top of page

მონოპიესების ფესტივალი მხოლოდ სიმართლეს ამბობს

244729901.jpg

მონოპიესების ფესტივალი მხოლოდ სიმართლეს ამბობს

მეგი ლომინაძე

ბათუმში, წელს უკვე მეშვიდედ, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალს ატარებს. დამფუძნებელი და ორგანიზატორია მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი ოთარ ქათამაძე.  ფესტივალი 2014 წელს დაარსდა და უფრო და უფრო სანახაობრივი და ექსპერიმენტული ხდება.  მისი მიზანია თანამედროვე დრამატურგების, რეჟისორებისა და მსახიობების წარმოჩენა და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა.  ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი დრამატურგები წერენ მონოპიესებს, რომელსაც მათი შერჩეული, ასევე ქართველი და უცხოელი რეჟისორები, საქართველოს სხვადახვა თეატრისა თუ დამოუკიდებელ მსახიობებთან ერთად ბათუმის ალტერნატიულ სივრცეებში წარმოადგენენ.

ოთარ ქათამაძე   ფესტივალის სპეციფიკის, ფორმის, მიზნებისა და პანდემიის პირობებში მიღებული ფორმატის ცვლილებების შესახებ გვესაუბრება.

საქართველოში რამდენიმე თეატრალური ფესტივალი არსებობს. ამ ფონზეც კი, მონოპიესების ფესტივალი გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს. ის ახალგაზრდებს შანსს აძლევს - წერონ, სხვადასხვა როლი მოირგონ, დადგან და გადმოსცენ ესა თუ ის პრობლემა, რომლებიც აღელვებთ, თავისუფალ თემებსა და პრობლემებზე ისაუბრონ.

რა გახდა ფესტივალის დაფუძნების მთავარი მიზეზი? რას ემსახურება ის და როგორ მოგივიდათ  ასეთი ფორმით ჩატარების იდეა?

ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც სტუდენტი ვიყავი, შემდეგ, როდესაც თეატრალური უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე და აღმოვაჩინე, რომ არ არსებობდა სივრცეები, სადაც საკუთარი თავი, როგორც მსახიობებს, როგორც რეჟისორებსა თუ დრამატურგებს შეგვეძლო აღმოგვეჩინა.

ამავე დროს, ვთვლიდი, რომ საჭირო იყო დრამატურგებისთვის რაღაც პირობების, ისეთი პროექტის მოფიქრება,  რომელიც დარგის გავითარებას შეუწყობდა ხელს.

ასევე მინდოდა, ისეთი სივრცე შემექმნა, რომელიც კლასიკური თეატრისგან იქნებოდა განსხვავებული.

სწორედ ეს სამი ძირითადი ფაქტორი იყო ფესტივალის დაარსების მამოძრავებელი, რომლის ფორმატი ახალგაზრდა შემოქმედ ადამიანებს შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალებას მიცემდა. ასპარეზი იქნებოდა მათი შემოქმდებისათვის.

ფესტივალი პირველივე წელს გამოვიდა თეატრალური სივრციდან და ალტერნატიულ სივრცეებში გადაინაცვლა.  მაგალითად, ისეთ წარმოუდგენელ ადგილებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცხოვრებელი სახლები, ზღვის სანაპირო და ა.შ.

ფესტივალში გაცილებით დიდი ადგილი ახალგაზრდებს უკავიათ, ვიდრე უკვე გამოცდილ და ჩამოყალიბებულ დრამატურგებს.

ყველა წინაპირობა და მოცემულობა მიუთითებს, რომ  მონოპიესების ფესტივალი ზუსტად გადმოცემს ჩემ ჩანაფიქრს.

როდის გაიმართა პირველი  ფესტივალი და რა სირთულეები შეგხვდათ მუშაობის პროცესში?

პირველი ფესტივალი  2014 წელს  ჩატარდა. და სიმართე გითხრათ, ჩემი მოლოდნი პირველივე წელს გაამართლა.

