
ახალგაზრდების განვითარების სივრცე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

01.08.2026
თეკლა თალაკვაძე
ახალგაზრდების განვითარების სივრცე
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი სენაკში 2026 წლის 16 ივნისს გაიხსნა. ფესტივალი მუდმივ განახლებას განიცდის. ბოლო წლებში მან შეიძინა ახალგაზრდული ფესტივალის ფორმატი, ხოლო წელს პროგრამაში ახალი თაობის რეჟისორების სპექტაკლები იყო შეტანილი. პირველი შეხვედრა დაიწყო ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის პრეზენტაციით, რომელიც ანტიკურ და შუა საუკუნეების ქართულ თეატრს ეხებოდა. ამის შემდეგ კი, სენაკის თეატრის სცენაზე ზუგდიდის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა ახალგაზრდა რეჟისორ გიორგი ჭანტურიას „სისხლიანი ქორწილი“.
სპექტაკლის დასაწყისიდანვე მაყურებელი უბედურების მოლოდინშია. შავ ფერში გადაწყვეტილი სცენოგრაფია და დამთრგუნველი მუსიკალური ფონი ფედერიკო გარსია ლორკას მოთხრობილ ტრაგედიას კარგად გადმოსცემს ( მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი, კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი).
სპექტაკლის მთავარი სისუსტე სამსახიობო შესრულება აღმოჩნდა. რეჟისორმა მეტი ყურადღება დაუთმო ვიზუალურ მხარეს. სასიყვარულო სამკუთხედის ცეკვა ქორწილში, ეს დინამიკური სცენა ზუსტად გადმოსცემდა იმ ფარულ ვნებასა და დაძაბულობას, რაც გმირებს შორის ტრიალებს. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქალის ხვედრია პატრიარქალურ გარემოში, რაც, სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია. რეჟისორმა ეს სათქმელი ფინალურ სცენაშიც გაამძაფრა, ლეონარდოსა (გიგა აბულაძე) და სასიძოს (ირაკლი სამუშია) სიკვდილის შემდეგ, სცენაზე ეშვება თეთრი ფარდა, როგორც დასასრულისა და დროებითი მშვიდობის ნიშანი, რომელიც ნელ-ნელა შავდება და სამუდამო გლოვის სიმბოლოდ იქცევა. ფესტივალის ფარგლებში ეს დადგმა მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ახალგაზრდა რეჟისორის პროფესიული ზრდისთვის, ისე მაყურებლისთვის, რომელსაც საშუალება ეძლევა, ტრაგედიის ახლებური და საინტერესო ინტერპრეტაცია ნახოს.
მეორე დღე მაყურებლისთვის განსაკუთრებით მრავალფეროვანი აღმოჩნდა. საფესტივალო პროგრამამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი წარმოდგენა შემოგვთავაზა. დღის პირველ ნახევარში დმანისის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დავით კლდიაშვილის კლასიკური ტრაგიკომედია, „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინა.
კლდიაშვილის პიესები ქართულ სცენაზე საკმაოდ ხშირად იდგმება და თითქმის სულ ერთი და იგივე შაბლონურ დადგმებს გვთავაზობენ, მაგრამ გიორგი სიხარულიძემ მოახერხა, თავისი სათქმელი საინტერესო და განსხვავებული ფორმით გადმოეცა. სპექტაკლის ტემპი ზოგიერთ ეპიზოდში ოდნავ გაწელილი იყო. რეჟისორმა პერსონაჟთა მონოლოგებით წინ წამოსწია მათი შინაგანი სამყარო და მნიშვნელოვანი პრობლემატიკა გამოკვეთა. ერთ-ერთი მთავარი ქორწინების თემა იყო. ქორწინება ბედნიერებაა თუ უბედურება? საზოგადოებას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს, „როდის თხოვდები?“, და არავის აინტერესებს რეალურად ბედნიერია თუ არა ადამიანი. ასევე მნიშვნელოვანი იყო მშობლებისა და შვილების ურთიერთობის თემა. ხშირად ისინი დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ და მუდმივად ერევიან მათ ცხოვრებაში. ვიდეოპროექციები ერთგვარი ფსიქოლოგიური სარკეა, რომელიც პერსონაჟების განწყობას, მათ ფარულ ემოციებსა და ქვექცნობიერ შიშებს ვიზუალურად აძლიერებს და მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინოს ხდის (მხატვარი - თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმება - მანანა კიკაბიძე). ეს იყო გათანამედროვებული „დარისპანის გასაჭირი“, რომელმაც კლასიკური ტექსტი ახალი ხედვით და აქტუალური პრობლემებით წარმოადგინა.
