ახალი დრამის ფესტივალი 2019

ახალი დრამის ფესტივალი

 

გიორგი ყაჯრიშვილი

 

ახალი დრამის ფესტივალი, ტავტოლოგიაზე რომ არაფერი ვთქვათ (თეატრმცოდნეთათვის კარგადაა ცნობილი ტერმინი „ახალი დრამა“, რომელსაც მეოცე საუკუნის დასაწისში დასაბამი მისცა მ. მეტერლინკმა და გააგრძელეს  ა. სტრინბერგმა, გ. გაუპტმანმა, ჰ. იბსენმა, ფ. დურენმატმა, ა. ჩეხოვმა. მათი კონცეფცია ითვალისწინებდა ადამიანის შიდა  (ხანდახან ქვეცნობიერი) გრძნობებისა და ემოციების წინა პლანზე გადმოტანას), რომელიც სულ ახლახან დასრულდა, თავის მხრივ, ერთ კონცეფციას არ ეყრდნობა და არც დრამის შექმნის უახლეს ეტაპს არ უნდა წარმოადგენდეს. როგორც მისი დამფუძნებელი  (დიდი მადლობა მას)  სოფო კილასონია აღნიშნავს: „ახალი დრამის ფესტივალი დრამატურგიისა და პერფორმატიული ხელოვნების შეხვედრის პლატფორმაა, რომელიც ემსახურება სახელოვნებო ექსპერიმენტის, თავისუფალი და ალტერნატიული შემოქმედებითი პროცესის გაღვივებას საქართველოში.

ახალი დრამის ფესტივალის ამოცანაა, შექმნას თანამედროვე, დროს და გარემოს ადეკვატური სახელოვნებო გამოცდილება, როგორც საქართველოში მცხოვრები ავტორებისთვის, ისე აუდიტორიისთვის, რომლისთვისაც ხელოვნება თავისუფალი თვითგამოხატვის, რეფლექსიის და კრიტიკული კვლევის სივრცეა“ - და ეს გამოცდილება უკვე შედგა, როგორც გასულ, ასევე ამ წელს.

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ წარმოდგენილ დრამატულ ნაწარმოებთა სია (და შესაბამისად მათი „პერფორმაცია“)  მრავალფეროვანი და უდაოდ საინტერესო იყო, თუმცა, მათ შორის, საერთოს და გამაერთიანებელს ვერაფერს აღმოაჩენდი (ალბათ ასეც სურდათ ორგანიზატორებს - „დიალოგისა და განვითარების სახლს“). ამდენად შეფასების თვალსაზრისით ალბათ უპრიანი ცალკეულ ნაწარმოებებზე საუბარი ვიდრე  განზოგადებული მოსაზრების გამოხატვა, მაგრამ აქაც უნდა დავუმატო, რომ ყველა მათგანს ჩემი აზრით აერთიანებდა ავტორთა პროტესტი არსებული რეალობის მიმართ და ერთგვარი განთავისუფლება დოგმების, მცდარი და ყალბი კანონზომიერების და გამოცდილებებისგან, დაკანონებული ტრადიციებიდან თუ პოლიტიკური ზეგავლენისგან.

უკვე ცნობილ პერფორმატიული ხელოვნების ოსტატთა - დათა თავაძე, მიშა ჩარკვიანი, გურამ მაცხონაშვილი, პაატა ციკოლია,  დრამატურგებიდან ლაშა ბუღაძე, წელს მათ გვერდით გამოჩნდნენ ახალი სახეებიც და არა მხოლოდ პროფესიით რეჟისორები. მაგალითად გრიგოლ ნოდია, რომელიც კინორეჟისორია, თამარ  შუკაკიძე - თეატრმცოდნე, მეგი კობალაძე - მსახიობი და აქედან სამივე ერთდროულად ტექსტის ავტორებიც არიან, პერფორმანის დამდგმელებიც და ზოგ შემთხვავეში შემსრულებლებიც (მეგი კობალაძე, თამარ შუკაკიძე).

