
პეპელა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

11.11.2025
ლუკა გოჯორაშვილი
პეპელა
“პეპელა მიგვანიშნებს, რომ ცვლილება შეიძლება იყოს
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,
რაც გვემართება.”
ბრბოს ეშინია თავისუფალი და გამბედავი ადამიანების. ეშინია ცვლილების და უმცირესობებს საზოგადოებიდან უსამართლოდ რიყავს.სწორედ ამ თემებს ეხება ალექს ჩიღვინაძის პიესა “უხერხემლო”, რომელიც იოანე ხუციშვილმა თუმანიშვილის სცენაზე წარმოგვიდგინა.
სცენოგრაფია (გიორგი გორგიაშვილი) საკმაოდ ყოფითი და პირობითია, მარჯვენა მხარეს არის სამზარეულო, მარცხნივ შემოსასვლელი კარი, ხოლო შუაში მისაღები ოთახია. სცენის სიღრმეში ფუტკრების სკებია განლაგებული და მათივე მოვლით იწყება პირველი ეპიზოდი, თუმცა პერსონაჟებს ამის შემდეგ ვეცნობით.
სპექტაკლის დასაწყისს რეჟისორი გვიჩვენებს მართას და მამიას, რომლებიც სოფლური ყოველდღიურობის რუტინაში არიან, მაგრამ ეს დღე მათთვის განსხვავებულია, ვინაიდან მათ თავს უბედურება დაატყდათ.ამას მაყურებელი მაშინ ხვდება, როდესაც მართა სარკეს ნაჭერს ჩამოაფარებს. ამის შემდეგ მკვდარსაც მარტივად ვამჩნევთ და უკვე გვებადება კითხვები, თუ რატომ არაა გლოვა და ხალხის მიმოსვლა სახლში. ნელ-ნელა იმასაც ვხვდებით, რომ ისინი გარდაცვლილის მშობლები არიან.გარდაცვლილი ლევანის, რომლის ნივთებშიც ვარდისფერი ჩანთა და დედის ფოტოა შენახული. ნელ-ნელა გასაგები ხდება, რატომ არ გლოვობს არავინ, ის ხომ განსხვავებული ბიჭი იყო. ის რეალურად სულაც არ იყო ბიჭი და არც ლევანი ერქვა, მისი სახელი იყო ელა.
დედის - მართას როლს ნინელი ჭანკვეტაძე ასრულებს. მსახიობს ხმის ტემბრიც, სიარულის მანერაც და ხასიათიც იმდენად კარგად აქვს ათვისებული, რომ სრულიად ბუნებრივ შეგრძენებას ტოვებს. ის სპექტაკლის განმავლობაში გვაცნობს პერსონაჟის ხასიათის სიღრმეს და იმ თვითგვემას გვანახებს, რომელსაც განიცდის დედა, რომელმაც საკუთარი შვილი ვერ დაიცვა. ის თავადაც აცნობიერებს საზოგადოების სისასტიკეს და ცდილობს, რომ თავიდან ამ ყველაფერს მოერგოს. მისასამძიმრებლად სოფლიდან თითქმის არავინ მიდის, არ მიდიან იმ მშობლებთან, რომლების შვილიც მათ თვალწინ გაიზარდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იღებენ მის იდენტობას. ელას მეგობრების მოსვლის შემდეგ, რომლის როლებსაც ნუცა სულაბერიძე და გივი ბალანჩივაძე ასრულებენ იწყება ყველა პერსონაჟის ემოციისა და შინაგანი ტკივილის გარეთ გადმოტანა სხვადასხვა გზით და ეს ყველაფერი ნინელი ჭანკვეტაძის სულისგამყინავი კივილნარევი ტირილით იწყება.
რეჟისორი სპექტაკლის განმავლობაში არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ყოველი შემდეგი სცენა უფრო მძიმე საყურებელი ხდება. ბოლო სცენამდე გვრჩება კითხვა მიიღებენ თუ არა მშობლები შვილს ისეთს, როგორიც რეალურად იყო. მართას უფრო მეტად ეტყობა შვილის მიმართ ემპათიის გრძნობა, თუმცა კვლავ აგრძელებს მის ბიჭად ხსენებას, ხოლო მამია(მამა), რომლის როლსაც გოგა პიპინაშვილი ასრულებს, საკუთარ თავს ადანაშაულებს შვილის ტრანსგენდერობაში. ის ფიქრობს, რომ შვილისთვის ცუდი კაცის მაგალითი იყო და ამან მიიყვანა ლევანი/ელა კაცად ყოფნის ზიზღამდე, თუმცა კვლავ ვერ აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ პატარა ბიძგი შეიძლება ყოფილიყო და არა მთავარი მიზეზი. გოგა პიპინაშვილი თითოეულ ჩახველებას, საჭმლის ჭამასა და დალევასაც კი პერსონაჟის ხასიათს არგებს, ხოლო მარტო დარჩენილი შვილის გვამთან იმდენად მძიმე ემოციურ სცენას წარმოგვიდგენს, რომ დათრგუნვის მიუხედავად სურვილი გაქვს უფრო ბევრჯერ ნახო მსახიობის ოსტატური შესრულება. მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ხალხისა და საკუთარი პრინციპები, რომ მკვდარ ელასაც ვერ იღებს და მას გრძელ, ლამაზ თმას ჭრის, რადგან სურს როგორც ბიჭი ისე დაკრძალოს.