მოგეხსნებათ, როდესაც ისეთი რამ კეთდება, რომელიც სხვას არ გავს, გამოცდილებას სწორედ მუშაობის პროცესში და დასაწყისშივე ღებულობ.

გვქონდა ძალიან დიდი წინააღმდეგობაც, თუნდაც, თეატრიდან სივრცეების დათმობის კუთხით. ამავე დროს, მონოპიესების ფესტივალი საზოგადოებაში სულ სხვა სახით წარდგა და არა ისეთით, როგორსაც ელოდნენ.

ეს ფესტივალი გამოირჩევა სითამამით, მეტი თავისუფლებით.  დრამატურგები და რეჟისორები ტაბუდადებულ თემებს შეეხნენ. სწორედ ამან გამოიწვია ხალხის გაკვირვება. „სკანდალებიც“ არასდროს მოგვკლებია.  მაგრამ, ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია, რისთვისაც თავიდანვე მზად ვიყავი, რადგან  ფესტივალი კომპრომისზე ორიენტირებული არაა. ის არ მიდის კომპრომისზე არც მაყურებელთან, არც სახელმწიფო სტრუქტურებთან. არავისთან!

მონოპიესების ფესტივალი მხოლოდ სიმართლეს ამბობს. მისთვის დაწერილი პიესების 95 პროცენტი, ძირითადად, საზოგადოებისთვის თანადროულ საკითხებსა და სოციალურ თემატიკას მოიცავს. სწორედ ბათუმში,  საფესტივალო სპექტაკლების მსვლელობის დროს, გაჟღერდა ბევრი მწვავე საკითხი, რომლებმაც საზოგადოებაში დისკუსიები, განხილვები და კვლევა გამოიწვიეს.

დროთა განმავლობაში,  ეს ფესტივალი იქცა სხვადასხვა პრობლემისა და მწვავე, ხშირ შემთხვევაში, „დახურული“ თემის გასაჯაროვების პლატფორმად. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრ თეატრში, თუ დრამატურგებსა და რეჟისორებს უწევთ დაწერონ პიესები და სპექტაკლი დადგან, თეატრის პოლიტიკასა და მაყურებლის „მოთხოვნის“ გათვალისწინებით,  მონოპიესების ფესტივალი, ამ მხრივაც,  სრულ თავისუფლებას იძლევა.

მის მონაწილეებს შეუძლიათ, შეხედულებების, პოზიციის, სათქმელის უკომპრომისოდ და დამოუკიდებლად გამოხატვა. მათ არ უწევთ, მოერგონ რომელიმე სტრუქტურას, იდეოლოგიასა თუ ვინმეს ახირებას.

ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ხელოვანებმა შეძლონ თავისუფალი აზრის შეზღუდვების გარეშე დაფიქსირება.

რა საშუალებებით ხდება ინფორმაციის მიწოდება ფესტივალით დაინტერესებული პირებისათვის? როგორ არჩევთ კონკურსანტებსა და მონაწილეებს? არის თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი პირობა, რომლის გათვალისწინებაც უწევთ დრამატურგებს, რეჟისორებსა თუ მსახიობებს?

ძირითდად,  ჩვენი ფესტივალის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან „მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალი“ . დაინტერესებულ პირებს მუდმივად შეეძლებათ დეტალური ინფომაციის მიღება. შეეძლებათ თვალი ადევნონ მუშაობის პროცესსა და სიახლეებს და ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღონ.

გარდა ამისა, ჩვენ მემურანდუმები გვაქვს საქართველოს შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოსა და ილია ჭავჭავაძის უნივერისტეტებთან.  როგორც კი კონკურსს გამოვაცხადებთ, ეს უნივერისტეტები ინფორმაციას თავიანთ ვებ გვერდებზე განათავსებენ. ვთანამშრომლობთ  გოეთეს ინსტიტუტთანაც. წელს ფესტივალს გამორჩეულად ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, რაც ძალიან მახარებს.

