რ. ჩხაიძე „შეშლილი, შეშლილი ახალი წელი“,  ასევე ახალგაზრდების - გ. თავაძე, რომლის ყველა ბოლო  სპექტაკლებში შესრულა როლები:  ირ. სამსონაძის „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“, „იქ სადაც ღვარად მოედინება“ და ტ. სტოპარდის „მაგრიტის შეახებ“.

ასეთებია თუნდაც ნანა ხატისკაცის სპექტაკლები:  წულეისკირის „თუთრეჩელა“   და  „სიბრძნე სიცრუისა“, ეს  უკანასკნელი  სულაც არ აღმოჩნდა ადვილი ახალგაზრდა მსახიობისთვის - მას ერთდროულად რამოდენიმე როლის განსახიერება მოუწია და ყველას წარმატებით გაართვა თავი, სადაც „სულხან-საბას იგავებში ჩაქსოვილი სიბრძნე პლასტიკით, მეტყველებით, საშემსრულებლო ოსტატობით და გარდასახვის უნარით უნდა გადმოეცა“ (გ. კახელი, „ახალგაზრდა კომუნისტი“,  1981 წ. 19 სექტემბერი).

შემდეგ  თვით მიხეილ თუმანიშვილმა დააკავა  სპექტაკლებში:  გ. ნახუცრიშვილის „ჭინქრაქა“ (მზია) ,  ჟ. რასინის „ფედრა“ (არივია), ლ. გოთუას „ტარიელ გოლუა“ (ნაია)  რაც თავისთვად ამ რეჟისორის მიერ  მისი ნიჭის აღიარებასა და თავის თეატრში მისთვის ადგილის მიჩენას ნიშნავდა.  როგორც ცნობილია რეჟისორები  საკუთარ სკოლაგავლილ მსახიობებს აძლევენ უპირატესობას,  მიხეილ თუმანიშვილისთვის, რომელიც ამ დროისათვის რუსთაველის თეატრის სამსახიობო დასის დაძლიერებას გეგმავდა,   ეს ალბათ რთული გადაწყვეტილება იყო ... უკვე იკვეთება რაღაც ბზარი „შვიდკაცას“  რიგებშიც.  ცხადია ასეთ გარემოში საკუთარი ადგილის მოპოვება რთულზე რთული იყო. მაგრამ მალე თეატრში   თემურ ჩხეიძეც მოდის, რომელსაც  ნანა ფაჩუაშვილთან  დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს - ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან. ამ რეჟისორთან მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნოც აღმოჩნდა. შ. დადიანის „გუშინდელნში“-  „ ნ. ფაჩუაშვილის ფაციამ სპექტაკლის ფინალს  ოპტიმისტური ჟღერადობა მიანიჭა“  (გ. კახელი, „ახალგაზრდა კომუნისტი“,  1981 წ. 19 სექტემბერი),  რაც სრულიად პასუხობდა რეჟისორის ჩანაფიქრს. ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლში“ თემურ ჩხეიძემ ფაჩუაშვილს ყველაზე დრამატული, მეომბოხე და ოჯახის ტრადიციების „შეურაცმყოფელი“ ადელას  როლი ანდო, მისი პაექრობა მარტირიოსთან (მ. ჯანაშია) ერთ-ერთი საუკეთესო სცენა იყო სპექტაკლში.  „ერთადერთი ადელა (ნ. ფაჩუაშვილი) ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია თავისი დაუოკებელი ვნება ძალად აქციოს და ეს ბნელით მოცული ბერნარდას სამყარო ბრძოლაში გამოითხოვოს“ (გ. ხუხაშვილი. „კომუნისტი“ 1973 წ. 20 ნოემბერი). თ. ჩხეიძის სპექტაკლებში განხორციელებული როლებიდან მნიშვნელოვანი იყო ასევე ლ. ტოლსტოლს  „მეუფეობა წყვდიადისა“ (ანისია), ხოლო  ვ. როზოვის „სიტუაცია“  სათაურით  „გასაღები“ (თამარი) სპეციალურად დაიდგა მისთვის, სადაც მეუღლესთან ერთად  ტ. ყველაიძესთან ერთად თმაშობდა.

ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ მიხედვით შექმნილ სპექტაკლში „საბრალდებო დასკვნა”  რეჟისორმა რობერტ სტურუამ ნუნუ ექიმის როლი მიანდო და იგი თანდათანობით  თემურ ჩხეიძის სპექტაკლებიდან  სტურუას დადგმებში ინაცვლებს:

ავ. ცაგარელის „ხანუმა“ (სონა), თ. ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“ (მარიკა), „ნახვის დღე“,  მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (ნ. კრუპსკაია).

