ოზურგეთის დრამატული თეატრი
ოზურგეთის თეატრის შენობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია საქართველოში. იგი მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. შენობას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურის ძეგლის სტატუსი. არქიტექტორები ვანო ქადიეშვილი, კოტე ჩხეიძე, მოქანდაკეები ც. თოფურიძე, ჯაფარიძე, ჭერის მხატვრობა ა. ქუთათელაძე), არქიტექტურული სტილი ნეოკლაკლასიკური. ჭერზე მხატვრული პანოს არსებობამ განაპირობა ის, რომ ოზურგეთის თეატრს ჭაღი არ აქვს.
ამ გიგანტური ნაგებობის საერთო მოცულობა 43.000 კუბური მეტრია, სიმაღლე 24 მეტრი, დიამეტრი 75 მ x 40 მ, სართულთა რაოდენობა 5, ფართი 4000 მ.2
თეატრს გააჩნია 402 კაციანი მაყურებელთა დარბაზი ორი იარუსით. იარუსები ქართული სტილის ორნამენტებითაა
მოჩუქურთმებული. პარტერი ნახევრად წრიულია, ამფითეატრის პრინციპზე განლაგებული დასაჯდომი ადგილებით. სცენის სიგრძე 15 მ, სიგანე 20 მეტრი, სიმაღლე 18 მეტრი. სცენის შუაში მოთავსებულია 13 მეტრის დიამეტრის მქონე მექანიკური მოძრავი წრე.
შენობის საძირკველი მოპირკეთებულია გრანიტით, გარეკედლები ეკლანის თეთრი ქვით, გადახურულია თუნუქით.თეატრს აქვს დიდი მოცულობის სარდაფი ( 50 მ3).
თეატრის დღევანდელილ შენობა შენდებოდა 1933-61 წლებში. მას შემდეგ მას სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ჩაუტარდა 2016-20 წლებში. რეაბილიტაციის პერიოდში ოზურგეთის თეატრი გურიანთის კულტურის სახლსა და სხვადასხვა ალტერნატიულ გარემოში მართავდა სპექტაკლებს.
დღეისათვის შენობა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, სარეპეტიციო ოთახები, ახალი საგრიმიოროები, რადიო სტუდია რადიო სპექტალების ჩასაწერად, სარეკვიზიციო სათავსოები, ქორეოგრაფიული დარბაზები, ოთახი მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო -სახელოსნოსთვის და სხვა.
შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
სანამ დღევანდელ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში მოხვდებოდა, ოზურგეთის თეატრმა რამდენიმე მდებარეობა შეიცვალა: 1914 წელს კინოსა და თეატრის ცნობილი მოღვაწისა და მეცენატის, ოზურგეთის მკვიდრის გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ოზურგეთში ააგეს კინოთეატრის შენობა 250-კაციანი დარბაზითა და მოძრავი სცენით. ეს იყო ელექტროენერგიით განათებული პირველი შენობა ოზურგეთში.
1920-38 წლებში თეატრი დაბინავდა „ბაღის თეატრში“, რკინის კარკასებითა და მორებით შეჭედილი შენობაში, რომელსაც „ფანერის თეატრი“ შეარქვა ხალხმა. 1938 წლიდან თეატრი გადავიდა ყოფილ სამხედრო შენობაში, პარალელურად, 1933 წლიდან დაწყებული იყო თეატრის დღევანდელი შენობის მშენებლობა.