ოტე... - ლო,  დეზ... -  დემონა და სხვები...

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278087220_1171130220389997_7728167994041404120_n.jpg

თამარ ქუთათელაძე

 

ოტე... - ლო,  დეზ... -  დემონა და სხვები...

 

რეჟისორები ბრაზობენ როცა თეატრმცოდნეები ცდილობენ დააზუსტონ რომელ მიმართულებაში მუშაობს სპექტაკლის დამდგმელი, რომელ ჟანრს მიეკუთვნება მათი ნამუშევარი, თუმცა... სპექტაკლის საფუძველზე ვცდილობთ განვსაზღვროთ რა სტადიაზე იმყოფება ჩვენი სამყარო, რა გველის მომავალში, რომლის ხილვათა წვდომასაც სწორედ ისინი ახერხებენ  ხოლმე  და განათავსებენ თავიანთ ქმნილებებში.

      

შექსპირის „ოტელო“ არ მიეკუთვნება პიესათა იმ კატეგორიას, რომლის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენდა XXI  საუკუნის ქართული თეატრალური რეჟისურა. თემურ ჩხეიძის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში განხორციელებული დადგმის შემდეგ, თავისუფალი თეატრის სცენაზე ავთო ვარსიმაშვილმა კვლავ შეგვახსენა რომანტიკული ეპოქის ტრაგიკოსებისთვის საჯილდაო ქვად ქცეული, ეს ერთ-ერთი უსაზღვროდ პოპულარული ტრაგედია. შეუძლებელია ამჯერად ტრაგედიად მივიჩნიოთ  XXI საუკუნის 20-იანი წლების განწყობის გამომსახველი თავისუფალი თეატრის სპექტაკლი. თუ ადრეულ დადგმებში ტრაგედია, მოგვიანებით კი დრამატული კოლიზიები ასახავდა სიცოცხლის ტრაგიკული სინამდვილის ემანაციას, რომელსაც მშვიდად უსწორებდა თვალს  მომავლის  რწმენით აღსავსე საზოგადოება, ამჯერად, ჩვენი უგმირო, უსიყვარულო, სისხლიანი ეპოქის დესტრუქციული, სიმულაციური სინამდვილე, მხოლოდ განგაშის განცდას ბადებს.

       

რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი თითქოს აჯამებს კიდეც სიცოცხლის ფილოსოფიას და გვთავაზობს სპექტაკლს ანიდან ჰოემდე ანუ სამოთხის ბაღიდან საგრიმიორომდე, სადაც თამაშდება დიდი სიყვარულის ტრაგიკული გარდაცვალების მისტერია. თეატრი უჩვენებს უჩვეულოდ მსხვრევად მეტაფორას ე.წ. მეცხრე ტალღაზე მყოფი ადამიანების ჰარმონიული მდგომარეობის სწრაფწარმავლობაზე, რაც ლოგიკურად განიცდის მის საპირისპირო „ევოლუციას“. დადგმის კონცეფცია  მიჰყვება შექსპირის სახელოვან თეზას „ცხოვრება თეატრია“, სადაც ყველანი მხოლოდ წამიერ მსახიობებად მოვიაზრებით. სავარაუდოდ სწორედ თამაში, ტრაგიკული ფარსი, სიმულაკრული ეპოქის გამომსახველი შერეული ჟანრის ორიგინალური სანახაობა შეესაბამება შემოთავაზებულ სპექტაკლს.

         

თავისუფალი თეატრის მინიატურულ სცენაზე თითქოს თავმოყრილია ამ კოსმოსური თეატრის მთავარი ეპიზოდები. სცენის მარცხენა მხარეს სამოთხის ბაღია „გაშენებული“ ხასხასა წითელი ვაშლებით. რეჟისორი და მსახიობები მითიზირებული მეტაფორის გამოღვიძებით,  მიგვანიშნებენ რომ ადამიანი სამარადისოდ გაიწირა პირველქმნილი ცოდვის გამო. აკრძალული ხილის მირთმევით თვალახელილ კაცობრიობას, საუკუნეთა მანძილზე სდევნის მისი „დანაშაულის“ ჩრდილი და უსასრულოდ ტრიალებს შურისძიების კარუსელიც. ავანსცენის სიახლოვეს მიწით მოსვრილი, სიძველისგან ხავსმოკიდებული, დანისლული ბოთლებია მიმოფანტული. მასზე ხის კოვზის ფრთხილი კაკუნით, მსახიობები ხან მუსიკალურ რიტმებს, ხან კი თითქოს გონგის ხმას აჟღერებენ. მოშორებით, სცენის სიღრმისკენ სარკესთან მსხდარი შემსრულებლები ისწორებენ გრიმს, ეძებენ ზუსტ განწყობას  და მოთმინებით ელიან საკუთარ რეპლიკას, მაყურებლის თვალწინ გარდასახვის წამს. სცენის სიღრმეში არსებული მრავალფუნქციური მოზრდილი კარი, ფანჯარაცაა და სარკეც. მისი სიღრმიდან შემოდიან პერსონაჟები. მასში ხან მაყურებლის სახეები ირეკლება, ხან  მსახიობების. სცენის მარჯვნივ მოძრავ დანადგარზე მბრუნავი ფარდა შუასაუკუნეობრივი თეატრის სცენას მოგვაგონებს.

