
„პირველი ავტოგრაფი“ ბავშვებს თეატრთან აახლოებს;
მიხეილ გაბაიძე და პეტრე ჩარგეიშვილი სასკოლო თეატრების ფესტივალზე „პირველ ავტოგრაფზე“

20.11.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
„პირველი ავტოგრაფი“ ბავშვებს თეატრთან აახლოებს
მიხეილ გაბაიძე და პეტრე ჩარგეიშვილი სასკოლო თეატრების ფესტივალზე „პირველ ავტოგრაფზე“
22 ნოემბერს გაიხსნება საბავშვო სპექტაკლების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“. მისი დამფუძნებლები არიან ხელოვნების მენეჯერი მიხეილ გაბაიძე და რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი. ფესტივალის იდეა ბავშვებისა და მოზარდების თეატრთან დაახლოებას, მათი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და განვითარებას ემსახურება. ამ იდეის აუცილებლობა განსაკუთრებით ცხადი გახდა პეტრე ჩარგეიშვილის სპექტაკლ „ჰელადოსის“ (HELLADOS) შემდეგ, რომელშიც რეჟისორმა მოზარდები მსახიობებად ჩართო. მათი სცენაზე ხილვა დიდი სიამოვნება იყო, სპექტაკლმა კი მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
მიხეილ გაბაიძე აჭარაში ხელოვნების სფეროს პირველი პროფესიონალი, დიპლომირებული მენეჯერია, რომელმაც ეს პროფესია აირჩია და დღემდე დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს საქმიანობას. გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მისი პროექტები რამდენიმე ათეულს ითვლის. მრავალი წელია, იგი ბათუმის დრამატული თეატრის მარკეტინგის მენეჯერია და საქმეს წარმატებით უძღვება: თეატრს საზოგადოებას პროფესიონალურად და ესთეტიკურად აცნობს, მის ნამუშევრებს კი პრესაში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში წარმოაჩენს. მიხეილ გაბაიძე კინორეჟისორიცაა. მისი ფილმი ასზე მეტ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებით არაერთხელ დაბრუნებულა. შეიძლება ითქვას, მალე ამისთვის გინესის რეკორდების წიგნშიც შეიტანენ.
პეტრე ჩარგეიშვილი მოკრძალებული რეჟისორია. წლების განმავლობაში მარჯანიშვილისა და ხონის თეატრებში მოღვაწეობდა, ბოლო პერიოდში კი მისი რეჟისორული საქმიანობა ბათუმის დრამატულ თეატრს დაუკავშირდა. მას უკვე არაერთი გახმაურებული სპექტაკლი აქვს შექმნილი. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ჰელადოსი“, რომელიც ბესტსელერად იქცა და მაყურებლის დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.
„პირველი ავტოგრაფის“ შექმნის იდეა ამ გამოცდილებასა და ბავშვების თეატრისადმი დიდ ინტერესს უკავშირდება. ფესტივალის დამფუძნებლებს მის დასაწყისზე, ამ წლების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
-
როდის და რატომ გაჩნდა იდეა სასკოლო სპექტაკლების ფესტივალის ჩატარების?
პეტრე ჩარგეიშვილი:
-
სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალის იდეა დიდი ხანია გვქონდა, თუმცა ვერც დედაქალაქში და ვერც სხვა რეგიონებში ვერ განხორციელდა, აჭარაში, ბათუმში კი ამ იდეის მნიშვნელობა ზუსტად დაინახეს და შეაფასეს. ყველაფერი 2021 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ეზოში სპექტაკლ HELLADOS-ის პრემიერა გაიმართა. მაშინ კოვიდპანდემიის რეგულაციები შეარბილეს: სამი წარმოდგენა ღია სივრცეში ვითამაშეთ, მეოთხეზე კი შენობაში შესვლის უფლება მოგვცეს და სპექტაკლი ბავშვების მონაწილეობით დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გავიდა.
სწორედ ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მსგავსი ფესტივალის აუცილებლობა. აშკარა იყო ბათუმელი ბავშვებისა და მოზარდების დიდი ინტერესი თეატრის მიმართ, როგორც სცენაზე მდგომი თანატოლებისა, ისე მაყურებლის. ეს მოთხოვნილება ჯერ კიდევ კასტინგზე გამოჩნდა, როცა შერჩევაზე ათობით მოზარდი მოვიდა; სპექტაკლში მონაწილე ბავშვები კი თავიანთ სკოლებში, თანატოლებში და მთელ ქალაქში პოპულარულები გახდნენ. იმ პერიოდში წარმოდგენა დაახლოებით 20 000 მოზარდმა ნახა.
