top of page

პირველი ცდისთვის საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ, მაგრამ...

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

262107669_134023192336124_6312325372859042059_n.jpeg

მარინა მითაიშვილი

პირველი ცდისთვის საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ, მაგრამ...

ბათუმის საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“, ისევე, როგორც სხვა ფორუმებზე, ცხადია, ყველა სპექტაკლი ერთი მხატვრული ღირებულების ვერ იქნებოდა. პრინციპში წარმოდგენების ნაწილი მუსიკალურ-მხატვრულ-ლიტერატურული, ზოგიერთი - თეატრალიზებული, კომპოზიცია უფრო იყო. თითოეული დადგმა გაჯერებულია მოზარდების გულწრფელობით და ენთუზიაზმით, თუმცა კარგი იქნება თუ მომავალში ამ მონდომებას უფრო სწორ კალაპოტს მისცემენ, უპირველეს ყოვლისა, სპექტაკლების დასადგმელად პროფესიონალი რეჟისორების, ან თუნდაც მსახიობების მოწვევით. მართალია, სკოლების მასწავლებლებმა დიდი შრომა ჩადეს თავიანთ ნამუშევრებში, ანუ ყველაფერი იღონეს, რაც შეეძლოთ და ეს ნამდვილად დასაფასებელია. მათ მუშაობის დაწყება, ფაქტობრივად, ნულიდან, ასე ვთქვათ, ყამირ მიწაზე დაიწყეს. პირველი ცდისთვის საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღეთ. ამიტომ გარჯა არ უნდა დავუკარგოთ, მადლობა უნდა ვუთხრათ ამისთვის და მადლიერების გამომხატველი სიტყვები არაერთხელ გაჟღერდა კიდეც მათი მისამართით პრესითაც, ტელევიზიითაც, ფესტივალის ორგანიზატორთა, ჟიურის თუ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან., მაგრამ თუ გვსურს, რომ ბავშვები მართლაც, თეატრალურ ხელოვნებას ვაზიაროთ და ის საქმე, რისთვისაც ავტორებმა ეს პროექტი დაიწყეს, განვითარდეს და მიზანს მიაღწიოს, მომავალ თაობასთან, რომლის თეატრალებად ქცევის თუ არა კარგ მაყურებლად ჩამოყალიბების ამბიცია მაინც უნდა გვქონდეს, პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ.

ამჯერად განხილვას ფესტივალზე ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის (დირექტორი - შორენა ბერიძე) დასის „ჩემი ოცნების სცენა“ მიერ წარმოდგენილი „ჩხიკვთა ქორწილით“ (ვაჟა ფშაველას მიხედვით) დავიწყებთ, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში 1 დეკემბერს გაიმართა. რეჟისორიც და ინსცენირების ავტორიც მასწავლებელი მელანო ჭელიძეა. ეს თავისთავად გენიალური ნაწარმოები, მართლაც, კარგი მასალაა საბავშვო რეპერტუარისთვისაც, რაც შეეხება წარმოდგენას, რეჟისორ-პედაგოგმა მასში ფრინველების პერსონაჟთა ნაწილი ნახატი ფიგურებით (არწივი, ჩხიკვები ზაქარა და ქეთევანი), როგორც თოჯინურ სპექტაკლში, ნაწილი (ყვავი, ჩხიკვი თომა) კი კოსტიუმირებულად გააცოცხლა, რაც ნამდვილად არ გამოვიდა მომგებიანი. ვაჟას ნაწარმოების ამ ინსცენირებიდან ამოღებულია მელას მიერ პატარძალი ჩხიკვის გატაცების მცდელობა - პატარა კონფლიქტი, რომლის ჩანასახიც არაა წარმოდგენაში. ჩვენ უფრო ვხედავთ ანსამბლ „ივერიას“ მიერ დადგმული მუსიკალური სპექტაკლიდან გადმოღებულ პატარა ეპიზოდებს - აქაა ცბიერი ყვავის „დაჩაგრული“ პერსონაჟი, რომელიც ლიტერატურულ პირველწყაროში სულაც არაა უარყოფითი გმირი, იგი წაიმღერებს (მხოლოდ და მხოლოდ) კიდეც „ივერიას“ რეპერტუარიდან მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ: „ყვავი რომ ვარ, შავი რომ ვარ...“;   ამავე მუსიკალური სპექტაკლიდანაა აღებული ისიც, რომ ჩხიკვი თომა ხაზს უსვამს, როგორ ჩაერია არწივი, ზაქარასთვის ქეთევანის მითხოვების წარმატებით დაგვირგვინებაში. ნაწარმოებში კი არწივი შემთხვევით გაიგებს ქორწილის ამბავს, ლაპარაკიც არაა მის მონაწილეობაზე მათ დაქორწინებაში. თავისთავად, „ივერიას“ ცნობილი მუსიკალური სპექტაკლიდან ეპიზოდების გამოყენებით არაფერი დაშავებულა, მაგრამ კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი კონკრეტულ ჩანაფიქრს რომ ემსახურებოდეს. აქ ორი მთხრობელის შესავალი სიტყვების  შემდეგ, რომლებიც ჩხიკვთა ქორწილის შესახებ გვაუწყებენ, ფაქტობრივად, ვხედავთ  კოსტიუმირებული საკონცერტო ნომრების ნაკრებს. მათ შორისაა წუნასა და წრუწუნას მუსიკალური ნომერი ცნობილი მულტფილმიდან, რომელიც არაფრით ეწერება სიუჟეტში.  მართალია, „ჩხიკვთა ქორწილის“ სიუჟეტში სიმღერისა და ცეკვის ჩართვა აუცილებელიცაა, თუმცა ეს სიუჟეტის განვითარების ფონზე ორგანულად უნდა მომხდარიყო. მთავარი მაინც ისაა, რომ ნორჩი შემსრულებლები დიდი მონდომებით თამაშობენ თავიანთ როლებს (ირაკლი ფუტკარაძე, ელენე ზოიძე, ანდრია გვიანიძე, რომა დარჩიძე, ანასტასია გვიანიძე,ელენე ფარტენაძე,გიორგი მაკარაძე, ჩუ ბუთი,ხატია აბაშიძე, ბექა ბუქიძე, ნუკი აბაშიძე). ჩანს, რომ მათთვის სცენაზე თამაში ბედნიერებაა. ნიჭი, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული  შესაძლებლობები ნამდვილად ეტყობათ და მომავალში ალბათ უკეთესი ნიადაგიც შეექმნებათ მათ გამოსამჟღავნებლად. იმედია, ფესტივალის მომდევნო სეზონზე ორგანიზატორები დაეხმარებიან სკოლებს შესაბამისი პროფესიული განათლების, თუნდაც მინიმალური გამოცდილების მქონე რეჟისორების მოწვევაში. პირველი სეზონის პირობაზე კი სოფელ ჭარნალის დირექციამ, წარმოდგენის დამდგმელმა და მით უფრო პატარა შემსრულებლებმა  შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური გააკეთეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალ წელს ისინი, უკვე მიღებული გამოცდილების ფონზე გაცილებით საინტერესო ნამუშევარს შემოგვთავაზებენ.

