top of page

ორი თეატრის აჯანყება - ბრძოლა საბჭოეთის წინააღმდეგ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2025-03-27 at 12.06.07.jpeg

ზუკა ნემსაძე

ორი თეატრის აჯანყება - ბრძოლა საბჭოეთის წინააღმდეგ

 

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებმა ვატო ჯუღელმა და ვახტანგ ნიკოლავამ, ვალერი ოთხოზორიას პიესის „აჯანყებულთა ვაგონი“ მიხედვით ერთობლივი სპექტაკლი დადგეს - დოკუმენტური დრამა ორ მოქმედებად, სადაც პირველი მოქმედებაში ზესტაფონის თეატრის მსახიობები, ხოლო მეორე მოქმედებაში, სენაკის თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.

 

ვალერი ოთხოზორიას ისტორიულ-დოკუმენტური დრამა, საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე და 1924 წლის აჯანყებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს. 

 

მოკლედ, 100 წლის წინ მომხდარი ისტორიიდან:

1924 წლის 28-29 აგვისტოს დაიწყო სახალხო აჯანყება, რომელშიც მთელი საქართველო იყო ჩართული და რომელსაც ბოლშევიკებმა მასობრივი „უდიერი ჟლეტით“ უპასუხეს. საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, დახვრეტილ იქნა 800-მდე ადამიანი, თუმცა რეალურად დახვრეტილთა რაოდენობამ 5-6 ათასს მიაღწია. აჯანყების ჩახშობას მოჰყვა რეპრესიებისა და წითელი ტერორის რამდენიმე ტალღა, რამაც, საერთო ჯამში, 60 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

100 წლის შემდეგ, კოკი დადიანის ფრაზით  „ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე“ შთაგონებული ვალერი ოთხოზორიას პიესა თანამედროვეობისთვის აქტუალურ საკითხებსაც ეხმიანება.  

 

ვატო ჯუღელისა და ვახტანგ ნიკოლავას მიერ დადგმული სპექტაკლი, „აჯანყებულთა ვაგონის“ საპრემიერო ჩვენებები ჯერ სენაკის, შემდეგ კი ზესტაფონის თეატრში შედგა. რეჟისორების ხედვა მკაფიოა და წარმოდგენა ემოციურად დატვირთული. რეჟისორები გვთავაზობენ დრამატული სიუჟეტებს, რომელიც აღსაქმელად რთულია, ზოგჯერ კი ზედმეტად ემოციურიცაა. მიუხედავად ამისა, სპექტაკლი მაყურებლის ყურადღებას იპყრობს და შიგადაშიგ ატირებს კიდეც.

 

შეიძლება ითქვას, რომ ორივე რეჟისორი მაყურებლის წინაშე, - საინტერესო, დახვეწილი, ნაფიქრი, თანმიმდევრული და ორიგინალური გადაწყვეტით წარსდგა. მათ აშკარად კარგად ჰქონდათ გააზრებული, სპექტაკლის გმირების ცხოვრება, მათი აზროვნება, მორალი, რაც სპექტაკლს მიზანსცენებში ვლინდებოდა კიდეც.

 

ბადრი ტაბატაძე (მთხრელი) საცოდავი, ბეჩავი კაცის მხატვრულ სახეს ქმნის, რომელსაც აშკარად დიდი მისია აქვს და ცდილობს მაყურებელს ეს პირველივე წამიდან  დაანახოს.ზურა აბესაძე, შეშლილი, მშიშარა, საზიზღარი, თუმცა ძალაუფლების მქონე სერჟანტს ასახიერებს. შიგადაშიგ აბესაძის სერჟანტი გულწრფელობას კარგავს, ზოგჯერ ხელოვნურია, თუმცა აშკარაა, რომ მსახიობი რეჟისორის მიერ დაკისრებულ ამოცანას კეთილსინდისიერად ასრულებს.

თემურ კიკნაველიძის გენერალი ლევან ღოღობერიძე, ნაძირალა, საზიზღარი, გულის ამრევი ტიპაჟია, რომელიც სცენაზე გამოჩენის წამიდან ზიზღს იწვევს, გინდა, რომ მალე მოკვდეს. მაყურებელი იაზრებს, რომ მისი „სიკეთე“ საფრთხის შემცველია და მისი ქცევა უდიდესი ბოროტების მომასწავებელია. თემურ კიკნაველიძე, ბოროტი გენერლის მხატვრულ სახეს ქმნის მაღალი პროფესიული ოსტატობით ქმნის.

