top of page

„Open relationship“  -  გადავარჩინოთ ურთიერთობა?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2025-11-26 at 13.43.04.jpeg

10.01.2026

ზუკა ნემსაძე

„Open relationship“  -  გადავარჩინოთ ურთიერთობა?

 

 

სად გადის ზღვარი თავისუფლებას, სიყვარულს, მეგობრობას, ცოლ-ქმრობას და კიდევ ბევრ სხვა საკითხს შორის?! - ეს კითხვა, სხვადასხვა ფორმულირებით თანამედროვე სამყაროში ყოველთვის აქტიური და აქტუალურია. ვეძებთ ზღვარს, თუმცა მაინც და მაინც ვერასდროს ვავლებთ ოქროს შუალედს. 

სამყარომ ადამიანს ბევრი საინტერესო, რთული თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევა შესთავაზა. თუმცა ადამიანმა ამ დრომდე ასე თუ ისე შეძლო, რომ მასში „ადამიანი“ გადაერჩინა“ .

 

ცხოვრება თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო რთული ხდება – ადამიანები მუდმივ წნეხში არიან პირადი თავისუფლების, სოციალური პასუხისმგებლობისა და ურთიერთობებში ბალანსის ძიებით.  გადატვირთული ყოველდღიურობა და რუტინა სწორედ იმ ადგილას გვირტყამს, სადაც ყველაზე მოწყვლადები ვართ - ურთიერთობებში. ურთიერთობები, რომლებიც ადამიანებისთვის ძალიან ძვირფასია, ამ რუტინაში ქრება და კარგავს პირვანდელ სახეს, ამის გამო კი  წყვილები ცდილობენ „სიყვარულის“ სახელით ურთიერთობების გადარჩენას: ინარჩუნებენ ილუზიებს, ქმნიან წესებს, არღვევენ საზღვრებს და თავიანთი ბედნიერების ფორმულას სხვადასხვა გზით იგონებენ.  სწორედ ამ შეჯახებებს, დაუმთავრებელ შეკითხვებს და ტოქსიკურობას  დარიო ფოსა და ფრანკა რამეს პიესა „თავისუფალი წყვილი“ ეხმიანება, რომელიც ირონიული სიზუსტით აშიშვლებს იმ აბსურდს, რაც თანამედროვე ადამიანების ურთიერთობებს ხშირად ფუნდამენტად უდგას. 

 

თუ დარიო ფოსა და ფრანკა რამეს პიესა უკვე ათწლეულებია, რაც ადამიანური ურთიერთობების პარადოქსებს უსწრებს, დღევანდელ რეალობაში მისი სიმწვავე კიდევ უფრო ხილული ხდება. თავისუფლების იდეა, რომლისგანაც პიესის გმირები თავს ვერ აღწევენ, თითქოს ჩვენს ეპოქაშიც ისევ არათანაბრად ნაწილდება, რაც სასაცილოდ ტრაგიკულია. სწორედ ამ ადამიანურ კონფლიქტს – თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის მუდმივ დაძაბულობას – აცოცხლებს ილიაუნის თეატრის სპექტაკლი „თავისუფალი წყვილი“, რომლის რეჟისორიც ანუკი ხოშტარიაა.  სპექტაკლის ქორეოგრაფი: ნანა ბიბილაშვილია, კომპოზიტორი: ირაკლი არეშიძე, მხატვარი: ანანო ლიპარტელიანი, რეჟისორის ასისტენტი: მაკა მეტრეველი ხოლო მთავარ როლებში:ბუკა თოლორდავა და ნინა ყიფშიძე გახლავთ.

 

რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც გარეგნულ ხალისსა და იუმორის მიღმა, ცალკეული ადამიანების ყველასათვის ნაცნობ „დაუცველობას“ აშიშვლებს. იუმორი აქ დაცინვა კი არა, უსაფრთხო სივრცეა, სადაც პერსონაჟებს შეუძლიათ თქვან ის, რისი თქმაც პირდაპირ არ შეიძლება.

ილიაუნის თეატრის მსახიობები ნაწარმოების ტემპს ზუსტად აჰყვნენ - სპექტაკლის ტემპი და რიტმი ქმნის განცდას, რომ სიტუაცია ერთდროულად სასაცილოცაა და ოდნავ მტკივნეულიც.  სპექტაკლში სიცილი და ზედაპირი მხოლოდ შესავალია, ხოლო მთავარი, რაც მოქმედებს, არის ადამიანური ურთიერთობის ძირეული ანალიზი.

