პოსტსაბჭოური ქართული თეატრი

მანანა გეგეჭკორი

პოსტსაბჭოური ქართული თეატრი

(სასცენო ხელოვნების განვითარების თავისებურებანი ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციური კატაკლიზმების ფონზე)

 

     156 წლის პროფესიული ქართული თეატრის ცხოვრებაში  მრავალი საინტერესო პერიოდი ყოფილა _ შემოქმედებითი აღზევებისა და დაცემის, წარმატებისა და წარუმატებლობის, სტაგნაციისა და საინტერესო ძიებების, საერთაშორისო აღიარებისა თუ კარჩაკეტილობის ხანა. XX საუკუნის 90-იანი წლები ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარების ერთ-ერთი თავისებური, სასცენო შემოქმედების   მკვლევარისათვის  საინტერესო პერიოდია. უდავოდ საჭირო და აუცილებელია მასზე საუბარი, ამ ისტორიულ მონაკვეთში თეატრალური ხელოვნების განვითარების თავისებურებათა განხილვა კონკრეტული სპექტაკლებისა თუ თეატრების მოღვაწეობის მაგალითებზე.
    ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, გარკვეულ დროსა და სივრცეში იქმნება, თან იგი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ეპოქის თავისებურებებზე. განსაკუთრებით ეხება ეს თეატრს _ ცოცხალ, ეფემერულ საშემსრულებლო ხელოვნებას, რომელიც არსებობს მხოლოდ ქმნადობის, წარმოდგენის მიმდინარეობის პროცესში და ნივთიერი სახით არ რჩება. ამიტომ  თეატრალური ხელოვნების დამოკიდებულება დროსთან, მისი უმჭიდროესი კავშირი თანამედროვეობასთან, ამ სიტყვის ყველაზე ფართე გაგებით, აუცილებლად გასათვალისწინებელია XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ხელოვნებაზე საუბრისას.
     ჩემს მოხსენებაში შევეცდები თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ზოგად საკითხებზე, რომლებიც თეატრალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ყოველ ჩვენგანს აწუხებს, რომლებზედაც ხშირად ვსაუბრობთ  კულუარებში  თუ საჯაროდ. ჩემს გამოსვლას, უფრო მეტად, პრობლემის დასმის და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების სახე ექნება, ვიდრე მტკივნეული საკითხების გადაჭრის, მით უმეტეს _ რაიმე მზა რეცეპტის გაცემისა.

   ვიდრე დღევანდელ ვითარებაზე ვისაუბრებდე, მინდა შეგახსენოთ გასული საუკუნის 70-80-იანი წლები, ისტორიაში ე.წ. `უძრაობის~ ხანად წოდებული პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ბატონობდა კომუნისტური ცენზურა, იდეოლოგიური მარწუხები, რომლებიც დიდ დაღს ასვამდნენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, სახელდობრ, მის ერთ-ერთ ფორმას _ თეატრს. ეს დაღი, ცხადია, უმთავრესად უარყოფითი იყო _ კომუნისტური იდეოლოგიის დაკვეთა, სცენაზე წარმოდგენილი პრობლემების ლაკირება-შელამაზება, არა რეალობის ასახვა, არამედ _ ტყუილი. მაგრამ ამ საკითხს საქართველოში სხვა მხარეც აქვს. საქმე ისაა, რომ უმკაცრესი კომუნისტური ცენზურის პირობებში, როდესაც მთელ საბჭოთა კავშირში, ერთმანეთის მიყოლებით იკრძალებოდა ~საბჭოთა იდეოლოგიისთვის უცხო~ წიგნები, ფერწერული ტილოები, მუსიკალური ნაწარმოებები, სპექტაკლები და ფილმები, საქართველოში არც ერთი წარმოდგენა არ აუკრძალავთ.  