„ნახე რას დაემსგავსა ჩვენი ცხოვრება“
მაკა ვასაძე
„ნახე რას დეაემსგავსა ჩვენი ცხოვრება“...
(ინკლუზიური პროექტი სპექტაკლი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“)
ძვირად დაუჯდა საქართველოს „ხონჩით მორთმეული“ დამოუკიდებლობა. დაკარგული ტერიტორიები, გაუთავებელი ომები, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები... აგერ უკვე მესამე საუკუნეა რუსეთი, ვერ თმობს იმპერიალისტურ ამბიციებს და იმის მაგივრად, რომ უზარმაზარი ქვეყნის, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას მიხედოს (მოსკოვსა და პეტერბურგს გარეთ), სხვისი ტერიტორიებისთვის იბრძვის. ომები აქვს გაჩაღებული, არა მარტო, მსოფლიოში გავლენის სფეროებისათვის, არამედ, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების დაბრუნებისათვის.
ინკლუზიური პროექტი-სპექტაკლი - „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ - ომების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ, ლტოლვილ ადმიანებზეა, მათ განცდებზე, გრძნობებსა და სოციალურ მდგომარეობაზე: ტკივილზე, მონატრებაზე, სიყვარულზე, გაჭირვებაზე, უიმედობასა თუ იმედზე...
ომის თემატიკაზე, არაერთი პიესა დაიწერა და დაიდგა სპექტაკლი. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმ ორს აღვნიშნავ, რომლებმაც პირადად ჩემზე (და არა მარტო) ემოციური და მხატვრული თვალსაზრისით, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. გურამ ოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით თემურ ჩხეიძის დადგმული „ზღვა, რომელიც შორია“, სოხუმის ლტოლვილი თეატრის მსახიობებმა ითამაშეს „სამეფო უბნის თეატრში“ (2005 წ.) და 2019 წ. ზუგდიდისა და ფოთის თეატრების კოპროდუქცია, ნიკოლოზ საბაშვილის - „უღელტეხილი“, არავერბალური თეატრის ხერხებით, ტექნიკურად მწირი შესაძლებლობებით, მაგრამ ულევი ფანტააზით განხორციელებული ჭუბერის ტრაგედია. სპექტაკლმა - „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ - ასევე, უდიდესი ემოცია, განცდა, ფიქრი გამოიწვია ჩემში.
იდეის ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა სოფო სიხარულიძემ, თბილისის მერიის ინკლუზიური პროექტებისა და „სილქ ფაქტორ სტუდიოს“ მხარდაჭერით, „შემთხვევით“ დაბადებული ჩანაფიქრი განახორციელა. წლების განმავლობაში სოფო თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავისუფალი თეატრალური პროექტების კურატორი იყო, შემდეგ, თუმანიშვილის თეატრის პიარმენეჯერი და პარალელურად დღემდე, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ღონისძიებების სპეციალისტია. როგორც დამოუკიდებელ პროდიუსერს 2-3 თეატრალური პროექტი აქვს რეალიზებული. სწორედ ბიბლიოთეკაში, სოფოსთან ერთად, მუშაობს უსინათლო ლაშა ცაიშვილი. როდესაც ლაშა ცაიშვილმა გაიგო, რომ სოფო სიხარულიძეს თეატრალური პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს, მოუყვა, რომ არსებობენ უსინათლო ადამიანები, მისი მეგობრები, რომლებიც თეატრზე ოცნებობენ, უფრო სწორედ კი, სპექტაკლში თამაშზე, ამ მხრივ მცირე გამოცდილება ჰქონიათ კიდეც. ამიტომაც ვთქვი, რომ „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ „შემთხვევით“ დაბადებული იდეის ხორცშესხმაა. „შემთხვევითობა“ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხშირად წარმატების საწინდარიც. არაერთ მსახიობს, რეჟისორს „შემთხვევით“ მიუგნია, ამა თუ იმ, ხერხისთვის, ფორმისთვის, რაც როლისა თუ სპექტაკლის