სპორტულ დარბაზში განხორციელებული და წაკითხული დრამატული ტექსტები შესვლისთანავე კარგავდა „თეატრალურობის“ განცდას, ტრადიციული თეატრის ფორმასა და შინაარსაც კი, იმ თვალსაზრისით რომ აქ მსახიობთა შესრულება არ იყო „თამაში“  მისი ტრადიციული გაგებით - ეს იყო  ემოციათა და განცდათა მთელი სპექტრი, იმ პერსონაჟთა მთელი სულიერის სამყარო, რომელთა ისტორიებსაც ვისმენდით ან ვხედავდით. გარშემო არსებული ანტურაჟი (და არა სცენოგრაფია რომელსაც ჩვენ კლასიკურ თეატრში ვუწოდებთ) იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ ემოციათა და გრძნობათა გამოსახატავად; მაგალითად ნახერხმოყრილი ცირკი-არენა  (საქათმე) გ. ნოდიას „ნოეში“ განათებული ზევიდან ჩამოსული ერთი პატარა მზის სხივით, ერთადერთი ნათელი წერტილი რაც ნოეს - ჩოხატაურელ შეშლილს  აკავშირებდა რეალურ სამყაროსთან და ქათამი, ფეხზე რომ ჰყავდა გამობმული - ყველაფერი დანარჩენი ხომ მისი ავადმყოფური წარმოსახვა იყო (მსახიობ შაკო მირიანაშვილის ბრწყინვალე მსახიობური ოსტატატობით შესრულებული).

პერფორმანსთა (რასაკვირველია ტექსტის გარდა) მეორე შემადგენელი ნაწილი იყო მუსიკა (ავტორი ნიკა ფასური)  დათა თავაძის მიერ  შექმნილი კომპოზიციაში  „ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან“ რითაც გაიხსნა წლევანდელი ფესტივალი. „სამეფო უბნის თეატრის“ 25 არტისტი: მაგდა ლებანიძე, სოფიო ზერაგია, ანანო ვარძიელი, ქეთა შათირიშვილი, ნუცა აბაშიძე, სალომე მაისაშვილი, მარიამ ქანთარია ანკა დიდმანიძე, თაკი მუმლაძე, ლიკა მაისურაძე, ნათია ჩიქვილაძე, იაკო ჭილაია, გიორგი შარვაშიძე, პაატა ინაური, ივა ქიმერიძე, ლევან სარალიძე, ზუკა ცუხიშვილი, სანდრო სამხარაძე, ნიკა აფციაური, ნიკუშა ბაქრაძე, დაჩი ბაბუნაშვილი, ბუკა თოლორდავა, ოთო ლობჟანიძე, ოთო აშკარელი, ლაშა გაბუნია ეს ის „ინსტრუმენტები“ იყვნენ, ვინც  „ორკესტრირებული შესრულებით“ კითხულობდნენ ხანდახან პარალელურ რეჟიმშიც კი დრამატულ ტექსტს, ზოგჯერ საკუთარ ისტორიებს, ზოგჯერ სხვისას, კამათობდენ, არ იზიარებდნენ სხვის მოსაზრებებს, ზოგჯერ ეთანხმებოდნენ, ზოგჯერ არა - დღევანდელი სამყარო დაპირისპირებებით, ბრძოლით, ერთმანეთის აზრის მიუღებლობით გამოხატული გროტესკითა და იუმორით, პოსტმოდერნისტული დეკონსტრუქციის მანერით, ციტირებით და ინტერაქტიული ჩართვის მცდელობებით. თუმცა ეს არ იყო კაკაფონია, ეს იყო უფრო ორკესტრის გენერალური რეპეტიცია დიდი კონცერტის წინ, რომელიც შემოქმედებითი თვალსაზრისით, ხანდახან პრემიერასაც სჯობია.  

უკვე ნახსენები „ნოე“ ერთი უბრალო გიჟის ისტორიაა (რაც პარალელებსაც აღძრავს მაგ. ა. ჩეხოვის „პალატა ნომერი 6“,  ნ. გოგოლის „შეშლილის წერილები“ და სხვ.) უფრო ეპიზოდებად დაშლილი წარმოდგენაა (სხვათა შორის ეს ერთ-ერთია სადაც მსახიობი შ. მირანაშვილი პერსონაჟს „თამაშობს“) კინემატოგრაფიული ხერხებით განხორციელებული. ექსპრესიულ-ნატურალისტურ მანერაში, უხვი ბილწსიტყვაობით, გინებითა და უცენზურო სიტყვებით. აქაც თავისთავად საქმე გვაქვს ავტორისეულ „განთავისუფლებასთან“ კლასიკურ სათეატრო ლექსიკისგან, გამოხატვის თავისუფლებასთან, ზიზღისა და სიძულვილის, ბრაზისა და ბოღმის გადმოცემის ბუნებრივ-ნატურალურ ლექსიკასთან (ტექსტისა დაეკონსტრუქციასთან  სადაც მიუღებელი მისაღები ხდება!).  თანმხლები გიორგი ხოსიტაშვილის მუსიკალური გაფორმებით, რომელიც  დიდი და ხანგრძლვი რეპრიზებითა გაჯერებული.

