top of page

ოზურგეთის დრამატული თეატრი

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კერაა.  ამავდროულად, ოზურგეთის თეატრი პირველი და დღემდე ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში.

 

ოზურგეთში სათეატრო ხელოვნების ისტორია მამია V გურიელის (1789-1828 წწ.) სახელს უკავშირდება. პირველი ცნობები წარმოდგენების გამართვის შესახებ, რომელიც ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებშია დაცული, სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა. სხვადასხვა წერილობით წყაროებსა და მოგონებებში ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ,რომ მამია V გურიელმა თავის სასახლეში მოაწყო ევროპული ტიპის სალონი, სადაც უცხოელი და ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებს არა მხოლოდ კითხულობდნენ საჯაროდ, არამედ დგამდნენ სცენებს ცნობილი ნაწარმოებებიდან.

 

გურიაში (ისე როგორც იმ პერიოდის მთელ საქართველოში) და კერძოდ, ოზურგეთში ხშირი იყო საშინაო წარმოდგენების გამართვის შემთხვევები. წარმოდგენებს მართავდნენ კერძო სახლებში, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებში, სკოლისა და საზოგადო საკრებულოს დარბაზებში. სწორედ ამ სცენისმოყვარეთა წრიდან გამოვიდნენ შემდგომში ქართული თეატრის ცნობილი მოღვაწენი, რეჟისორები და მსახიობები: ეველინა და ცეცილია წუწუნავები, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ვასო ურუშაძე, ალექსანდრე წუწუნავა, ატატო ბებურიშვილი და სხვები.

 

ოზურგეთში ქართული თეატრის დაარსების თარიღად 1868 წელს მიიჩნევენ ქართული თეატრის ისტორიის გამოჩენილი მკვლევარები: ვასილ კიკნაძე, გუგული ბუხნიკაშვილი, კოტე ნინიკაშვილი და სხვები. წარმოდგენის გამართვის ფაქტს ადასტურებს გაზეთ „დროებაში“ (N 10; 1868 წ.) გამოქვეყნებული ცნობა: „ოზურგეთში ქართული წარმოდგენა მომხდარა იქაური შკოლის შესაწევნელად. სამწუხაროდ, ამ წარმოდგენაზე აქამდის დაწვრილებით არა ვიცით რა.“

 

1895 წელს სცენისმოყვარეთა წრეს სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე წუწუნავა, შემდგომში ქართული კინოსა და ქართული პროფესიული რეჟისურის ერთ-ერთი ფუძემდებელი  ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ოზურგეთის თეატრი.

 1902 წლიდან დასი ისე გაძლიერდა, რომ ოზურგეთის გარდა გასტროლებსაც მართავდა სხვა ქალაქებში. მას შემდეგ თეატრმა მრავალი შემოქმედებითი  წარმატება იზეიმა. მეოცე საუკუნის ბოლოს გადალახა დიდი სიძნელეები.

 

თეატრი ყოველ ორ წელიწადში  ატარებს ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელობის  საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ფესტივალების მონაწილეა, საიდანაც პრიზებით ბრუნდება.

 

2019 წელს თეატრის ინიციატივით და გასტროლით უკრაინაში, განახლდა ოზურგეთისა და გენიჩესკის მეგობრობა, რომელსაც 1938 წელს დაედო სათავე. 2023 წელს თეატრი 155 წლის იუბილეს იზეიმებს.

bottom of page