ხოშტარიას სანახევრო მინიმალიზმისკენ მიდრეკილი რეჟისურული გადაწყვეტები და  ანანო ლიპარტელიანის მარტივი სცენოგრაფია, მოქმედების მეტად კამერული სივრცე და კონკრეტულ საკითხებზე გამძაფრებული აქცენტი - საშუალებას აძლევს მაყურებელს შეინარჩუნოს კონცენტრაცია უშუალოდ ურთიერთობის დინამიკაზე.

 

ნინა ყიფშიძის ანტონია, საინტერესო, სექსუალური, ლამაზი, ჭკვიანი, გონიერი ქალია, რომელიც ცდილობს ურთიერთობების გადასარჩენად ყველაფრის გაკეთებას, თუმცა ბოლოს ისიც საკუთარ თავზე დაიწყებს ფიქრს რის შემდეგაც უფრო საინტერესო ხდება მსახიობის მიერ განსახიერებული პერსონაჟი. 


მისი თითოეული ნაბიჯი, საუბრის რიტმი და ემოციური ცვლილება ლოგიკურადაა ჩამოყალიბებული. მან ზედმეტი ეფექტების გარეშე შეძლო ანტონიას მხატვრული სახის შექმნა და უნდა ითქვას, რომ ერთგვარი მარათონი ჰქონდა ბუკა თოლორდავასთან, როგორც მსახიობთან და სასცენო პარტნიორთან, რომელიც ყიფშიძის ქმარს განასახიერებდა.

 

თოლორდავამ სულელი, თავიდან უემოციო, თუმცა ინტელექტის მქონე მანიპულატორის მხატვრული სახე შექმნა, რომლისთვისაც სექსუალურ კავშირზე პრიორიტეტული, უფრო სწორედ კი თავისუფალ სექსზე პრიორიტეტული არაფერია და პარტნიორების ცვლა უყვარს. თოლორდავას პერსონაჟი, ღიპიანი, არა სექსუალური (ტიპური ქართველი მამრია) შეიძლება ითქვას ფრიგიდული კაცია, მაყურებლისთვის ადვილი მისახვედრია, რომ  ეს კაცი ყოველდღიურობაში როგორი უინტერესოცაა  ასეთივე უინტერესო იქნება საწოლშიც.

თოლორდვა ორგანულადაა შერწყმული პარტნიორთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ უჭირდა ბოლომდე გაჰყოლოდა ნინა ყიფშიძის ანტონიას, განსაკუთრებით კი მიზან სცენებში.

 

სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს კომედიური დინამიკა, თუმცა ყოველი მომდევნო წუთი სევდის მომგვრელი და დამაფიქრებელია, რეჟისორი გამადიდებელი ლუპით გვაჩვენებს, ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს ურთიერთობებს, რომლებიც რეალურად სერიოზულ ფიქრს მოითხოვს. და მაინც სადაც გადის ზღვარი  თავისუფლებას, სიყვარულს, მეგობრობას, ცოლ-ქმრობას და კიდევ ბევრ სხვა საკითხს შორის?! რომელიც ასე გვაღელვებს?!

მზად ვართ თავისუფალი ურთიერთობებისთვის? ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გაზიარებისთვის?! იქნებ მზად ვართ და შეგვიძლია? ან იქნება ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად თავს ვიტყუებთ, ან იქნებ ვთანხმდებით იმას რაც გვტანჯავს?! ან იქნებ... იქნებ... დასრულება სჯობს, ერთმანეთის მიღმა ყოფნა თუმცა თავისუფლება და ბევრი პარტნიორი?! და, ბოლოს? ბოლოს რა ხდება? - სიმარტოვე!

 

ასე მივყავართ „თავისუფლების იდეას“ აბსურდამდე...

და მაინც სადაც გადის ზღვარი  თავისუფლებას, სიყვარულს, მეგობრობას, ცოლ-ქმრობას და კიდევ ბევრ სხვა საკითხს შორის?! რომელიც ასე გვაღელვებს?!

bottom of page