
პანტ ომიმის თეატრის მომავალი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

24.08.2026
მანანა თევზაძე
პანტომიმის თეატრის მომავალი
დაგვიანებით მომიხდა რამდენიმე ადრე ნანახი სპექტაკლის რეცენზირება, მაგრამ როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
და რადგან გვერდის ავლა არ შემიძლია, დავიწყებ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე დრამის ფაკულტეტის პანტომიმის თეატრის მსახიობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტების წინასადიპლომო სპექტაკლით „კრიმანჭული“.
ეს სახელწოდება ალბათ კარგად ახსოვს მაყურებელს, რადგან ათეული წლების მანძილზე, ამირან შალიკაშვილის „კრიმანჭული“ პანტომიმის თეატრის რეპერტუარის სავიზიტო ბარათი გახლდათ და მასში ამ თეატრის პირველი და შემდგომი თაობის მსახიობები მონაწილეობდნენ ხოლმე.
ამჯერად, სპექტაკლზე, ჩემი მოგვარე - ალექსანდრე თევზაძის მიპატიჟებით მოვხვდი და უნდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულიც დავრჩი. მათ ხელმძღვანელებს ძალ-ღონე არ დაეშურებინათ და სასწავლო პროცესის მანძილზე, მათთვის გვარიანად შეესწავლებინათ ამ რთული ხელოვნების ანბანი, მოძრაობის საგანგებო წესების მთელი სისტემა და სტილი. ახალგაზრდებისათვის არც დრამატული და კომედიური ჟანრი იყო უცხო და ხალისიან თუ სევდიან ნოველებში კარგად იკითხებოდა მათი ურთიერთობები და დამოკიდებულებანი. შეგახსენებთ ამ ნოველებსაც: „სინემა, მეზღვაურები, ფეხბურთი, ცეცხლი, ჭიჭეტურა, ვენახი, კრიმანჭული, ქალის გატაცება“.
სასიამოვნო სანახავი იყო მათი კომედიური ჟესტიკულაცია, მოძრაობები სახუმარო ეპიზოდში „მეზღვაურები“; კარგი პლასტიკა, მუსიკალობა, მოძრაობის საგანგებო ჩვევები გამოარჩევდათ ნოველა „ფეხბურთის“ მონაწილეებს - მზესუმზირის მკვნეტელებს; განსაკუთრებით სახასიათო „ჭიჭეტურა“ იყო, სადაც მოქმედება საქათმეში მომდინარეობდა და საქათმის მკვიდრ მამალთან და ქათმებთან ერთად მელა და ძაღლი მონაწილეობდნენ. ყურადღებას იქცევდა მათი პირობითად გადაწყვეტილი კოსტუმები და რა თქმა უნდა, ზუსტად გამოკვეთილი მოძრაობები, სასაცილო სიარული, ფრთების ფართხუნი...
სრულიად განსხვავებული განწყობილება შემოგვთავაზა ნოველამ „ვენახი“, რომელიც „შენ ხარ ვენახის“ ფონზე მიმდინარეობდა. აქ იყო ტრადიციული ყურძნის კრეფაც, საწნახელში დაწურვაც და ღვინის ქვევრებში გადატანა, შემდეგ კი ქორწილი, ბავშვის დაბადება, თოფის გასროლა და კვლავ თავიდან ყველაფერი... მაგრამ სპექტაკლის მთავარი აღმოჩენა მაინც გურული სიმღერა „კრიმანჭულის“, პლასტიკის, მოძრაობის ენაზე გადატანა იყო. თუ როგორ ჩაგრავენ ხმები კრინის მოძახილს, ის კი თავს არ იჩაგრავს და საბოლოოდ, მთელ სიმღერას კრავს და ამთლიანებს.
ბნელ ღამეში, ჭრიჭინების ჭრიჭინის ფონზე გატაცებულმა ქალმა და გროტესკულმა დატირებამ დაასრულა რამდენიმე ნოველისაგან შემდგარი ეს პანტომიმური კომპოზიცია და დაგვიტოვა სრული განცდა იმისა, რომ პანტომიმის სახელმწიფო თეატრს კარგი სამსახიობო ნაკადი შეემატა.
