top of page

„ადამიანი - ორკესტრი?!“

1553677241-ნიკა-რაჭველი56.jpg

მაკა (მარინე) ვასაძე

„ადამიანი – ორკესტრი?!“

ამ წერილის დაწერა დაბა გონიოში გადავწყვიტე.კრიტიკულ სტატიებს უკვე კარგა ხანია, აღარ ვწერ. პროფესიით თეატრმცოდნე ვარ (არ მიყვარს ეს ტერმინი, მგონი, საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსეთიდან შემოვიდა). თეატრმცოდნე, მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე... და ა.შ., რას ნიშნავს! ხარ ადამიანი, რომელსაც თავად არაფრის შექმნა არ შეგიძლია (ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ხელოვნების სფეროებს), სამაგიეროდ, მცოდნე ხარ!!! არსებობს ტერმინები თეატრის, მუსიკის, ხელოვნების (სხვადასხვა დარგის), ლიტერატურის - ისტორიკოსი, თეორეტიკოსი, კრიტიკოსი. მოკლედ, უარი კრიტიკოსობაზე, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვთქვი. თუმცა, სტუდენტობის დროს, და შემდეგაც, როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც მაქსიმალისტი ვიყავი და ამ საქმიანობას არ ვერიდებოდი.
გავიზარდე ხელოვანთა ოჯახში, ცოლად გავყევი კინორეჟისორს და ამიტომ, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს. ერთხელ თეატრის კარგ ნაცნობ რეჟისორზე რეცენზია დავწერე და მისი სპექტაკლი გავაკრიტიკე. ცოტა ხანში, ქუჩაში შევხვდით. სალამზე არ მიპასუხა. აი, სწორედ მაშინ, გადავწყვიტე თეატრის კრიტიკოსობაზე უარი მეთქვა. ვამჯობინე, ხელოვან ნაცნობ-მეგობრებთან კარგი ურთიერთობა შემენარჩუნებინა და თუ სპექტაკლი მომეწონებოდა, წერილი მხოლოდ მაშინ დამეწერა. ასე ვიქცევი დღემდე.
ახლა დავუბრუნდეთ საკითხს, თუ რატომ, რა მიზეზით გადავწყვიტე, პრინციპისთვის მეღალატა და კრიტიკული შენიშვნები გამომეთქვა
ამ ცხელი ზაფხულის, აგვისტოს მეორე ნახევარში, ოჯახთან ერთად გონიოში ვისვენებდი. მანქანით ვმგზავრობდი და გონიოს ციხეზე გაკრული ბანერი დავინახე – ბათუმის II საერთაშორისო ფესტივალი `ღამის სერენადები~, 28.08-2.09. ლიანა ისაკაძის ფესტივალი აჭარაში ისევ ტარდება... 
გამიხარდა, რომ 2 კონცერტზე მაინც მოვახერხებდი დასწრებას (31 აგვისტოს თბილისში ვბრუნდებოდით). ბილეთები ბათუმში შევიძინე და იქვე ამოვაბეჭდვინე ფესტივალის პროგრამა. აქვე მოკლედ განვმარტავ, თუ რატომ გამახარა ორი კონცერტის მოსმენის შესაძლებლობამ. 
ლიანა ისაკაძის მუსიკალური ფესტივალები ჯერ კიდევ ბიჭვინთიდან მახსოვს. მახსოვს, როგორი ზეიმი იყო ხოლმე კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის! (აქვე, არ შემიძლია არ გავიხსენო ბატონ ჯანსუღ კახიძის ორკესტრი, მისი გაკვეთილები მოზარდებისთვის ფილარმონიაში, კონცერტები ბიჭვინთასა და საქართველოს სხვა ქალაქებში). რამდენი საოცრად ნიჭიერი მუსიკოსი ჩამოდიოდა! 
