ქართული თეატრი ფოთის თეატრის რაკურსით
ქართული თეატრი ფოთის ფესტივალის რაკურსით
ლაშა ჩხარტიშვილი
უკვე მესამე წელია, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ფესტივალის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძეა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა იდეა ფოთში ჩაეტარებინა ისეთი ღონისძიება, რომელიც მცირე ხნით გარკვეულ დატვირთვას და ახალ ფუნქციას შესძენდა პატარა, ლამაზ და პერსპექტიულ ზღვისპირა ქალაქს.
იდეა ფესტივალის გამართვის თაობაზე ქართული თეატრისა და კინოს მოქმედ ვარსკვლავს შემთხვევით არ გასჩენია.
წლების წინ, გასტროლებზე მყოფმა მსახიობმა, წარმოდგენის დასრულების შემდეგ აღმოაჩინა, რომ შებინდებისას ქალაქი მიძინებულია. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა მან მცირე ხნით მაინც გამოეცოცხლებინა „მკვდარი ქალაქი“ (ამ სახელწოდებით, ფოთის თეატრში, ფესტივალის გახსნამდე ორი დღით ადრე, დავით ხორბალაძის ტექსტზე დაფუძნებული მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის პრემიერა შედგა).
ნინელი ჭანკვეტაძის არჩევანი ფოთზე მხოლოდ ზემოხსენებული ფაქტორით როდი იყო გამოწვეული. იმხანად, ახალდასრულებული იყო ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც შეძლებდა ნებისმიერი სირთულის (ტექნიკური თვალსაზრისით) დადგმის მიღებას.
ბოლო პერიოდში ფოთის თეატრი იქცა მიმზიდველ და საინტერესო სივრცედ, რომელიც გამოირჩევა ჩამოყალიბებული სარეპერტუარო პოლიტიკითა და სპექტაკლების მხატვრული ხარისხით... იქ მოღვაწეობენ პროფესიონალები და ენთუზიასტები, რომლებიც მთელი სამი წლის განმავლობაში თანაორგანიზატორებად გვევლინებიან და ღირსეულ მასპინძლობას უწევენ თეატრალური ფორუმის მონაწილეებსა და სტუმრებს საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად.
საორგანიზაციო ჯგუფი კი 5 წევრით განისაზღვრება: დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე ამ ჯგუფის ლიდერია, რომელიც არ თაკილობს ნებისმიერ სამუშაოს, რაც ფესტივალის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული და მისი ფუნქცია მხოლოდ განკარგულებების გაცემით არ შემოიფარგლება. ამ გუნდშია ფოთის თეატრის დირექტორი მშვიდი, გაწონასწორებული და შავი იუმორით გამორჩეული თენგიზ ხუხია. ფესტივალის მენეჯერი, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა ჯუმუტიაა, საორგანიზაციო კომიტეტის ყველაზე პრინციპული და კანონმორჩილი წევრი, კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე. საზოგადოებასთან ურთიერთობას კინომცოდნე ნანა თუთბერიძე ხელმძღვანელობს, რომლის დამსახურებითაც ამ მოვლენის, შესაბამისად კი რეგიონული თეატრების სამწილიანი არქივი შეიქმნა. ყველა მონაწილე დასზე მზადდება ვრცელი სიუჟეტები რეჟისორისა და მთავარი როლების შემსრულებლების კომენტარებითა და თეატრმცოდნეთა შეფასებებით, რომლებსაც ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“ ყოველდღიურად გადასცემდა ფესტივალის დღიურების სახით. ამ ჯგუფის წევრია მუსიკოსი შიო აბრახამია, რომელიც ფესტივალის გახსნისა-დახურვის ცერემონიასა და მხატვრულ პროგრამაზე ზრუნავს.
ნინელი ჭანკვეტაძემ სწორად მოძებნა ნიშა, რომელიც „ფოთის ფესტივალს“ უჭირავს ქართული სათეატრო ფესტივალების რუკაზე. ის აერთიანებს მხოლოდ რეგიონის პროფესიულ დასებს. მანამდე, არც ერთ ფესტივალზე არ იყო საშუალება ერთ სივრცეში, ასე თავმოყრილად, უკლებლივ ყველა რეგიონული სახელმწიფო პროფესიული თეატრის პროდუქციის ნახვის.
