ფოთი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
ფოთი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
ლაშა ჩხარტიშვილი
კულტურულ საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესული სახელმწიფო დრამატული თეატრის უშუალო მონაწილეობით ქართული თეატრისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება რეალიზდა. ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც იმედი მაქვს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და გახდება ტრადიციული, რადგან ამ ფესტივალს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქართული თეატრისთვის, არამედ ამ კონკრეტულ ფესტივალს კულტურის დეცენტრალიზაციისა და მისი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაც შეუძლია.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მისი განმანსხვავებელი ნიშა, თვისებები და რეალური „მოსალოდნელი შედეგები“ აქვს ქართული სათეატრო ხელოვნების საფესტივალო რუკაზე. ფესტივალი მოიცავს მხოლოდ რეგიონული თეატრების სპექტაკლების ჩვენებას, რომელსაც ფორუმის ფორმა აქვს და არა კონკურსის, პროგრამაში ჩართულია უცხოური ქვეყნების რეგიონული თეატრების სპექტაკლები. ფესტივალი მოიცავს თეატრმცოდნეთა მრგვალ მაგიდას, რომელშიც თეატრების წარმომოადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. (ამ შეხვედრას განსაკუთრებული ინტერესით მოელიან თეატრები).
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთში მოიცავს ყველა რეგიონულ სახელმწიფო თეატრს, მათ შორის, საბავშვო და საყმაწვილო თეატრებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია დასები პოლონეთიდან და იტალიიდან. ფესტივალის ორგანიზატორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საფესტივალო პროგრამა მხოლოდ ფორმალურად არ გახადეს სერთაშორისო, არამედ შეარჩიეს ისეთი სპექტაკლები, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენდა ქართველ მაყურებელზე, აჩვენებდა ტრადიციებს და ნოვატორულ მიღწევებს თეატრში და გაუჩენდა მოტივაციას და მეტ სტიმულს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ თეატრებს მხატვრული ხარიხსის ამაღლებისთვის.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა და 2010-2014 წლების ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა არტისტმა საქართველოში (თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით) ნინელი ჭანკვეტაძემ ფოთის თეატრი საფესტივალო არენად გადაქცევა შემთხვევით არ განიზრახა. ამისთვის მას, როგორც ჩანს, მყარი არგუმენტები ჰქონდა: დასავლეთ საქართველოში, რომელიც ათ პროფესიულ სახელმწიფო თეატრს მოიცავს, არ არსებობს მსგავსი ტიპის ფესტივალი, ფოთის თეატრის ახალი შენობა ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გამორჩეული თეატრია რეგიონის თეატრებს შორის, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის თეატრს უმასპინძლოს (თეატრს სამი სცენა, სათამაშო მოედანი აქვს), გარდა ამისა, ფოთის თეატრს ჰყავს დირექტორი თენგიზ ხუხია, რომელსაც აქვს საკმაო გამოცდილება და ორგანიზატორობის გამორჩეული უნარ-თვისებები, დიპლომატიურობა და ფლობს საკუმუნიკაციო უნარს, როგორც ფესტივალის პირველი დღეებიდან ჩანს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი მყარი, საქმიანი პარტნიორები აღმოჩნდნენ.
საერთაშორისო ფესტივალის გუნდი მხოლოდ შვიდი ენთუზიასტისაგან შედგება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და ამ ინიციატივის ავტორიც ნინელი ჭანკვეტაძეა, დირექტორი - თენგიზ ხუხია, კულტურულ საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ დირექტორი გოგი ჟღენტი ფესტივალის ლოჯისტიკას ახორციელებს, კოორდინატორებად მსახიობი ბექა ჯუმუტია და მუსიკოსი შიო აბრახამია მუშაობს, რომლებიც ძალას და ენერგიას არ იშურებენ ფესტივალის ორგანიზაციული თვალსაზრისით მაღალ დონეზე ჩატარებისათვის, საზოგადოებასთან ურთიერთობას კი ანა ჩანგიანი ხელმძღვანელობს, ფესტივალის კონსულტანტი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკია. ცალსახად უნდა ითქვას, რომ გუნდს, რომელსაც შესაძლოა, არც თუ ისე დიდი გამოცდილება აქვს ფესტივალების მოწყობა-ორგანიზებაში, პირველი ფესტივალისა და ბიუჯეტის გათვალისიწინებით, ნამდვილად შეძლეს ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზება. თავად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს კი დიდი გამოცდილება აქვს, როგორც მსოფლიოს მრავალი სათეატრო და საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალის მონაწილეს. ამიტომაც, მან კარგად იცის რა უქმნის კომფორტს ფესტივალის მონაწილეს. შთაბეჭდილება კი ფესტივალზე საფესტივალო ქალაქში ჩასვლის პირველივე წუთიდან იგრძნობა. ფესტივალის ორგანიზება კი, თავის მხრივ გამოიხატება ფესტივალის რებრენდინგის შექმნაში (ყველა მონაწილესა და სტუმარს აქვს ბეიჯები, დაიბეჭდა ფესტივალის ლოგოთი ლიფლეტები, ფლაერები, მუყაოს ჩანთები და მაისურები ფესტივალის ლოგოტიპებით), მონაწილეებისა და მოწვეული სტუმრების ორგანიზებულად დაბინავება-ტრანსპორტირებაში (ფესტივალის ყველა მონაწილე ზღვის პირას კომფორტულ სასტუმროებში არიან დაბინავებულები), ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში (რაც ითვალისიწნებს სამეგრელოში არსებული ღირშესანიშნაობების დათვალიერებას), საფესტივალო წარმოდგენების გარდა ფოლკლორის საღამოები და ფესტივალის კლუბის აქტიური მუშაობა, სადაც მყარდება ახალი კონტაქტები, ხდება შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი ერთობლივი პროექტების დაგეგვმა. ფესტივალის ფარგლებში გამოიცა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული ორენოვანი კატალოგი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ფოთის მერისა და ფესტივალის ხელმძღვანელების მილოცვა-მისალმებებს, არამედ ინფორმაციას ფესტივალში მონაწილე თეატრებისა და სპექტაკლების შესახებ. და ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფესტივალმა შექმნა სასიამოვნო გარემო მუშაობისთვის და ატმოსფერო თეატრის მოღვაწეების ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ. ამავდროულად, ფესტივალმა უზრუნველყო თეატრმცოდნეების, თეატრის კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების, რომლებიც თეატრში მიმდინარე პროცესებზე წერენ, ფესტივალზე მობილიზება. ფესტივალზე კრიტიკოსები საპატიო მიწვეული სტუმრები არიან, რომლებიც უზრუნველყოფილები არიან ყველა პირობებით, რათა მშვიდ, სასიამოვნო გარემოში იმუშაონ და ადგილზე, რეალურად შეაფასონ ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლები, უფრო ახლოდან გაეცნონ თეატრების მდგომარეობას. მოგეხსენებათ, რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს თეატრმცოდნეების, თუნდაც საპრემიერო წარმოდგენებზე დასწრება. ჩვენს კრიტიკოსებს არ აქვს საშუალება იმოგზაურონ რეგიონებში და ხოლო თეატრებს, თავის მხრივ, უზრუნველყონ კრიტიკოსების დასწრება საპრემიერო წარმოდგენებზე (იშვიათი გამონაკლისების გარდა). ამ პრობლემის დაძლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამამ, როცა დედაქალაქში რეგიონის თეატრები თავიანთ ნამუშევრებს აჩვენებენ პროფესიულ წრეებს. ფესტივალი ფოთში კი ზემოთ ნახსენები პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხერხია. სწორედ, ფოთის ფესტივალის ინიციატივითა და ხელშეწყობით კრიტიკოსთა დიდი ნაწილი 10 დღის განმავლობაში ნახავს და შეაფასებს რეგიონის თეატრების ახალ და ძველ ნამუშევრებს. ამ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო თეატრების სარეკომენდაციო საბჭოს წევრთა მონიტორინგის განხორციელება რეგიონის თეატრებში სიტუაციის გასაცნობად. სარეკომენდაციო საბჭო ფესტივალის დასრულების შემდეგ მოამზადებს სპეციალურ დასკვნას, რომელშიც რეგიონის თეატრების ორწლიანი მუშაობის შედეგები იქნება გაცხადებული.
