იპოვე შენი ბეშერთი...
გიორგი ყაჯრიშვილი
იპოვე შენი ბეშერთი ...
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს ახალი სცენური სივრცე შეემატა.
სადაც ადრე სარეპეტიციო დარბაზი იყო, თეატრში ახლახან ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ შესაძლებელი გახდა მცირე სცენის გახსნა. "სცენა" აქ პირობითია, ვინაიდან, როგორც ასეთი, ამ დარბაზში არ არსებობს, თუმცა ის სივრცე, რომელიც ჩვენ ახალი სპექტაკლის დროს ვიხილეთ, ნამდვილად სცენურია. თეატრმა ამ დარბაზის გახნისათვის შეარჩია სარა რულის "სუფთა სახლი".
სარა რული ახალი ავტორია თანამედროვე ამერიკულ დრამატურგიაში. XXI საუკუნის მწერალი, მოღვაწეობის 11 წლის მიუხედავად, 11(!) პიესის ავტორია და მისი ორიგინალური ნაწარმოებები წარმატებით იდგმება სამშობლოში და ევროპულ სცენაზე, მაგალითად, "ევრიდიკე" - ბერძნული მითის თანამედროვე ვარიაცია. ევრიდიკე იმ ქვეყანაში შეყვარებულის ძებნაში გარდაცვლილ მამას აღმოაჩენს, მისი არმიტოვების სურვილი იმდენად დიდია, რომ იგი დგება დილემის წინაშე - დარჩეს იქ მამასთან თუ ორფეოსთან დაბრუნდეს.
"სუფთა სახლი" - ექსცენტრიკული კომედია ხუთი მსახიობის შესრულებით ახალგაზრდა რეჟისორმა ნინი ჩაკვეტაძემ განახორციელა, "არდიფესტის" გასული წლის გამარჯვებულმა, რომლისთვისაც ეს წარმოდგენა პირველია მ. თუმანიშვილის თეატრში. სპექტაკლში, ამ თეატრის მსახიობების - ნინო ბურდულის, ეკა ჩხეიძეს, დარეჯან ხაჩიძის გარდა, დაკავებულნი არიან სამეფო უბნის თეატრის მსახიობი სალომე მაისაშვილი და დებიუტანტი ზაზა ვაშაყმაძე.
რეჟისორისა და მხატვრის (გ.უსტიაშვილი) მიერ ჩაფიქრებული მინიმალური დეკორაციის მეშვეობთ - ერთი დიდი თეთრი ყუთით, რომელშიც "მატროშკას" პრინციპით რამდენიმე ასეთივე მომცრო ყუთია მოთავსებული, ახერხებს ოთახში კომფორტული, თანამედროვე სახლის დიზანი შექმნას; აკვარიუმით, წითელი კასტანეტებით, ოთახის თანამედროვე განათებით, ჩასართავ-გამოსართავი ნათურებით, მ. თუმანიშვილის თეატრის ფანჯრებითა და გარე აივნებით, მოპრიალებული პარკეტით სცენური და თეატრალური გარემო იქმნება, სადაც პიესის მოქმედი პირები ცხოვრობენ. ყველა ისინი ამ სახლში განვითარეული მოვლენების მთავარი მოქმედი გმირები არიან, მათ შორის ვერ გამოყოფ ვერავის მეორეხარისხოვანს. ისტორია კი საუკუნესავით ძველი "სასიყვარულო სამკუთხედია" თავისი მედიატორებით. მოქმედი პირნიც, ჩვენთან ერთად, მაყურებელთა სავარძლებში არიან მოთავსებულნი, მაგალითად, ანა - დარეჯან ხაჩიძე - ჩემ გვერდით, ჩემგან მარცხნივ ზის, ჩემ უკან ჩარლზია - ზაზა ვაშაყმაძე, ცოტა მოშორებით, მეორე რიგში ვირჯინია - ნინო ბურდული, მის საპირისპირო მხარეს კი ლეინი - ეკა ჩხეიძე, ამ დროს კი შავებში გამოწყობილი ბრაზილიელი მოსამსახურე მატილდე (სალომე მაისაშვილი) თეთრ ყუთზე ფეხებშემოწყობილი, თავდაყირა "ექვსთვლიანი" ანეკდოტის შეთხზვითაა დაკავებული.
