top of page

ყველაზე იღბლიანები ვართ, რომ ამ ქვეყანაში გავჩნდით

9520_160086828770_684948770_2632476_5656

ყველაზე იღბლიანები ვართ, რომ ამ ქვეყანაში გავჩნდით

ლელა ოჩიაური

ნატა მურვანიძე კინოსა და თეატრის  (სამეფო უბნისა და მარჯანიშვილის თეატრები) მსახიობი,  არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც) ერთ-ერთი ცნობილი ქართველი არტისტია (კინოფესტივალებსა თუ თეატრების გასტროლების წყალობით), რომლის შემოქმედებით ბიოგრაფიაშია - რამდენიმე ათეული კინო და თეატრალური (მთავარი) როლი, ეროვნული და საერთაშორისო პრიზები, სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიები. სულ ახალგაზრდა იყო, როდესაც ნანა ჯანელიძის ფილმში „იავნანა“ ქეთოს დედის როლის შეასრულა და იმავე, 1992  წელს, რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში მიიწვია სპექტაკლში „ცხოვრება სიზმარია“, მთავარი გმირის სახის შესაქმნელად,  საიდანაც, ფაქტობრივად, მისი აღმავალი კარიერა დაიწყო. 2017 წელს კი, „აზიურ ოსკარზე“, პეკინში, ფილმში „საშიში დედა“, დედის სახის  განსახიერებისთვის  - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაააჯილდოვეს.

ნატა მურვანიძე თეატრალურ-კინემატოგრაფიული ოჯახიდანაა. მამა - მხატვარი და სცენოგრაფი მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძეა; დედა - ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი  და მსახიობი - მაკა მახარაძე; და - ვიზაჟისტი და თეატრალური და კინოგრიმის ოსტატი - ანუკა მურვანიძე; ქმარი - მსახიობი და რეჟისორი, სამეფო უბნის თეატრის დირექტორი - ნიკა თავაძე;  შვილი - რეჟისორი და მსახიობი - დათა თავაძე; რძალი - მსახიობი ნატუკა კახიძე;  ბიძა - რეჟისორი თემურ ჩხეიძე; ბიცოლა - მსახიობი ნანი ჩიქვინიძე; ბიძაშვილი - მსახიობი ეკა ჩხეიძე; მამამთილი - კინორეჟისორი და  მსახიობი, სამეფო უბნის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მერაბ თავაძე.  ბებია - მსახიობი მედეა ჩახავა იყო, ბაბუა - მსახიობი, რეჟისორი და სპორტული კომენტატორი - კოტე მახარაძე; დედამთილი - მსახიობი იზა გიგოშვილი. უმცროსი ქალიშვილი მანიუ (მაკა) ჯერ სკოლაში სწავლობს, მაგრამ ისიც მსახიობობას აპირებს.

ნატა მურვანიძე ოჯახის, თეატრის, კინოს,  თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციფიკის, ცხოვრებისდა და თეატრალური სინამდვილის შესახებ გვესაუბრება.  

ნატა მურვანიძე: „ისე მოხდა, რომ  ალბათ,  ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვობაში  უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავდა.  ფეხბურთი, ველოსიპედი უფრო მიზიდავდა. დაუოკებელი, მოუსვენარი ვიყავი. ახლა იშვიათად მაქვს ემოციურად გადარევის პერიოდები. უფრო მშვიდი გავხდი. თვითონ, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ მშობლებისგან ვიცი, რომ ძალიან ბევრ კითხვას ვსვამდი. ყველაფერზე! ტვინს ვუჭამდი, ყველას ვღლიდი - „რატომს?“ გამო. ამ მხრივ კარგი პროფესია ავირჩიე. იმდენი შეკითხვაა დასასმელი. იმდენი „რატომაა“!  ახლა რეჟისორებს ვაწამებ“. 

ვინ იყო, ვინც ამ კითხვებს ყველაზე მეტ პასუხს სცემდა? ვინ იყო მთავარი გამზრდელი?

ყველა. ყველა ერთნაირად. პირველ რიგში, მამა და დედა, მაგრამ ბებიებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენს აღზრდაში. მაკა ახერხებდა ყველაფერი  შეეთავსებინა. მე და ანუკა, სანამ სკოლაში წავიდოდით, პრაქტიკულად ვცხოვრობდით ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეპეტიციოში. ზაფხულში, რეგიონულ გასტროლებზე, ბებიაჩემს დავყავდით ხოლმე. მეორე ბებიასთანაც ძალიან ხშირდად ვრჩებოდით. თან იქ მუსიკასაც ვმეცადინეობდით. ოღონდ, ბრჭყალებში.   

თქვენი შვილების შემთხვევაში როგორაა?

ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. მემკვიდრეობით გადმოვიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, დედა რომ არა, თეატრში ასეთი აქტიური ცხოვრება ვერ მექნებოდა. ძალიან ბევრის დათმობა მომიწევდა. დათასა და მანიუს შორის 13 წელია სხვაობა. დათა სტუდენტობის დროს გავაჩინე. ძუძუზე იყო და ლექციებზე დამყავდა. დათა უფრო აქტიურად მყავდა ხოლმე თან, ვიდრე მანიუ. მანიუს დროს მაკას უკვე ჰქონდა საბალეტო სკოლა, რაც გოგოს აღზრდის, დატვირთვის,  განვითარებისთვის საუკეთესო ადგილია. ვიდრე - გაბუღული საგრიმიოროები თუ სარეპეტიციოები. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ჯობია ბავშვები გაბუღულ ოთახში და მშობლებთან ერთად იყვნენ, ვიდრე სუფთა ჰაერზე და ძიძებთან.