მოგვიანებით კი, წარმოდგენა ნიკო გომელაურის სახელობის თეატრმა ათენიდან გამართა. რეჟისორმა ნიკოლოზ ტყავაძემ (რომელიც თავადაც მონაწილეობდა წარმოდგენაში) და მისმა გუნდმა, ერლომ ახვლედიანის პროზის მიხედვით ერთსაათიანი, ძირითადად ქორეოგრაფიული სპექტაკლი შემოგვთავაზა. რეჟისორის ჩანაფიქრი აქტუალურია, მას სურდა რომ ეჩვენებინა ის დაუსრულებელი დაპირისპირება და ქაოსი, რაც დღეს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში სიკეთისა და ბოროტების უცნაურ გადათამაშებას იწვევს. სპექტაკლი სვამს მწვავე, ეგზისტენციალურ კითხვას , „ნეტა ვინ გამოიგონა სიცოცხლე?“ და აქცენტს ადამიანის არსებობის არსზე აკეთებს. ამას ხაზს უსვამს ფინალური ფრაზაც: „რა აუცილებელი იყო ჩვენი მოსვლა ამ დროში, რისთვის მოვსულვართ? ხვალ მაინც დავბრუნდებით“ და მაინც ვაგრძელებთ რუტინულ ცხოვრებას. (მსახიობები - მარიამ სახამბერიძე, საბა ობოლაძე, კახი სიბოშვილი). მიუხედავად საინტერესო ჩანაფიქრისა, რეჟისორმა ვერ მოახერხა მაყურებლის ყურადღების ბოლომდე შენარჩუნება. „ვანო და ნიკო“ საინტერესო, ექსპრესიონისტული მცდელობაა. ემიგრაციაში მყოფი თეატრისთვის, ასეთ რთულ მასალაზე შეჭიდება და სცენიდან დღევანდელობის ყველაზე მტკივნეულ კითხვებზე საუბარი, თავისთავად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია.
მესამე დღე მაყურებლისთვის საოცრად დატვირთული, მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა. საფესტივალო დღის დასაწყისი ოზურგეთის სახელმწიფო თეატრთან არსებულ თეატრალურ სტუდიას დაეთმო. მათ წარმოადგინეს სპექტაკლი „ციცინათელების სასაფლაო“, რომლის დადგმის ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე გახლავთ, ხოლო რეჟისურასა და მუსიკალურ გაფორმებაზე ლუკა მეგრელაძემ იზრუნა. სცენარი დაფუძნებულია Iსაო თაკაჰატა - ს საკულტო და საყოველთაოდ აღიარებულ იაპონურ ანიმაციურ ფილმზე. რეჟისორმა ეს ისტორია ქართულ რეალობაში გადმოიტანა და 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიას დაუკავშირა. თავად ანიმე იმდენად პოპულარული და ემოციურად ძლიერია, რომ მის ფონზე ქართული ვერსიის ხილვა მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის დღემდე უმძიმეს, ღია ჭრილობად რჩება. ამიტომ ამ თემაზე საუბარი ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასეთ რთულ როლებს თამაშობდნენ პატარა მსახიობები (დათიკო - ლუკა ჯულაყიძე, ტასიკო - ქრისტინე დოლიძე), რომლებსაც პირადად არ გამოუცდიათ ეს საშინელი ტრაგედია. ძალიან რთულია ის განასახიერო, რაც არ გიგრძნია და გადაგიტანია, ამის ფონზე ბავშვებმა დიდი მონდომებით გადმოგვცეს გულწრფელი ემოციები. დადგმაში რამდენიმე ვიზუალურად ლამაზი სცენა იყო, განსაკუთრებით, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ციცინათელების გამოსახულებები. დღის მომდევნო ნაწილი დაეთმო ლაშა ჩხარტიშვილის ლექციას: ძველი ქართული თეატრი.