ფესტივალის საზეიმო გახსნა წარმომადგენლობითი იყო, მთავრობის ყოფილ და ახლანდელ წევრებთან ერთად, თეატრის დარბაში თეატრების ხელმძღვანელებსა და ხელოვნების ცნობილ მოღვაწეებს მოკრავდით თვალს, არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდანაც. ფესტივალის გახსნაზე ფოთის თეატრის ფოიეში მაყურებელთა ფუსფუსს სასიამოვნო მუსიკალური თანხლება ედებოდა ფონად, რომელსაც თბილისის სიმებიანი კვარტეტი „სფორცანდო“ ასრულებდა. საზეიმო გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია.
ფესტივალის გახსნის პატივი ერგო მოწვეულ დასს პოლონეთიდან. ახალი ხელოვნების თეატრის დასმა რეჟისორ დარიუშ ეჟერსკის ხელმძღვანელობით ცნობილი პოლონელი რეჟისორისა და დრამატურგის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ“ წარმოგვიდგინა.
ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანმა ნაწილმა - ურთიერთობების გაღრმავება, შთაბეჭდილებათა და გამოცდილებათა გაზიარება - მალთაყვაში, სანაპიროზე ლუდის „ზედაზენის“ თანხლებით გადაინაცვლა. გახსნის საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლების შესახებ მიმოხილვას შემდეგ ბლოგებში შემოგთავაზებთ.
ნუ ვიქნებით მხოლოდ ამბიციურები, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება
რეგიონული თეატრების ფესტივალი, პირველ ყოვლისა, თეატრებს შორის გამოცდილებათა გაზიარების საუკეთესო საშუალებაა, ამავდროულად თეატრების ახალი თაობის მსახიობები სწორედ ფოთში ხვდებიან და ეცნობიან ერთმანეთს. ამის ნათელი დასტური იყო ოზურგეთისა და ფოთის თეატრების არა მხოლოდ ხელმძღვანელების, არამედ მსახიობთა გამოჩენა სხვადასხვა საფესტივალო წარმოდგენებზე ფოთის თეატრის დარბაზში. ეს ფაქტი, ყურადღების მიღმა არ დარჩენია ფესტივალის ინიციატორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს ნინელი ჭანკვეტაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ თეატრების გულშემატკივრობა და სხვათა გამოცდილების, წარმატებისა თუ წარუმატებლობის გაზიარება მნიშვნელოვანი პროცესია.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთში პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეჟერსკის საკმაოდ თამამი სპექტაკლით „ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ“ გაიხსნა, რომელიც ახალი ხელოვნების თეატრმა წარმოადგინა. მასში სულ ორი მსახიობი ანა მაქსიმი და მატეუშ მიკოლაიჩიკი მონაწილეობს. ახალგაზრდა მსახიობებმა გამოავლინეს მაღალი სათეატრო კულტურა და ფიზიკური მომზადება არტისტულ ნიჭიერებასთან ერთად. გამოჩენილი პოლონელი რეჟისორისა და დრამატურგის ადამ სროკას დაწერილი ტექსტის მიხედვით მსახიობები მოძრაობენ და სწორედ ამ მოძრაობით გადმოსცემენ არა მხოლოდ გრძნობებს და წუთიერ განცდებს, არამედ დამოკიდებულებებსაც ერთანეთის მიმართ. კონფლიქტი სწორედ ამ დამოკიდებულებების გარკვევაზეა აგებული. ორი პერსონაჟი, ქალი და მამაკაცი ერთ მთლიანობად აღიქმება, რომელშიც ადამიანის ორ საწყისს, ორ რადიკალურად განსხვავებულ მხარეს წარმოადგენს. დარიუშ ეჟერსკის სპექტაკლიც სწორედ ამ ორი პოლუსის ჭიდილს ეძღვნება. პოლონელების სპექტაკლში გამოვლინდა არა მხოლოდ ამ ქვეყნის თეატრის მაღალი საშემსრულებლო დონე, არამედ სარეჟისორო ხელოვნების აზროვნების მასშტაბი.
ფესტივალის მეორე დღე აფხაზეთის თეატრებს დაეთმო. ჯერ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლი „ჯარისკაცი იყო ერთი“ (ამერიკელი დრამატურგების ალბერტ მალცისა და უილიამ საროანის პიესების მიხედვით), ხოლო შემდეგ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულმა თეატრმა აჩვენა ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ დავით საყვარელიძის რეჟისურით.
სპექტაკლზე „ჯარისკაცი იყო ერთი“ რეჟისორ ნუგზარ ლორთქიფანიძესთან ერთად სცენოგრაფმა ჯეირან ფაჩუაშვილმა იმუშავა, რომელმაც სპექტაკლში დატრიალებული ატმოსფეროს შესაქმნელად მონუმენტური დეკორაცია გამოიყენა, რომელიც გალიისებრი, გამჭირვალე კედლებისაგან შედგება. მსახიობების მიერ შექმნილი არტისტული სახეებისგან გამოირჩეოდა კახა ჭოლაძის ჯერალდ ჰიქსი და ექთანი თომსონი, რომლებმაც თავიანთი მართალი სცენური სიცოცხლით დაამახსოვრეს მაყურებელს თავი.
დავით საყვარელიძის მიერ ლაშა ბუღაძის რადიოპიესის „ნავიგატორი“ (BBC -ის რადიოპიესების კონკურსში გამარჯებული) დადგმული სპექტაკლი ჩვენს თანამედროვე ყოფას და მკაცრ რეალობას ეფუძნება. დავით საყვარელიძე ხატავს ტრაგიკულ პერსონას, რომელიც საზოგადოებისგან გაუცხოებული ადამიანია და ვირტუალურ სივრცეში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე არსებულ რეალობაში. მთავარ გმირს ბადრი ბეგალიშვილი პროფესიონალურად ასრულებს, რომელშიც ნათლად იგრძნობა გაუცხოებაც, სევდაც და ვირტუალური სამყაროთი გატაცებაც. მთავარი გმირი საზოგადოების კრებითი სახეცაა, რომელიც ცხოვრების რუტინას გაურბის და პარალელურად ცდილობს ძლიოს შინაგან კომპლექსებს. ამიტომაც არის ის კარჩაკეტილი, ყველასგან გაუცხოებული და სხვების წარმოსახვაში უცნაური. ბადრი ბეგალიშვილის გმირი ნავიგატორთან ნახულობს საერთო ენას და მათ შორის გრძნობაც კი ჩნდება. ეს „რეალობა“ კი ყოველგვარ ტექნიკურ პროგრესს სცდება და სპექტაკლიც ტრაგიკული ფინალით სრულდება. მთავარ გმირს იმდენად გაიტაცებს ნავიგატორის ხმა, რომ ის ავარიაში ხვდება. დავით საყვარელიძის სპექტაკლი დახვეწილი სათეატრო ხერხების გამოყენებით გამოირჩევა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ სიყალბეს. რეჟისორმა მოქმედება ვარდების რევოლუციამდელ პერიოდში გადაიტანა, რითაც ხაზი გაუსვა არსებული პროცესების დასაბამს და ევოლუციის დღევანდელ შედეგს.
ჩვენში, საბედნიეროდ, რამდენიმე სათეატრო ფესტივალი და თეატრალური კონკურსი არსებობს, რომელთაც განსხვავებული მიმართულებები და ფუნქციები აქვთ. რეგიონული თეატრების ფესტივალი ფოთში ერთადერთია, რომელშიც ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულ სათეატრო ფესტივალებსა და კონკურსებს შორის (თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამა ე.წ. Show Case, კომედიის ფესტივალი გორში, თეატრალური პრემია „დურუჯი“), რომელშიც სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, სენაკის თეატრი კრიტიკოსებისგან ინფორმაციულ ვაკუუმშია, შესაძლოა თეატრი მართავს პრემიერებს, მაგრამ ამის შესახებ ფართო სათეატრო საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. ფოთში მიმდინარე ფესტივალის დამსახურებაა, რომ ფართო სათეატრო საზოგადოება გაეცნო სენაკის თეატრის მორიგ ნამუშევარს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი ადამიამ ფესტივალზე საპრემიერო სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ წარმოადგინა. თაბუკაშვილის პიესები დღემდე იწვევს გარკვეული რეჟისორებს ინტერესს. ასე მოხდა სენაკის თეატრის რეჟისორის შემთხვევაშიც, რომლისთვისაც აქტუალურია ადამიანების გამოთაყვანების, მოთვინიერების პროცესი. ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, ფოთის ქუჩებში გაკრული პლაკატების სახელწოდებით „შენ ხარ გამოტელევიზორებული“ ფუნქციური მნიშვნელობა უფრო საყურადღებო გახდა. როგორც ჩანს გამოთაყვანების პროცესი დღესას გრძელდება, მთავარია, რამდენად ძლიერი იქნება საზოგადოება, რომ მოთვინიერებას არ დაექვემდებაროს. ე.წ. მასა, რომელიც საზოგადოების დიდ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ ნაწილს წარმოადგენს, არის ძლიერი და მის ცნობიერებაზე კვლავაც მუშაობენ.