რეჟისორმა ნინი ჩაკვეტაძემ შეამცირა პიესის ტექსტი, ამოიღო რამდენიმე პერსონაჟი, მაგალითად მატილდეს მშობლები, თუმცა ამით ჩვენ წინაშე მიმდინარე მოვლენებს სიმძაფრე და ინტერესი არ დაუკარგავთ. შეცვლილია პიესის ფინალიც. დრამატულ ნაწარმოებეზე ასეთი ტიპის "ძალადობა", ჩემი აზრით, ავტორის თანხმობით მაინც უნდა ხდებოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ნინი ჩაკვეტაძემ ისარგებლა ინგლისურიდან თარგმნის პრივილეგიით, რომლის შემსრულებელიც თვითონაა, და ტექსტი კუპიურებით გადაიტანა სცენაზე.
რეჟისორმა მთლიანად მოიცვა ახალი დარბაზის ის ადგილი, რომელიც მაყურებელთა სავარძლების განთავსების შემდეგ სათამაშო მოედნად იქცა. თეთრი დიდი ყუთი აივნის გასასვლელებს შორის, მასზე მოთავსებული აკვარიუმით, ოსტატურად ცვლის ავტორისეულ რემარკას თეთრი დივანისა და ასევე თეთრი სავარძლების შესახებ. მაყურებელი მყუდრო, მაგრამ ცივ გარემოში აღმოჩნდება, სადაც შავ ტანისამოსში გამოწყობილი მატილდე ანეკდოტების კითხვით ირთობს თავს. მას სულაც არ აწუხებს დიასახლისის შენიშვნები, მისი გაუთავებელი საყვედურები სახლის დაულაგებლობის, უწესრიგობისა და მტვრის ირგვლივ. სალომე მაისაშვილის მატილდე ენერგიით აღსავსე, დიდი იუმორის ახალგაზრდა ბრაზილიელი გოგონაა, ამჯერად მგლოვიარე, რომელსაც მშობლების დაკარგვის განცდა მაინცდამაინც არ ეტყობა. ოცნებობს კომედიანტობაზე, "ექვსთვლიანი" ანეკდოტის შეთხზვაზე, ვინაიდან ანეკდოტები მისი ცხოვრებაა, ბავშვობიდან მასზეა გაზრდილი, თუმცა ამ ანეკდოტებმა მის ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშეს. მსახიობის გარეგნობა, გრიმი, ტემპერამენტი, შინაგანი რიტმი, პლასტიკა და პორტუგალიურ ენაზე მეტყველებაც კი შეესაბამება ავტორისეულ პერსონაჟს. სპექტაკლის განმავლობაში მატილდე იცვლება, ქარაფშუტა, ემოციური ახალგაზრდა გოგონასგან ფინალში ყურადღებიან, მოსიყვარულე, მზრუნველ, ჭეშმარიტად კეთილისმსურველ ქალად გადაიქცევა და მაშინაც კი, როცა ანა და ლეინი მის შესახებ კამათობენ და თავისკენ გადაბირებას ცდილობენ, მატილდე-მოსამსახურე ინარჩუნებს ღირსებას, თავმოყვარეობას, და არჩევანს თვითონვე აკეთებს - მზადაა, ორივეს ემსახუროს თანაბარი პირობებით.
