თეატრი რ არის სკანდალი, სკანდალი თავად რეალობაა

თამარ ცაგარელი


„თეატრი არ არის სკანდალი, სკანდალი თავად რეალობაა“


2018 წლის პირველი ივლისიდან ათი ივლისის ჩათვლით, დრამატურგების, რეჟისორების, მუსიკოსების და მსახიობების, რა თქმა უნდა მაყურებელთან ერთად, შეხვედრის ადგილი დიღომში, კინოსტუდიის - „ქართული ფილმი“ - მეხუთე პავილიონში გახლდათ, სადაც "ახალი დრამის ფესტივალი" გაიმართა და სადაც ხელოვანები, სპეციალურად, ამ ფესტივალისათვის შექმნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებს სთავაზობდნენ მაყურებელს. „ახალი დრამის ფესტივალის" მთავარი ღერძი დრამაა, ტექსტი, რომელიც ხუთმა ავტორმა - ლაშა ბუღაძემ, დავით გაბუნიამ, პაატა ციკოლიამ, დათა თავაძემ და ნანა ექვთიმიშვილმა - ფესტივალისთვის დაწერა...“ სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორები გვატყობინებენ, რომ მათი ამოცანაა:„შექმნას თანამედროვე, დროს და გარემოს ადეკვატური სახელოვნებო გამოცდილება, როგორც საქართველოში მცხოვრები ავტორებისთვის, ისე აუდიტორიისთვის, რომლისთვისაც ხელოვნება თავისუფალი თვითგამოხატვის, რეფლექსიის და კრიტიკული კვლევის სივრცეა….პოლიტიკა, სოციალური რეალობა, ძალადობა, შიში, ანგარება, ომი, გაუცხოება... 
ცნობილია, რომ ამერიკელი რეჟისორი რიჩარდ შეხნერი, პერფორმაციული ტრანსფორმაციის (ერთი რეალობის განსხვავებულ რეალობად, რიტუალად, თეატრად ქცევისა და უკუქცევის) რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავდა: 
1. რეალური სივრცის (ანუ სინამდვილე) თეატრად (ანუ სინამდვილე) გარდასახვა განსხვავებული ენერგიების შეხვედრა/გაცვლის მეშვეობით;
2. აბსტრაქტული სივრცის (ანუ სინამდვილე) კონკრეტულ სამოქმედო გარემოდ (ანუ სინამდვილე ) ტრანსფორმაცია პერფორმანსის საშუალებით.  
ასეთ შემთხვევაში, უმეტეს წილად, წარმოდგენის თემა თანამედროვე პოლიტიკური ან სოციალური პრობლემებია, რომლის ობიექტად გვევლინებიან სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ღრმა სულიერი პროცესების მატარებელი ადამიანები. საზოგადოებაში რეალურად, და რა თქმა უნდა, ირეალურადაც, სცენაზე, გვინახავს პერსონაჟი, რომელსაც, გარემო პირობების გამო, ფსიქიური და ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება, რაც გამოიხატება დისოციალური პიროვნული აშლილობით, რომელსაც ახასიათებს მოვალეობათა უგულებელყოფა, სხვათა გრძნობების მიმართ სრული გულცივობა. დიდი შეუთავსებლობაა ინდივიდის ქცევებსა და გაბატონებულ სოციალურ ნორმებს შორის. წინააღმდეგობის მიუხედავად, დასჯის ჩათვლით, ქცევები არ იცვლება. იმედის მსხვრევის მიმართ ტოლერანტობა დაბალია, ასევე, ადვილად გადააბიჯებს ზღურბლს აგრესიული განტვირთვით, ძალადობის ჩათვლით. გამოხატულია ტენდენცია სხვების დადანაშაულებისაკენ ან ახდენს საკუთარი ქცევის რაციონალურ ახსნას, რითაც პერსონა/პერსონაჟი საზოგადოებასთან კონფლიქტში შედის და შესაბამისად ამგვარი თემატიკით შექმნილ პერფომანსებსა თუ წარმოდგენებში არტისტი ადეკვატური პერსონის ნიღაბს „ირგებს.