მართალია, ზოგიერთი ნაწარმოები ძნელად, წინააღმდეგობათა გადალახვით იკვლევდა გზას სცენისაკენ, მაგრამ არც ერთი სპექტაკლი არ მოუხსნიათ ცენზურული მოსაზრებებით. უფრო მეტიც, სწორედ მაშინ დაიდგა მიხეილ თუმანიშვილის `ანტიგონე~, რობერტ სტურუას ~სეილემის პროცესი~, ~ყვარყვარე~, ~რიჩარდ III~, თემურ ჩხეიძის ~გუშინდელნი~, ~ჯაყოს ხიზნები~, ~ჰაკი აძბა~. რამდენიმე სხვა სპექტაკლის დასახელებაც შეიძლებოდა, უბრალოდ, პირველ რიგში, ის სცენური ნაწარმოებები გაგახსენეთ, რომლებიც თავიანთი მოქალაქეობრივი ჟღერადობითა და მხატვრული ხარისხით უაღრესად შთამბეჭდავი იყო. ერთი შეხედვით, გასაკვირია, როგორ იხილეს მათ რამპის სინათლე იმ სახელმწიფოში, სადაც შეუპოვრად, ენერგიულად და თანმიმდევრულად ებრძოდნენ ადამიანური ღირსების, პიროვნული თუ ეროვნული თავისუფლების გამოვლენის ყოველგვარ მცდელობას. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ წარმოდგენათა სცენური სიცოცხლე, მათ შემქმნელებთან ერთად, საქართველოს იმდროინდელ ხელისუფალთა დამსახურებაცაა.
                      
  `უძრაობის” ხანაში კარგად ვიცოდით, რის წინააღმდეგ იყო მიმართული თეატრალური ხელოვნების საუკეთესო, თამამი წარმოდგენები, რას გვეუბნებოდნენ ისინი არა პირდაპირ, არამედ შეფარვით, ქვეტექსტით.  თითქოს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მკაცრი ცენზურა ერთგვარ სტიმულს აძლევდა თეატრის მოღვაწეებს სცენიდან ესაუბრათ საზოგადოებისათვის ამაღელვებელ პრობლემებზე მეტაფორისა და მხატვრული სახეების მეშვეობით, იმ ენაზე, რომელზედაც საუბრობს ნამდვილი ხელოვნება.
   დღეს ყოველივე ეს, მართალია, არცთუ ისე შორეული, მაგრამ მაინც წარსულია. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოში ბევრი რამ, რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვალა. ბოლშევიკური სოციალიზმიდან კაპიტალიზმის საწყის, პირველადი დაგროვების, ე.წ. `ველურ” სტადიაში აღმოვჩნდით, თავს დაგვატყდა მრავალი განსაცდელი _ სისხლიანი გადატრიალება, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ხანგრძლივი ფინანსურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისები, შიმშილი და გაჭირვება. სამწუხაროდ, ამ პრობლემათა დიდი ნაწილი ახლაც აღელვებს საზოგადოებას.
  გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში მომხდარმა მნიშვნელოვანმა სოციალურ-პოლიტიკურმა მოვლენებმა არსებითი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე, ცხადია _ თეატრზეც. იგი უამრავი, მისთვის აქამდე უჩვეულო ახალი პრობლემის წინაშე დადგა, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება ითქვას, ფინანსურ-ორგანიზაციული პრობლემებისა. მხედველობაში მაქვს ელემენტარული სამუშაო პირობების უქონლობა, შრომის ძალიან დაბალი ანაზღაურება. ის, რომ სახელმწიფო უკვე ვეღარ აფინანსებდა თეატრებს და მათ ახალი სპექტაკლების დადგმის საშუალება არ ჰქონდათ, ძველ რეპერტუარსაც სრულყოფილად ვერ თამაშობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იდეოლოგიური ცენზურა ფინანსურმა შეცვალა. საქართველო თავისუფალი გახდა, თეატრი _ დამოუკიდებელი, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად, რეალურად კი _ დამოუკიდებლობამ ბევრი სირთულე შეუქმნა ქართულ თეატრალურ ხელოვნებას.
