top of page

ომებს და ბომბებს გამოქცეულები

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

581004139_122111828883014831_4644986317735938576_n.jpg

22.12.2025

ლაშა ჩხარტიშვილი

ომებს და ბომბებს გამოქცეულები

 

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში არისტოფანეს „ფრინველების“ დადგმა რამდენიმე თვალსაზრისით საგულისხმო მოვლენაა. პირველ რიგში, ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც თეატრი ბოლო ათწლეულზე მეტის შემდეგ, უცხოელ რეჟისორს ანდობს კლასიკური ტექსტის ინტერპრეტაციას. რუმინელი რეჟისორის, ანტონელა კორნიჩის მიწვევა თავად თეატრისთვისაც და მისი მსახიობებისთვისაც მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება შეფასდეს. თეატრის ხელმძღვანელის, სოსო ნემსაძის ეს გადაწყვეტილება აშკარად გამომდინარეობს სურვილიდან, დასს ახალი პროფესიული გამოცდილება შესთავაზოს და სამუშაო პროცესში სხვა კულტურული და ესთეტიკური ხედვა შემოიტანოს.

 

არისტოფანეს ვრცელი და მრავალშრიანი ტექსტი რეჟისორმა საგრძნობლად შეამოკლა, შეკრიჭა და სიუჟეტი „დაპრესა“. ტექსტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბოლო პერიოდის ქართული თეატრისთვის უცხო არ არის. როგორც აღმოჩნდა, არც ევროპული თეატრისთვის. შედეგად, ერთი მხრივ, სპექტაკლი დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში დინამიკურად ვითარდება და მაყურებელს არ აძლევს მოდუნების შესაძლებლობას, მაგრამ მეორე მხრივ, ასე შემჭიდროებულ მოცემულობაში მსახიობები ვერ ასწრებენ თავიანთი პერსონაჟების ხასიათების გადმოცემას. სცენაზე დგას ერთი პროტაგონისტი მსახიობი - ანდრია ვაჭრიძე, რომელიც პისთეტერეს როლს ასრულებს. სპექტაკლიდან, ყველაზე მეტად,  გამახსოვრდება ნიკოლოზ გვაზავა ეველპიდეს როლში და რამდენიმე პერსონაჟი: ოფოფი (ნათია მელაძე), ოფოფის მსახური (მარიამ კვიტაიშვილი), გუნდის ხელმძღვანელი (ნათია არბოლიშვილი) და ბულბული (ანა შარვაძე), რადგანაც ისინი უფრო მეტი დოზით არიან სცენაზე და აქვთ საშუალება პერსონაჟების ხასიათების გამოკვეთის. რა თქმა უნდა, მაყურებელს ამახსოვრდება სხვა პერსონაჟებიც, რომლებიც ფრაგმენტულად გვევლინებიან და ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ ჩაიქროლებენ თავიანთი ეპიზოდური გაელვებებით - ქოროს თარჯიმანი - ანკდა დიდმანიძე, ირიდა - ნანა ბიბილაშვილი, ჰერაკლე - რეზო კოღუაშვილი, ქორო - ირაკლი ჯიშკარიანი. ასეთ პერსონაჟთა ხასიათს კოსტიუმი (ბარბარა ასლამაზი) და მათი მოძრაობა (კოტე ფურცელაძე) ავლენს. სწორედ კოსტიუმით და მოძრაობით ვიგებთ ვინ არიან ისინი, საიდან მოდიან და რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში მსახიობი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე, საიდანაც თავის დაღწევა ოსტატებსაც კი უჭირთ.

 

დინამიკური ტემპი დიდწილად ემთხვევა ქართველი მსახიობების ტემპერამენტს, რაც სცენაზე ენერგიულ და მოძრავ თამაშს განაპირობებს. განსაკუთრებული როლი ამ დინამიკის შექმნაში ეკისრება დამდგმელი ქორეოგრაფის კოტე ფურცელაძის მიერ აგებულ პლასტიკურ პარტიტურას, რომელიც არა მხოლოდ მოძრაობის ორგანიზებას, არამედ სპექტაკლის შინაარსობრივ ხაზსაც ემსახურება. ვერბალური და არავერბალური თეატრალური ენა აქ ჰარმონიულ თანაარსებობაშია. ტექსტი, სხეული და მოძრაობა ერთ მთლიანობას ქმნის და სცენურ აზრს ერთობლივად ავითარებს. კოტე ფურცელაძესთან ერთად სპექტაკლზე ქორეოგრაფმა ნანა ბიბილაშვილმაც იმუშავა.

