top of page

პერსეფონე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

88210413-a3b6-4879-b5ab-f0fb9edcabd0.jpeg

12.02.2026

თამთა ქაჯაია

პერსეფონე

„ჩვენს ეპოქაში, როცა ენები აღრეულია,

როგორც ბაბილონის გოდოლში, ხოლო

 ესთეტიკური ჟანრები ერთმანეთს უთავბოლოდ ერწყმის,

სიკვდილი ემუქრება თეატრს“.

ეუჯენიო ბარბა

 

 

ჰარაკი - დამოუკიდებელი, კერძო კომპანიაა სადაც მრავალი საინტერესო სპექტაკლი თუ ექსპერიმენტი განხორცილებულა, დღეს დღეობით კი ერთ-ერთი წამყვანი სახელოვნებო სივრცეა. სწორედ ამ სივრცეში დაიბადა გიორგი ჯამბურიას „ბერსერკების“ ციკლი, რომელიც ახალი სიტყვა აღმოჩნდა ქართულ სათეატრო სივრცეში, ასევე, სანდრო კალანდაძის  - „ჰამლეტი“, „ჰა“ და ილია ქორქაშვილის „პათეტიკური მონოლოგები“.

ბოლო პრემიერა - „პერსეფონე“ (სადაც სინათლეს ვავიწყდები).

რეჟისორი და ტექსტის ავტორი  მსახიობი ანასტასია ჭანტურაიაა, რომლის პროექტის მხარდამჭერი გაეროს მოსახლეობის ფონდი გახლავთ.  შემოქმდებით ჯგუფში ასევე მისი პარტნიორები გივიკო ბარათაშვილი და ნიკა ჯაფარიძეა.  სცენოგრაფი: თამარ ნადირაძე, კოსტიუმების მხატვარი: თინათინ კვინიკაძე, კომპოზიტორი: GABISKIRIAMALIA, ხმა: ლიზა ძაგანია, საბა ფადიურაშვილი.

 ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი სივრცეები წარმოადგენენ დღევანდელი სათეატრო ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს; იქ იქმნება ის ღირებული პროდუქტი რასაც ერთდროულად თვითგადარჩენა და შემოქმედებითი ძიება ჰქვია,  რადგან მათ არ გააჩნიათ (სახელმწიფო თეატრებისგან განსხვავებით) მუდმივი საშტატო და სადადგმო ფინანსები. მათი არსებობა ყოველდღიურად ბრძოლას წარმოადგენს. შესაბამისად, მუდმივად უწევთ ფიქრი (გარდა შემოქმედებისა) როგორ, რანაირად მოიზიდონ მაყურებელი, შეაქვთ სხვადასხვა ორგანიზაციებში პროექტები და მუდმივად   მატერიალური რესუსრის ძიებაში არიან. 

ვერ გეტყვით დამთხვევაა თუ ტენდეციად ყალიბდება, მაგრამ ფაქტია ათონელის თეატრში „ფიწალი დისნეი“  და ჰარაკში „პერსიფონე“ - ორივე სპექტაკლი მსახიობების შექმნილია, ასევე, ორივე წარმოდგენაში ორი მამაკაცი და ერთი ქალი მონაწილეობს, თუმცა სხვაობა დიდი აქვთ - სათქმელი. სანამ სპექტაკლის სათქმელს მივუბრუნდები იქამდე მინდა შევეხო წარმოდგენის კონცეფციას, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი აღმოჩნდა. ვერაფრით დავაკავშირე ერთმანეთთან სპექტაკლის სახელწოდება ასე ვთქვათ „სიუჟეტთან“ (რადგან იგი არ არსებობს). სიუჟეტი, რომელიც არ ვითარდება, ერთიდაიგივე ადგილის ტკეპნას ჰგავს, რამდენიმეჯერ გამეორებული წინადადებები, დაუმთავრებელი ბილწსიტყვაობა და სექსუალური აქტის გაშიფრვა შაბლონური, გაცვეთილი და ბანალურია.  არ ვეწინაარმდეგები არანაირ სიახლეს, მითუმეტეს ექსპერიმენტებს, პირიქით, თუმცა, როდესაც ამბავი არ არსებობს, წარმოდგენა არაფრის მთქმელი ხდება. მაგალითად, გიორგი ჯამბურიას ბერსერკები II: მზიანი მხარე  ოთხსაათიანი წარმოდგენაა, იქაც ვხედავთ პარალელურად, ფრაგმენტულად ჩართულ ტექსტებს, რომელიც ხერხად აქვს გამოყენებული რეჟისორს, შესაბამისად არ გღლის, რადგან ამ ყოველივეს ერთვის ფორმა და შინაარსი, ასევე სამსახიობიო ტექნიკა და შერსულება.