         

სპექტაკლის რუხ-ყავისფერში გადაწყვეტილი სცენური პირობითობა, მკვეთრად რომ გამოსახავს დამსხვრეული ძველი თეატრის ხიბლს, სახელოვანი ქართველი მხატვრის მირონ შველიძის ბოლო ნამუშევარია. მხატვარ ნატა კობახიძის მიერ შექმნილ კოსტიუმებში შესამჩნევია ორი დროის ტანდემი. მთელ სპექტაკლს სხვადასხვა სიმძაფრით გასდევს კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის მიერ ზუსტად მიგნებული წარმოდგენის  განწყობის გამომსახველი მუსიკალური პარტიტურა.

        

შენელებული ტემპო-რიტმის მქონე, საკმაოდ ვრცელ, სამ მოქმედებიან სანახაობაში, რეჟისორი ცდილობს მაქსიმალურად გამოავლინოს მისი დასის მსახიობური რესურსი, ასახოს ჩვენი ქაოსური, შფოთიანი, არაპროგნოზირებადი ყოფა. გოგა ბარბაქაძის მიერ განსახიერებული სცენური გმირი სრულიად განსხვავდება ადრეული დადგმებისათვის დამახასიათებელი ათლეტური აღნაგობის გმირი ოტელოსაგან. მისი ოტელო ანუ როგორც  ხშირად მიმართვენ - ოტე..., ეხმიანება ჩვენში დამკვიდრებული სახელის საალერსო ფორმაცვლის ტენდენციას და დეჰეროიზებული სამყაროს ღვიძლი შვილია, ტანმორჩილი, გულწრფელი, მარადიული ღირებულებების ერთგული, მაღალნიჭიერი, რომელიც მისთვისვე გაუცნობიერებლად აღმოჩნდა დეზ-დემონას  ხიბლის ,,მსხვერპლი“.

         

ნატალია ყულოშვილის დეზ... - დემონაც ასევე თანამედროვე ქალის სულისკვეთების გამომსახველი სიცოცხლისმოყვარე, ნაზი, ჰაეროვანი  ახალგაზრდაა. მასაც ისევე, როგორც ოტელოს, უეცრად დაატყდა თავს განუზომელი სასწაული, მისთვის საოცნებო ადამიანის პოვნის  ბედნიერება, დიდ სიყვარულთან ზიარების ჯილდოცა და სასჯელიც. ორივე მსახიობი ნახევარტონებში თამაშობენ მათი სცენური გმირების პორტრეტს, შინაგან მდგომარეობას. დეზდემონას როლის მეორე შემსრულებელი ანი ალადაშვილი, გაცილებით თამამი, მებრძოლი და მკვეთრია თავისი გრძნობების გამოვლენის პროცესში.

          

სპექტაკლის ექსპოზიციურ ნაწილში მაყურებელი ეცნობა შეყვარებულთა უნაზეს ურთიერთობას. შესამჩნევია, რომ მარადიული ღირებულების ფლობის ნიჭმა და მისი დაფასების უნარმა, სრულიად დაანგრია მათი სამომავლო ორიენტირი. ბედნიერების ზენიტში მყოფთ, ლამის ახრჩობთ სიყვარულის, მოზღვავებული  ურთიერთლტოლვის ვნება. გოგა ბარბაქაძის ოტელო, წინაპართაგან შემორჩენილ მცირე ზომის სამემკვიდრო სკივრთან განმარტოებული ასრულებს აღმოსავლურ ლოცვას, ემადლიერება განგებას მისი ღირსების საარაკო დაფასებისთვის, სამუდამოდ ემშვიდობება მარტოსული კაცის თავისუფლებას და ემზადება გაიზიაროს ევროპული ცხოვრების წესი, მისი ტრადიციები. ჰარმონიის, სიყვარულისა და ბედნიერების აპოგეაში მყოფი, ე.წ. კრიტიკული ხედვისათვის დაბინდული გონებისათვის შეუცნობელი ხდება იქვე ჩასაფრებული პოზიტიური გრძნობებისაგან  განძარცვული ტრიქსტერის მოშურნე თვალი, რომელიც სრულ მზაობაშია  აღასრულოს მისი მარადიული ვალი, - თავზარდამცემი სისწრაფით დაამხოს მისთვის საძულველი  სიყვარული.

