„წერა უნდა იყოს აუცილებლობა“

პოლინ პიკო: „წერა უნდა იყოს აუცილებლობა“

 

გამოქვეყნდა ჟურნალში „თეატრი“ (n°4, ზამთარი 2019). მოამზადა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

Pauline Picot : Il faut que l'écriture soit nécessaire

 Entretien paru dans la revue géorgienne Le Théâtre (2019 | 4), mené par B. Chabradzé

 

Version française de l'entretien sur le site de l'auteure (გასაუბრების ფრანგული ვერსია ავტორის საიტზე) : https://www.ardetpaulinepicot.com/entretien-pour-la-revue-le-the?fbclid=IwAR1q1WbAP8geFOHJchJNWxjcytU2XQ3qhAHcfpwPOCgtvytq49rNgPjf1Vk

 

პოლინ პიკო (Pauline Picot) ახალგაზრდა ფრანგი ავტორი და ლიონური კომპანიის - L’ÉCROU-ს რეჟისორია; ლიონის უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის დოქტორანტი. ამავე უნივერსიტეტში უძღვება ლექციების კურსს „სპექტაკლის ხელოვნება“. იგი 22 წლის იყო, როცა გამომცემლობა „კვარტეტმა“ მისი პირველი დრამატული ტექსტი გამოსცა. დღეს უკვე მრავალი კრებულის ავტორი, თეატრისა და პოეზიის ზღვარზე დგას და ხშირად ხვდება მკითხველს, მას სთავაზობს წერის სპონტანურ სახელოსნოებს და მასთან ერთად ახმოვანებს საკუთარ ტექსტებს. პოლინ პიკოს სტილი, რომლის ჟანრობრივად კატეგორიზება რთულია, არყევს და აღელვებს მკითხველს. მისი წერის მანერა, ერთდროულად ფაქიზი და მძაფრი, მოპირკეთებული და ხორკლიანი, ლირიკული და ველური, პირდაპირ სახეში გვეხლება და წარმოსახვისა და ინტერპრეტაციის თავისუფლებით გვავსებს. მაგრამ პოლინ პიკოს შემოქმედება, უპირველეს ყოვლისა, სიტყვების ჯადოსნური სამზარეულოა, დაუცხრომელი ძიება გადაუდებელი, შორსმჭვრეტელი, წონადი, ბევრისმთქმელი, გემრიელი ინგრედიენტებისა, რათა მათგან მძლავრი და მსუყე ტექსტი გამოგვიცხოს.

 

ბაჩანა ჩაბრაძე: ქართველი მკითხველი თქვენ უკვე გიცნობთ. თქვენი ტექსტის - „დადგება ჟამი“, გამომცემლობა ლეზ-ეკლერი 2017 (À l'heure qu'il sera, Éditions Les Éclairs, 2017) ქართული თარგმანი ჟურნალ „ინდიგოს“ 2017 წლის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა და პრემია „კოტეტიშვილი 2018“-ის ფინალშიც მოხვდა. შეგნებულად ვამბობ „ტექსტს“, რადგან ვფიქრობ, ამ ნაწარმოების რომელიმე ჟანრისადმი მიკუთვნება მისივე მასშტაბების შეკვეცა იქნებოდა. მისი თარგმნისას თავი ერთდროულად, პოეტურ ფიქციაში, მანიფესტ-რეჩიტატივში, ან კიდევ, თეატრში მეგონა. მასში ერთმანეთს ენაცვლება დეკორატიულად მდიდარი და განსხვავებული პეიზაჟები, რომელთა თითოეული ფრაგმენტი, თითოეული ფრაზა დამოუკიდებელი სცენაა. ამასთან, ამ ტექსტის ნაწყვეტი თქვენ მხატვრულად წაიკითხეთ ფრანგული პროექტის - „ცოცხლალი პოეზიის“ ფარგლებში გადაღებულ ვიდეოკლიპში... სხვა რომ არაფერი, თუ წერის ყოველი აქტი ფიქციაა, რატომ არ შეიძლება, ნებისმიერი ტექსტის დეკლამაციას, ჟესტიკულაციის თანხლებით, „თეატრი“ ვუწოდოთ?! მოდით, ამ რთული შეკითხვით დავიწყოთ: როგორია თეატრის თქვენეული განსაზღვრება?

 

პოლინ პიკო: უჰ! პირველი შეკითხვისთვის მართლაც რთულია! სიტყვას ბანზე აგიგდებთ და გეტყვით, რომ თეატრის არსი სწორედ მის განუსაზღვრელობაშია: თეატრია, როცა ვინმე ჯგუფს გამოეყოფა და ლაპარაკს იწყებს; როცა რომელიმე ღონისძიების გასამართად, სივრცეს აცარიელებენ; როცა ყოველდღიურობა მოვლენად იქცევა; როცა ტექსტს სხვას უკითხავენ; როცა ხმას იღებენ; როცა ვინმე სცენას კვეთს... სად სრულდება პოეზია, სად იწყება თეატრი? ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის, ეს წიგნის მაღაზიების პრობლემაა, რადგან მათ წიგნები შესაბამის თაროებზე უნდა განალაგონ. ჩემს ტექსტებში ისმის ხმა. ეს ხმა, შეიძლება, გაისმას ჩურჩულით, ყვირილით, ყმუილით, გაისმას თქვენში, „ააალოს“ გამოსახულებები, ან, უბრალოდ, შექმნას სიტყვების მუსიკა... მე ვიცი მხოლოდ, რომ არსებობს ხმა და რომ ეს ხმა ჩემია და მას სჭირდება, რომ მოუსმინონ. ფურცელზე იქნება ეს, მოკლემეტრაჟში თუ სცენაზე, ჩემთვის არსობრივად გადამწყვეტი არ არის. მთავარია, ტექსტი სხვებამდე მივიდეს.

 

ბაჩანა ჩაბრაძე: თქვენი თემატური არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია: თუ „დადგება ჟამი“ ბედნიერი სიყვარულისა და დანგრეული სამყაროს თანაარსებობას ეძღვნება, „საკუთარი სხეულის შესაძლებლობები“, კვარტეტი 2012 (Les Possibles de son corps, Quartett Éditions, 2012) ქალის ტყავში ყოფნის სხვადასხვა ფასონს იკვლევს. „მეტისმეტი“, კვარტეტი 2012 (Outre, Quartett Éditions, 2012) ანონიმთა ბრბოში საკუთარი ხმის ძიებაა. „იენი“, კვარტეტი 2014 (IAN, Quartett Éditions, 2014) მწველი და ორიგინალური ოდაა ტრაგიკულად დაღუპული ინგლისელი მუსიკოსის, იენ კერტისისადმი. „ორი პარალელური ქალი“, კვარტეტი 2015 (Deux femmes parallèles, Quartett Éditions, 2015) ჰალუცინაციურ სიზმრებში გვამოგზაურებს. „ქინდერი“, გამოუცემელი, 2017 (KINDER, inédit, 2017) თანამედროვე პერი-ურბანული სამყაროს სიმყიფის ილუსტრაციაა, ხოლო „დამაწყნარებელი პერანგები“, კვარტეტი 2015 (Des camisoles (Quartett Éditions, 2015), რომლის ქართულ თარგმანსაც აქ ვაქვეყნებთ, ერთ-ერთ თემად სამუშაოსგან გაუცხოებას გვთავაზობს... გვითხარით, როგორ ირჩევთ თემებს?