რეალურად გამოდის, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს ანაზღაურება იმისთვის, რომ შემდეგ ძიძას გადავუხადოთ. და ამით კარგს რას ვაკეთებთ?!

თქვენ ოჯახში ყველა ხელოვანია. და ყველა თეატრსა და კინოსთან იყო და არის დაკავშირებული. როგორია ასეთ ოჯახში ცხოვრება?

არც ვიცი, როგორია სხვანაირი ოჯახი. არც ვიცი, რას უნდა შევადარო. არც ის ვიცი, განსხვავებულია სხვისგან, თუ არა. მაგრამ ნამდვილად ვიცი და ალბათ სხვაგანაც ასე ხდება - როდესაც ერთ დიდ ოჯახს ისე შეუძლია ერთად ყოფნა, რომ არავინ არავინ დათრგუნოს და ავარიების გარეშე იცხოვროს, ეს, რა თქმა უნდა, უფროსი თაობის დამსახურებაა. ცხოვრების წესი, რასაც პირადი სივრცის დაურღვევლობა ჰქვია. ჩვენ გვაქვს საშუალება, საკუთარი კაფსულები შევქმნათ და ვიყოთ, როცა გვინდა, კაფსულაში და როცა გვინდა, ერთად. ვიცხოვროთ ერთ სივრცეში და არავინ არავინ აჯანჯღაროს, რომ, აი,  ახლა ერთად უნდა ვიყოთ, აბა, ახლა ყველამ ერთ თემზე უნდა ვისაუბრით, რადგან ერთად ვართ. არა.  

ესეც მედიკოსგან მოდის, რომ სახლში ბავშვების უსაზღვრო ნდობა იყო, სულ პატარაობიდან. არასდროს გამჩენია მოტყუების, რაღაცის დამალვის სურვილი. მართლა არასოდეს არაფერი დამიმალავს. პირველი სიგარეტი არ დამიმალავს. ხომ ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ მაინც არა. არც პირველი შეყვარებული. არაფერი. რადგან არაფერი იყო აკრძალული. ახლა ვხვდები, როდესაც თვითონ გავიზარდე და შვილები მყავდა აღსაზრდელი, რომ შენ შენი შეხედულებიდან გამომდინარე, ელაპარაკები მათ იმაზე, რა მიგაჩნია, რა არის კარგი და რა არ არის კარგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, რაც მე მგონია, რომ არ არის კარგი, შეიძლება კარგი მართლა არ იყოს. ჩემი აზრი შეიძლება იცოდე, მაგრამ არჩევანი შენი გასაკეთებელია და ამ არჩევანის გაკეთება საშუალებას იძლევა, გქონდეს უსაზღვრო ნდობა.

როდესაც მსახიობობა გადაწყვიტეთ, არ შეგწინააღმდგენ? ვინ, თუ არა თქვენმა ოჯახმა იცის, რა მძიმეა მსახიობის პროფესია. ბედი.

ჩვენ ოჯახში წინააღმდეგობა საერთოდ არასდროსაა. არის მსჯელობა, რამდენად კარგია რაღაც. ჩვენ ვსაუბრობთ და შემდეგ ვრჩებით ჩვენს აზრებთან.  გადაწყვეტილებას იღებს ის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კარნახით არასდროს გვიცხოვრია. უბრალოდ, ყოველთვის იყო თემები - განსჯისთვის და პირადი არჩევანის გასაკეთებლად.

ჩემ არჩევანზე (ეს ბოლო წუთში მიღებული გადაწყვეტილება იყო), როგორც იმ პროფესიაზე, რაც მანამდე მქონდა გადაწყვეტილი - წინააღმდეგობა არ მქონია. უბრალოდ, ამიხსნეს, რასთან მომიწევდა მომავალში შეჯახება.

როდესაც გამოვაცხადე, რომ თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, მითხრეს, რომ ამისთვის ეს და ესაა საჭირო და შეგიძლია, გინდა ეს? განმიმარტეს, რომ ამ პროფესიას აქვს ეს პლუსი, აქვს ეს მინუსი და ა.შ.

რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუას სპექტაკლის „ცხოვრება სიზმარია“ პირველი პრემიერის შემდეგ, პირველად გავიგე, რა არის არითმია. როდესაც გულმა დამიწყო ამოვარდნა და დღემდე ასე გრძელდება. ეს იყო ერთადერთი, რაზეც ბებიაჩემმა არ გამაფრთხილა და ვფიქრობდი, ასე როგორ არ ვუყვარვარ, რომ არ მითხრა, თუ მსახიობობა ასეთ საშინელებასთან, ასეთ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული-მეთქი. დავამთავრე სპექტაკლი და ვკითხე მედიკოს, რატომ არ გამაფრთხილა, რომ ასეთი რაღაც დამემართებოდა. მიპასუხა, რომ სანამ არ დაგემართება, მაინც ვერ მიხვდები, რა არის ეს და მაინც გააკეთებდი იმას, რაც გინდოდაო.

ოჯახში საუბრობთ ხოლმე ფილმის ან სპექტაკლის შემდეგ, იმაზე, თუ რა გამოვიდა?