საერთაშორისო ფორუმი ყოველწლიურად მასპინძლობს უპრეცედენტო რაოდენობის თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც ესწრებიან, აშუქებენ ღონისძიების მიმდინარეობას და აანალიზებენ შედეგებს. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვისაც აღმოჩნდა ხელსაყრელი საშუალება სამინისტროსთან არსებული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს წევრების მისავლინებლად მონიტორინგის განხორცილების მიზნით. სასიამოვნოა, რომ ფესტივალი იწვევს ფაქტობრივად ყველა მოქმედ თეატრმცოდნეს, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ისინი სარეკომენდაციო საბჭოს წევრი, ან რაიმე განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი. მათთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა (წლების გამოცდილებამ და დაკვირვებამ აჩვენა) ყველა პროფესიონალი და მოქმედი კრიტიკოსის, თუ თეატრმცოდნის მიწვევა.
ახლა კი, ჯერი თავად კრიტიკაზეა, როგორ შეაფასებს პროცესსა თუ ტენდენციებს, რაც ქართულ თეატრში მიმდინარეობს. ფესტივალის ამ ნაწილმა (კრიტიკოსების დასწრების უზრუნველყოფას ვგულისხმობ) გააქტიურა მიძინებული თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა. ბევრს ხელახლა გააცნო, ბევრს კი საშუალოება მისცა უფრო ახლოს გასცნობოდა მიმდინარე პროცესებს. მოგეხსენებათ, ქართული პროფესიული თეატრების 65% სწორედ რეგიონებზე მოდის.
ფოთის ფესტივალის დამსახურებით, ზოგიერთ თეატრს დაეკისრა გარკვეული ვალდებულება საზოგადოების, მაყურებლისა და თავად ფესტივალის წინაშეც. რამდენიმე თეატრი სწორედ ფოთში, აღნიშნულ ფორუმზე გამოჩნდა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ და მათ წლიდან წლამდე მხოლოდ იქ ვხვდებით (სხვაგან კვლავინდებურად არსად ჩანან). თეატრებს გაუჩნდათ მოტივაცია და ისინი ყოველწლიურად ემზადებიან. საგანგებოდ არჩევენ პროგრამას, რამდენად კარგად ან ზუსტად, ეგ სხვა კვლევის საკითხია, მაგრამ ისინი რომ უკვე პროცესში ჩაერთენ, მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა. გარდა ამისა, ფესტივალი იქცა შეხვედრებისა და გაცნობის ადგილად, რომელიც პერსპექტივაში გააჩენს ერთობლივი პროექტების საფუძველს.
უკვე ტრადიციად იქცა ერთგვარი კოპროდუქციის, ერთობლივი ნაწარმოების შექმნა. წელს უკვე მეორე ნამუშევარი ვიხილეთ, რომლითაც გაიხსნა წლევანდელი ფესტივალი. სოხუმის თეატრმა ფოთის თეატრის მსახიობი ჯანო იზორია „ითხოვა“. რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ცნობილი ებრაელი ავტორის ხანოხ ლევინის „იაკიში და პუპჩე“ დადგა. (ამ სპექტაკლს ქვემოთ მივუბრუნდები).
„ქამრების შემოჭერის წლის“ მიუხედავად, ფესტივალი წლიდან წლამდე აფართოებს მონაწილე ქვეყნების რაოდენობას, მიმართულებას, მისიის მასშტაბს და აღრმავებს არეალს, ზრდის ფუნქციურ დატვირთვას. წელს პოლონურ, ირანულ, უკრაინულ და რუსულ დასებთან ერთად ფესტივალს ესწრებოდნენ კრიტიკოსები, ჟურნალისტები და ფესტივალების დირექტორები იტალიიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან, ბელორუსიიდან, რუმინეთიდან, რომლებიც ეცნობოდნენ ფესტივალის სპეციფიკას, გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას და აშუქებდნენ ფესტივალის მიმდინარეობას.