როცა მოზარდი თეატრს შორდება, მაყურებელიც იკლებს, ეს ბათუმის დრამატული თეატრის სალაროებშიც თვალსაჩინოდ ჩანდა. ამ საკითხით პირველივე წუთიდან დაინტერესდა და ჩაერთო მიხო გაბაიძე, თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და დღეს უკვე ფესტივალის დირექტორი. პროექტი დავამუშავეთ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს წარვუდგინეთ. პირველივე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამინისტრო ფესტივალს მხარს დაუჭერდა. იმ დღის განცდა შვილის დაბადების სიხარულს ჰგავდა, იმის გააზრებას, რომ მომავალ თაობას თეატრთან ყოფნით ბევრ ბედნიერ დღეს ვაჩუქებდით.
-
რატომ პირველი ავტოგრაფი?
პეტრე ჩარგეიშვილი:
-
სახელწოდება „პირველი ავტოგრაფი“ დამწყები მსახიობების პირველ ნაბიჯებთან ასოცირდება, პირველ რეპეტიციასთან, პერსონაჟზე პირველ ფიქრთან, სცენაზე პირველ წარმატებასთან და პირველ ავტოგრაფთან, რომელსაც აქამდე თავად იღებდნენ სხვებისგან. ამ ფესტივალმა მოზარდებს თავდაჯერებულობა და მიზანი შესძინა: რამდენიმე მონაწილე დღეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ჯგუფის სტუდენტია, ორმა კი უკვე წარმატებით დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი. მათ დაიჯერეს და არაერთხელ დაგვარწმუნეს, რომ თვითგამოხატვა და საქმის კეთება არანაკლებ შეუძლიათ, ვიდრე უფროსებს, რომლებსაც მოუცლელობის გამო ხშირად სათანადო დრო ვეღარ რჩებათ.
ფესტივალის ირგვლივ ათასობით ბავშვი გაერთიანდა, დამეგობრდა და გუნდური მუშაობა ისწავლა. ისინი ეცნობიან ქართულ დრამატურგიასა და ლიტერატურას, ხატავენ კოსტიუმებს, წერენ ტექსტებს, ქმნიან სცენოგრაფიას, არჩევენ მუსიკას, რეჟისურაშიც კი ეხმარებიან პედაგოგებს და გულწრფელად საუბრობენ საკუთარ განცდებსა და პრობლემებზე. ეს ყველაფერი მათში ემპათიისა და თანაგრძნობის უნარს აცოცხლებს, იმას, რაც დღევანდელ ციფრულ სამყაროში ასე იშვიათდება. ყოველი პრემიერის შემდეგ კი ბავშვები სამახსოვრო ბანერზე საკუთარ პირველ ავტოგრაფს ტოვებენ, რაც მათთვის წარუშლელ მოგონებად რჩება.
-
ამ წლების განმავლობაში რა გამოცდილება შეგძინათ ფესტივალმა? რა გასწავლათ? რაზე დაგაფიქრათ?
პეტრე ჩარგეიშვილი:
-
„პირველი ავტოგრაფი“ ჩემთვის მოზარდებთან მუშაობის გამოცდილების ერთგვარი სიმწიფის ატესტატია. მიუხედავად მრავალწლიანი სტუდიური მუშაობისა, ფესტივალის პატარა მსახიობებთან ყოველთვის ახალ ფერებსა და ხასიათებს აღმოვაჩენ. ფესტივალის ფარგლებში თითქმის ყველა მონაწილე სკოლასთან ვმუშაობთ, არაერთხელ ავსულვართ მაღალმთიან აჭარაშიც, რომ პედაგოგებისთვის რეჟისორის პროფესიისა და რეპეტიციის პროცესის ელემენტარული ხედვა მიგვეცა, როგორ იმუშაონ ბავშვებთან და როგორ დაეხმარონ პერსონაჟის გააზრებაში. მეოთხე ფესტივალზე კი სტუმრად გვყავდა პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის ქართული სათვისტომოს მოზარდთა დასი, არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკის ხელმძღვანელობით, ბავშვების უმრავლესობა პირველად ჩამოვიდა საქართველოსა და ბათუმში.
