ნულოვანი წერტილი

თაკო შუკაკიძე

ნულოვანი წერტილი

 

რამდენ კითხვას უსვამს ადამიანი საკუთარ თავს და რაც დრო გადის, როგორ გროვდება ეს უპასუხოდ, ჰაერში გამოკიდული კითხვები. როცა ამბობდნენ ჩვენც დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი ვართო, არასოდეს მქონია ეს იდენტიფიკაცია. კავშირის განცდა  ფრაგმენტული იყო. თეორიულად იცი, რომ  სადღაც, ვიღაცასთან  შეიძლება ენობრივ ნათესაობა გაკავშირებს. თქვენი ფიქრები და განცდები სინქრონულად თანაარსებობდნენ დროში. მას შემდეგ რაც მსოფლიო რუტინა ჩამოიშალა და ყველა წერტილიდან საერთო მოვლენის სიგნალი ისმოდა, თავი ამ ყველაფრის ნაწილად ვიგრძენი.  თან ეს დაშლა დროში გაწელილი იყო, საწყის ეტაპზე, ჩვენ გვესმოდა რომ სადღაც იქ, ხდება ასეთი რამე, და ეს სადღაც იქ, ჩვენგან ძალიან შორს იყო.   შესაბამისად  მოვლენა ვერ შეფასდა როგორც არსებული  საფრთხე. ამბები ვირუსის ეპიცენტრიდან ექოსავით აღწევდა. არაერთხელ დადგა საკითხი , იყო თუ არა ეს ყველაფერი სიმართლე. ნამდვილი. ჩვენ  გაგვიჭირდა დაჯერება, საფრთხე ხილული არ იყო.  ვხედავთ მხოლოდ შედეგს. ამან დიდი დაუკმაყოფილებლობის განცდა დაბადა, ჩვენი ეპოქა ხომ ყველაფრის   ვიზუალს ქმნის. აფიქსირებს ყველა მომენტს. აკეთებს არქივს, ინახავს. ვიზუალური მტკიცებულების არქონამ, პანიკა , დაბნეულობა და შოკი გააძლიერა.

განვითარებულმა მოვლენებმა,  მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის გააჩინა დამატებითი თამაშის წესი, რომელიც ერთმანეთისგან გაუცხოებას ხელს უწყობს. ყველაფერი გახდა უკონტაქტო და პრივატული. ბიზნესები ერგებიან მოცემულობას და პროდუქტის მიწოდების და მოხმარების განმავლობაში ადამიანებს ერთმანეთისგან თიშავენ.

მაშინ როცა ხელოვნება   საპირისპირო რამეზეა - ის საერთო წრეში გვაერთიანებს, კონკრეტულ დროსა და ადგილას. მაგალითად მივდივართ თეატრში -თარიღი, მდებარეობა, ჩვენი განლაგება დარბაზში - ყველაფერი ჩვენს გარეშე გადაწყვიტეს. ეს მოცემულობაა, რომელზეც აუდიტორია და არტისტი თავიდანვე უსიტყვოდ შევთანხმდით, მაგრამ  წარმოიშვა უფრო მძლავრი მექანიზმი, რომელმაც გათიშა კულტურა. ეს სრულიად ახალი რამაა  ჩვენი ცნობიერებისთვის.

ისმის კითხვა  როგორ გაუმკლავდება თეატრი, როგორ გააგრძელებს არსებობას. რა ფორმით, თუმცა სანამ ფორმების ძიებაში შევალთ აუცილებელია რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გააზრება, მსჯელობა და საუბარი. 

