
„ნუღარ გამოხვალ ოთახიდან“ - პოლიტიკური ფარსი 5 ეპიზოდად
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანი ცხვედაძე
„ნუღარ გამოხვალ ოთახიდან“ - პოლიტიკური ფარსი 5 ეპიზოდად
“ნუღარ გამოხვალ ოთახიდან, ოთახი ხომ ახლობელი პენსეაა,
და ეს ნაგავიც სრულიად დაგაკმაყოფილებს, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს იქით, არც ევროპაა, არც აზია - ჩვენს იქით უიმედობაა და სანამ ჩვენ ვეღარ ვიყიდით პურს და ვეღარ გავაკეთებთ ტყუილ სუპს, ევროპული ოჯახი უარგვყოფს და დავიღუპებით? ახალგაზრდა პოტენციალებს ნეოფეოდალი კაპიტალისტი მონობაში ჩაახრჩობს და აეროპორტის კარებს აატალახებს.
აღარ გამოხვიდე ოთახიდან, ისტერიკას ებრძოლე და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რათა გეოგრაფიული ენა გქონდეს და როგორც დილის ხუთზე ნანახი ტუტორიალი თუ როგორ მისცე ჭიკარტს მეტი ფუნქცია, ისეთივე ფუნქციური გახდები და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რომ აქ ცხოვრება კიდევ მოგინდეს, როცა ერთადერთი გამოსავალი თვითდასაქმებაა ისიც საკუთარი ქვეყნის გარეთ, როცა ხელფასად ოც ლარზე მეტს ვეღარ აიღებ, როცა შიმშილის საფრთხე რეალურია, როცა განათლება პრივილეგიაა და არა უფლება, როცა თვითგამოხატვა პროპაგანდაა თან მაშინ, როცა ნამდვილი პროპაგანდა რეალობას გვიყალბებს, როცა არტისტები კულტურული შიმშილით კი არა პურის შიმშილით იღუპებიან,
ჰოდა,
ნუღარ გამოხვალ ოთახიდან,
სანამ არ იმოქმედებ!“
ეს მწვავედ რეფლექსიური და კრიტიკული ტექსტი დრამატურგის და რეჟისორის ქეთევან სამხარაძის სპექტაკლის მცირე პასაჟია, რომელიც თეატრის მაყურებელმა ქალაქის თეატრში 6 და 7 ივნისს იხილა.
აღნიშნული დადგმა 2021 წლის ოქტომბერში მზიურის ამფითეატრშიც გათამაშდა, თუმცა იმ დროის კონტექსტიდან გამომდინარე, ხოლო 2025 წლის ივნისში, კონტექსტმა ერთგვარი გრადაცია განიცადა მიმდინარე სოციო-პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის პარალელურად. გაცილებით მწვავე, ბუკვალური და თამამი გახდა სათქმელი, რომელზეც 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება.
მსახიობები მაყურებელთან პირდაპირი კომუნიკაციით იწყებენ სპექტაკლს ძალიან ცოცხალ ტემპო-რიტმში და მიუხედავად ნეგატიური ხმოვანი ტექსტისა (ხმა: ზუკა ცუხიშვილი) რაც მოქმედების დაწყებას წინ უძღვის, მთელი წარმოდგენის კონსტრუქციას ფარული იმედის კვალი ამჩნევია; ცალსახად ნეგატიური კონტექსტის, სარდონიკული სიცილებისა და ნიჰილიზმის ფონზე - სპექტაკლის კონცეფცია ახალგაზრდული, ცოცხალი ენერგიის საპირწონე სიცოცხლისუნარიანობის, მოქმედებისა და სიხარულის ძალის შეგრძნებას ტოვებს., თითქოს ლატენტურად, ნატიფად და მიზანმიმართულად!..
(ქორეოგრაფი: Archprincess/ ვიდეოგრაფი: მარიამ გილაშვილი/ ციფრული დიზაინერი: თამარ სამხარაძე/ გრიმიორი: გიორგი კლაინი/ გამოყენებულია ბაჯო ჯიქიძის & თორნიკე ჯაფიაშვილის, „ცისფერი ტრიოს“ და მადონას მუსიკა.)
პოლიტიკური ფარსი ხუთ ეპიზოდად ექსპოზიციურ ნაწილში მაყურებელთან დიალოგის შემდეგ, ოსტატური სიეშმაკით თვალსა და ხელს შუა პირველივე ეპიზოდს ხსნის. მსახიობებ-შემსრულებლები საკმაოდ სტერეოტიპული და ჩემთვის ერთთავად ირონიული შეკითხვით გადადიან დამსწრე პუბლიკასთან: - „რა პროფესიის ხართ?“ - მაშინ, როცა ქვეყანაში დიდად ვერცერთი „პროფესია“, როგორც ასეთი, ვერ რეალიზდება სათანადოდ და როცა ადამიანს შეიძლება ე.წ. „პროფესიული როლების“ გარეშე უნდოდეს ცხოვრება და არ ჰქონდეს პროფესია, აღნიშნული შეკითხვა ცალსახა სტერეოტიპულობის მიღმა, მწვავე ირონიულ ელფერსაც მოიცავს.
