
ორი საინ ტერესო სტუდენტური ნამუშევარი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს


ლაშა ჩხარტიშვილი
ორი საინტერესო სტუდენტური ნამუშევარი
ერთმანეთის მიყოლებით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტებმა (ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე, პედაგოგი ლაშა შეროზია) თავიანთი ნამუშევრები უჩვენეს ფართო აუდიტორიას. ნანა ჯავახიშვილმა ახმეტელის აუდიტორიაში ტენესი უილიამსის „განწირულია დასანგრევად“ საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოგვიდგინა. აღნიშნული პიესა, უკვე მეორედ დაიდგა ქართულ თეატრში (პირველი დადგმა დავით საყვარელიძეს ეკუთვნის).
ტრაგიკული დრამა ეხება სიცოცხლის დროებითობას, სიკვდილთან პირისპირ დადგომას, მარტოობას, ილუზიებსა და ძალაუფლების ცრუ განცდას. ახალგაზრდა რეჟისორისთვის, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარი თავის და ადგილის ძიებაშია, გასაკვირი არ არის, რომ მას თვითგამორკვევის თემები იზიდავს. სპექტაკლში წამოჭრილია ადამიანის შინაგანი მარტოობის, სულიერი რყევის, ბურუსით მოცული სურვილების თემები. დებიუტანტი რეჟისორი (ჩემი აზრით, ნაადრევად) ფიქრობს სიცოცხლის ფუჭად განვლილ გზაზე. ნანა ჯავახიშვილი ქმნის პოეტურ და ლირიკულ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ მისი ასევე პოეტური, მეოცნებე გმირები, რომლებიც სამყაროს შეცნობაში არიან.
ნანა ჯავახიშვილთან ერთად, დადგმაზე მხატვარმა თეკლა პაპუკაშვილმა იმუშავა, რომელმაც კამერულ ატმოსფეროში მოახერხა შეექმნა ატმოსფეროს, განწყობის, შესაბამისი გარემოს შექმნა. კომპოზიტორ ნიკა ჩაჩანიძის მუსიკალური თემები სწორედ ამ ატმოსფეროს და განწყობის შექმნას უწყობს ხელს. ჩემი აზრით, სრულიად ზედმეტია სპექტაკლის დასაწყისში „ავანსცენაზე“ გათამაშებული ეპიზოდი, როცა მევიოლინე პარტერის გავლით მაყურებლის წინ დგება და ვიოლინოზე ცოცხლად ასრულებს კომპოზიციას რამდენიმე წამის განმავლობაში. ეს ეპიზოდი სპექტაკლში არ თამაშდება, მას პროლოგის ფუნქცია აქვს, თუმცა ის სპექტაკლს არც შინაარსობრივად, არც ფორმის თვალსაზრისით არაფერს მატებს, რადგან საკონცერტო ნომერს ჰგავს და მას სხვა დატვირთვა არ აქვს (ყოველ შემთხვევაში, რეჟისორის ჩანაფიქრი და ამოცანა არ იკითხება).
სპექტაკლში ორი სტუდენტი-მსახიობი მონაწილეობს ალექსანდრე კვეზერელი (ტომი) და ნანა მეტრეველი (უილი). უნდა ითქვას, რომ რეჟისორმა მსახიობებთან განსაკუთრებული რუდუნებით იმუშავა, რადგან ეს თვალშისაცემია მაყურებლისთვის. მსახიობები კამერულ ატმოსფეროში, როგორც პროფესიონალები, ახერხებენ შექმნან პერსონაჟები, რომლებიც გამოირჩევიან გულწრფელობით, ღრმა შინაგანი სამყაროთი, რომელიც შესაძლოა დანარჩენი საზოგადოებისთვის იყოს უცხო და მიუღებელი. მსახიობთა მოძრაობაზე იმუშავა ქორეოგრაფმა ნანა ბიბილაშვილმა. მათ მოძრაობაში არაფერია ზედმეტი და ხელოვნური, პირიქით, შემსრულებელთა პლასტიკა, ზუსტი ინტონაცია და ზომიერი სცენური გარდასახვა ის ღირსებებია, რითაც გამოირჩევა სპექტაკლი.
