top of page

„ორნი“ კრიტიკული არჩევანის ზღვარზე...   

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

253226472_646578763001159_7504529112590990088_n.jpg

ნერონ აბულაძე

,,ორნი’’ კრიტიკული არჩევანის ზღვარზე...   

 

ის მოსაზრება, რომ რეგიონული თეატრების გარეშე წარმოუდგენელია ქართული თეატრის არსებობა და განვითარება, კამათს არც ადრეულ წლებში იწვევდა და არც ახლა იწვევს, მით უმეტეს დღეს, როცა სტატუსი ნაკლებად განსაზღვრავს კონკრეტული თეატრის შემოქმედების მხატვრულ ხარისხს. ისტორიულად, სწორედ რეგიონებიდან წამოსული ხელოვანთა ჯგუფები ქმნიდნენ დედაქალაქის თეატრალურ ცხოვრებას, თავის მხრივ კი დედაქალაქიდან ხდებოდა რეგიონებში მძლავრი ეროვნული თეატრალური კულტურის ფორმირება. მათი ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა და არსებული პრობლემების დაძლევის გზების ძიება, მათ შორის დღის წესრიგში დგარს დაფინანსების წესის გადახედვისა და შეცვლის საკითხი. მსჯელობა ამ ეტაპზე მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო სტატუსის მატარებელ, კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ თეატრებს... ჯერ-ჯერობით ისევ ყურადღების მიღმა რჩება სახალხო თუ მუნიციპალური სტატუსის მატარებელი თეატრები, რომელთა მდგომარეობაც პირდაპირი მნიშვნელობით სავალალოა. სახალხო თეატრების უმრავლესობა მოკლებულია თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებში აქტიურ ჩართულობას. სამწუხაროდ, თეატრის მკვლევრებიც ნაკლებად ინტერესდებიან სახალხო თეატრების ბედით, რაც კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ პრობლემებს. მხოლოდ წელიწადში ერთხელ, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის - „თეატრალური იმერეთი“ ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა გავეცნოთ სახალხო თეატრების შემოქმედებას.

დადგმის კულტურითა და მხატვრული ღირებულების თვალსაზრისთ სახალხო თეატრების შემოქმედება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ფესტივალმა ცხადად აჩვენა არსებული მდგომარეობა.  არიან თეატრები, რომლებიც ინერციით აგრძელებენ ფუნქციონირებას და წელიწადში მხოლოდ ერთჯერ, ისიც ფესტივალზე წარსადგენად დგამენ სპექტაკლს და გამოიკვეთა მეორე ნაწილი, რომლებიც წლიდან წლამდე აუმჯობესებენ მხატვრულ ხარისხს, არ ერიდებიან თამამ ექსპერიმენტებს და შედეგიც სახეზეა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, რომელიც უკვე მერამდენე  წელია ფესტივალის მთავარი ჯილდოების მფლობელია. რასაკვირველია სახალხო თეატრების შემოქმედებით ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიც უნდა იღებდნენ. ერთობლივი ძალისხმევით თეატრალური კულტურის ხელშეწყობა, დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და მატერიალურ ტექნიკური ბაზის მოდერნიზება დადებითად აისახება თითოეული თეატრის შემოქმედებაზე, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სახალხო თეატრების აბსოლუტური უმრავლესობა პროფესიონალი კადრების ნაკლებობას,  ხშირ შემთხვევაში არარსებობის პრობლემას განიცდის. ამ თვალსაზრისით ხარაგაულის სახალხო თეატრში განხორციელებული სპექტაკლები - ( დ. კლდიაშვილი - „დარისპანის გასაჭირი“, ი. ჭავჭავაძე - „თანმდევი სული“, მ. კუკულავა - „ორნი“, გ. დოჩანაშვილი „ხორუმი ქართული ცეკვაა“, რ. კლდიაშვილი - „იმერული რეკვიემი“) დადგმის კულტურითა და მხატვრული ხარისხით არ ჩამოუვარდებიან სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო სტატუსის მატარებელი თეატრების შემოქმედებას. ამჯერად ყურადღებას სპექტაკლზე  - „ორნი“ გავამახვილებთ, რომელიც რეჟისორმა და მსახიობმა ირინე ჩხეიძემ მაკა კუკულავას პიესის  - „13.06“ საფუძველზე განახორციელა.         

              

„უცნაურია არა, ადრე არ იყო არჩევანის თავისუფლება, მე არ მქონდა ყოველ შემთხვევაში. ახლა თავისუფლება არის, აგერ მეც მაქვს ეს თავისუფლება დღეს, მაგრამ არჩევანი აღარ მაქვს’’ - ამბობს ირინე ჩხეიძის გმირი - ანა, რომელიც ქმარს ადრეული წლების სურვილებსა და გადაწყვეტილებებზე ესაუბრება...როგორც აღმოჩნდა წყვილს წლების განმავლობაში გულწრფელად არ უსაუბრია... ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ მათი ურთიერთობაც კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. გადაწყვიტეს განქორწინება და მტკივნეული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას მხოლოდ სასამართლო დადასტურება სჭირდება. წყვილის ნავსაყუდელი, ერთ დროს სასურველი ბინაც გასაყიდადაა გამზადებული...