“ ან მეორე ვარიანტად, აბსტრაქტული სივრცის გამოყენების შემთხვევაში ძირითად თემად ორ ადამიანს შორის გაუცხოების არსებობის წარმოჩენა და პიროვნებებს შორის ურთიერთგაგების პრობლემის ჩვენება გახლავთ, ნამდვილ და თეატრში შექმნილ ილუზორულ სამყაროს შორის ზღვარის წაშლის სურვილმა დაბადა არაერთი ექსპერიმენტალური სპექტაკლი და წარმოდგენა. გავიხსენოთ: მალინას „ცოცხალი თეატრი“ - თჰე Lივინგ თჰეატრე, ჩაიკინის „ღია თეატრი“ - Oპენ თჰეატრე, ჩინოს კაფე-თეატრი - ჩაფფე ჩინო და სხვა. საქართველოში, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იბადება  „რეადყ-მადე“ სივრცის გამოყენების სურვილი და ქართული თეატრის უახლოეს ისტორიაში არსებობს ამგვარი სურვილის განხორციელების წარმატებული მცდელობაც, რაც დღესაც, ჩვენს რეალობაში, არა ერთი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განხორციელებული სპექტაკლი/პერფომანსი ვიცით, რომლებმაც პიესის/ამბის გასაცოცხლებლად სამოქმედო გარემოც შესაბამისად აირჩიეს და აითვისეს „მზა“ სივრცე: სასტუმროს ერთი ოთახი/ნომერი თუ მიტოვებული ქარხნის, პავილიონის, სკოლისა და სარდაფის შენობა.  
სწორედ, ამგვარი თემატიკით, იმპროვიზაციებითა თუ წინასწარ დაგეგმილი ექსპერიმენტული სანახაობებით წარსდგა „ახალი დრამის ფესტივალი“ მაყურებლის წინაშე,  რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის წარმოდგენით - „ANთIმედეა/ანტიმედეა“ (პიესის ავტორი: ლაშა ბუღაძე; მონაწილეობენ: ლილი ხურითი, ირაკლი გოგოლაძე, ანი იმნაძე, არჩილ ბარათაშვილი, თეა კიწმარიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, უსიტყვო მოწმეები და გულშემატკივრები ანუ ქორო) - გაიხსნა, წარმოდგენით, რომელიც მხოლოდ ერთხელ „გაცოცხლდა“. თავსართ „ანტი-ს“ მნიშვნელობა მკითხველისთვის ცნობილია, რომ იგი გამოიყენება სიტყვის საპირისპირო (მტრული, წინააღმდეგობრივი) მნიშვნელობის აღსანიშნავად. რა სურს ამ შემთხვევაში შემოქმედებით ჯგუფს? „გამოძერწოს“ ანტიგმირის ნიღაბი?  მედეას ანტიგმირობა, ჩემთვის, როგოც მკითხველ/მაყურებლისთვის, მისაღებია და რამდენიმე გარემოებითაც აიხსნება, იგი მსხვერპლია ღმერთებისა, ამ შემთხვევაში საზოგადოებისა და გარემოებებისა. მისი სისუსტე კი, დამთრგუნველია მისთვის, თუმცა ეს დაცემა მისი გარდაქმნის წინაპირობაა. მედეა კვდება, როგორც ბრმად შეყვარებული მშვენიერება და ცოცხლდება, როგორც შურისმაძიებელი ბოროტება და „ვინც მას მტრად მოიკიდებს ადვილად ვერ გაიმარჯვებს.“
ზოგადად, ანტი-არტი/ანტი-თეატრი უარყოფს ტრადიციულ ფორმებს, იწუნებს ფართოდ მიღებულ მხატვრულ სტანდარტებს და აკრიტიკებს  კონკრეტულ ასპექტებს. ამ შემთხვევაში, „ანტიმედეას“ შემქმნელების თამაში  შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც თავისუფალი ქმედება, კლასიკური სათეატრო სანახაობისგან რადიკალურად განსხვავებული და ტრადიციულისგან უარყოფილი რომელიც აღიქმება როგორც „ისე, უბრალოდ“ ჩადენილი და ჩვეულებრივი ცხოვრების გარეთ მდგომი, მაგრამ ცხოვრებისეული პრობლემებით აღქმული და შენეულად ანუ მოთამაშის მხრიდან დანახული და განცდილი.  ყველაფერი რეალურია და ეს რეალობა, როგორც ცხოვრება გარს ერტყმის მაყურებელს. აღნიშნულ კონკრეტულ გარემოში, მიუხედავად არაკლასიკური სათეატრო სანახაობისა, ადგილისა და დროის ერთიანობის კანონი მოქმედებს. რაც უკვე ძალიან კარგია, რადგანაც ის იკმაყოფილებს რეალობიდან გასვლის, „დამაჯერებელი ფანტასტიკის“ სამყაროში შესვლის მოთხოვნილებებს. სიტუაცია თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ეპოქაში შექმნილი ქაოსურობით, არარეალურობით და გაურკვევლობით მოტივირებული ქცევის ზუსტი ასახვაა, რადგან, ახლა ადამიანები უკვე ვეღარ არკვევენ სად არის და რა არის მათი  ნამდვილი (ჭეშმარიტი) სინამდვილე.