მომდევნო საფესტივალო წარმოდგენით მაყურებლის წინაშე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრი წარსდგა. სპექტაკლის „ჯაყო“ ავტორი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, რომელმაც მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ახლებური და რადიკალურად განსხვავებული სცენური ვერსია შემოგვთავაზა. გოჩა კაპანაძის სპექტაკლში გამოჩნდა ცხინვალის ქართული თეატრის ახალი თაობა, რომელიც პერსპექტივაში იმედის მომცემია. ახალგაზრდა მსახიობები სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ, რაც მათთვის რთული ამოცანა გახლავთ. მსახიობები რამაზ ხომასურიძე, რეზი გიორგობიანი, თინათინ კობალაძე შეძლებისდაგვარად ცდილობენ ამ პრობლემების გადაჭრას. რამაზ ხომასურიძის ჯაყოს შარმი და მომხიბვლელობა ნამდვილად აქვს, ის სულაც არ გახლავთ ვიზუალურად ისეთი, როგორსაც სხვა დადგმებში ვხდებოდით, მას პრობლემები სულში აქვს, რომელიც ჯერ დამალულია, ხოლო შემდეგ აშკარა და ხილული, სწორედ მისი თავაზიანობა წარმოდგენის დასაწყისში და ძალაუფლება ხიბლავს მარგოს და რა გასამტყუნია, რომ ის უარს ამბობს უსუსურ თეიმურასზე (რევაზ გიორგობიანი), რომელსაც არც უნარი აქვს კრიზისიდან თავის დაღწევის და არც ნება. ახალგაზრდა მსახიობი საინტერესოდ ახერხებს ჯაყოს ხასიათის ეტაპობრივ გამოვლენასა და გასაჯაროებას, რომელიც დასაწყისში მაცდური და მიმზიდველია, ხოლო ფინალში ის მონსტრად გადაიქცევა. რთული შინაგანი გარდატეხის პროცესი ხდება მარგო(ებ)შიც, მათ შორის განსხვავება არა მხოლოდ ასაკში, არამედ გამომეტყველებასა და გამოცდილებაშია. საინტერესო მხატვრული სახეა სპექტაკლში რეზი გიორგობიანი (თეიმურაზი). თეიმურაზი სპექტაკლში უსუსური პერსონაჟია, ამიტომაც მსახიობი არ ცვლის არც ტონს და არც გამომსახველობით საშუალებებს. მის მიერ გმირის ხასიათოის გადმოსაცემად შერჩეული მონოტონური თამაშის რიტმი, ამ პერსონაჟის ასეთი გადაწვეტის არსებობას ამართლებს. სწორედ, ასე წარმოგვიდგენს სპექტაკლის ავტორი და მსახიობი თეიმურაზის-როგორც ინტელექტუალური საზოგადოების განზოგადებულ მხატვრულ პორტრეტს. საინტერესო მხატვრულ სახეებს და ტიპაჟებს ქმნიან სპექტაკლში მამუკა პავლიაშვილი (ნინაკა), ნელი სალარიძე (დიდედა თამარი) და ვაჟა ციცილოშვილი (ივანე). ცხინვალელის თეატრის „ჯაყო“ საკამთო სპექტაკლია, რომელიც ტრადიციულ ჩარჩოებს და სტერეოტიპებს არღვევს, გოჩა კაპანაძემ საპოლემიკოდ გამოიწვია არა მხოლოდ სათეატრო საზოგადოება, არამედ მაყურებელიც, რომელიც სპექტაკლის ფათოსს იდეურად ეთანხმება, მაგრამ რეალობა გაცილებით სხვაა. სავალალო და მტკივნეული, მით უმეტეს, მაშინ, როცა სპექტაკლის გმირის მსგავსად, ჯაყო მცოცავი ოკუპაციის სახით ჩვენს სახლში მოიწევს, ხოლო მარგო (სიმბოლურად ჩვენი ქვეყანა) სპექტაკლის პათოსისგან განსხვავებით დანას კი არ უსმევს ჯაყოს ხელში, არამედ არც იმჩნევს, გაპროტესტებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ, დღეს საზოგადოების მასური ცნობიერების ნაწილი თეიმურაზია, რომელსაც არ აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ჯაყოს. მარგო კი ჩვენი საოცნებო საქართველოა, რომელიც არავინ იცის ახდება, თუ არა.
ფესტივალის პროგრამის გამრავალფეროვნებაში განსაკუთრებული წვლილი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის სპექტაკლმა „უსამართლო ლომი“ შეიტანა. წარმოდგენილი სპექტაკლით ფესტივალმა გააფართოვა მაყურებლის აერეალიც. წარმოდგენას ფოთელი პატარა, მაგრამ ყველაზე ობიექტური მაყურებელი ესწრებოდა. კობა ფაცურიას ინტერაქტიულმა სპექტაკლმა პატარა მაყურებლის მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, რაც იმაში გამოიხატა, რომ სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატარა მაყურებელი სცენაზე ავიდა და თოჯინების დათვალიერება დაიწყო. ინდური ზღაპრის გასცენიურება პოეტ დალი თედორაძეს ეკუთვნის. სპექტაკლი ფერადი, მუსიკალური ნომრებით გაჯერებული და სასიამოვნო სანახავი იყო, რომელმაც უფროსი მაყურებელიც კი ბავშვობაში დააბრუნა.
გორის თეატრმა ფესტივალზე ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული, არავერბალური ტიპის სპექტაკლი წარმოადგინა. „საქსო Phone“ - ასე ქვია სოსო ნემსაძის სპექტაკლს, რომელშიც გორის თეატრის ახალგაზრდა და უფროსი თაობის მსახიობები ერთდროულად მონაწილეობენ. სასიხარულოა, რომ გორის თეატრს რეპერტუარში ამ ტიპის სპექტაკლიც აქვს, რადგან რეგიონებში არავერბალური წარმოდგენების დადგმას გასაგები მიზეზების გამო ერიდებიან. ერთი მხრივ სარისკოა, რამდენად მიიღებს რეგიონში მაყურებელი მსგავსი ტიპის წარმოდგენას, მეორე მხრივ კი პლასტიკაზე და სხეულის გამომსახველობით საშუალებებზე ორიენტირებული სპექტაკლები, დასის ფიზიკურ ფორმაში უწყობს ხელს. სხეულის ენით საუბარი კი თანამედროვე მსოფლიო სათეატრო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეტიუდების პრინციპზე აწყობილი სანახაობა ფოთში მაყურებელმა გულთბილად მიიღო და სასიამოვნო საღამოც გაატარა.
მორიგი საფესტივალო დღე ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს დაეთმო. უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის წყალობით, ფართო საზოგადოებამ გაიცნო ხულოს თეატრი. მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს ხულოს თეატრს საგასტროლო ტურნე ჰქონდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მისი მონაწილეობა ფესტივალში ძალზე მნიშვნელოანი იყო. ხულოს თეატრმა ფოთში ნიკა საბაშვილის „თავშესაფარი“ წარმოადგინა. პიესის ავტორი თავად რეჟისორია, რომელიც საგანგებოდ ხულოს თეატრისთვის დაიწერა. სპექტაკლი ეფუძნება ცნობილ და უცნობ ეპიზოდებს თეატრალური სამყაროდან. თეატრი ვისთვის თავშესაფარი, ვისთვის სამსახური და ვისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ხულოს თეატრის არტისტები მაქსიმალურად შეეცადნენ წარმოეჩინათ არა მარტო თეატრის სამყარო კულისებით, ინტრიგებით, პრობლემებითა და წარმატებებით, არამედ საკუთარი შესაძლებლობებიც, ოცნებებიც კლასიკურ დრამატურგიასთან საჭიდაოდ.