მატილდე - სამხრეთ ამერიკიდან სამსახურის საძიებლად ჩამოსული ემიგრანტი, "განვითარებადი ქვეყნის" იაფფასიანი მუშახელის კრებადი სახეა, რომელსაც სარა რული თავის პიესაში საკმაოდ დიდ დატვირთვას აძლევს;
თავის სტიქიაში და ცეკვაში (ქორეოგრაფი ა. წერეთელი) გართულს, არაფრად მიაჩნია ლეინის პრეტენზიები. ლეინი - ეკა ჩხეიძე სამსახურში მუდმივად დაკავებული ექიმია, უყვარს წესრიგი, ცხოვრებაც ისე აქვს მოწყობილი, რომ ზედმეტი ნერვიულობა და დროის ხარჯვა პროფესიულ საქმიანობაში არ უშლიდეს; მისი ჩაცმულობაც მკაცრია, ძირითადად ნაცრისფერ-მომწვანო მამაკაცური სტილის შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი. მისი მეუღლე ჩარლზიც ექიმია, ოციოდე წლის ცოლ-ქმრულ ცხოვრებას ჯერ ჩრდილი არ მისდგომია. ლეინს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს, "ძალიან ცუდი თვე მქონდა, ძალიან... ჩემმა ბრაზილიელმა მოსამსახურემ გადაწყვიტა, რომ დეპრესია აქვს და ერთ დღესაც სახლის დალაგება შეწყვიტა," - გვაუწყებს იგი. ისეთი ქალისთვის, როგორიც ლეინია, ეს იმ იდილიის, წესრიგის, ყველაფერი დაკანონებულის და აწყობილის დაშლის მანიშნებელია, რასაც ასე რუდუნებით, წლების განმავლობაში ქმნიდა. იგი არც ბრძანებების გაცემასაა მიჩვეული, მაგრამ მის გარეშე მატილდეს მორჯულება სხვა გზით თვით მატილდესაც შეუძლებლად მიაჩნია. ეკა ჩხეიძე თამაშობს ჭკვიან, ტაქტიან, გაწონასწორებულ ლეინს, რომელიც უამრავ პაციენტთან ურთიერთობის გამო ცივია, მაგრამ ზომიერად ყურადღებიანი; ცივია მისი დამოკიდებულება უფროსი დის, ვირჯინიას მიმართაც. რამდენიმე შეკითხვა, ზოგადი არაფრისმთქმელი ფრაზები, და თითქოს მოსიყვარულე დებს შორის თბილი ოჯახური გარემო აღდგენილია. თუმცა ვირჯინია მაინც ხვდება ამ სიყალბეს. "შეგვეძლო, ნამდვილი დები ვყოფილიყავით, რომლებიც ერთმანეთს ნამდვილ რაღაცეებს ეუბნებიან."
ეკა ჩხეიძე ჩვეული პროფესიონალიზმით, მაღალი თეატრალური კულტურით ასრულებს ლეინის წინააღმდეგობრივი ხასიათის საკმაოდ რთულ როლს, ზუსტად მოაქვს მაყურებლამდე რეჟისორის მიერ დასახული ამოცანა. პირველი სცენიდან ფინალამდე იხვეწება და ივსება, უფრო გამომსახველი ხდება ლეინის სახე. მსახიობის ოსტატობას ბოლო წლებში შეემატა "ინტიმურობის" ნიშანი, "ახლო ხედით"’ თამაშის მანერა, როცა მაყურებელი ახლო კონტაქტშია, ზის იქვე, მის წინ ან გვერდით. ასეთი უშუალო კონტაქტის მაგალითად, ამ სპექტაკლის გარდა, შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც თ. ბართაიას "პეიზაჟს აკლია სითბო" (რეჟისორი დ. ხვთისიაშვილი) მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე, სადაც ეკა ჩხეიძე მთავარ როლს ასრულებს.