ელას შეყვარებულის როლს - დანიელს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გივი ბალანჩივაძე ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში თავიდანვე არ ჟღერდება ის რა სტატუსს ატარებდა ელას ცხოვრებაში, მსახიობის შესრულებაში იკითხება, რომ მან შეყვარებული დაკარგა. დანიელი ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭია, რომელსაც სურს გარდაცვლილს პატივი მიაგოს და გამოიგლოვოს. მეორე მეგობარს, პროფესიით რეჟისორ ნინოს, აშკარად დანიელის მიმართ ვნება ამოძრავებს და სურს მისი “მძიმე ჟამს” მოხიბვლა. ნუცა სულაბერიძის მიერ შესრულებულ ნინოს საკმაოდ ცუდი მანერები აქვს და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის თითქოს სხვებზე უკეთესია, რადგან ელა არ გარიყა, მაგრამ რეალურად ისიც მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის იყენებდა მას, რათა თავისი ფილმები მეტად ყურებადი გამხდარიყო. საზოგადოებაში ხომ მსგავსად სენსიტიური და გამაღიზიანებელი თემები მალე ვრცელდება.
შეუძლებელია არ აღინიშნოს ნინელი ჭანკვეტაძის ცალკეული მონოლოგი. ამ ეპიზოდში ამჟღავნებს, რომ რეალურად ის მზად იყო მიეღო ელა ისეთი, როგორადაც თავს მიიჩნევდა. მსახიობი იხსენებს წარსულს და გამოხატავს საკუთრი თავის მიმართ განცდილ სევდასა და აგრესიას, რადგან მან ვერ შეძლო რეალობისთვის ბოლომდე გაესწორებინა თვალი.სწორედ ამ დროს აღმოაჩენს მკვდარი შვილის სხეულზე ამოსვირინგებულ პეპელას, რომლის ცხოვრების ციკლიც (დაბადება, ცვლილება და ხანმოკლე დროში სიკვდილი) ტრაგიკულად ემთხვევა ელას ცხოვრებას. ამ დროს გადაწყვეტს მართა შვილს კაბა ჩააცვას და ისე დაკრძალოს, ხოლო საბოლოოდ მამიაც მას დაეთანხმება. მშობლების მხრიდან თითქოს დადებითად აღიქმება ეს ჟესტი, მაგრამ უკვე გვიანია. მათ მოუსწრაფეს საკუთარ შვილს სიცოცხლე, მთელმა სოფელმა და ქვეყანამ მოკლა ელა. ეს არ იყო მხოლოდ ცალკეული ინდივდების ბრალეულობა და ეს პასუხისმგებლობა ყველაზე ვრცელდება. მშობლებზეც, რომლებმაც იძულებული გახადეს სახლიდან წასულიყო და აღარც მოუკითხავთ, სოფელმა, რომელმაც ფული ააგროვა მისი წასვლისთვის და საზოგადოებიდან გარიყა და მთელმა ქეყანამ, რომელმაც უმცირესობების ზიზღი დათესა.
საბოლოოდ მღვდელიც, რომლის როლსაც გიორგი ჩაჩანიძე ასრულებს და ელას ბავშვობის მეგობრის მამაა, პანაშვიდს გადაუხდის და სასაფლაოზეც მისცემს ადგილს, თუმცა ეს ჰუმანური აქტი რეალობაში საკმაოდ იშვიათია.
საბოლოო ჯამში, სპექტაკლი დატვირთულია რთული, მრავალშრიანი პერსონაჟებითა და მძიმე სცენებით. მთელი ეს დრო ერთ ამოსუნთქვაში გადის და საკმაოდ დიდხანს მოგყვება ის ემოცია, რომლის გადმოცემაც ასე კარგად შეძლეს რეჟისორმა და მსახიობებმა (ტექნიკური რეჟისორი - სოფო ორჯონიკიძე, მუსიკალური გაფორმება - გიორგი ჯიქია).