დასასრულს კი მაყურებელმა სენაკის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ იხილა, რომელიც რეჟისორმა ვახტანგ ნიკოლავამ დადგა. ვაჟა ფშაველას ეს გენიალური პოემა ქართულ სცენაზე ხშირად იდგმება და რეჟისორებისთვის მუდმივი შთაგონების წყაროა. სპექტაკლის პირველმა სცენამ ნამდვილად მოახდინა დიდი ეფექტი მაყურებელზე. მასიური, მონუმენტური და ამავდროულად ნაცნობი დეკორაცია, დაბურულ, კვამლით მოცულ გარემოში ბუნდოვნად მოჩანდა ზვიადაურის ფიგურა. სპექტაკლში ვიზუალური თვალსაზრისით ბევრი ულამაზესი, თითქოს სტატიკურ და კინემატოგრაფიული კადრი შეიქმნა (მხატვარი - ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი - სოფი ჩალაშვილი). თუმცა, როგორც კი მსახიობები საუბარს იწყებდნენ, მოქმედება საგრძნობლად იწელებოდა. ვიზუალური ესთეტიკა ნამდვილად მომხიბვლელი იყო. გამორჩეული და ეფექტური გახლდათ ბრძოლის სცენები, რომელსაც მუსიკალური გაფორმება კიდევ უფრო ამძაფრებდა ემოციურ ფონს (კომპოზიტორი და მუსიკალური გაფორმება - ლევან მიქელაძე, ვახტანგ ნიკოლავა). ამ წარმოდგენით დასრულდა ფესტივალის ის ნაწილი, რომელსაც სენაკის სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა.
ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა ენახა არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური წარმოდგენებიც. სპეციალურად ჩამოვიდნენ დასები თურქეთიდან და იტალიიდან. მეექვსე დღე გამორჩეული აღმოჩნდა თურქული თეატრალური კომპანიის თიყატრო Bოყალი Kუს - ის (დახატული ჩიტი) სპექტაკლით „არ ველოდოთ გოდოს“ (Nოტ ჭაიტინგ ფორ Gოდოტ). რეჟისორ ჯალე კარაბეკირის (ჟალე Kარაბეკირ) ხელმძღვანელობით, სპექტაკლი სემიუელ ბეკეტის აბსურდის კლასიკად ქცეული პიესის „გოდოს მოლოდინში“, სრულიად ახლებურ, თანამედროვე და ფემინისტურ რეინტერპრეტაციას გვთავაზობს. ეს წარმოდგენა უფრო მეტად მრავალჟანრიან პერფორმანსს თუ ჰეფენინგს წააგავდა, ვიდრე კლასიკურ თეატრალურ სპექტაკლს. სწორედ ეს ჟანრობრივი მრავალფეროვნება და სცენური თავისუფლება სძენს წარმოდგენას განსაკუთრებულ ინტერესს. მუსიკალურადაც არ არის გაფორმებული, მხოლოდ ერთი-ორჯერ ირთვება სიმღერა, რასაც უფრო მეტი დატვირთვა გადააქვს მოქმედებაზე და დიალოგებზე. სპექტაკლის დინამიკა ორ ძირითად ნაწილად იყოფა. პირველი ნახევარი ეს არის გათავისუფლების პროცესი. ორი მსახიობი (ალი და აიშე) მოდის თეატრში ახალი პიესის სათამაშოდ. მსახიობები ცდილობენ გათავისუფლდნენ ყველაფრისგან, რაც მათ ზღუდავს. მწერლისგან, რეჟისორისგან, დრამატურგისგან, ტექნიკური გუნდისგან, მბრძანებლისგან და, ფართო გაგებით, თავად გოდოსგან თუ „ღმერთისგან“. მეორე ნახევარი, გათავისუფლების შემდეგ პერსონაჟები უშუალოდ მწვავე და საჭირო სოციალურ თემებზე იწყებენ საუბარს. მსახიობები სვამენ კითხვებს თეატრალურ, პოლიტიკურ და პატრიარქალურ სტრუქტურებზე. „თეატრი სოციუმს ასახავს...“ , „არ მოგბეზრდათ სტერეოტიპები, ტიპური ქალები, ტიპური კაცები?“. ისინი რწმუნდებიან, რომ ლოდინზე დაფუძნებული „იმედიანი სისტემა“ სწორედ მათ ინტერესში შედის, ვინც ეს გოდო შექმნა. წარმოდგენა ინტერაქციული აღმოჩნდა. მაყურებელი პროცესში აქტიურად იყო ჩართული. სპექტაკლი კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება აბსურდის თეატრის კლასიკური ტექსტის გამოყენება თანამედროვე სოციალურ თემებზე სასაუბროდ და მაყურებელთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება.
