არა, არაფერს ვნანობ
გიორგი ყაჯრიშვილი
Non, je ne regrette rien
არა, მე არაფერს ვნანობ
მსოფლიოს ერთ-ერთი გენიალური მომღერალ, ტრაგიკური ბედის ედიტ პიაფზე უამრავი ლიტერატურული თუ დრამატურგიული მასალა არსებობს. ესაა წიგნები, ესეები, ფილმები და პიესები: პამ ჯემსის (Pam Gems) „პიაფი“ (1978), ჟაკ პასის “Piaf, une vie en rose et noire” (2013), ვიქტორ ლეგენტოვის „ედიტ პიაფი“, ქსენია დრაგუნსკაიას „ჩემი ლეგიონერი“ (Mon legionnaire მისი ცნობილი ჰიტის სახელიდან) .
მისმა თანამედროვემ ჟან კოკტომ პიაფს მიძღვნა მონოპიესა “Le bell indifféret“, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორ „ლამაზი და გულგრილი“, რომელშიც ედიტი თამაშობდა. ეს ნაწარმოებები მისი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთების ინტერპრეტაციაა და ყოველივე მათგანს თავისი ღირსება გააცნია: ასე მაგ., ქსენია დრაგუნსკაიას დრამატულ ნაწარმოებში მოთხრობილია ედიტისა და მფრინავის სიყვარულის ისტორია - რეჟისორმა რომან ვიკტიუკმა სცენაზე დიდი თვითმფრინავი განათავსა, ხოლო ედიტ პიაფის როლზე ნუცა შანშიაშვილი მიიწვია, რომელიც მის სიმღერებს ასრულებდა.
ნინო სადღობელაშვილის პიესა „პიაფი“ კი მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ასახავს, რომელიც მან პარიზიდან მოშორებით ნიცაში გაატარა. პიესის ავტორი როგორც სჩანს იზიარებს გავრცელებულ ვერსია იმის თაობაზე, რომ ედიტსა და მის ნახევარდას სიმონ ბერტროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. პიესის დასაწყისში, შანტაჟის ზარებიც სიმონას უნდა ეკუთვნოდეს. თუმცა მოგვიანებთ სპექტაკლში ეს ხაზი იკარგება. რეჟისორ გიორგი სიხარულიძის გათვლა და მსახიობთა შერჩევა წარმატებული აღმოჩნდა. ბათუმ-ქუთაისის თეატრების ერთობლივ დადგმაში სცენაზე დგას მსახიობი, რომელიც როგორც ამბობენ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს პროტოტიპს. მსახიობმა მაია ცეცხლაძემ თავისი გარეგნობით, საკუთარი შინაგანმა ბუნებითა და მსახიობური ოსტატობით შექმნა ისეთი სახე, რომ თავი მართლაც პიაფის სახლში გგონია და თვალნათლივ ხედავ ამ გენიოსი მომღერლის უკანასკნელ დღეებს და მასთან ერთად განიცდის მისი ცხოვრების უკანასკნელ წამებს. სპექტაკლის შემქმნელები არ ცდილობენ რეჟისორული წიაღსვლებით გადატვირთონ სპექტაკლი და სცენას მსახიობთა ანსამბლს (მ. ცეცხლაძე, ა. სოსელია, ტ. კომახიძე, კ. კობალაზე, ქ. ეგუტაძე. ზ. გოგუაძე, დ. ჯაყელი, მ. მანჯავიძე) უთმობს, თუმცა არის მაინც ძალიან საინტერესო რეჟისორული მიგნებები და სვლები: მაგ. ედიტის ზმანებანი, ხელზე მკითხაობა, ედიტისა და მარსელის ლოგინის სცენა, ედიტის და მამის სცენები, პიაფის სიმღერათა ერთგვარი გასცენიურება, კინოფილმისთვის მარსელის როლის შემსრულებლის და ედიტის კაბებისა შერჩევა და სხვა.
