top of page

პათეტიკისა და სიყალბის მორიგი „რიმეიქი“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258753305_4249024631893949_5187110037315245290_n.jpeg

ანი ცხვედაძე

პათეტიკისა და სიყალბის მორიგი „რიმეიქი“


რეჟისურა და სამსახიობო ხელოვნება არის ზედმიწევნით სპეციფიკური საშემსრულებლო აქტი, ამდენად, თავის მხრივ უნიკალურობის კონოტაციასაც დელიკატურად მოიცავს... მე ვფიქრობ, თუკი ბუნებრივი უნარი არ გაქვს რეჟისურის ენიგმატურ ლაბირინთებს შეეჭიდო, ან კიდევ სამსახიობო ოსტატობის პრეციოზულობას ფეხი აუწყო ჰაეროვნად თან ბრუტალურად... ან კიდევ, თუ მაყურებლის ნერვს არ აატოკებს არცერთი წამით საშემსრულებლო აქტი - რეჟისორისა და მსახიობის ერთობლივი, კონვენციური ნამოქმედარი, არ გააცინებს მაყურებელს და არც აატირებს, ან კიდევ, ჰედონიზმს (თუნდაც, მინიმალური დოზით!) არ გამოიწვევს... ფაქტობრივად, როცა რამენაირი რეაქციის პროვოცირების წარმოშობა არ მოხდება, მაშინ „ხელოვნების კეთების აუცილებლობა“ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა! (ჩემი აზრით.)

სამწუხაროდ, ვერც ახალგაზრდა თაობის რეჟისორების უმრავლესობა გაექცა - მანერულობას; პათეტიკასა და არასწორ ინტონაციურ ჟღერადობას, აგერ უკვე მრავალი წელია რომ არსებობს ქართულ თეატრში!..


ჩემი დაკვირვებით, ცუდ რეჟისორს ძალუძს (პირობითად ავიღოთ:) კარგი მსახიობის დევალვირება საშემსრულებლო ნაწარმოებით და პირიქით, კარგ რეჟისორს აუღელვებლად შეუძლია ცუდ მსახიობს ნაკლებად გამაღიზიანებელ რაკურსში შეუქმნას ნიღაბი და ეს მაყურებელმა აიტანოს.


მაგრამ, არსებობენ „მესამე კატეგორიის“ მსახიობებიც, რომელთა მადლცხებულ „ნიჭიერებას“ „კარგი რეჟისორობის“ ძალმომრეობაც ვერ უშველის, სამწუხაროდ!

შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა ჰენრიკ იბსენის დრამა „ჰედა გაბლერი“ წარუდგინა მაყურებელს. მხატვარი-ბარბარა ასლამაზი; მუსიკალუირი გამფორმებელი - თათა პოპიაშვილი; ტექსტის ადაპტაციის ავტორი-გურამ ღონღაძე.


რასაკვირველია, არ მოვყვები ბელეტრისტიკას იმის შესახებ, თუ ვინ, რა დროს, რამდენჯერ განახორციელა ზემო ხსენებული პიესის სცენური და ეკრანული ადაპტაცია. არც შინაარსის ქრონოლოგიურ წყებას მოვყვები - პერსონაჟების დახასიათებებითა და სხვა, რადგან, მგონია
რომ ეს სულ არაა კრიტიკის ცენტრალური ფუნქცია-ვალდებულება. პირიქით, შინაარსის მშრალი თხრობა, არათუ მოსაწყენი და აუტანელია თანამედროვე მკითხველისთვის, ამავე დროს მსუყე ანაქრონიზმიცაა! 


მცირე სინოფსისით კი, ჩვენ ფოკუსში ამჟამად მოქცეული იბსენის პიესა - „ჰედა გაბლერი“ ფსიქოლოგიურად არალინეარულ, გაუწონასწორებელ ფატალურ და ცბიერ ქალზეა, რომელიც მანიპულირებს რამდენიმე კაცის ცხოვრებაზე...


ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმულ ვერსიაში, ფაქტობრივად, ყველა ხასიათი, შტრიხი, მიზანსცენა ბუნდოვანებისა და გაუგებრობის ბურუსშია გახვეული. მაყურებლამდე, პრაქტიკულად ვერცერთ გმირს ვერ მოაქვს სპექტაკლის ფუნდამენტური იდეა, პრობლემატიკა და არსი. მათ შორის, ცენტრალური ფიგურის ჰედა გაბლერის „კარდიოგრამაც“ უმოტივოდ არის ნაჩვენები. თუკი, ჰედა მიზანმიმართულად ინერტული და გააზრებულად ქედმაღალია, ეს არ ჩანს! განიცდის და ესმის თავისი გმირის ვნებათაღელვის პერიპეტიებს?! არც ეს ჩანს. უმეტესად, სცენიდან გვესმის დაუფარავი პათეტიკა, რომელმაც მე, როგორც რიგით მაყურებელს დიდი უხერხულობა მაგრძნობინა და სხვა არაფერი. ასევე, გვესმის დისონანსური ინტონაციური ჟღერადობა მსახიობების პერიოდული არტიკულირებისას, რომელიც არაა მაყურებლის ყოველდღიურობის ნაწილი, რადგან აშკარა პათეტიკა ნარევი ინტონაციებია და მაყურებელი აქაც ინერტულია, იმიტომ რომ, ვერაფერს ცნობს!