თავად ლიანა ისაკაძე უნიჭიერესი მუსიკოსი და სამშობლოს მოყვარული ადამიანია. საქართველოსთვის ძალიან რთულ 90-იან წლებშიც კი, ეს ფესტივალი არ გაუჩერებია - ჯერ თბილისში, შემდეგ ბორჯომში, შემდეგ ბათუმში. ახლა, უკვე ბოლო ორი წელია, გონიოში ატარებს.Aარადა რამდენი წინააღმდეგობა შეხვდა ამ ხნის განმავლობაში. 
ქართველებს ერთი ძალიან ცუდი ზნე გვჭირს – რაც უფრო  დიდია ხელოვანი (ან ნებისმიერი სხვა დარგის წარმომადგენელი), მით უფრო მეტად დაუნდობელნი და სასტიკნი ვართ მის მიმართ. 
ჩვენი გერმანელი მეგობრის – კარლ ჰაინც ბეკერის ციტირება მინდა გავაკეთო. ჩემი მეუღლისთვის მოწერილ წერილში ერთი ასეთი ფრაზაა (კარლმა აფრიკელი ცოლი შეირთო და ახლა კეიპტაუნში ცხოვრობს): `თქვენ, ქართველებს თუ გიყვართ ერთმანეთი, პატივს არა სცემთ, აქ, ამათ, არც უყვართ ერთმანეთი და არც პატივს არა სცემენ.Aაქ ერთმანეთს ერთი კონა ქინძისა და კაკლის გამო ხოცავენ, მაგრამ ის კი არ იციან, რა გემრიელი კერძის, საცივის მომზადება შეიძლება ამ ორი ინგრედიენტისაგან~. 
ეს სიტყვები გამახსენდა, ვინაიდან, კარგად მახსოვს, რამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს მამულიშვილური საქმის კეთების გამო ჩვენი ერის საამაყო შვილს, ქალბატონ ლიანა ისაკაძეს,  თუნდაც პრესის ფურცლებიდან. არადა, მათ ერთი მარტივი რამ არ ესმოდათ - უნიჭიერესი მევიოლინე, ხელოვანი ლიანა ისაკაძე თავის სამშობლოს ისე ემსახურებოდა და ემსახურება, როგორც შეუძლია, ანუ თავის პროფესიიდან გამომდინარე... ვფიქრობ, ამით უფრო მეტი სარგებელი მოჰქონდა და მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე მიტინგებზე მოსიარულე და გულში მუშტების მობრაგუნე ადამიანებს, შეძახილებით - საქართველო!!!!!... (ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო – ადრე, მიტინგებზე მეც დავდიოდი!).
დავუბრუნდეთ გონიოს. შარშან ამ ფესტივალის დახურვას დავესწარი და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ქალბატონი ლიანასა და მისი სტუმრების ხელოვნებით. წელს და შარშანაც შვილიშვილთან ერთად გახლდით. ვთვლი, რომ ბავშვს პატარაობიდან, დაბადებისთანავე უნდა გაუღვივო გემოვნება, ატარო კონცერტებზე, სპექტაკლებზე, გამოფენებზე, ფილმებზე, წაუკითხო კარგი წიგნები... და მაშინ ის ადამიანი გაიზრდება და არა „ლადიოტანტ“ (ტერმინი რობერტ სტურუას სპექტაკლიდან `ვანილის მოტკბო სურნელი~). საერთოდ ბავშვის აღზრდა ძალიან რთული საქმეა, რთულია, გაზარდო წესიერი, პატიოსანი, მშრომელი, მოყვარული ადამიანი. ყველაზე რთული, ალბათ სიყვარულის და სიკეთის გრძნობის გაღვივებაა... და რაც მთავარია... ბავშვს პატარაობიდანვე სამშობლოს სიყვარული თუ არ ჩაუნერგე, როცა გაიზრდება, არც საკუთარი სამშობლო ეყვარება და არც სხვისი ქვეყანა. საერთოდ, პირველ რიგში, საკუთარის დანახვა, დაფასება, სიყვარული უნდა შეეძლოს ადამიანს და მერე სხვისასაც დააფასებს და შეიყვარებს. 