ლეინი საწყის სცენაში საკუთარ თავზე ზემოქმედების ხარჯზე ცდილობს, ტკბილი ურთიერთობა დაამყაროს მატილდესთან, უფო მეტი შეიტყოს მასზე და მის ოჯახზე და დაიახლოოს იგი. ეს მცდელობა მთლად წარმატებული ვერაა, მაგრამ პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ვირჯინიას - ნინო ბერდულის "შემოჭრა" ოჯახში სხვა კუთხით აბრუნებს ქმედებას. ვირჯინია - შუახანს მიტანებული ქალბატონი, ქმრის ხელში უინტერესო და უშინაარსო ცხოვრებით ცხოვრობს, ძალიან უყვარს სახლის დალაგება, მტვრის გადაწმენდა, ზოგადად, ადამიანების დახმარება. ნინო ბურდულის ვირჯინია ემოციური, თუმცა თავშეკავებული და გაწონასწორებულია. პატივს სცემს საკუთარ დასა და სიძეს. ციდან ჩამოფრენილი "ფრთიანი ანგელოზი", ვარდისფერ-თეთრ ფერებში გამოწყობილი, ცდილობს ყველას და ყველაფერს მისი კუთვნილი ადგილი მიუჩინოს, გაულამაზოს ცხოვრება მათ, ვისთანაც უწევს ურთიერთობა. მაგრამ ხშირად გადამეტებული აქტიურობა კარგ შედეგს არ იძლევა. პირველად ვირჯინიას "მცდელობებში", დაეხმაროს მატილდეს სახლის დალაგებასა და საოჯახო საქმეებში, ირკვევა ჩარლზის "ერთგულება" და ჩნდება ბზარი ლეინისა და ჩარლზის იდეალურ ოჯახში, რომლებიც მართლაც ისე იშვიათად ხედავენ ერთმანეთს სახლის გარემოში, რომ თითქმის უცხონი გახდნენ ერთმანეთისთვის და მხოლოდ ერთი და იმავე კლინიკის კოლეგა ექიმებად აღიქმებიან. ნინო ბურდულის მ. თუმანიშვილის თეატრში მსახიობის ამპლუაში დაბრუნება სასიხარულო და სასიამოვნოა. ბოლო წლებში ამ მსახიობის მაღალი ოსტატობა აღარ გვინახავს, თუ არ ჩავთვლით სამეფო უბნის თეატრში ნ. ხარატიშვილის პიესაში მისსავე რეჟისურით დადგმულ ურთულეს როლს - ლივ შტაინს ამავე სახელობის სპექტაკლში.
ქმრის ღალატი, პაციენტთან ერთად წასვლა ლეინისთვის მოულოდნელიც არის და შერაცხმყოფელიც ერთდროულად. სახლში მობრუნებული, მატილდესთან ერთად ალკოჰოლში ცდილობს ჩაიკლას "ბოღმა", თუმცა სულ მალე ხვდება, რომ ქმრის ასეთ საქციელში მის წილი დანაშაულიც არის. ჩარლზისა და ანას სტუმრობა საბოლოო წერტილს უსვამს ამ "ეჭვებს", თუმცა ლეინს - ეკა ჩხეიძეს გამომეტყველებაზე ეტყობა, რომ ის შეცბუნებული და გაკვირვებულია, თუ რატომ არ გამოიწვია სხვებში (მატილდე, ვირჯინია) აღშფოთება ჩარლზის საქციელმა. ყველა, მის გარდა, ისე შეხვდა ამ ამბავს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. და მხოლოდ ერთხელ, მაშინ როცა სტუმრად მოსული მისი "მეტოქე" ანა მატილდეშიც კი შეეცილება, აქ კი ლეინის პროტესტი აგრესიაში გადადის - "ღმერთო ჩემო! რა უფლება გაქვთ, მოხვიდეთ ჩემს სახლში და წამართვათ ყველაფერი, რაც ჩემია!" ისრებით კედელზე ჩამოკიდებული ჩარლზის სურათის "განგმირვას" ცდილობს, თეთრ ყუთში იკეტება და გინებით იკლებს ცარიელ სახლს, უარს ამბობს სახლის დალაგებაზე, ცდილობს, "სიბინძურე და ჭუჭყი იყოს" მასში, ეს ქმარმიტოვებული ცოლის პროტესტია. მაგრამ ანასთან შეხვედრა, მისი უბედურების გაზიარება, ჩარლზისა და ანას სიყვარული, ბეშერთის, ღმერთის მიერ მისთვის ნაპოვნი - მონათესავე სულის არსებობის ლოგიკა საბოლოოდ ცვლის ლეინს, "გონსმოსული" ლეინი თმობს მეუღლეს, "შეყვარებულთა სამკუთხედი" შეიკრა, საპნის ბუშტებსაც უშვებენ, ყველა ბედნიერი და კმაყოფილია, მაგრამ დროებით. ანას აღსასრული ახლოვდება.