სწორ ინტონირებას საშემსრულებლო-დრამატულ ხელოვნებაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უჭირავს, როცა მოქმედი გმირები {დინამიკურ და ტონურ მახვილებს} არასწორ რეგისტრში სვამენ, ხოლო რეჟისორი - ამგვარი სახით გვთავაზობს ლინგვისტურ ჟღერადობას, ჩემი მოსაზრებით, იქ ამბის, კონკრეტული „ინტენსიური“ სათქმელის ფრუსტრირებული დეკონსტრუირება გარდაუვალია!


ამ დროს, დიდწილად საშემსრულებლო აქტი დისბალანსური ვექტორისკენ მიემართება და იკარგება ამბის მთავარი არსი, ამოცანა და წამოჭრილი პრობლემატიკის მნიშვნელოვნება...
მაშინ როცა, ფუნდამენტური ნარატივის პრეზენტირებას ყოველი დეტალი, რეკვიზიტი, მუსიკალური აკომპანირება, ცალკეული პერსონაჟების მიზანსცენები უნდა (უხეშად რომ ვთქვა!) ემსახურებოდეს!..

თეა ელსტვედის გმირს (ლელა ახალაია) აკლია სიმტკიცე სათქმელის გამოხატვის თვალსაზრისით, ზუსტად ისე, როგორც დანარჩენ მოქმედ პერსონაჟებს: იქნება ეს, ასესორი ბრაკი (მალხაზ ქვრივიშვილი); მწერალი აილერტ ლევბორგი (ლაშა ჯუხარაშვილი); თუ დარეჯან ხარშილაძის (მამიდა იულია) ეპიზოდური როლი სპექტაკლის დასაწყისში - გადაჭარბებული პათეტიკა, რომ ფარავს მისი გმირის სათქმელის სიღრმეს!


ფაქტობრივად, თითქმის ყველა ფლეგმატურია ინდივიდუალური ამოცანის წარმოჩენისა და განხორციელების გზაზე...


რაც შეეხება, ჰედა გაბლერს, რომელიც ერთგვარი მამოძრავებელი ღერძი უნდა ყოფილიყო დრამის სტრუქტურული ნაწილის, მით უფრო, როცა საუბარია ტრადიციული კონფიგურაციის მქონე დრამატულ წარმოდგენაზე, როდესაც პერსონაჟი უნდა იყოს არა „შუამავალი“ - ერთგვარი გამტარი მედიუმი, არამედ თავად პირველ პირში უნდა რეფლექსირებდეს თავისი პერსონის ირგვლივ წარმოქმნილ ამბავს. ვინაიდან ეს „გმირი“ ახლა თავად არის, და არა ხაზგასმით „ვიღაც სხვა“.    


მსგავს მომენტში, სიცხადე აუცილებელია - „სათქმელის“ მაყურებლამდე (ჩვენამდე) მოტანის პროცესში, ამბის დაწყების წამიდან - დასასრულამდე.


ია სუხიტაშვილის ჰედასაც აკლია სიმყარე, გაბედულება, ის ცინიკური და აროგანტული პათოსი, ჟესტიკულაციასა და ვერბალურ ასპექტში, როგორც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული. (ამის მცდელობებია მხოლოდ იონქრად გამოკვეთილი!)
ჰედა გაბლერის ქმარი იორგენ ტესმანი (ბაჩო ჩაჩიბაია), სხვებთან შედარებით ოპტიმალურად ირგებს გმირის სამყაროს, რადგან, ჩანს რომ, მას ესმის იმ კონკრეტული ინდივიდისადმი (რომელსაც ასრულებს) განკუთვნილი ფუნქცია-ხასიათი-შინაგანი მდგომარეობა და შემდეგ ახდენს ამ მდგომარეობისა და მსოფლმხედველობრივი პლასტის ადეკვატურ დემონსტრირებას სხვა გმირებთან პაექრობისა და თანაარსებობის პროცესში.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ, სახელდობრ, არა-პოსტ-დრამატულ კონფიგურაციაში, დასახული ამოცანის მკაფიოობა, რომ მაყურებელი არ დარჩეს გასაოცრად ინერტულ კონდიციაში პარტერიდან გასვლის შემდეგ... თუმცაღა, ამ მიზანსაც, {გასაოცარი ინერტულობის} მიღწევასაც შესაძლოა ისახავდეს შემოქმედებითი გუნდი, აბსოლუტურად უნებლიეთ.            

bottom of page