ჯგუფის ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ ასისტენტ- პროფესორი დავით შალიკაშვილი, ქორეოგრაფი - ნინო ლორთქიფანიძე, ხოლო მონაწილეობდნენ: კატარინა კობერიძე, ქრისტინე კაპანაძე, ნინი გიორგაძე, სალომე ხუროშვილი, დიანა ჯიჯავაძე, ალექსანდრე თევზაძე, გოდვინ თუდები. ნოველიდან ნოველაში ყველა მათგანს გამოარჩევდა შესაშური პლასტიკა, რიტმის გრძნობა, არტისტიზმი და გათამაშებული თემის გროტესკულობის მკვეთრი შეგრძნება.
სადიპლომო სპექტაკლად, ჯგუფმა, შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი“ წარმოადგინა, რომლის დამდგმელი რეჟისორიც დავით შალიკაშვილია, მუსიკალური გაფორმება თემურ რცხილაძეს ეკუთვნის, მხატვარი კი ნინო ფიცხელაურია. თუკი „კრიმანჭული“ ცარიელ სცენაზე მიმდინარეობს და თავიდან მხოლოდ ცალკეული კოსტიუმირებით ვხვდებით მოქმედ გმირთა ვინაობას, „ტიტუს ანდრონიკუსის“ ასევე ცარიელი სცენა დიდმა, ჩუქურთმიანმა ჩარჩომ შეავსო, რომლის მიღმაც, პიესის თითქოს წარსულში მცხოვრები, სტილიზებულ რომაულ ქიტონებში გამოწყობილი გმირები, ჩარჩოს აქეთ, აწმყოში გადმოინაცვლებენ და აქ, დღევანდელობაში აგრძელებენ სიმბოლურ „სისხლისღვრას“.
სპექტაკლის რეჟისორია დავით შალიკაშვილი, ქორეოგრაფი ნინო ლორთქიფანიძე; მონაწილეობდნენ: დიანა ჯიჯავაძე, ალექსანდრე თევზაძე, სალომე ხუროშვილი. კატარინა კობერიძე, გოდვინ თუდები, ქრისტინე კაპანაძე, ნინი გიორგაძე. ამ სპექტაკლით ისინი კრაიოვას შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგნენ და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. შემდეგ იყო პანტომიმის სახელმწიფო თეატრში გამართული პანტომიმის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის სამდღიანი უნიკალური პროგრამა ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მაყურებლისთვის. კვლავ წარმატება და აღიარება.
ბატონი კოტე ნინიკაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში პანტომიმის ჟანრის დამკვიდრება ამირან შალიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. „ამირან შალიკაშვილმა ქართულ კულტურას უსიტყვო ხელოვნება შესძინა, შექმნა ახალი მიმართულება, ეს იყო ახალი სიტყვა დუმილის ხელოვნებაში. მისი ყველა აღიარებული სპექტაკლის მყარი საფუძველი ჩამოქნილი რიტმი, უზუსტესი მოძრაობები, დახვეწილი ჟესტ-მიმიკა იყო. ვირტუოზულად დადგმული მასობრივი სცენები მაყურებელს აოცებდა ვიზუალურ-პლასტიკურ სახიერებით, შინაგანი ვნებით, ქართული ტემპერამენტის გამოვლინებით“. რეპერტუარი კი მართლაც მრავალფეროვანი ჰქონდათ: პლასტიკით გადმოცემული მსოფლიო თუ ქართული პოეზია, რელიგიური წიაღსვლები თუ ისტორიული ხედვები, ქართული ფოლკლორი და „ვეფხისტყაოსანი“... ამ თემებზე შექმნილ სცენიურ ნაწარმოებებს ბატონი ამირანის სრულიად დამოუკიდებელი სტილი გამოარჩევდა, რაც უპირველესად, ხელების საოცრად მეტყველ მოძრაობაში იჩენდა თავს.