ამოსავალ წერტილად ქცეულა. ახლაც, ენერგიით აღსავსე, თავისი საქმის პროფესიონალმა, და რაც მთავარია, „დიდი გულის“ მქონე, სიყვარულით აღსავსე სოფო სიხარულიძემ, გადაწყვიტა უსინათლო ადამიანების ოცნება აეხდინა. დაიწყო რეჟისორის ძებნა და არჩევანი იოანე (ვანო) ხუციშვილზე შეაჩერა. ახალგაზრდა ნიჭიერ ხელოვანზე, რომელმაც სახელი დაიმკვიდრა: იბსენის „თოჯინების სახლის“ (თავისუფალ თეატრში), შექსპირის „მაკბეტის“ (ქუთაისის თეატრში), სარტრის „ალტონელი განდეგილების“ (თავისუფალ თეატრში) დადგმით (ჩემი აზრით, მისი საუკეთესო სპექტაკლებია). პროექტის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ახალი, ორიგინალური პიესის დასაწერად ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერ დრამატურგს, ალექს ჩიღვინაძეს (ავტორი პიესისა „მარინა რევია“, რომელსაც არაერთი პრემია აქვს მიღებული და არა ერთ, დედაქალაქის თუ რეგიონის თეატრში წარმატებით დაიდგა) მიმართეს. აქვე აღვნიშნავ, რომ ვანო ხუციშვილი და ალექს ჩიღვინაძე მაესტრო თემურ ჩხეიძის სახელოსნოს პირველი ნაკადის კურსდამთავრებული მაგისტრები არიან. მათ საუკეთესო სკოლა აქვთ გავლილი, ერთად მუშაობას შეჩვეულნი არიან და, რაც მთავარია, როგორც ხელოვანები, „ერთ ენაზე“ საუბრობენ.
პიესის შესაქმნელად დრამატურგი ხვდებოდა ხოლმე იმ ადამიანებს, ვისთვისაც წერდა. საუბრებისას ისინი, ხშირად, სწორედ აფხაზეთის თემას - გაუბედურებულ უსახლკარო ლტოლვილ ადამიანებს, მათ ტკივილს და სოციალურ გაჭირვებას ახსენებდნენ. უსინათლოებთან ურთიერთობით შთაგონებულმა დრამატურგმა, შინაარსით ემოციური, ფორმით საინტერესო ტექსტი შექმნა. აღსანიშნავია, ალექს ჩიღვინაძის ენა, სახეებით აზროვნება, ამბის ქმედითი განვითარება, სიტუაციებისა თუ გარემოს სურათებად გამოხატვა, ისე, რომ პიესის კითხვისას თვალწინ გიდგება ყველაფერი. ალბათ, სწორედ, ამ ხერხს ჩაავლო რეჟისორმა და სპექტაკლის ფორმა, სტრუქტურა, კონცეფცია მოიფიქრა: ფოტოსურათების ფირზე ასახული, ჩავლილი ცხოვრება. პიესა რეალისტურ-ფანტასმაგორიულია, სპექტაკლიც ამავე ჟანრშია გადაწყვეტილი. პროექტის იდეიდან გამომდინარე, დრამატურგიული ნაწარმოების და დადგმის ფორმა, რა თქმა უნდა, უსინათლო ადამიანებისათვის არის მისადაგებული, როგორც სცენაზე მოთამაშე, ასევე მაყურებლისთვის. თუმცა, ჩემთვისაც და დარბაზში მყოფი, სხვა მაყურებლისთვისაც, ეს ხერხი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
პიესა იმ საშინელ შედეგებზე მოგვითხრობს, რაც ზოგადად ომს მოჰყვება ხოლმე. მითუმეტეს შემზარავია, მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, შეყვარებულებს შორის ატეხილი ომი და მისი დანატოვარი. არა აქვს მნიშვნელობა, ვის მიერ არის ინსპირირებული, შიდა კონფლიქტების ბრალია, თუ გარე მტრის მიერ წინასწარ მოფიქრებულ-გათვლილი მზაკვრული გეგმაა. ჩვენ წამოვეგეთ ამ გეგმას, ქართველებიც და აფხაზებიც, ახლა კი „შხამიან მოსავალს“ ვიმკით. „პეტრე წელავს აკორდეონს, როგორც ომში შუაზე გადაჩეხილ ადამიანს“ - ეს ფრაზა რეფრენად გასდევს პიესასაც და სპექტაკლსაც, რომელსაც სხვადასხვა პერსონაჟი შიგადაშიგ ამბობს და მოყოლილ, თუ, გათამაშებულ ამბებს ერთ მთლიანობაში კრავს. აკორდეონი კი, რომელსაც პეტრე წელავს, ბაბუამისის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბერლინიდან წამოღებული „ნაალაფევია“. ეს, პერსონაჟ ილიას მიერ ნათქვამი ფრაზა, ნათელს ხდის, რომ პიესა და სპექტაკლიც, ზოგადად ომის წინააღმდეგაა მიმართული.
