
პერსე ფონე - სადაც სინათლეს ვავიწყდები
.jpeg)
24.06.2026
სტატია მომზადებულია ეროვნული სასახლის
თეატრის მოყვარულთა კურსის ფარგლებში
თეკლა ბოჭორიშვილი
პერსეფონე - სადაც სინათლეს ვავიწყდები
,,პირველი სცენა, პირველი კაცი, პირველი კოცნა…”
,,პერსეფონე (სადაც სინათლეს ვავიწყდები)“ არის მსახიობ ანასტასია ჭანტურაიას სადებიუტო, საავტორო ნამუშევარი, რომელიც ეფუძნება ცხოვრების კვლევით პროცესს.
სპექტაკლში მონაწილეობს სამი მსახიობი, ლუკა ჯაფარიძე, გივიკო ბარათაშვილი და თვით რეჟისორი, ანასტასია ჭანტურაია. მსახიობები განასახიერებენ ადამიანებს, რომლებიც წარსული ტრავმებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პრობლემებს ებრძვიან.
სპექტაკლი დაიდგა თეატრ ,,ჰარაკში”, მისი პრემიერა წარმატებით შედგა 2025 წლის 12 დეკემბერს.
ყურადღება ძირითადად გამახვილებულია ქალის პრობლემებზე, ძირითადი საუბარი ანასტასია ჭანტურაიას პერსონაჟს მიჰყავს და საუბრობს ყველა ქალის პრობლემაზე, მამის დანაკლისზე ცხოვრებაში და ბიჭების გავლენაზე.
დარბაზში შესვლისთანავე მსახიობები მაყურებელს სცენაზე ხვდებიან. მთელ სცენაზე გადაფარებულია წითელი ნაჭერი, სცენაზე დგას ერთი მაგიდა, სამი სკამი, საწოლი და ასევე შეუმჩნევლად დევს დიდი წითელი კაბა, რომელიც სპექტაკლის ბოლოს სწორდება, თითქოს ,,ფეხზე დგება” და მუსიკის ფონზე მოძრაობას იწყებს.
მსახიობებსაც წითელი მოსასხამები აქვთ მოსხმული, ანასტასიას კი წითელი კაბა აცვია. დასაწყისში ლუკა ჯაფარიძე და გივიკო ბარათაშვილი მაგიდასთან სხედან, მზერით მაყურებლისკენ, ანასტასია მათგან ცოტა წინ, თვალებდახუჭული, ემბრიონის პოზაში წევს.
მოქმედება საკმაოდ უცნაურად იწყება,
თითქოს აცდენილია სპექტაკლის შინაარს, მსახიობები რობოტულად მოძრაობენ და თითქოს ლუკა და გივიკო, ანასტასიას გამო ჩხუბობენ. მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ასეთი მომენტი სიტუაციის განსამუხტადაა. ყველა მონოლოგის შემდეგ, მსახიობები ან ცეკვავენ, ან მოძრაობენ, ანდაც მღერიან და მაყურებელს გონებას უფანტავენ. სპექტაკლი სავსეა მძიმე და სევდიანი მომენტებით, მაგრამ მას მოსდევს სახალისო ეპიზოდები, რომელიც ანეიტრალებს კონკრეტული სცენისგან გამოწვეულ ემოციას.
სპექტაკლის მსვლელობის დროს მსახიობთა ჩაცმულობა რამდენჯერმე იცვლება. ანასტასიას პერსონაჟი წითელ კაბას იხდის და თეთრ კაბას იცვამს, ფერადი ბრჭყვიალა ლენტები აქვს წელზე შემოკრული ქამარივით, ცალ ფეხზე თეთრი ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მეორეზე კი - შავი. შემდეგ გივიკოს და ლუკას პერსონაჟებიც იცვლიან იმიჯს, გივიკო ბარათაშვილი სპორტული ტანსაცმლით, ლუკა ჯაფარიძე კი, შავი პერანგით და შარვლით გვევლინება. კოსტიუმების ცვლილება შემდგომშიც ხდება - ამ სამოსის შემდეგ, ანასტასია ჭანტურაია კანისფერი, ტანზე მომდგარი კომბინეზონით, ბიჭები კი კანისფერი, ასევე ტანზე მომდგარი შარვლებით წარმოდგებიან სცენაზე.