წელს პირველად, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო იტალიელ მსახიობ და რეჟისორ, კომედია დე ლ’არტეს არტისტ კლაუდიო დე მალიოს ვორქშოპი, რომელშიც რეგიონის თეატრების ახალგაზრდა მსახიობები ჩაერთნენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ და ეუფლებოდნენ ნიღბების კომედიის თეატრის ესთეტიკასა და პრინციპებს. ერთგვარი ღია გაკვეთილი კლაუდიო დე მალიომ ვორქშოპში მონაწილე მსახიობებთან ერთად ფესტივალის საზეიმო დახურვაზე წარმოადგინა, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ვორქშოპს მრავალი თვალსაზრისით ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა მსახიობები გაეცნენ ნიღბების თეატრის მოდელებს, გაიცნეს ერთმანეთი, დამეგობრდნენ და სამომავლო ერთობლივი პროექტებიც დაგეგმეს. თავად ფესტივალი კი აწარმოებს მოლაპარაკებებს კლაუდიო დე მალიოსთან ახალ პროექტზე, რომლის დეტალებიც მომავალ ფესტივალზე გაცხადდება.
ფესტივალში წელს 16 ქართული და 6 უცხოური თეატრი მონაწილეობდა. თეატრალურმა კომპანიამ „Nie ma“ რეჟისორ ტატიანა მალინოვსკა-ტიშკევიჩის მონო სპექტაკლი ახალგაზრდა პოლონელი მსახიობ იგორ კრუპჩინსკის მონაწილეობით წარმოადგინა. საინტერესო იყო ირანული თეატრალური კომპანია დიმაკის წარმოდგენა „ჩემოდანი და ფინია“, რომელიც ჩეხოვის მოთხრობის „ქალი ძაღლით“ მოტივებზეა დადგმული. ეტიუდების პრინციპზე აგებულმა (უმნიშვნელო ტექსტით) წარმოდგენამ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე. რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ ორ სპექტაკლზე ირანიდან. შემოქმედებითმა თეატრალურმა კომპანიამ ფედერიკო გარსია ლორკას „იერმას“ მიხედვით თავისუფალი ადაპტაცია გვიჩვენა. სპექტაკლის ავტორმა და რეჟისორმა ალი კალანტარმა მიზნად დაისახა - სიურეალისტური პერფორმანსი ვიქტორ შკლოვსკის „დეფამილარიზაციისა“ და „ფორმალიზმის“ მეთოდის გამოყენებით, ეჟი გროტოვკის „ღარიბი თეატრის“ პრინციპებზე დაყრდნობით განეხორციელებინა, თუმცა ამ მეთოდების კვალი წარმოდგენაში ვერ ვიხილეთ. კიდევ უფრო გაუცრუა იმედები მაყურებელს მესამე ირანულმა დასმა, რომელმაც სპექტაკლი „ხმა, დუმილი, მოძრაობა“ გაითამაშა. სიავაშ თაიებთააჰერის დადგმა უფრო სტუდენტურ, მოყვარულთა სპექტაკლს ჰგავდა, სადაც ავტორი გარკვეულ ძიებაშია და ამ ძიებას ჯერ ჩამოყალიბებული ფორმა ან შინაარსი არ აქვს.
სასიამოვნო სანახავი იყო უკრაინული თეატრალური კომპანია „თეატრი პუბლიცისტის“ კრეატიული წარმოდგენა „სადღაც და მიღმა“, რომელიც უკრაინული წარმოშობის ცნობილ დრამატურგ ანა იაბლონსკაიას ეკუთვნის. კიდევ უფრო გაახარა თეატრისმოყვარულები საავტორო თეატრალური კომპანია „ესკიზები სივრცეში“ წარმოდგენამ, რომელიც დოსტოევსკის „იდიოტს“ ეფუძნებოდა. ეს იყო ახალგაზრდული ჯგუფის ორიგინალური, კრეატიული და ცნობილი რომანის განსხვავებული წაკითხვა, როგორც ფორმის თვალსაზრისით, ისე ნაწარმოების გააზრებით. სპექტაკლში ორიგინალურად (არა ტრივიალურად) იყო გამოყენებული მულტიმედიური ხერხები, რამაც მოულოდნელობის ეფექტთან ერთად, სპექტაკლის ვიზუალურ-კონცეპტუალური ნაწილიც შექმნა.
ერთი მხრივ, ფრიად საინტერესოა უცხოური დასების გაცნობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქართული თეატრი და ის პროცესებია, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობს. ფესტივალი იძლევა ტენდენციების გაცნობის საშუალებას. კონკრეტული სპექტაკლების ავკარგიანობაზე ჩემი კოლეგები, ალბათ, უფრო ვრცლად დაწერენ, მე მხოლოდ იმ სახიფათო ტენდენციებს გამოვყოფ, რომლებიც, ჩემი აზრით, უნდა დაძლიოს ქართულმა თეატრმა, თუკი განვითარება სურს.