წარმოდგენა კორპუსის ხედის ვიზუალური გამოსახულებით იწყება. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ანთებული ფანჯრების მიღმა სხვადასხვა ინტერესებისა და სოციალური სტატუსის მატარებელი ოჯახები ცხოვრობენ. ანასა და სანდროს ოჯახიც გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა. იმხანად საყოველთაო არეულობის, რთული ყოველდღიური ყოფის, უშუქობის, მატერიალური სიდუხჭირისა და სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე წყვილმა თანაცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო... 90-იან წლები თითოეულ ჩვენგანში ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულმა არაერთი თანამედროვე ქართველი ხელოვანი შემოქმედებაში ჰპოვა მხატვრული ასახვა. მაკა კუკულავას პიესაც ამ რთული ეტაპის ერთგვარ ალუზიას წარმოადგენს, სადაც  კონკრეტული ოჯახის ყოფითი ისტორია განზოგადებულ სახეს იძენს. ავტორი თავის ნაწარმოებში მიზანმიმართულად  ააქტიურებს ეგზისტენციალური ფილოსოფიის მთავარ პოსტულატს - „ადამიანი მარადიული არჩევანის წინაშე“... ჩვენ ყოველთვის გვიწევს არჩევანის გაკეთება და თუკი არაფერს ვირჩევთ, ესეც არჩევანია, რადგან ჩვენ არარჩევა ავირჩიეთ...არ გვქონდა თავისუფლება, მაგრამ გვქონდა არჩევანი თავი დაგვეღწია საბჭოთა მარწუხებიდან, შეგვექმნა თავისუფალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო...დღეს გვაქვს თავისუფლება, თუმცა ეს არჩევანი სადღაც გაქრა, მიიჩქმალა... ამ დრომდე გვიჭირს მენტალური თავისებურებების დაძლევა და ახალი რეალობისა და გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. 

წყვილის თანაცხოვრება სამ ათეულ წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში საცხოვრებელი ბინის დაუსრულებელი რემონტი კონფლიქტის პერმანენტულ საფუძველს წარმოადგენს. სანდრო - (ვასილ კიკნაძე) პროფესიით არქიტექტორია, შესაბამისად სარემონტო სამუშაოების წარმართვა - ხელმძღვანელობას პროფესიულ პრეროგატივად მიიჩნევს. ახალგაზრდობაში სპრინტერი იყო და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა, როგორც კი სპორტული შეჯიბრის პრინციპი გაართულეს, დამარცხების თავიდან აცილების მიზნით სპრინტერობას შეეშვა, რადგან ვერ იტანს დამარცხებას. როგორც არქიტექტორი, ხშირად იმყოფებოდა მივლინებებში, ოჯახისთვის კი ნაკლები დრო რჩებოდა. წლები წლებს მისდევდა, ჩნდებოდნენ შვილები, იზრდებოდნენ და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა. საბოლოოდ ახალგაზრდობაში წარმატებული სპორტსმენისა და საზოგადოდ პატივსაცემი არქიტექტორის პირადი ცხოვრება გამოუვალ ჩიხში შევიდა. ამჯერადაც უკანასკნელად ესტუმრა სარეალიზაციოდ გამზადებულ საცხოვრისს, სადაც ნაცნობი ნივთების აბსოლუტური უმრავლესობა გადაყრილი დახვდა, მათ შორის წიგნები, რომლებსაც სხვადასხვა მისამართებიდან ეზიდებოდა და აგროვებდა.  ვასილ კიკნაძის გმირი თანამედროვე, ინდიფერენტული საზოგადოების კრებით სახედ აღიქმება. მსახიობი ითავისებს  პერსონაჟის ხასიათს და ცდილობს მაქსიმალური სისრულით წარმოაჩინოს თავისი გმირის პიროვნული, ინდივიდუალური მახასიათებლები. გარკვეულ სცენებში ტექსტი სრულად ვერ აღწევს მაყურებლამდე,  რაც თეატრში აკუსტიკის პრობლემასთან ერთად მსახიობის დაბალი ხმის ტემბრითაც არის განპირობებული. 