ამ უკანასკნელის, ვგულისხმობ „ანტიმედეას“ სივრცეში კი, ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ თამაში „ითრევს“ მაყურებელს და მისი სურვილისდა მიუხედავად, იგი არა მხოლოდ მზირალია, არამედ მოვლენაში აქტიურად ჩართულია და მათი ემოცია და რეაქცია გადამდები ხდება არტისტებისთვის. პერსონაჟად გარდასახული მსახიობების ქმედება ისე ნატურალურად არის მოწოდებული, რომ ერთი წამითაც კი, ხელს არ უშლის მაყურებელს  გაემიჯნოს რეალობის ამგვარ გარდასახვას....  პავილიონში შესვლამდე, პერფომანსის მომლოდინე საზოგადოებას, რომელიც კარიბჭის გაღებას ელიან,  შენობის შიგნიდან, რკინის კარზე მუშტების რტყმის დამთრგუნველი ხმა ესმით, რომელიც, წამიერად ადუმებს ირგვლივმყოფთ და წარმოდგენა იწყება... სივრცე, რომელსაც შემოქმედებითი ჯგუფი გვთავაზობს ცივი და დამთრგუნველლია. ეს სპეციალური ზონის სივრცეა, სადაც, დროებით იზოლაციაში, განაჩენის მომლოდინე, არარეგალები იმყოფებიან, რომლებიც, გაერთიანებული ევროპის სასამართლოს კანონიერ თუ უკანონო გადაწყვეტილებას ელოდებიან.  „დღეს“ კოლხი ქალის - მედეას - ბედი უნდა გადაწყდეს. ქალისა, რომელიც, სამშობლოში განვითარებული ომის მსხვერპლია, რომელსაც იმედის ნაპერწკალი იასონის გაცნობამ და მისმა დაპირებამ, ევროპა გადაგარჩენს, უმტყუნა. უმტყუნა, რადგანაც, არსებობენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“, რომელთა გადაწყვეტილება საბოლოო და არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სწორედ, მათ გადაწყვეტილებას ეწირება ყველა, მის ირგვლივ, საკუთარი შვილი თუ „გარეთ მყოფი“ მოქალაქე, სწორედ მათი გადაწყვეტილების შეუცვლელობაში დარწმუნებული ხალხი ვერ ან არ აქტიურობს, ვერ ან არ გამოხატავს ხმამაღლა მის პოზიციას, მხოლოდ მის სივრცეში, მხოლოდ ღია და უკონტროლო სოციალურ ქსელებში ცდილობენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას, რომელსაც ყველა ნახავს და შესაძლებელია მოიწონოს კიდეც, შექმნიან ე.წ. „ლაივს,“ ეცდებიან  პირველებმა გააზიარონ, სოციუმს  ინტრიგა მიაწოდონ და „იხალისონ“ „ფრენდების“ რეაქციით, მოვლენას ქმედებაში არ ან ვერ გადაზრდიან და ეულად ტოვებენ პრობლემის წინაშე მდგარ ადამიანს, ამ შემთხვევაში ქალს, რომელიც სიმართლის დამტკიცებას ლამობს, რაც მიზეზია მისი „ანტიმეუღლედ“, „ანტიქალად“, „ანტიდედად“ და „ანტიმოქალაქედ“ გადაქცევისა...“მე და ჩემნაირები ახლა შინაგან ემიგრაციაში გადავდივართ, თქვენ გარე ემიგრაციაში“- ეს მედეას, უკაცრავად, ანტიმედეას სიტყვებია და ეს... რეალობაა და ეს რეალობა თითოეული ჩვენთაგანის პრობლემაა, რომელსაც ნიჰილიზმამდე და გრძნობათა ნიველირებამდე მივყავართ. 