        

სპექტაკლში გამოკვეთილია ბოროტებისა და ფაშიზმის საფუძველიც, - ეროვნული გამორჩეულობის მოტივი და რასობრივი შეუწყნარებლობის თემა, რაც დასაწყისიდან ფინალამდე გასდევს სპექტაკლს. მსახიობისა და რეჟისორის გააზრებით, აქ აღმოსავლურ ზნე-ჩვეულებათა მონახაზისა და მელოდიათა ციტირების პარალელურად, სპექტაკლი იძენს ცივილიზებულ ადამიანში ველური საწყისის მარად ცოცხალ, უსწრაფესად კვლავაღმოცენების მინიშნებასაც. გოგა ბარბაქაძის მიერ განსახიერებულ, ეჭვებისაგან გონარეულ გმირში, ელვისებურად კვდება საკუთარი ღირსების შეგრძნებით თავდაჯერებული შეყვარებული „მავრი“ და იღვიძებს მისი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა და სირცხვილი - მედიდური, ამპარტავანი, პრაგმატული ვენეციელის მიერ მოტყუებული, დამცირებული დაბალი რასის კომპლექსი, იმავდროულად კი ასაკობრივი ბარიერი. წარმოდგენის მიწურულს მის მიერ შავი საღებავით მოხატული სახე - თვითდამცირების, პრეისტორიულ ხანაში  მისი უეცარი ვარდნის ნიშანიცაა.

     

აპოლონ კუბლაშვილის მიერ განსახიერებული დინჯი, სასტიკი, სარკაზმით აღსავსე, სულისგამყინავი ღიმილის მქონე წვრილთვალება იაგო, რომლის ხმაშიც მუდმივად ჟღერს ბასრი ლითონის ავისმომსწავებელი წკრიალი,  ავსულის უსხეულო ნიღაბს წააგავს. მსახიობი თამაშობს არქაული ხანის „მითოლოგიურ გაიძვერას“ - კეთილ საწყისთან მარადიულად დაპირისპირებულ  დემონურ ორეულს - ტრიქსტერს. ტრიქსტერის ცბიერი, გაქნილი მანიფესტაციების  ბუნებრივი მდგომარეობა ქაოსია, დამანგრეველი ძალაა. იგი ტიპური აგრესორი, მატყუარა, თაღლითია, რომელიც შიგნიდან ანგრევს და ამოაყირავებს წესრიგს. თავად სიცოცხლისადმი მტრულად განწყობილი ეს დისტროფიული სიგამხდრის ცბიერი ვენეციელი, ცდილობს მოსპოს მის ირგვლივ აღმოცენებული სილამაზე, სიყვარული, ყველა ღირებულება. სპექტაკლის მიწურულისათვის, მაყურებლის თვალწინ  ჩამომჯდარი, თითქოსდა ჩამომხმარი იაგოსათვის, მის მარადიულ ორეულთან ბრძოლის გარეშე აზრსა და აზარტს კარგავს მისი არსებობა, უფასურდება  სამყაროც, სადაც არაფერი აღმოჩნდა მყარი, მარადიული. ამიტომაც, ჯერ კიდევ სპექტაკლის პირველი მოქმედების მიწურულს, სავარაუდოდ საკუთარ წარმოსახვაში, უმოწყალოდ დაუშინა მუშტები წიხლქვეშ გაგდებულ მავრს. სპექტაკლის ფინალში კი, „გამარჯვებული“, მოწყენილი, ფუნქციადაკარგული იაგო, თავადვე სთავაზობს ოტელოს მინიატიურულ მახვილს, ე.წ. „გულმოწყალებას“ და მზადაა დაუნანებლად გაშორდეს მიწიერ სიცოცხლეს. სიყვარულის, ბედნიერებისა თუ ნებისმიერი პოზიტიური იმპულსებისადმი მთელი არსებით გაუცხოებული იაგოსათვის, ბოროტება მისი არსია. ამ უსაზღვროდ აქტიური, ენერგიული, საზრიანი არსებისათვის, სხვათა წარმატებული კარიერა, სიყვარული თუ ნებისმიერი მარადიული ღირებულება, მხოლოდ განგაშს, მომაკვდინებელ სულიერ ტკივილს, ნგრევის კონვულსიურ შეტევებს, მოუგერიებელ ტანჯვას აღძრავს. მხოლოდ სატანისტური გულგრილობით, უპატიებელი ტანჯვით ასაჩუქრებს იგი საკუთარ ცოლსაც.