წლევანდელ პროგრამაში რამდენიმე თეატრმა არჩევანი არა გასული სეზონის პრემიერებზე, არამედ ძველ დადგმებზე გააკეთა. ერთი მხრივ, შესაძლოა, გარკვეულმა თეატრებმა კამერული სპექტაკლების წარმოდგენით დაზოგა ბიუჯეტი, ხოლო მეორე მხრივ, რეპერტუარში ვერ მოიძებნა ალტერნატივა. უფრო ზუსტად, კი რეპერტუარში არ მოიპოვებოდა სპექტაკლი, რომლის წარდგენაც თეატრს უკეთესად წარმოაჩენდა ფესტივალზე.
სამხატვრო ხელმძღვანელებს ვერ დავაბრალებთ, რომ მათ იეგოისტეს და ფესტივალის პროგრამაში მხოლოდ თავიანთი სპექტაკლები ჩასვეს. (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თეატრს, რომელიც ტრადიციულად მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელის სპექტაკლს წარმოადგენს, ალბათ, როგორც საუკეთესოს). ეს ფაქტორი კარგიცაა, რადგან ფართო საზოგადოება დამოუკიდებელი რეჟისორების ნამუშევრებს ეცნობა...
ფესტივალზე ნაჩვენები სპექტაკლების (თეატრების მიერ თავად შერჩეული) განსხვავებული მხატვრული ხარისხის, თემატიკისა და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, გამოიკვეთა საერთო ტენდენციები.
ქართული თეატრების სურათი, რომელიც წელს დახატა ფესტივალმა არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა ეს პეიზაჟი სავსებით შესაძლებელია შეიცვალოს მომავალ წელს და სულ სხვა ხარისხსა თუ რანგში მოგვევლინოს (როგორც გასულ ორ წელში). ტენდენციების შეფასებაც სწორედ ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებზე დაყრდნობით კეთდება და არ ვრცელდება მთელ ქართულ თეატრზე. აღნიშნული გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რაც უნდა დაძლიოს ერთად ქართულმა თეატრმა.
-
პირველი, რაც თვალშისაცემია - არის დრამატურგიის არჩევანი. შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენს რეჟისორებს მწირი ბიბლიოთეკა აქვთ და ახასიათებთ ერთგვარი ამოჩემება, გნებავთ, მიმბაძველობა. ერთი რომ გარკვეულ პიესას დგამს, იმავე სეზონში სხვა, ოღონდ მეზობელ თეატრში დგამს იგივეს. ფესტივალის 16 ქართული სპექტაკლიდან ახალი, ნაკლებად უცნობი დრამატურგიის, ჯერ სცენებზე აპრობაციაგაუვლელი სცენური ინერპრეტაცია მხოლოდ ოთხმა თეატრმა სცადა. დანარჩენი 12 უკვე მრავალგზის დადგმულ, კარგად ცნობილ და სხვადასხვა სცენებზე მორგებულ პიესებს ან ლიტერატურულ მასალას იმეორებს.
-
რჩება, რომ ქართველ რეჟისორთა უმრავლესობა არ იცნობს არც თანამედროვე ქართულ და არც უცხოურ დრამატურგიას. ან ისინი მიზანმიმართულად არიდებენ თავს მათთვის (და ზოგადად ქართული თეატრისთვის) უცნობი პიესების დადგმას. დავუშვათ, ვარიანტი, რომ მწირია არჩევანი თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში, ან არ აკმაყოფილებთ ჩვენს რეჟისორებს ქართველი დრამატურგების პიესები. სამაგიეროდ, დიდი არჩევანია თანამედროვე უცხოურ დრამატურგიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენი რეჟისორები თითქმის არ იყენებენ. არადა, ფაქტობრივად ყველა ტიპის გამოკითხვაში – რის ნახვას ისურვებდით სცენაზე, ყველაზე მეტად მაყურებელი აქცენტს თანამედროვე ქართულ დრამატურგიაზე აკეთებს.
ამიტომაც, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უგულვებელჰყოფს თანამედროვე ქართულ დრამატურგიას ქართული თეატრი...