 

პოლინ პიკო: გმადლობთ ჩემი ტექსტების ასეთი ყურადღებითა და სიზუსტით წაკითხვისთვის! მახარებს, როცა ვხედავ, რომ მათ მკითხველამდე მიაღწიეს. მახარებს, როცა ჩემი ნაშრომი და ნაკვლევი, რომელიც წინათგრძნობას, სპონტანურ, გადაუდებელ შეგრძნებას მოჰყვა, იმის წინასწარი ცოდნის გარეშე, თუ რაზე ვწერდი, რეალურ არსებობას იძენს და ორი სიტყვით ახერხებენ მის აღწერას. ამით უკვე ერთგვარად გიპასუხეთ: მე არ ვწერ თემებზე, როგორც ასეთზე და კიდევ უფრო ნაკლებად ვირჩევ მათ. მე ვწერ რაღაციდან გამომდინარე, რაღაც შთაგონებიდან, ემოციიდან (რისხვა, ნდომა, აღტაცება, სიყვარული, აღშფოთება), რომელიც ხან ერთბაშად მატყდება თავს, ხანაც - მზაკვრულად და ნელ-ნელა იკვლევს გზას ჩემში. ეს წინათგრძნობები ზოგჯერ სახელოვან პერსონაჟებში სხეულდება (იენ კერტისი ან აირტონ სენა, რომლის შესახებაც ტექსტი სულ ახლახან დავასრულე), ზოგჯერაც - ჩვეულებრივ ადამიანებსა და გამოცდილებებში („დამაწყნარებელი პერანგები“, „ქინდერი“, „ორი პარალელური ქალი“), ზოგჯერ კი - ინტიმურ აკვიატებებში („საკუთარი სხეულის შესაძლებლობები“, „დადგება ჟამი“). სამაგიეროდ, წინათგრძნობის მოსვლას ბევრი დოკუმენტური კვლევაც მოსდევს თან, გაშმაგებული, ძალიან მგრძნობიარე კვლევა ჩემს პირად სუბიექტურობასთან, საკვლევი საგნის აღქმის, გათავისების, შთანთქმის ჩემეულ წესთან შეზავებული კვლევა. მკითხველს არც ვუმალავ, რომ ვშთანთქავ. მე სწორედ ეს მომწონს.

 

ბაჩანა ჩაბრაძე: თქვენი დრამატული ტექსტები ინტერპრეტაციათა შესაძლებლობების ნამდვილი საბადოა. თქვენ გვერდს უვლით ნაცად გზებს, წვაში ეძებთ, იკარუსივით. მძიმე ამბებს აბსურდის გასწვრივ გადმოსცემთ და ერთმანეთს უნაცვლებთ ფაქიზსა და მტკივნეულს. თქვენ არ კეტავთ თქვენს ტექსტებს, არამედ ფართოდ აღებთ მათ და მკთხველს მათში შესვლას მისივე პირადი მგრძნობელობითა და პირადი გზებით სთავაზობთ. თქვენი ტექსტები ყოველი წაკითხვისას ახალ ინტერპრეტაციას იწვევს. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ჩვენ შორს ვართ თეორიული კონსტრუქციის მცდელობისგან და უფრო მკითხველის წარმოსახვაში შეკითხვების სტიმულირებასთან გვაქვს საქმე. იქნებ, სწორედ ეს არის, წერის დროს, თქვენი მთავარი მიზანი? წერის ასეთი სტილი წმინდად თქვენეულია თუ თანამედროვე ფრანგული თეატრის ზოგად ტენდენციას იმეორებს?

 

პოლინ პიკო: კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ასე ზუსტად აღიქვით, რას ვთავაზობ მკითხველს ჩემს ტექსტებში: დიახ, ეს არის სრული თავისუფლება. ზოგს ეს აბნევს და „ვერგაგების“ შიშით შეპყრობილები, ჩემთან ამოწმებენ ტექსტის „სწორ“ ვერსიას. ზოგიც მიიჩნევს, რომ მე კითხველს შეგნებულად ვაბნევ გაუმჭვირვალობით. მე არ ვესწრაფვი გაუმჭვირვალობას და არც ტექსტების „სწორი ვერსიის“ ბოროტად გადამალვას (რა საშინელებაა!), არამედ ვცდილობ, კარ-ფანჯრები გავაღო მათში, რომ მკითხველმა შიგ უშიშრად, ცნობისმოყვარეობით, საკუთარი ინტერპრეტაციით, საკუთარი წარმოსახვით შეცუროს. ჩაკეტვა არაფრის მიყვარს: პირველ რიგში - თავად ჩემთვის. ეს უხეშად გააშიშვლებდა ჩემს არჩევანს: თუ რისი გადამალვა „მინდა“ და რისი – არა. შემდეგ – მკითხველისთვის, რათა იგი ავტორის ჩაჭიდებულ ხელს კი არ გრძნობდეს, რომელიღაც მიმართულებით რომ ექაჩება, არამედ იმ თავგადასავალში ეშვებოდეს, რომელსაც თავად ხედავს ტექსტში. ეს სტილი უთუოდ იქიდანაც მომდევს, რომ ჰიბრიდულ ტექსტებს ვქმნი, „ხვრელებით“ სავსე ორ ფორმას შორის, პოეზიასა და თეატრს შორის მობარბაცე ტექსტებს, რომელთა არსებობა სისრულეში მხოლოდ მკითხველისა და რეჟისორის მგრძნობელობასა და ინტერპრეტაციულ უნარს მოჰყავს. რაც შეეხება თანამედროვე ფრანგული თეატრის ზოგად ტენდენციას, ვფიქრობ, საკმარისი ლეგიტიმურობა არ გამაჩნია, რომ ჩემი წერის სტილი მას მივაწერო. თუმცა, მგონია, რომ დღევანდელ თეატრში სწორედ წერის მასტიმულირებელი მანერით შეიძლება მაყურებლის ჩათრევა და აღარ გაშვება, მისი წარმოსახვის გაღვივება და წმინდა რეალიზმის გარეთ გატანა.