     რევოლუციური კატაკლიზმების, საზოგადოებრივ ცნობიერებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების, ზნეობრივ ფასეულობათა გადაფასების პირობებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია მენტალიტეტის, მსოფლმხედველობის სახეცვლილება დროისა და ვითარების შესაბამისად. ცხოვრების ახალ წესთან, ახალ რეალობასთან შეგუებას დრო სჭირდება, თან ეს პროცესები უკვე ხანში შესული, ჩამოყალიბებული პიროვნების ფსიქიკაში უფრო ნელა და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს, ვიდრე ახალგაზრდასთან. ვფიქრობ, დღეს ქართული თეატრი დაბნეულია, მას აქვს ძველი და ახალი სპექტაკლები, ძველი  და ახალი ფინანსურ-ორგანიზაციული პრობლემები და მოსალოდნელი ცვლილებები კანონში თეატრების შესახებ.
   ქართულ თეატრზე საუბარს, რატომღაც, სულ თბილისით ვიწყებთ და ვამთავრებთ. რაიონული თეატრების ბედი თითქოს ნაკლებად გვაღელვებს, არა და იქ უფრო სერიოზული პრობლემებია. თეატრების მუშაობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. დიდი ვაი-ვაგლახით (ფინანსური გასაჭირი მაქვს მხედველობაში) მოამზადებენ ახალ სპექტაკლს, რამდენჯერმე ითამაშებენ. უმძიმეს პირობებში მომუშავე მსახიობებსა და თეატრის სხვა თანამშრომლებს რაღაც იმედი, სტიმული მიეცემათ, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმოდგენების სისტემატურად გამართვის საშუალება კვლავაც არ არის. ასე რომ, თეატრი პერიოდულად, სპონტანურად შეახსენებს ხოლმე თავს ერთგულ მაყურებელს. მისი სრულფასოვანი მუშაობა კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ იგი რეგულარულად მართავს სპექტაკლებს.
    ვფიქრობ, ეს პრობლემა მოგვარებადია იმ შემთხვევაში, თუ თეატრი გამოძებნის მაყურებელთან ურთიერთობის ახალ ფორმებს, თითოეული რაიონის ხელმძღვანელი კი, თავის მხრივ, კარგად გააცნობიერებს იმას, რომ დღეს ისევე, როგორც ადრე, საქართველოს რეგიონებში სწორედ თეატრია კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი კერა და ხელს შეუწყობს თეატრს მაყურებლის მოზიდვასა და ორგანიზებაში. თეატრს უნდა ჰქონდეს სპექტაკლების მაღალ მხატვრულ დონეზე გამართვის საშუალება, მსახიობებს _ შრომის ნორმალური ანაზღაურება, შენობა, რომელშიც წყალი არ ჩადის, სინათლე არ ქრება და ზამთარში მაყურებელი არ იყინება.
      ხშირად გამიგია ტელევიზიით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან: `ჯერ ეკონომიკას უნდა მივხედოთ, კულტურა _ შემდეგ.” ქართული ხელოვნებისთვის ეს ტენდენცია დამღუპველია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არც ეკონომიკაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი, ხალხისთვის სასიკეთო გარდაქმნები. ამას გარდა, ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ხანგრძლივ პროცესში უკვე ვკარგავთ ბევრ ისეთ რამეს სულიერი სფეროდან, რის აღდგენასაც, საუკეთესო პირობებში, ათწლეულები დასჭირდება. ამასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, თუნდაც ერთი, ყველა ჩვენთაგანისათვის უმწვავესი პრობლემა _ ქართველ ბავშვებსა და მოზარდებს, აგერ უკვე თითქმის ორი ათეული წელია, მათთვის განკუთვნილი თეატრი არა აქვთ. საუბარია ყმაწვილთა 2-3 თაობაზე. ვფიქრობ, ეს მტკივნეული საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს, თუმცა, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ახალგაზრდების ეს 2-3 თაობა მათთვის განკუთვნილი თეატრის გარეშე გაიზარდა. 