რაც შეეხება მონაწილეების შერჩევას. რადგან ჩვენი ბიუჯეტი რეკლამას ვერ აფინანსებს, ადრე პირადად  მიწევდა დრამატურგების, რეჟისორების და მსახიობების მოძებნა და შერჩევა.  ფესტივალმა, შეიძლება ვთქვათ,  არაერთი კარგი დრამატურგი გვაპოვნინა, არაერთმა კონკურსანტმა სწორედ „მონოპიესებისთვის“ დაიწყო პიესების წერა და საკუთარი თავი აღმოაჩინა. ვფიქრობ, ესეც ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი დიდი პლუსია.

წელს შერჩევის სისტემა შეიცვლება. შეიქმნა ჯგუფი, რომელიც წაიკითხავს პიესებს და ქულებს დაწერს. მაგრამ წევრებს არ ეცოდინებათ ავტორების ვინაობა. ბოლოს, ერთი კურატორის ანუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, რომელი პიესები მიიღებენ ფესტივალში მონაწილეობას. ამასთანავე, აუცილებლად გავითვალისწინებ საკონსულტაციო ჯგუფისა და საბჭოს შეხედულებებსაც.

მნიშვნელოვანი პირობაა, რაც მხოლოდ დრამატურგს ეხება - აუცილებელია, პიესა არ უნდა იყოს უკვე დადგული. მისი დებიუტი ფესტივალის დროს უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს. შეიძლება, თუ არა, რომ მაყურებელმა, პანდემიის გამო, ის სხვა ფორმატით იხილოს?

ამჯერად, ამ ყველაფრის განხილვის პროცესში ვართ. ჯერ არ შემიძლია კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, პირობებს შეცვლის. ფესტივალი, ცხადია, აუცილებლად ყველა რეკომენდაციის, უსაფრთხოების ნორმებისა და ყველა წესის გათვალსწინებით ჩატარდება. უკვე მოფიქრებული მაქვს ვარიანტი, თუ როგორი  ფორმატი ექნება მას, სიტუაციიდან გამომდინარე.

ჩვენი ფესტივალი, მოგეხსენებათ, ისედაც ყოველთვის ალტერნატიულ სივრცეებში ტარდებოდა. ამიტომ გადაწყვიტე, რომ წელს ყველა სპექტაკლის ჩვენება ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ (რაც, „მონოპიესების“ ისტორიაში არაერთხელ მომხდარა). როგორც აღვნიშნე,  მაყურებლის დისტაცირებისა და  ყველა სხვა აუცილებელი პირობის დაცვით.

ჩვენი საუბრის მთავარი თემა მონოპიესების ფესტივალია, მაგრამ მსმენია თქვენი სხვა პროექტის შესახებაც, რომელმაც ასევე დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ახალგაზრდების ყურადღებაც მიიპყო. შეგიძლიათ  მასზეც გვესაუბროთ?

დიახ, რა თქმა უნდა.  მე და მხატვარ ირმა სურმანიძეს გვაქვს პროექტი - ლაბორატორია 2/20, რომელიც სტრუქტურულად გავს მონიპიესების ფესტივალს.  ისიც ალტერნატიულ სივრცეებში ცოცხლდება.

პროქტზე მუშაობა ლაბორატორიულად მიმდინარეობს, უბრალოდ, მთავარი აქცენტი მხატვრებზეა გადატანილი. ბათუმში, სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან, ჩამოდიან მხატვრები, რომლებსაც, 1 კვირის განმავლობაში, დიდ ტილოებზე უწევთ მუშაობა. შემდეგ ვიწვევთ რეჟისორებს, მუსიკოსებს, მწერლებს, დრმატურგებსა და მსახიობებს, რომლებიც ჯგუფებად ნაწილდებიან.  მხატვრები აცნობენ მათ თავიანთი ნამუშევრების იდეას და ჯგუფები პერფომანსზე მუშაობას იწყებენ.

წელს ეს ფესტივალიც აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალტერნატიული გეგმა აქაც შევიმუშავეთ. პერფორმანსები, ასე ვთქვათ,  ცოცხლად არ გაიმართება. მაყურებელს მათი ნახვა ვიდეო არტის მეშვეობით შეეძლება.

bottom of page