გ. ნოდიაც თავისუფლად  იყენებს მაყურებლი ჩართვას წარმოდგენაში (და ეს ქართული თეატრის ახალი და „აუცილებელი“  აქსესუარი   მ ი კ რ ო ფ ო ნ ი ), რათა იგი მხოლოდ მაცქერალი, დამკვირვებელი კი არ იყოს, არამედ აქტიურად მონაწილეობდეს პერსონაჟის ბედ-იღბალის გადაწყვეტაში, იმაში, რაც  თვითმკვლელობის ნატურალისტური ფინალით სრულდება შესრულებული  „სისასტიკის თეატრის“  (ა. არტო, ჟ. დერიდე )  სტილში.

ქართველ მწერალ-დრამატურგთა შორის ლაშა ბუღაძე ის ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე ადრე და ადექვატურად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ამას ყველაფერს თავის პროზასა თუ პიესებში გადმოგვცემს. ადრე მგონი 7-8  წლის  წინ, მისი დრამატურგიის მიმოხილვისას დავწერე, რომ ლ. ბუღაძის პიესა უნდა დაიდგას უმალვე, როგორც კი  შეიქმნა. ახალი პიესა „მორალიც“ სწორედ ამ კატეგორიის ნაწარმოებთა შორისაა. ავტორი არასდროს აკონტრეტებს დრამატურგიული ტექსტის ჟანრს, ვინაიდან (და ესეც მისი ავტორიეული ხელწერაა) კომედიად დაწყებული პიესა სრულიად შესაძლებელი ტრაგიფარსით, ან თუნდაც, ტრაგედიკომედიით დასრულდეს. ლ. ბუღაძე არ ზღუდავს საკუთარ პიესას ჟანრობრივი სტრუქტურით და მის ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის ფინალი, როგორც წესი სრულიად მოულოდნელია და ამიტომაც იტაცებს ეს თხრობა მსმენელსაც და მაყურებელსაც. დღეს სცენაზე გათმაშებული ამბავიც ზუსტად  ისეთია რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. აქვე უნდა დავუმატო, რომ „ნოეს“ მსგავსად „მორალი“ უფრო წარმოდგენაა (რეჟისორი პაატა ციკოლია) მიზანსცენებით და  მსახიობთა შესრულებით, ვიდრე უბრალოდ პიესის კითხვა ან პერფორმატიული ხელოვნება.

„მორალის“ პირველი, ექსპოზიციური ნაწილი პოლიტიკური პანფლეტია, რომელსაც ადრესატიც ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ გვარი არ სახელდება ყველა ხვდება ვისზეა საუბარი. დიახ, ლაშა ბუღაძე „დიქტატორული მმართველობის“ საშიშროებას ხედავს დღეს მიმდინარე პოლიტიკურ რეალიებში და  პიესის ერთ-ერთი პერსონაჟი ანდრო ყოფილი მთავრობის და „წყობის“ აპოლოგეტია, მკვეთრად გამოხატული ოპოზიციონერი და უფრო მეტიც, დღევანდელი „ხელისუფალის“ გააფთრებული მტერიც. ავტორისეული ტექსტი ძალზე მძაფრია, განკიცხვისა და თავზე ლაფის დასხმის მთელი კასკადი (სხვათა შორის მისი მოსმენისას თავი შეურავყოფილადაც კი ვიგრძენი, ვინაიდან ვესწრებოდი და თავისთავად ვმონაწილეობდი ადამიანის ლანძღვაში, რომელიც არც ესწრებოდა და ვერც პასუხს გასცემდა), რომელიც რაც უფრო და უფრო გრძელდებოდა მით  უფრო მოსაწყენი და აუტანელი ხდებოდა. ერთი რამ გამახსენდა  - მ. ბულგაკოვიც ვერ იტანდა სტალინს, მაგრამ  მის საწინააღმდეგად დრამატურგმა ლანძღვა-გინების სანაცვლოდ მხატვრული ფორმა მონახა და შექმნა პიესა „მოლიერი“.  

მსახიობ კახა გოგიძის მიერ სულმოუთქმელად და შეუჩერებლივ  წარმოთქმული ტირადები და წყევლა-გინება გაწელილია უსაზღვროდ და ალბათ უშედეგოდ, ვინაიდან ენის მიმტანიც ვერ დაიმახსოვრებს ამ მეტაფორებს, შედარებებს, ცინიზმსა და დაცინვას.