პიესაშიც და სპექტაკლშიც 7 მოქმედი პირია: ილია, ლილი, რაული, პეტრე, მზია, ომარი და კუ. შვიდივე აფხაზეთიდან არიან. რაული ეთნიკურად აფხაზია, დანარჩენები ქართველი ლტოლვილები და ილიას კუ, რომელსაც შვილის საოპერაციოდ თბილისში ჩამოსული რაული პატრონს დაუბრუნებს. პიესაშიც და დადგმაშიც (ილიასთან და ლილისთან ერთად) კუს უსინათლოთათვის „სუფლიორის“ დანიშნულება აქვს მინჭებული.
სასტუმროს ჩამოფლეთილ, ჩამოძენძილ ნომრებში, სადაც ცხოვრების ელემენტალური პირობები არ არსებობს, ლტოლვილები „ფსიქიკურისა და სომატურის საზღვარზე არსებობენ“. მხატვარმა თეო კუხიანიძემ რეჟისორის ჩანაფიქრის მისადაგებული გარემო და კოსტიუმები შექმნა. სცენოგრაფია მინიმალისტურია, სცენაზე ყოველი რეკვიზიტი ქმედითია. ერთი მაგიდა, რამდენიმე სკამი, ცელოფნები, პლედები, აკორდეონი, ჩემოდნები, ჩანთები - სულ ესაა, აქ ცხოვრობენ უსინათლო ილია და მისი და - ლილი. (ერთ-ერთი ჩანთა, რომლითაც ომის დროს სოხუმიდან თბილისში გამოქცეულა, დეკორატორ გია ურიდიას უჩუქებია შემოქმედებითი ჯგუფისთვის). ყველა პერსონაჟი მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზეა და მაშინ ერთვებიან ქმედებაში, როდესაც მათი ჯერი დგება. ეს ხერხიც, რეჟისორმა მსახიობთა სპეციფიკურობიდან გამომდინარე მოიფიქრა.
შვიდი პერსონაჟიდან, მხოლოდ ორს - ლილის და კუს - განასახიერებენ პროფესიონალი მსახიობები. ილიას, რაულს, პეტრეს, მზიას და ომარს კი უსინათლო ადამიანები თამაშობენ. კუს ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი გივიკო ბარათაშვილი თამაშობს, ლილის სახეს კი თავისი საქმის დიდი პროფესიონალი - ლილი ხურითი - ქმნის. ლილი ხურითისთვის ამ როლის შესრულება, ვფიქრობ, ერთდროულად საპასუხისმგებლო და მტკივნეულია. იგი სოხუმის თეატრის მსახიობია და თავადაც, შეიძლება ითქვას - ლტოლვილია. ლილი ხურითსაც მოუწია ყველა იმ ტკივილის, ტანჯვის, უსამართლობის, სიდუხჭირის გადატანა, რაც ამ დადგმაშია გადმოცემული.