და, მაინც, დავუბრუნდეთ გონიოს და 2010 წლის 28 აგვისტოს - ფესტივალის გახსნას. პროგრამა, რომელიც ბილეთების შეძენისას ამომიბეჭდეს, გვამცნობდა – შესრულდება ბიზე-შჩედრინის  `კარმენ-სუიტა~, პირველი ვიოლინო - ფრედემან აიჰორნი (გერმანია); პაგანინის,  ბერიოს, შოპენის, ჰაიდნის ნაწარმოებები; ფორტეპიანო - ბორის ბერეზოვსკი (ბელგია)... კონცერტს უძღვებოდა საქართველოს ეროვნული კამერული ორკესტრი ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით. 
მართალი გითხრათ, თავიდანვე გული დამწყდა, რომ 2 სექტემბერს გონიოში აღარ ვიქნებოდით. ძალიან მინდოდა ქალბატონ ლიანა ისაკაძის საღამოზე დასწრება. 
თუმცა, 28 აგვისტოს პროგრამა მომეწონა. თანაც ფესტივალის გახსნა საქველმოქმედო იყო. ფონდი `პირველი ნაბიჯი საქართველოს~, რომელსაც ქალბატონი ნინო ქადაგიძე-ჟვანია უდგას სათავეში, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ეხმარება..  
უყოყმანოდ შევიძინე ბილეთები და გონიოს ციხისკენ გავეშურეთ. ოჯახის წევრების გარდა, უმცროსი ქალიშვილის მეგობრებიც ავიყოლიეთ. ისინიც ასევე ხალისით, კარგი მუსიკის კარგად შესრულებით მოსასმენად განწყობილნი წამოვიდნენ. უფროსებმა ლიანა ისაკაძის ფესტივალის `მოკლე ისტორიული ექსკურსიც~ ჩავუტარეთ, ბიჭვინთიდან მოყოლებული დღემდე. ამას გარდა, ეროვნულ კამერულ ორკესტრში მათი მეგობარიც უკრავს... მოკლედ, ყველანი ყველანაირად კეთილგანწყობილნი ვიყავით.
კონცერტზე მისულები ბევრ ნაცნობ-მეგობარს შევხვდით. მეგობრებთან ვსაუბრობდით, როდესაც გვთხოვეს - სასწრაფოდ დაიკავეთ ადგილები, პირდაპირი ეთერიაო. ჩვენც დავსხედით და დაიწყო... 
თავდაპირველად გვამცნეს, რომ ავადმყოფობის გამო არ ჩამოვიდნენ არც გერმანელი მევიოლინე და არც პიანისტი ბერეზოვსკი. სამაგიეროდ, მესამე მოქმედებაში, დაგეგმილი არ იყო, მაგრამ ქალბატონი ლიანა ისაკაძე შეასრულებს ჩაიკოვსკის სავიოლინე კონცერტის ნაწილსო. შემდეგ ეროვნული კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი ბატონი ნიკა (ნიკოლოზ) მემანიშვილი გამობრძანდა, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა – შევეცდებით, ჩვენ გავართვათ თავი და თუ რამე ისე არ იქნება, არ დაგვძრახოთო. 
პირველი განყოფილება ბიზე-შჩედრინის `კარმენ-სუიტა~. გამახსენდა რუსი მეიგავე კრილოვის იგავი `კვარტეტი~. ორკესტრში არსებული ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე და საით მიდიოდა, ვგონებ, თავად შემსრულებლებმაც არ იცოდნენ. აკუსტიკა ისეთი ცუდი იყო, რომ უკანა რიგებში არაფერი ისმოდა. როგორც იქნა, `ჩააჯახირეს~ ეს მშვენიერი ნაწარმოები. 
საინტერესოა, გერმანელი შემსრულებელი, `ავად~ რომ არ გამხდარიყო, შეძლებდა ბატონი დირიჟორი ორკესტრის დამორჩილებას?!