 

ბაჩანა ჩაბრაძე: ჰიპნოზური რიტმი იგრძნობა ხშირად თქვენს ნაწერებში. სიტყვები მეორდება, მექანიკურად, შეფერხებით. მკითხველს პათოლოგიური განწყობა ეუფლება და ექოთა ტალღა მას შინაგანი ჭვრეტის, თვითდაკვირვების სპირალში მიაქანებს... დაინტერესებული ხართ ჰიპნოზით?

 

პოლინ პიკო: ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნაწერების ეს ხასიათი შეამჩნიეთ, მით უმეტეს, რომ ჩემს ბოლო ტექსტებში უფრო და უფრო ვავითარებ მას. ჰიპნოზით ძალიან ვარ დაინტერესებული. თეატრალურ ფაკულტეტზე, ჯერ კიდევ ჩემი სამაგისტრო ნაშრომი XIX საუკუნის ამ საქმიანობის ევოლუციასა (ჰიპნოზის შორეული საწყისიდან, ფრანც-ანტონ მესმერის მიერ თეორეტიზებული მაგნეტიზმიდან ისტერიკულ კრიზისებამდე, რომლებიც ჟან მარტენ შარკომ გამოიკვლია პარიზის „სალპეტრიერის“ საავადმყოფოში, რიტუალიზებული საჯარო ჰიპნოზის სეანსების მეშვეობით) და იმ დროის სხვადასხვა თეატრალურ ფორმას შორის კავშირებს ეძღვნებოდა. XIX საუკუნეში ჰიპნოზი წარმოადგენდა ზემოქმედების უცნაურ მექანიზმს, რომელიც შემაშფოთებელ, ძალმომრეობრივ სურათს ქმნიდა, განსხვავებით თანამედროვე ჰიპნოზისგან, რომელიც კეთილგანწყობით მოგვყვება და ჩვენსავე რესურსებში (რომლებიც უსასრულოა) უკეთ გახდომის გასაღების პოვნაში გვეხმარება. ჩემი „ორი პარალელური ქალი“ აქედან მოდის. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე „ხელოვნებისა და თეატრის ტექნიკის უმაღლესი ეროვნული სკოლის“ კვლევით-შემოქმედებით პროექტში, რომელსაც ჩემი სადოქტორო შრომის ხელმძღვანელი, მირეი ლოსკო უძღვებოდა და რომლის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში, მაძიებლები, რეჟისორები, ტექნიკოსები, ჰიპნოთერაპევტები თუ ილუზიონისტები ვმსჯელობდით „ჰიპნოზურად“ წოდებული (უფრო პრესის, ვიდრე ხელოვანთა მიერ) უცნაური ფორმების შემოდინების შესახებ თანამედროვე ფრანგულ სცენაზე. განვიხილეთ მაყურებელზე ამ ფორმების გავლენის სპეციფიკა (მაპარალიზებელი მომაჯადოებლობა თუ შინაგანი შემოქმედებითობის გამოღვიძება?) და უფრო ზოგადად - თეატრალურსა და ჰიპნოზურ კონვენციებს შორის არსებული მსგავსებები: ორივე დარგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, თუ მათ განკარგულებაშია სუბიექტი, რომელიც მზად არის, მიიღოს და ირწმუნოს, რასაც ვთავაზობთ. შესაბამისად, ვიკვლიეთ „რწმენის“ საკითხი, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს ჰიპნოზსა და თეატრს. დიახ, როგორც ხედავთ, დაინტერესებული ვარ ჰიპნოზით! თუმცა, ჩემს ტექსტებში ჰიპნოზი შეგნებულად არ მომაქვს. უბრალოდ, მომწონს, როცა ჩემი ხელწერა რთულსა და მტკივნეულ ფსიქიკურ პროცესებს მიჰყვება: ციკლი, რღვევა, გამეორება... ცხადია, ყოველივე ამას გარკვეული ჰიპნოზური ეფექტის მოტანა შეუძლია.

 

ბაჩანა ჩაბრაძე: პუბლიკას ხშირად ხვდებით. მონაწილეობთ ფესტივალებსა და საღამოებში. კითხულობთ საკუთარ ტექსტებს წიგნის მაღაზიებსა თუ სცენაზე, მუსიკისა თუ სიჩუმის თანხლებით (2014 წელს, თქვენ გაახმოვანეთ თქვენი „იენი“ გიტარისტ ბორის კასონთან ერთად), მერხთან თუ იატაკზე, მიკროფონითა თუ ექოებით... მკითხველთან ეს შეხვედრები უთუოდ თქვენს ტექსტებზე მათთან განმარტებითი საუბრის საშუალებასაც გაძლევთ. რას ნიშნავს პუბლიკა თქვენთვის? რამდენად ითვალისწინებთ მის გემოვნებას წერისას?

 

პოლინ პიკო: ამ შეხვედრებს არ ვიყენებ, როგორც ჩემს ტექსტებზე განმარტებითი საუბრის საშუალებას. რაც დაწერილია, დაწერილია! ჩემი მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ამ შეხვედრებს არ ვუყურებ, როგორც ხალხის მოსვლას ჩემთან, არამედ, პირიქით, როგორც ჩემს მისვლას მათთან. სწორედ მე დავდივარ მათთან შესახვედრად და მათი შენიშვნებისა და იმ ინტერპრეტაციების მოსასმენად, რომლებზეც აუცილებლად არ მიფიქრია და რომლებიც მხიბლავენ ფანტაზიის ხარისხით. მიყვარს ხალხთან შეხვედრა, თუმცა წერისას არავის გემოვნებას ვითვალისწინებ! ბანალურობას ვერ გავექცევი და ვიტყვი, რომ წერა ან აუცილებლობა უნდა იყოს, ან - არაფერი. სხვათა გემოვნების გათვალისწინება, თუნდაც გაუცნობიერებლად, ამ „აუცილებლობის“ დაკარგვას ნიშნავს. ეს კი, დიდი ალბათობით, ტექსტს აფუჭებს. რაც შეეხება გახმოვანებას, ეს განსხვავებული მომენტია. ემოციურად ვშიშვლდები და გადმოვცემ ტექსტს ისეთს, როგორიც არის, საკუთარი სილუეტის, ხმის, ქცევის, გამომეტყველების თანხლებით. სცენაზე ასვლაც იმიტომ მიყვარს, რომ გადმოვცე ტექსტი ისე, როგორც ის ჩემს სხეულში არსებობს. ამ მხრივ, პუბლიკას ნაკლებად ვითვალისწინებ, თუმცა ბევრ გზავნილს ვუკეთებ მას.

