
თავისუფლება პინოკიოს!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

09.02.2026
თამთა ქაჯაია
თავისუფლება პინოკიოს!
მარჯანიშვილის თეატრში ნიკა ლუარსაბიშვილმა სრულიად ახლებური, (თუმცა, ამავე დროს მოძველებული ხერხებით) კარლო კოლოდის პინოკიოს ვერსია შემოგვთავაზა. მოძველებულ ხერხში კომედია დელ’არტეს ვგულისხმობ, „ნიღაბთა თეატრს“ რომელიც იტალიური თეატრალური ხელოვნების უმაღლეს მიღწევად არის აღიარებული. მოგეხსენებათ მოზარდისთვის და მცირე წლოვანი ბავშვისთვის (ასევე მშობლებისთვის და უბრალოდ ზრდასრული ადამიანისთვის) თანამედროვე რეალობაში, როდესაც დრო ასეა აჩქარებული - ციფრულ, ეგრეთ წოდებულ გაჯეტების ეპოქაში რთულია მოახერხო და „დაიჭირო მაყურებელი“, მითუმეტეს ეს როდესაც უკვე ყველასათვის ნაცნობ და მოძველებულ ზღაპარს „პინოკიოს“ეხება.
[...გაუმარჯოს თავისუფალ პინოკიოს!]
ხის თოჯინა მოხუცმა დურგალმა ჯეპეტომ (ბესო ბარათაშვილი) გამოთალა, რომელსაც სურდა ჰყოლოდა შვილი, რის გამოც პინოკიო საკუთარი შვილივით შეიყვარა. საფრთხეში ჩავარდნილი თოჯინა, სწორედ დაბრკოლებებისა და უსიამოვნებების გადალახვით სწავლობს რა არის სიკეთე, პასუხისმგებლობა და სიმართლე. სპექტაკლის მთავარი სათქმელი და მესიჯები პერიოდულად მუდმივად გვესმის.
ერთი შეხედვით პრიმიტიული ამბის მიღმა ნიკა ლუარსაბიშვილმა ბევრი სიმბოლო ჩადო, რეჟისორმა არა მხოლოდ ფორმა, ასევე ტექსტი, სიუჟეტი და პერსონაჟები (დაამატა) მოარგო თანამედროვე რეალობას. თუმცა, ორაქტიანი კლოუნადისა და ბუფონადის ელემენტებით გაჯერებული წარმოდგენა პირველი და მეორე მოქმედების დასაწყისში ტექსტუალურად დატვირთულია (ქმედების გარეშე) გაწელილი და მოსაწყენი. საკმაოდ ვრცელი მონოლოგების შეკვეცა შესაძლებელია იდეისა და მთავარი სათქმელის დაკარგვის გარეშე.
[...„დღეს აქ, თქვენ წინ, მოხდება უბედურება, კატასტროფა და ბედნიერება ერთდროულად!“].
სპექტაკლი ინტერაქციური სახისაა, რაც მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, მსახიობები მუდმივად მოძრაობენ დარბაზში და პერიოდულად შექმნილი ქაოსი მაქსიმალურად გრთავს წარმოდგენაში.
წარმოდგენა, პინოკიოს გამოთლის ამბით იწყება, პარალელს, ცხადია, ღმერთისგან და ადამის შექმნის ამბავთან ვავლებთ [...„ჯეპეტო - პირველი იყო სიტყვა და სიტყვა ღმერთი!“] ასევე დეკორაცია, რომელიც სპექტაკლის დაწყების წინ გვხვდება - დიდი მრგვალი, ვარსკვლავებიანი ბურთი - დედამიწა. ამავე დროს, შეიძლება გაგახსენდეთ ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“, რომელიც პინოკიოს მსგავსად, მეფეს, ბიზნესმენს, მთვრალს და სხვა ზრდასრულთა მანკიერებებს ხვდება (პინოკიოს შემთხვევაში ესენი სახელცვლილი პერსონაჟები არიან, მანკა ფოკო - (ბესო ბარათაშვილი), მელა - (თამარ ბუხნიკაშვილი), კატა - (დავით ხურცილავა) ასე შემდეგ.)
ჯეპეტო: - „ნამდვილი ბიჭუნა ანუ ადამიანი ისაა ვინც იცის როგორ არ აყვეს ცდუნებას და შეუძლია თავი დაიხსნას უხილავი თოკებისგან. თუნდაც შეცდეს ცხოვრების გზაზე. ადამიანობა იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა შეცდე, შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ნამდვილი ბიჭუნა, ადამიანი ისაა, ვინც მიხვდება თავის შეცდომას, ნანობს, პატიებას ითხოვს და ამით ცდილობს, მეტი ისწავლოს და უკეთესი გახდეს“.