   დედაქალაქის თეატრები რაიონის თეატრალურ კოლექტივებზე უკეთეს მდგომარეობაშია. თუმცა, მათაც, 90-იანი წლების დასაწყისში განვითარების რთული გზა გაიარეს _ სიცივე, სიდუხჭირე, უმაყურებლობა, ხანგრძლივი, იძულებითი შემოქმედებითი უმოქმედობა. ახლა თბილისში ბევრი თეატრია. სტაციონარული სარეპერტუარო და ანტრეპრიზის პრინციპით მოქმედი ე.წ. კომერციული თეატრები. სტაციონარულ თეატრებს, მათი მუდმივი დასით, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი აფინანსებს, დღეს უკვე მხოლოდ ხელფასისა და კომუნალური გადასახადებისათვის აუცილებელი მინიმალური თანხებით. კომერციულ თეატრებს ამ სახის დაფინანსება არა აქვთ. ისინი, ძირითადად, სალაროს შემოსავლებისა და სხვადასხვა სახის გრანტის ხარჯზე არსებობენ. ფინანსური პრობლემები ორივე სახეობის თეატრს აიძულებს, ხშირ შემთხვევაში დადგას არა ის, რაც საზოგადოებას აღელვებს, არამედ ის, რასაც მასობრივი, გართობის ბაზარი უკვეთავს. სამწუხაროდ ეს რეალობაა. მართალია, თეატრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, იგი რეგულარულად მართავდეს სპექტაკლებს და, რაც შეიძლება მეტ მაყურებელს იზიდავდეს, მაყურებლის მოთხოვნილებას აკმაყოფილებდეს. მაგრამ, არც თუ იშვიათად, ეს მოთხოვნილება ძალზე შორსაა ჭეშმარიტი ესთეტიკური მოთხოვნილებისაგან ან არსებითად ეწინააღმდეგება მას.
     ბოლო ხანებში, პროფესიულ წრეებში ხშირად კამათობენ, საჭიროა თუ არა ამდენი თეატრი. ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ბევრი თეატრი ბევრ სპექტაკლს ნიშნავს. მათ შორის, საშუალო დონის და წარუმატებელ დადგმებთან ერთად, უდაოდ საინტერესო სცენური ნაწარმოებებიც იქმნება. დრო ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს. მაყურებელი თავად აირჩევს, სად წავიდეს, რა ნახოს, რომელ თეატრსა თუ სპექტაკლს მიანიჭოს უპირატესობა. თუმცა, სავსე დარბაზი, სისტემატური ანშლაგი, ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ წარმოდგენა მაღალი ხელოვნების ნიმუშია.
   სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს ქართული თეატრი იდეოლოგიური ცენზურისგან თავისუფალია. მაგრამ მსგავსი სიამაყით ვერ განვაცხადებთ, რომ იგი ისეთივე საინტერესო სპექტაკლებით გვანებივრებს, როგორც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში. პოსტ საბჭოური პერიოდის ქართული თეატრის საუკეთესო სპექტაკლების მოქალაქეობრივი ჟღერადობა, ვფიქრობ, `უძრაობის” პერიოდის რეპერტუარს, ამ მხრივ, ჯერ-ჯერობით ვერ უტოლდება. რატომ? მიზეზი არა ერთია. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების სულიერი მღელვარება და ფორიაქი, ზნეობრივ ფასეულობათა მრავალჯერადი, რადიკალური გადაფასების ვითარებაში, ეროვნულ მენტალიტეტში მყარად დამკვიდრებული მორალური ორიენტირების დაკარგვა და ახლის ძიება. ასეთ დროს, უპირატესად, კლასიკას მიმართავენ, თავისი მარადიული პრობლემებით. 1995 _ 2003 წლებში რეგულარულად ვაშუქებდი საქართველოში მიმდინარე თეატრალურ პროცესებს გაზეთების: `ქართული კულტურა’’, `ივერია ექსპრესი” და `ახალი ეპოქა’’ ფურცლებზე,  როგორც მათი მიმომხილველი.  როდესაც ამ კონფერენციისთვის ვემზადებოდი, ამ მასალებსაც გადავხედე  და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ 90-იანი წლების ქართული თეატრის რეპერტუარში აშკარად ჭარბობს უცხოური და ქართული კლასიკური დრამატურგიის ნიმუშები _  უილიამ შექსპირის, ფრიდრიხ შილერის, გოეთეს, ბომარშეს, კარლო გოცის, ჟან ანუის, ლუიჯი პირანდელოს, Eედუარდო დე ფილიპოს, გარსია ლორკას, აუგუსტ სტრინდბერგის, ალბერ კამიუს, ნიკოლოზ გოგოლის, ლევ ტოლსტოის, ანტონ ჩეხოვის, ფეოდორ დოსტოევსკის, ფრიდრიხ დიურენმატის, სომერსეტ მოემის, ჟან-პოლ სარტრის, სემუელ ბეკეტის, ეჟენ სკრიბის, არტურ მილერის, ვასერმანის და დერიონის, მიხეილ ბულგაკოვის, ვლადიმერ ნაბოკოვის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე სუმბათაშვილის, დავით კლდიაშვილის, შალვა დადიანის, გრიგოლ რობაქიძის, ავქსენტი ცაგარლის, რაფიელ ერისთავის,  ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები; თანამედროვე უცხოელი ავტორების _ ჯონ ოსბორნის, Dდარიო ფოს, Gგაბრიელ გარსია მარკესის, პატრიკ ზიუსკინდის, ჰაინერ მიულერის, იუოკო მისიმას, რეჯინალდ როუზის, იასმინა რეზას, მანლიო სანტანელის, სლავომირ მროჟეკის და სხვათა პიესები. ცხადია, თანამედროვე ქართული დრამატურგიაც იდგმება _ ნოდარ დუმბაძის, ოტია იოსელიანის, თამაზ ჭილაძის, რეზო გაბრიაძის, გურამ ბათიაშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, შადიმან შამანაძის, ირაკლი სამსონაძის, დათო ტურაშვილის, ოთარ ბაღათურიას, რეზო კლდიაშვილის, აკა მორჩილაძის, გურამ ოდიშარიას, თამაზ ბაძაღუას, ლაშა ბუღაძის, ალექსანდრე ქოქრაშვილის, მანანა დოიაშვილის, თამარ ბართაიას, ნინო ბასილიას, ბასა ჯანიკაშვილისა და სხვა ავტორთა ნაწარმოებები. მიუხედავად ამისა, დღეს ქართული თეატრი მაღალი ხარისხის ეროვნული დრამატურგიის დეფიციტს მაინც განიცდის. იქნებ ისტორიულად ჯერ კიდევ მცირე დროა გასული ჩვენს ქვეყანაში მომხდარი თუ მიმდინარე სოციალური კატაკლიზმებიდან იმისათვის, რომ მათ პიესებში ჰპოვონ ასახვა. როგორც ფილმ `არაჩვეულებრივი გამოფენის” კოლორიტული პერსონაჟი პიპინია ერისთავი ამბობს: `ქანდაკებას ესაჭიროება დისტანცია!’’ დრამატურგიასაც ესაჭიროება დისტანცია, ოღონდ არა ტერიტორიული, არამედ _ დროისა. თუმცა, ვფიქრობ, უკვე საკმარისი დრო გავიდა საიმისოდ, რომ შეიქმნას ნაწარმოებები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანსა და ამაღელვებელზე: არა ყოფით-სოციალურ დისკომფორტსა თუ მატერიალურ გასაჭირზე, არამედ იმ სულიერ პროცესებსა და კონფლიქტებზე, რომლებიც წარმართავენ ჩვენი აფორიაქებული, ჭრელი საზოგადოების რთულ სიცოცხლეს, სადაც პოლიტიკამ ქუჩისა თუ სატელევიზიო შოუს სახე მიიღო, თეატრში კი _ სანახაობის ელემენტები გაფერმკრთალდა. 