 

 

სპექტაკლის შესავალი ნაწილი ილუსტრაციული ხასიათისაა, თუმცა ეს ილუსტრაციულობა მხოლოდ ფორმალური არ არის, როგორც სპექტაკლის შესაფუთი ინსტრუმენტი. იგი ქმნის საწყის განწყობას და კონტექსტს: სამყაროში ომია, ადამიანები გაურბიან ძალადობას და თავშესაფარს ფრინველების სამფლობელოში პოულობენ. თუმცა ეს სივრცე სწრაფად გადაიქცევა სახელმწიფოდ, რომელსაც თავად ადამიანები აყალიბებენ, ფრინველების ზურგს ამოფარებულნი. აქ მკაფიოდ იკვეთება რეჟისორის კრიტიკული დამოკიდებულება ადამიანის ბუნებისადმი: ომს გამოქცეული ადამიანები მშვიდობის სივრცეშიც კი ვერ ელევიან ძალაუფლებისკენ სწრაფვას და ახალ კონფლიქტს აღვივებენ. ისინი თითქოს მშვიდობის საძებნელად მიდიან, მაგრამ სინამდვილეში ყველანაირ ძალისხმევას მიმართავენ იმისთვის, რომ კვლავ ომისა და ძალადობის წრეში აღმოჩნდნენ.

 

სპექტაკლში ადამიანი წარმოდგენილია როგორც არსება, რომელიც მუდმივად ცდილობს ახალი წესრიგის დამყარებას ღმერთებს, ადამიანებსა და ფრინველებს შორის, თუმცა ეს წესრიგი თავიდანვე ძალაუფლების ლოგიკაზეა აგებული. რეჟისორი აშკარად დასცინის ღმერთებსაც. ირაკლი ჯიშკარიანის თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი ღმერთკაცა და რეზო კუღუაშვილის ფემინური ჰერაკლე სწორედ ასეთი ფიქრის და დასკვნის საშუალებას გვაძლევს. მსახიობები ამ პერსონაჟებს გროტესკული ფერებით ქმნიან და  ამ გზით ანგრევენ ტრადიციულ იერარქიებს. გროტესკი აქ მხოლოდ სტილისტური ხერხი არ არის; ის აზრის მატარებელია და უსვამს ხაზს აბსურდულობას, რომელშიც ადამიანი თავად აგდებს საკუთარ თავს.

 

მთელ სპექტაკლს ფონად გასდევს ვიდეოპროექცია, რომელიც ომების თემატიკას ასახავს. ვიზუალური თვალსაზრისით ეს მასალა სრულყოფილი და დახვეწილი არ არის, თუმცა შინაარსობრივად ასრულებს თავის ფუნქციას, ქმნის მძიმე განწყობას და მუდმივად გვახსენებს ძალადობის რეალობას. გარკვეულ დისკომფორტს იწვევს ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ გამოსახულებაში პერსონაჟების ტექსტი დარბაზში მკაფიოდ არ ისმის, რაც ზოგიერთ მომენტში აზრის აღქმას ართულებს. მიუხედავად ამისა, ვიდეოპროექცია მთლიანობაში სპექტაკლის იდეას ემსახურება და სცენურ სივრცეს დამატებით შრეს სძენს.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორის მიერ მხატვრული განათების კონცეპტუალური გამოყენება. რეჟისორი მას არა მხოლოდ ატმოსფერული ეფექტისთვის, არამედ იდეური დატვირთვით მიმართავს. ხშირია კონტრაჟური განათება, რომელიც პარტერში მსხდომ, კომფორტულად მოკალათებულ მაყურებელს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ეს დისკომფორტი შეგნებულად არის გათვლილი და მაყურებლის ემოციურ ჩართულობას ემსახურება. იგი ცდილობს გვაგრძნობინოს ომის სისასტიკე, დაძაბულობა და საფრთხე, რომელიც სცენიდან დარბაზშიც გადმოდის. ამ მხრივ, სპექტაკლი არ გვაძლევს უსაფრთხო დისტანციაში დარჩენის საშუალებას და მაყურებელს თანამონაწილედ აქცევს. სპექტაკლის გარკვეული ნაწილი სცენიდან პარტერში გადმოინაცვლებს და მოქმედება პარტერში მიმდინარეობს.