პირველ რიგში ვაღიაროთ, რომ ვირუსმა გაცილებით ადრე დაიბუდა თეატრში. შინაგანად შეჭამა მისი არსი და დანიშნულება.  მძორის სუნი თავისუფლად დაძრწოდა და წამლავდა ყველას.  იცვლიდა ფორმას, სახელს - და იკვებებოდა თეატრის ენერგიით. გაუქმებულმა სახელოვნებო  ცხოვრებამ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოაგდო - ჩამონგრეული სისტემის ფონზე ყველაფერი ზედაპირზე ამოაგდო გახდა. თეატრის შიგნით ჩამოყალიბებულმა პოლიტიკამ მთლიანად გამორიცხა ადამიანი - თეატრის მთავარი მზერა  ადამიანისკენ არ მიემართებოდა.  გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა : პრემიერებმა, სტატისტიკამ, საფესტივალო ცხოვრებამ - რაოდენობა,. ეს განსაკუთრებით სევდიან სახეს მაშინ იღებს, როცა  ადამიანის გარეშე ის ვერ განხორციელდება. არტისტის და მაყურებლის გარეშე  მხოლოდ თეორიული მსჯელობაა შესაძლებელი.  თეატრის შენობიდან გამოსვლის თემა, დღეს განსაკუთრებით აქტიურია, თუ ის გამოვა გარეთ - რისი ისტორიული გამოცდილებაც აქვს - საჭიროა დაისვას კითხვა- რატომ?.  თუ ის გადაწყვეტს, რომ დარჩეს შენობაში საჭიროა დასვას კითხვა - რატომ.  თუ არ დაისმება კითხვა, საჭიროა დაისვას კითხვა, იმაზე თუ რატომ არ ისმება კითხვა.

მოცემულობა, რომელშიც თეატრის დღეს აღმოჩნდა ნულოვანი წერტილია. დროთა განმავლობაში დაგროვებული წარმოდგენები თეატრის შესახებ წარსულში უნდა დავტოვოთ.  რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება რამდენიმე დღეში, მაგრამ  აუცილებელია ჩავატაროთ სამუშაოები  გასათავისუფლებლად და გამოსაჯანმრთელებლად.

 ქართული თეატრი დღეს  წარსულზე წარმოდგენებით არსებობს. სადაც აწმყო, თანამედროვეობა ფონია. თეატრისთვის კი წარსული ძალიან საშიშია, რადგან მისი არსებობის დრო აქ და ახლაა. ამ წამს.

 

თუ აქამდე იყო აზრი, რომ მან უნდა ასახოს რეალობა, უნდა მიბაძოს რეალობას, სიმძიმის ცენტრი შეიცვალა. დღეს რეალურად შექმნილი მოცემულობა იქცა თეატრის ასახვის საშუალებად, რადგან მოვლენებზე კონტროლი (გარკვეული დრო) დაკარგა.

ხოლო იმისათვის, რომ თეატრის გამოკეტილი შენობები,  სამუზეუმო ექსპონატად არ იქცნენ, სადაც გარკვეული დროის შემდეგ ვნახავთ მემორიალურ დაფას  „აქ ამა და ამ წლებში იყო  ასეთი და ასეთი რამ “ ქმედება დღესვე უნდა დაიწყოს. დაწყებული პროცესის ირგვლივ  კი გაჩნდეს ჯანსაღი მსჯელობა. ქმედებაში ვგულისხმობ არსის, დანიშნულების მნიშვნელობის შესახებ კითხვების დასმას - მსჯელობას, რის  მწვავე დეფიციტსაც განვიცდით

ამ ხნის  მანძილზე  ვცდილობდი გამეხსენებინა,  რა სპექტაკლი ვნახე ბოლოს თეატრში. იყო თუ არა მეხსიერებაში ეს ფაქტი დაარქივებული, აქ მაინცდამაინც მნიშვნელოვანი რიგითობა არ იყო, ცხადია. მოგვიანებით იგივე კითხვა გავავრცელე სოციალური ქსელშიც.

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების ნაწილს გაახსენდა და  საჯაროდ გაზიარებაც გადაწყვიტა. სტატიას იგივე კითხვით დავასრულებ. გაიხსენეთ რა სპექტაკლი ნახეთ ბოლოს თეატრში. უბრალოდ გაიხსენეთ.  საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ დაისვას კითხვები. ხანდახან პასუხი იმდენად ცხადია, გვავიწყდება რისი პასუხია.

 

პ.ს როგორც ვიცი ფორმატი თავისუფალია, ამიტომ  თავს უფლებას მივცემ ჟანრის კანონი დავარღვიო და სტატიას თან, ჩემი უბნის თეატრზე ჩაწერილი ლექსი მოვაყოლო.