   არ მინდა იფიქროთ, თითქოს კომუნისტების დროს შევნატროდე და ცენზურის მარწუხებს ჭეშმარიტად მხატვრული ნაწარმოების დაბადების აუცილებელ პირობად მივიჩნევდე. არავითარ შემთხვევაში. იმედია, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სტაბილიზაციის, გამყარების კვალობაზე გამოიკვეთება ქართული თეატრის, როგორც ამ მოვლენათა ამსახველი ხელოვნების ძირითადი მიმართულებები და ტანდენციები. თუმცა ეს პროცესი რთული, წინააღმდეგობრივი და არაერთმნიშვნელოვანია. მას ბევრი რამ ეღობება წინ. თეატრს, როგორც სანახაობას, დღეს მრავალი კონკურენტი გამოუჩნდა _ `თეატრალიზებული’’ პოლიტიკური ცხოვრება, მიტინგები, მთავრობისა და პარლამენტის სხდომების, პრეზიდენტის გამოსვლების რეგულარული პირდაპირი  ტელეტრანსლაცია, სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუები, დებატები, მდარე ხარისხის სატელევიზიო თუ საესტრადო შოუები, რომელთა დონე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მიაქციეთ ყურადღება, როგორ დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებაში ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა პოლიტიკური სპექტაკლი და აბსურდის თეატრი საზოგადოებრივ ცხოვრებასთან და არა თეატრთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა. 
  ქართულმა ხელოვნებამ, კონკრეტულად _ ეროვნულმა თეატრმა, თავის კონკურენტებს ჭეშმარიტად მაღალმხატვრული ნაწარმოებები უნდა დაუპირისპიროს, თვითონ კი არ დაექვემდებაროს მდარე გემოვნების მაყურებლის მოთხოვნილებებს (სამწუხაროდ, თეატრი ხშირად იძულებულია ეს გააკეთოს), არამედ მისთვის საინტერესო, ამაღელვებელი სპექტაკლებით გაიტაცოს იგი, დააინტერესოს, გემოვნება გაუფაქიზოს. მოგეხსენებათ, ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია.
 მისი სწორად წარმართვისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჭკვიანური, გააზრებული და თანმიმდევრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა კულტურის სფეროში. იგი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე მას ვერ ვხედავ. ჩვენი ხელისუფლებისთვის ეროვნული კულტურა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პრიორიტეტულ სფეროდ არ არის მიჩნეული. როგორც ამ რამდენიმე ხნის წინ ბრძანა პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ამირან შალიკაშვილმა: `ქართული თეატრი კუბოში ჩააწვინეს და მას არავინ დასტირის!~ მისი ჭირისუფალი ჩვენ ვართ. ან გამოვაცოცხლოთ და სწორად, აქტიურად მოღვაწეობის საშუალება მივცეთ, ან (ღმერთმა ნუ ქნას!) დავიტიროთ და დავასაფლაოთ. 
   იმისათვის რომ ამ რთული მდგომარეობის გამოსწორების პროცესი დაიწყოს, საჭიროა აქტიური ფიქრი და მოქმედება როგორც სახელმწიფოს, ასევე _ თეატრის მოღვაწეთა მხრიდან, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ დავძლიოთ ფინანსური, საკანონმდებლო, სტრუქტურულ-ორგანიზაციული, მენტალური და შემოქმედებითი პრობლემები.