გივიკო ბარათაშვილის კუ რეალურობისა და ირეალურის ზღვარზე მყოფი პერსონაჟია. ახალგაზრდა მსახიობს რეჟისორმა ძალიან რთული ამოცანა დაუსახა, გაადამიანურებული კუს თამაში. პატრონისგან მიტოვებული და პატრონზე ნაწყენი, ამავე დროს ამბის მთხრობელიც. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი-კუ მთავარი მთხრობელ-შემფასებელია, რომ ის, რაც სცენაზე ხდება, სწორედ მისი თვალით დანახული და გადმოცემულია. გივიკო ბარათაშვილმა ძალიან კარგად გაართვა თავი რეჟისორის მიცემულ ამოცანას - შეძლო პირობითი და რეალისტური ხერეხებით ერთდროულად თამაში. არც ერთი ყალბი სიტყვა, შესაბამისი ჟესტი, მიმიკა, პლასტიკური გამოხატულება, და რაც მთავარია, კუს მსგავსი, აუღელვებელი, აუჩქარებელი, დინჯი შინაგანი ემოციური მუხტი და ამ მუხტის გამოხატვა. სწორედ კუ იწყებს და ასრულებს პიესასაც და წარმოდგენასაც. - „აფხაზი და ქართველი შედიან ბარში... აფხაზი და ქართველი მატარებლით მგზავრობენ. აფხაზი და ქართველი მამები ბავშვს საფენს უცვლიან საზოგადოებრივ ტუალეტში, სადაც მხოლოდ ერთი ადგილია ბავშვისთვის. აფხაზი და ქართველი რიგში დგანან. აფხაზი და ქართველი კინოში მიდიან აფხაზურად გახმოვანებულ ფილმზე ქართული სუბტიტრებით. აფხაზი და ქართველი კოსმონავტები შავ ხვრელში ხვდებიან. აფხაზი და ქართველი აბანოში შედიან. ქართველი და აფხაზი ახლოვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ღრიალებენ და ჩუმდებიან, იცინიან და ცრემლებს ყლაპავენ. ისე შევძლებთ ერთად არსებობას ანეგდოტში მაინც? ისტორიაში, კოსმოსში? პიესაში?“. შეიძლება, ცოტა გრძელი ციტატა მოვიყვანე, მაგრამ პირადად ჩემზე, სპექტაკლის ყურებისას და შემდეგ პიესის კითხვისას, იმდენად დიდი, ემოციური გავლენა იქონია, რომ სხვანაირად არ შემეძლო. გარდა ამისა, დრამატურგის, რეჟისორის, მსახიობების, იდეის ავტორის, მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი კითხვა-სათქმელიც სწორედ ეს სიტყვებია.
ლილი ხურითი ცხოვრების განმავლობაში განაწამებ, მსხვერპლად შეწირული ქალის სახეს ძერწავს. ქალი, რომელმაც დაკარგა მშობლიური ადგილი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სახლი, შეყვარებული კაცი (რომელიც შემდეგ, ილიას თქმით, აქტიურ ექსტრემისტად იქცა). ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში, სადაც ჩამოფხრეწილი შპალერი სხვადასხვა ასოციაციას აღძრავს მასში, და სადაც, წვიმის დროს, ჭერიდან ჩამოსული წვეთების მონოტონური, განსხვავებული ტონალობის წკაპუნი, არასოდეს მარტო არ ტოვებს და ჭკუიდან გადაყავს. ლილი მზრუნველობს თავის უსინათლო ძმა ილიაზე. და, ყველაფერ ამას, ლილი ხურითის ლილი იტანს. უფრო მეტიც, ცხოვრების ხალისი, სიყვარული ჯერაც შემორჩენილი აქვს, და, რაც მთავარია - იმედი, იმედი იმისა, რომ როდესმე, თავის მშობლიურ მხარეში, თავის სახლში დაბრუნდება. თავიდან, არ სურს, ყოფილ შეყვარებულთან, რაულთან შეხვედრა, მერე კი ილიას ეუბნება, უნდა შევხვდე და თვალებში ჩავხედოო. ლილი ხურითს აქვს საოცრად გამომსახველი ხმა (არ დამავიწყდება, მის მიერ მხოლოდ ხმით შექმნილი სახე, სოხუმის თეატრის სპექტაკლში „ნავიგატორი“, დავით საყვარელიძის დადგმა), პლასტიკა, დახვეწილი მიმიკა და ჟესტიკულაცია, მეტყველი თვალები და ხელები. როგორც ყოველთვის, მსახიობი აქაც მაღალმხატვრული პროფესიონალიზმით ძერწავს ლილის სახეს.