 

ბაჩანა ჩაბრაძე: თქვენ ხართ ლიონური კომპანიის - L’ÉCROU-ს რეჟისორი. როგოც კომპანიის წარდგენაში ვკითხულობთ, მის თითოეულ წევრს, საერთო წარმოების ნიშნით, მოაქვს საკუთარი ცოდნა, კომპეტენცია და განსხვავებული ხედვა. შეგიძლიათ, მეტი გვითხრათ ამ კომპანიის შესახებ, დასის სამუშაოსა თუ თქვენს სპექტაკლებზე?

 

პოლინ პიკო: ჩვენ 2013 წელს ჩამოვყალიბდით. მაშინ ჯერ კიდევ „უმაღლესი ნორმალური სკოლის“ სტუდენტი ვიყავი. სკოლის ბაზაზე მოქმედებდა თეატრი „კანტორი“, სადაც სტუდენტებს, კომისიის გავლის შემდეგ, შეეძლოთ პროექტების წარდგენა. ჩვენი გუნდი საკმაოდ სპონტანურად შეიკრა: ჯერ კიდევ სტუდენტ მსახიობებსა და რეჟისორებს პროფესიონალი ტექნიკოსები შემოგვიერთდნენ. 2013 წელს დავდგით დე მიუსეს „ლორენზაჩო“, რომელიც თაობათა დაპირისპირებასა და ახალგაზრდობის ერთგვარ გულგატეხილობაზე ამახვილებს ყურადღებას. 2014 წელს კი შევქმენით კრისტოფერ მარლოს „პარიზის ხოცვის“ ადაპტაცია. მოგვიანებით ასოციაციად ჩამოვყალიბდით და დავდგით ჩვენი პიესა „დიდი ლატარია“, რომელიც თანამედროვე სამყაროს თავისებურებებს უტრიალებს. 2016-ში შევქმენით ფორმის მხრივ ძალიან უცნაური, ხოლო შინაარსობრივად ძალიან დეპრესიული სპექტაკლი, რომელიც ყოველდღიურობას, მონოტონიას, მარტოობას, სამსახურის ძიებას ეხება. და ბოლოს, 2018 წელს, ქალაქ ბრონის ფსიქიატრიული კლინიკის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით, დავდგით „მოწმეები“, რომელშიც ინტერაქტიული ინსტალაციების დახმარებით, „მოსმენის“ თემა გავშალეთ. საათობით შემიძლია, გელაპარაკოთ ჩვენს სპექტაკლებზე, დასის სამუშაო პროცესზე...

 

ბაჩანა ჩაბრაძე: თქვენი შემოქმედება ძირითადად ვერბალურ ფუნდამენტზეა აგებული. მასში სახეებს სიტყვები ქმნიან. თქვენ რამდენიმე სიტყვით გადმოსცემთ არსობრივს. ამავე დროს, სპექტაკლის ხელოვნება, სიტყვიერთან ერთად, სხეულებრივსა და ხედვით შემადგენლებსაც გულისხმობს. ფიქრობთ, რომ წერითი სამუშაო სცენოგრაფიულ კონსტრუქციაზე წინ უნდა იდგეს? ანიჭებთ თუ არა შინაარსს ფორმაზე დიდ მნიშვნელობას? და რადგანაც სიტყვებზე ვსაუბრობთ, ორიოდე სიტყვას ხომ ვერ გვეტყოდით ფრანგული კულტურული ასოციაციის - „სიტყვები, ემოცია“ მიერ სულ ახლახან ორგანიზებულ „წერის დღის“ შესახებ, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით და „სიჩქარის“ თემაზე ახალი ნაწარმოები წარადგინეთ?

 

პოლინ პიკო: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვისთვის ვწერ: კონკრეტული გუნდისა და მათი კონკრეტული პროექტისთვის (ჩემი კომპანიისთვის, ან. მაგალითად, ილუზიონისტური სპექტაკლისთვის „ჰალუცინაცია“, რომელიც ამჟამად იდგმება ფრანგულ თეატრებში), თუ – მხოლოდ ჩემთვის, უპროექტოდ, კონკრეტული მიზნის გარეშე (ვინაიდან „ჩემი“ ტექსტები ასე უნდა დაიწეროს). პირველ შემთხვევაში, ცხადია, ვითვალისწინებ მსახიობების, ტექნიკოსებისა და მთელი გუნდის ინტერესებს. მეორეში კი ამაზე სრულებით არ ვზრუნავ. ვწერ სცენაზე ფიქრის გარეშე, რადგან ამ დროს, ჯერ კიდევ არ ვიცი, სცენისთვის ვმუშაობ თუ, უბრალოდ, პოეზიას ვწერ, არც ის - რა ხასიათის იქნება ნაწარმოები, რომელსაც ვქმნი... ამ შეკითხვებს არ ვუსვამ საკუთარ თავს. დიახ, მხოლოდ სიტყვებიდან გამომდინარე ვწერ და სცენური თვალსაზრისით რეფლექსიას წინასწარ არ ვავითარებ. სამაგიეროდ, ვერ ვიტყოდი, რომ შინაარსს ფორმაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემი ტექსტების ფორმა, რაც უნდა მოუხეშავად ან სპონტანურად გამოიყურებოდეს ის, გონებრივი სამუშაოს, ხანგრძლივი პროექტის, იდეის ნაყოფია. ჩემი ტექსტების სტრუქტურა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. აქვე - ორიოდე სიტყვაც ასოციაციაზე - „სიტყვები, ემოცია“, რომლის ფარგლებში არაჩვეულებრივად გამიმასპინძლდნენ: თქვენს პირველ შეკითხვას რომ დავუკავშირო, გეტყვით, რომ ამ „წერის დღეზე“ ისევე ვიმუშავე ფორმაზე, როგორც შინაარსზე. ერთმანეთს შევაჯახე ფორმულა 1-ის მკვეთრი სცენები (რაც ამჟამად ჩემს დიდ ინტერესს იწვევს) და იმ ძალიან ასაკოვანი ადამიანების მონოლოგები, ვისთვისაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი ეპიკური გმირობის ტოლფასია. ფორმის მხრივ, სწორედაც რომ დიდი სიამოვნება მივიღე იმ მეთოდების გამოყენებით, რომელთა საშუალებითაც ვცდილობდი, ხორცი შემესხა ტექსტისთვის, რომელიც უკიდურეს სისწრაფესა და უკიდურეს სინელეს ეხება. ეს ტექსტი მალე გამოიცემა.