ავტორი ცდილობს გაარკვიოს თუ რა გავლენა აქვს ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას, ემოციურ აღქმასა და ქალად ჩამოყალიბების პროცესს.
სპექტაკლი ინტერპრეტაციას უკეთებს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან ცნობილ პერსეფონეს ისტორიას. ბერძნულ მითოლოგიაში პერსეფონე მიწისქვეშეთის დედოფლად არის ცნობილი, იგი მარტო სეირნობდა ყვავილებით მოფენილ მინდორში, როდესაც მიცვალებულთა მბრძანებელმა, ჰადესმა მოიტაცა და გამოკეტა იგი მიწისქვეშეთში.
პერსეფონეს იმედი ჰქონდა, რომ მის გადასარჩენად მისი მამა, ზევსი მივიდოდა, მოძებნიდა და სახლში წამოიყვანდა, თუმცა იგი არ გამოჩნდა და პერსეფონე იმედგაცრუებული დარჩა მიწისქვეშეთში.
ამ მითის თანამედროვე გააზრების მცდელობაში გაერთიანებული თემებია: მოულოდნელად წართმეული ბავშვობა, ყმაწვილობა, სექსუალური ძალადობა, შინაგანი ტრანსფორმაცია და საკუთარ თვითმყოფადობაში დაბრუნება.
პერსეფონეს მიწისქვეშა დედოფლად გარდაქმნა გაიგივებულია ქალად შედგომის მტკივნეულ პროცესთან.
სპექტაკლი თანამედროვე მხატვრული ხერხებითაა შექმნილი და, სამწუხაროდ, ყველა ნახსენები თემა დღესაც ძალიან აქტუალურია.
ანასტასია ჭანტურაიას პერსონაჟი (პერსეფონე) უმეტეს შემთხვევაში მაყურებელს ესაუბრება, პირდაპირ მიმართავს, მისი ხმის ტემბრი, სახის გამომეტყველება და საუბრის მანერა კარგად ერწყმის პერსეფონეს როლს, იგი მაყურებელს თვალს არ აშორებს და თამამად ესაუბრება ინტიმურ და მტკივნეულ თემებზე.
ის ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა - შეცდომების დამალვა, საკუთარი თავის დანახვა, ჩვენს მიწისქვეშეთში ჩასვლა და ა.შ. მსახიობი ამბობს, რომ არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი თავის დანახვის.
ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს გივიკო ბარათაშვილის და ლუკა ჯაფარიძის შესრულება. ისინი საკმაოდ კარგად გამოხატავენ მანიპულატორ და მესაკუთრე ბიჭებს, თუმცა არ განასახიერებენ ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ისინი დაბნეულები არიან გოგოს უცნაური საქციელებით, ცდილობენ გაუგონ, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში, ქალში მხოლოდ სიამოვნების მიღების გზას ხედავენ.
საბოლოოდ, მსახიობები უბრუნდებიან საწყისს ადგილებს, მანამდე კი ანასტასია ჰყვება ჰადესის და პერსეფონეს ისტორიას, - რომ ჰადესს პერსეფონე ნანახიც კი არ ჰყავდა და ისე შეიყვარა იგი. ამბის დასასრულს მაყურებელს უსვამს კითხვას, „შეიყვარებდით ისე, რომ ნანახი არ გყავდეთ?“
შემდეგ, ანასტასია ისევ ემბრიონის პოზაში წვება, ტირის და სიმღერით იმეორებს ამ სიტყვებს - ,,არ შემოგხედავს შეყვარებული, ისე წაგიყვანს, ისე წაგიყვანს...”
დადგმაში გამოყენებულია გვანცა ენუქიძის მუსიკა, რომელიც თანხვედრაშია სპექტაკლის მიმდინარეობასთან და უფრო მეტად მოქმედებს ადამიანის ემოციურ ჩართულობაზე სპექტაკლში.
ჩემი აზრით, ესაა სპექტაკლი, რომელიც უნდა ნახოს ყველამ და განსაკუთრებით კი ქალებმა. ამ წარმოდგენაში ასახული თემები და პრობლემები რაღაც ასპექტში აუცილებლად შეგეხება, დაგაფიქრებს საკუთარ ცხოვრებაზე, დაშვებულ შეცდომებზე, დაგტოვებს მარტო საკუთარ თავთან და მიგახვედრებს, რომ ბევრ საკითხში მარტო არ ხარ.