top of page

ოპტიმისტური სპექტაკლი პესიმისტებისა და ნიჰილისტებისათვის

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

_DSC8308.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ოპტიმისტური სპექტაკლი პესიმისტებისა და ნიჰილისტებისათვის

 

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის დრამატულმა თეატრმა ერთგულ მაყურებელს ერთდროულად სამი ახალი სპექტაკლი წარუდგინა. ქართული კლასიკური დრამატურგიის გამორჩეული ნიმუში - დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი ანდრო ენუქიძე), თანამედროვე ქართველი მწერლის რეზო თაბუკაშვილის (უმცროსი) „არასაფრენი დღეები“ (რეჟისორი გიორგი ქანთარია) და ფრენკ მაკგინესის „ფაბრიკის გოგოები“, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დადგა.

 

ირლანდიელი დრამატურგის გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ლოკალურ პრობლემაზე (რომელიც მალევე საყოველთაო და დღემდე გადაუჭრელ პრობლემად იქცა) დაწერილი პიესა სოსო ნემსაძემ იმდენად აქტუალურად გააჟღერა რუსთავის თეატრის სცენიდან, რომ პიესის მოქმედმა პირებმა ასოციაციები დაბადა მის ქართველ პროტოტიპებთან.

 

ფრენკ მაკგინესის პიესას „ფაბრიკის გოგოები“ (Factory Girls, 1982) კრიტიკოსები ფემინისტურ პიესად მიიჩნევენ. სოციალურ დრამაში წამოჭრილია ქალთა თანასწორობის, ემანსიპაციის, შრომითი უფლებების, სოლიდარობის პრობლემები. თუმცა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სოსო ნემსაძე აქცენტს ქალთა თანასწორი უფლებისთვის დაცვის თემის გარდა, ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეაზე აკეთებს. ფემინისტური მოტივები რეჟისორისთვის მეორე ხარისხოვანია. სამაგიეროდ, მისთვის მნიშვნელოვანია საუბარი შრომით უფლებებზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის ცქერისას, გარკვეულ ეპიზოდებში გამოკრთოდა ქალთა დაპირისპირების მოტივები მამაკაცურ დომინაციასთან, ასევე ვხედავთ მუშათა ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის და ამ უფლებების დაცვის მცდელობებს, რეჟისორი ხაზს უსვამს პროტესტში მყოფი ადამიანების ერთმანეთის მიმართ სოლიდარულობის მნიშვნელობას და თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეის ერთგულებას, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით გვირგვინდება. 

 

ფარდის გახსნისთანავე, რაც მაყურებელს თვალში ხვდება სცენოგრაფიაა, რომელიც ვიზუალური თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს მაყურებელზე. ლომგულ მურუსიძემ ნეონის განათებით შექმნა წრე, რომელშიც მოქცეული არიან სპექტაკლის მოქმედი პირები და ამ შემოსაზღვრულ წრეზე დადიან ისინი. მეტაფორულად გადაწყვეტილი სცენოგრაფია ფიზიკურად მოქმედია, ვიზუალურად ეფექტური და შინაარსობრივად დატვირთული. ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები ერთ წრეზე დადიან გარკვეული „დროითი ციკლის“ მიხედვით, იმარჯვებენ და ისევ მარცხდებიან, მაგრამ მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისთვის. ბრძოლა თითქოს მათი ბედისწერაა. ფაბრიკის სივრცე პირველი შთაბეჭდილებით კოსმოსურ ხომალდს ჰგავს, ხოლო შემდეგ აცნობიერებ, რომ მოქმედება ტექსტილის ფაბრიკაში ვითარდება. მსახიობებს უნიფორმა, კომბინეზონები აცვიათ. ბარბარა ასლამაზიშვილმა პიესის მოქმედი პირები თანამედროვე და დახვეწილი კოსტიუმებით შემოსა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთივე მთავარ მოქმედ პირს უნიფორმა აცვია, მათი ჩაცმულობა დეტალებით განსხვავებულია, რომელიც პერსონაჟთა ასაკის, ხასიათის, გემოვნების შესაბამისია.