სპექტაკლის დასაწყისში ლუი - ედიტის მამა უშედეგოდ ეძებს თავის შვილს მაყურებელთა დარბაზში, ვერ სცენაზე შეპარული პოულობს მას, მხოლოდ მოგვიანებით, მუქი შვინდისფერ ფარდებში დამალულს აღმოაჩენს, რათა კიდევ ერთხელ სთხოვოს ცოტაოდენი ფული. დრამატურგმა და რეჟისორმა მშობლებთან შეხედრა, რაც თავისთავად მხოლოდ პიაფის კოშმარულ ზმანებაში ვლინდება ისე გაიზრეს, რომ ედიტი საკუთარ დედას განასახიერებს და მისდამი თავის დამოკიდებულებას გვიჩვენეს, აქვე მე მინდა დავსძინო, რომ ეს სცენა ერთ-ერთი საუკეთესოა სპექტაკლში მაია ცეცხლაძისა და ლუის - აბელ სოსელიას შესრულებით.
ნიცას პატარა ორსართულია სახლში, სადაც მომღერალმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა (მხატვარი თეო კუხიანიძე) ედიტის საძინებელი მეორე სართულზე მოთავსებული, სარკეებს ფარდები აქვს ჩამოფარებული, რომ ბინადარმა საკუთრი თავი ვერ დაინახოს, თუმცა ედიტმა ძალიან კარგად იცის, როგორ გამოიყურება, რომ უკურნელი სენი სჭირს და მხოლოდ ძვალი და ტყავია დაჩენილი. იგი არც ცდილობს თავის შელამაზებას, მხოლოდ ერთხელ, კინოპროდიუსერთან შეხვედრის წინ წამოსცდება: - „თავი უნდა მოვიწესრიგო“ და პომადას ისვავს, მშვენივრად გრძნობს, რომ მისი დღეები დათვლილია და ვერანაირი სასწაული ვეღარ გადაარჩენს.
მის აზროვნებაში, მის ზმანებაში და სიცხადეშიც მხოლოდ მარსელ სერდანია, მასთან საუბრობს, მასთან სძინავს, მასთან „წასვლას“ აპირებს, ტრამვა, რომელიც მისი სიკვდილისგან მიიღო, ვერასდროს მოშუშდება, ხოლო ამ ქვეყანაზე დარჩენილი წუთები მხოლოდ მოლოდინია მასთან გასამგზავრებლად.
ამიტომაცაა, რომ ედიტ პიაფი (მაია ცეცხლაძე) მხოლოდ ინერციით არსებობს და სულდგმულობს - ხან ბეღურებს (Piafs) ეძებს, ხან მათ ერეკება, ხან მარსელის ბოქსიორის ხელთათმანებს ჩაიხუტებს და მათ ეფერება, ხან ყუთში და ფარდის უკან იმალება, ხან სტუმრებს (კინოპროდიუსერებს) ღებულობს და მათ ეკამათება, ხან ფილმის სცენარს კითხულობს: - „ყველაფერი ტყუილია რაც აქ წერია“, ხან მძიმედ ლოცულობს და დედის მოყოლილი პატარა იესოს ისტორის იხსენებს. თუმცა დარწმუნებულია რომ ვატიკანი მის წინააღმდეგაა - „ოღონდ, დაიმახსოვრეთ, რომ ვატიკანი წესს არ ამიგებს“! (ეს სიტყვები გამართლდა კიდევაც, ან შესაძლებელი მას ეს არც უთქვავს და მხოლოდ დრამატურგიის ინტერპრეტაციაა).
მისთვის არსებობას აზრი დაუკარგავს, მხოლოდ ხანდახან, ძალიან იშვიათად უბრუნდება რეალობას და გარეშე მყოფთ - თეოს (ტ. კომახიძე), დანიელას (ქ. ეგუტიძე), ექიმ რობერს (კ. კობალაძე) ესაუბრება.