ნიკოლოზ საბაშვილმა ხულოს თეატრის სპექტაკლში რეგიონის თეატრებისთვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხიც დასვა. რეჟისორი მწარედ დასცინის Skype-ით მომუშავე რეჟისორებს დედაქალაქიდან, როცა რეგიონებში მოწვეული რეჟისორები ინტერნეტით ატარებენ რეპეტიციებს, რომ ეს პროცესი შორს არის შემოქმედებითი პროცესისგან და როგორ არაპროფესიონალურად ექცევიან რეჟისორები რეგიონის თეატრის არტისტებს, როგორ ფარისევლობენ და ეპირფერებიან მსახიობებს. რეალურად, ჩვენს თეატრებშიც არსებობენ რეჟისორები, რომლებიც ორ კვირაში დგამენ სპექტაკლებს რეგიონის თეატრებში. ეს პროცესი კი გეგმიურ შესრულებას ჰგავს და არც ერთი მხარისთვის (არც რეჟისორისთვის და არც თეატრის დასისთვის) არ არის მომგებიანი და სასარგებლო, რადგან არ ხდება ძიების უმნიშვნელოვანესი პროცესი. საბედნიეროდ, არსებობენ რეჟისორები, რომლებიც რეგიონის თეატრებშიც ისეთივე გატაცებით და ინტერესით მუშაობენ, როგორც დედაქალაქის წამყვან თეატრებშიც. შედეგებიც ყოველთვის შესაბამისია. ამის საუკეთესო მაგალითია ვანო ხუციშვილის „მაკბეტი“ განხორციელებული ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში და ჩემდა გასაკვირად ამავე თეატრმა ფესტივალზე საჩვენებლად სხვა სპექტაკლზე გააკეთა არჩევანი. არჩევანის საკითხი, თუ რომელი სპექტაკლით უნდა მიიღოს მონაწილეობა თეატრმა ფესტივალზე ცალკე განხილვის თემაა და ამ საკითხს ჩვენ მომდევნო ბლოგში აუცილებლად მივუბრნდებით. მანამდე კი დავსძენ, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გარკვეულ თეატრებში გაცილებიტ უკეთესი მხატვრული ხარისხის სპექტაკლებია, ვიდრე მათ წარმოადგინეს ფესტივალზე. თუმცა წარმოდგენილი სპექტაკლები, უფრო რეალურად და ობიექტურად ხატავენ რეგიონის თეატრის სურათს, პრობლემებსა და შესაძლებლობებს.
მნიშვნელოვანი და გამორჩეული საფესტივალო საღამო გვაჩუქა თეატრმა „Teatr nowy w zabrzu“ პოლონეთიდან. მათ ურს ვიდმერის „ტოპ ძაღლები“ წარმოადგინეს გჟეგოჟ კემპინსკის რეჟისურით. სპექტაკლი სვამდა მეტად აქტუალურ პრობლემას, საკუთარი თავის რქმენა თანამედროვე სამყაროში დასაბრუნებლად და ხელახალი ადაპტაციისთვის. სპექტაკლი ტოპ მენეჯერების ცხოვრების იმ ეპიზოდს ეხება, როცა ისინი თავისი კარიერის ზენიტში ყოფნისას დაითხოვეს სამსახურიდან. მთავარი გმირები სარეაბილიტაციო კურსს გადიან და ერთმანეთს უყვებიან თავიანთ განვლილ გზას, იმ თვისებებს ხდიან ფარდას და ერთმანეთს აღიარებით ჩვენებას აძლევენ, რომელთა გამოც, სავარაუდოდ, დაითხოვეს ისინი სამსახურიდან. თითოეული პერსონაჟი გმირია, დასრულებული მხატვრული სახე, რომელსაც მაღალი მხატვრული ოსტატობით წარმოგვიდგინეს პოლონელმა მსახიობებმა. გარდა ამისა, სპექტაკლმა აჩვენა მათი ფიზიკური მომზადების დონე, დახვეწილი მეტყველების კულტურა, განსაცვიფრებელი პლასტიკური მონაცემები, რიტმის და ჟანრის გრძნობა, რომელთა გამოისობითაც მათ შექმნეს არა მხოლოდ დასრულებული, მაღალი მხატვრული დონის სპექტაკლი, არამედ ენობრივი ბარიერის მიუხედვად, ფიზიკურად, უხვი გამომსახველობითი საშუალებების ზუსტი გამოყენებით, გვიჩვენეს ადამიანის სულში და ფსიქიკაში მომხდარი ძირეული ცვლები, მოვლენათა და ღირებულებათა გადაფასების პროცესი. იმედი მაქვს, პოლონელთა წარმოდგენაზე მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაყვება ფოთელ და არა მარტო მაყურებელს. ხოლო ფესტივალში მონაწილე დასებისთვის კი გააჩენს მოტივაციას უკეთესი მხატვრული ხარისხის მისაღწევად და ზოგიერთ თეატრს დააფიქრებს დრამატურგიის არჩევანში, მისცემს ბიძგს, უჩვენოს გზა, თუ რა მხატვრული პრობლემების გადაჭრას ლამობს ევროპული თეატრი, რა აღელევებს და რა თემებია დღეს აქტუალური. ამიტომაც, უმჯობესია ამ შემთხვევაში თეატრებმა გვერდით გადადონ დაუკმაყოფილებელი ამბიციები და ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილება გაიზიარონ.
რატომ იმატა მაყურებელმა რეგიონული თეატრების ფესტივალზე ფოთში?!
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ფოთში გადამწყვეტ ფაზაში შედის, რასაც მაყურებელთა მზარდი ინტერესი და მათი რიცხობრივი ზრდაც მოწმობს. საფესტივალო სპექტაკლებს ინტენსიურად ესწრებიან სენაკის, ზუგდიდის, ოზურგეთის თეატრების ხელმძღვანელები და არტისტები, ფესტივალს სტუმრობს მაყურებელი მეზობელი ქალაქებიდან და რაიონებიდან. გარდა ამისა, ფესტივალს გვერდით უდგას ფოთის მერი ირაკლი კაკულია, რომელიც ისე შეეჩვია თეატრს, რომ ხუმრობდა კიდეც, ფესტივალის დასრულების შემდეგ რა მეშველებაო... ეგზისტენციალური დილემის წინაშე რომ არ დადგეს ქალაქის თავი, ალბათ, იფიქრებს იმაზეც, ფესტივალის დასრულების შემდეგ, სად გაატაროს თავად და მისმა თანაქალაქელებმა სასიამოვნო საღამოები ფოთში. როგორც თავად დარწმუნდა, თეატრი განტვირთვის, რეალობაში მიმდინარე პროცესების შეფასება-გადაფასების საუკეთესო ადგილია და ქალაქში ერთადერთი კულტურული თავშეყრის ადგილიც. თეატრში რომ ხშირად იარონ ახალგაზრდებმა (და არა მარტო მათ) საჭიროა ბევრი ახალი სპექტაკლი, მუდმივად ახალი და ინოვაციური პროექტების განხორციელება. საამისოდ ბაზა და ადამიანური რესურსი, როგორც ამ ფესტივალმა აჩვენა, ფოთში ნამდვილად არის. ამიტომაც, იმედია, ქალაქის მერი, იფიქრებს ფოთის თეატრის ბიუჯეტის გაზრდაზე, რადგან უფრო გაამყაროს ცნობილი გამოთქმის ჭეშმარიტება - როგორი ქალაქის თავიც ჰყავს ქალაქს, ისეთი თეატრი აქვს.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საფესტივალო წარმოდგენების გარდა მოიცავს მასტერკლასებსა და მრგვალ მაგიდებსაც, რომელიც ფესტივალის მიწურულს გაიმართება, მასტერკლასებს თემაზე „მონო დრამა - ალუბლის ბაღი“ ბელორუსელი კოლეგები გაუძღვებიან, თუმცა მანამდე ფესტივალის სტუმრებს ორგანიზატორები თავისუფალი დროის სასიამოვნოდ და შემეცნებითად დატვირთვას სთავაზობენ. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია ნოქალაქევში, დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში მარტვილში და მარტვილის ვნობილ და მისტიკურ კანიონში, რომელმაც არა მხოლოდ განწყობა აამაღლა, არამედ დააფიქრა ბევრი იმ ფასეულობებზე, რომელსაც ჩვენ ვფლობთ და სათანადოდ ვერ ვუვლით.