-
გარდა ამისა, ხშირია საბჭოთა პერიოდის ქართულ თეატრში კარგად აპრობირებული კომედიების დადგმა, რომლებიც რეჟისორთა მიერ „თანამედროვე“ ტექსტით „შევსებული“ იდგმება და შედეგად ვიღებთ სრულიად სხვა ნაწარმოებს, რომელშიც დარღვეულია არა მხოლოდ დრამატურგიული ხაზი, არამედ პიესის სათქმელიც, იცვლება თემა და კონტექსტი, იკარგება ჟანრი. რეჟისორების ნაწილმა ტექსტის სცენური ინტერპრეტაციაში მიმართა პოპულისტურ ხერხებს, გაცვეთილ და გაშიფრულ სცენურ მეტაფორებს, პლაკატურობას.
-
ქართულ თეატრში საეჭვოდ მომრავლდა ერთგვარი ეთნოგრაფიზმი, პრობლემათა ვიწრო სპექტრში განხილვა. თვალშისაცემია პრობლემის ლოკალური ჭრილით დასმა, შემოსაზღვრულ-ჩაკეტილ სივრცეში წარმოჩენა. წარმოდგენილ სპექტაკლებში ვხვდებით კილოკავზე, დიალექტზე მოსაუბრე პერსონაჟებს, რაც ძალიან აახლოებს და ანათესავებს თეატრს XIX საუკუნის ან თუნდაც საბჭოთა ეპოქის უკვე მივიწყებულ და ისტორიას ჩაბარებულ სტილისტიკასთან. დრამატურგიაში (ან პროზაულ ტექსტში) დასმული პრობლემების განზოგადებისა და მისი მასშტაბურად გააზრების ნაცვლად, რეჟისორები თავიანთ დადგმებში დასმულ პრობლემებს ჭუჭრუტანიდან, ჩაკეტილ-შემოსაზღვრული სივრციდან უყურებენ. გასაგებია, რომ სპექტაკლის ავტორი ითვალისწინებს მაყურებელს, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც აქტუალურია მაყურებლის მოზიდვის საკითხი, მაგრამ ამასობაში თეატრი კარგავს თავის ფუნქციას და ემსგავსება მხოლოდ გასართობ, მდარე ხარისხის სატელევიზიო შოუებს, რომელსაც ასე საჯაროდ ხშირად აკრიტიკებენ თავად თეატრალური მოღვაწეები (ამ ტენდენციასაც ავიტანდით საპირწონედ მხატვრული ხარისხი რომ ყოფილიყო). ამ ახალი, იოლი და თითქოს მომგებიანი„მისიით“ სათეატრო ხელოვნება დაეშვა ფსკერზე და გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს ჭაობში, რაც ხელს უწყობს თავი დაიცვას ყოველგვარი სიახლისგან, რადგან უცხოსა და უცნობის შიში მასში საგრძნობლად მძლავრია. ამ მდგომარეობამდე გარკვეული თეატრები ტრადიციებისადმი ბრმა ერთგულებამ მიიყვანა. თითქოს გაქრა ახლის ძიების, ახალი სამყაროს შეცნობის პროცესი, თავს ვარიდებთ ექსპერიმენტებს და ინერციით ვებღაუჭებით ძველს. საბედნიეროდ, აქა–იქ, მაგრამ მაინც შეხვდებით „თეთრი ყვავივით“ გამორჩეულ დადგმებს, რომლებსაც ძირითადად ახალგაზრდა რეჟისორები ახორციელებენ, მაგრამ მსგავსი დადგმები დიდხანს ვერ რჩება რეპერტუარში, რადგან პროცესს სისტემატური ხასიათი არ აქვს. არადა, ქართულ თეატრში არის რესურსი, რომელსაც ძალუძს ჩვენი დროის, თანამედროვე თეატრის შექმნა.
