top of page

ნახატის ბოლო - ლურსმანია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

76007E95-514C-4EE8-8725-6807029DD931.png

06.12.2025

თამთა ქაჯაია

ნახატის ბოლო - ლურსმანია

 

ქალაქის თეატრში 27 ოქტომბერს სპექტაკლის - „მამა ნათლია და ვიღაც კაცი“ პრემიერა გაიმართა - პიესის ავტორი და რეჟისორი გრიშო ჟორდანია.  ჟორდანია ახალგაზრდა, დამწყები რეჟისორია, რომლის დებიუტი შოთა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე  რადიოპიესით - „მე პაწია მერცხალი ვარ“ შედგა.  შემდეგ მან გურჯაანის კულტურის ცენტრში კონკიას მოტივებზე შექმნილი „ოქროს ბუცი“ განახორციელა, ხოლო თელავში საკუთარი პიესა - „ალუბლის ტორტი“ დადგა, რომელმაც 2020 წელს თუმანიშვილის ფონდის პრემიის ჯილდო მიიღო.

სპექტაკლის განხილვამდე მცირე შესავალს გავაკეთებ, რაც თეატრის შენობის ლოკაციის სიმბოლური, ასევე პიესის კონტექსტისა და სიუჟეტური ხაზის განმარტებას წარმოადგენს. ეს დეტალები მოვლენების უფრო მეტად გააზრებასა და მხატვრული გადაწყვეტის სრულფასოვან აღქმაში დაეხმარება მაყურებელს.

ქალაქის თეატრის სცენაზე წამორდგენილი სპექტაკლი „მამა, ნათლია და ვიღაც კაცი“ ის  იშვიათი თეატრალური ნამუშევარია სადაც სცენაზე აღწერილი ამბავი სრულიად კონცეპტუალური არააა - ის რეალური ადამიანების რეალური ცხოვრების ისტორიაა. რეჟისორი საკუთარი ბაბუის წარსულს  ისე უბრუნდება, თითქოს ხელახლა ცდილობს გააცოცხლოს გარდაცვლილი ადამიანების ემოციური მეხსიერება. ჩვენ ვხედავთ დრამატული მოვლენების განვითარებას, ასევე ვხედავთ რეალობას, წარსულსა და თეატრს შორის წაშლილ ზღვარს. ეს არის ისტორია, სადაც პირადი ტრამვა და გაუგებრობის სიმძიმე სპექტაკლს რაღაც მომნუსხველ ენერგეტიკას სძენს. ყოფილი ინდუსტრიული ობიექტის კულტურულ ცენტრად ტრანსფორმაცია მეტაფორას ქმნის - იქ სადაც ერთ დროს ერთფეროვანი, განმეორებითი სამუშაო მიმდინარეობდა, ახლა, მორალური და სოციალურ-ფსიქოლოგიური დრამის კონფლიტის ადგილია. ისტორიის იმ ადგილას გაცოცხლება სადაც რეალურად ვითარდებობდა მოვლენები, ბაბუის სიკვდილის თეატრალიზება წარსულსა და აწმყოს შორის (გამბედაობას საჭიროებს) ავთენტურობის შეგრძნებას აჩენს.

სპექტაკლის სახელწოდება გარკვეულ ნარატივს უკვე აყალიბებს, მაგალითად „მამა“, „ნათლია“ ქართულ კონტექსტში სიმყარესთან და სიწმინდესთან ასოცირდება, ასევე პასუხისმგებლობას, ზრუნვასა და ოჯახის, ნათესაურ-რელიგიურ საყრდენებთან. მესამე პერსონაჟი „ვიღაც კაცი“ სემანტიკურ ველს ქმნის, რადგან პირდაპირი და უხეში მითითებაა უცნობის, ბუნდოვანების, საფრთხისა და საიდუმლოსკენ. პირველი ორი ფიგურა  მკაფიოდ განსაზღვრულია, მესამე კი  - გაურკვეველი. საინტერესოა, რომ სახელები პერსონაჟებს მხოლოდ მთავარ, ოჯახის უფროსებს აქვთ, მაგალითად: გრიშა - (გიორგი ქადაგიშვილი) და გრიშას ცოლი - (მარიამ ავალიანი), მიშა (ვახო ჩაჩანიძე) და მიშას ცოლი - (რუსკა მაყაშვილი), გრიშას შვილი - (ალექსანდრე სულაბერიძე) და მიშას შვილი (ლუკა ნაყოფია), თამაზი - (ნიკა წერედიანი).  როგორც ხედავთ გმირებს არ გააჩნიათ საკუთარი, დამოუკიდებელი იდენტობა, ისინი არსებობენ მხოლოდ მამებისა და ქმრების გარშემო, ამით ჩანს ოჯახში იერარქიული, პატრაიარქალური სტრუქტურა. სტატუსებით არის განსაზღვრული გმირების ფუნქცია - „ცოლი“, ოჯახის, მოვალეობის, ტრადიციის წარმომადგენელი; „შვილი“ - გაგრძელება, მემკვიდრეობა; გრიშა - ოჯახის ცენტრალური ღერძი, რომლისგანაც დანარჩენი პერსონაჟები გამომდინარეობენ, აქედან ჩანს 90-იანი წლების სოციალურ-კულტურული მდგომარეობა.