        

მსახიობი თიკო კორძაძე მკვეთრი ფერებით, არტისტულად  გამოსახავს მისი სცენური გმირის სულიერ სილამაზესა და ღირსებებს, ოსტატურად აფართოებს პიესის მეორეხარისხოვანი გმირის არეალს და დასამახსოვრებელ, სისხლსავსე  პორტრეტს ქმნის. მისი სიცოცხლისმოყვარე, ხალისიანი, იუმორით აღსავსე,  სიყვარულისადმი მარად გახსნილი ახალგაზრდა ქალი, გაოცებული ადევნებს თვალს მარად უკმაყოფილო, გულცივ მეწყვილეს და უშედეგოდ ცდილობს მისი გაყინული გულის მოგებას, მისი ყურადღების, თუნდ წამიერი კოცნის  დამსახურებას. 

      

სპექტაკლში რამდენჯერმე თამაშდება მუნდირის მეტაფორა. აპოლონ კუბლაშვილის იაგო მას ფეხქვეშ თელავს თანამდებობრივად აღმატებული უცხოტომელის, საძულველი ოტელოს განადგურების, მის მიერ ვენეციის დიდებულთა შეურაცხყოფის, იაგოს კარიერული ამბიციისა თუ სხვა, გამოგონილ მიზეზთა გამო. მომდევნო სცენაში ანალოგიურ  ამბოხს მიმართავს თიკო კორძაძის ემილიაც. გააფთრებული ქალი ჯერ ფეხით შედგება, ბრაზით ჩაწიხლავს, შემდეგ კი დაუნდობლად გაჯოხავს მისი ქალური ღირსებებისადმი იაგოს უყურადღებობითა და გულგრილობით აღშფოთებული.

      

ლაღი, ხალისიანი ემილიას მიერ მრავალაზროვნად გათამაშდა სცენაზე დეზდემონას საქორწილო კაბის მეტაფორა. თავად ემილიასთვისაც დიდად სანატრელი ფეხმძიმობისა თუ მშობიარობის იმიტაციის შემდეგ, საკიდზე დამაგრებულ დეზდემონას აფრიალებულ თეთრ, სადედოფლო კაბას მსახიობი აფრასავით გაიტაცებს სცენიდან, რაც დღემოკლე სიყვარულის, შეყვარებული წყვილის ტრაგიკული ფინალის, ჰარმონიული ურთიერთობის უსწრაფესი აღსასრულის, მარად მიუწვდომელი, ეფემერული იდილიის სახეს იძენს.   

      

უჩვეულოდ არტისტულია შაკო მირიანაშვილის მიერ განსახიერებული, დეზდემონაზე უგონოდ შეყვარებული, ექსცენტრიკული როდერიგოს სახე. მსახიობი მთელი სხეულით, პლასტიკით, სახისმეტყველებით, თვალებით, ხმის ფიორიტურების ოსტატური ფლობით თამაშობს ახალგაზრდა, მიმნდობი, სხარტი, კომედიანტის გამომსახველობითი ხერხების მქონე ვენეციელის სახეს. ასეთივე წრფელი სიყვარულით, თავგანწირული ერთგულებითაა აღბეჭდილი  სოფო  ლომჯარიას ბიანკას სახე. ჰაეროვანი და  პლასტიკური, სიცოცხლის წყურვილით აღსავსე  ბიანკას ზარივით წკრიალა, ლირიზმით გამთბარ ხმის ტემბრს, დროდადრო კაწრავს მისი რეპუტაციისთვის შეუფერებელი  კასიოსადმი მტანჯველი ეჭვიანობის განცდა. 