 

ანდრია ვაჭრიძე ფაქტობრივად ორ პერსონაჟს განასახიერებს, მეომარ და მხედარ პისთეტერეს და გამეფებულს. პერსონაჟი ცხოვრების ორ ფაზას გადის და მსახიობი ამ პერსონაჟს ხატავს მკვეთრი დეტალებით, რომელიც ვლინდება მიმიკაში, ინტონაციაში, მოძრაობასა და პარტნიორებთან ურთიერთობაში. პერსონაჟის მკვეთრი მეტამორმფოზა სწორედ ამ ხერხების ერთობლიობით არის მიღწეული ანდრია ვაჭრიძის შემთხვევაში. დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნიან ნათია არბოლიშვილი - გუნდის ხელმძღვანელი - რომელიც მუდმივად მუშაობს სცენაზე, აფასებს მოვლენებს, ავლენს დამოკიდებულებას სხვა პერსონაჟების მიმართ და მუდმივად პროცესების ავანგარდშია და ნათია მელაძე - ოფოფი, რომლის ხასიათი პირდაპირ კავშირშია მისი სტატუსის სტაბილურობასთან. ის იმ ხელქვეითის გლობალურ სახეს ქმნის, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან ახერხებს კომუნიკაციას და საპირწონედ ისიც ყველა ხელისუფალს სჭირდება. არანაკლებ სევდიანი საცქერია ანა შარვაძის ბულბული - სათაყვანებელი პერსონაჟი, რომელიც მოძალადეების გამოჩენისთანავე კარგავს მყიფე ავტორიტეტს, გავლენას, სტატუსს. მსახიობი ამ პერსონაჟის წინაშე არსებულ ქარტეხილებს და წინაღობებს სწორედ შინაგანი ტრაგიზმით გამოხატავს, ეს განწყობა გადმოდის მის მიერ ორიგინალურად და თავისებურად შესრულებული ნეაპოლიტანური სიმღერა O sole mio. დასამახსოვრებელი პერსონაჟია ირიდა, რომელსაც ნანა ბიბილაშვილი განასახიერებს, ერთგვარი ოლიმპოს ელჩი ფრინველების შექმნილ ახალ სახელმწიფოში. პერსონაჟი გამახსოვრდება არა მხოლოდ გარეგნული იერით, თეთრი კოსტიუმით, უცნაური გრიმით და ვარცხნილობით, არამედ დამოკიდებულებით, რომელიც დაუფარავად ვლინდება მის, როგორც დიპლომატის მიმართ, სადაც დარღვეულია ყოველგვარი ეტიკეტი და პროტოკოლი. ნანა ბიბილაშვილი მოკლე ეპიზოდში ახერხებს გვიჩვენოს როგორც გაოცება, ისე ადაპტაციის უნარი ახალ გარემო-ვითარებასთან.

 

 

სპექტაკლის ცენტრალური იდეა ნათელია: ადამიანი არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივად იბრძვის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ეს ბრძოლა შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს: სახელმწიფოების შექმნით, ღმერთების დაცინვით თუ ახალი წესრიგის დამყარებით, მაგრამ მისი არსი უცვლელია. განსაკუთრებით ზუსტად და კონცეპტუალურად არის გადაწყვეტილი ფინალური სცენა, სადაც ხელისუფლებაში ახალი ძალა მოდის (ვატო სანიკიძე, რომელიც ისე იბადება, როგორც ვენერა ნიჟარიდან. ვატო სანიკიძე სცენის ფარდის დაშვებისას სწორედ ამ ფარდას ამოიფარებს და მასში გაეხვევა, როგორც ვენერა ნიჟარაში). ეს ძალა თითქოს ახალია, თუმცა სინამდვილეში ძველის წიაღიდან იშვა და მხოლოდ გარეგნულად განსხვავდება წინამორბედისგან. ამ ფინალით რეჟისორი მკაფიოდ აჩვენებს ციკლურობას, რომლის მიხედვითაც ისტორია მუდმივად მეორდება და ცვლილება ხშირად ილუზორულია.

 

 

ანტონელა კორნიჩის „ფრინველები“ რუსთავის თეატრში წარმოადგენს ნამუშევარს, რომელიც კლასიკურ ტექსტს თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის ჭრილში კითხულობს. სპექტაკლი არ გვთავაზობს მარტივ პასუხებს, თუმცა მკაფიოდ აყენებს კითხვებს ადამიანის ბუნებაზე, ძალაუფლებაზე და ომის დაუძლეველ ცდუნებაზე. ამ თვალსაზრისით, დადგმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თეატრის რეპერტუარის განახლების, ისე პროფესიული დიალოგის თვალსაზრისით.

bottom of page