განსაკუთრებით მახსენდება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ვაჟი (სკოლაში სულ რამდენიმე ათეული ბავშვი სწავლობდა), რომლებმაც პედაგოგის დახმარებით შექმნეს 20-წუთიანი სპექტაკლი მთისა და მიგრაციის თემაზე და ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ითამაშეს. მეორე წელს ამ სპექტაკლმა “საუკეტესო სპექტაკლის” ნომინაცია დაიმსახურა, ერთ-ერთმა მონაწილემ კი უკვე დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ფესტივალის სპექტაკლებს ხშირად არაორდინალურ სივრცეებშიც ვმართავთ, საზღვაო აკადემიის სამანქანე განყოფილებაში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და სასამართლო დარბაზშიც კი. ვფიქრობ, სხვადასხვა სივრცეში ყოფნა მოზარდებს მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტებთან ადაპტაციასაც უადვილებს. ამასთან, სკოლებს ვთხოვეთ, დასებისთვის სახელები დაერქმიათ, რათა ისინი უწყვეტად ფუნქციონირებდნენ და თაობების ცვლასთან ერთად ახალ მოსწავლეებსაც მიეცეთ ჩართვის შესაძლებლობა.
მეოთხე წელს უკვე 60-მდე სასკოლო დასი შეიქმნა და 2000-ზე მეტი მოზარდი დადგა სცენაზე. ამან გააჩინა ორი განყოფილების, საფესტივალო და არასაფესტივალო პროგრამის, შექმნის აუცილებლობა: საფესტივალოდ მაქსიმუმ 14 ნამუშევარს ვარჩევთ, რომელსაც კვალიფიციური ჟიური აფასებს, დანარჩენ წარმოდგენებს კი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში ვთამაშობთ, რათა ბავშვებისა და სკოლების შრომა დაუფასებელი არ დარჩეს. საბოლოოდ 12 ნომინაცია დავაწესეთ, ზოგჯერ შედეგი ყველას არ ახარებს და „მსუბუქი იმედგაცრუებაც“ ხდება, მაგრამ ვფიქრობ, ამ ასაკში ესეც სასარგებლოა, რომ მოზარდებმა დაინახონ: დიდ მიზანს მეტი შრომა სჭირდება და ცხოვრებისეულ სირთულეებს მზად შეხვდნენ.
ყველას დიდი მადლობა, მონაწილე სკოლებს, პედაგოგებს, ბავშვებს, მშობლებს, ჩვენს გუნდს, პარტნიორ სივრცეებსა და გულშემატკივრებს. თეატრი ერთადერთი ჯადოსნური სამყაროა, სადაც ქაოსიდან საკუთარი ხელით შეგიძლია შექმნა ჯადოსნური სამყარო.
-
რას შეცვლიდით ფესტივალში?
მიხეილ გაბაიძე:
-
უპირველესად, გავზრდიდი საინფორმაციო კამპანიის მასშტაბს, რათა აჭარის თითოეულ საჯარო და კერძო სკოლამდე მიგვეტანა ხმა, და ეს შემდეგ სხვა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისთვისაც კარგ მაგალითად ქცეულიყო. მთავარი ამოცანა სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებისთვის იმის შეხსენება და დანახვებაა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოზარდის ასაკიდან თეატრთან თანაზიარებას. სცენაზე დგომა, ტექსტზე მუშაობა და რეპეტიციების პროცესი ბავშვებს ერთმანეთთან და სკოლასთან აახლოებს, აცნობს ქართულ და უცხოურ დრამატურგიას, ზრდის თეატრის მაყურებელს და თავად სკოლების პრესტიჟსა და ცნობადობასაც საზოგადოების თვალში საგრძნობლად ამაღლებს.
უკვე მეხუთე სეზონზე რამდენიმე ათეული სასკოლო თეატრალური დასია შექმნილი, რასაც ერთ კვირაში ფიზიკურად ვერ მოვაქცევთ. სწორედ ამიტომ გავყავით პროგრამა საფესტივალო და არასაფესტივალო მიმართულებებად: ნაწილს საფესტივალო კვირეულში სხვადასხვა სივრცეში ვაჩვენებთ, დანარჩენს კი, მთელი წლის განმავლობაში წინასწარ შეთანხმებულ ადგილებში. იდეალურ შემთხვევაში, ფესტივალს მთელ საქართველოზე გავავრცელებდი, სეზონებად დავყოფდი და დასკვნით კვირეულს ბათუმში გავმართავდი, ქალაქში, რომელსაც, ვფიქრობ, „ფესტივალების დედაქალაქის“ მუდმივი სტატუსიც სავსებით იმსახურებს. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს იდეა სრულიად რეალისტურია.