ეს აუცილებელი პირობაა. მაგრმ ჩვენთან ოჯახში პლუსებზე არ საუბრობენ. არ ლაპარაკობენ, რა არის კარგი. შეიძლება გარდატეხის ასაკში, როდესაც შენი არაფერი მოგწონს, ეთქვათ „არა, რას ლაპარაკობ, კარგად გამოიყურები!.. სამაგიეროდ, ეს გაქვს კარგი!“  ყველაზე მეტი კომპლიმენტი, რაც გამიცია და მიმიღია, სწორედ ასეთ შემთხვევებში. დანარჩენი არ მახსოვს, რომ ვინმეს ეთქვას - ყოჩაღ! ვსაუბრობთ იმაზე, რაც არ ვარგა და რაც შესაძლებელია, გასწორდეს. აქედან გამომდინარე, კრიტიკოსის რეცენზია, რომელიც, ვთქვათ, არც თუ დადებითად აფასებს ჩემს ნამუშევარს, საბოლოოდ, ჩემთვის მხოლოდ კარგია. შენიშვნებს მიჩვეული ვარ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები მეუბნებიან ამას და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არ მაძლევენ საშუალებას, რაღაც გამოვტოვო, გავჩერდე და ხელს მიწყობენ, სულ განვითარებისკენ ვიარო. სტიმულს გაძლევს შენიშვნა. აბა, თუ კარგია, რაღაა გასაკეთებელი?!

ყველა შენიშვნა მახსოვს და მახსოვს, რა გავასწორე, როგორ გავასწორე და ვერ გავასწორე. პირველი რეცენზიიდან მახსოვს, 1992 წლიდან, რა იყო და რა შევცვალე. როდესაც კრიტიკა მოტივირებული იყო, რა თქმა უნდა. როდესაც უბრალოდ გლანძღავენ, ეს არ მეხმარება. იწყებ ფიქრს, რომ, რაც უნდა გააკეთო, არ მოეწონებათ.  როდესაც ახსნილია, რატომ არ ვარგა, გრძნობ, რომ იმ ადამიანს ეწყინა, არ გაეხარდა, რაღაც რომ არ გამოვიდა. ასეა სახლშიც. ცოტა რთულია. ვერ ვიტყვი, რომ კრიტიკა სიხარულს, ბედნიერებას მგვრის. არა. შეიძლება, წინააღმდეგობაც გავუწიო და თავიც გავიმართლო, მაგრამ მეორე დილიდან ვიწყებ ფიქრს და შეცდომის გამოსწორებას ვცდილობ..

მაინც, რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა. რა მოხდა?

17 წლის ვიყავი. ჩემი მეგობრები აბარებდნენ „თეატრალურში“. თეატრში, პირველ რიგში, ზალიკო ჩიქობავას გამო აღმოვჩნდი. სკოლა ერთად დავამთავრეთ და  გადავწყვიტე, რატომ წავიდე სხვაგან, ტაშფანდურს გავაგრძელებთ ერთად. ტაშფანდურის გასაგრძელებლად მივედი და მოხდა ისე, რომ მე და ზალიკო სხვადასხვა ჯგუფში აღმოვჩნდით. მე შალვა გაწერელიასთან მოვხვდი, რომელმაც პირველივე ლექციაზე „ძიუდოს ილეთი“ ჩაგვიტარა და მიგვახვედრ, რომ ძალიან სერიოზულ პროფესიაში შევყავი თავი. აუდიტორიიდან რომ გამოვედი, მახსოვს, ვიფიქრე, ვაიმე, სადა ვარ!!! რომ სულ არაა სატაშფანდუროდ საქმე.  გადაწყვეტილების მიზეზი კი იყო, რომ მეგობრებთან ერთად მინდოდა ფეხბურთის თამაში.

ვინ იყვნენ თქვენი ჯგუფელები?

ნიკუშა თავაძე, ნინო კასრაძე (ნინო და მე ნული კლასიდან ვართ ერთად), ნათია გუბენკო, ცირუ ჯგუბურია, ქეთი პაპავა, გიორგი ქვრივიშვილი, მარინა კობახიძე, გია ჭანტურია, რაჟდენ კერვალიშვილი, ნიკო თოფურიძე, ბაჩო ჩხეიძე. ისეთ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, რომ მათმა ნაწილმა, ბიჭებმა განსაკუთრებით, სხვა რამის კეთება გადაწყვიტეს. კარგ ჯგუფად კი ვითვლებოდით.

როგორია თქვენი და ნიკას სიყვარულის ამბავი?

ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა და არც ვიცი, მოსაყოლია ეს თუ არა. თავიდან  ძალიან ვმეგობრობდით.  შემდეგ, თბილისში 2 ამერიკელი ჩამოვიდა (მაშინ უცხოელების ასეთი ვიზიტები იშვიათობა იყო), რომლებიც რატომღაც თეატრალურ ინსტიტუტს მოამაგრეს და ჩვენ გვთხოვეს, გვეპატრონა, აქეთ- იქით წაგვეყვან-წამოგვეყვანა. არც მახსოვს წესიერად, რატომ აღმოვჩნდით ამ როლებში. არც ის, რატომ ვუთხარით მათ, რომ მე და ნიკა  შეყვარებულები ვართ. ამ თამაშში კი მივხვდით (გამოდის, ამერიკელებმა მიგვახვედრეს), რომ მართლა გვიყვარს ერთმანეთი. ამას არც ერთი არ ველოდით.  დავქორწინდით მეორე კურსზე და დათა გაჩნდა ზუსტად 9 თვეში, ზუსტად.

სტუდენტი იყავით, როდესაც ნანა ჯანელიძის „იავნანაში“ ითამაშეთ, არა?

არა, სწავლა ახალი დამთავრებული მქონდა.  გადაღებები აგვისტოში მიმდინარეობდა. პირველი ფილმი კი, რომელშიც გადამიღეს, იყო მანანა ანასაშვილის „მხოლოდ ერთხელ“.