დამთავრდა პირველი განყოფილება. გავიარ-გამოვიარეთ, ჯერ ყველა ისევ კეთილგანწყობილნი ვართ - `ვის არ მოსვლია~-ს! - პრინციპით. ყველას ღიმილი დაგვთამაშებს ბაგეებზე.
დაიწყო მეორე განყოფილება. გამობრძანდა ბატონი დირიჟორი და გვითხრა, პროგრამაში ცვლილებაა – ვინაიდან პიანისტი ბერეზოვსკიც `ავად~ გახდაო. მაესტროს მეტყველება არ უჭირს, როგორც იტყვიან, საკმაოდ `გრძელი ენა აქვს~, `გალექსილია~. `პაწა ნიჭი~ აკლია და განათლება, თორემ ე. .წ. შოუმენი მისგან `მშვენიერი~ დადგა. 
გვიყვება - პარიზში ქართული კინოს დღეები რომ ჩატარდა (ქართული ეროვნული კამერული ორკესტრი რატომღაც შეყვანილი იყო ამ პროგრამაში,) სპეციალურად გაკეთებულ ვიდეო რგოლზე, ერთი ჭკვიანი ადამიანის რჩევით, მისი დაწერილი `ხორუმი~ დაედოთ. ანუ როგორც მივხვდი, იმ კინოთეატრების ფოიეებში, რომლებშიც ქართული კინოს ჩვენებები იმართებოდა, ჩვენი ეროვნული ორკესტრი, ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით, `ცოცხლად ადებდა~ მუსიკას ვიდეო რგოლს (ნეტა, იქაც, ასე შეგვარცხვინეს?). 
კინოს მოყვარულმა ყველა ადამიანმა კარგად იცის, რომ მუნჯი ფილმები თავიდან სწორედ ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ე.წ. ტაპიორის შესრულებით, გაფორმებით მიდიოდა. ამავე დროს, თითქმის ყველა კინოთეატრს ჰქონდა ჰოლი, სადაც სეანსის დაწყებამდე მუსიკალური ნაწარმოებები სრულდებოდა. ამდენად, ესეც არ ახალია - ძველია, მაგრამ კარგია. 
შემდეგ ბატონმა ნიკამ გვიამბო, რომ ამ ვიდეო რგოლში შესულია საუკეთესო ქართული ფილმები და მაგალითად მოიყვანა `ჯიმ შვანთე!~ და გვითხრა - გადაღებულია სვანეთში... სხვა არანაირი ინფორმაცია ფილმის შესახებ, თუნდაც, ორი სიტყვით მაინც. 
ჩემს აღშფოთებას საზღვარი უკვე აღარ ჰქონდა. ბატონო ნიკოლოზ, იმ ვიდეორგოლში მართლაც ქართული კინემატოგრაფიის შედევრებია შესული, ოღონდ ეს შედევრები, მსოფლიო დონისაა! და კოტე მიქაბერიძის `ჩემი ბებია~ და მიხეილ კალატოზიშვილის `ჯიმ შვანთე!~  კინემატოგრაფიულ შედევრად მთელ მსოფლიოშია აღიარებული. მათი მიხედვით მონტაჟსაც კი ასწავლიან უცხოეთის სხვადასხვა კინოსკოლაში.
ორივე ფილმი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს - 30 წლების დასაწყისშია გადაღებული და ორივე  კინოს მაშინდელმა `მესვეურებმა~, ასე ვთქვათ, `თაროებზე~ შემოდეს.
კარგით, `არცოდნა არ ცოდვაო,~ ნათქვამია, მაგრამ ის, რაც თქვენ იკადრეთ, და უკვე მერამდენედ, უკვე არა მხოლოდ თქვენი სირცხვილი, არამედ კონცერტზე მოსული მსმენელის აბუჩად აგდება, უპატივცემულობა, თქვენი მასწავლებლის - ბიძინა კვერნაძის ხსოვნის შეურაცხყოფაა. 