მეშვიდე დღე დაიწყო იტალიიდან მოწვეული ბალკანური თეატრალური კომპანიის წარმოდგენით „ბურნეშა“ (ნაფიცი ქალწული). მონო სპექტაკლია, რომელშიც მონაწილეობს მარინა ივაშჩენკო, ხოლო რეჟისორი ვალბონა ხიბრია. წარმოშობის საფუძველი ჩრდილოეთ ალბანეთის მთიან რეგიონებში არსებული ჩვეული სამართლის ტრადიციაა, „ბურნეშა“. ეს არის ფენომენი, როდესაც ოჯახში მამაკაცის არყოფნის გამო ქალი დებს უბიწოების ფიცს, უარს ამბობს პირადი ცხოვრების უფლებაზე, ირგებს მამაკაცის სამოსს და იღებს ოჯახის უფროსის პასუხისმგებლობას. რეჟისორმა წარმოდგენა ინტერაქციულ პერფორმანსად აქცია, მსახიობი მაყურებელთან ერთად სვამს, ქვებით ეთამაშება მათ და სცენურ მოქმედებაში ითრევს. ამავდროულად, უკანა პროექტორზე ნაჩვენები ვიდეო-ქრონიკა ასახავს „კაცად ქცეული“ ქალის ყოფას, მამაკაცებთან სმას, მოწევას, კარტის თამაშს, მკლავჭიდსა და ინსტრუმენტებზე დაკვრას, რაც ალბანური ხალხური (ფოლკ) მუსიკის ფონზე ვითარდება. რეჟისორი უარს ამბობს ტრადიციული თეატრალური ფორმებით შემოიფარგლოს. სპექტაკლმა აჩვენა, რომ ქალის შინაგანი ძალა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ნებისმიერ საუკუნოვან დოგმატურ ჩარჩოზე მაღლა დგას.
მერვე დღეს მაყურებლის წინაშე წარდგა 2025 წლის ახალგაზრდა რეჟისორთა კონკურსის ნომინანტი, ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სპექტაკლით „მეიდან-ოდა“ (რეჟისორი - ნინა კალატოზი). ერთი შეხედვით, რეჟისორი გვთავაზობს ზღაპრულ თხრობის ფორმას, თუმცა ამ სიმსუბუქეს მიღმა საკმაოდ მწვავე, სერიოზული და ეროვნული ტრავმებით სავსე თემები იმალება. სპექტაკლის ცენტრალური ხაზი ეხება თანამედროვე ახალგაზრდობის დამოკიდებულებას წარსულისადმი, იმ ტენდენციას, როდესაც ძველი ტრადიციები მივიწყებას ეძლევა და ახალი თაობისთვის მნიშვნელობას კარგავს. მთავარი პერსონაჟი, თინათინი (ნინა დიასამიძე), სწორედ ამ გზას გადის. ის ხსნის ძველებურ ოჯახურ სკივრს და იწყება მოგზაურობა წინაპრების განვლილ ისტორიაში. რამდენიმე სცენაში მაინც შეინიშნებოდა გარკვეული ხელოვნურობა, სადაც პერსონაჟის შინაგანი ორგანულობა ოდნავ იკარგებოდა. გამოიკვეთა მთარგმნელის (მოხელის) პერსონაჟი, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთი საყურადღებო მოქმედი პირია, ის თან ახლავს ყველა ეპოქის მტერსა და მმართველს. თავკაცის გარეგნობა იცვლება, ხოლო მოხელის არა. ის არის სისტემის მარადიული „მედროვე“. იცვლება ხელისუფლება, მოდიან და მიდიან ოკუპანტები და ქუჩის ავტორიტეტები, ის კი მუდამ მბრძანებლის მონად რჩება. ეს არის მწარე ალეგორია იმ ჩინოვნიკურ ფენაზე, რომელიც ნებისმიერი რეჟიმის დროს ახერხებს გადარჩენას.