ამ დროს პარალელურად ვითამაშე რობერტ სტურუასთან სპექტაკლში „ცხოვრება სიზმარია“, კალდერონის პიესაზე, რომლის პრემიერაც ესპანეთში გაიმართა.

როგორ აღმოჩნდით რობერტ სტურუასთან? სად გიპოვნათ?

ძალიან უცნაურად. რობერტ სტურუა გოგი ალექსი-მესხიშვილთან იყო მოსული სახელოსნოში. სწორედ  ამ სპექტაკლზე იწყებდნენ მუშაობას.  მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა. დაუჯერებელია, არა? ასეთ სახლში გაზრდილი, თან „თეატრალურში“ ვსწავლობდი. ცხადია, ალბათ ნანახი მყავდა, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობდი. დიდი ხანი სადღაც იყო წასული, თბილისში რაღაც პერიოდში არ დგამდა.

მანამდე, ნანუკა ხუსკივაძესთან ვიყავი რუსთაველის თეატრში მისული. მანანა ანასაშვილის ფილმში ერთად ვითამაშეთ და ძალიან დავმეგობრდით. ბუფეტში ვიყავით და იქ ლაპარაკობდნენ, რომ სტურუა ახალ სპექტაკლს იწყებდა. მალე თვითონაც შემოვიდა. წვერები ჰქონდა და ალბათ, ფოტოს ვერ მივამსგავსე. სპექტაკლებიც ნანახი მქონდა, ვიცოდი, რომ დიდი რეჟისორია, ჩემი ემოციიდან გამომდინარე და არა წაკითხულიდან.  რას ვყვები ახლა, როგორი სამარცხვინოა. თითქოს საიდანღაც ვიყო ჩამოსული. მაგრამ, ასე იყო.

მოკლედ, მოსული იყო სახელოსნოში. (ერთ ეზოსი ვცხოვრობდით). მე ამ დროს მებაღეობით ვიყავი დაკავებული, მეჭირა სეკატორი და ვსაქმიანობდი. დამინახა და მითხრა ასეთი რამ - შეგიძლია, ხვალ ამოხვიდე თეატრში და რამე წამიკითხოო? კი, მეთქი და უცბად რაღაც ხმამ შემაწუხა. თურმე სეკატორი რკინაზე მედო და მაგრად  ვაბრახუნებდი. ხელი მიკანკალებდა. შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ ძალიან მეშინია და ვერაფერს წავუკითხავ. გამახსენდა, რომ ჩემი მეტყველების გამოცდის ჩანაწერი მქონდა კასეტაზე და ის მივეცი. თვითონ ვერ წავედი, ვერ წავიკითხე „რაღაც“... და შემდეგ პირდაპირ რეპეტიციაზე აღმოვჩნდი.  

1992 წელს ვითამაშე რობერტ სტურუასთან.  შემდეგ ბევრს ვთამაშობდი სტუდენტების სპექტაკლებში. ისევ თეატრალურ ინსტიტუტში მივბრუნდი და შეიძლება ითქვას, 4-ის ნაცვლად 6 წელი „ვსწავლობდი“.

როგორია  მსახიობისთვის კარგი სამუშაო გარემო? თეატრში უყვართ ინტრიგა, დიდია მეტოქეობა, ზოგჯერ ზღვარგადასულიც. არსიყვარულიც ხშირი და ძლიერია. ერთმანეთის, პროფესიის, როლის.

არ მიმაჩნია, რომ არაჯანსაღი მდგომარეობა არის ჯანსაღი შემოქმედებითი პროცესის მასტიმულირებელი, ამას ვერავინ დამაჯერებს. როგორ შეიძლება პარტნიორს არ ელაპარაკებოდე, არ გიყვარდეს?! ეგეთი ოსტატობაც არ მყოფნის. თუ ერთად არა, ცალკე როგორ უნდა ითამაშო სპექტაკლი? არის წესები, რომლებსაც ინსტიტუტში გასწავლიან, თეატრში მიდიხარ და იმ წესების დარღვევასა  და დანგრევას ეჩეხები. არაფრით  მესმის, როგორ შეიძლება პარტნიორი მოკლა სცენაზე!!! რა სიამოვნებაა მაშინ ამ პროფესიაში, თუ კონტაქტი არ გიჭირავს და იქიდან გამომდინარე არ აკეთებ რაღაცას. მაშინ, რა სიამოვნება აქვს თეატრს - ცოცხალ პროცესს, თუ ყოველ დღე ამას არ შეიგრძნობ?!  ამ მხრივ, საერთოდ არა ვარ მებრძოლი და კარგია, რომ ასეა.

სამეფო უბნის თეატრში ვიცი, რა ხდება და „მარჯანიშვილში“.  „მარჯანიშვილში“ ძალიან ჯანსაღი ატმოსფეროა და ეს რომ არა,  იქ არ გავჩერდებოდი. ტონს, ურთიერთობის  ნორმებს ყოველთვის   მმართველობა იძლევა -   რა შეიძლება   და რა არ არის კარგი. თორემ ადამიანი თუ მიუშვი, ყველაფერს გააკეთებს.

ვიღაცეები ვერ ჩერდებიან, რადგან ეს არაა მათი სივრცე. ყველაფერი გახსნილია და არაა იერარქია - ეკა მაზმიშვილი მმართველია! ჭოლა - ღმერთი! არა. ის ისეთივეა, როგორიც მე - თავისი კარგი სპექტაკლითა და არც ისე კარგი სპექტაკლით, როგორც მე - ჩემი ნორმალური ნამუშევარით და ცუდი ნამუშევარით.