პირველი აღიარება თეატრმა 1979 წელს საბერძნეთში მოიპოვა, სადაც პირეისა და ათენის საზღვარზე მდებარე დრამის თეატრის შენობაში ევროპიდეს „ელექტრა“ წარმოადგინეს.
შემდეგი წარმატება თეატრმა, 1982 წელს, საზღვარგარეთული ტურნეს დროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ საარბრიუკენში მოიპოვა, სადაც საქართველო-გერმანიის კულტურული დღეების პროგრამაში იყო ჩართული. 1986 წელს, ბერლინში, პლასტიკური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გამოვიდა, 1987 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში, მსოფლიო პანტომიმის ვარსკვლავთა მონაწილეობით გამართულ დიდ საერთაშორისო ფესტივალზე და 1989 წელს, ჰოლანდიური ორმოც დღიანი გასტროლების დროს.
ქართველი მიმების სახით ევროპამ აღმოაჩინა სრულიად ახალი სამყარო, რომელიც მას ხიბლავდა არა იმდენად ვირტუოზული ტექნიკით, არამედ მათთვის უჩვეულო ეროვნულობით. ასეთმა შეფასებამ და მხარდაჭერამ გარკვეულწილად განსაზღვრა თეატრის მომავლი რეპერტუარი.
ბატონი ამირანის გვერდით ბოლომდე იდგა მისი შთამაგონებელი მუზა, მისი მეუღლე, მისი არტისტი ვაჟების დედა, მსახიობი კირა მებუკე. ჩვენ ერთ დროს ვსწავლობდით თეატრალურ ინსტიტუტში. კირა ბატონი საშა მიქელაძის ჯგუფში ეუფლებოდა სამსახიობო ხელოვნებას და ღრმად დრამატული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. კარგად მახსოვს მის მიერ შესრულებული კატერინა, ოსტროვსკის „ჭექა-ქუხილში“ და ვფიქრობ, სცენამ მისი სახით მშვენიერი დრამატული მსახიობი დაკარგა, სამაგიეროდ, პლასტიკურმა თეატრმა შეიძინა შესანიშნავი აღნაგობისა და ეფექტური გარეგნობის მსახიობი ქალი. კირასა და ამირანის რომანიც ჩვენ თვალწინ დაიწყო და კირას ბრძოლაც კარგად მახსოვს თეატრის შენობის მოსაპოვებლად... თეატრი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ და ისტორიულ ქუჩაზე მდებარეობდა, შოთა რუსთაველის გამზირი #37. ასევე ისტორიულ შენობაში, სადაც ერთ მშვენიერ დროს მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი ბინადრობდა და თავის შესანიშნავ ისტორიას ქმნიდა...
და რა უცნაურია, რომ ამდენი ათეული წლის შემოქმედებითი არსებობის შემდეგ, პანტომიმის თეატრი შენობის გარეშეა დარჩენილი. თუ რატომ, ეს გრძელი ისტორიაა მოსათხრობად.
ამდენი რამ გამახსენა ერთმა სტუდენტურმა სპექტაკლმა და კიდევ იმან, რომ პანტომიმის თეატრს ამირან შალიკაშვილის ვაჟები ხელმძღვანელობენ - დათო შალიკაშვილი და უმცროსი ამირან შალიკაშვილი, რომელიც სულ ახლახანს ბელგრადში, სერბეთში, მსოფლიო მიმების პირველ პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული და საზოგადოების წინაშე ქართული პანტომიმის წარმატებასა და განვითარებაზე ისაუბრა.
დათო შალიკაშვილს კი ახალგაზრდები დაოსტატების რთული გზით მიჰყავს, რათა სწავლის პროცესის დასრულებისთვის მზად იყვნენ თეატრში ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობისთვის.
2025 წელს ქართული პანტომიმის სახელმწიფო თეატრი 60 წლის გახდა. საიუბილეო წელს დაგეგმილი იყო თეატრის შენობის მშენებლობის დასრულება და თეატრისათვის ამირან შალიკაშვილის სახელის მინიჭება.