პარალელურად კი, ყოველ დღე ფესტივალის მაყურებელს დღეში ორი სხვადასხვა თეატრის სპექტაკლის ნახვის საშუალება აქვს. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა ერთ დროს პოპულარული დრამატურგის კიდევ უფრო პოპულარული პიესის „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ ახლებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. მაყურებელთა ინტერესისის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (წარმოდგენა დღის 12 საათზე გაიმართა) პიესა დღემდე აქტუალურია და ინტერესს არ კარგავს. ლევან სვანაძეს ამ პიესის რამდენიმე ინტერპრეტაცია აქვს განხორციელებული. რუსთავის თეატრის სპექტაკლი კი პოსტ პოსტ მოდერნისტული დადგმაა, რომელიც მწვავედ სხვამს მნიშვნელოვან პრობლემებს და ახლებურად წარმოაჩენს მათ, რათა მაყურებლის ინტერესი და მისი თანაგანცდა გამოიწვიოს. ლევან სვანაძის სპექტაკლი განვლილ, ავბედით პერიოდზეა,როცა ქვეყანაში ომი მიმდნარეობს და პარალელურად ახალგაზდები ნარკომანობით არიან დაკავეული. სწორედ ამ გადასახედიდან დადგა სპექტაკლი ლევან სვანაძემ რუსთავის თეატრში. მოვლენების გადაფასებისას, რეჟისორი იმ აქცენტებს გამოყოფს, რომელიც ყველაზე მეტად ახობელი და მწვავე იქნება დღევანდელი თაობისთვის და დააფიქრებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ იმედი უფსკურულიდან ამომსასვლელად ყოველლთვის არსებობს და ეს იმედი სიყვარულია. ლევან სვანაძის „გმირები“ პოტენციურად საჭირო რესურსია, რომლებიც წინააღმდეგობას ვერ უმკლავდებიან ვერც ვალდებულებებთან და ვერც საკუთარ თავთან. არტისტული ანსამბიდან გამორჩეული სახეები შექმნეს იოსებ ელიზმარაშვილმა (ბაჩა) და ზურაბ ფიროსმანაშვილმა (გიო). მათი გმირები რეალური, ე.წ. „ბაბულიკა ტიპები“ არიან, რომელთა მიმართ სიმპათიები საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე აქვს. ისინი არ ვიცი რამდენად საყვარელი, მაგრამ საინერესო და მიმზიდველი პერსონაჟები არიან, განსაკუთრებით ქალთა სქესის წარმომადგენლებისთვის. სპექტაკლი გვარწმუნებს იმაში, რომ მენტალურად 90-იანი წლების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, ეს მაყურებელთა მიერ სპექტაკლის ინტერესსა და რეაქციებში გამოვლინდა. საინტერესო და დასამახსოვრებელი მხატვრულის სებიახე შექმნეს ანა შარვაძემ (ნია) და მარიამ კვიტაიშვილმა (თეა), რომელთა სცენური გულწრფელობა და ზომიერი არტისტული ემოციურობა აღმოჩნდა მათი გამოკვეთის მთავარი მიზეზი ერთიანი არტისტული ანსამბლიდან.
უჩვეულო ფორმის, ფილოსოფიურ-აბსურდული სტილისტიკის სპექტაკლით წარსდგა ახალციხის თეატრი ფოთელი მაყურებლის წინაშე. „მატარებელი მოდის“ ხრისტო ბოიჩევის ტექსტზე, ახალგაზრდა რეჟისორმა ისოებ ბაკურაძემ უჩვეულო და საინტერესო თეატრალურ სანახაობად აქცია. სპექტაკლის რეჟისორი ამ ნამუშევრით 2015 წლის თეატრალური პრემია „დურუჯის“ კანდიდატია ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში. სპექტაკლში ახალციხის თეატრის ახალგაზრდა თაობის მსახიობები არიან დაკავებული, რომლებმაც ზუსტად აურეს ალღო რეჟისორის ჩანაფიქრს, რაც მათ თამაშში ვლინდება. ერთი შეხედვით ყოფითი სიუჟეტი გლობალურ მეტაფორად იქცევა. მიტოვებულ სადგურში მცხოვრებლები, რომლებიც მატარებლიდან გადმოგდებული საკვებით ხვდებიან მეორე დღეს, ილუზიონისტ გარი გუდინის (მანუჩარ გოგოლაური) აუსრულებელი სურვილების მსხვერპლნი და მთავარი შემსრულებლები ხდებიან. ერთ სათამაშო ობიექტად გადაქცეული პერსონაჟები კი უნებლიეთ ამ გამოწვევის მონაწილეებად იქცევიან.
მორიგი საფესტივალო დღე ოზურგეთის თეატრის სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“ დაეთმო, რომელიც ლევან ხვიჩიამ შექსპირის კომედიის მიხედვით დადგა. ლევან ხვიჩიასთვის ეს არ არის პირველი შეხება შექსპირის დრამატურგიასთან. მას მანამდე „ჰამლეტის“ კომიქსური ინტერპრეტაცია ეკუთვნის რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. როგორც ჩანს სპექტაკლის ავტორი ფორმის ძიებებს შექსპირის სხვა ნაწარმოებებში აგრძელებს. საამისოდ, მან ოზურგეთის თეატრის დასი შეარჩია. რეჟისორის მიერ შეთავაზებული სტილისტიკა რობერტ სტურუას სათეატრო ენის და მისი თეატრის კარიკატურისტულ გადამუშავებას წარმოადგენს. ბუნებრივია, ოზურგეთის თეატრის მსახიობებისთვის ლევან ხვიჩიასთან მუშაობა ერთგვარი გამოწვევა იყო. აქამდე დასს ამ ჟანრსა და სტილისტიკაში არ უმუავია. უნდა ითქვას, რომ დასის ძირითადმა ნაწილმა ეს გამოწვევა მიიღო და თავი გაართვა კიდეც. სასიხარულოა, რომ ამ კონკრეტულ პროექტში ოზურგეთის თეატრის დასის სამივე თაობის მსახიობები ჩაერთო. ცალსახად უნდა ითქვას, რომ რეჟისორს სპექტაკლის პირველ ნაწილში გაუძნელდა სიუჟეტის გადმოცემა, ქმედითმა და ქორეოგრაფიაში გადაწყვეტილმა მიზანსცენებმა ვერ შეფუთეს სიუჟეტი, რასაც ვერ ვიტყვი სპექტაკლის მეორე ნაწილზე. გარდა ამისა, ამ სპექტაკლში თავი იჩინა რამდენიმე მსახიობის მეტყველების პრობლემამ, გარდა იმისა, რომ არ ისმოდა ტექსტის რამდენიმე ნაწილი, იგი პარტერამდე დამახინჯებული მოდიოდა. მსახიობებმა გიორგი დოლიძემ, ლევან საღინაძემ, ირაკლი ვადაჭკორიამ, ნუგზარ ბარამიძემ, ანი გოდერძიშვილმა და გენადი ნიკოლაიშვილმა სპექტაკლის სტილისტიკას ალღო აუღეს და გროტესკით, კარიკატურულად დახატეს შექსპირის პერსონაჟები, ამაში მათ პლასტიკაც დაეხმარათ, რომელიც ასე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია ლევან ხვიჩიას სპექტაკლისთვის. მიუხედავად შენიშვნებისა, თეატრის პოლიტიკა - არტისტებმა იმუშაოს ახალგაზრდა რეჟისორებთან და კლასიკურ დრამატურგიაზე (მით უმეტეს დრამატურგიის ღმერთის შექსპირის ნაწარმოებებზე) არის გამართლებული, ვიდრე გაუმართავ და გაურკვეველ დრამატურგიაზეა, რადგან თავად შექსპირი ხელს უწყობს რეჟისორსაც და მსახიობებსაც პროფესიულ სრულყოფასა და გაზრდა-განვითარებაში.
ამავე დღეს, საღამოს ფოთის თეატრის ცხელი და თბილი სცენა ბათუმის დრამატული თეატრის წარმოდგენას დაეთმო, რომელმაც კიდევ უფრო გაახურა სცენაც და მაყურებელიც. გოგი მარგველაშვილის სტუდენტმა, ახალგაზრდა რეჟისორმა ლაშა შეროზიამ გოგოლის „ქორწინება“ ბათუმის თეატრის დასსთან ერთად წარმოადგინა. სპექტაკლმა ცალსახად გამოავლინა ახალგაზრდა რეჟისორის ნიჭიერება, ფანტაზიის უნარი და აზროვნების მასშტაბი, დახვეწილი სცენური გემოვნება და ხელობის ცოდნაც. ამავდროულად სპექტაკლში ჩანდა რეჟისორის კონცეპტუალური აზროვნება, რაც არა მხოლოდ მიზანსცენებში ვლინდებოდა, არამედ სცენოგრაფიაშიც (მხატვარი თამარ ჭავჭანიძე) და იუმორის ზომიერ, დახვეწილ უნარში. რეჟისორმა გოგოლისეული ადამიანური ურთიერთობების ანატომია და ვნება თანამედროვედ გააცოცხლა და მსახიობებთანაც ისე იმუშავა, რომ რამდენიმე ტიპაჟის შექმნით მაყურებელს გმირები დაამახსოვრა, რეალობაში კი ამ გმირების პროტოტიპები გვიჩვენა. საინტერესო და დასამახსოვრებელი ტიპაჟები შექმნეს ავთანდილ ქარჩავამ, მარინა ბურდულმა, ოთარ ქათამაძემ, ეკა ჩავლეიშვილმა და ინგა ღირდალაძემ.