ნანა ფაჩუშვილის მიერ შექმნილ შესანიშნავ სახეს ლედი ანას  უ. შექსპირის „რიჩარდ  III-ში“ და იმ სცენას, სადაც ანას  რიჩარდი - რამაზ ჩხიკვაძე  აცდუნებს  ზუსტად  და სკრუპულოზურად აღწერს ნ. გურაბანიძე ამ დუეტის ვირტუოზულ თამაშს თავის წიგნში „რობერტ სტურუა“ -  როგორ მიეპარება რიჩარდი  უკანიდან ლედი ანას, როგორ „იხუტებს მკერდში ანას ... და მაყურებელთა დარბაზისკენ აპარებს მზერას - თითქოს გვეკითხება -„როგორ ვითამაშოო“ - ითამაშა ისე, რომ მის სიყვარულში ანას აღარ უნდა შეეპაროს ეჭვი ... ანა რიჩარდს  ეკუთვნის“ -  სწორედ ეს იყო კიდევაც  რიჩარდის მიზანი, ტახტისკენ  სწრაფვის კიდევ ერთი ეტაპი განვლილია -  „ვნებადამცხრალი, შეურაცყოფილი, აბუზული და შერცხვენილი ლედი ანა უსიტყვოდ გადის სცენიდან“. 

რ. სტურუას გვიანეულ ნამუშევარში „დარისპანის გასაჭირი“  - ნანა ფაჩუაშვილის პელაგია საბელაშვილის  ერთ-ერთი საუკეთესო სახეა სპექტაკლში  -  „.მსახიობი კომიკური კონტრასტით და კონკრეტული სიზუსტით მიჯნავს პელაგიას მონაცემებს, სურვილებს, ქცევას და მოქმედებას. მისი გარეგნობა, ცხოვრებისეული პრაქტიციზმი აფხიზლებს გარშემო მყოფებს და მათ უბადრუკ რეალობას ახსენებს. ეს გმირი ზოგადად თანამედროვე ყოფიერების ალეგორიულ სახედ შეგვიძლია მივიჩნიოთ - ცხოვრების იმ მხარედ, რომლის დამალვა შეუძლებელია. მსახიობი კონკრეტულ დეტალებში აღწევს პერონაჟის არსობრივ გამოვლინებას, ეს იქნება მისი მიხვრა-მოხვრა, რომელიშიც იხატება პელაგიას სავარაუდო წარსული და ამჟამინდელი ვითარება; თუ ცალკეული ეპიზოდი, რომლითაც ნ. ფაჩუაშვილი ამდიდრებს თვისი გმირის დახასიათებას. ხელჩაქნეული, დამცირებული ადამიანის სახე გამოსჭვივის, როდესაც იგი სხვისი ჭიქიდან ჩარჩენილ სასმელს ჩუმად სვავს, ან დარისპანს, ანგარების გამო, უყოყმანოდ თანხმდება სექსზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების წესს და პრონციპებს ეწინააღმდეგება. “ (მ. კალანდარიშვილი, „დარისპანის... თქვენ თვითონ იცით, რაც ...“ „რეზონანსი“, 2006 წ. 14 მარტი).

ნანა ფაჩუაშვილი ერთ-ერთი პირველთაგანი მსახიობია, რომელმაც  შეძლო და სხვადასხვა თეატრებში განეხორციელებინა როლები,  ისე რომ რუსთაველის თეატრიდან არ წამოსულიყო.

პირველი ასეთი „გარღვევა“  მოხდა თ. ჩხეიძის სატელევიზო სპექტაკლში „ჯაყოს ხიზნები“ – „... ნანა ფაჩუაშვილი მარგო პირველივე კადრებიდან ყველაფერზე ხელჩაქნეული, ცხოვრების დინებას პასიურად მინდობილი, საკუთარ ყოფაზე გულაცრუებული ადამიანია. ყველანაირი პირობა - სუბიექტურიც და ობიექტურიც - ხელს უჭყობა მარგოს ზნეობრივ დაცემას. ის გარდატეხა, რომელიც მასში ჯაგოს ძალადობის შედეგად ხდება, უკიდურესად მტკივნებულია, მაგრამ კკვეთია და საბოლოო. შემდგომ და შემდგომ იგი სულ უფრო და უფრო მშვიდად, სინდისი ქენჯნის გარეშე ეგუება ჯაყოს ხიზნობას, თითქოს კმაყოფილობასაც კი განიცდის ამ მონობისგან“ (მ. გეგეჭკორი, „თეატრალური ინტერპრეტაციის მრავალსახეობა“. „საბჭოთა ხელოვნება“, 1985 წ. N8);

შემდეგ იყო ალისა ა. ვარსიმაშვილი სპექტაკლიდან ა. სტრინბერგის „სიკვდილის როკვა“  რამაზ ჩხიკვაძეს, კ. კავსაძის და გურამ საღარაძესთან ერთად  თეატრალურ სარდაფში. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი რომ რამაზ ჩხიკვაძისთვის ეს ბოლო ნამუშევარი იყო თეატრში და ამ სპექტაკლით მან  ბევრი ქვეყანა მოიარა ამ გენიალურ მსახიობთან ერთად.