მაია ცეცხლაძის გარეგნობა ერთი-ერთში პიაფის მსგავსია. მსგავსება შეიმჩნევა არა მხოლოდ სხეულის ფორმაში, სიმაღლეში, ხელებსა და სახის გამომეტყველებაში, არამედ პლასტიკაშიც, ხელების მოძრაობაში, პოზებშიც კი. ჩვენს წინაშე მდგომი მსახიობი სულითხორცამდე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ედიტ პიაფია, პარიზის გარეუბანში და მის ბორდელებში გაზრდილი, მაგრამ სრულიად გენიალური. ღვთაებრივი, მომხიბლავი სულით ძლიერი. მას არც ფილმის გადაღების სჯერა და რაც მასში საკუთრი როლის შერულების, არც იმის, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მის გადასარჩენად მოიმოქმედა მასში უზომოდ შეყვარებულმა თეომ. სიკვდილის ბოლო დღეებში მხოლოდ ერთი სურვილიღა დარჩენია - დახურვისაგან და გაკოტრებისგან იხსნას საკონცერტო დარბაზი „ოლიმპია“, სად ასეთი დიდი წარმატება ჰქონდა ხოლმე.
ამიტომაც აი ახლა, მთელი ენთუზიაზმით და შემოჩენილი უმცირესი ძალის მეოხებით, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუდგება რეპეტიციებს, არჩევს გამოსასვლელ კაბებს, ეკამათება თეოსა და დანიელას, წითლად შემოსვა სურს, მაგრამ ბოლოს ისევ იმ შავ კაბას აირჩევს, რომლითაც ყველა ასე კარგად იცნობს მას.
ედიტ პიაფი-მაია ცეცხლაძე ღონემიხდილი, მაგრამ დაუმორჩილებელი, ძლიერი ნებისყოფის, ამაყი და თავისუფალი ადამიანია. კამათი და საკუთარი აზრის შენარჩუნება-დამკვიდრება მისი ცხოვრების წესია. სიჯიუტით გამორჩეული გაუთავებლად კამათობს თეოსთან და დანიელასთან, თუნდაც კონოფილმისთვის მზადებისასა - მარსელის როლის შემსრულებლის არჩევანის დროს - მისთვის ყველა ტიპაჟი მიუღებელია - მარსელი ხომ ერთადერთი იყო და ის მოკვდა!
სახლის მეორე სართულზე ყველა სარკისთვის ფარდები ჩამოუხსნიათ - ედიტს შავი კაბა აცვია და ნაცრისფერი შარფი უკეთია. ედიტი კატეგორიულად უარს ამბობს კინოს გადაღება გაგრძელებაზე, თუმცა კინოპროდიუსერებთან ომი ჯერ კიდევ მოსაგებია. სცენაზე ისევ დაგორავს გლობუსი, მთელი სამყარო, რომელიც „მას ეკუთვნის“, რომელიც თავისი შემოქმედებით დაიპყრო. სპექტაკლის ფინალში მასზე ჩამოჯდება და თავდავიწყებით ასრულებს „Non, je ne regrette rien“, სიმღერას რომელიც მის ჰიმნად იქცა.
გიორგი სიხარულიძის სპექტაკლში ედიტი - მაია ცეცხლაძე არ მღერის, მაგრამ მღერის მისი სული, მისი ხელები, მისი ჟესტიკულაცია, მისი პლასტიკა. სიმღერები და მისი ცნობილი ჰიტები: „Padam, Padam Padam“; „Mon Dieu!“ და სხვები ისეა შერჩეული (მუსიკალური გაფორმება ნინო სიხარულიძის), რომ პერონაჟის განწყობასა და მის მდგომარეობას ინტერპრეტირებაა. და ბოლოს სპექტაკლის ფინალში გახსენდება მისი უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან გამომშვიდობებისას სიმონ ბერტროს უთხრა: „ახლა შეიძლება სიკვდილი - მე ორი ცხოვრებით ვიცხოვრე“
„არა! არაფერს ...
არა! მე არაფერს ვნანობ ...
ჩემი ცხოვრება და სიხარული
დღეს შენთან იწყება“