 

ბაჩანა ჩაბრაძე: თქვენ მონაწილეობა მიიღეთ ფეზენის „ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეში“, რომელიც წელს პოეტ ქალებს მასპინძლობდა. თქვენ იქ გაახმოვანეთ თქვენი „დადგება ჟამი“, რომლის მთავარი პერსონაჟი ქალია, ძლიერი ქალი, რომელიც მარტო აგებს ტექსტის მთელს სამყაროს. შემდეგ კი, კომპანიასა და მედიათეკის დირექტორთან ერთად, გამართეთ დისკუსია ქალი ავტორების პრობლემატიკის ირგვლივ. ზოგადად, თქვენს ნაწერებში ქალური „მე“ ჩახშობილი ეროტიზმის გადაუდებლობას აფრქვევს. მათში ვხედავთ ქალის სხეულის მეტამორფოზას, ქალისა, მამაკაცის ხელებში სურვილის საგნად რომ ქცეულა. ეს პერსონაჟი ქალები თქვენს ტექსტებში თქვენი სინამდვილიდან ხომ არ მოსულან? იმ სინამდვილიდან ხომ არ მოსულან, რომელშიც ქალებს, კუთვნილი ადგილის დასაკავებლად, დღესაც და საფრანგეთშიც, ხშირად უწევთ დომინანტ მასკულინურ მოდელზე მორგება? პირადად ხომ არ გადაჰყრიხართ მსგავს დაბრკოლებას თქვენი, როგორც ქალი მწერლის, კარიერის მანძილზე? რას ნიშნავს თქვენთვის, იყო ქალი ავტორი?

 

პოლინ პიკო: ჩემი, როგორც ქალი მწერლის, კარიერის მანძილზე, მსგავსი დაბრკოლებები არ მახსენდება. არასდროს მიგრძვნია ამ დარგში, მასკულინური წნეხი თუ ჩაგვრა. როგორც ჩანს, ამ მხრივ, ჯერ-ჯერობით მიმართლებს და მხოლოდ მგრძნობიარე და ჭკვიან მამაკაცებთან მიწევს მუშაობა. მართალია, რომ ტექსტებში ძლიერი ქალის ხმას ვამკვიდრებ, მაგრამ მე ამას არ ვაკეთებ მამაკაცურობასთან დასაპირისპირებლად. ეს უკანასკნელი, პირიქით, ჩემი დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს: როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი ვიმუშავე იენ კერტისსა და აირტონ სენაზე. ჩემი ფემინიზმი, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიზმია. თუმცა დიდი პრობლემა მაქვს მამაკაცის ქედმაღლურსა და მტაცებლურ ხარისხში აყვანილ ყოყლოჩინობასთან. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟ ქალებს, ერთდროულად ძლიერებსა და ტკივილიანებს, მათზე ამ მხრივ ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს ჩემი ყრუ აკვიატებებია, ინტიმური მდგომარეობები, რომლებიც მე მარყევს და მაღელვებს. ყოველივე ეს ჩემთვისაც საკმაოდ ბუნდოვანია, ვინაიდან არ გამაჩნია მზა დისკურსი, რომლითაც წერის აღნიშნულ სტილს გავამაგრებდი. ჩემთვის, ვიყო ქალი ავტორი, ნიშნავს, ვიყო თავისუფალი, გავიკვალო საკუთარი გზა, ხელი გავუწოდო სხვას, ჩავეჭიდო სხვის ხელს და პოლიტიკურად დავუპირისპირდე ზოგად მაჩისტურ ყოყლოჩინობას ისე, რომ არც ჩემი შემოქმედებითი პროექტი შევაჭმევინო მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო მეტი სივრცის მინიჭება იქნებოდა იმისთვის, რასაც ვუპირისპირდები. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და ვაკეთებ, როგორც ქალი. ჩემთვის ეს საკმარისია.

 

ბაჩანა ჩაბრაძე: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? მალე იხილავს თუ არა თქვენი მკითხველი და მაყურებელი პოლინ პიკოს ახალ კრებულსა თუ დადგმას? გმადლობთ, პოლინ, რომ დრო დაგვითმეთ და გვესაუბრეთ ქართული ჟურნალისთვის „თეატრი“!

 

პოლინ პიკო: გმადლობთ თქვენ ენთუზიაზმისთვის! პროექტები მრავლად მაქვს. როგორც უკვე ვთქვი, ახლახან დავასრულე ტექსტი აირტონ სენაზე, რომელსაც ამჟამად განიხილავენ საფრანგეთის ეროვნული თეატრების კითხვის კომიტეტებზე. სულ ახლახან ასოციაციის - „სიტყვები, ემოცია“ ფარგლებში „სიჩქარის“ თემაზე შექმნილი ტექსტიც მალე იხილავს მზის შუქს. ასევე, ვწერ „ფრაგმენტების“ მთელს სერიას, რომელთა გაცნობა ჩემს საიტზე შეიძლება (https://www.ardetpaulinepicot.com/). ბოლო დროს, ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის პილოტების პორტრეტებს ვქმნი (კი, აქაც აკვიატებას აქვს ადგილი...). რაც შეეხება რეჟისურას, ამჟამად მცირე პაუზას ვაკეთებ, რადგან დრო უნდა დავუთმო ჩემი სადოქტორო ნამუშევრის დასრულებას, რომელიც XIX საუკუნის თეატრში თხევადის (მაგნეტიზმი, ელექტობა, სპირიტიზმი) წარმოსახვით სამყაროს ეხება. სადოქტორო კი მხოლოდ დისერტაციას არ ნიშნავს, არამედ – სტატიების გამოქვეყნებას, კვლევითი პროექტების შექმნასა და კონფერენციებში მონაწილეობასაც. ეს შრომა დიდ ბიძგს მაძლევს, თუმცა დროსაც ბევრს მართმევს. შესაბამისად, ამჟამად, ნახევრად ავტორი ვარ, ნახევრად – მაძიებელი, რაც ამ ეტაპზე სავსებით მაწყობს... და ერთი სიახლეც: 2020-2021 წლების სეზონზე, ჩემს ტექსტს - „იენი“ სცენაზე დადგამს ბრეტანის ეროვნული თეატრის კომპანია. უკვე გავეცანი მათ პროექტს და ვფიქრობ, ძალიან კარგი დადგმა უნდა გამოვიდეს! თქვენ კი, მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი ტექსტების ასეთი სიზუსტით წაკითხვისა და თარგმნისთვის, ჩემი საქმიანობისადმი გამოჩენილი ინტერესისთვისა და მასტიმულირებელი შეკითხვებისთვის! მიხარია, რომ ქართველ მკითხველთან ჩემი დიალოგი ასეთი არაჩვეულებრივი ფორმით გრძელდება! გმადლობთ, ბაჩანა!