და საოცრება ... როგორც კი ეს ყველაფერი თავდება და სპექტაკლში  კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი - ინა (მარიამ ცქიფურიშვილი) გამოჩნდება,  აი, აქ იწყება ნამდვილი პიესა და ძალიან კარგი პიესა. პარალელისთვის ვიტყვი, რომ ამ დრამატურგიული ტექსტის ფორმა და მსგავსი ტრანსფორმაციების სტილისტიკა   (ამაზე ცოტა ქვემოთ)  უახლოვდება  თუნდა ნაწარმოებს, რომელიც ახლახან ორ თეატრში დადგა - „იდეალურ უცნობებს“ (სცენარის ავტორი პაოლო ჯენოვეზე), სადაც „ოჯახური საუბრებისა“ თუ სტუმრებთან ვახშმობისას  ირკვევა  სინამდვილეში „ვინ ვინ არის“, „ან ვინ ვინ იყო“, სადაა სიმართლე და სადაა ტყუილი, ვინ თვალთმაქცობს და ვინ ცრუობს ახლობლის წინაშე. (დავუმატებ პლაგიატი და ციტირება პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ნიშანია და ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ!).  ზოგადად კი პიესა ინტრიგაა და სადაც ეს ინტრიგა არაა, ის არც პიესაა და არც მისი გათამაშებაა საინტერესო. უინტრიგო პიესას ვერ ღებულობს მაყურებელი და არც უნდა მიიღოს - თუ არა ჰამლეტის მამის აჩრდილოს გამოჩენა არც არაფერი მოხდებოდა უ. შექსპირის „ჰამლეტში“ და არც დანიის სამეფოში შეიცვლებოდა რაიმე.

„მორალის„ ინტრიგა კი იმაში მდგომარეობს, რომ საქმე გვქონია ოჯახურ სამკუთხედთან (ცოლი (ანი იმნაძე) - ქმარი (ირაკლი გოგოლაძე) - საყვარელი (მარიამ ცქიფურიშვილი), რომელიც უკვე თორმეტი წელია არსებობს, რაც სამივემ (და არა მარტო, მათთმა სტუმარმაც) ძალიან კარგად იცის და არავინ არაფერს ამბობს. დიმა და მისი მეუღლე „ბედნიერ ოჯახს“ თამაშობს, დიმა მენეჯერია, ხოლო მისი მეუღლე პარლამენტის მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რომელმაც სულ ახლახანს დატოვა პარლამენტის შემადგენლობა და ახალი პარტიის შექმნაზე  ფიქრობს ( იხილე ზემოთ გამოთქმული მოსაზრება დღევანდელობის შესახებ - სხვათა შორის აქაც გარკვეული პიროვნებები იგულისხმება გვარების დასახელების გარეშე და ამ გვარებს მეც არ დავასახელებ.) ინა ჟურნალისტია, ამ მთავრობის მხარდამჭერი, ცოლის თანაკურსელი და ოჯახის მეგობარი. ისინი „ინტიმური ჩანაწერის“ გამოქვეყნების შიშით შეკრებილან და გაერთიანებულან, თუმცა ეს გაერთიანებაც ისეთივე მყიფეა, როგორც მათი თორმეტწლიანი ურთიერთობა. აქ ყველაფრის დამკვირვებელ-შემფასებელი და უფრო მეტიც, ინტრიგის „ჩამწყობი“ ანდროა, ვითომ და კეთილი სურვილებით აღსავსე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გამოაშკარავდეს.

„ფარული ჩანაწერებიც“, (რომელიც სინამდვილეში  დიმასა და მისი ცოლისა ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველია) ისეთივე ფარსია, როგორც მათი ცხოვრება და ურთიერთობა. ვიდეო მაინც დაიდება, მაგრამ სულ სხვათა - „ბელადიც“ გადარჩება და ჩვენი „სამკუთხედიც“. მორალი? ზნეობა და მორალი უცხოა ამ საზოგადოებითვის.

