ნეტავ მალე შეიცვალოს ჩვენი მოუწყობელი, უსიხარულო ცხოვრება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
თამარ ქუთათელაძე
ნეტავ მალე შეიცვალოს ჩვენი მოუწყობელი, უსიხარულო ცხოვრება
საქართველოში ანტონ ჩეხოვის დრამატურგიისადმი ინტერესსა და ლტოლვის მასშტაბს მხოლოდ შექსპირული დრამატურგია თუ შეეტოლება. მიუხედავად ამისა, XX-ე საუკუნის მანძილზე ჩეხოვისეული პიესების მხოლოდ რამდენიმე ინტერპრეტაცია იხილა ქართულმა საზოგადოებამ. უფროსი თაობის რეჟისურა თეატრს - ტაძრად, ა. ჩეხოვს საკრალურ დრამატურგად მიიჩნევდა და მის მიმართ უჩვეულო კრძალვით განწყობილი, ძალზე დიდხანს ფიქრობდა ღირსშესანიშნავი პიესების კონგენიალური წარმოდგენების შექმნაზე. 90-იანელთა მოღვაწეობა ამ მხრივ ახალგაზრდული გამბედაობით გამორჩეული აღმოჩნდა. თითქმის ყველა 90-იანელმა ქართველმა რეჟისორმა დადგა ა. ჩეხოვისეული პიესა თუ მოთხრობა, შექმნა ქართული ჩეხოვიანას საინტერესო პანორამა. სადღეისოდ დედაქალაქის ბევრ თეატრს ამშვენებს თუნდაც ერთი ჩეხოვისეული სპექტაკლი, რაც საამაყოცაა, მნიშვნელოვანიც და სიმპტომატურიც.
მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე მაყურებელმა ამჯერად იხილა ა.პ. ჩეხოვის „ალუბლის ბაღის“ მიხედვით შექმნილი რეჟისორ ანდრო ენუქიძის მორიგი ორიგინალური გააზრება (სასცენო ვერსიის ავტორი ანდრო ენუქიძე, კოსტიუმების მხატვარი და სცენოგრაფი - შოთა ბაგალიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე, სპექტაკლში გამოყენებულია: სოსო ბაღდანაშვილის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და იოზეფ ჰაიდნის მუსიკა). ქართველ თეატრალებს ცხადად გვახსოვს 2004 წელს რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის მიერ კინომსახიობთა თეატრის სცენაზე დიდი წარმატებით განხორციელებული დადგმა, რაც ინტერნეტ სივრცეშიც მოიპოვება და ახალგაზრდებისთვისაც ცნობილია მისი ვიდეოჩანაწერით. შესაბამისად, ანდრო ენუქიძის სპექტაკლის ყურებისას, შეუძლებელია წარმოსახვაში არ გაკრთეს შედარების სურვილიც. თუმცა, როგორც ვრწმუნდებით ორივე ინტერპრეტაცია რადიკალურად განსხვავებულია.
ანდრო ენუქიძის დადგმაში არსად ჩანს ალუბლის ბაღი, რაც მკრთალად მოჩანდა გიორგი მარგველაშვილის ნამუშევარში. თვალისმომჭრელი სილამაზის მქონე, ქათქათა თეთრი ყვავილებით გადაპენტილი ალუბლის ბაღი, ლამის შრიალებდა სტანისლავსკისეულ სპექტაკლში და ალუბლის სურნელითაც ავსებდა მაყურებელთა დარბაზს. ამჯერად მუსიკისა და დრამის თეატრის სცენა „დაიპყრო“ დიდ მეტაფორად აღმართულმა, მისი უდიდებულესობა უზარმაზარმა, მასიურმა, მამაპაპეულმა კარადების ჯარმა. მხატვარ შოთა ბაგალიშვილის მიერ შესრულებულ სპექტაკლის არაჩვეულებრივ სცენოგრაფიაში, სასცენო ფიცარნაგის მთელ სიგანეზე ჩამწკრივებული დიადი წარსულის, ეროვნული მეხსიერების საგანძურად გააზრებული ეს მედიდური რელიკვია, თითქმის მოძრაობდა კიდეც. დასაწყისში ის თითქოს მუქარით მოიწევდა დარბაზისაკენ, შემდეგ სცენის სიღრმეში გადადიოდა და ფანჯრებად, კარებად, ოჯახად, ანუ სახელმწიფოს უჯრედად წარმოგვიდგებოდა. სპექტაკლის მიწურულის უმშვენიერეს, მაღალმხატვრულ მიზანსცენაში კი, ძველი ეპოქის აღიარებულ მარცხად, აღსასრულად გააზრებული, მორჩილად ეშვებოდა მარადისობაში, ან ოიდიპოსივით იყლაპებოდა ე.წ. დედამშობლის წიაღში.