სოციალური სიდუხჭირე, უმუშევრობა, მომსახურების სფეროში შრომითი ექსპლუატაცია და  ახალგაზრდობის დაუსაქმებლობა, გაუნათლებლობა და შედეგად დანაშაული.......„ლიკა და ოთო მომავალ თანაცხოვრებას გეგმავენ; ახალგაზრდა წყვილის ოცნებები სტანდარტულია: შვილები, სახლი დიდი ბაღით, უზრუნველი სიბერე... თუმცა ამ ყველაფრის მიღწევა შორეული მომავლის საქმეა, მანამდე კი ისინი ყოველდღიურ პრობლემებს უნდა გაუმკლავდნენ. უიმედო მგდომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად წყვილი მათი ურთიერთობისთვის დამანგრეველ გზას ირჩევს. მოვლენები გაუთვალისწინებელ გართულებებს წარმოშობს; მათ საშინელი არჩევანის გაკეთება მოუწევთ“ - ეს პატარა სიუჟეტი დავით გაბუნიას პიესა „მამალოა,“ რომელიც რეჟისორმა მერი ბეროშვილმა „ახალი დრამის ფესტივალისთვის“ გააცოცხლა (მსახიობები: ნატალია გაბისონია, გიორგი შარვაშიძე მხატვარი სოფია შარია. მუსიკა მერი ბეროშვილი და თორნიკე ჯაფიაშვილი).
პიესის სახელმა ასოციაციურად ტარიელ ჭანტურიას პოეზიიდან, ერთ-ერთი ლექსის - „გამაღვიძე მამალო“ - სტროფი გამახსენა:
„რა იცოდი, ქართული ჯიშის თეთრო მამალო,
უნდა თურმე ვნებები მონდომებით მიმალო!
გეშინოდა ამ დამწვარ წიფლის კუნძზე წაწოლის
(როგორც ერთ დროს ხევსურთა სტუმარ მწერალს - წაწალის...)
შენ, ას ათი წიწილის უშურველო მამილო,
წალდით თავის წაწყვეტას ელოდები, მამალო!“
„ოდესმე თუ ჩაგიდენიათ რაიმე ისეთი, რასაც ახსნას დღემდე ვერ უძებნით?“ - ეკითხებიან ლიკა (მსახიობი:ნატალია გაბისონია) და ოთო (მსახიობი:გიორგი შარვაშიძე) მაყურებელს. მცდელობა ჩადენილი დანაშაულის გამართლებისა. საქციელი, რომელსაც გამართლება არა აქვს. გადაწყვეტილება და ქმედება, „თამაში,“ რომელიც მკვლელებად აქცევს ლიკას და ოთოს. „მამალოს“ - მარტოხელა, ფულიანი „ბიძის“ გაბრიყვება და დაყაჩაღება. თამაშს „აყოლილი“  და მიუხედავად მსხვერპლად ქცევისა, ერთგვარ დამნაშავედ გადაქცეული მამალო, რომელშიც ერთგვარი აზარტი იღვიძებს და თვითმონაწილე ხდება. სიტუაცია, როცა სეირის არა მხოლოდ მაყურებელნი, არამედ მისი  განვითარების “თანაავტორებიც” ხდებიან, რადგანც, ინტრიგის მოყვარული საზოგადოება ნაკლებად ფიქრობს შედეგზე....და, ბოლოს... მსხვერპლადაც გვევლინებიან. სწორედ, საზოგადოების ამგვარ „თამაშს“ მივყავართ იმის განცდამდე, რომ „ძალადობას და ბოროტებას ველით ყველგან, ოღონდ, მათში არა. ისინი ხომ ჯერ მხოლოდ ბავშვები არიან, გულუბრყვილოები, მგრძნობიარეები, უბოროტოები. ეს ამბავი თუ ჯერ არ მომხდარა, მალე მოხდება. თუ ეს ჯერ არ არის დოკუმენტური დრამა, მალე გახდება. „ცივსისხლიანი“ არის იმ დაუნდობელი, სასტიკი და ცინიკური მოზარდების ამბავი, ერთ მშვენიერ დღეს ცეცხლს რომ მისცემენ ქალაქს, რომელმაც მათ სიძულვილის ენის გარდა სხვა ენაზე ლაპარაკი ვერაფრით ასწავლა. „ცივსისხლიანი“ პაატა ციკოლიას ახალი პიესა და პერფორმანსია, რომელსაც ავტორი მსახიობებთან, მხატვართან და მუსიკოსებთან ერთად წარმოგვიდგენს იმპროვიზირებულ „LIVE“ ფორმატში. პერფორმანსში ტექსტი, როკმუსიკა, ელექტრონული მუსიკა, მხატვრული ინსტალაცია და მოძრაობა გაერთიანდება ვერბალურ აქტში, რათა წინასწარ დავინახოთ შემზარავი და გარდაუვალი მომავალი“ - გვიანონსებენ ფესტივალის ორგანიზატორები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოსახულების ბალანსის ძიება, მით უმეტეს, თუ ის იმპროვიზირებულ  „LIVE“ ფორმატშია მოწოდებული. პაატა ციკოლია ახალგაზრდა რეჟისორთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც მუდამ ახლისა და ინოვაციის ძიებაში, ცდილობს გაარღვიოს ტრადიციული თეატრალური ფორმები და ქართულ სინამდვილეში შემოგვთავაზოს ისეთი ექსპერიმენტული ფორმით, რომელიც მრავალთათვის მიუღებელი და ხშირ შემთხვევაში, მძაფრი კრიტიკის  ობიექტი ხდება. აცოცხლებს პერსონაჟებს, რომლებიც რეალურები, ნამდვილები არიან, რომელთა ურთიერთდამოკიდებულება ის სინამდვილეა, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით სოციუმში: უხეში, დაუნდობელი, ხშირად ბინძური, რომლებიც აღიქმებიან, როგორც გარემოების ცუდი მხარე. ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით ცინიკოს და სასტიკ პერსონაჟებს, მოზარდების სახით, რომელთათვისაც „ყველაფერი სულერთია.“ მათი ეს განწყობა, გარდა ქმედებისა, იმ მუსიკაშიც  (მუსიკალური ჯგუფი „ქვემეხი“) გამოიხატება, რომელიც მთელი პერფომანსის მსვლელობისას მათი რიტმი და დინამიკა მახვილივით ჩაესმის ყურსა და გონებას. გარემო, რომელიც მხატვარმა ქეთი ნადიბაიძემ მინიმალისტური და თან ძალიან სივრცული ინსტალაციით შეექმა, თითქოსდა იმ ყველაფრის ალტერნატივაა, რასაც გვთავაზობს მუსიკა და ქმედება. ამ მინისამყაროში ბუდობდს ის სისასტიკე და სიძულვილი, რომელიც მომავალ თაობას დაუნდობლად გადააქცევს და ხელში იარაღს ააღებინებს, რადგანაც მათ მხოლოდ სიძულვილისა და სისასტიკის ენა ესმოდათ და ესმით, ამიტომაც...სჯობს განადგურდეს, ცეცხლმა წაიღოს ყველა და ყველაფერი. პერსონაჟთა განწყობისა და ემოციის გამოხატვა მსახიობებს მომეტებულ ისტერიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ და იკარგება ის გრძნობათა ბუნება, რასაც მოზარდის  სულიერი ტკივილი, ფსიქიური დეგრადაცია ჰქვია. ეს ახალგაზრდები, სწორედ ის თაობაა, რომლისთვისაც წესრიგი, კანონიერება და სამართლიანობა უცხოა, მიზეზი კი, ის უფროსი თაობაა, რომლებიც მათ უკან დგანან, რომლებიც XX საუკუნის 90-იანელების თაობას მიეკუთვნებიან,  რომლებმაც ომებისა და კრიზისების დაუსრულებელი სერია გამოიარეს და რომლისთვისაც უცხო არაა დაუსჯელობის სინდრომი, შვილსაც ამას შთააგონებს.... მოზარდიც მამიკოსა და მამიკოს ძმაკაციის (ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი) იმედზეა, მათგან  სწავლობს   მეგობრობის „კანონსა“ და „თინეიჯერის“ ქუჩური ცხოვრების წესს - Oმერტà-ას ანუ დუმილის ფიცს, სიცილიური მაფიის ერთგვარი კოდექს, რომლის თანახმადაც ყველას ეკრძალება ოფიციალურ ძალოვანებთან თანამშრომლობა. მოვლენა, რომელსაც ჩვენს რეალობაში განვითარებულ ამბავში გადავყავართ, რომელიც კერ კიდევ დაუსრულებელია და ტკივილგაუყუჩებელია, კინო რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმა პირველი და თამამად, ვიტყვი, წარმატებული თეატრალური წარმოდგენით შემოგვთავაზა (მსახიობები: ლილი ხურითი, ივა ქიმერიძე, ანასტასია ჭანტურაია, გიგა დათიაშვილი, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, სოფიო ზერაგია, ბექა ხაჩიძე, გიორგი წერეთელი, ლევან სარალიძე, ნიკუშა ბაქრაძე, სანდრო სამხარაძე. თორნიკე გოგრიჭიანი, მაგდა ლებანიძე, სოსო ხვედელიძე, გაგა შიშინაშვილი, პაატა ინაური, ცისია ქუმსიაშვილი, ნინი იაშვილი, ერეკლე დეისაძე). ამბავი, რომელმაც, საზოგადოება შეძრა. 