-
საკონკურსო ფორმატი მოტივაციაა თუ დემოტივაცია მონაწილეებისთვის?
მიხეილ გაბაიძე:
-
ამას „კონკურსს“ ვერ დავარქმევდი, ამაზე ბევრი გვიფიქრია. მოზარდებთან შეხვედრებისას, ეთერებში თუ სპექტაკლების შემდეგ მუდმივად ვცდილობთ, მათ ავუხსნათ, რომ ამ ფესტივალში გამარჯვებული და დამარცხებული არ არსებობს: ვინც სცენაზე გამოდის, უკვე გამარჯვებულია. საბედნიეროდ, ბავშვებს ეს ძალიან კარგად ესმით; უფრო ხშირად უფროსებს გვიჭირს ამის გააზრება. ჟიური ნამუშევრებს აფასებს და ნომინაციებსაც გამოავლენს, მაგრამ ეს ჟიურის სუბიექტური ხედვაა და არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეზე მეტია ან ნაკლები.
მთავარი ის არის, რომ ფესტივალის ყველა სიკეთეს მონაწილეები თანაბრად იზიარებენ: ყველას გადაეცემა მონაწილეობის დიპლომი, სპონსორებისგან მოზიდულ საჩუქრებს, იქნება ეს წიგნები თუ ნარგავები, ერთად ვინაწილებთ, არასაფესტივალო დღეებში კი ერთად მივდივართ დელფინარიუმში, თეატრში ან კინოჩვენებებზე. ჟიურის ყურადღება და შეფასება ბავშვებისთვის დამატებითი სტიმულია, რომ მეტი იშრომონ და ისწავლონ, რომ შემოქმედებით გზაზე ყველაფერი ერთბაშად არ ფასდება, რასაც წელს ვერ შეამჩნევენ, ხვალ აუცილებლად დაინახავენ. ამიტომ ვფიქრობ, ეს ფორმატი უფრო მოტივაციის მომტანია, ვიდრე პირიქით.
-
საერთაშორისო მასშტაბზე ხომ არ ფიქრობთ?
მიხეილ გაბაიძე:
-
ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ 2021 წლიდან იმართება ბათუმში და მისი მთავარი მიზანი მოზარდებში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა. 14 სკოლისა და 300-მდე მოსწავლით დაწყებული პროექტი ეტაპობრივად 25, შემდეგ 43 და მეოთხე წელს უკვე 60-მდე სასკოლო დასამდე (დაახლოებით 2000 მოზარდამდე) გაიზარდა. ჩვენი პირველი ამოცანა ადგილობრივი ბავშვებისა და მოზარდების თეატრთან დაბრუნება და აჭარის სკოლებში თეატრალური ცხოვრების გამოცოცხლება იყო და ეს პრიორიტეტად რჩება.
რაც შეეხება საერთაშორისო მიმართულებას, 2024 წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო პარიზის საკვირაო სკოლის თეატრალურმა დასმა, ეს იყო ჩვენი პირველი მოკრძალებული ნაბიჯი გრძელვადიან სტრატეგიაში. წელს, მოკრძალებული ბიუჯეტის გამო, უცხოური დასების მასპინძლობა ვერ შევძელით, თუმცა კონტაქტები და მოლაპარაკებები უკვე გვაქვს ნიდერლანდებთან, ესპანეთთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მთავარი აქცენტი კვლავ ჩვენს რეგიონზე კეთდება, თუმცა საერთაშორისო მასშტაბის განხორციელება სავსებით რეალურია, გუნდს ამისთვის საკმარისი გამოცდილება უკვე აქვს.
-
რა გუნდი აკეთებს ფესტივალს?
მიხეილ გაბაიძე:
-
ეს გუნდი უპირველესად მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან შედგება. თანამოაზრეების გარეშე მსგავსი პროექტის კეთება შეუძლებელია და თითოეული მათგანით ძალიან ვამაყობ.
