top of page

პოსტსაბჭოთა დრამატურგია - აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში

302711_402783829794865_924104723_n.jpg

წინამდებარე კრებული „პოსტსაბჭოთა დრამატურგია - აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“ წარმოადგენს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების ანალიზს საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. კრებული იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც ზრდის მის დანიშნულებას და რეალიზაციის არეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფარგლებს გარეთაც. კრებულში ფართოდ არის წარმოდგენილი თანამედროვე ქართული დრამატურგიის ტენდენციების ანალიზი საკუთრივ დრამატურგიასთან ერთად.

ეს არის ოცწლიანი პერიოდის კომპლექსურად გააზრების პირველი მცდელობა ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსების მიზნით. ამ უმნიშვნელოვანესი, აქტუალური და პრობლემატური საკითხის კვლევაში დაგვეხმარნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან: ლიტვიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებმაც წარმოადგინეს „ახალი დროის“ ავტორები და შეეცადნენ გაეანალიზებინათ თეატრსა და დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე.

ვფიქრობთ, კრებული კარგი საჩუქარია არა მხოლოდ ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის, არამედ ქართველი და უცხოელი რეჟისორებისთვის, რომლებიც ხშირად უჩივიან თანამედროვე პიესების თარგმანების ნაკლებობას.

ბუნებრივია, გამოცემას გარკვეული ხარვეზები შეიძლება ახლდეს, სარედაქციო ჯგუფი სიამოვნებით გაითვალისიწნებს პროფესიულ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც მომავალი გამოცემების დახვეწის საშუალებას მოგვცემს.

მადლობას ვუხდით თანადგომისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიაუნის თეატრს და თანამედროვე დრამატურგიისა და პროფესიული თეატრალური ლიტერატურის მთარგმნელობით და კვლევით ცენტრს, ასევე ფორუმში მონაწილე უცხოელ და ქართველ კოლეგებს, რომელთა ჩართულობის გარეშე ეს გამოცემა და ზოგადად პროექტი არ შედგებოდა.

ვიმედოვნებთ, კრებული „პოსტსაბჭოთა დრამატურგია“ არ იქნება პირველი და უკანასკნელი გამოცემა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი

გამოცემას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე

bottom of page