top of page

პოეტური საცირკო ხელოვნება

"დონკა: წერილი ჩეხოვს"

ff2a585f44bd53922b2dcae10f2b47be.jpeg

 პოეტური საცირკო ხელოვნება
"დონკა: წერილი ჩეხოვს"


ელენე შალუტაშვილი


ლუგანოში, შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანია ,,finzi pasca” აერთიანებს სათეატრო, აკრობატულ, საცირკო, ქორეოგრაფიულ და დოკუმენტალისტიკურ ხელოვნებას. ქართველი მაყურებლისთვის არ არის ჩვეული მოვლენა იცოდეს ის თუ რა ფორმატისა და სახის სპექტაკლის სანახავად მიდის, ვინაიდან ჩვენში არ არის ბოლომდე თეატრში წასვლის წინარეპირობის კულტურა ჩამოყალიბებული. უმეტესწილად ქართველი მაყურებელი სრულიად სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებს მხოლოდ მიზერული რაოდენობის ჟანრებში განიხილავს, რის შედეგადაც დასავლური, მეტად მრავალფეროვანი სათეატრო ხელოვნება, რომელშიც ერთიანდება რამდენიმე ჟანრი და იძენს პერფორმანსულ ხასიათს ქართველი მაყურებლისთვის გარკვეულწილად მიუღებელი რჩება. ,,დონკა: წერილი ჩეხოვს“ კომპანიის ის ნამუშევარია, რომელიც თითქოსდა ,,ეტიუდებით“ არის შეკრული. სანახაობაში ვაწყდებით აკრობატიკასა და ჩრდილების თეატრს.
 

პირადად ჩემთვის, ძალიან გასაკვირი იყო ის, თუ რამდენად შეძლო შემოქმედებითმა გუნდმა ყოფილიყო ამდენად სასაცილო და ამავდროულად ამდენად პოეტური და სევდიანი. სამწუხაროდ არ ვიცნობ საცირკო ხელოვნებას იმ დონეზე, რომ მასზე დაკონკრეტებითა და დეტალურად შევძლო მსჯელობა, თუმცა რამდენადაც შევძლებ დაგანახებთ იმას თუ რა იყო ჩემთვის ,,დონკა: წერილი ჩეხოვს“.

უპირველეს ყოვლისა დრამატურგიაში ჯამბაზის ფენომენი ძალიან საინტერესოა, ყველასთვის ცნობილია თუ რამდენად საინტერესოა ,,მეფე ლირში“ ჯამბაზის დანიშნულება და მხატვრული სახე. ჯამბაზები, ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გაგაცინონ, მაგრამ რა იმალება ამ სიცილის უკან? პირადად მე მომეჩვენა თითქოს ჯამბაზები ჩეხოვის ღრმა სულიერ მდგომარეობას იზიარებდნენ, მის ტრაგიკულობასა და გარემოს სადაც იგი ცხოვრობდა. სცენაზე არაჩვეულებრივადაა გადმოცემული რუსული ყოველდღიურობა, ,,თვალებით ფლირტი“, რუსების ლტოლვა ლიტერატურისადმი, მათი ცივი ზამთარი, რომელიც ამდენად დიდ სევდასა და პოეტურობას აღძრავს, ჩეხოვის მედიცინაში მოღვაწეობა, მისი ნაწარმოებებიდან ციტირება. ეს ყველაფერი აკრობატულ ,,ეტიუდებში“ იყო გადმოცემული, ძალიან დახვეწილი და ლაღი იუმორით. შემსრულებლები გასაოცრად ფლობდნენ სხეულის თითოეულ კუნთს და ქმნიდნენ დაუვიწყარ სანახაობას. ვფიქრობ წარმოდგენის შთამბეჭდაობა შემოქმედებითი გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ განაპირობა, რაც ძალზედ აშკარაა.


მიუხედავად წარმოდგენის საცირკო ფორმატისა, მასში ძალიან დიდი იყო სევდა და ძიება, სულის ძიება, რაც პირადად მე ყველაზე მეტად შემეხო და მეტად მიმაახლოვა ჩეხოვთანაც და ჯამბაზების მასხრობის უკან მდგარ სევდასთან.

bottom of page