      

სპექტაკლში თითქმის არ არის მეორე ხარისხოვანი როლი. რეჟისორმა კომფორტული მიზანსცენები შეთხზა მსახიობებისთვის და გარკვეულ ექსპერიმენტულ პასაჟებსაც მიმართა. ახალგაზრდული ენერგიით, სიცოცხლის, ბედნიერების, სიყვარულის უსაზღვრო წყურვილით აღსავსე, ახოვანი და მომხიბლავი ლაშა გურგენიძის კასიო, რეჟისორმა და მსახიობმა ჯერ იაგოს თვალთახედვით წარმოგვიდგინა დეზდემონასადმი ვნებით გამომთვრალი და საძულველი, შემდგომ კი ვაშლის ხესთან შემალული ოტელოს თვალსაწიერიდან გვიჩვენა „გარყვნილი“ დეზდემონასადმი გამანადგურებელი ცინიზმით ახარხარებული. საკუთარ გრძნობებში ჩაძირული, თავბრუდამხვევი ვნებით რეალობისგან დისტანცირებული ახალგაზრდებისთვის, მოულოდნელი ხდება მოშურნე ბოროტმოქმედის ელვისებური ინსინუაციები.

          

აღსანიშნავია ისიც, რომ შექსპირული პიესის სალექსო ფორმა სპექტაკლში პროზაულად გაჟღერდა. რეჟისორმა შეამცირა პერსონაჟთა რაოდენობა (გრაციანო, ლოდოვიკო, მონტანო და სხვა), ხოლო სენატორთა სათათბირო დარბაზი მამუკა მუმლაძისა და გიორგი ჯიქიას სცენური გმირების სახით წარმოგვიდგინა. მამუკა მუმლაძის მიერ განსახიერებული ამბიციური, მენტორული ბრაბანციო, ვენეციელი სენატორის კლასიკური, კრებსითი სახეა. ძალაუფლებისმოყვარე მამის დიქტატისაგან თავდახსნილი ქალიშვილის ურჩი საქციელით აღშფოთებულ მშობელს, რეჟისორმა სპექტაკლის პირველივე მოქმედებაში გამოუტანა განაჩენი და რისხვისაგან თავზარდაცემული გულის შეტევით გაამგზავრა იმქვეყნიურ სასუფეველში. მამუკა მუმლაძის პრეტენზიული ბრაბანციოს სახით მაყურებელი ეცნობა მშობლიურ გარემოში დეზდემონასათვის დადგენილ კარჩაკეტილ, მკაცრ, მოსაწყენ ყოველდღიურობას.

       

გიორგი ჯიქიას მიერ შექმნილი დიდი მთავრის ნიღაბი რეჟისორმა ვენეციური სახელმწიფოს მაღალი იერარქიული აპარატის მეტაფორად გაიაზრა. შავ მოსასხამში გახვეული, კაპიუშონში შემალული, მუდამ სარკასტული იერის მქონე მსახიობი, სცენაზე ხატავს სარგებლისმოყვარე, მედიდურ ვენეციელს, რომელმაც კარგად უწყის მისი არცთუ უზადო ცხოვრების წესით გამორჩეულ ხელქვეითთა პრაგმატული ცნობიერება, მათი ,,საგმირო საქმენი“, ქვენა გრძნობანი. შესაბამისად, თავადაც მხოლოდ გულგრილად, ძალზე დაგვიანებით, ირონიულად რეაგირებს მათს ე.წ. პრობლემებზე. მიუხედავად იმისა, რომ პიესისეულ ტექსტში  დიდი მთავრისათვის მცირე დროა განკუთვნილი, სპექტაკლში მსახიობი ძირითადად სცენაზეა. გარეშე თვალთაგან უჩინარი, ყველასა და ყველაფერზე ინფორმირებული ვენეციის ეს სახელოვანი, ავტორიტეტული მმართველი, თავისი შემპარავი მოძრაობებით, მისტიკური გამოხედვებით, სარდონიკული ღიმილითა თუ ისარივით გამჭოლი, სუსხიანი  მზერით, თვალს არ აშორებს სცენაზე მიმდინარე მოვლენებს და მხოლოდ ფორმალურად აღასრულებს საკუთარ მოვალეობას.

       

თანამედროვე ეპოქა ძალზე მსუყე ნიადაგია მრავალფუნქციური, კომპლექსური მითის არსებობისთვის, რაც გამოკვეთილია დადგმაში. ერების დისკრიმინაციის პოლიტიკაც კვლავ ძალაშია. სიყვარულს, ჰარმონიულ ურთიერთობებსა თუ სრულყოფილებისკენ ლტოლვასაც  ყველა დროში ჰყავდა მისი ამოყირავებული, მახინჯი ორეული, რაც უჩვეულოდ გამძაფრდა ჩვენს დემონიზირებულ საუკუნეში. როგორც ჩანს, რადიკალური ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის დაგეგმილი, ხოლო როდის შეიძენს სიმტკიცეს მარადიული ღირებულებები, - მხოლოდ  მომავალი გვიჩვენებს.