-
წლევანდელი ფესტივალის პროგრამას თვალი რომ გადავავლოთ, აღმოვაჩენთ, რომ გასულ სეზონში, თეატრების უმრავლესობაში „დამწყებ რეჟისორებს“ სპექტაკლი არ დაუდგამთ. ზოგადად, რეგიონის თეატრები უფრთხიან და ერიდებიან მათთვის უცნობ, სახელმოუხვეჭელი არტისტების მოწვევას. ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდას არ ენდობა დასი, განსაკუთრებით, „ვარსკვლავები“, „სახალხოები“ ან თუნდაც „დამსახურებულები“. არც ის მესმის, რატომ წერენ თეატრები პროგრამებში მსახიობებს გაუქმებული სტატუსებით და თანაც შეცდომით, რადგან ისინი „საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტები“ არიან და არა „საქართველოს დამსახურებული არტისტები“.
პროგრამაში ასე გამოყოფილი მსახიობების ნამუშევრებსაც დავაკვირდი და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი „დამსახურებული“ უფრო უსუსურად, მოშლილი სამეტყველო აპარატით, დაქვეითებული პლასტიკითა და თეატრალური სიყალბით გაჟღენთილი როლებით წარმოჩინდა, ვიდრე ყოველგვარი სტატუსის არმქონე მსახიობები.
დავუბრუნდეთ, ახალგაზრდა რეჟისორების საკითხს: ბევრი თეატრის რეპერტუარში შეხვდებით მათ ნამუშევარს და პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან პრიორიტეტული ვერ ხდება. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ორი ფაქტორით: 1. ნამუშევარი არ აკმაყოფილებს ხარიხს; 2. წარმატებული პროექტი ვერ ჩაანაცვლებს სამხატვრო ხელმძღვანელის, ან უფროსი თაობის რეჟისორის სპექტაკლს მისი მხატვრული ხარისხის მიუხედავად. ამიტომაც, „დამწყებთა“ შემოქმედება რჩება შეფასების მიღმა, არ ხდება ფართო განხილვის და დისკუსიის ობიექტი. მალევე ქრება მოქმედი რეპერტუარიდან.
-
ქართული პროგრამის ხილვისას, პარალელურად ვფიქრობდი უცხოელ კოლეგებზე, რომლებიც ჩვენთან ერთად ესწრებოდნენ წარმოდგენებს, თუ რა აღიბეჭდა მათ თვალსაწიერში. მათ წინაშე წარსდგა (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ტრადიციული, ერთფეროვანი (ფორმისა და ესთეტიკის), კარგა ხნის ისტორიის კუთვნილებადქცეული თეატრი. სპექტაკლების უმრავლესობა გამოიყურებოდა, როგორც სამუზეუმო ექსპონატები, ანტიკვარული სტილის დეკორაციით, მასობრივი სცენებით, ყალბი განცდებით, პათეტიკით, „ჩადგმული“ ტაშისთვის გამიზნული ცეკვა-თამაშით, მუსიკალური ნომრებით, პრიმიტიული მიზანსცენებით, საბჭოთა სასკოლო გამოსაშვები ღონისძიებისთვის დამახასიათებელი ფორმით, ესთეტიკითა და შინაარსით.
-
მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა სცენოგრაფიაში. იშვიათად შეხვდებოდით თანამედროვე, განზოგადებულ, ყოფითობას დაშორებულ და კონცეპტუალურ სათეატრო მხატვრობას. ვფიქრობ, დროა რეგიონის თეატრების ნაწილმა გაიცნონ და გამოიყენონ რესურსი, რომელიც ახალი თაობის ქართველ სცენოგრაფებშია.
იმის მიუხედავად, რომ ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი არ წარმოადგენს კონკურს-ფესტივალს, ზოგიერთმა ორგანიზაციამ გარკვეული პრიზები დააწესა. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა-თეატრმცოდნემ პრიზი – საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ცხინვალის თეატრის არტისტს ცოტნე ხუბუტიას გადასცა კვაჭის როლის განსახიერებისთვის, გოჩა კაპანაძის სპექტაკლში „კვაჭი“.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ დააწესა პრიზი - თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც გადაეცა ლია სულუაშვილს დედის როლის განსახიერებისთვის, გიორგი შალუტაშვილის მიერ მესხეთის თეატრში განხორციელებული სპექტაკლში „მშვიდი ღამე“.
უკვე მესამე წელია, თელავის თეატრის მსახიობმა ვანო იანტბელიძემ დააწესა პრიზი „ალელე“ახალგაზრდა მსახიობთათვის. ამ პრიზით წელს, ტრადიცულად, ორი ახალგაზრდა მსახიობი დაჯილდოვდა: თელავის თეატრიდან - ბექა სონღულაშვილი (ნანუკა ხუსკივაძის სპექტაკლი „სახურავი“) და ფოთის თეატრიდან - ჯანო იზორია (დავით მღებრიშვილის სპექტაკლი „დიქტატურა“).