ღმერთი არავინაა და ყველა ყველაფერს აკეთებს. მე შემიძლია დავაჭედო, თუ რაღაც გაფუჭდა, შევაკეთო საშხაპე და არ გამოვიძახო ხელოსანი, რადგან შემიძლია ამის გაკეთება. იგივეს იზამს ჭოლა, თუ ნახავს, რომ რაღაც დაზიანდა და მერე რა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელია.

სარეპეტიცოს შენ ალაგებ, შენ აგებ პასუხს. ერთად ვაკეთებთ ყველა ყველაფერს და ისეთივე პატივისცემაა სცენის მუშის მიმართ, როგორც მსახიობის მიმართ. ეს სწორია. ჯანსაღი პროცესი მგონია. ზუსტად ასეა სამეფო უბანშიც“, მაგრამ აქ ეს შედარებით ადვილია, რადგან ჩვენი პატარა თეატრია.

რთულია „მარჯანიშვილში“, მაგრამ მიღწევა შეიძლება. კი არ ვაქებ. ჩემი ქება არ სჭირდება, უბრალოდ, ასეა. თუ ვინმე ცუდად გრძნობს თავს, საკუთარი თავის გამო გრძნობს ცუდად. ჩვენ იშვიათად ვუსვამთ საკუთარ თავს შეკითხვებს. იქ არ არსებობის დაუფასებელი ადამიანი. ეს ჩანს შედეგზეც.

ამბობენ, იგივეა მუსიკისა და დრამის თეატრშიც.

დოიმ (დათო დოიაშვილი) იცის ეს ძალიან კარგად. ჩვენ ერთად გვაქვს მთელი შემოქმედებითი ცხოვრება გატარებული. თუ თეატრი ოჯახია, მაშინ მე და დოი და-ძმა ვართ. ერთად დავიბადეთ. და ძალიან კარგად ვიცი, როგორია. მოკვდება და მოგკლავს მსახიობის, ტექნიკური პერსონალის გამო. მთავარია, რომ მისი თეატრი სივრცეა, სადაც ყველა ერთადაა აღქმული. სხვა პლანი არ არსებობს. ყველა არის უნიკალური და მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა, რას საქმიანობს.

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ  შემოქმედებით პოლიტიკას. სამივე თეატრში ახალგაზრდობა მუშაობს და საშუალება აქვს, საკუთარი თავი გამოსცადოს. სამივეს აქვს საკუთარი ნიშა და ახალგაზრდებს აქვთ არჩევანი - რა ტიპის სპექტაკლის გაკეთება უნდათ.

როგორ ხვდებიან თქვენთან რეჟისორები? „სამეფო უბნის თეატრის“ რეპერტუარის ავტორები უმეტესად ახალგაზრდები არიან. ხშირად, დებიუტანტებიც.

რეჟისორს მოაქვს პიესა და მოაქვს კონცეფცია. „ოღონდ დადგი“ - ასე, რა თქმა უნდა, არაა.  თემურ ჩხეიძის პირველმა სახელოსნომ ბევრი რამ გააკეთა. ჯერ „არდიფესტმა“, ახალგაზრდა რეჟისორების გამოჩენას შეუწყო ხელი და შემდეგ მათმა არსებობამ - შვა სახელოსნო. „არდიფესტი“ კი, გახსოვთ, საიდან დაიწყო? სწორედ თემურის პირველი  სახელსნოდან, რომელშიც „აქ ამ სავანაში“ გაკეთდა. იქ გამოჩნდა, რა იცის რეჟისორმა, რა არ იცის, რა პრობლემა აქვს. ფესტივალს კი, 4 წლის წინ,  სახელოსნოს დაარსება მოჰყვა. მანამდე ნიკუშა 5 წელი დადიოდა კარდაკარ, რომ ეს სახელოსნო დაარსებულიყო.

2019 წელს ნიკა „არდიფესტის“ ჩატარებას  კვლავ აპირებს. პირველი ერთ თაობას ეყო. ისინი უკვე თეატრებში გავიდნენ, უკვე რეჟისორები არიან და უკან ხომ არ მოვლენ?! თემურის სახელოსნომაც  ახალი რეჟისორები გამოაჩინა.

ყველაზე დიდი გამოცდილება, ძლიერი შთაბეჭდილება, რომელიც თეატრისგან მიიღეთ?

ლევან წულაძის „როგორც გენებოთ“ აღმოჩნდა პროექტი, რომელიც დაწანწალებს მსოფლიოში ყველგან,  რომლის პრემიერა იყო შექსპირის „გლობუსში“, რომელიც ვითამაშეთ შექსპირის ყველა ფესტივალზე - და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი და საერთოდ ქართული თეატრისთვისაც. ამის მიუხედავად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სპექტაკლით დავდიოდით საქართველოს რეგიონებში და ვთამაშობდით ყველგან - ქუჩაში, ღია ცისქვეშ (ერთდერთი, ქობულეთსა და გორში შევედით შენობებში, რადგან თქეში წამოვიდა). მაწანწალა შაპიტოსავოთ ვიპროწიალეთ.

რაც ჩვენ გაგვიკეთა ამ გასტროლმა, რაც გვანახა - ასეთი მნიშვნელობის არაფერი ყოფილა. ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ხმა არავის ამოუღია. არავის დაუწუწუნია.