სასკოლო დასებთან მუშაობასა და შემოქმედებით მიმართულებას რეჟისორი ხელმძღვანელობს; ორგანიზაციულ მართვასა და მენეჯმენტს თავად ვუძღვები. ტექნიკურ მენეჯმენტზე ზრუნავს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი „ხელოვნების სფეროს მენეჯერი“, ხოლო ლოჯისტიკაზე, . წარმოდგენების გადაღებასა და ვიზუალურ მასალაზე გამორჩეული ოპერატორები და რეჟისორები, და მუშაობენ; სხვადასხვა წელს ფესტივალის ფოტომატიანეს ქმნიდნენ და , წელს კი გუნდს შემოგვიერთდა.
ყოველწლიურ კონცეფციაზე მორგებულ საიმიჯო რგოლებსა და თიზერებს კინორეჟისორი იღებს, პოლიგრაფიულ დიზაინს, აფიშებს, კატალოგს, მოსაწვევებსა და ბრენდირებულ ატრიბუტიკას მხატვარი ქმნის. ბეჭდური მასალების ტექსტების კორექტირებაზე მუშაობს, ინგლისურ თარგმანზე, , საერთაშორისო დასებთან ურთიერთობებს უძღვება, ხოლო იმას, რომ მთელი ქალაქი ფესტივალის აფიშებითაა აჭრელებული, ჩვენი ქალაქისა და ბათუმის თეატრის მეაფიშე უზრუნველყოფს.
წელს განსაკუთრებით გავაქტიურდით ტიკტოკსა და ინსტაგრამზე, პარალელურად ვმუშაობთ ფეისბუქზე, ვებგვერდზე, იუთუბსა და სხვა პლატფორმებზე, სოციალურ მედიას ჩემთან ერთად მართავს. სამართლებრივ მხარესა და დოკუმენტაციას იურისტი უძღვება, ფინანსურ და ბუღალტრულ ნაწილს, , ხოლო გახსნა-დახურვის საღამოებისა და სოცმედიის ვიდეოების მონტაჟზე მუშაობს. ხმის და განათების რეჟისურა, სცენის მემანქანეების, თითოეული მათგანი თავისი საქმის კარგი მცოდნეების და პროფესიონალები გახლავთ და, რა თქმა უნდა, ფესტივალის ყველაზე ცოცხალი და გამორჩეული ნაწილი მოხალისეები არიან: ყოველ წელს დაახლოებით 50 სკოლის მოსწავლე გვიერთდება, რაც ამ წლების განმავლობაში უკვე 300-მდე ახალგაზრდის დიდ გუნდად იქცა.
-
თქვენი ფესტივალი საკმაოდ შეფუთულია მარკეტინგულად, სოც ქსელები მოწესრიგებული, როგორ ახერხებთ ამას და რა რესურსი იდება ამაში?
მიხეილ გაბაიძე:
-
მთავარი რესურსი ადამიანური ენერგია, საქმისადმი სიყვარული და გუნდის პროფესიონალიზმია. ბევრი რამ ენთუზიაზმსა და მეგობრულ მხარდაჭერაზე დგას, თუმცა ყველა დეტალი წინასწარ გააზრებულ გეგმას ემორჩილება.
ფესტივალის შესახებ აქტიურ კამპანიას დაწყებამდე ორი-სამი თვით ადრე ვიწყებთ. გვყავს ფესტივალის მეგობრები, რომლებთანაც მთელი წლის განმავლობაში ვწერთ ვიდეოინტერვიუებს, ვამუშავებთ, ვფუთავთ და წინასწარ გაწერილი გრაფიკით ვაქვეყნებთ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ადრე ამ მიმართულებას მეტწილად თავად ვუძღვებოდი, წელს კი ფუნქციები გადავანაწილეთ: სოციალური მედიის მართვა, ვიზუალური შეფუთვა და ვიდეოინტერვიუების მომზადება გუნდის წევრებმა გაინაწილეს. მე ძირითადად სტრატეგიას ვგეგმავ და ვმართავ კომუნიკაციის გრაფიკს, რომ საზოგადოებას ინფორმაცია თანმიმდევრულად და დროულად მივაწოდოთ.
ამ მუშაობით, უპირველესად, წინასწარ ვქმნით საფესტივალო განწყობასა და ატმოსფეროს, რაც მაყურებლის მაღალ ინფორმირებულობას განაპირობებს. შედეგიც სახეზეა, ფესტივალის ყველა წარმოდგენა ანშლაგით მიმდინარეობს და სხვადასხვა ინტერესის მქონე მაყურებელმა ზუსტად იცის, სად და როდის მოვიდეს.