XIX საუკუნის ბოლოს შექმნილ, ანტონ ჩეხოვის მიერ კომედიად სახელდებულ, უმთავრესად ტრაგიკომედიად აღიარებულ „ალუბლის ბაღს“ (პიესის მეორე რედაქცია დაიწერა 1903 წელს), რუსული კრიტიკა აბსურდის დრამატურგიის წინამორბედად მიიჩნევს. ანდრო ენუქიძის სპექტაკლშიც შესამჩნევია აბსურდის დრამატურგიისათვის დამახასიათებელი წრიული კომპოზიცია, ჩიხში მყოფი შეუსმენელი საზოგადოების განწყობა, რეპლიკებად ქცეული „დიალოგები“. აქ ხშირად გაისმის სიტყვების თამაში, ჰაერში დაფარფატებს მომაკვდინებელი მოწყენილობა, გარდაუვალი აღსასრულის ფატალური განცდა. ამ საზოგადოებაში ახალ, უკვე ფორმირების პროცესში მყოფ დისჰარმონიულ ეპოქასთან ადაპტაციის მიუღებლობა, მასთან ბრძოლაში შემორჩენილ მწირ ადამიანურ რესურსთა გახარჯვის უაზრობის რწმენა, აღძრავს სინამდვილისაგან უსწრაფესი გაქცევა-განრიდების წადილს.
რეჟისორმა და პიესის სასცენო რედაქციის ავტორმა შეამცირა პერსონაჟთა რაოდენობა, მათი ტექსტი მონათესავე გმირებზე გადაანაწილა და ყურადღება ხუთი მთავარი მხატვრული გმირის დრამაზე მკაფიო აქცენტებით გამოკვეთა, შექმნა კომპაქტური გარემო მსახიობებისთვის, სახიერად უჩვენა დრამატურგისეული კონცეფცია. წარმოდგენა რანევსკების კატასტროფული აღსასრულის ფინალური სცენით იწყება, რაც დასასრულშიც მეორდება და კრავს სპექტაკლს. აქ მთავარ მოქმედ გმირად წარმოდგენილი, სხვადასხვა დროსა და სივრცეში მუდამ დიალოგისთვის განწყობილი „ალუბლის ბაღის“ ტრაგიკული ხვედრი, ძველი რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის სიმბოლოდაა გაცხადებული. დიდ ხელოვანს მუდამ ჰქონდა წინასწარმეტყველების უჩვეულო ნიჭი, თუმცა დიდი რევოლუციის ლამის წინადღის ნამუშევარში შეუძლებელიცაა არ ასახულიყო ის აპოკალიფსური რყევები, რაც ქარიშხალივით დაქროდა მთელ მსოფლიოში და როგორც ესპანელი ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა გასეტი ამბობდა, შედეგად მოჰყვა დამანგრეველი „მასების ამბოხი“.
თანამედროვეებისგან ნაჯახის მსხვერპლად, ისტორიის სანაგვეზე გასასროლად განწირული სახელოვან წინაპართა მემკვიდრეობის, ჯერ კიდევ კედელივით აღმართული კარადისა თუ სარკმელის მიღმა მოჩანს ქალბატონი რანევსკაიას პარიზული თავგადასავლების სიმბოლო - ეიფელის კოშკი. მის შორიახლოს განთავსებულ სავარძელში ჩამჯდარი ბუბა გოგორიშვილის ლუბოვ რანევსკაიასა და მისი ქალიშვილისა თუ მსახურის - ნანა ბუთხუზის ანა-ვარია-შარლოტას დიალოგით, ნათელი ხდება, რომ ყველასაგან მიტოვებული ქალბატონისთვის უკვე დასრულდა მისი მრავალტანჯული ცხოვრება. ამიერიდან მისთვის სულერთია ვინ არის მის გვერდით, ანია, ვარია თუ შარლოტა. მისი ფიქრები კვლავ წარსულთან ასოცირებულ „ალუბლის ბაღს“ დასტრიალებს და ამქვეყნიური არსებობის უსიხარულო ბოლო დღეებს ითვლის.