ილიას პერსონაჟს, ლილის უსინათლო ძმას, ცხოვრებაშიც უსინათლო რევაზ ტატალაშვილი განასახიერებს. საკმაოდ დიდი როლია, რევაზ ტატალაშვილი ლილი ხურითის მთავარი პარტნიორია სცენაზე. ამ ორ პერსონაჟზე მოდის სპექტაკლის აზრობრივი, შინაარსობრივი დატვირთვის მთელი სიმძიმე. რევაზ ტატალაშვილის მეტყველების მანერა, ხმის ტემბრი, ჟესტიკულაცია იმდენად მართალი და სწორია, რომ თვალხილული თუ უსინათლო მაყურებელი, ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამს მის თამაშს, მისი გადმოცემის უნარს, მანერას. უკვე ასაკს მიტანებულ ტატალაშვილის ილიას, ყველაფრისდამიუხედავად მაინც შერჩენილი აქვს ოინბაზობის, მხიარულობის უნარი. მკვირცხლი აზროვნების და სიტყვა-პასუხის მქონეა. ერთადერთი ლილია ვისაც არასდროს გაუწირავს, ან, მიუტოვებია. მთელი ცხოვრება დის იმედი ჰქონდა და აქვს კიდეც. ლილის ჯიუტი ხასიათის და ნათქვამობის გამო, არ დაგარკა საკუთარი ოჯახი. როდესაც ბაბუამ, მოსაზრება გამოთქვა - სკოლაში, ამას რა უნდა, რას ისწავლის, სჯობს ქალაქში ჩამოსულ მოხეტიალე მსახიობს გავატანოთ, იქნებ დაკვრა და სიმღერა ისწავლოს და ამით ირჩინოს თავიო - ლილი იყო ის ერთადერთი, ვინც მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია ბაბუის მოსაზრებას და თქვა, თუ ილიას გაატანათ, მაშინ მეც წავალ სახლიდანო.
ზვიად ფხიკლეშვილი ლილის ყოფილ შეყვარებულ აფხაზს განასახიერებს, რომელიც ილიას და ლილის მეზობლად ცხოვრობდა, შემდეგ კი სასტიკ ექსტრემისტად იქცა. ახლა, ისიც ნანობს ყველაფერს, ისიც უსინათლო გამხდარა, ნაღმზე აფეთქებულა და თვალის ჩინი დაუკარგავს. მიუხედავად ექსტრემიზმისა, თავისი მეზობლის ილიას კუ, სწორედ მას უპოვია, შეუფარებია და აი, ახლა თბილისში ჩამოსულს მეზობლისთვის ჩამოუყვანია.
პეტრეს - გედევან კევლიშვილი, ომარს - ალექსანდრე ლაბაძე თამაშობენ, მათ ეპიზოდური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვთ სპექტაკლში. პეტრე თავისი აკორდეონით, მუსიკალურ რეფრენებს ქმნის დადგმაში, ომარი - ილიას დაბადების დღეზე მისული სტუმარია, რომელსაც მხიარული მუხტი შეაქვს ძველი მეგობრების თავშეყრის - ილიას დაბადების დღის ეპიზოდში.
მზიას - ასევე ილიას დაბადებისდღეზე მოსულ სტუმარს კი ირმა ჩიხლაძე განასახიერებს. ირმა ჩიხლაძე, XX საუკუნის 70-80-იან წლებში პოპულარული დუეტის, ცოლ-ქმარი ჩიხლაძეების ქალიშვილია. სწორედ მზია შესთავაზებს ილიას და სტუმრებს „თოქ-შოუს“ თამაშს. მთავარი კითხვაა: გავიხსენოთ ის დღე, როცა ომი დაიწყო. ილია, ლილი, რაული, ომარი, პეტრე თავისებურად იხსენებენ, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ ერთი ჩვეულებრივი, მზიანი დღე იყო... ილიას თქმით, ომი შეეხო იმათ, ვინც დაკარგა, მამა, ძმა, ქმარი, ცოლი... დანარჩენებს კი ეს ომი დაავიწყდათ, ახლა სხვა სასაუბრო თემებია მოდაშიო. მაგრამ პეტრეს თქმის არ იყოს, სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორიაში ომი ყოველთვის მოდაში იყო და არის. „ომი უბრალოდ ყოველდღიურობის საზრუნავის მტვრიან ფარდას ამოეფარა“.