ნანა ჯავახიშვილმა ზუსტად იცის როგორ იმუშაოს მსახიობებთან, მაგრამ როგორც ნაწარმოების პრობლემატიკიდან გამომდინარე ჩანს, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის თავის სათქმელში. დადგმაშიც „განწირულია დასანგრევად“ ბოლომდე და ნათლად გამოკვეთილი არ არის რეჟისორის პოზიცია და სათქმელი.
დრამის რეჟისურის სპეციალობის მესამე კურსელმა თემო დვალმა, რომელსაც უკვე დადგმული აქვს სპექტაკლი რუსთავის დრამატულ თეატრში, საკურსო ნამუშევრად ფლორიან ზელერის ფსიქოლოგიური დრამა-დეტექტივი „შენ რომ მომკვდარიყავი“ აირჩია, რომელიც თავადვე თარგმნა და შესაბამისად პირველად დაიდგა ქართულ თეატრში. ზელერის შემოქმედებას კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი და მის პიესებში წამოჭრილი თემები და პრობლემები აქტუალურობის გარდა, საკმაოდ ახლობელია ჩვენი საზოგადოებისათვის. „შენ რომ მომკვდარიყავი“ რთული კონსტრუქციის პიესაა. თემო დვალი საქმეს არ იმარტივებს და დრამატურგის მიერ შემოთავაზებულ თხრობის სტილისტიკას არ არღვევს. მიუხედავად ახალბედა რეჟისორის წინაშე წამოჭრილი ამოცანებისა, უნდა ითქვას, რომ მან შეძლო არა მხოლოდ სპექტაკლის მომზადების პროცესის ორგანიზება და შემოქმედებითი გუნდის შეკვრა, მან შეძლო დაედგა სპექტაკლი მკვეთრად გამოხატული სათქმელით, სადაც იკვეთება რეჟისორის პოზიციაც და უნარები გვიჩვენოს ადამიანები თუ როგორ იქცევიან, ან შეიძლება მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციებსა და გარემოებებში. რეჟისორი აშიშვლებს მათ სულს, ფიქრებს, განცდებს, დაფარულ თუ გამოხატულ ვნებებს. ამავდროულად, თემო დვალი იკვლევს გლოვას, მეხსიერებას, დანაკარგს და ილუზიას, მის ბუნდოვან საზღვარს რეალობასთან.
თემო დვალი დიდი რეჟისორული გამოცდილების არქონის მიუხედავად, პიესის რთულ სტრუქტურულ წყობასა და ჯვარედინ თხრობას, სადაც დარღვეულია კლასიკური სიუჟეტის თხრობის წესები, წარმატებით ართმევს თავს. ამავდროულად რეჟისორი აშკარად ფლობს მსახიობთან მუშაობის ხერხებს, რადგან სტუდენტი-მსახიობები კესო ავალიშვილი, ნიკა ჭკადუა, კობა ნასყიდაშვილი და ლალიკო ღერკენაშვილი პროფესიული ოსტატობით, დახვეწილი სასცენო მეტყველებით, პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს ფლობით და ამ სამყაროს პრეზენტირებით, ახერხებენ მაყურებლის არა მხოლოდ დარწმუნებას იმაში, რაც სცენაზე ხდება, არამედ გაოცებასაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია კესო ავალიშვილის (ანა) და ლალიკო ღერკენაშვილის (ლორა) მუშაობა სცენაზე. ისინი სცენაზე თავდაჯერებულად გამოიყურებიან და ქმნიან განწყობას, რომ ჩვენს წინაშე ნამდვილი პროფესიონალები დგანან. მათზე არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს ნიკა ჭკადუას (პიერი) ნამუშევარი, რომელსაც ერთდროულად უწევს პერსონაჟის გაცოცხლება, როგორც წარსულ დროში, ისე ირეალურ აწმყოში. ნიკა ჭკადუა, როგორც გარდაცვლილი სული, რომელიც ინტენსიურად აკვირდება მოვლენებს მისი გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად უსიტყვოდ, მხოლოდ მიმიკით აფიქსირებს რეაქციას და გამოხატავს დამოკიდებულებას არა მხოლოდ მოვლენების, არამედ სხვა პერსონაჟების მიმართ.