ფესტივალის დაარსების დღიდან, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, მანანა ანთაძემ დააწესა პრიზი - ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი, რომელიც ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით მღებრიშვილს გადასცა სპექტაკლისთვის „დიქტატურა“.
ფესტივალზე სტუმრად მყოფმა, გაერთიანებულმა კრიტიკოსთა საბჭომ ერთხმად (რაც იშვიათი შემთხვევაა) მიიღო გადაწყვეტილება, ფესტივალის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში დაეჯილდოვებინა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი დავით როინიშვილი, რომელმაც გამორჩეული როლი შექმნა კოტე აბაშიძის სპექტაკლში „DUPLET“. მსახიობს პრიზი – ორკაციანი საგზური ევროპაში სამოგზაუროდ – ზაზა კოლელიშვილმა გადასცა. „Black Sea Arena“ – ამ კლაუდიო დე მალიოს ვორქშოპში მონაწილე მსახიობები კონცერტების ბილეთებით დააჯილდოვა.
ფესტივალის მთავარი პრიზი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააწესა საუკეთესო სპექტაკლისთვის (პრიზი შეადგენს 5000 ლარს სადადგმო ხარჯებისთვის) გადაეცა დავით საყვარელიძის შექმნილ კოპროდუქციას „იაკიში და პუპჩე“, რომელიც სოხუმისა და ფოთის თეატრების თანამშრომლობით განხორციელდა.
დადგმა არ წარმოადგენს დავით საყვარელიძის საუკეთესო სპექტაკლს, მაგრამ ის ობიექტურად იყო ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი. კითხვები რომ არ გაჩნდეს, თუ რატომ მიიღო კრიტიკოსებითა და თეატრმცოდნეებით დაკომპლექტებულმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება, დავძენ, რომ რეჟისორმა შემოგვთავაზა ახალი დრამატურგია, იუმორით გვიამბო ტრაგიკული ისტორია (რისი მიღწევაც საკმაოდ ძნელია), ზუსტად განსაზღვრა და დაიცვა შემოთავაზებული ჟანრი, ორიგინალურად გადაწყვიტა სივრცე, რომელიც გამოიხატა მარტივ, სადა და კონცეპტუალურ სცენოგრაფიაში, მსახიობებმა შექმნეს საინტერესო, გამორჩეული და ორიგინალური მხატვრული სახე-ტიპაჟები.
„ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად“ დავით საყვარელიძის „იაკიში და პუპჩე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭომ დაასახელა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას იზიარებდნენ ფესტივალზე მიწვეული სხვა თეატრმცოდნეებიც, რომლებიც ფესტივალის გახსნის დღიდან დახურვამდე ესწრბოდნენ ყველა სპექტაკლს.
ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა მონაწილე თეატრებსა და მაყურებელს, რომელიც სპექტაკლებს არ აკლდა, რაც ნიშნავს, რომ ქალაქს ფესტივალი სჭირდება, რომელიც წლიდან წლამდე მოგონებებითა და შთაბეჭდილებებით აცოცხლებს არა მხოლოდ მათ, არამედ თეატრის პროფესიონალებს.
ფოთის ფესტივალმა, თავისი არსებობის აუცილებლობა,სასიცოცხლო მნიშვნელობა უკვე დაამტკიცა შედეგებით, რომელიც სახეზეა. მას სამომავლოდ მრავალი ამოცანა აქვს დასახული, რომელთა განხორციელებაში ერთგული თანამოაზრეები (ორგანიზაციებისა და პიროვნებების სახით) უდგანან გვერდით. ბედნიერი ვიქნებით, თუ კი თანამოაზრეების გუნდი გაფართოვდება და მის ორგანიზებაში უფრო მეტად ჩაერთვება, თუნდაც მასპინძელი ქალაქი, ვიდრე აქამდე.
ფოთის ფესტივალზე კოლეგებთან ურთიერთობით (განურჩევლად პროფესიებისა) მიღებული ემოცია კი იმდენად დიდია, რომ მომავალ წლამდე ყველა მონაწილეს გაჰყვება.