 

ოქტომბერი 2019, საფრანგეთი

 

 

 

პოლინ პიკო

 

დამაწყნარებელი პერანგები

 

გამომცემლობა კვარტეტი 2015. ქვეყნდება გამომცემლის ნებართვით

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

Des camisoles, Pauline Picot, Quartett Éditions 2015. Publié avec l'autorisation de l'éditeur

Traduit du français par B. Chabradzé

 

 

0 – წინასწარი ინსტრუქცია

 

- საკუთარ სადილს თავად მოიტანთ. მოგიწევთ, მარტომ ჭამა ისწავლოთ, თუმცა სხვებთან ჭამაც უნდა იცოდეთ. სხვებთან ლაპარაკიც. არც ისე ხმამაღლა. არც ისე სწრაფად. სხვების ბედით უნდა დაინტერესდეთ, თავი მოაჩვენოთ, რომ გაინტერესებთ. სხვების სახელები უნდა გახსოვდეთ, მაშინაც კი, როცა თქვენსას ვერ გაიხსენებენ. კრინტსაც არ დაძრავთ, პირში წყალს ჩაიგუბებთ. ზემდგომთა მზერას აიტანთ? მოიხსენიებთ, როგორც კომპეტენტურებს. თვალდაუხამხამებლად დაუკრავთ მათ ტაშს. თუ რამის მოტანას გთხოვენ, წახვალთ და მოიტანთ. თუ თავში წამოგიტყაპუნებენ, გაიღიმებთ. თუ სხვაგან მოგიტყაპუნებენ, გახსოვდეთ, რომ ის ხელები თქვენზე მნიშვნელოვან საბუთებზე აწერენ ხელს. თუ რამის კეთება იცით, უნდა დაივიწყოთ. თუ თავი ჭკვიანი ქალი გგონიათ, ესეც დაივიწყეთ. მალე აღარ გემახსოვრებათ. მაგრამ შეგეძლებათ ჭამა. გექნებათ საჭმელი და ეს ჭამა ღირს იმად, რომ დაივიწყოთ, ვინ იყავით. დაივიწყებთ კიდეც.

 

 

1 – ამ სასიამოვნო ლოდინში

 

- ამ დილით, ლიფტში, საყელო ჯერ კიდევ სველი მქონდა წვიმისგან. შესასვლელშივე გამიშრა, ცენტრალურ გათბობას რთავენ და ეს ჟილეტ-ჰალსტუხიც სხვა გზას არ ტოვებს. მაგიდაზე, როგორც იტყვიან, პროფილების გროვა მქონდა, ერთმანეთში არეული, მომლოდინე სახეების გროვა. ყველას მონდომება ეტყობოდა, იმდენად სჭირდებათ სამსახური. თუმცა მათ სურათებზე ზოგჯერ ჩანს, რომ ლოდინში დიდი ხანი გავიდა და რომ ფორმალურადღა ელოდებიან. ჩავჯექი ჩემს დიდ ტყავის სავარძელში, რომელიც 360°-ით ბრუნავს, დავტრიალდი 360°-ით. გადავფურცლე ცერით, ძალიან სწრაფად. თითქოს ერთადერთი სახე ჩანდა, მოღრეცილი და უშნო, იმედით სავსე. ერთზე შევჩერდი, პროფილის წაუკითხავად. მხოლოდ სახით მივიღე გადაწყვეტილება. მე შენ აგირჩიე, მირიამ.

 

 

2 - ესკიზი მიამიტ ქალებზე

 

- ამ ვარსკვლავს ხედავთ, მირიამ? თქვენს ვარსკვლავს: მიამიტი ქალების ვარსკვლავს. თქვენნაირი ქალების, გულუბრყვილოების, ცას რომ შეჰყურებენ და თან ძალიან ღრმად ჩაისუნთქავენ ხოლმე. შიშვლები რომ ბანაობენ, არანაირი პასუხისმგებლობა რომ არ აკისრიათ. თქვენ გაგიმართლათ. მშურს თქვენი. ისეთი ცივი, ისეთი ბოროტი მგონია თავი. თქვენ კი პრიმიტიული ადამიანის სითბოს ატარებთ. იმ ადამიანისა, ტყუილებს რომ ვერ მოუყვები. გულწრფელის. და თქვენი დუმილი, მირიამ. თქვენი დუმილი გულს მიჩუყებს. მინდა, მჯეროდეს, რომ მის უკან არაფერი იმალება. საკუთარ თავს ვუცქერი თქვენს უბრალო თვალებში და თქვენი სიცარიელე მავსებს.

 

 

3 – დილის ეჭვი

 

- დღეს მართლა ნეხვი მგონია თავი, მირიამ. და რაც უფრო მოგმართავთ, მით უფრო ვნეხვდები. და რაც უფრო ვნეხვდები, მით უფრო ველი თქვენგან ნუგეშს. და რაც უფრო მჭირდება ეს ნუგეში, მით უფრო ვემსგავსები ტიპს, რომელიც გეზიზღებათ. და რაც უფრო წარმოვიდგენ თავს ტიპად, რომელიც გეზიზღებათ, მით უფრო გეზიზღებით. და რაც უფრო გეზიზღებით, მით უფრო მინდება, მივიღო თქვენგან მოწონება. და რაც უფრო მინდება ეს, მით უფრო უიმედოდ ვდეგრადირდები თქვენს თვალში. და რაც უფრო ვცდილობ, ავმაღლდე თქვენს თვალში, მით უფრო აშკარა ხდება ჩემი ეს მცდელობა და მით უფრო ვპატარავდები, იმ ნეხვზე უსასრულოდ ბევრად ვპატარავდები, თავიდან რომ მეგონა თავი. ეს არის ყოველგვარი კონტროლიდან გასული მექანიზმი, რომელიც თავად შევქმენი და ახლა თავს ვეღარ ვაღწევ.

 

 

4 – უძრავი მირიამები

 

- თქვენ შეუღწევადი ხართ, მირიამ. გლუვი ზედაპირით. ძალიან ჭკვიანი და ძალიან სულელი: ამ ძეგლებს ჰგავხართ. არ გგონიათ? ნურაფერს იტყვით. მირჩევნია, დავიტოვო თქვენი იდუმალება. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ბევრი გაქვთ სათქმელი? მართლა, მირიამ? ის, რაც თქვენ გჭირდებათ, უმეცრებაა. თქვენ ვერ შეძლებდით ამ სამყაროში ნამდვილად შემოღწევას. კარგია, რომ განზე რჩებით. არც კი ვიცი, აცნობიერებთ თუ არა, როგორ გაგიმართლათ, რომ განზე დგახართ. იცით, მე გიცავთ ყოველგვარი ცოდნისგან. თქვენ ამას ვერ გაუძლებდით.

