არც სწრაფად, არც მაღლა, არც ძლიერად

არც სწრაფად, არც მაღლა, არც ძლიერად

დავით ბუხრიკიძე

 

სამაგიეროდ, უბრალოდ, ფეხაკრეფითა და თითქმის გამანადგურებლად

სამეფო უბნის თეატრში დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის უცნაური, თითქმის დეტექტიური სიუჟეტის პიესა, სახელწოდებით, „ოლიმპიური თამაშები“ მთავარი ოლიმპიური დევიზის - „სწრაფად, მაღლა, ძლიერად!“ - გარეშე დადგეს. ახალგაზრდა რეჟისორმა, თათა პოპიაშვილმა ამავე თეატრის კარგად ცნობილი მსახიობების დახმარებით, „საოფისე დეტექტივს“ პარტერის სივრცე დაუთმო და თან ირონიით ნაკვები ფსიქოლოგიაც დაურთო.

თეატრალებმა ალბათ უწყიან, რომ  სამეფო უბნის თეატრმა 2015-2016 წლები ე.წ. ქართულ სეზონად გამოაცხადა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ჯერ ერთი, ორი წლის წინ ამავე თეატრის ბაზაზე  დაარსებული თემურ ჩხეიძის სახელოსნო უკვე ბოლომდე დაიქოქა და ამუშავდა; მეორე - გარკვეული ორგანიზაციული სირთულეების მიუხედავდ, მოხერხდა ახალგაზრდა რეჟისორების, დრამატურგების, სცენოგრაფების წარმატებული თანამშრომლობა, მესამე - შეიქმნა თანამედროვე ქართული პიესები, რომლებიც იქვე, სამეფო უბნის სცენზე დაიდგა და იდგმება.

რაც მთავარია, ამგვარი სწავლა-შეთხზვა-დადგმის პროცესი არა მხოლოდ ახალგაზრდა არტისტებს წაახალისებს, არამედ თავად სამეფო უბნის თეატრსაც შესძენს დამატებით მუხტსა და ენერგიას. რაც ნიშნავს რომ, თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და თავად თეატრის ჯერ კიდევ მსუბუქად სიმბიოზური თანაცხოვრება მომავალში უფრო მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

თეატრისა და რეალობის პირველი, მკაფიო რითმა მაყურებელმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იგრძნო; როდესაც რეჟისორმა გიორგი ქათამაძემ ასე ვთქვათ, ქართული სეზონი თავისი ახალი სპექტაკლით გახსნა. რეჟისორისა და დრამატურგის,  დათა ფირცხალავას პიესა „დიდი შესვენება“ ერთგვარ, მცირე გამოცდად იქცა როგორც მაყურებლის, ისე მსახიობებისა და რეჟისორებისთვის.

ახლახან სამეფო უბნის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელოსნოს წევრების ახალი ნამუშევარიც ვიხილეთ. ალექს ჩიღვინაძის პიესა „ოლიმპიური თამაშები“ რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა დადგა. მხატვრები - ნუცა ჭყონია და ავთო მოდებაძე (გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლა), მუსიკალური გაფორმება - მუვა მარგიშვილი. სპექტაკლში მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები მონაწილეობენ: კატო კალატოზიშვილი, ეკა ჩხეიძე, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გაგა შიშინაშვილი.

პიესა „ოლიმპიური თამაშები“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კონკურსის - „ახალი ქართული პიესა“ - გამარჯვებულია. წარმოდგენაში ტექსტი გვარიანად შემოკლებულია და საგრძნობლად გადამუშავებული. თითქმის აღარ დარჩა მონოლოგები, ხოლო ფრაზები გაცილებით სხარტად, ორაზროვნად და  ირონიულად წარმოჩინდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პიესის ნაცვლად კინოსცენარის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს უყურებთ.

...ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ცოტა დრო რჩება. თანამედროვე ოფისში გამოკეტილი თანამშრომლები ოლიმპიადის საზეიმო ცერემონიალის მთავარ იდეაზე მუშაობენ და ცდილობენ ამისათვის რაღაც ნაციონალური არქეტიპები მოძებნონ, ან ახალი და თანამედროვე იდეები გამოჩხრიკონ. მოქმედება ერთდროულად პარტერსა და სცენაზეა განაწილებული. ეს ერთი, მთლიანი სივრცეა, რომელშიც ერთიანდება სამუშაო ადგილიც და პროკურატურის ოთახიც. ამაზე მკაფიოდ მიგანიშნებთ თანამედროვე ოფისის სკამები, მაგიდები, ქაღალდები, პლასტმასის ბოთლები...