-
ვინ გეხმარებოდათ და გეხმარებათ ფესტივალის ჩატარებაში?
მიხეილ გაბაიძე:
-
პირველივე წლიდან ფესტივალი იმართებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “საგრანტო კონკურსის ფარგლებში” განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მინისტრის, ქალბატონი მაია ხაჯიშვილის ჩართულობა და მხარდაჭერა. მეორე წლიდან შემოგვიერთდა ბათუმის მერია და მინდა გამოვყო მერის მოადგილის, ქალბატონი სოფიკო ხალვაშის მონდომება და გულშემატკივრობა. ასე ვმუშაობდით ოთხი წლის განმავლობაში. გასულ წელს ფესტივალის ჩატარებისგან თავი შევიკავეთ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც თეატრის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ქუჩაში იდგნენ; წელს კი ჩვენი მთავარი დამფინანსებელი და ოქროს სპონსორი მხოლოდ ქალაქ ბათუმის მერიაა.
ამასთან ერთად, გვერდში გვიდგას უამრავი კომპანია და მეგობარი: ბათუმის დელფინარიუმი ყოველწლიურად ასეულობით მონაწილეს შოუზე მასპინძლობს; ბათუმის ბოტანიკური ბაღი სკოლებს მრავალწლიან ნარგავებს გადასცემს; პარლამენტის ბიბლიოთეკისა და თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის დახმარებით სკოლების ბიბლიოთეკები წიგნებით შევავსეთ. გვეხმარებიან კვებისა და საკონდიტრო ობიექტები, ბიზნესკომპანიები, „კერეონი“, „კორიდორი“, „გაბილდი“, „არჯი გრუპი“, „შეფპოინტი“, „ამქარი“, “ხოზრევანიძის კლინიკა”, “ერკეთელი”, “ამქარი”, “დონა”, “ტანდილას მარანი”, სასტუმრო “ლამპარი” ბორჯომში და მრავალი სხვა, ვისაც ყველას აქ ვერ ჩამოვთვლი. სხვადასხვა დროს სპექტაკლებს ვმართავდით ბათუმის დრამატული თეატრის სივრცეებში, თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში, აჭარის მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში, საზღვაო აკადემიის სამანქანე ლაბორატორიაში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც კი. მედიაპარტნიორები პირველივე წლიდან არიან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, გაზეთი „აჭარა“ და თქვენი გამოცემაც, რომელიც პირველივე წლიდან გვიშუქებს. ფაქტობრივად, მთელი ქალაქი და დიდი სამეგობროა ჩართული, სწორედ ამიტომაა ეს პროცესი ასეთი ცოცხალი და თბილი. აქვე თითოეულ მათგანს გულწრფელი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის.
-
რას გეგმავთ სამოვავლოდ, ფორმატს ცვლით? რამე სიახლეებს ექნება ადგილი თუ მუდმივად შენარჩუნებული იქნება ის, რაც პირველი ფესტივალიდან მოყვება ამ ინიციატივას?
მიხეილ გაბაიძე:
-
ძირითადი ფაბულა და არსი აუცილებლად შენარჩუნდება: სასკოლო დასებისთვის მთავარი პირობაა, რომ სცენაზე გაცოცხლებული მასალა ქართული ლიტერატურიდან იყოს, ხოლო ზღაპრები მსოფლიო ლიტერატურიდან, თუმცა არ ვზღუდავთ არც ასაკით, სასურველია დაახლოებით 30–50-წუთიანი წარმოდგენა და 15-მდე მოზარდი, თუმცა ამას ხისტი ჩარჩოებით არ ვუდგებით. სპექტაკლების უმეტესობაზე რეჟისორების ნაცვლად სკოლის პედაგოგები მუშაობენ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი თავად პროცესია: ბავშვებმა სიამოვნება მიიღონ, მოიხსნან კომპლექსები, ისწავლონ საჯაროდ საუბარი, მეტყველება და პერსონაჟის განცდების გააზრება.
ეს საფუძველი უცვლელი დარჩება. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, მასშტაბია, მინდა, აჭარის რეგიონი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცეს და საბოლოოდ ყველა ერთად შევიკრიბოთ ბათუმში და ვიზეიმოთ „პირველი ავტოგრაფი“.