ზესტაფონის თეატრმა ახალგაზრდა დრამატურგის ნანუკა სეფაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გენმოდიფიკაცია“ წარმოადგინა. რეჟისორ სოსო ნემსაძის დადგმაში ზესტაფონის თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები: თემურ კიკნაველიძე, ნანა ისიანი, გიორგი გოველი, ნანა ცხვარაშვილი, კოკა ჭანკოტაძე და მარეხ აბესაძე მონაწილეობდნენ. როგორც ფესტივალის კატალოგიდან ვიგებთ: - სპექტაკლი ასახავს გლობალურ პრობლემას, გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების წარმოებისა და გამოყენების სავალალო შედეგებს. სპექტაკლის გმირები დაინფიცირებულები არიან, რომელტაც მთავრობა მათ ერთ შენობაში მოუყრის თავს, რათა ისინი დაიხოცონ და ამით ვირუსი დაამარცხონ, თუმცა ამ პროცესში კარგად გამოჩნდება „პატარა“ ადამიანების ხასიათები, რომლებიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი პირად სარგებელზე ფიქრობენ.
ჰაინრიხ ფონ კლაისტის „ვინ გატეხა ქოთანი?!“ წარსდგა თელავის ყველაზე დიდი ტრადიციების მქონდე თეატრი რეგიონული თეატრების ფესტივალის მაყურებლის წინაშე. უნდა ითქვას, რომ ამ სპექტაკლზე სრული ანშლაგი იყო და მაყურებელი იარუსებზეც კი ფეხზე იდგა. არ ვიცი რამ განაპირობა მაყურებლის ასეთი ცხოველი ინტერესი, იმან, რომ დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა იყო, თუ იმან, რომ მთავარ როლში მაყურებელი საყვარელ მსახიობს ვანო იანტბელიძეს ნახავდა. ალბათ, ორივე ფაქტორმა დადებითად იმუშავა მაყურებელზე და 700 ადგილიანი დარბაზი მაყურებლით გადაიჭედა. სპექტაკლზე რეჟისორმა ნიკა ჰაინე - შველიძემ იმუშავა, მასთან ერთად სცენოგრაფია აღიარებულ და ქართულ თეატრში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხატვარს მირიან შველიძეს ეკუთვნის, თუმცა დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა გახლავთ. თელავის თეატრისთვის, ალბათ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაესტრო სტურუას მუშაობას ამ დასთან, რომელიც გარკვეული გამოცდილების გაზიარებასაც ნიშნავს და თითოეული რეპეტიცია სავარაუდოდ ერთგვარი მასტერკლასიც იყო. თელავის თეატრმა ამ სპექტაკლის დადგმისას რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი დაიხმარა, რომელიც ორგანულად ჩაეწერა სპექტაკლის სამსახიობო ანსამბლში. თელავის თეატრის ახალი დადგმა ისეთია, როგორც რობერტ სტურუას ბოლო სპექტაკლები - მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილისტიკითა და მკაცრად განსაზღვრული ჟანრის გრძნობით, მაყურებელთან დისტანცირებით, უაღერესი პირობითობით, გამომსახველობითი საშუალებების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ერთობლიობით. სტურუას სათეატრო ენას მშვენივრად აუღეს ალღო თელავის თეატრის არტისტებმა: განსაკუთრებით, ეს ვანო იანტბელიძეს, თემურ ხუნაშვილს, ეთერ დეისაძეს და ზურაბ ლომიძეს ეხებათ. ვანო იანტბელიძე ამ სპექტაკლში შექმნილი მოსამართლე ადამის როლის შესრულებისათვის 2015 წლის თეატრალური პრემია „დურუჯის“ კანდიდატია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა შორის. ვანო იანტბელიძემ ამ როლით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და საშემსრულებლო ოსტატობა. მსახიობი ნიუანსებით, სცენური ატმოსფეროს მორგებული (რეჟისორთა მიერ შეთავაზებულ სტილისტიკასა და გმირის ხასიათს) ხერხებით ქმნის ფარისეველი, მლიქვნელი, გაიძვერა და უსამართლო მოსამართლის ორიგინალურ მხატვრულ სახეს. სპექტაკლის რიტმისა და განწყობის წარმმართველ მსახიობს ღირსეულ პარტნიორობას უწევენ თემურ ხუნაშვილი და ზურა ლომიძე. მსახიობთა ანსამბლიდან გამოირჩეოდა მანანა აბრამიშვილისა და ლექსო რაზმაძის დუეტი. მსახიობებმა შექმნეს ტიპაჟები, რომლებიც დახვეწილად და სახიერად გამოხატავდნენ გმირების ბუნებას.
თელავის თეატრისთვის მაესტრო რობერტ სტურუას სახელოსნოს (ნიკა და მირინა შველიძე) მუშაობას ამ დასთან უმნისვნელოვანესი მოვლენა იყო. ფაქტია, რომ სპექტაკლი აკმაყოფილებდა მხატვრულ დონეს, რაც განპირობებული იყო რეჟისორთა მუშაობით, მირიან შველიძის დიდი პასუხისმგებლობით შექმნილი სცენოგრაფიით და არტისტების მონდომებითა და ენთუზიაზმით, თუმცა ფაქტია, რომ თავად მაესტრო სტურუას შემოქმედებისთვის სპექტაკლი არ წარმოადგენს არავითარ სიახლეს მის შემოქმედებაში, დაწყებული მუსიკალურ-ხმოვანი რიგიდან დასრულებული მიზანსცენებით.
ფესტივალის მომდევნო დღეები კი დმანისის, ზუგდიდის და ჭიათურის თეატრების საპრემიერო ჩვენებებს დაეთმობა. საპრემიერო წარმოდგენების შემდეგ კი ქუთაისისა და ფოთის თეატრები სარეპერტუარო სპექტაკლებით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ფესტივალს კი რომის თეატრი შექსპირის „მაკბეტის“ ახლებური სცენური ვერსიით დახურავს, რომელიც სტუმრის სტატუსით არის მოწვეული ფესტივალზე.
„ნინელის ფესტივალი“ ფინიშისკენ მიემართება
მოდით ვიყოთ გულწრფელები. ჩვენში გარკვეული კულტურული მოვლენა, ინიციატივა, წამოწყება კონკრეტულ ადამიანთან, ან თანამოაზრე ადამიანების ჯგუფთან ასოცირდება. რომ არა ამ ადამიანების ძალისხმევა, სიტუაციური შესაძლებლობის ეფექტური გამოყენება და სურვილი ინიციატივების რეალობად ქცევის, კარგი გაგებით ამბიციურობა, შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი არც კი განხორციელებულიყო. ეს პროექტები კი კონკრეტული ადამიანების სახელებთან ასოცირდება და რომ არა მათი ინიციატივები, ვინ იცის შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს გაუჩნდებოდათ თუ არა მსგავსი პროექტების განხორციელების იდეა. კულტურის პოლიტიკის, თუ კულტურის სტრატეგიის არარსებობა, განაპირობებს იმას, რომ პროექტების დაფინანსება ერთ იდეას, კონცეფციას კი არ ემყარება, არამედ ცალკეულ ინიციატივებს, რომელიც ვერც რეალურ სურათს ქმნის, ვერც კონკრეტული დარგის განვითარებას უწყობს ხელს და ვერც თანმიმდევრულობით გამოირჩევა. გლობალური, პრობლემების გადამჭრელი ღონისძიებების ჩატარება-განხორციელების ინიციატივები კი ყოველთვის კონკრეტულ, თამამ და საკუთარ პროფესიაში უკიდეგანოდ შეყვარებულ ადამიანებს ეკუთვნით. იშვიათად მოიპოვება ისეთები ჩვენში, ვისაც ძალუძთ და ახერხებენ გარკვეული რესურსების მობილიზებას საერთო და საჭირო საქმიანობის განსახორციელებლად.