ბუბა გოგორიშვილი ძალზე ეფექტურად თამაშობს ლუბოვ ანდრეევნა რანევსკაიას სცენურ სახეს. მსახიობი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თვალისმომჭრელად მომხიბლავია. გრძელი მუქი მწვანე კაბა, კიდევ უფრო გამოკვეთს მის უნაკლო აღნაგობას. ბუბა გოგორიშვილის მიერ განსახიერებული შუახნის ქვრივი ლუბოვ ანდრეევნა სილამაზისა და სიყვარულის მსხვერპლადქცეული ქალბატონია. იგი მთელი წარმოდგენის მანძილზე არ მალავს საკუთარ დანაშაულს. ეს კეთილი, უნებისყოფო, არაპრაქტიკული, უპასუხისმგებლო ქალი, ისე როგორც ვერავინ, აცნობიერებს, რომ მთელი ცხოვრება უაზროდ ხარჯავს ფულს, არასწორად და მანკიერად ცხოვრობს, მაგრამ თავს ვერ ერევა, სხვანაირი ცხოვრება არ შეუძლია. უკვე გაღატაკებული არისტოკრატი, დემონსტრაციულად უარყოფს შეუდარებელი ფინანსისტის, მდიდარი იაროსლაველი დეიდის რჩევასაც და საკუთარი ვნებების მძევლად ქცეული, თვითგანაჩენის ავტორიც ხდება (ინტერნეტსივრცეში განთავსებულია რანევსკების ვალისა და ალუბლის ბაღის ღირებულება რევოლუციამდელ პერიოდში, ანუ 13 000). მსახიობს შესწევს უნარი მისი არცთუ უნაკლო მეტყველების მიუხედავად, მთელი თავისი ჰაბიტუსით, ფსიქოფიზიკური აპარატით, სახისმეტყველებითა თუ ზუსტი ინტონირებებით მოაჯადოოს მაყურებელი, თავისი გმირის სულიერი ტკივილების თანამოზიარედ გადააქციოს.
ნანა ბუთხუზის მიერ განსახიერებული ქალის სახეში რეჟისორმა ლუბა რანევსკაიას ბედს დაუკავშირა და მსახურის ფუნქცია მიანიჭა სამ პერსონაჟს - ანას, ვარიასა და შარლოტას. ტრიადაში შესამჩნევი გახდა დრამატურგის მსოფლგანცდით შექმნილი მათი იდენტური ხვედრი. დედის მხრიდან გაღატაკებული კეთილშობილი ოჯახის მემკვიდრე და მამით უბრალო ლოთი მოხელის ქალიშვილი ანა, - გულუბრყვილო მეოცნებეა. ავტორის მიერ რუსეთის მომავლად გააზრებული ახალგაზრდა, ენთუზიაზმით ესწრაფვის დაიწყოს ახალი ცხოვრება, თუმცა მისი მიზნების არეალი მწირია - „მოვემზადები, ჩავაბარებ გამოცდას გიმნაზიაში და მერე ვიმუშავებ, დაგეხმარებით. ჩვენ, დედა, ერთად წავიკითხავთ სხვადასხვა წიგნებს ... და ჩვენს წინაშე გაიხსნება ახალი, მშვენიერი სამყარო“. უმწიფარი პეტია ტროფიმოვის ფუჭი იდეების ტყვეობაში მყოფი ანა, რუსეთის ნათელი მომავლის, პატიოსანი შრომისა და განმანათლებლობის რწმენით აღსავსე, ახალ რეალობაში ხედავს თვითრეალიზების, ბედნიერი, საინტერესო ცხოვრების დიდ შესაძლებლობებს. კიდევ უფრო ფატალურად წარმოგვიდგება ალუბლის ბაღსა და რანევსკების ბედზე მიჯაჭვული ვარიასა და შარლოტას სავარაუდო პერსპექტივა.