ისეთი საგანძურები ვიპოვეთ ადამიანებში (ბუნებაზე და ადგილებზე აღარაფერს ვამბობ), რომ მივხვდით, ყველაზე იღბლიანები ვართ, რომ ამ ქვეყანაში გავჩნდით. სამშოლოს ხომ  ახასიათებს, რომ უპირობოდ გიყვარს. გიყვარს, მაგრამ, რატომ - არ იცი. როგორც მშობელი. და უცებ ხდება ის,  რომ ხვდები, რაცაა მთავარი - რატომ. ყველაფერზე პასუხებს იღებ.

ხულომ მოახდინა საოცარი შთაბჭდილება. ერთი კაცი ვნახეთ, ბალახს კრეჭდა, ქვეყნის მოწყობაზეწ მელაპარაკა. მოაზროვნე ხალხითაა გატენილი იქაურობა და სხვა პრობლემებში იკარგებიან, რომ როგორმე გადარჩნენ.

მესტიამაც ყველა გაგვაგიჟა. ერთ დილას გამოვედი სასტუმროდან. აქეთ თეთნულდმა შემიხუთა სული, იქით მდინარე ღმუის.  მე ვერ ვეჩვევი ამ სასწაულს.  სასტუმროს დიასახლისი ქალი (რაღაცნაირი ძლიერები არიან ეს ქალები, კლდესავით) შემხვდა და ვეუბნები, თქვენ ალბათ მიჩვეულები ხართ ამ სილამაზეს-მეთქი. ამომხედა ქვემოდან (სკამზე იჯდა) და მითხრა, როგორ გგონიათ, ამას შეჩვეულები რომ ვიყოთ, აქ ვიქნებოდითო?!  მკაცრი ზამთარი იცის და იქაურობას მაინც ვერ ტოვებენ. დაფასდება უნდა ამას.

სვანეთში  სასწაული მოხდა. ვითამაშეთ მუზეუმის ეზოში.  სპექტაკლში გვაქვს მარტივი მელოდია და მეორე ფრაზიდან ყველა ბავშვი მღეროდა და მღეროდა აბსულუტური სმენით.

ასეთი ჩართულობა, როგორიც იყო მესტიაში, არასდროს შემხვედრია და მივხვდი,  საიდან დაიწყო საერთოდ თეატრი; რა მნიშვნელობა  აქვს მას;  რომ თეატრში ყოველთვის, რაც უნდა თემებს შეეხო და რა ტიპის სპექტაკლიც უნდა დადგა, ცოცხალი კონტაქტი აუცილებელია.

მუზეუმმა იმოქმედა საოცრად. ასეთი თავისუფალი, ასეთი გემოვნებიანი, მე მგონი, არაფერი მინახავს. რამხელა პოტენციალია იქ. მხოლოდ მიშველება უნდა. ამ ნაწილში ძალიან ძლიერები არიან.  ხატწერა, ფრესკები - არანაირ კანონს რომ არ იცავენ. როგორი თავისუფლები არიან და ამით რომაა ეს ყველფერი დიადი. ძალიან მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, ეკონომიკური მხარე აუცილებელია, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია, ამ მხრივ განვითარება, რაც ყოველთვის იყო საუკუნეების განმავლობაში. სწორედ რეგიონები ამარაგებდნენ ინტელექტუალურად დედაქალაქებს და თუკი რაიმე პროგრესული იყო, მოდიოდა იქიდან. რატომ?! ალბათ იმიტომ, რომ ხდებოდა განათლება სათანადო დონეზე. ახლა ეს ყველგან ჩამორღვეულია და აუცილებელია, სწორად მიეწოდოს კულტურა, მიეცეთ სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა და არა მხოლოდ ინტერნეტით. რომელიც ინფორმაციას იძლევა, მაგრამ საკმარისი არაა. მგონია, რომ რეგიონებს რჩეული რაღაცეების მიწოდება სჭირდება. იმიტომ, რომ ძალიან ნიჭიერი და ბრძენი ხალხი არსებობს იქ.

შოკი მქონდა ჩარგალში,  ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში. (მასზე დიდი ჩემთვის არავინაა). შევედით ამ ცივ, მიწისიატაკიან ქოხში და უცებ დავინახე პატარა საწერი მაგიდა, ორ ფანჯარას შუა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედია და რომელსაც მაგიდასთან მჯდომი ვაჟა ვერ დაინახავდა, კედელი შეუშლიდა. მაგრამ არ სჭირდებოდა ის ხედი.

ანა ურუშაძის           „საშიშმა დედამ“, თქვენი მონაწილეობით, მე მგონი, ყველა ფესტივალიდან ხელს პრიზი გამოაყოლა.

დიახ, 28 პრიზი მოიპოვა. ჩემთვის მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. რაღაც მდგომარეობაში ვარ, თან არა ვარ.

თეატრში ვიცი ზუსტი ამოცანები. ორი ტვინით ვფიქრობ - ერთია, რაც სპექტაკლის მთლიანობას უკავშირდება, სადაც საკონტროლოა ყველაფერი,  სად ასაწევია, სად დასაწევი, ტემპი დავარდა და როგორ უნდა მიახვედრო პარტნიორი; ვინ შემოდის, როგორ გავამართლო, რაც ხდება. და მეორე - პირდაპირ ამბავშია მოქცეული.