თავადის ქალი მაიას  სახე ზუგდიდის სახ. თეატრში რეჟისორ მ. სვირავს მიერ განხორციელებულ ამავე სახელის სპექტაკლში, რომელიც რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით დაიდგა  – „ქალი, რომელიც „სიყვარულისთვის იყო გაჩენილი“ რომელმაც დაკარგა რა სიყვარული, უარი თქვა სიცოცხლეზე, ზღვაში დაკარგული კენჭივით  ვნების მორევ ში დაიხრჩო თავი ... მსახიობი გმირისთვის ძალზე თამამად არჩევს გამომსახველობით ხერხებს: მისი თვალები სიყვარულითაა ანთებული, მათში ჭაბუკური ჟინიანობა და სიჯიუტე გამოკრთის და კიდევ უსაზღვრო სევდა აუხდენელი ოცნებების გამო, მისი ხმა გაბზარულია და ასაკდაჩნეული, სიტყვები ვნებით იწელება“ ... (ფ. ყუშიტაშვილი, „თავადის ქალი მაია“, „ხელოვნება“, 1990, N8)

„ნანა ფაჩუაშვილის თამაშის კონტრასტული, სწრაფი ცვალებადი მანერა, რომელიც მდიდარია თანამედროვე თეატრალური ხერხებით, სამსახიობო ხელოვნების ფაქიზ ნიუანსებს მოიცავს ... მსახიობი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით ამუშავებს როლის პარტიტურას, სადაც ზუსტადაა განსაზღვრული პერონაჟის ფსიქოლოგიური ხაზი.“ (ნ. დავითაშვილი, „დაკარგული ზღაპრების ლურჯი ზმანება“, „თეატრი და ცხოვრება“, 1990 წ. N6).

როდესაც რეჟისორმა დავით ანდღულაძემ მას კლარა ცახანასიანის როლი შესთავაზა  ფ. დიურენმატის პიესაში „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი“ ნანა ფაჩუაშვილი დიდი სიამოვნებით დათანხმდა. სპექტაკლს  „მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი“ ახმეტელის სახ. თეატრში დიდი წარმატება ჰქონდა შესანიშნავი რეჟისორული გადაწყვეტით და მსახიობის უბადლო თამაში მეოხებით. „ ნანა ფაჩუაშვილი თამაშობს სქესთაშორის ამპლიტუდას ლედი ანადან რიჩარდ მესამემდე. მსახიობი, რომელიც დაახლოებით ოცი წლის სტურუას ლეგენდარულ სპექტაკლში საყვარელი მეუღლის კუბოს მიჰყვებოდა, მაგრამ იქვე ცდუნდებოდა ... თავად იქცევა რიჩარდ მესამის პროტოტიპად. მახინჯი და ამავდროულად ლამაზი, ბუნებრივი, თუმცა პროტეზებით აწყობილი, კუზიანიც და მოქნილიც, ჯალათიც და მსხვერპლიც - ეს უცნაური, თითქმის უხილავი და განსაცვიფრებელი ტრანსფორმაცია შექსპირიდან დიურენმატამდე  (ქალიდან მამაკაცამდე) გულისხმობს მსახიობის წარმოუდგენელ ფსიქო-ფიზიკურ კონცენტრაციას. დაუნდობელი აგრესია და ირონია, ნაზი ალერსი რომელსაც კლარას თვალები აკვესებენ, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისინი კარგად ფარავენ ტკივილებსა და მარტოობას, რომელსაც ორსული კლერჰენი განიცდიდა, როცა ყველასგან უარყოფილი იგი მატარებლით ჰამბურგში მიმგზავრებოდა“. (დ. ბუხრიკიძე. „ქართული თეატრის დღე“, 2004 წ. 14 იანვარი);

ნანა  ფაჩუაშვილი იმ იშვიათ მსახიობებს განეკუთვნება, რომელმაც მთლიანად თავისი ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. მე მხოლოდ ის არ მაქვს მხედველობაში, რომ მეუღლეც - ტრისტან ყველიაძე მსახიობი იყო. თუ მის ინტერვიუებს გადავხედავთ, ჩაუღრმავდების იმ გამონათქვამებსა და იმ აზრებს, რაზეც ეს მსახიობი საუბრობს დავრწმუნდებით, რომ იგი მხოლოდ თეატრით და შემოქმედებითი ცხოვრებით ცოცხლობს და  სულდგმულობს. დევიზი „მე უფრო მჭირდება თეატრი, ვიდრე თეატრს მე“ ესაა მისი ცხოვრებისა და  შემოქმედების არსი. 