როგორც ცნობილია თავად ა. პ. ჩეხოვი პიესისა და სპექტაკლის მთავარ გმირად სწორედ ლოპახინს მიიჩნევდა. მისი მეშვეობით ვლინდება პიესის მთავარი იდეა - რუსეთში ფეოდალიზმის ნარჩენების დაშლისა და კაპიტალისტური საზოგადოების ფორმირების დასაწყისის, მისი დღემოკლე არსებობის ტრაგიკული პანორამა. ლოპახინს, მისი ყველაზე მძაფრი ოპონენტი პეტია ტროფიმოვი მტაცებელ მხეცს უწოდებდა, რომელიც მიზნის მისაღწევად გაწირავს ყველას, ხოლო მის იდეას, - ალუბლის ბაღის ადგილზე ბედნიერი ცხოვრების მოწყობის თაობაზე, უტოპიად მიიჩნევდა. სიმბოლურია ისიც, რომ ალუბლის ბაღის ყიდვის შემდეგ, ეიფორიაში მყოფ ლოპახინს, ვარია შემთხვევით ეპიხოდოვისთვის მოღერებულ ჯოხს უთავაზებს და კოპს დაასვამს. თავად დრამატურგი დიდ მომავალს არ ჰპირდებოდა ლოპახინის ოცნებებს. ამ მოსაზრებას მიჰყვება ა. ენუქიძის კონცეფციის მთავარი კონტურიც.
გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლს ისევე, როგორც პიესაში, იწყებდა ლოპახინთან დაკავშირებული მიზანსცენა. გია როინიშვილის სცენური გმირი ლამის გაარისტოკრატებული, პეწიანად გამოწყობილი ყოფილი მდაბიო იყო. იგი ორგანულად ეწერებოდა რანევსკების გარემოცვაში და თითქმის მაღლდებოდა კიდეც მათზე. ახალი დროების ეს რჩეული, - უსაზღვროდ ირონიული, საქმიანი, საზრიანი, სარგებლისმოყვარე, ძალზე საეჭვო და სახიფათო არსება იყო. იგი ლოგიკურად იწვევდა განცდას, რომ დიდხანს არ დატოვებდა ცხოვრების ავანსცენას, ხოლო თავისი მოღერებული ნაჯახის კვალს სამუდამოდ დაატყობდა გარემოცვას. ამ მხრივ გიორგი ბახუტაშვილის მიერ განსახიერებული სუსტი, უღონო, მუდამ დაბნეული, შიშმორეული სცენური გმირი, ალუბლის ბაღის დასაკუთრებით სიხარულისაგან ლამის ტვინში დაჭრილი, დიდხანს ვერ ახერხებს გაერკვეს თუ რა მარტივად ჩაუვარდა უმწეო ხელებში ბუნების საოცრებად ქცეული ალუბლის ბაღი. გიორგი ბახუტაშვილის უბოროტო, მოუქნელი, ჯერ კიდევ გლეხუჭა, არცთუ ძუნწი ლოპახინი, ადვილად სამართავ პერსონად წარმოგვიდგება. ის თითქოს ჩვენი დროის ლოპახინია, მარიონეტი ვინმე კულუარებში მყოფი მმართველის ხელში. მსახიობი ახერხებს მისი გმირი უჩვეულოდ დღევანდელი გახადოს და მისი თითქოსდა შეუმჩნეველი პერსონის მიღმა, დიდი საშიშროებაც გადაგვიშალოს, შეგვახსენოს, რომ რევოლუციების ეპოქა, ხელსაყრელი დროა უცხოტომელ „მოაგარაკეთა“ ლეგიონისთვის, სანატრელი ფინანსების უშრეტ წყაროდ დინებისთვის.
გიორგი ბახუტაშვილი ნახევარტონებში თამაშობს უბრალო, გლეხური წარმოშობის ძალზე ფრთხილ, მიზანდასახულ, თვითკრიტიკულ, ქალბატონ რანევსკაიაზე თითქმის შეყვარებულ, შუახნის ერმოლაი ალექსეევიჩ ლოპახინს. მან კარგად იცის ალუბლის ბაღის ესთეტიკური თუ ფინანსური ღირებულება და ყველაფერს აკეთებს მის ხელში ჩასაგდებად. ალუბლის ბაღის შეძენა თუ უსწრაფესი გაჩეხვა საუკუნოვან მფლობელთა თვალწინ, „ერმოშკას“ პირადი ტრიუმფია, პლებეურ წარსულთან განშორებაა. შესამჩნევია ისიც, რომ თავისი ფინანსური კეთილდღეობა გიორგი ბახუტაშვილის ლოპახინს არ ამშვიდებს. ეს გონიერი არსება კარგად ხედავს სამყაროში დამკვიდრებულ დაუძლეველ უსამართლობებს და საზარელი ფიქრებისგან თავის დაღწევის ერთადერთ შესაძლებლობად ე.წ. შრომის თერაპია დაუსახავს. რეჟისორმა ბილიარდის მაგიდაზე გაშლილ თამაშობად წარმოგვიდგინა ალუბლის ბაღის გაპარტახების მიზანსცენა. მაყურებელი თვალს ადევნებს ავანსცენის სიახლოვეს მდგარ მაგიდაზე გაშენებული რანევსკების მამულის მაკეტის ნგრევას, მის შენებასა და კვლავ იავარქმნას, რასაც ფართო, მარადიული მეტაფორის საზრისი ენიჭება.
გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლში ემოციური მუხტით გამოირჩეოდა გია როინიშვილის ლოპახინისა და ნანა ბუთხუზის ვარიას ე.წ. გაყრის სცენა, რაც სატრფოს გულგრილობით, მისი ცინიზმითა და საბოლოო დაკარგვით თავზარდაცემული, უგონოდ შეყვარებული ქალის სულისგამყინავი ქვითინით მთავრდებოდა. ამჯერად, ანდრო ენუქიძის დადგმაში ნანა ბუთხუზის მიერ იგივე სცენის შესრულებისას, მსახიობი რადიკალურად განსხვავებულ სახეს თამაშობს. სპექტაკლის ყველა მოქმედ გმირთა იდენტურად, ისიც გაუცხოვებულია მდაბიო მტაცებლის მიმართ და ამრეზით იგერიებს უსაზღვროდ შრომისმოყვარე ქალისადმი ემპათიით განწყობილ ლოპახინს, რომელიც უხერხულად წვალობს ქალის კოცნასა და ურთიერთობის ნორმალიზებას.
წარმავალი გადაგვარებული ეპოქის ბოლო ნაშიერთა „სრულქმნილი“ პორტრეტია ალექსანდრე ბეგალიშვილის მიერ განსახიერებული ლეონიდ ანდრეევიჩ გაევი. უნაკლო მეტყველების მქონე მსახიობი ოსტატურად ფლობს ქმედით სიტყვას, პაუზის დრამატურგიას, სცენურ სივრცეს და ამჯერადაც ისე, როგორც მრავალგზის, ახერხებს შექმნას კარგად გააზრებული, ემოციური, სისხლსავსე მხატვრული სახე. ალექსანდრე ბეგალიშვილის რომანტიკული, მეოცნებე, ზარმაცი, უმოქმედო, ყბედი, რეალური ცხოვრებისგან იზოლირებული რუსული თავადაზნაურობის უნაყოფო პერსონაც აცნობიერებს თავის ნაკლოვანებებს, მაგრამ ისევე როგორც მისი და, ისიც უმწეოა გარდაქმნისათვის. არაპრაქტიკული, ინფანტილური, ბილიარდის დიდი მოყვარული, სენტიმენტალური და ემოციური ადამიანი, მუდმივად იმედოვნებს რომ მდიდარი დეიდის კეთილგანწყობა, ბედნიერი გარემოება, უზენაესის წყალობა და ა.შ. გადაარჩენს საბოლოო განადგურებისგან. ლეონიდ ანდრეევიჩ გაევი და მისი და, - ლუბოვ რანევსკაია, როგორც ფსიქოლოგიური ტყუპები, განასახიერებენ რუსეთის არამდგრად წარსულს. ცხოვრებისადმი მათი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ძვირფასი ბაღის უსწრაფესი დაკარგვის მიზეზი ხდება.
რანევსკების ღირებულებათა თანამოაზრეა მსახიობ ბადრი ბეგალიშვილის მიერ შთამბეჭდავად განსახიერებული სიმეონ-პიშჩიკი. რანევსკების ოჯახის ერთგული მეგობარი, წარმავალი, გაკოტრებული თაობის ეს კოლორიტული სახე, ვიზუალურადაც რუსის „მუჟიკს“ დამსგავსებია. ისიც კარს მომდგარ მევალეთა გასასტუმრებლად გამუდმებით დაეძებს ფულს და კვლავაც ჩვეული ამპარტავნული მედიდურობით ეკონტაქტება გამდიდრებულ ლოპახინს. ვალებში ჩაძირული, მომაკვდავი ეპოქისა და ყაიდის ეს ადეპტიც საზრიანი, გონიერი და ენამახვილია. ისიც აცნობიერებს საკუთარ დანაშაულსა და უმწეობას, ახალი დროების ხისტ ფასეულობებს, სადაც ბედნიერი შემთხვევითობებით ცხოვრება სამარცხვინო კრახისთვისაა განწირული და აღიარებს კარს მომდგარ აღსასრულს.