`თქვენივე ნაწარმოები~ `თქვენს დაქვემდებარებაში~ მყოფი ორკესტრის შესრულებით კი არ მოგვასმენინეთ, არამედ ფონოგრამით!!! (არ ვიცი, რომელი არხი უშვებდა პირდაპირ ეთერში ამ სამარცხვინო კონცერტს. თან, ფონოგრამა სამჯერ ჩააგდეს). 
და ეს პირველად არ ხდება. გაიხსენეთ 23 ნოემბრის კონცერტი, როდესაც კარაინის ნადირიჟორები, საკუთრად გაასაღეთ დაE`შეგრჩათ~. აი, მაშინ უნდა ამოეღო ვინმეს ხმა და `განგაში~ აეტეხა. მაგრამ ქართველები ხომ თაღლითების მიმართ მიმტევებლები ვართ!? ეს საშინელი ზნე დღემდე ვერ მოვიშალეთ. ლიანა ისაკაძეს კი, თავის დროზე, ისე ლანძღავდნენ `თვალსაც არ ახამხამებდნენ, ენაც არ უშრებოდათ, და კალამში კი მელანი~ ეტყობა, `ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანის~ `პრინციპით ვხელმძღვანელობთ~... 
ბატონო ნიკოლოზ! ამ გაზაფხულზე იყო, მგონი, მაია ასათიანის სატელევიზიო შოუ `პროფილში~ ბრძანდებოდით და ასეთი ისტორია მოყევით (ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, თქვენი ფანტაზიის ნაყოფი) – ავსტრიაში სწავლის დროს, ქალბატონ თინა მიქელაძეს, ევგენი მიქელაძის ქალიშვილს მამა დასიზმრებია, რომელსაც ქალიშვილისთვის უთქვამს, საქართველოში უნიჭიერესი დირიჟორი დაიბადა და მიხედე, მატერიალურად უჭირსო. და თურმე, ქალბატონი თინა მატერიალურად გეხმარებოდათ. შეიძლება, ამ ისტორიიდან მეორე ნახევარი სიმართლეცაა.. მაგრამ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ორკესტრის მთავარი დირიჟორი რომ ბრძანდებით, სირცხვილის გრძნობა არ გაწუხებთ - იმ გენიოსი ადამიანის სახელს, რომ ახსენებთ ხოლმე?! 

დავუბრუნდეთ გონიოს. 
ყველას, ალბათ, ნანახი გექნებათ ფრანგული ფილმი `ადამიანი ორკესტრი~ ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით. მშვენიერი, მსუბუქი კომედიაა, კარგი ცეკვებითა და მუსიკით. ფიუნესის გმირს ქალთა ანსამბლი აქვს შექმნილი. მამაკაცების `შემოტევისგან~ დასაცავად ე.წ.  Bოდყგუარდ ჰყავს აყვანილი, რომელიც გონებაჩლუნგობითა და კუნთმაგრობით გამოირჩევა. წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში, ანსამბლის ხელმძღვანელი ამ მცველს უხმობს ხოლმე და თხოვს, სტვენით ჩიტის გალობას მიბაძოს, რითაც მშვიდდება. 
მესამე მოქმედების დამთავრების შემდეგ, საკუთარ თავზე მეცინებოდა და ახლობლებს ვეუბნებოდი - კიდევ კარგი, მესამე მოქმედებაზე დავრჩით-მეთქი. 
ლიანა ისაკაძის გამოსვლას, მე პირადად, სულმოუთქმელად ველოდი. ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ვირტუოზული შესრულება, ჩემზე ისეთივე ზემოქმედებას მოახდენდა, როგორსაც ლუი დე ფიუნესის გმირზე ახდენდა მცველის `ჩიტის გალობა~. 
არაჩვეულებრივად შეასრულა თავისი პარტია ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ, რასაც ბატონ დირიჟორზე ვერ ვიტყვი. 