ძირითადი პროგრამის პარალელურად „არტ-ბანაკის“ ფარგლებში ახალგაზრდა მსახიობები ინტენსიურ მასტერკლასებს გადიოდნენ. ამ მოკლე დროში მათთან საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალები მუშაობდნენ. პრაქტიკული მუშაობა გაიარეს სპეციალური მოწვევით თეატრის რეჟისორ და ათენის კონსერვატორიის დრამატული სკოლის სამსახიობო ხელოვნების პროფესორ გიორგოს ზამბულაკისთან, ასევე, მუსიკოს, მეტყველების თერაპევტ და ვოკალის მასწავლებელ ევა გლოვაცკა-ფიერეკისთან. პროგრამაში იყო დირიჟორისა და მუსიკოლოგიის დოქტორ შიო აბრახამიას, მსახიობ, რეჟისორ და ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორ მანანა ბერიკაშვილის და თავად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინელი ჭანკვეტაძის მასტერკლასები. გარდა ამისა, ბელარუსმა რეჟისორმა ანა სულიმამ ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე „დოკუმენტური თეატრი“.
ფესტივალის მიწურულს, მეცხრე დღეს, მაყურებელმა არტ ბანაკში მონაწილეების ნამუშევარი, განსაკუთრებული წარმოდგენა - საშემსრულებლო ხელოვნების კომპონენტების სინთეზისგან შემდგარი სანახაობა იხილა. ეს იყო სრულიად უცხო და ახალი გამოცდილება მონაწილეებისთვის, რომლებმაც ტრადიციული თეატრალური ნორმები სრულიად დაანგრიეს. ხმა, პლასტიკა და ემოციური მანიპულაცია სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. პერფორმანსში არ გამოიყენებოდა ხელოვნური მუსიკალური გაფორმება, ყველაფერი ცოცხალი ბგერებით იქმნებოდა. ტანზე დარტყმისგან მიღებული რიტმული ხმები, მსახიობთა გაერთიანებული, ტანში შემზარავად გაჟღერებული ჩურჩული და შემდეგ უეცრად წამოწყებული „სულიკოს“ წაღიღინებული მელოდია მაყურებლის შინაგან მდგომარეობას მუდმივად ცვლიდა. ეს იყო ემოციებით ოსტატური თამაში, დაძაბულობის პიკიდან სრულ მოდუნებამდე. მსახიობთა მექანიკური, თითქოსდა გაუცხოებული მოძრაობები ხაზს უსვამდა იმას, რომ ისინი არა რეალური, ყოველდღიური ადამიანები, არამედ ტრაგიკული იდეის აჩრდილები იყვნენ.
მოქმედება დაიწყო სტადიონზე, სადაც მაყურებელი სკამებზე იყო განთავსებული. წრეში თავად რეჟისორი, დირიჟორივით ედგა სათავეში მსახიობებს, რომლებიც გახურებისა და სუნთქვით სავარჯიშოებს ასრულებდნენ. ამ შესავლის შემდეგ დაიწყო უშუალო წარმოდგენა. მოქმედებამ ბუნებრივ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც ანტიგონეს დედის (იოკასტას) მწარე, ტრაგიკულმა კივილმა ემოციური კულმინაცია შექმნა და მაყურებელი ფინალური სცენისთვის მოამზადა. ფინალი გაშლილი იყო ზღვის პირას, ესთეტიკურ გარემოში, სადაც გარდაცვლილი პერსონაჟები მოშორებით ზღვაში იდგნენ.
ვინაიდან პერფორმანსი მოკლე დროში შეიქმნა და მასში სხვადასხვა გამოცდილების მქონე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, აქცენტი გაკეთებული იყო არა ცალკეული მსახიობის ინდივიდუალურ ოსტატობაზე, არამედ საერთო გუნდურ ენერგეტიკასა და ანსამბლურობაზე. სწორედ ამ ერთობლივმა მუხტმა შექმნა ის შთამბეჭდავი ატმოსფერო, რამაც მაყურებლამდე სპექტაკლის მთავარი სათქმელი მიიტანა. ეს არის ადამიანური ტანჯვისა და კათარსისის გზა. „ანტიგონე დახვეწის პროცესში“ აღმოჩნდა არა უბრალოდ სტუდენტურ/საგანმანათლებლო დადგმა, არამედ ღრმა, შთამბეჭდავი ექსპერიმენტი, რომელმაც დამღლელი შრომის მიუხედავად, ახალგაზრდა მსახიობებს უზარმაზარი პროფესიული გამოცდილება, ხოლო მაყურებელს დაუვიწყარი ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭა.