 

პირველი მოქმედებიდან ასევე მსახიობ გიორგი ბოგვერაძის შესრულებული ლევან წერეთელი გამახსოვრდება. მის მიერ შექმნილი თავადი ყმაწვილი კაცი გულწრფელი, მიამიტი, დებზე უზომოდ შეყვარებული, თავგანწირული, მამაცი და ზოგჯერ სულელი ბიჭია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოგვერაძეს ჯერ სამსახიობო პროფესიული განათლება მიღებული არ აქვს და მხოლოდ სამსახიობო სტუდიის მოსწავლეა, იგი არაფრით ჩამოუვარდება, სცენაზე მყოფ პროფესიონალ მსახიობებს, რომელიც სამსახიობო შტამპებისგან გათავისუფლებულ მხატვრულ სახეს ქმნის, რითაც ღირსეულ სასცენო პარტნიორობას უწევს გამოცდილ მსახიობებს.

 

რაც შეეხება მეორე მოქმედებას: ზესტაფონის თეატრის მსახიობები სენაკის თეატრის მსახიობებმა: ლალი გაბელაიამ, ეკა კოღუამ, ლადო კოკაიამ, ირაკლი ადამიამ და რაულ კიკალეიშვილმა ჩაანაცვლეს.

 

რა ხდებოდა, მანამ, სანამ დები წერეთლები ვაგონში აღმოჩნდებოდნენ, როგორ აღმოჩნდნენ დამნაშავეთა სიაში, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველები, რომელსაც უცხო ქვეყნის აგენტობა ედებოდათ ბრალად. ყველაზე დასამახსოვრებელი რაულ კიკალეიშვილის მიერ შესრულებული, ბიჭის გულწრფელობა, დრამა, ემოცია და მწუხარებაა. სიმშვიდე, რომელიც საშინელების, ავის მომასწავებელია.

 

ლალი გაბელაია ნინა წერეთლის, ეკა კოღუა კი იულია წერეთლის, დების მხატვრულ სახეს ქმნიან, პატრიოტ დებს ვერ გაუგიათ რისთვის ან რატომ ისჯებიან, მაყურებლის ფრაზებით და ემოციებით უზიარებენ იმას თუ რა გადაიტანეს, დასახვრეტების ვაგონში, როგორ შიოდათ, როგორ სწყუროდათ, როგორ ექცეოდნენ, თუმცა მარად და ყველგან როგორ სდევდათ სამშობლოს ხატი.

რიგითები ლადო კოკაია და ირაკლი ადამია, მცირე სცენებში კი ავლენენ სამსახიობო ოსტატობას, ისინი ზუსტად იაზრებენ მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟების დრამატულობას.

 

ხატია დავითაშვილის სცენოგრაფია და სოფი ჩალაშვილის კოსტიუმები სპექტაკლის შინაარსის ორგანული ნაწილია.

 

100 წლის შემდეგაც კი, პოლიტიკურად აქტუალური საკითხი ვახტანგ ნიკოლავამ და ვატო ჯუღელმა, ზედმეტი შეფარვების გარეშე, პირდაპირ სათქმელით მოიტანეს მაყურებლამდე, ამაში აშკარად ვალერი ოთხოზორიას პიესაც დაეხმარათ. რეჟისორებმა აქამდე უკვე, არა ერთ გზის ნაცად ხერხს მიმართეს და მაყურებელი სცენაზევე დაგსვეს, ალბათ ამ აჯანყების მთავარი მონაწილეებიც ჩვენ ვართ. აჯანყებულთა ვაგონში იქნებ რომელიმე ჩვენგანიც ყოფილიყო.

 

და, მაინც ფიქრი იქ რჩება, ორი რეგიონული თეატრის მიერ შემოთავაზებულ სანახაობაში... და მაინც გეფიქრება კოკი დადიანის ფრაზაზე, „ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე“, რომელმაც ვალერი ოთხოზორიას პიესა დააწერინა.

ფოტო: მიშა შენგელია

bottom of page