კინოში ტექნიკური აქტიური ტვინი საერთოდ არ მუშაობს. არ ვიცი, გავიზარდე (ასაკობრივ ზრდას ვგულისხმობ და არ პროფესიულს), თუ რა მოხდა, მაგრამ ზაზა ურუშაძის „სამ სახლში“ მონაწილეობისას, პირველად მქონდა შეგრძნება, როდესაც გადაღებები დავამთავრეთ, რომ პერსონაჟი სადღაც დავტოვე და ის ცხოვრებას აგრძელებს. სადღაც არსებობს ვიღაც, ჩემგან გარეალურებული ტიპი და ცოტა რომ შეგეშინდება, რადგან ვერ ხვდები, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ ის პარალელურ სამყაროში ცხოვრობს.

მე მაინც ვაბრალებ, რომ ზაზა ძალიან დემოკრატიული რეჟისორია, არ გაწვალებს მუშაობის პროცესში.  ეტყობა ყველაფერი დაემთხვა - პერსონაჟიც, რომელიც ძალიამ მივამსგავსე მამაჩემის დედას, თავისი დაღუპული ქმრიანად, რომელსაც ძალიან ვგავარ გარეგნობითაც. დამოუკიდებელი ტიპი იშვა ჩემთვის. ნარკოტოკივითაა ეს შეგრძნება, რომ კიდევ გონდა იგივეს განცდა. კინოს ჰქონია ასეთი თვისება (თეატრს არა), რომ რაღაცას იგრძნობ და კიდევ გინდა იგრძნო.

„საშიშ დედაზეც“ იგივე დამემართა, თუმცა, სანამ გადაღებას დავიწყებდით,  როლი ტექნიკურად აწყობილი მქონდა. რა ჭირს, რატომ აკეთებს ამას - ვიცოდი. ყველა ხაზი მქონდა გავლებული. ინსპირაციის წყარო კი იყო მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი კურდღელი“, თუმცა არაფერი საერთო პერსონაჟებს არ აქვთ. უბრალოდ გამიმარტივა, დამანახა, რა ხდება. ოღონდ თავიდან არ წამიკითხავს. რაც მახსოვდა და რა შეგრძნებაც მქონდა, ის გამოვიყენე.

მინდოდა შემექმნა პერსონაჟი, რომელზეც ვერ გაიგებდი, ის არ მოგწონს, თუ ადამიანი, რომელიც ამ პერსონაჟს თამაშობს. რაღაც რომ ასოცირდებდეს ჩემთან პერსონალურად. და, მე მგონი, ეგეთი გამოვიდა.  ძალიან საინტერესო იყო.

რა თქმა უნდა, მსახიობს კინოში სჭირდება დიდი გმოცდილება. ათ წელიწადში ერთხელ რომ მუშაობ, მხოლოდ იხსენებ, აკვირდები, გახსოვს, თუ არა კამერასთამ მუშაობა. ასე ძალიან რთულია. იქვე უნდა იყოს შესაძლებლობა, რაღაც გაასწორო. ათ წელიწადში კი ეს გავიწყდება. ამის შესაძლებლობას  თეატრი მაძლევს და კინო არა.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველების მანერა. სხვის შეცდომებზე მე ვერ ვსწავლობ. მე თვითონ უნდა შემეშალოს. რასაც თეატრი „აფუჭებს“ კინოსთვის ესაა მეტყველების მკაფიოობა, რასაც ხვეწავ, ხვეწავ, ხვეწავ თეატრისთვის და რაც კარდინალურად სხვაა კინოში. როგორც კი მიფუჩეჩებას იწყებ, შეცდომაა. დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არის ბგერები, ასოთწყობა, რაც მინდა კინოში გამოვასწორო, არის რაღაცეები, რასაც ვერ გამოასწორებ. და ამისთვისაც ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ნახო, სწორდება თუ არა.

დათა, ახალგაზრდობის მიუხედავად, დღეს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია. როგორი ბავშვი იყო? 

დათა ცხოვრობდა, ერთი მხრივ, ლაღი ცხოვრებით, რომელიც მაქსიმალურად გვინდოდა მისთვის შეგვექმნა. ვთქვათ, რაღაცის ინტერესი გამოიჩინა, ეს ინტერესი სრულად გვინდოდა დაგვეკმაყოფილებინა. ვთქვათ, ეზოში ბავშვებთან უნდოდა სპექტაკლის დადგმა. სადღაც გასტროლებზე ვიყავით, მოვკვდი შიმშილით  და მარიონეტების დასი ჩამოვუტანე. თქვა, რომ ფოტოგრაფია აინტერესებს და კამერა ვუყიდეთ. რაღაც ძალიან სერიოზულზე  ვამბობდით უარს და ყველაფერი ამის ხარჯზე ხდებოდა. 90-იან წლებზეა ლაპარაკი. მაშინ ყველა შეზღუდულად ვცხოვრობდით. თუმცა არაფერი ბოლომდე არ მიიყვანა. რაღაც ეტაპის შემდეგ ინტერესი უქრებოდა. ერთი პერიოდი ოპერის მომღერლობა უნდოდა და ვოკალზე ათწლედში სწავლობდა. შემდეგ მუტაციის პერიოდში დაანება და დაანება თავი. რაღაც-რაღაცეებს ჩვენც ვესროდით, რამე პატარა ინტერესს რომ გამოავლენდა, რომ დაგვენახა, რას აკეთებს. სულ პატარა რომ იყო, ცეკვასთან იყო ეს ინტერესი დაკავშირებული.  თვითონ დგამდა სპექტაკლებს, დირიჟორობდა ნაწარმოებებს, ცეკვავდა და მღეროდა. ოპერისა და ბალეტის თეატრის „პროუქტი“ იყო ყველა ასპექტით. (მაკას იმ დროს პენსიამ მოუწია და აღარ იყო თეატრში. მე შეიძლებოდა ეგეთი ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვიყავი).