ფესტივალის ბოლო დღე, 25 ივლისი, განსაკუთრებით ემოციური იყო. საღამოს მაყურებელმა გასული წლის კონკურსის გამარჯვებულის, ევა გვრიტიშვილის, სპექტაკლი „სტრიპტიზი“ იხილა. თავისთავად, სლავომირ მროჟეკის ეს პიესა საკმაოდ აქტუალურია. მწვავე, ირონიული ალეგორია ადამიანის თავისუფლებასა და ტოტალიტარულ ძალაუფლებაზე. წარმოდგენა, მთლიანობაში, საინტერესო გამოვიდა და მსახიობური ანსამბლიც ორგანულად მოერგო პერსონაჟებს (მსახიობები- რამინ კილასონია; გენა შონია). თუმცა, სპექტაკლს აკლია სცენური დინამიკა და რეჟისორული ქვეტექსტები. სცენაზე შექმნილი თეთრი სივრცე და განათება ტოვებდა ფსიქიატრიული დაწესებულების შთაბეჭდილებას. ადგილი, სადაც გიჟებივით გამოკეტილმა პერსონაჟებმა არ იციან, სად აღმოჩნდნენ და რა ელით მათ. კედელზე დამაგრებული კამერები და პროექტორზე გამოსახული უზარმაზარი თვალი მუდმივი თვალთვალისა და კონტროლის გამომხატველი იყო (მხატვარი- თინა გობეჯიშვილი). სცენოგრაფია განცდას გვიტოვებს, რომ თითქოს ეს ვიზუალი სადღაც ნანახი გვაქვს. სისტემა პერსონაჟებს თანდათან ყველაფერს ართმევს. მათ შტრიხკოდებიანი თეთრი მაისურები და შორტები აცვიათ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ისინი უკვე მარკირებულნი, და ჩაგრულნი არიან. სპექტაკლის კულმინაციაში პერსონაჟები იცვამენ კომბინეზონებს და საბოლოოდ სისტემის მსახურებად გარდაიქმნებიან, რომლებიც ემსახურებიან მოძალადე მმართველს. ფინალური სცენა მაყურებელში დისკომფორტს იწვევდა, რაც ასე უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებული. პერსონაჟები დამაბრმავებელი ფანრებით დარბაზში იწყებენ ახალი მსხვერპლის ძებნას. ამით უნდა ვიგრძნოთ ის, რომ ადრე თუ გვიან ჩვენამდეც მოვა ზეწოლა, ხმას თუ არ ამოვიღებთ. „სტრიპტიზი“ გამოვიდა ერთდროულად გაფრთხილებაც და რეალობასთან თვალის გასწორება, რომელიც შეფუთულია აბსურდული იუმორით, სარკაზმითა და მწარე სიმართლით.
სპექტაკლის შემდეგ, საღამო ფესტივალის საზეიმო დახურვას დაეთმო და დაჯილდოების ცერემონიალით დაგვირგვინდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ კონკურსის მეორე ადგილოსანი ანა გოგიშვილი, ხოლო ევა გვრიტიშვილმა პირველი ადგილის მფლობელი თემო დვალი წარადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი კი ის არის, რომ ქალბატონი ნინელის დაპირებით, ოთხივე ახალგაზრდა რეჟისორის ( ნანა ჯავახიშვილისა და არჩილ მეგრელიშვილის) სპექტაკლი მომავალ ფესტივალამდე რეგიონის თეატრში დაიდგმება. ორგანიზატორების გულთბილი დამშვიდობებით ეს ლამაზი და ემოციებით დატვირთული თეატრალური დღესასწაული ოფიციალურად დასრულდა.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი მნივნელოვანი შესაძლებლობაა თითოეული ახალგაზრდისთვის. ის მხარს უჭერს დამწყებ რეჟისორებს, რომლებსაც პირველი ნაბიჯების გადაგმაში სჭირდებათ დახმარება, ხოლო მსახიობებს მასტრეკლასების მეშვებოით პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს.
ფოტო ირინა აბჟანდაძე