 

 

 

 

ჩემი უბნის თეატრის წინ  გაჩერებაზე ვდგავარ,

და ვფიქრობ დავწერო ლექსი, 

სადაც  აღვწერ როგორ დაკარგა მთავარმა რეჟისორმა თავთავი ,

ავტობუსის  მოსვლამდე ხელები ამიკანკალდა და სახე წამომიწითლდა -

ეს ძველი, მშობლიური მანტრაა,.

განცდა - თითქოს  ადიდებულ მდინარეში ვიღაცის ხელმა გაიელვა.

ვიღაცის, ვინც ნაპირამდე გადმომიყვანს.

მაგრამ  მე ამ ხელს უკვე აღარ ვენდობი.

ხელს ხელიდან ვუსხლტები და წყალში ვუჩინარდები.

მე აღარ ვენდობი, რაც საკუთარი თვალით მინახავს.

პოეზია არ არის კერძო საკუთრება.

სალარო აპარატთან ვდგავარ და ხელში  ხუთ  ლარიანები მიჭირავს.

ფული არ არის კერძო საკუთრება.

მეგობარს ველოდები მეტროს წინ, მას კი მოსვლა გადაუფიქრებია.

მეგობრობა არ არის კერძო საკუთრება.

გაჩერებაზე ვდგავარ და ლექსის დაწერას ვაპირებ მთავარ რეჟისორზე,

რომელმაც თავთავი დაკარგა.

ამის შესახებ ლექსის დასაწყისშიც აღვნიშნე.

აზრი არ არის კერძო საკუთრება.

*თხრობის სტილი ნაჯახით თავგაჩეჩქვილი  ადამიანის  სხეულს მოგაგონებდა *

გვიან, როცა უკვე  ავტობუსის სკამზე მიძინებულს გამეღვიძა

გამახსენდა, რომ  რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა.

-  კავშირი -  და, თუ, მაგრამ ?

რა აკავშირებს ჩემი უბნის თეატრს - ამავე ქუჩის სხვა დაწესებულებებთან ?

მაღაზიებთან, ლომბარდებთან,  სილამაზის სალონებთან, საცხობებთან, კორპუსებთან, სტომატოლოგიურ კაბინეტთან,  საშაურმეებთან

არის თუ არა მათ შორის მინიმალური შეხების წერტილი ?

იქნებ ეს წერტილი მე თვითონ ვიყავი, ოდესღაც, 

გამოსული მაღაზიიდან, შევდიოდი თმის მოსაწესრიგებლად და გზას თეატრისკენ ვაგრძელებდი.

დავდიოდი მათ შორის როგორც  ვირუსი,

 მაგრამ, რითი შეიძლებოდა ისინი დამევირუსებია?

გვიან, მაგრამ მაინც დავრწმუნდი: არა.

ჩემი უბნის თეატრს არაფერი  აკავშირებს ჩემი უბნის ყოველდღიურ ყოფასთან.

რაც მთავარია, არ აკავშირებს ის მთავარი, 

რაც შეიძლება ვინმეს თეატრთან აკავშირებდეს.

ოდესღაც იქ დაარბიეს იეჰოვას მოწმეები, რადგან მათ შეიტანეს პროტესტი,

 მათ გააცოცხლეს თეატრი,  მიანიჭეს მნიშვნელობა, 

დაამყარეს კავშირი და გააჩინეს აზრის და აზროვნების მოდელები.

მე  აღარ მაინტერესებს თეატრის ისტორია. მე არ ვენდობი  ისტორიას,

მაგრამ  მჯერა, რომ  ეს იყო ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა , როდესაც იქ შეინიშნებოდა სიცოცხლე.

ამაში ყოველდღე ვრწმუნდები, როცა ჩემი უბნის თეატრთან მოვხვდები

მგონია, რომ სასაფლაოს წინ ვდგავარ,

სადაც მკვდრები მიწისზევით  დაუტოვებიათ.

ვიღაცას  ნამდვილად კარგი იუმორის გრძნობა აქვს.