სპექტაკლის ანოტაციაში ვკითხულობთ: „პერსეფონე (სადაც სინათლეს ვავიწყდები) არის ანასტასია ჭანტურაიას სადებიუტო, საავტორო ნამუშევარი, რომელიც ეფუძნება კვლევით პროცესს. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი ქალია, რაც განსაზღვრავს მთელ სპექტაკლს, როგორც გენდერულად მგრძნობიარე დაკვირვებას თანამედროვე სამყაროზე. ავტორი იკვლევს, თუ რა გავლენა აქვს ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას ემოციურ აღქმასა და ქალად ჩამოყალიბების პროცესში. სპექტაკლი ინტერპრეტაციას უკეთებს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან ცნობილ პერსეფონეს ისტორიას“.

აღნიშნული ანოტაცია სხვა სპექტაკლს ეკუთვნის და არა ჩემს ნანახ „პერსეფონეს“ რადგან  მათ  შორის კავშირი არ არსებობს.  სიტყვა „კვლევა“ ფორმის აღმოჩენასა და გამოკვეთას გულისხმობს, ასევე, თავად ადამიანის ბუნებაში შეღწევის იდეას, თუმცა, „პერსეფონეში“ ეს დატვირთვა სრულფასოვან გამოხატულებას ვერ პოულობს და კვლევის მცდელობადაც კი ვერ აღიქმება.

„პერსეფონე“, რომ ზევსისა და დემეტრას ასული, ასევე ჰადესის ცოლი, აჩრდილთა და ურჩხულთა მრისხანე დედოფალია - სპექტაკლის დასასრულს ჟღერდება, რაც სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი და ხელოვნურია, რადგან მთავარი პერსონაჟის ისტორიას ვერ აკავაშირებ ანტიკური ეპოქის გმირთან. ოთხმოცდააათი წუთის განამავლობაში ისმის ყოველდღიური გაცვეთილი ფრაზები, ისეთი შეგრძნება გრჩება თითქოს სპექტაკლი უნდა დადგმულიყო რადგან მატერიალური რესურსი არსებობდა, ფორმა და სათქმელი კი არა. გივიკო ბარათაშვილი და ნიკა ჯაფარიძე ანასტასიას სიუჟეტურ სივრცეში  მოქმედ მამაკაც პერსონაჟებს განასახიერებენ, უფრო სწორედ მისი სექსუალური და შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებების დამხმარე ინსტრუმენტები არიან. მსახიობებიც მათთვის გასაგები სათქმელის გადმოცემას ისე თავდაჯერებულად ცდილობენ, რომ ამას „თამაშსაც“ ვერ ვუწოდებთ.

ამ სპექტაკლის ღირსებას სცენოგრაფია (თამარ ნადირაძე) და მუსიკა წარმოადგენს,  რომელმაც მთელი დეკორაცია ბარხატისფერ წითელ ნაჭრად აქცია. ჯოჯოხეთის იმიტაცია შეექმნა მხატვარმა,  სცენის მარჯვნივ ვხედავთ გაურკვეველ გროვას, რომელიც წარმოდგენის ბოლოს უსულო პერსონაჟად გვევლინება - უზარმაზარი ქალის წითელი კაბა. გაზაფხულის ქალღმერთი ქვესკნელის დედოფალად გარდაისახება, რომელიც განზოგადებული ქალის სახეა. მუსიკა კი ხან ცოცხალ პლანში, ხან ქართულად და ხან ინგლისურად ნამდვილად ქმნის იმ ატმოსფეროს სადაც უფრო გამართული გასაგები და ცხადი შეიძლებოდა გამოსულიყო წარმოდგენა.

ბოლოს კი მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა საკუთარ თავზე აიღო სპექტაკლის დადგმის პასუხისმგებლობა, წარმოდგენა საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა, როგორც სრულფასოვანი თეატრალური ნამუშევარი. არ გამოიკვეთა არც სათქმელი, არც დრამატურგიული ხაზი და არც რეჟისორული კონცეფცია. ჩემთვის სპექტაკლში წამოჭრილმა პრობლემებმა ემოციური თანაზიარების განცდა არ გამოიწვია. შესაძლოა, აღნიშნული თემატიკა საინტერესო იყოს განსაზღვრული, შედარებით ვიწრო წრისთვის, თუმცა არა ფართო საზოგდეობისთვის. საბოლოო ჯამში, კომპანია „ჰარაკში“ უფრო მეტი წარმატებული და ექსპერიმენტული სახის სპექტაკლებია ვიდრე წარუმატებელი... ეს არის სივრცე, სადაც ყალიბდება და  იქმნება ახალი ქართული სათეატრო ენა, კომპანიას მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელაბს ვუსურვებ.

bottom of page