შემდგომი ორი პერფორმანსი, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ პასუხობს ამ ფესტივალის კონცეფციას: მხედველობაში მაქვს მეგი კობალაძის „ქაღალდის თამრო“ და თამარ შუკაკიძის „მეხსიერება“. ორივე ქალის ნაწარმოებია და ასევე ქალთა პრობლემებს ეხება. მეგი კობალაძე მსახიობებთან ერთად (ხატია ზავარაშვილი, გიორგი უნგიაძე, გიორგი გადაბაძე, სოფო ფერტენაძე, დათო ასამბაძე, რომლებიც უხმო კომპოზიციების მონაწილენი არიან) მოგვითხრობს ქართველი სექმუშაკის არცთუ ისე სახარბიელო ბედ-იღბალსა და მის ყოველდიურობას, პროფესიიდან გამომდინარე მის კონფლიქტს საზოგადოებასთან, რომელიც პიროვნებისა და გარე სამყაროსთან  დაპირისპირებაში გამოიხატება. დრამატული ტექსტის ენა ძალიან თანამდროვეა, დღევანდელი ჟარგონითა და არგოტიკული (უცენზური) ფრაზებითა და გამოთქმებით -  მაგრამ ეს ხომ სექსის მუშაკთა „სამუშაო“ ენაა. ეს ყოველივე სრულიად რეალურ ხდის თხრობას და უნებლიედ „ქაღალდის თამროს“ გულშემატკივარი ხდები.

„მეხსიერება“ კი  პერფორმანსია, სადაც ავტორის და შემსრულებელიც ერთიდაიგივე თაკო შუკაკიძეა. ესაა ერთგვარი გამოწვევა დოგმებისა და დამკვიდრებული წეს-ჩვეულების, აღიარებული „ნორმების“, კომპლექსების წინააღმდეგ. პერსონაჟი ცოცხალი იუმორით თუ ფიზიკური ქმედებით (დაუსრულებელი სრბოლა  წითელ ხალიჩაზე მოთავსებულ სარბენ ბილიკზე, სრბოლა-შეჯიბრი საკუთარ სხეულთან, დოგმადქცეულ „დიეტასთან“) ისევე დასცინის საზოგადოებას, როგორც საკუთარ თავს. მისი ტექსტი თუ მისი თანხმლები „ქოშინი“ ორგანულია და ზუსტად ესაბამება პერსონაჟის იმდროინდელ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, მის გრძნობათა ბუნებას, რასაც ის იმ მომენტში განიცდის. დასაფასებელია, რომ არამსახიობი (პროფესიით თეატრმცოდნე) ასეთ შედეგს აღწევს პერფორმანისის მსვლელობისას.