სანდროსგან განსხვავებით, ანა - (ირინე ჩხეიძე) განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში ძირითადად ვგულისხმობ დრამატურგიას, პერსონაჟის ხასიათს, რომელსაც მეტი ფუნქციური დატვირთვა გააჩნია და არა გარდასახვის მხატვრულ ხარისხს. თუმცა არტისტული შესრულების თვალსაზრისით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირინე ჩხეიძე გამორჩეული პროფესიული შესაძლებლობების მსახიობია...ახალგაზრდობაში ანა ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა მისი სურვილი არ დაემთხვა მშობელი მამის სურვილს, ეს უკანასქნელი კი ქირურგიულ საქმიანობას ქალის შესაფერის პროფესიად არ მიიჩნევდა. სანდრომდე ანა სხვა ახალგაზრდით იყო გატაცებული, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სანდროზე შეაჩერა და ასე ჩაეყარა საფუძველი ბნელ 90-იან წლებში კიდევ ერთი ქართული ოჯახის შექმნას. წლებთან ერთად იმატა ჭარბმა წონამ, რასაც ანა მტკივნეულად განიცდის. სადღაც წარსულში დარჩა ახალგაზრდული ღიმილი, ვნებები, ემოციები, უკეთესი პერსპექტივის სურვილი, საბოლოოდ  კი  განშორების ზღვარზე აღმოჩნდა. ანა თვლის რომ არასოდეს არ უნდა ჩაერიოს შვილების გადაწყვეტილებებში... ისინი გაიზრდებიან, ყველა საკუთარი გზით წავა, განათლებას უცხოეთში მიიღებენ, შექმნიან ოჯახებს და ექნებათ ბედნიერი ცხოვრება...თავად როდის იყო ბოლოს ბედნიერი აღარ ახსოვს, თუმცა შესაძლოა არც არასოდეს ყოფილა. ანას თითოეული მონოლოგი ერთგვარი რეფლექსიაა, მისი პიროვნების, ინტერესების, ღირებულებებისა და საბოლოოდ ამჟამინდელი მდგომარეობის კიდევ ერთხელ გაცნობიერება. თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ყველა ნივთი სანაგვეზე მოისროლა, მხოლოდ სანდროსთან ადრეული წლების სასიყვარულო ბარათებსა და იმ წითელ კაბას ვერ შეელია, რომელიც პირველი პაემნის დროს ეცვა.

სპექტაკლის ქრონომეტრაჟიც ერთ საათს არ აღემატება და  მოქმედება მუდმივი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. როგორც აღვნიშნეთ წარმოდგენის რეჟისურა ასევე ირინე ჩხეიძეს ეკუთვნის, რომელსაც კარგად ესმის შემოქმედებითი რიტმის მნიშვნელობა. საწყის, საექსპოზიციო სცენებში წყვილის კამათი კულმინაციას აღწევს, დასკვნითი სცენები კი წარმოდგენილია ვრცელი მონოლოგების სახით, რა დროსაც პერსონაჟები იხსენებენ განვლილ წლებს და ერთმანეთს ამ დრომდე უცნობ ისტორიებს უყვებიან. მოქმედება არ სცდება ავანსცენის ლოკალურ არეალს. წყვილის დაძაბული დიალოგი მხოლოდ იმ დროს წყდება, რა დროსაც დასასვენებლად წასული შვილები ვიდეო ზარით ერთვებიან. ვხვდებით მხოლოდ ერთ სცენას, რეჟისორის ლირიკულ გადახვევას, სადაც ახალგაზრდა ანასა და სანდროს - (მსახიობები: ლია ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი)  პირველი შეხვედრაა „გაცოცხლებული“. სცენური სივრცე - (მხატვარი გაიოზ შუბითიძე) მაქსიმალურად თავისუფალია ზედმეტი ბუტაფორიებისაგან. ავანსცენაზე განთავსებულია რამდენიმე მუყაოს ყუთი,ბინის რემონტისთვის  განკუთვნილი კიბე, ჭერიდან ჩამოხსნილი სანათი და ხელსაწყოების კოლოფი. სცენის სიღრმეში საცხოვრებელი ბინის კედლის კონსტრუქციაა წარმოდგენილი, რომელსაც ეტყობა სიძველისა და სარემონტო სამუშაოების მცდელობის კვალი.  ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ სპექტაკლისათვის სპეციალურად დაიწერა ორიგინალური მუსიკა - (კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე), რომელიც რეჟისორის კონცეფციის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. მინიმალისტური მუსიკალური ფრაგმენტები ცალკეულ სცენებთან კონტრასტში ქმნის წარმოდგენის ერთიან ატმოსფეროს. რეჟისორს ძირითადი აქცენტები რიტმულ დიალოგზე გადააქვს, სადაც ყოველი სცენა მომდევნო, კიდევ უფრო დაძაბული სცენის ლოგიკური წინაპირობაა. მთლიანობაში რეჟისორი სრულად იზიარებს ლიტერატურული პირველწყაროს მხატვრულ სტრუქტურას, რაც ფსიქოლოგიური, განცდის თეატრის პრინციპებს გულისხმობს.

ფინალურ სცენაში რეჟისორი ემიჯნება დრამატურგის პოზიციას. პიესა პერსონაჟების მორიგი დაპირისპირებით სრულდება, რეჟისორმა კი ოპტიმისტური დასასრული აირჩია...ხანგრძლივი თანაცხოვრების განმავლობაში წყვილმა პირველად შეძლო გულწრფელი საუბარი, განვლილი წლების კრიტიკული გააზრება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა...განქორწინება აღარ იქნება, არც საცხოვრებელი ბინა გაიყიდება...იმედია პროფესიით არქიტექტორი საბოლოოდ შეძლებს სარემონტო სამუშაოების წარმართვასა და სასურველი შედეგის მიღწევას. ადრე თუ გვიან, ალბათ ჩვენც შევძლებთ უახლესი ისტორიის კრიტიკულ გადაფასებას და ზუსტი არჩევანის გაკეთებას...

bottom of page