ჩაიკოვსკის ამ ნაწარმოებში ორკესტრი ერთი მომენტი ჩუმდება და მარტო ვიოლინოს ხმა ისმის... მაშინ დავხუჭე თვალები და მუსიკის, ამ სასწაული, ამოუხსნელი ფენომენის ჰანგებით ვტკბებოდი. მუსიკა (ოღონდ კარგი მუსიკა, კარგი შესრულებით) უდიდეს ემოციურ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე (და არა მარტო ადამიანზე). ეს ემოცია შემდეგ ათას ფიქრს ბადებს შენში.
დიდი მადლობა ქალბატონ ლიანა ისაკაძეს იმისთვის, რომ კლასიკური მუსიკის საღამო (რომელიც მეგონა - `ზეიმი~ იქნებოდა ჩემთვისა და ჩემი ახლობლებისთვის) ფინალისკენ გაგვიხალისა ვირტუოზული შესრულებით. ჩემთვის ხელოვნების ნებისმიერ სფეროსთან შეხება სულიერი ზეიმის ტოლფასია. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ქადაგიძე-ჟვანიას კეთილშობილური საქმის მოთავეობისათვის.
ბატონ დირიჟორს ვურჩევდი, სანამ ჯერ ისევ ახალგაზრდაა (თუ მართლა უყვარს თავისი ხელობა) საქმეს მიხედოს. მუსიკოსობას, მით უმეტეს, დირიჟორობას, როდესაც ამხელა ორკესტრი გაბარია და ამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, დიდი შრომა და ჯაფა სჭირდება. ადამიანი ერთხელ თუ გაიწყვეტს `ნამუსის ძარღვს~, შემდეგ მისი გამთელება ძალიან ძნელია. შოუმენობა არ არის ცუდი პროფესია და ისიც `ნიჭსა~ და შრომას ითხოვს. არჩევანი გააკეთეთ – ან იყავით შოუმენი, ან, დირიჟორი, მუსიკოსი.
დავუბრუნდეთ გონიოს და კრიტიკულ შენიშვნებსაც ამით დავასრულებ. გათენდა 29 აგვისტოს დილა. სახლში, სადაც ზაფხულობით უკვე თხუთმეტი წელია ვისვენებთ, სხვებთან ერთად, ნინო დანელია ისვენებდა ოჯახით.  ნინომ გვკითხა – მოგეწონათ კონცერტი? შთაბეჭდილებები გავუზიარე. დაწერე და გამოვაქვეყნებო. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, აუცილებლად-მეთქი. შემდეგ ვყოყმანობდი - მე ხომ `მუსიკათმცოდნე~ არ ვარ და `არამკითხე მოამბესავით~ არ გამომსვლოდა.Mბოლოს მაინც გადავწყვიტე სათქმელი გადმომეცა. მუსიკის მოყვარულ ადამიანს, ინდივიდს... ამის უფლება, ვგონებ, მაქვს.
რადგან კრიტიკული შენიშვნების დაწერა გადავწყვიტე, ბარემ ამასაც ვიტყვი. უშუალოდ ნიკოლოზ მემანიშვილს არ ეხება, მაგრამ ეხება ზოგადად ქართული კულტურის მომავალს და ამდენად, ბატონ დირიჟორსაც. 

ახლა უშუალოდ მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრ ბატონ ნიკოლოზ გილაურს. 
აგვისტოში თქვენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძალიან დიდი თანხა – 11 მილიონი ჩამოაჭერით. აქედან გამომდინარე, თეატრებთან, კულტურის სხვა ორგანიზაციებთან, კულტურულ ღონისძიებებთან და ა.შ. ერთად დაფინანსება სამ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელსაც ჩამოეჭრა. 
იფიქრეთ კი, რა მოჰყვება ამას?! 
საქართველო უდიდესი კულტურის ქვეყანაა. მაგრამ ისტორიულ ექსკურსს არ ჩავატარებ და მოკლედ ვიტყვი: 
ძალიან კარგია, რომ მიმდინარეობს საქართველოს ტურიზმის ქვეყნად გადაქცევის პროცესი! 