სპექტაკლის რეჟისორული კონცეფციით, რანევსკების გარემოცვის ვერც ერთი პერსონაჟი ვერ აღიქმება ახალი ეპოქის გამოწვევათა დასაძლევად მზადმყოფ ინდივიდად. ამ მხრივ ახალი რეალობის რუსული ინტელიგენციის კარიკატურულ სახედ წარმოგვიდგა არჩილ სოლოღაშვილის მიერ მსუბუქი ირონიით განსახიერებული პეტია ტროფიმოვის სახე. ეს ამბიციური „გაქუცული ბატონი“ რეჟისორმა და მხატვარმა თეთრ ფერებში გამოაწყო და გაახუნა მისი ყველა ღირსება. არჩილ სოლოღაშვილის მიერ შექმნილი ღარიბი ბურჟუაზიული ოჯახის მემკვიდრე „მარადიული სტუდენტი“, ექსცენტრიული მეოცნებეა. კენტად დარჩენილს თავის ტალახიან კალოშებზეც ვერ მოუვლია და ფიქრები შორეული მომავლისკენ აქვს მიმართული. ისიც ძალზე შორს არის რეალობის, მატერიალური ფასეულობებისა თუ „ამქვეყნიური“ გრძნობებისგან. მიუხედავად ამისა, არჩილ სოლოღაშვილის ახალგაზრდა სათვალიანი მამაკაცი ჭკვიანი, კეთილი, მოკრძალებული, თითქოსდა მიზანდასახული, მაგრამ საოცრად უმოქმედო, უპრინციპო ადამიანია. იგი არაფერს აკეთებს საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. ამიტომაც, რეჟისორმა და მსახიობმა ლუბოვ რანევსკაიასთან ე.წ. ექსცენტრიულ სცენაში, ის სულიერად და ფიზიკურად არასრულფასოვან არსებად, ცვედანად აღიარა. მსახიობი თამაშობს პეტია ტროფიმოვის წინააღმდეგობრივ სახეს. მისი თამამი აზრები მიმართულია სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, გამუდმებით ოცნებობს ძველი წესრიგის ნგრევაზე, რევოლუციური პროცესების სტიმულირებით ევოლუციური ნახტომის მიღწევაზე, ხოლო რანევსკებთან სულიერად მიჯაჭვული, გაბედულად აღიარებს „ალუბლის ბაღის“ განწირულებას.
თანამედროვეობისთვის მუდამ დიალოგისთვის განწყობილი ჩეხოვისეული ტექსტები უშრეტ წყაროს გვთავაზობს ინტერპრეტაციისთვის. „ალუბლის ბაღში“ განსაკუთრებული ძალით იხატება ძველი ეპოქის გარდაცვალების მტკივნეული პროცესები, მოსალოდნელი საშიშროება, ისტორიული კატაკლიზმები. ანდრო ენუქიძის ტრაგიკომედიის ჟანრში წარმოდგენილ დადგმაში მძაფრად გაჟღერდა კატასტროფის მოლოდინში მყოფი საზოგადოების მარტოობის, გაუგებრობის, დაბნეულობის მოტივი. სპექტაკლში გათამაშდა შემაშფოთებელ კონფლიქტის წყაროდ გააზრებული ნაცრისფერი, მონოქრომატული ყოველდღიური მდგომარეობა, ცხოვრებით ზოგადი უკმაყოფილება, მუდმივი ტანჯვა და წარუმატებლობა, რომლის წინაშეც ყველა უძლურია. აქ აწმყო არასტაბილურია, მომავალი გაურკვეველი. წარსულთან განშორებით შესამჩნევია ორივე თაობის შინაგანი განგაში. ცნობიერდება, რომ ლოპახინის ცულის მოქნევით, კვდება არა მხოლოდ ბაღი, არამედ ყველაფერი ის, რაც ყველაზე ძვირფასია როგორც რანევსკების, ისე ლოპახინისა და იმ ახალგაზრდებისთვისაც, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, ან სურთ დაიჯერონ რომ „ყველაფერი კარგად იქნება” (ანა და პეტია ტროფიმოვი). ამ ნერვიული, დაბნეული, მშფოთვარე საზოგადოების ქმედებებიდან იკვეთება იმედგაცრუების ნიშნები სასურველ ბედნიერ მომავალზე, განცდა იმისა, რომ რეალობასთან სულიერ ჰარმონიას ახალი ეპოქა არავის ჰპირდება.
ფოტო ახალი თეატრის Faceebok გვერდიდან