ანა - დარეჯან ხაჩიძე, არგენტინელი ქალბატონი, ბედუკუღმართობის გამო რომ ჩარლზის ხელში აღმოჩნდება, უეცრად, მიხვდება, რომ მის სხეულში ოპერაციის შედეგად ".. ჩარლზმა თავისი სული ჩამიტოვა... იმ ცარიელ ადგილას". დარეჯან ხაჩიძე თამაშობს სულთმობრძავ ქალს, რომელსაც არ აწუხებს თავისი ფიზიკური მდგომარეობა, მოახლოებული სიკვდილი, მხოლოდ ბოდიშს უხდის ლეინს ჩადენილი საქციელის გამო, მაგრამ ამავდროულად ცდილობს დაარწმუნოს, რომ ჩარლზისა და მისი შეხვედრა თვით განგების ბრალია, რომ ისინი მის წინაშე დამნაშავენი არ არიან. დარეჯან ხაჩიძის ანა ლამაზი, მოსიყვარულე, მხიარული შეყვარებულია, დარჩენილ წუთებს ჩარლზთან ცეკვასა და ალერსში ატარებს, მისთვის მეორე - ბედნიერი, მაგრამ ხანმოკლე ცხოვრება იწყება.
ჩარლზი - ზაზა ვაშაყმაძე, აქამდე იდეალური ქმარი, რომელიც ადრე თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებდა, ანას შეხვედრის შემდეგ გადასხვაფერდება, სავსე ცხოვრების სურვილით აღივსება, სამეცნიერო აღმოჩენაც ანას გამოჯანმრთელების და საგმირო საქმეების ჩადენის სტიმულს აძლევდა... მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან დააგვიანა - ანას გადარჩენა ვერ შეძლო.
სპექტაკლში დაკავებულმა მ.თუმანიშვილის თეატრის, ყოფილი კინომსახიობის თეატრის პირველი (ნინო ბურდული, დარეჯან ხაჩიძე) და მეორე (ეკა ჩხეიძე) თაობის მსახიობებმა ახალგაზრდა შემსრულებლებთან - სალომე მაისაშვილთან და ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად შეხმატკბილებული ანსამბლი შექმნეს, ყველა ერთად და ცალკ-ცალკე აღწევენ იმას, რომ "სუფთა სახლს" თამამად შეიძლება მსახიობთა სპექტაკლი ვუწოდოთ. რეჟისორმა გვიჩვენა ერთი ოჯახის ისტორია, რომელიც ერთდროულად კომიკურიცაა და ტრაგიკულიც. პიესის ფინალი, რომელიც შეიძლება მელოდრამატული ყოფილიყო აქცენტების შემსუბუქების გზით, ანას მიერ სიკვდილისადმი "მსუბუქი" დამოკიდებულების გამო, ასეთად არ აღიქმება, რაც უდავოდ მსახიობებისა და რეჟისორის სასახელოდ მეტყველებს. "ჩარლზს მოუარე" - ანას უკანასკნელი სიტყვები ლეინის მიმართ მოწმობს, რომ შერიგება შედგა, თუმცა ამ "სასიყვარულო სამკუხედში" არც ყოფილა განსაკუთრებული "თმების გაშლა და გლეჯვა", ურთიერთშეურაცხყოფა და ეჭვიანობის სცენები. ყველა გაგებით ეკიდებოდა შეყვარებული წყვილის ბედნიერებას, ანას ტრაგედიას, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში გვერდში ამოუდგნენ, არ აგრძნობინეს მარტოობა და დაათბეს. ლეინისთვის კი ეს გაკვეთილი ჩარლზთან ახალი ურთიერთობის დასაწყისია.