და ბოლოს პაატა ციკოლიას ორნაწილიანი პერფორმანსი „ბეჭდისა და მოჭრილი თითის ამბავი/წითელი კარვების ისტორი“ მე უფრო სამად მომეჩვენა: ორი ვერბალური ნაწილია, სადაც აღმოსავლურ ტექსტების მოშველიებით მოთხრობილია  საინტერესო ისტორიები, რომელიც „ვეფხისტყაოსნისა“ და ავტორის ორიგინალური ციტატებითაა გამდიდრებული. აქ „ახალი“ ვგონებ მხოლოდ ისა,  რომ ეს დრამატული ტესტები ახლაა დაწერილ-გადამუშავებული. რაც შეეხება შესრულებას და პერფორმანსის ფორმას იგი პასუხობს ამ რეჟისორის სადადგმო სტილს. ამჯერად, იგი წარმოდგენილია (ორივე) პერსონაჟთა დიალოგის ფორმით (ერთ შემთხვევაში იაკო ჭილაის და გაგა შიშნიაშვილის, მეორე კი გიორგი წერეთელისა და ეთო ალექსიშვილის შესანიშნავი შესრულებით). ორი მსახური, ორი მონა შთაგონებით ყვებიან თავიანთი მეპატრონისა და მფლობელების დრამატულ თუ სასიყვარულო  (მაგ.  გურჯი ხათუნის  სულეიმან ფარვანას) ისტორიებს. რაც შეეხება არავერბალურ ნაწილს, იგი შესრულებულია მოცეკვავეთა მიერ (აქ შედგა ახალგაზრდა მანუ თავაძის დებიუტი!) მეტაფორულია, მხატვარის (თამარ ოხიკიანის) და დამდგმელი რეჟისორი ფანტაზიათა ნაყოფი, ფერადოვანი (ლურჯი, წითელი, მწვანე საღებავები) ისინი აქ ჩვენ წინაშე ფერადად შეღებილი ფქვილის მეშვეობით ქმნიან მხატვრულ ტილოებსა თუ ცოცხალ ქანდაკებებს. ეს ერთგვარი აპოთეოზია, რომელიც სიყვარულის აღმაფრენის  ძალის ჰიმნით სრულდება.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ „მამათა და შვილთა“  ბრძოლა ქართულ ხელოვნებაში (ლიტერატურა, თეატრი) ისეთივე ძველი და ტრადიციული, როგორც თვით ეს დარგები. თაობათა ცვლილება ზოგჯერ მტკივნეულად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი მშვიდად და ექსცესების გარეშე მაგალითად, მარჯანიშვილის და ახმეტელის დაპირისპიების შემდეგ ორი თეატრი  მივიღეთ, ასევე თუმანიშვილისა და მისი მოწაფეების კონფლიქტმაც ახალი თეატრი - კინომსახიობთა თეატრის შექმნა. დღევანდელი თაობის ახალგაზრდა რეჟისორები აღარც ცდილობენ (რაც ძალიან დასაფასებელია) თავის წინამორბედთან დაპირისპირებას და საკუთარი მრწამსის, იდეებისა და მისწრაფებების გამოხატვის მიზნით თავს არიდებენ სახელმწიფო თეატრების სცენებს და ახალ სივრცეებში, მიტოვებული ქარხნებში თუ სპორტული მოედნებზე ან   სულაც გარე მოედნებზე  წარმოადგენენ საკუთარ ქმნილებებს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ახალი ესთეტიკა, გამოხატული არა მხოლოდ მაგ. სცენოგრაფიაში ან რეჟისურაში არამედ მსახიობთა თამაშის სტილსა და მანერაშიც  (მ. ჩარკვიანის „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, მისივე  „დემონები“, დ. თავაძის „პრომეტე/დამოუკიდებლობის 25  წელი“, „ცრუ განგაში. ცხრა მთასი იქით“, გ. მაცხონაშვილის „ანტიმედეა“.  „ჰამლეტი“ და სხვ.) დეკონსტრუქცია როგორც ამოსავალი წერტილი, „ნაგავი“  სცენაზე, ჭრელად შეღებილი კედლები  წარწერებით, ანუ თანამედროვე „ანდერგრაუნდი“  ჩამოშლილი კედლები ან ბეტონის სცენები და არატრადიციული სათამაშო მოედნები, ასეთივე თანამედროვე მუსიკალური გაფორმება ხმაურიანი ფონით ან ცოცხალი მუსიკა, თანამედროვე  ჩაცმულობა, დახეული ჯინსები ან ზედმეტად სტილიზებული კოსტუმები, ფერადი თმები და პარიკები და რაც მთავარია მაყურებელთან ინტერაქტივი, მათი აქტიური ჩართვა და მიკროფონი, გამოხატვის ახალი ფორმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაღიზიანებს კიდევაც, როცა არადანიშნულებით (უფრო სწორედ არა ტესტის ხაზგასმისთვის, არამედ მხოლოდ ფორმად)  გამოიყენება. რეჟისორთა ეს თაობა არ ერიდება სიშიშვლეს, სექსუალურ სცენებს, ბილწსიტყვაობას, ხშირად „ესთეტიური“ ნორმების რღვევას. მათი თანამედროვე თეატრალური ფორმები ხშირად შოკისმომგვრელია და ძველი თაობის თეატრალებში უხერხულობის შეგრძნებასაც იწვევს. მათი „ნოვატორული“ თეატრი ალბათ გათვლილია მაყურებლის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, მის ემოციაზე. იგი პროტესტია სისტემის („ჰეკაბე“), მთავრობის უნიათობის, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების და ძალადობის წინააღმდეგ. იმიტომაცაა რომამ შემომქმედთა დიდი ნაწილი ხშირად გვხვდება არა მხოლოდ თეატრალურ მოედნებზე, არამედ ქუჩაშიც - საპროტესტო მიტინგებზე. მათი თეატრი (ზოგჯერ სრულიად გაუგებარი), ის სამყაროა, რომელიც ყველას მოსწონს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ რატომ.

ამ ყველაფრის განხორციელებისთვის შესანიშნავი ადგილი აღმოჩნდა „ახალი დრამის ფესტივალი“, რაც  ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიას დამსახურებაა, რომლის  „ზურგზეც“ გადაიარა არ მხოლოდ შემოქმედებითმა, არამედ ორგანიზაციულმა მხარემაც. ყოველივე ამას მან დიდი წარმატებით გაართვა თავი, რაზეც მეტყველებდა დაინტერესებულ დამსწრეთა უამრავი რაოდენობა.