ერთხელ, მახსოვს კულტურის სამინისტრომ „Facebook“-ის გვერდზე გამოაქვეყნა დაახლოებით მსგავსი ტიპის ტექსტი: - „კულტურის სამინისტრომ თემურ ჩხეიძეს გაუხსნა სახელოსნო“. ერთი შეხედვით, ამ უწყინარ ფრაზაში (რომელიც პოზიტივს შეიცავს მხოლოდ), რომლის ტექსტიც ავტორი სავარაუდოდ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის რიგითი თანამშრომელი იყო, გამოხატა მთელი სამინისტორს დამოკიდებულება მსგავსი პროექტების განხორციელებისას რომ სჩვევიათ. რატომღაც სამინისტროს მესვეურებს ჰგონიათ, რომ ეს საქმე თემურ ჩხეიძეს გაუკეთეს (არადა ამ სახელოსნოს გახსნა მთელი ქართული თეატრისთვის იქნება კარგი საქმე გაკეთებული), ან წიგნი რობერტ სტურუაზე, რომელიც სამინისტროს დაფინანსებით დაიბეჭდა, რომ რობერტ სტურუას გაუკეთეს, არადა დალი მუმლაძის „ნადირობა გოდოზე“ (საუბრები რობერტ სტურუასთან) სამინისტროს საჩუქარია ფართო მკითხველისთვის, რობერტ სტურუას შემოქმედების მკვლევარებისთვის (რომლებიც ასე მრავლად არიან). ასეთი მაგალითის მოყვანა ბევრი შეიძლება. იქნებ ისიც ჰგონიათ, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ნინელი ჭანკვეტაძეს „გაუკეთეს“ და ვერ აცნობიერებენ რამხელა საჩუქარი და ზეიმი მოუწყვეს ამ ინიციატივით რეგიონის თეატრებს უკლებლივ (ფესტივალში ყველა ქართული სახელმწიფო პროფესიული თეატრი მონაწილეობდა). იმასაც გეტყვით, რომ რომ არა რეგიონული თეატრების ფესტივალი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის მონდომება, ფესტივალს დასწრებოდა თეატრმცოდნეთა ჯგუფი, კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრები ვერ ვნახავდით რეგიონების თეატრების გარკვეულ სპექტაკლებს და ვერ გავეცნობოდით ამ თეატრებში შექმნილ ვითარებას.
კიდევ ერთი გარემოების შესახებ: ფესტივალების ბენეფიციარები (თეატრები, ხელოვნების დარგის მოღვაწეები, კრიტიკოსები, მაყურებელი) კონკრეტულ ფესტივალს მოკლე და მოხერხებულ სახელს არქმევს. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს ხომ დღემდე შემორჩა მოკლე სახელი - თეატრალური; არავინ ამბობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ სრულ დასახელებას და შემოკლებით თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ქეთის (დოლიძე) ფესტივალს ეძახიან, ისე როგორც თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მაზმოს (ეკა მაზმიშვილი) ფესტივალი შეარქვეს და ა.შ. ეს ფესტივალები მაინც ერთ, კონკრეტულ ადამიანებთან ასოცირდება და მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ მათ შესანარჩუნებლად. უცნაურია ისიც, რომ ფესტივალები თავიანთი ხასიათითაც ჰგვანან თავიანთ „პატრონებს“. ჯერ პირველი ფესტივალია რეგიონული თეატრების, მაგრამ მას უკვე აქვს თეატრალებში მოკლე და მოხერხებული სახელი - ნინელის ფესტივალი. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ქალბატონები (ქეთი, ეკა, ნინელი) უფრო ყოჩაღები, გულადები და დიდი ნებისყოფის პატრონები აღმოჩნდნენ, რომელმაც უკვე ბევრი სასიკეთო რამ გააკეთეს ქართული თეატრისთვის.
„ნინელის ფესტივალზე“ სამი თეატრის სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება შედგა. პირველი წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით სახელწოდებით „სისხლი“ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა გამართა. სპექტაკლის რეჟისორი გეგა ქურციკიძეა, რომელმაც აღნიშნული სპექტაკლი უკვე მასამედ დადგა (ლიტერატურულ თეატრში თბილისში, ზუგდიდისა და დმანისის თეატრებში). ამ კონკრეტული თეატრებისთვის გეგა ქურციკიძის ამ დადგმას წარმატების მეტი არაფერი მოუტანია. ზუგდიდში ბაბუას როლის შემსრულებელი მერაბ კაკალია 2015 წლის თეატრალური პრემია „დურუჯის“ საუკეთესო მამაკაც მსახიობთა ნომინაციაში მოხვდა, ბებიას როლი შესანიშნავად შეასრულა ზემფირა გუნიამ; დმანისში კი ბოლო ორი წლის განმავლობაში (თუ არ ვცდები, ნეტა ვცდებოდე) „სისხლი“ პირველი სპექტაკლია, რომელიც დმანისის თეატრში განხორციელდა. უფრო მეტიც, რომ არა რეგიონული თეატრების ფესტივალი, შესაძლოა დმანისში ეს სპექტაკლი არც დადგმულიყო. ამ ფესტივალმა უბიძგა და ერთგვარად გაუჩინა უპირობო ვალდებულება დმანისის თეატრს, მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ ფესტივალში. კიდევ ერთი პოზიტიური მოვლენა- ზურაბ ციცნცქილაძემ ამ სპექტაკლში შექმნა ბაბუას როლი, რომელიც არა მხოლოდ მის შემოქმედებაშია მნიშვნელოვანად განხორციელებული მხატვრული სახე, არამედ ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს შორის ერთი-ერთი საუკეთესოდ განხორციელებული მამაკაცის როლი. ზურაბ ცინცქილაძეს ღირსეულ პარტნიორობას ბებიის როლში ნაირა გელაძე უწევდა. რაც შეეხება უშუალოდ რეჟისორს: ვფიქრობ, რომ ერთი და იგივე ნაწარმოებზე მუშაობა, თუნდაც სხვადასხვა დასთან, პირველ ყოვლისა, რეჟისორს ვნებს (თორემ თეატრებს და მაყურებელს რომ არა ეს ნათელია და ამ დადგმამაც ცხადჰყო). მიუხედავად იმისა, რომ გეგა ქურციკიძე მაქსიმალურად შეეცადა გაქცეოდა მის წინა დადგმებს (შეცვალა დეკორაცია, სხვაგვარად დაამონტაჟა ტექსტი, ამოიღო ნოდარ დუმბაძის მონოლოგი „მარადისობის კანონიდან“ და სულ სხვა აქცენტები დასვა მესამე სპექტაკლში) სპექტაკლი კონცეფტუალურად მაინც ვერ შეიცვალა. არ შეცვლილა სპექტაკლის ატმოსფერო და ის მუხტი, მგრძნობელობა და ემოციურობა, რომელიც ასე გადამდები და დამანგრეველიც კი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ზუგდიდსა და ფოთშიც მაყურებელთა უმრავლესობა (მათ შორის და რატომღაც, ყველაზე ცივი და დაუნდობელი მაყურებელი, კრიტიკოსებს რომ ეძახიან) ცრემლს ვერ იკავებდა და დარბაზში სიჩუმეს მაყურებლის ქვითინი არღვევდა. ეს კი არ იყო მხოლოდ ნოდარ დუმბაძის მგრძნობიარე და ემოციური ტექსტის „ბრალი“. ამაში „დამნაშავე“ რეჟისორი და ის მსახიობები იყვნენ, რომლებმაც დაუვიწყარი და გულწრფელი სახეები შექმნეს. ფესტივალმა კი საშუალება მოგვცა გეგა ქურციკიძისა და დმანისის თეატრის მიწვეული მსახიობების (ზურაბ ცინცქილაძე, ნაირა გელაძე, ვალერიან მანძულაშვილი, ჯაბა ხუსკივაძე, ზურიკო ფუტკარაძე, კოტე მჟავია) განცდილი ჩვენც განგვეცადა. ამ მიზანს კი რეჟისორმა 100% -ით მიაღწია.