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის სკოლის (დირექტორი - რამინ ხინიკაძე) დასმა „დვრიტა“ წარმოდგენა „ერთხელ სალონში“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი - ნაზი კოჩალიძე) გამართა. სცენარის ავტორმა ცადა მე-18 საუკუნის მოწინავე საზოგადოების, თბილისის არისტოკრატიულ წრეებში ცნობილი - ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეების სალონი წარმოედგინა ჩვენთვის, დაეხატა ცნობილი ისტორიული პირები - პოეტები, საზოგადო მოღვაწეები, დედაქალაქის მოწინავე საზოგადოების საუკეთესო ნაწილი - ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ და ილია ორბელიანები, ნიკოლოზ ბარათაშვილი... დადგმა იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახის მოლოდინით, სადაც ნინოს რჩეულს ალექსანდრე გრიბოედოვს ელოდებიან. ფაქტთან დაკავშირებით იკრიბება ქალაქის ნაღები საზოგადოება.  როგორც იმდროინდელ სალონებში სჩვეოდათ, ეს შეხვედრაც იქცა სამშობლოზე საუბრის, ლექსების კითხვის, სიმღერების ასპარეზად. წარმოდგენის ძირითადი ხაზი და დრო ამას ეთმობა, თუმცა ფინალში ლამის ერთდროულად ვიგებთ ნინოს დაქვრივებისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების ამბავს. როგორც ხედავთ, ამ ფაქტების რეალური დრო გამორიცხავს სალონში ერთხელ მომხდარ ამბავს, რასაც ელოდები სახელწოდების „ერთხელ სალონში“ მიხედვით. სულ ეს არის სიუჟეტი, რომლის განვითარება არ ჩანს, ისევე, როგორც  პერსონაჟების ხასიათები. წარმოდგენის ძარღვი პატრიოტიზმია, რაც ვლინდება ცნობილი ლექსებისა და სიმღერების ფონზე, თუმცა ვხედავთ ტატოს სიყვარულსაც ეკატერინე ჭავჭავაძისადმი. რეჟისორს, მართლაც, ისეთი ლამაზი გარეგნობის მოზარდები შეურჩევია, როგორებიც შეეფერება ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეების, მაიკო და მანანა ორბელიანების და სხვათა პერსონაჟებს. ყმაწვილი მსახიობები (ლიკა სურმანიძე, ნინი მახარაძე, გვანცა მესხიძე, ლიზი კონცელიძე, ლიზი დიასამიძე, თიკა დიასამიძე, თიკო ვარშანიძე, მარი დიასამიძე, დიანა დავითაძე, ნათია დავითაძე, ბაჩი კაკალაძე,  რეზი მეგენეიშვილი, ვანო ბერიძე, გოგა ართმელაძე, გიორგი გვიანიძე) თავიანთი გმირებისადმი  გულწრფელი თანაგანცდით გვხიბლავენ.

ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“ წარმოადგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის (დირექტორი - მერი დიასამიძე) თეატრალურმა დასმა „ჩირაღდანი“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით განხორციელებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი - მადონა ქათამაძე). დადგმა სიუჟეტურად შედგებოდა მხოლოდ ზურიკელა ვარშალომიძის წარდგენით, მასთან დაკავშირებით გამართული პედსაბჭოს, გაკვეთილისა და პროფესიული არჩევანის შესახებ გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღების (შესაძლოა კიდევ რამდენიმე) სცენებით, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ  სპექტაკლზე ვისაუბროთ, რადგან სიუჟეტს, სათქმელს არა აქვს დასრულებული სახე, თუმცა ეს საკმარისია საიმისოდ, რომ აღვნიშნოთ მონაწილე მოზარდი მსახიობების (ნინო დუმბაძე, ნანუკა ზოიძე, სესილი ბერიძე, დაჩი ჭურკვეიძე, ზურა დოლიძე, ანრი ცინარიძე, ანრი ქათამაძე, ნიკა ბერიძე, მარი ართმელაძე) მონდომება, შესაძლებლობები და გულწრფელი თამაში, რაც იმედია, მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

გამორჩეული იყო და ჟიურიმ მთავარი პრიზითაც აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის (დირექტორი - ნუგზარ ქამადაძე) დასის „მთიები“ სპექტაკლი „მიწის ყივილი“, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების და კინოფილმ „ფესვების“ (სცენარის ავტორი  - სულიკო ჟღენტი) მიხედვით დადგა ამავე სკოლის პედაგოგმა შორენა ქამადაძემ. მან შეძლო  არაპროფესიონალისთვის საკმაოდ გამართულად დაედგა სპექტაკლი. აუდიტორია სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როცა ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“ ეს დადგმა ნახა. საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი კაცის ტრაგედია მასში თანმიმდევრულად, სიუჟეტის განუწყვეტელი განვითარებით, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებების ჩართვით არის ნაჩვენები. რეჟისორმა და დასმა მოახერხა ჩვენთვის მოეთხრო ამაღელვებელი ამბავი და მაყურებელი ემოციურად ჩაეთრია. უდავოდ, შორენა ქამადაძის დამსახურებაა, რომ მოზარდი მსახიობების მეტყველება შედარებით გამართულია, მათი თამაში გულწრფელია,  არც მანერულია და არც პათეტიკური. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ მხატვრული სახის შინაგანად გათავისებით გადმოგვცენ პერსონაჟთა ხასიათები და ზომიერების გრძნობა არ ღალატობთ მიუხედავად სპექტაკლის პატრიოტული სულისკვეთებისა, რაც ხშირად, არა მხოლოდ არაპროფესიონალთა,  თეატრის რეჟისორთა დადგმებშიც კი გადაჭარბებული გარეგნული მგზნებარების მიზეზი ხდება, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. ამის მაგალითებია მთავარი გმირის დედის  (ელენე მიქელაძე) მონოლოგი შვილის უცხო ქვეყანაში გაცილების შემდეგ, მოხუცი კაიშაურის (დავით მამულაძე) მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე, სტუდენტის (ირაკლი მამულაძე) თანაგანცდა მისი ტრაგიკული ცხოვრების მოსმენისას თუ მომაკვდავის სასთუმალთან... ცხადია, სამსახიობო ოსტატობისგან ჯერ შორს არიან, მაგრამ აშკარაა სცენური პარტნიორის მოსმენის, რეპლიკის შეფასების უნარი. ეს სპექტაკლის უკლებლივ ყველა მონაწილეზე (დავით მამულაძე, ზურა მამულაძე, ირაკლი მამულაძე, ალეკო მიქელაძე, ელენე მიქელაძე, ლიზა მიქელაძე, ნაირა მიქელაძე, ზურა ქამადაძე, მათე ქამადაძე, ლიზი მიქელაძე) შეიძლება ითქვას.

ფესტივალზე ნაწარმოების გააზრებით, სათქმელის გასაგებად მოტანით გამორჩეულმა ამ სპექტაკლმა ღირსეულად გაიმარჯვა  ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“ (მაღალმთიანი სტატუსის მქონე სკოლა).

bottom of page