ვგიჟდები, ისე მიყვარს ჩვენი ქალაქები – სიღნაღი, ქუთაისი, ყვარელი, თელავი, ბათუმი, მესტია და ა.შ.! 
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები მსოფლიოში ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებად მიმაჩნია! 
ქართული ფოლკლორიც ძალიან მიყვარს, პოეზია, სიმღერებიცა და ცეკვებიც! მაგრამ...
სხვა ქვეყნებსაც აქვთ არაჩვეულებრივი არქიტექტურაც, ლამაზი ქალაქებიც, ფოლკლორიც, თეატრალური და კინოხელოვნება... 
და საქმე ისაა, რომ თეატრი და კინო, რომელთა აყვავების ხანად XX საუკუნე ითვლება, ჩვენც გვაქვს. თანაც გვაქვს არაჩვეულებრივი თეატრი და კინო. მთელ მეოცე საუკუნეში, გასაბჭოებამდე და შემდეგაც, თეატრსა და კინოში, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სახელოვნებო პროცესები, ძიებები, ნამდვილად ვიცი, ევროპისა და ამერიკის იდენტურად ვითარდებოდა.
გუნია, გიორგი ჯაბადარი, მიხეილ ქორელი, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, 
გიორგი ტოვსტონოგოვი, მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე... ეს თეატრის რეჟისორები. ვგონებ, საკმარისია. 
ახლა კინორეჟისორები – კოტე მიქაბერიძე, ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ კალატოზიშვილი (`მიფრინავენ წეროებში~ ოქროს პალმის რტო აქვს აღებული კანის საერთაშორისო ფესტივალზე.), თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე, რეზო ჩხეიძე, თემურ ბაბლუანი, დიმიტრი ცინცაძე, გელა ბაბლუანი – ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს (მაპატიონ, თუ ყველა უცბად ვერ დავასახელე). 
ზოგ მათგანს განათლება ევროპასა და რუსეთში აქვს მიღებული, ზოგსაც - საქართველოში. 
ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში... 
მე-20-ე საუკუნის დასაწყისში, რის ვაივაგლახით, შეიქმნა ეს სამი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებელი, რომლებშიც ჩვენი კულტურის მომავალი თაობები იზრდებიან. 
იცოდეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო – ერს სულიერი საზრდო თუ წაართვი, ის ერი ვერ გადარჩება. 
2006 წელს, პოლონეთში ვიყავი სხვებთან ერთად მივლინებული. თითქმის მთელი ქვეყანა შემოვიარეთ. თეატრისა და კინოს უმაღლეს სასწავლებლებსაც გავეცანით. მათგან მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ - ვარშავის, კრაკოვის თეატრალური უმაღლესი სასწავლებელი, ლოძის კინოსკოლა. თუ არ გაგიგიათ, გაიკითხეთ და გეტყვიან, პოლონური თეატრალური თუ ლოძის კინოსკოლა სახელგანთქმულია მსოფლიოში. რატომ! იმიტომ რომ პოლონეთს არ ენანება ფული თავისი ხელოვნების, კულტურის დასაფინანსებლად. არც მათ ულხინთ ეკონომიკურად, მაგრამ სახელმწიფო ფულს მაინც შოულობს თავისი ხელოვნების მომავალი თაობების აღსაზრდელად. ეტყობა, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ `კულტურა ქვეყნის სავიზიტო ბარათია~ (ოღონდ კულტურა და არა მასკულტურა, რითაც გასაბჭოების შემდეგ დიდად ერთობოდა რუსეთი), ხოლო მისი `მომავალის~ აღზრდა კი ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა. 
მორჩა, თავს მეტად აღარ შეგაწყენთ. თუმცა, სათქმელი, კულტურასთან მიმართებაში, კიდევ ბევრი დამრჩა. :))) 
 

bottom of page