ოლიმპიურ თამაშებსა და პროკურატურას ერთი შეხედვით, არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო, მაგრამ მოგვიანებით ირკვევა, რომ ოფისში აფეთქება მოხდა და ოთხივე თანამშრომელი - ნინო, დეა, ვახო და თემო ტერორისტულ აქტშია ეჭვმიტანილი! გამომძიებელი ქალი (რომელსაც ქეთა შათირიშვილი თამაშობს) მაყურებელთა დარბაზში ზის, თვალს ადევნებს მოქმედებას და დროთა განმავლობაში თანამშრომლებს დაკითხვას უწყობს.

რეჟისორი წარმოდგენის ბოლომდე ინარჩუნებს ნეიტრალურ თხრობას და მაყურებელს „ღია ფინალს“ სთავაზობს, რაც საშუალებას აძლევს, ინტუიციასა თუ ვარაუდებს თავისუფლად მიენდოს. ამ მოდეტექტივო პიესაში ავტორი ჟანრისათვის აუცილებელ, მაგრამ ბანალურ შეკითხვას - ვინ არის დამნაშავე? - არ პასუხობს. ის თითქოს გვერდიდან, გულგრილად, მაგარამ მიზანდასახულად აკვირდება პერსონაჟებს და რეჟისორს დაახლოებით ასეთ ამოცანას უსახავს: იმგვარი ლოგიკითა და ინტონაციით ილაპარაკოს „ჩამოხრჩობილის“ სახლზე, რომ თოკი არსად ახსენოს.

და მართლაც, „ოლიმპიური თამაშები“ არის სპექტაკლი, რომელშიც თავად დანაშაულამდე მისასვლელი ბილიკები და ამ ბილიკებზე „მორბენალი“ პერსონაჟების აკვიატებები, თუ ფსიქიკური ტრავმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად დანაშაული. ასე რომ, ჩაკეტილი სივრცე და დანაშაული (რაც ლამის იდეალური სქემაა დეტექტივებში), დრამატურგისა და შესაბამისად, რეჟისორისთვისაც მხოლოდ საშუალებაა პერსონაჟთა დასახასიათებლად; მათი შინაგანი მდგომარეობისა და თვისებების წარმოსაჩენად.

აი, ისინიც: ისტორიკოსი თემო (გაგა შიშინაშვილი) რომელსაც სპეციალურად დაწერილი სახელმძღვანელო დაუწუნეს, რომელიც მუდამ გაღიზიანებულია და ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს. ამავე დროს, დაუნის სინდრომით დაავადებული შვილი ჰყავს, ან ცინიკოსი, არაფრის გამკეთებელი, სიტყვებითა და გრძნობებით მოთამაშე ვახო (გიორგი შარვაშიძე), რომელიც სექსსა და ბიბლიას ხშირად ერთმანეთში ურევს.

ოფისში მუშაობს თემოს შეყვარებული ნინოც (კატო კალატოზიშვილი), რომელიც თავის კომპლექსებსა და სისუსტეს თავის თავზე გადაჭარბებული წარმოდგენებითა და ფსიქოლოგთან სეანსებით ნიღბავს. დაბოლოს, ოფისის დირექტორი დეა (ეკა ჩხეიძე), რომლის მოფუსფუსე, მკაცრი და ვითომ საქმიანი იმიჯის მიღმა პიროვნული დრამა და გაღიზიანება იმალება - მას უცხოელი ქმარი ახალგაზრდა ქალთან ღალატობს. როგორც მერე ირკვევა, სწორედ ნინოსთან.

გამომძიებლის კითხვები მთელი სპექტაკლის განმავლობაში კონტრაპუნქტივით ჩაგვესმის, თუმცა აფეთქების შემდეგ ამერიკაში გაწვრთნილი, ათას ტრენინგგავლილი, ცივი და რაციონალური გამომძიებელი უკვე ავანსცენაზე გადაინაცვლებს. ის დაკითხვას „ლაივში“ განაგრძობს.

რაღაც მომენტში გეჩვენებათ, რომ პიესა აგატა კრისტის დეტექტივს ემსგავსება, თუმცა სპექტაკლის ბოლომდე გაურკვეველი რჩება, ვინ ააფეთქა ოფისის საწყობი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამაგიეროდ, ცხადია, რამდენი ფსიქოლოგიური პრობლემა, უიმედობა და სასოწარკვეთა იმალება ამ ცინიკური სიტყვა-პასუხით შეიარაღებულ, შინაგანად გამოცარიელებულ ადამიანებში.

და იმისათვის, რომ ეს სიცარიელე შეავსოს, რეჟისორს არ სჭირდება ხმამაღალი ოლიმპიური ლოზუნგები, რადგან ყველაფერი უბრალოდ, ფეხაკრეფითა და თითქმის გამანადგურებლად ხდება. დეაც დაახლოებით ამასვე ამბობს ფინალში:  „ჯოჯოხეთი - აი, რა გვაერთიანებს ქრისტიანებს!“