სპექტაკლის სახელწოდება, ამავე დროს, საზოგადოების შინაგან დაყოფაზე მიგვითითებს, რაც ჩვენ ქართველებს წარსულიდან მოგვსდევს. სპექტაკლში, როგორც პიესაში მთავარი პერსონაჟი გრიშა (გიორგი ქადაგიშვილი) თამაზს (ნიკა წერედიანი) მიმართავს [.....] „ქართველსა და ქართველს შორის მხარეს ვერ ავირჩევ“. ეს წინადადება დღევანდელობას პირდაპირ ეხმიანება, რადგან საზოგადოება კვლავ ორად არის გაყოფილი და არჩევანის გაკეთება სწორედაც, რომ ქართველსა და ქართველს შორის კვლავ გვიწევს.

 

 ავტობიოგრაფიული პიესა მხოლოდ პირად ემოციებსა და ტკივილის არ გადმოსცემს, ნათლად ჩანს სოციალურ-პოლიტიკური ფონი, რომელიც კვალვ ჩვენი დღევანდელი დღეა.

სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მუსიკალური ნაწილი მიმაჩნია, ჩელოზე (ეკატერინე გორგაძე) ცოცხლად შესრულებული/გაფომრებული მუსიკა სპექტაკლის სიუჟეტს მძაფრ დრამატულობას მატებს. ცოცხალი შესრულება სცენურ რეალობას აშორებს ყოველდღიურობის ქაოსურ ტემპს, სადაც დრამატრული მოვლენები სხვა რიტმით იწყებენ არსებობას. ჩელოს ვიბრაციული ბგერები ქმნის განცდას, რომ დრო ნელდება და სუნთქვა მძიმდება. ეკატერინე გორგაძის შესრულება სპექტაკლში არა მხოლოდ თანმხლები მუსიკაა, არამედ - პერსონაჟია.

მხატვარი  (ანანო ქარუმიძე) ქმნის ოჯახურ გარემოს, რომელიც ერთი შეხედვით, ორი - სხვადასხვა მატერიალური შესაძლებლობის მქონე ოჯახისთვის მისაღებია. დეკორაციის ცენტრში, კედელზე ვხედავთ ანგელოზის სიმბოლურ ფიგურას, დახრილი თავით, დახუჭული თვალებითა და  ერთმანეთზე მიდებული ხელებით. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩნდება განცდა, რომ იგი მათზე ლოცულობს.

რეჟისორი ორი ოჯახის საერთო ტრაგედიას გვაჩვენებს, შლის  საზღვრებს სოციალურ-მატერიალურ უთანასწორობაში და ამას მოქმედებების განგრძობითობით ახერხებს. გრიშა თამბაქოს ქარხნის დირექტორია, შესაბამისად უფულობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, ამისდა მიუხედავად ვხედავთ, რომ მიშასა და გრიშას ოჯახს იდენტური საკვები აქვთ.  გრიშო ჟორდანია ერთი სახლით  გვაჩვენებს, რომ მდიდარსა და ღარიბს შორის ბარიერები უფრო მენტალურია, ვიდრე სივრცობრივი ან მატერიალური.

თამაზი (ნიკა წერედიანი)  - ნათლია - ყველა ოჯახისთვის ნაცნობი პერსონაჟია. ნათელმირონობით დაკავშირებული მეგობარი საუკეთესო მეგობრისათვის სასიკვდილო განაჩენის გამომტანი აღმოჩნდება - გრიშასთვის. მისი პერსონაჟის ამოხსნა, პიესისა და სპექტაკლის დასაწყისშივეა შესაძლებელი, როდესაც დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვედრისთანავე ეუბნება: „[...] შენ ჯვარი გწერია. მინდია მირცხულავას, რომ ესროლეს თუ გაიგე?“. 

მცირეწლოვანი ალექსანდრე სულაბერიძე და ლუკა ნაყოფია  (მათი ასაკის მიუხედავად) თავდაჯერებულად ართმევენ თავს დაკისრებულ როლებს. ალექსანდრეს საკმაოდ დიდხანს დგას სცენაზე,  მისი გამოუცდელობა მაყურებლისთვის ფაქტობრივად შეუმჩნეველია. მოზარდი საკუთარ პერსონაჟს ავითარებს და გათამამებული ბავშვის როლიდან მშობელმკვდარ შვილად გარდასახვის პროცესს გვაჩვენებს. ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა ორი მოზარდის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. გრიშას შვილი, ყველაზე ძვირფასს, მამისგან ნაჩუქარ რუჩაგოს იმეტებს მიშას შვილისთვის. 

ნახატის ბოლო ლურსმანია!

bottom of page