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს შემოქმედებით ცხოვრების მანძილზე შემოქმედებითი ჩავარდნები არ ახასიათებს, მაინც ჰქონდა პერიოდები რომ იგი დაკავებული არ იყო და არარეალიზებული მსახიობის განცდა ჰქონია.  მაგრამ ეს არასდროს გამხდარა ხელის ჩაქნევისა და პროფესიაზე უარის თქმის საფუძველი. მისი მებრძოლი ხასიათი განაპირობებდა იმას, რომ ყოველთვის ახერხებდა დაუკავებლობისა და ცხოვრების ერთფეროვანი  მორევიდან  „ზედაპირზე“ ამოსვლას და ერთმანეთზე უკეთესი როლების განხორციელებას.

„თეატრი ათონელზე“ სავარაუდოა სწორედ ამ იდეით შეიქმნა, სცენა დაეთმო მსახიობებისათვის, რომელთან მასავით თეატრის  გარეშე არსებობას არ წარმოედგინა და გაჩნდა სპექტაკლი  „ემიგრანტები“  ირაკლი აფაქიძისა, გოგა პიპინაშვილის და ზურა ყიფშიძის მონაწილეობით  და სხვები... მაგრამ ბოლო ნამუშევარში პ. ხატიანოვსკის და ი. გარუჩავას პიესაში „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“ (რეჟისორი ქ. დოლიძე), კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნანა ფაჩუაშვილის უმაღლესი მსახიობურო ოსტატობა და ის, რაც განსაკუთრებით ეხმიანები მისი შემოქმედების მესამე ეტაპს და საერთოდ  მის ხასიათსა და ბუნებას. მისი პეროსონაჟი  მერი  სპექტაკლის დასაწყისში  ინვალიდი, უსუსური, ყოველგვარ შეგრძნებამოკლებული ქალბატონი, მეორე მოქმედებისთვის განკურნული, იდებით და სიცოცხლის უნარით  აღსავსე, გამარჯვებული, ძლიერი და დამოუკიდებელი თვის  გადაწყვეტილებებში უბრუნდება თავის ძირძველ სამშობლოს - საქართველოს.

„ნანა ფაჩუაშვილის  ბევრი როლი მინახავს, ბევრით აღვტაცებულვარ (და არა მარტო მე), ბევრი განსხვავებული სახე აქვს მას სცენაზე შექმნილი, მაგრამ გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მერი მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლია და ალბათ ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში შესრულებული ერთ-ერთი საუკეთესო როლიც.“ - წერდა ლელა ოჩიაური „რეზონანსში“ (2011, 19 იანვარი).

ნანა ფაჩუაშვილის კიდევ ერთი დევიზია „მსახიობი მუდამ უნდა იყოს ფორმაში“.  ამიტომაც ხშირად მიმართავდა სატელევიზო ეთერს, რომელიც ასევე ხდებოდა მისი შემოქმედების ასპარეზი:  ასე იყო  ტელეარხზე  „ევრიკაზე“ საავტორო ინტერაქტიური გადაცემა  „თეატრალური შეხვედრები“,  სადაც მსახიობები სტუმრობდნენ, მთელი რიგი ტელესერიალები, მაგ. ა. ენუქიძის „წვრილ ვარსკვლავთა ღამე“ და  ასევე თუნდაც ამჟამინდელი  „სამოთხის ვაშლები“.

მსახიობის შემოქმედება  ბევრჯერ აღინიშნა სხვადასხვა ჯილდოებით -  ვერიკო ანჯაფარიაძის სახ. პრემიის გარდა ოთხი სპექტაკლისთვის: „შეშლილი, შეშილი ახალი წერილი“, „თავადის ქალი მაია“, „მილიონერი ვიზიტი“   და „გამარჯობა ასდოლარიანო!“ ოთხჯერ მიღებული აქვს თმკ საუკეთესო მსახიობი ქალი  ყოველწლიური  პრემია.  

ნანა ფაჩუაშვილს შემოქმედებითი მეოთხე პერიოდი კიდევ წინაა აქვს და იმედი გვაქვს იგი მრავალ საინტერესო როლებს შემოგვთავაზებს.