მაყურებელთან რამდენიმე კითხვა-პასუხის შემდეგ - სცენის მეპატრონე მსახიობ-შემსრულებლები პარტერში მიმართავენ ახალგაზრდა გოგოს იდენტური შეკითხვით და ის იწყებს ვრცელი პასუხის გაცემას, საკმაოდ ეგზალტირებულ ტონში და თანდათან ხვდები, რომ ეს არასპონტანური ინტერაქციაა და კარგად განსაზღვრულია რეჟისორისგან. სცენაზე თითქოს ძალით გამოჰყავთ ეს გოგო და სანამ იტყვიან, ეს მსახიობია და ამ როლს ითამაშებსო, მანამდე ვცნობ ანკა დიდმანიძეს, რომელიც შესანიშნავი ოსტატობით გაითამაშებს თავის ფუნქციებს, ისევე, როგორც უკლებლივ ყველა დანარჩენი სცენაზე მდგარი.
ანკა დიდმანიძე სამედიცინო სფეროს კრიზისს არტიკულირებს - ექთანი ნონას პროტოტიპით, სადაც კარგად ჩანს პოტენციალების ექსპლუატირების ხარისხი, სოციალური გამართულობის საწინააღმდეგოდ დაკანონებული ხელფასები, უპერსპექტივობაში ჩაკარგული იმედები!
ლუკა ჩიბუხაიას - ბანკირი ნოდარი, ჩვენ ქვეყანაში მიღებული პარადიგმისა და მენტალურობის ეგზისტენციალურ კრიზისს იმით ამყარებს, რომ მსუბუქი სარკაზმით გვიყვება, საშუალო ფენაში როგორ მუსირებს მცდარი აზრი „ბანკში მუშაობის პრესტიჟულობასთან“ დაკავშირებით; სადაც ისეთივე ფრუსტრაცია და უიმედობაა, როგორც სამედიცინო სეგმენტში, რომ არაფერი ვთქვათ საბანკო დაკრედიტების სისტემის კოლაფსსა და რეცესიულ პროცესზე!
სალომე ესაძის - სტუდენტი ნია, სახელოვნებო უნივერსიტეტის კრიზისის დემონსტრირებაა: ადმინისტრაციულ-აკადემიური სტრუქტურის ღია კრიტიკის ძალიან შიშველი მაგალითით.
უთანასწორობის, პროტექციის განცდით. ამ სფეროშიც სევდიანი უიმედობის და ფრუსტრირების მაღალი შეგრძნებით.
ანიკო შურღაიას - მასწავლებელი ნანი, მასწავლებლების ხმაა, დაუფარავი მანიფესტირება, იმისა, თუ როგორ წნეხსა და ცენზურაში შეიძლება იყოს სუბორდინაციულ სქემას დაქვემდებარებული პედაგოგი, რომელიც ვერაფრით ვერ იქნება სამართლიანი და ორგანულად პედაგოგი-აღმზრდელი თაობებისთვის, თუ თავად არის დამორჩილებულ-დამონებული, ისიც მცირე გასამრჯელოს დაკარგვის შიშით, ოჯახი რომ არ დაურჩეს მშიერი. აქაც სევდაა, უიმედობა და კვლავ ფრუსტრაცია.
პოლიტიკური ფარსის მეხუთე ეპიზოდში უმუშევრის პროტოტიპს, თავად მსახიობი ნიკა ჯაფარიძე, როგორც ნიკა გაითამაშებს. „შეუმდგარობის“, ვერსად მუშაობის დაწყების სინანულით, სტატუსშეჩერებული სტუდენტის დამღით და ყველაფერ იმით, რაც მას ამ წამს აწუხებს და ჰგონია, რომ სწორედ ესაა ადამიანის ფუნდამენტური ეგზისტენციალური პრობლემა აქ და ახლა. და არც იმაშია დიდად მომაბეზრებელი პათეტიკა, რომ ამ ყველაფერს ვერ ისმენს ის ადრესატი, ვისკენაც არის მიმართული სათქმელი, რადგან მსგავს ადგილებში ძირითადად ერთი და იგივე სახეები, მოკლედ, რომ ვთქვათ, ერთი და იგივე აუდიტორია იკრიბება ხოლმე. აქაც სევდაა და კვლავ ფრუსტრაცია(!).
და მაინც, „ნუღარ გამოხვალ ოთახიდან, სანამ არ იმოქმედებ“, რომ სიცოცხლისუნარიანი გახდე(!).
*მშვენივრად კონსტრუირდა თამამი გადაძახილები მსახიობებისგან რეჟისორთან და რეჟისორისგან მსახიობებთან, რომელმაც სპექტაკლის დინამიკურ მუხტს პოლიტონური ელფერი მისცა.
ანიკო შურღაიასა და ლუკა ჩიბუხაიას ერთობლივი ეპიზოდი ცალკე <მინი სპექტაკლის> ტოლფასი აქტია - აროგანტული მანიპულაციებით, მიმიკებითა და ხმით ორგაზმის იმიტაცია იმდენად ეფექტური იყო, რომ შეკრებილმა აუდიტორიამ ამ მონაკვეთს ხმამაღალი ტაშიც შეაგება ხმამაღალ სიცილთან ერთად.