მართლა სამოთხეში ცხოვრობდა, იმასთან შედარებით, რაც გარშემო ხდებოდა. სახელოსნოს სიმწვანეში. ეზოში. გარშემო არაჩვეულებრივი ხალხი იყო - სოლიკო ვირსალაძე, იური გეგეშიძე, ირაკლი ყიფშიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, გოგი გუნია...  გადასარევ ადამიანებში იზრდებიდა, ჩიტების ჭიკჭიკში, მაგრამ რაღაცეები, რაც გვეგონა, მოვაშორეთ, თურმე არ გამოგვივიდა. რადგან ჩვენ ეზოში დაიღუპა ლევან აბაშიძე და არსად სხვაგან!  ბავშვს, როგორც უნდა არ აგრძნობინო, ტკივილს ვერ ააცილებ. ის არსად მიდის.

დათას მოუწია ეროვნული გამოცდების პირველ წელს ჩაბარება.  ქართულში რომ მომზადებულიყო, ფანტასტიკურ პედაგოგთან - დოდო ჯორბენაძესთან მივიყვანეთ და პირველი დავალება, რომელიც მასთან დაწერა, ძალიან დეპრესიული, სუიციდალური იყო. ეს იყო ბებიამისის ბაბუის - ომის გმირის ამბავი იმის შესახებ,  რა შეიძლება ომმა დამართოს ადამიანს.  რომ გვეგონა, მას არ ეხებოდა, აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერს განიცდიდა, რაც ხდებოდა. ხომ არის მაიმუნის ერთი, კისკისა, მაგრამ ახლაც ასეა -  რაც ძალიან სტკივა, არავის აჩვენებს.  თეატრი კი  საშუალებაა, გამოხატოს ტკივილები ამ ფორმით და არა ყოველდღიური საუბრითა და წუწუნით - აი, მე ის თაობა ვარ...

მე ჩემმა მეგობარმა ნევროპათოლოგმა მითხრა, რომ ალბათ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ - 24 საათი მიწაში ვარ ჩარჭობილი, წეროვანში, ბაღში - რადგან იპოვე, ის, რაც გაგიჟებისგან გიცავს - ჩვენი პროფესია არ იქნებოდა საჭირო, ყველა რომ ხვდებოდეს, სადაა მათი წამალიო.

ალბათ დათაც ბედნიერია, რომ თეატრი იპოვნა. თურმე ბავშვობიდან საკმაოდ დიდ ტკივილებთანაა დაკავშირებული, რაც მაშინ აღმოვაჩინეთ. და დოდო რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ვერც გაგვეგო და არც ყოფილიყო ამ პროფესიაში. შეყვარებული იყო დოდოში.

და ძალიან დიდი რამ მოხდა დათას ცხოვრებაში იმითაც, რომ „თეატრალურში“ გიზო ჟორდანიასთან აღმოჩნდა. გიზომ გახსნა იმ მხრივაც, რომ მისი თაობის ადამიანები დღეს მისი მეგობრები არიან. საერთოდ დათას უყვარს უფროსი ადამიანები.  საკმაოდ ჩაკეტილი იყო და თავს კომფორტულად უფროსებთან გრძნობდა, რადგან იმ თემებზე შეეძლო მათთან ესაუბრა, რაც აინტერესებდა.

ამიტომაა ბედნიერი ადამიანი, რომ მის ცხოვრებაში გიზო, დოდო არსებობდნენ. გიზომ აჩუქა ის, რაც დღეს აქვს. გაათავისუფლა და ძალიან ბევრი თვისება, რაც არ ვიცოდით, რომ ატარებს, ამოაგდო. აი, რას ნიშნავს ისეთი პედაგოგი, რომელიც იმ კარს გაგიხსნის, რომელიც ჩარაზული და ჩახშულია... დიდი სიყვარულიც ჰქონდათ, აქედანაც გამომდინარე.

მანიუ? უკვე იცის, რა უნდა, საით აპირებს?

მსახიობობა უნდა. სხვა პროფესიებზეც ვესაუბრებით, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, ინტერესიანი ადამიანია და იქნება შრომისმოყვარე, რაც ძალიამ მნიშვნელოვანი მგონია. დათაც ძალიან ფუტკარია. ის მანიუსთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია. ძალიან მოსწონს. ამიტომ, მასავით ბევრს კითხულობს. უფრო გახსნილია, ვიდრე დათა. ბევრი მეგობარი ჰყავს. დათას არ ჰქონდა დისკომფორტი, მარტო მე და ის, დიდი ხნის განმავლობაში რომ მარტო ვყოფილიყავით (რაც არაა კარგი). მანიუ არა, არ გაგიჩერდება. ლაღი ადამიანია. ახალი თაობაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოჯახში გიზარდნენ, თუნდაც, ერთი და იგივე წიგნზე, სხვადასხვა აზრი აქვთ. ახლა წაიკითხა, „ჭირვეულის მორჯულება“ ინგლისურად. (ინგლისურზე დადის და  ინგლისურად ამიტომ. დავალებული ჰქონდა).  მითხრა, გენიალური ტექსტია, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ დაწერა, რა საჭიროა ეს პიესაო? რატომ არის ქალის დამორჩილება ასე მნიშვნელოვანიო?!  ეს პრობლემა რომ იყო, ესეც აღარ იცის, არ ესმის. აბსოლუტურად სხვა თაობაა.  და, მე მგონი, ნელ-ნელ გავდივართ იმ 40-წლიან გზას.

bottom of page