2017 წლის 1 დეკემბერის შემთხვევა, რომლის საქმეც პროკურატურაში დასათაურდა მკვლელობა ხორავას ქუჩის სახელწოდებით.  ექვსი თვე გავიდა და საზოგადოებაში ტკივილი ჯერ კიდევ ამოუხსნელ ტკივილად რჩება. დამნაშავე თუ დამნაშავეები ისევ დაუსჯელები არიან. მას  თუ მათ გავლენიანი მამიკო/მამიკოები ჰყავს/ჰყავთ. გია ყანჩელის მუსიკით - როცა აყვავდა ნუში - შევყევართ რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილს უკვე განვითარებულ და მომხდარი ისტორიის განხილვაზე, სკოლის მოწაფეები ქართული მხატვრული ფილმის „როცა აყვავდა ნუში“ გმირების ქცევას ახასიათებენ. ფილმი 1972 წელს რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ რეალურ ამბავზე დაყრდნობით გადაიღო. დღეს, 2018 წელია. გარემოება იგივე.... დაუსჯელობის სინდრომი და არ შემდგარი საზოგადოება...კვლავ სისტემის ყრუ რკინის კედელი... ახალგაზრდა მსახიობები რეალობის განცდიდან გამომდინარე, სულ რაღაც, ექვსი თვის წინ, პირადად მათი თუ  არა, მეგობრის მეგობრის მკვლელობის ემოციას, ახლა ჩვენს, მაყურებლის, წინაშე აფრქვევენ და არა მხოლოდ, როგორც 51 სკოლის XII კლასის მოსწავლის „ნიღბის“ ქვეშ მყოფები, არამედ, როგორც მოქალაქეები აცოცხლებენ „თინეიჯერთა“ იმ ნამდვილ სახესა და რეალობას, რაც დღესაც მყარად „ფესვგადგმულია“: „კარგი ტიპობა,“ უსამართლობა, პროკურატურის ყალბი გამოძიება, მკვლელების მფარველობის გამო გაბრაზებული მოქალაქეები და ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში. ნანა ექვთიმიშვილმა პერფომანსი ანტიილუზიური და ილუზიური სათეატრო სანახაობის ზღვარზე გაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეჟისორი საკუთარ თავს მოვლენის „შიგნით“ მოიაზრებს. ამიტომაც, ის მიმდინარე ფაქტებს აფასებს,როგორც მონაწილე და არა როგორც შემომქმედი, რაც მიზეზია იმ  ძლიერი ემოციისა და განცდის  მუხტის გადმოცემისა, რასაც შემოქმედებითი ჯგუფი პავილიონის სივრცეში „აფრქვევს“. 
ალბათ, მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ნათელი გახდა, რომ „ახალი დრამის“ ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლები თუ პერფომანსები, აგებულია იმ ამბებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება, ამბებზე, რომლებზეც, ალბათ, ყოველდღე ვფიქრობთ, მერე შეიძლება ვეძებთ გამოსავალ გზებსაც, რომლებიც შესაძლოა სულაც არ იყოს გამოსავალი. სწორედ ამ თემების გარშემო ტრიალებდნენ "ახალი დრამის ფესტივალის" მონაწილეები, რომლებმაც აუდიტორიას უფრო ახლოს და შიგნიდან, მათი თანამონაწილეობითა და დიალოგით, სხვადასხვა რაკურსით დაანახვეს ის პრობლემები, რომლებშიც ყოველდღიურად ვიხარშებით.