მეორე საპრემიერო სპექტაკლი ზუგდიდის თეატრმა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის რეჟისურით წარმოადგინა. ადელ ჰაკიმის მეტად მძიმე, რთულ და თითქმის დაუძლეველ ტექსტზე „დამსჯელი 14“ რეჟისორმა ახალგაზრდა მსახიობი ირაკლი სამუშია ამუშავა. სპექტაკლი სამოქალაქო ომს და მასში მონაწილე ადამიანის ტრაგიკულ ბედს ეხება. ვფიქრობ, ახალგაზრდა მსახიობისთვის ამ ეტაპზე, ნაადრევი იყო ამ მონოპიესაზე მუშაობა, რადგან ჩემი (შესაძლოა მცდარი) შეხედულებით მსახიობი მარტო აღმოჩნდა მაყურებლის ხახაში. მონოტონური მონოლოგი (რომელიც საათზე მეტ ხანს გრძელდება) და მონაცვლეობითი მიზანსცენები მაყურებელსა და შემსრულებელს ერთმანეთისგან აშორებს მიუხედავად ტექსტის აქტუალურობისა. მსახიობსა და მაყურებელს შორის უფსკრულის მსგავსი ცარიელი სივრცე გაჩნდა. ძნელია მაყურებელმა ისმინოს შემზარავი ტესტი, როცა ის არ სრულდება, არამედ მხოლოდ ისმინება. გარდა ამისა, მონოსპექტაკლს სჭირდება კამერული, ინტიმური ატმოსფერო, ან თუ ის ხორციელდება დიდ სივრცეში, მაშინ ეს სივრცე რეჟისორმა უნდა აითვისოს. ამ კონკრეტულ დადგმაში კი სამწუხაროდ, არც სივრცე იყო ათვისებული და ვერც რეჟისორმა შემოგვთავაზა ორიგინალური ხერხი მოთხრობილის სცენიურად გასაცოცხლებლად. ვფიქრობ, ირაკლი სამუშიას და ბადრი წერედიანს აქვს პოტენციალი (ამის თქმის უფლებას მათი ნამუშევრები გვაძლევენ), რომლებიც მომავალში დახვეწილ, მეტად გააზრებულ და სანახაობით წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ. წარმატებისთვის კი ტექსტის არჩევანს და მის მორგებას გადამწყვეტი როლი აკისრია...
მესამე საპრემიერო წარმოდგენა ჭიათურის თეატრმა ფოთის თეატრის მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში ითამაშა. იასმინა რეზას პიესის „ჟლეტის ღმერთი“ გადმოქართულებაზე ამ საქმის დიდოსტატმა თამაზ გოდერძიშვილმა იმუშავა, რომელმაც მოქმედება საქართველოში გადმოიტანა და პერსონაჟები ქართულ ხასიათებს მოარგო, თუმცა მხოლოდ უბნებისა და პერსონაჟების სახელების შეცვლა რეზას პიესის კონტექსტსა და კონცეფციას ვერ ცვლის. დახვეწილი ტექსტი ოსტატურად გააცოცხლეს ჭიათურის თეატრის მსახიობებმა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თამაზ გოდერძიშვილის ნაშრომი კინაღამ წყალს გაატანეს, როცა სცენიდან რამდენიმე სიტყვა, როგორც არტისტებს ჰგონიათ თავისთვის მოირგეს, სინამდვილეში კი გრამატიკულ ნორმებს გადაუხვიეს. სცენიდან გაისმა: „აბსოლიტურად“ (აბსოლუტურის ნაცვლად), „თითოეული ჩვენთაგანი“ (ჩვენგანის ნაცვლად). მაგრამ ეს უმალ აღმოფხვრითი პრობლემაა, რომელიც მეორე სპექტაკლზე გამოსწორდება, მაგრამ ვერ შევცვლით თამთა გაბუნიას ხმასა (ვგულისხმობ თოჯინების თეატრის არტისტებისთვის დამახასიათებელ მულტიპლიკაციურ ხმას) და ინტონაციას (მონოტონურს). მამუკა ცერცვაძის სპექტაკლი ძალადობის წინააღმდეგ და ამ ძალადობის დაძლევა-გამორკვევის პრობლემებს ეხება, რომელიც იუმორით გააჯერა რეჟისორმა. ტრაგიკული ამბავი კომედიად გადაიქცევა და სცენაზე სატირული სიტუაცია იქმნება. ჟანრიდან ჟანრში, სიტუაციიდან სიტუაციაში ლოგიკური მონაცვლეობა ოსტატურად წარმოგვიდგინეს მსახიობებმა: გოჩა აბაშიძემ, გიორგი ჩაჩანიძემ, თამარ ჯაჯანიშვილმა და თამთა გაბუნიამ. მათ შექმნეს მხატვრული სახეები და ტიპაჟები, რომლებიც კონკრეტულს სცილდება და მასშტაბს იძენს.
თეატრებისთვის, რომლებმაც საპრემიერო წარმოდგენები სხვა, მათთვის უცნობ და უცხო გარემოში გამართეს, ერთგვარი გამოცდილებაც შეიძინეს. პრემიერების და საფესტივალო წარმოდგენების ტექნიკური თვალსაზრისით მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ლომის წილი ფოთის თეატრის უჩინარ მონაწილეებს, სცენის მემანქანეს, სცენიდ დეკორატორ-მემონტაჟებსს, გამნათებლებსა და ხმის ოპერატორებს მიუძღვით. უნდა ითქვას, რომ ფოთის თეატრის მსახიობებიც კი მოხალისეებად იქცნენ, რომლებიც მთელი ფესტივალის განმავლობაში სიხარულით და სიამოვნებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
ფესტივალის ბოლო დღე საინტერესოდ დატვირთა ქუთაისისა და ფოთის თეატრების სპექტაკლებმა. ამ დღეს ფოთის თეატრის ფოიეში მცირე ჯგუფებად დაყოფილმა მაყურებელმა მინი დისკუსიებიც მოაწყვეს. ქუთაისის თეატრმა გიორგი თავაძე-იმარინდოს ალეგორიულ-მეტაფორული სპექტაკლი „მარწყვის ცივი ტორტი“ წარმოადგინა. ალექსანდრე ქოქრაშვილის პიესა 90-იან წლებში დაიწერა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას მეტაფორულად ასახავს, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე აქტუალური რჩება. რეჟისორი სპექტაკლის სცენოგრაფადაც მოგვევლინა და მან კოსტიუმებზე ქეთევან ციციშვილთან ერთად იმუშავა. თამაშის პირობით-გროტესკული ხერხი ამ რეჟისორის შემოქმედებისთვის ერთ-ერთ მთავარი დამახასიათებელი ფაქტორია, რომელიც მეტაფორული ენით გადმოსცემს რეალობას. ამ სპექტაკლში მნიშვნელოვანია სიზუსტე მონაწილე მსახიობებისთვის, რადგან მთელი რიგი მოძრაობა და ტექსტი მუსიკალურ აქცენტებზეა აწყობილი. რეჟისორი იყენებს თანამედროვე თეატრში მოდურ მულტიმედიურ ხერხს, ჩრდილების ხელოვნებას, რომელიც სცენოგრაფიაში ორგანულად ეწერება და საინტერესო სანახაობასთან ერთად, ეფექტურსაც ხდის. სპექტაკლში მთავარ როლებს მსახიობები: მარიკა სამანიშვილი, თენგიზ ჯავახაძე, ირინე გუბელაძე და გოჩა ნემსიწვერიძე ასრულობენ. მთავარი როლის შემსრულებლებს ეტყობათ რეჟისორთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგი, ისინი განზოგადებულ ტიპაჟებს ქმნიან და მაყურებელს განსხვავებულ ამპლუში წარუდგებიან. სპექტაკლი პოლიტიკური თეატრის ელემენტებსაც შეიცავს და ამავდროულად ზოგადქართულ ხასიათსა და პრობლემებს ეხმიანება.
საფესტივალო წარმოდგენების ბოლო აკორდი ფოთის თეატრის „ჰამლეტი“ იყო, რომლის რეჟისორიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მღებრიშვილია. რეჟისორმა ახლებურად და სხვა აქცენტების დასმით გაიაზრა შექსპირის ყველაზე პოპულარული ტრაგედია. რეჟისორს თავისი კონცეფციის რეალიზებაში მხატვარ თამარ ოხიკიანის სცენოგრაფიაც დაეხმარა, რომელიც ერთდროულად სტატიკური და ჩაკეტილია, ამავდროულად კი დინამიკური, მონაცვლეობითი და გრადაციული. სპექტაკლის ავტორთა აზრით, არა მხოლოდ დანია, არამედ სამყაროა საპყრობილე. შესაბამისად, ჰამლეტიც (გია სურმავა) ჭკუიდან შეშლილი პრინცი კი არ არის, არამედ შურისმაძიებელი და გონიერი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ცდილობს დასახული მიზნის მიღწევას. (ამ სპექტაკლზე იხილეთ ჩემი რეცენზია არტარეას ვებ გვერდზე)
რეგიონული თეატრების ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თეატრის ხელმძღვანელებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის კრიტიკოსების მონაწილეობით, ფესტივალს რომის თეატრის სპექტაკლი „მაკბეტის კლანი“ დახურვას, რომელიც სტუმრის სტატუსით არის მოწვეული ფესტივალზე. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფოთის თეატრის ალტერნატიულ სივრცეში დადგმული სპექტაკლის „ჩარეცხილები“ მორიგი წარმოდგენა. ამ მოვლენებზე და დახურვის ცერემონიალზე შემდეგ ბლოგში მოგითხრობთ.