არსებობს ნაწარმოები და არსებობენ პერსონაჟები, რომლებსაც ვაღმერთებთ, თუმცა არ ვიცნობთ

არსებობს ნაწარმოები და არსებობენ პერსონაჟები, რომლებსაც ვაღმერთებთ, თუმცა, არ ვიცნობთ…

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

„არსებობს ნაწარმოები და არსებობენ პერსონაჟები, რომლებსაც ვაღმერთებთ, თუმცა, არ ვიცნობთ...“ - ვკითხულობთ ახალი დრამის ფესტივალის 2019 წლის დასკვნითი წარმოდგენის ანოტაციაში. ეს იყო პირველი, შესაძლოა საწყენი, მაგრამ გულწრფელი და ობიექტური სიმართლე, რომელიც პაატა ციკოლიამ გვითხრა შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზში შეკრებილ ფესტივალის მაყურებელს და რომელიც დღეს უჩვეულოდ მრავლად იყო შეფენილი სპორტული დარბაზის ამფითეატრზე.

 

პაატა ციკოლია, ამჯერად, ქართველთა საკულტო ნაწარმოებს, „ვეფხისტყაოსანს“ შეეხო, უფრო სწორად, პოემის ორ ეპიზოდს, ორ ისტორიას, რომელსაც თითქმის არ ვიცნობთ, ან საფუძვლიანად არ გვაქვს გაანალიზებული და შესწავლილი. ვინაიდან პაატა ციკოლიას ახალი ნაწარმოები ორ ისტორიას აერთიანებს, ამიტომაც აქვს მას ორი სათაური:  “ბეჭდის და მოჭრილი თითის ამბავი / წითელი კარვების ამბავი”.

პაატა ციკოლიამ ძველი დრამა ახლებურად, თანამედროვედ და განსხვავებული სათეატრო ენით ააჟღერა, რაც გამოვლინდა არა მხოლოდ ტექსტის თავისებურებაში, არამედ მის ვიზუალურ გადაწყვეტაში.

 

პაატა ციკოლია ეყრდნობა პირველწყაროს და დღევანდელი გადასახედიდან ორ ისტორიაზე (1. ფატმა-ხათუნისა და ავთანდილის ურთიერთობა; 2. ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის ურთიერთობა) მისეულ ვერსიას გვთავაზობს. ტექსტის თეატრის ენაზე გადმოსატანად მას თამრი ოხიკიანი, ანუშკა ჩხეიძე და ნათია ბუნტური დაეხმარა.

 

პაატა ციკოლიამ, როგორც ჩანს რუდუნებით იმუშავა არა მხოლოდ ტექსტზე, არამედ დადგმის ფორმაზე, გამომსახველობით საშუალებებზე, თითოეულ ეპიზოდს, თან ახლდა არა მხოლოდ მსახიობების მიერ შესაშურად უბრალოებით და გულწრფელობით წაკითხული ტექსტი, არამედ მოძრაობა, რომელიც მხატვრული ხერხებითა და ფორმით ახდენდა მის არა პირდაპირ ილუსტრაციას. ორიგინალური, თანამედროვე ტექსტი და ციტატები „ვეფხისტყაოსნიდან“ ერთმანეთის მიყოლებით სრულიად ორგანულად ჟღერდა. ავტორისეული ტექსტი, რომელიც დიალოგის ფორმით არის დაწერილი ქმედითია და დინამიკური, ინტრიგის შემცველია და ორ პოზიციას უპირისპირებს ერთმანეთს. ამ დაპირისპირებაში კი ერთვება მაყურებელი, რადგან მას იზიდავს ინტრიგა, ერთგვარი შოუ. დაპირისპირებულ (ხანაც შეთანხმებულ, ერთ აზრზე მდგარ) პოზიციათა გასამყარებლად კი პაატა ციკოლია პირველწყაროს, რუსთაველის პოემის ციტატებს უხმობს. განსხვავებული პოზიციების პაექრობა გმირთა მონებს, იგივე მოახლეებს მიჰყავთ. სწორედ მათი თვალით არის დანახული ყველა მოვლენა, რომელზედაც პაატა ციკოლია ამახვილებს მაყურებლის ყურადღებას და გაიძულებს ხელახლა მიუბრუნდე ტექსტს და ხელახლა გააანალიზო და შესაბამისად გადააფასო კერპები, მოვლენები, ამბები. მონები (იგივე მოახლეები), რომელიც საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენაა,  ყველაზე ინფორმირებულები და ამიტომაც ყველაზე კომპეტენტურები არიან. ისინი ყველაფერს ხედავენ და ფაქტებზე დაყრდნობით აანალიზებენ პოლიტიკას, მეფეთა და მის მემკვიდრეთა პირადი ცხოვრების დეტალებს...

ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დიალოგი ორ წყვილ მსახიობებს მიჰყავთ. პირველ ამბავს იაკო ჭილაია და გაგა შიშინაშვილი აცოცხლებენ, ხოლო მეორეს, გიორგი წერეთელი და ეთო ალექსიშვილი. მსახიობები გამოირჩეოდნენ უშუალობით, გულწრფელობით, სისადავით. ტექსტისადმი ასეთი მიდგომა კი ბოლომდე რთავდა მაყურებელს წარმოდგენის მსვლელობაში.

 

თუ კარგად გავიხსენებთ რუსთაველის პოემას, მივხვდებით, რომ სათაყვანებელი გმირები დანაშაულსაც სჩადიან, რომლის მოტივი ვნებაცაა და წყურვილიც. ისინი იტყუებიან კიდეც, ერთმანეთს ემუქრებიან. მათი ამბები არც ისე ცოტა ბოროტებას, სისასტიკეს და დაუდევრობას იტევს.

 

პაატა ციკოლია, ჩვენთვის ნაცნობ თემაზე, სრულიად უცნობ ტექსტს და შეხედულებებს გვთავაზობს, რომელიც მის გულდასმით მიყურადებას მოითხოვს, თუმცა სცენაზე პროფესიონალი მსახიობების გარდა დგანან მოცეკვავეები, რომლებიც მოძრაობით ახმოვანებენ ტექსტს და ლამაზ, მეტაფორულად დატვირთულ კომპოზიციებს, იგივე მიზანსცენებს ქმნიან. მათი უმრავლესობა ცალკე აღებული მხატვრული ტილოა. ისე როგორც ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სექსის სცენა, ან საფინალო მიზანსცენა გულების უზარმაზარი გვირგვინით...

 

პაატა ციკოლიამ და თამრი ოხიკიანმა მაქსიმალურად აითვისეს და დატვირთეს მასშტაბური სპორტული დარბაზის არენა. სივრცე თეთრ, მოუხატავ ტილოს გავს, რომელიც წარმოდგენის ბოლოს მრავალფერად შეიღებება და ფერებთან ერთად ასოციაციებსაც აღძრავს, რომელიც დარბაზიდან გამოსულ მაყურებელს მიჰყვება. პირობითი სცენის ბოლოს, ფონად კი განათებული ისარია, მიმართული მარცხნიდან მარჯვნივ, რომელიც არ ვიცით ვის მოხვდება, ან გაისვრის თუ არა საერთოდ. ვიცით რომ ეს სამყარო გარყვნილია და ხმაურიანი, სამაგიეროდ ხშირად არც ვიცით, რომ ვაყალბებთ გრძნობებს.

 

პაატა ციკოლიამ მთლიანად უარი თქვა ტყუილზე, თეატრალურობასა და თამაშზე. წარმოდგენის მსვლელობისას, მასაც არტისტების მსგავსად უნიფორმის მსგავსი კოსტიუმი აცვია, არტისტებივით ფეხშიშველი შედის არენაზე სადაც მოქმედება წარმოებს და მაყურებლის თვალწინ მითითებებს აძლევს არტისტებს. ჩვენ ვხედავთ მას და ის არ იმალება კულისებში...

ფოტო: ვალერი ფესტვენიძე