საოცრად ამაღელვებელი და ემოციურია კუს და ილიას მრავალწლიანი განშორების შემდეგ პირველი შეხვედრის ეპიზოდი და ასევე, ფინალური სცენა. ფინალში, მაყურებელს თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი. დუეტი ჩიხლაძეების პოპულარული სიმღერა რამდენჯერმე მეორდება სპექტაკლში და ფინალშიც გაისმის (მუსიკალური გამფორმებელი გიორგი ჯიქია): „კართან მოდგა შემოდგომა ნაადრევად მოფრენილი, გაზაფხულის მეგობრები დამეფანტნენ ფოთლებივით...“. ვანო ხუციშვილი ინტერაქტივის პრინციპსაც იყენებს, მსახიობები მაყურებელთან შედიან კონტაქტში. პერსონაჟი-მსახიობები კითხვებზე პასუხს ჩვენგანაც ითხოვენ. რატომ, რატომ დავიწყეთ ყველამ ეს ძმათამკვლელი ომი, რა გვინდოდა, რისთვის. ხოლო, რაულისთვის დასმულ კითხვაზე, რომ ჩამოვიდეთ მიგვიღებთო, ის უპასუხებს: ჩვენ კი, ახალგაზრდები არაო, ვინაიდან გაპარტახებულ აფხაზეთში მოუწიათ დაბადება, გაზრდა და ცხოვრებაო. „თითქოს დრო ჭირდება იქაურობას, რომ გაიწმინდოს და მერე შეიძლება ცხოვრების დაწყება... ყველას გვჭირდება დრო.“
და, ვისი ბრალია ეს ყველაფერი, ვინ გვიბიძგა იმისკენ, რომ ერთმანეთი დაგვეხოცა და გაგვეუბედურებინა? ვიცით, ვინც გვიბიძგა, მაგრამ ჩვენ რატომ დავკარგეთ ადამიანურობა, სიყვარული, მეგობრობა, მეზობლობა? ერთმანეთს რატომ დავერიეთ? რატომ ვაწამეთ, დავხოცეთ, გავანადგურეთ ერთმანეთი? რატომ, რატომ, რატომ... მართალია, ზვიად ფხიკლეშვილის რაული: ჩვენც და აფხაზებსაც დრო გვჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად, ერთმანეთისთვის საპატიებლად, მისატევებლად, დრო ყველაფრის მკურნალიაო - ამბობენ...
პიესაც და სპექტაკლიც მოხუცებული ილიას და მოხუცებული კუს დიალოგით სრულდება. ორივე გრძნობს და მშვიდად აცნობიერებს, რომ ამქვეყნად ყოფნის დიდი დრო აღარ დარჩენიათ. ორივეს ერთი ტკივილი გაყვება იმქვეყნად, მშობლიურ ადგილას ვერ დაბრუნების ტკივილი. შეიძლება, სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებისათვის, ეს გაუგებარია, მაგრამ ჩვენ, საქართველოში დაბადებულებს, გვახასიათებს ზღვარგადასული სიყვარული და მიჯაჭვულობა იმ ადგილისადმი, სადაც მოვევლინეთ ქვეყანას. როგორც აღვნიშნე, კუ იწყებს და ასრულებს პიესასაც და წარმოდგენასაც. - „აფხაზი და ქართველი შედიან ბარში...“. სპექტაკლის რეფრენად ქცეულ ფრაზას კი, ოღონდ დაუსრულებელს, ლილი წარმოთქვამს: „პეტრე წელავს აკორდეონს...“.
და, იქნებ, მართლაც, ოდესმე, როდესაც პეტრე კიდევ ერთხელ გაწელავს აკორდეონს მსოფლიოში აღარავის გაუჩნდეს ასოციაცია ომში შუაზე გადაჩეხილ ადამიანთან.
„ხედი სასტუმრო საქართველოდან“, სიმართლით გადმოცემული და გათამაშებული ამბავი, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი ინკლუზიური პროექტი-სპექტაკლია არა მარტო, უსინათლო ადამიანებისათვის, არამედ, ყველასთვის... ვინაიდან, სწორედ უსინათლოებმა შეგვახსენეს, რომ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიდან იმქვეყნად, მხოლოდ სიყვარული გაგვყვება, სხვა ყველაფერი - „ამაობეთა ამაოებაა“.