        

მსახიობები: ეკა ქვრივიშვილი (ელენი), ანკა დიდმანიძე (ვერა), ბარბარე ჩალაძე (როზმარი), ანა შარვაძე (რებეკა), თამარ კანდელაკი (უნა) განსხვავებულ სახე-ტიპაჟებს ქმნიან, თუმცა მათ აერთიანებთ პროტესტის უნარი და გამბედაობა, სოლიდარულობა, ნებისყოფა და სულიერი სიმტკიცე. ისინი რთული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან. მათი ყოველდღიურობა სახლებსა და სამსახურში სავსეა მძიმე შრომით, მამაკაცთა დომინაციითა და არასამართლიანი მოპყრობით. ამიტომაც, ისინი მიმართავენ გაფიცვის ფორმას, დაპირისპირება ფაბრიკის მენეჯმენტთან პიკს აღწევს, ამ კრიზისულ სიტუაციაში ქალები არა მხოლოდ სამსახურებრივი სირთულეების წინაშე დგებიან, არამედ ეჭვქვეშ დგება მათი მეგობრობა და ურთიერთობები. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ უკეთესი სამუშაო პირობებისთვის, არამედ საკუთარი ღირსებისთვისაც, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. ისინი მიზნის მიღწევამდე რთულ გზას გადიან, უმკლავდებიან შიდა კონფლიქტებსა და შეუთავსებლობას, საპირისპირო მოსაზრებებსა და შეხედულებებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეპიზოდები დინამიკურია, ცოცხალი, მოქნილი და ემოციური, არის შემთხვევები, როცა სპექტაკლის ტემპო-რიტმი ეცემა და დიალოგები უინტერესო ხდება. აქ მსახიობის ოსტატობის, ხელობის ფლობის სისუსტეც იჩენს თავს. ამავდროულად, გარკვეულ მომენტებში (როცა მსახიობები მაყურებლისკენ ზურგით არიან მიბრუნებულები), მათი წარმოთქმული ტექსტი არ ისმის, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი სცენაზეა განლაგებული და მსახიობთან საკმარისად ახლოსაა. სამაგიეროდ, სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ანა შარვაძის მიერ შესრულებული  სიმღერა. ყურადღებას იპყრობს ვერას ხასიათი, რომელსაც ანკა დიდმანიძე თითქმის შეუმჩნეველი დეტალებით ხატავს - პერსონაჟის სიხისტესა და უხეშობას მისი გულწრფელობითა და ერთგულებით აბალანსებს. როზმარი (ბარბარე ჩალაძე) გულუბრყვილო გოგონაა, მაგრამ მსახიობი ამ თვისების გამოსავლენად მექანიკური თოჯინასავით დადის, რაც შორსაა ბუნებრიობისაგან და ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძლიერ, თავდაჯერებულ და პრინციპულ ქალს გვიჩვენებს ეკა ქვრივიშვილი (ელენი), ხოლო თამარ კანდელაკის უნა ერთი შეხედვით მხიარული და თვითირონიული ქალია, მაგრამ ის სევდიანია, რადგან ჯგუფისგან გარიყულად გრძნობს თავს (მას ხშირად მიუთითებენ რომ არასასიამოვნო სუნი ასდის).

 

ლაშაო გაბუნია (როჰანი) ფაბრიკის თანამშრომლებთან სასაუბროდ ვაშლის ჭამით შემოდის, ამ ფორმით მსახიობი ცდილობს პერსონაჟის სითავხედის, ზედმეტი თავდაჯერებულობის დემონსტრირებას. მიუხედავად მსახიობის გარეგნული მომხიბვლელობისა, როჰანი დადებით ემოციებს და სიმპათიებს როდი აღძრავს მაყურებელში. ვაშლის ვულგარული და გამომწვევი ჭამით, პერსონაჟის ხასიათი, მისი დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი გაცხადებულია. უსუსური პერსონაჟია ბონერი, რომელსაც გიორგი კაკალაშვილი ასრულებს. ბონერს არ ძალუძს კრიზისული სიტუაციის მართვა, მას საამისო არც რესურსი აქვს და არც უნარი, ისე როგორც როჰანს, რომელსაც არც განათლება აკლია და არც კრიზისის მართვის თეორიული ცოდნა.

 

 

პოლიტიკური არასტაბილურობის და საზოგადოებაში არსებული კონფლიქტების ფონზე, რუსთავის თეატრის ახალი სპექტაკლი მხატვრულად ასახავს იმ რეალობას და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ამიტომაც, ფრენკ მაკგინესის „ფაბრიკის გოგოები“ აქტუალურად ჟღერს და მაყურებელს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქრებს და ამავდროულად დააიმედებს, რომ ბრძოლას და პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი, ამიტომაც ეს სპექტაკლი განკუთვნილია პესიმისტებისა და ნიჰილისტებისთვის, რომელიც მათ ოპტიმიზმს გაუღვიძებს.

bottom of page