 

 

5 – შიდა კონკურსი

 

- ყვავილები თქვენს მაგიდაზე მე არ დამიწყვია. არ ვიცი, ვინ იყო. მოვახსნევინებ. არ ვიცოდი,  მაგიდა თუ გქონდათ. უნდა გეთქვათ ჩემთვის, ვარდებით გადაგივსებდით. ე.ი. ჩვენთან მუშაობთ,  მირიამ.

 

 

6 – დიდი პროექტი თქვენთვის

 

- ადრე, თქვენ გეძინათ, სანამ სხეული გაგაღვიძებდათ. ჩემი არაფერი გემართათ. საკუთარი თავის არაფერი გემართათ. მე თქვენ შეგძენთ საკუთარი თავის, საკუთარი ღირებულების ცნობიერებას. დაბრკოლებების გადალახვის ჟინს, დამაშვრალ წუხილს. აღგიძრავთ სხვებთან გატოლების, შეფასების, შედარების სურვილს. ყოველივესთვის გადავლის სურვილს. მე მოგცემთ ამ ნიჭს, ჩემს სიშმაგეს. ბოროტი გახდებით – შემოაღწევთ ამ სამყაროში – უკვე აქ ხართ. ჩემს ვალად გექნებათ ცოდნა და განსაკუთრებით ეს სუნთქვა, რომელიც წესიერად აღარ მოქმედებს, ასვლისას იკვრება, ჩამოსვლისას ცახცახებს - ნამდვილი სიყოჩაღის უტყუარი ნიშანი. მე ვიქნები ზომა 44 თქვენს მკერდზე, თქვენს ძილში.

 

 

7 – ჩვენი კონტრაქტი

 

- არ უნდა შეიმჩნიო, რომ საქმის კეთება არ ვიცი. რომ საქმის კეთება აღარ ვიცი. რომ არასდროს მცოდნია. მართლა იდიოტი რომ იყო, გაპატიებდი, მაგრამ ვიცი, რომ უბადრუკი გგონივარ, ვიცი, რომ იცი, რომ უბადრუკი ვარ. აღარ შემიძლია ეს ღიმილი. ჩემს ციფრებში ეჭვი შეგაქვს? ჩემს დიაგრამებში ეჭვი შეგაქვს? შენ ხომ ამის არაფერი გაგეგება, კითხვა არ იცი, არაფერი იცი. მოვილაპარაკეთ, რომ ასე ვიზამდით, რომ მე განვმარტავდი დიაგრამებს და შენ გაიღიმებდი. გააგრძელე გაღიმება. აჰა, გაიღიმე საბოლოოდ. და აღარ შემომხედო. ყურადღება დიაგრამებზე გაამახვილე და გაიღიმე, გევედრები. გაიღიმე, მირიამ.

 

 

8 -  დიდი პროექტი თქვენთვის (2)

 

- თქვენ გაქვთ ეს ნაპერწკალი, ეს მუხტი, რომელიც დაგივლის და თვალებში გროვდება. ყოფის ეს შეშლილი იმედი – უკეთესი არაფერი – მაგრამ მანც სხვებისგან განსხვავებული, თქვენი თვალის სიღრმეში არსებული ამ ციცქნა რაღაცის წყალობით. ფართოდ გაახილეთ, რომ დავინახო. აჰა. გტკივათ? გეწვით? კიდევ უფრო ფართოდ გაახილეთ. მიყურეთ, როცა გელაპარაკებით. ახლა მომისმინეთ – ამ რაღაცას მე მომცემთ. არ შეშინდეთ. არ დაახამხამოთ. კარგად მოვუვლი. ავიღებ და ჩავისვამ. გავამრავლებ, გავაპრიალებ, გავაბრწყინებ. მენდეთ. ახლა შეგიძლიათ, დახუჭოთ. აჰა, მორჩა. რა კარგია ნორმალურ ქალად ყოფნა. აღარაფერი გაწუხებთ. მე ვიზრუნებ ამაზე. სახე ცარიელი გაქვთ, მაგრამ შეხედეთ ჩემს ხელებს: სავსეს, თქვენი ცეცხლით სავსეს.

 

 

9 – ფეხზე დგომა

 

- ყველა ეს ადგილი, სადაც მარტო უნდა ვიყო! ვიცი, რომ ამ ადგილებში, მარტო ყოფნას მთხოვენ, რომ ვინაიდან ზრდასრული ვარ, აღარ მაქვს უფლება, დახმარება ვითხოვო. მაგრამ როგორ ახერხებენ ამ ადგილებში მარტო ფეხზე დგომას?

 

 

10 – ხელახალი დაცემის ეს წნეხი

 

- მაპატიეთ, თუ არ გესმით, მირიამ. სხვანაირად ვერ დაგელაპარაკებით, მხოლოდ ეს სიტყვები მაქვს. ნუთუ არ გრძნობთ ამ სიტყვებს, როგორც ძალიან ძვირფასი ყვავილების სუნს თქვენს გარეუბნულ ბინაში? არაფერს გრძნობთ? გეფიცებით, სხვა სიტყვები არ მაქვს; სხვა სიტყვები დამავიწყდა. ყველაფერი გავაკეთე, რომ დამვიწყებოდა; სპეციალურ სკოლაში შევედი, სპეციალური კურსი გავიარე, რომ დამვიწყებოდა. ახლა, ეს სიტყვებიღა მაქვს, თქვენ რომ ასე გაფრთხობთ, რადგან არასდროს გინახავთ, არასდროს გაგიგონიათ ისინი. და ყოველ ჯერზე, როცა ამ სიტყვებიდან ერთ-ერთს გეუბნებით, მრჩება შეგრძნება, თითქოს ათტომიან ენციკლოპედიას გადებდეთ თავზე. თვალს გაყოლებთ მწყობრი ნაბიჯით მიმავალს. არ ვიცი, როგორ გელაპარაკოთ. მართლა ვისურვებდი თქვენს დონეზე ყოფნას. მაგრამ ეს უკვე მე მაფრთხობს. მეშინია, ისევ არ დავეცე თქვენს დონემდე.

 

 

11 - იმპერატორის ჩაცმულობის სიმყიფე

 

- მირიამ, არ გაქვთ იმის თქმის უფლება, რომ შიშველი ვარ. აქ ჩვენ გვაკისრია, რასაც ჰქვია, თმენის ვალდებულება. წლებია, ყველა მიქებს ამ საუცხოო სამოსს, რომლის შემჩნევა მხოლოდ გამორჩეულ არსებებს შეუძლიათ. თქვენ კი, მესმის, რომ ვერაფერს ამჩნევთ. ნამდვილად ბრმა უნდა იყო! მაგრამ ნუ იტყვით, რომ შიშველი ვარ, სახალხოდ მაინც. არ მინდა ამის გაგონება, მით უმემტეს, ახლა. სხვებს მიბაძეთ, თორემ ვერ გაგიგებთ, ვიტირებ და ჩავიცვამ. ნუთუ შევცდი სიჭკვიანესთან დაკავშირებით..? ფრთხილად, ჩემს მოსასხამზე აბიჯებთ.