სწორედ აქ იწყება პინოკიოს თავგადასავალი და ცდუნებებით სავსე გზა, სკოლისაკენ წასული პინოკიო გზაში თეატრს შეხვდება, ავიწყდება მამისადმი მიცემული პირობა და მიუხედავად იმისა,რომ ჭრიჭინა, (ნოდარ დოღონაძე) მისი სინდისი მუდმივად ახსენებს თავს და თხოვს, რომ არ აჰყვეს ყოველივეს, იგი მაინც ივიწყებს ჯეპეტოსადმი მიცემულ პირობას. მამის ნაჩუქარ ანბანს (რომელმაც ერთადერთი ქურთუკი გაყიდა, რომ მისთვის ანბანი ეყიდა) მარტივად ყიდის, ფულში ცვლის, შედეგად მალევე ვხედავთ იგი როგორ გადაიქცევა ვირად, ცხოველად, უჭკუო მონად. ყველანაირი ფორმითა და ხერხით რეჟისორი ცდილობს სწავლის მნიშვნელობის ხაზგასმას, მელა (თამარ ბუხნიკაშვილი) პარალელურად დარბაზს მიმართავს „არ იცი რომ სწავლა დამღუპველია! სწავლის უაზრო სურვილმა აგერ დამაკოჭლა! საბრალო ფისუნიას კი ბევრი წიგნების კითხვამ თვალის ნათელი საერთოდ დააკარგვინა!“. სწავლის უარყოფამ დარბაზში მსხდომი ბავშვები აღაშფოთა და შეძახილებით შეეწინააღმდეგნენ - რეჟისორის ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო.
[...თოჯინა თოკების გარეშე!]
პინოკიო ერთადერთი თოჯინაა სპექტაკლში, (თეატრი თეატრში) რომელიც თავისუფალია, მას არ მართავენ თოკებით და აქ ჩნდება ლოზუნგები, თოჯინების თეატრი იქცევა სოციალურ ტრიბუნად: „თავისუფლება პინოკიოს!“. პარადოქსულია, მაგრამ სპექტაკლში ხის თოჯინაც კი თავისუფლებას ითხოვს.
პულჩინელა (გიორგი სირბილაძე) - „თავისუფლება ყველა დამონებულ თოჯინას!“.
არლეკინი (თემო ვაჭრიძე) - „ძირს ტირანია!“.
ბრიგელა (ბაჩი ბეგიაშვილი) – „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა ვით დაჭრილ ირმებს წყარო ანკარა! თოკები ჩქარა! თოკები ჩქარა!“.
განმათავისუფლებელი პინოკიო უეცრად მანჯა ფოკოს (ბესო ბარათაშვილი) მორიგ მსახიობად იქცევა, რომელსაც ფოკო ასე აფასებს : „მსახიობობა მოინდომა! აწი რაღად უნდა სინდისი?!“.
ნიკა ჭკადუა (პინოკიო) დაკისრებულ როლს წარმატებულად ართმევს თავს, მისი შესრულება გამოირჩევა ცოცხალი და სხარტი დინამიკური გამომსახველობითი ხერხებით, რაც პერსონაჟს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის. გმირის შექმნიდან, სპექტაკლის დასასრულამდე იგი განიცდის ტრანსფორმაციას, როგორც ფიზიკურს ასევე, მორალურს და ამას ახალგაზრდა მსახიობი სრულიად ბუნებრივად ახერხებს.
მაყურებლისათვის, მე-16 საუკუნეშიც და ახლაც, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სანახაობა, სიცილი და გართობა იყო, თუმცა, ამ წარმოდგენებში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი მორალი გახლავთ, რაც არა მხოლოდ გასართობი ხასიათის, არამედ შეფარვით აღმზდელობით ფორმისა და ფუნქციის მატარებელია. სოციალურ ტრიბუნად აქცია ნიკა ლუარსაბიშვილმა, ყველასათვის ნაცნობი კომედია დელ’არტე ყველანაირი ტრაფარეტული და პლაკატური მოწოდებების გარეშე. „გაერთე და სარგებლობა მოუტანე მაყურებელს“ – სწორედ ეს დევიზი შეეფერება სპექტაკლ „პინოკიოს“, რომელიც რეჟისორმა თანამედროვე რეალობაში ახლებურად გაიაზრა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გემოვნებიანი ფორმით მოიტანა მაყურებლამდე, რომლის აუდიტორისაც ძირითადად მოზარდები წარმოადგენენ.