კობა ნასყიდაშვილიც (დანიელი) რთული გამოწვევის წინაშე იდგა. მის გმირს უწევს ბეწვის ხიდზე სიარული, რეალობასა და წარმოსახვას შორის, რომელიც არ „ყიდის“ სიუჟეტის მნიშვნელოვან „კოზირებს“ და ამით ამტკიცებს ინტრიგას, რომელსაც სპექტაკლის ავტორი ინარჩუნებს წარმოდგენის დასრულებამდე. სწორედ თხრობის ასეთი სტილის და სირთულის გამო იმსახურებს თემო დვალის სპექტაკლი დადებით შეფასებას. სპექტაკლში ქოროს (ნანა ახვლედიანი, მარიამ ერაძე, მარიამ ბალახაძე, ელენე ჭავჭავაძე, სალომე წიტაიშვილი) მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ისინი ქმნიან ატმოსფეროს, განწყობას, ამავდროულად, თითქმის შეუმჩნევლად, გამოხატავენ დამოკიდებულებას სპექტაკლში განვითარებული მოვლენების მიმართ. მათ უფრო ტექნიკური დატვირთვა აქვთ სპექტაკლში, ვიდრე იდეური, თუმცა ახალბედა მსახიობები ქმნიან სინქრონს, ჰარმონიულობას და ანსამბლურობას.
მხატვარმა სანდრო ჯავახიშვილმა შექმნა გარემო, რომელიც მრავალფუნქციურია. სცენოგრაფიული დეტალებით მაყურებელი ხვდება სად მიმდინარეობს მოქმედება, ვინ ცხოვრობს და როგორ ამ გარემოში, ცხოვრების წესი და პერსონაჟთა ხასიათი სცენოგრაფიაშიც აისახება. მოქმედების ადგილი ხშირად იცვლება, რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ ამ ხერხს, მხატვართან ერთად, განათების მხატვარი თინა გობეჯიშვილიც ქმნის, რადგან ამ დადგმაში მხატვრულ განათებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მსახიობთა მოძრაობაზე გამოცდილმა ქორეოგრაფმა გია მარღანიამ იმუშავა.
თემო დვალი მოგვითხრობს ამბავს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ქალი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. რას აკეთებს ტკივილთან შესაგუებლად? ასეთ შემთხვევაში ცხოვრება გრძელდება მოგონებების ჩარჩოებში და მის გასამრავალფეროვნებლად ტრაგიკული ბედის პერსონაჟი მრავალ ხერხს მიმართავს. რეჟისორი მსახიობებთან ერთად აგებს ნატიფ დიალოგებს, რომელიც ფსიქოლოგიური დაძაბულობით ვითარდება. სცენაზე რეალობა და წარმოსახვა ერთდროულად არსებობს და მაყურებელიც ამ ქაოსში ერთვება და იშლება ზღვარი რეალობასა და სინამდვილეს შორის.
„შენ რომ მომკვდარიყავი“ არის პიესა, რომელიც სევდიანად და ღრმად ეხება ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მდგომარეობას — საყვარელი ადამიანის დაკარგვას — და მასში ზელერი გვიჩვენებს, როგორ ებრძვის გონება ცარიელ სივრცეს, რომელიც სიკვდილმა დატოვა. ავტორის ეს ჩანაფიქრი თემო დვალმა მაყურებლამდე რუდუნებით და რეჟისორული ოსტატობით მოიტანა.