 

 

12 – უფროსთან ცეკვა

 

- შუბლზე გაწერიათ, მირიამ, მაგ დაბალ შუბლზე: „ურჩი“. რამდენჯერაც გვერდით ჩაგივლით, თვალებიდან წიპლები მოგდით. კისერწაგრძელებული, მხრებშეზნექილი, მუდამ მზად ხართ შეტევაზე გადასასვლელად. შემიტიეთ, მირიამ! ვიცი, რომ უკან დახევას არ აპირებთ, თქვენს დოსიეში ამოვიკითხე. ვიცი, რომ ასეთი ხართ. ვიცი ასეთი გოგოები. და სამუშაო დღის ბოლოს? არ გინდათ, გამომეტყველება შეიცვალოთ და ცოტა გაერთოთ? და არ ფიქრობთ, რომ თქვენს თანამშრომელსაც - და ამ შემთხვევაში შეფს – უნდა გართობა? თქვენ მასზე არ ფიქრობთ, მირიამ. თქვენ ჩემზე არ ფიქრობთ. არ გგონიათ, რომ მეც ვიმსახურებ ცოტა გამხნევებას? და თქვენც, მირიამ – არ გგონიათ, რომ თქვენც იმსახურებთ ამას? ვიცი, რომ ზემდგომი არ გიყვართ. არც ღამით, მირიამ? ღამითაც არ გიყვართ ზემდგომი?

 

 

13 – სინდისის ქენჯნა

 

- მირიამ, დროდადრო ვფიქრობ, როგორ იღლებით და თქვენთვის ბოდიშის მოხდა მინდება.

 

 

14 -  კაცთმოყვარეობის წინაღობა

 

- თქვენ ჩემთან ერთად ვერ იცხოვრებდით. მუდამ შიშში იქნებოდით, რომ კარში ვერ გააღწევდით. ცხადია, მე გვერდით გედგებოდით, მაგრამ კარში გაღწევის გამოცდა მარტომ უნდა ჩააბაროთ: გაარკვიოთ, რამდენად გიყვართ საკუთარი თავი / რამდენად იქნებოდით მზად, გეცრუათ / საკუთარი თავი მოგეტყუებინათ იმისთვის, რომ სხვებს უყვარდეთ. მაშინვე შიშისგან ტანში გაგცრიდათ.

 

 

15 – მოტაცება

 

- თექვსმეტი წლისა რომ გამეცანი, გასრესილი მარწყვის ტუჩებითა და ხიფათის მაძიებელი თვალებით. იმ დროს რომ გამეცანი, როცა სულ სიმართლეს ამბობდი. როცა ყველასგან განსხვავებულად იღიმოდი. ან სულაც არ იღიმოდი. კარგი იქნებოდა, მაშინ შეგხვედროდი, არაჩვეულებრივი იქნებოდა, მირიამ, ეს ცარცის ქაღალდის ღიმილი რომ შეგეკავებინა. Nothing else matters-ს ვუსმენ, აბა, წავიდა. მოსმენილი გაქვს? იმ დროს მახსენებს, როცა სულის დარაბები ფართოდ მქონდა გახსნილი. კარგი იქნებოდა, იმ ასაკში გაგეცანი, მირიამ. სწორედ იმ დროს ჩაგეჭიდა ჩემთვის ხელი. სანამ ბ-ნი უნდილი გავხდებოდი, ძალიან მომეწონებოდა ეს: თავს რომ დამტყდომოდი მთელი შენი გოგოური სითავხედით, გრძელი ფეხებით, მრავალაზროვანი ღიმილითა და ქვედატანის ფოჩების რხევით, შორ ოცნებებში რომ გადამტყორცნიდა. არა, არა, ასე არ ვარგა... არ ვარგა. Nothing else matters, რა მემართება? სეირნობა არ ვარგა ბ-ნი უნდილისთვის. იცის, ამ დროს რა სისულელეებსაც უყვებიან. სად იყავი, მირიამ, Nothing else matters-ის დროს, როცა გრძელ, ცხიმიან თმებში ჩამალული თვალები შიშისგან მქონდა ჩაღამებული? როცა მზად ვიყავი, საფეთქლებზე თმა ნერწყვით ამეპრიალებინა და სულგაღეღილი დაგლოდებოდი შენი გარეუბნული ბინის ჭუჭყიანი სარკმლის ქვეშ? მომატყუეს და მეც ავყვირდი ჩემს ბალიშში. რომ გენახე, მირიამ, ლუკმად არ გეყოფოდი.

 

 

16 – მთავარი შიში

 

- ვიცი, რომ ზღვარი დავაწესეთ: არა უმეტეს 40-ისა დღეში. დილის 8 საათია და უკვე მივიღე ჩემი 40. მაგრამ გთხოვთ, ერთხელაც. მირიამ, მინდა, რომ თქვათ. კიდევ – ერთ – ხელ. ვიცი, რომ ეს არ შედის ჩვენს დებულებებში, ასე არ მოგვილაპარაკებია, ასე არ შევთანხმებულვართ. მაგრამ ერთხელაც, რა მოხდება?! მე თუ ეს მჭირდება – მუხლზე დაჩოქილს ხომ არ უნდა მახვეწნინოთ?! არის ასეთი არაერთი დილაც, როცა უძლური ვარ, სიტყვა სიტყვით უძლური, გადავკვეთო დღე, როგორც მამაკაცმა. ამ დილით ვეძებ ყველაზე ახლო გასასვლელს, რომ ლაჩრულად მოვიღო ბოლო. მითხარით, მირიამ, რომ ყველაფერი კარგადაა. რომ მნიშვნელოვანი ვარ. მნიშვნელოვანი ვარ თქვენს თვალში, ხალხის, ქვეყნის თვალში. რომ აქ რაღაცას ვემსახურები. რომ ყველაფერი კარგად იქნება. რომ ტკივილს არ მომაყენებთ. რომ დღეს არავინ მატკენს გულს, არ შემაფურთხებს, არ წამართმევს, რაც გამაჩნია. ნუ მაიძულებთ, ამ დილით, გასასვლელის ძებნას.

 

 

17 - ერთი დამაწყნარებელი პერანგი მაინც

 

- მირიამ, შემხსენით ეს ზონარი და სული მომათქმევინეთ.