„ჩვენ მაინც ვითამაშებთ!“

„ჩვენ მაინც ვითამაშებთ!..“

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

ავთო ვარსიმაშვილის ლეგენდარულ სპექტაკლში „კომედიანტები“ არაერთხელ გაჟღერებული ფრაზა „ჩვენ მაინც ვითამაშებთ“ ზუსტად ესადაგება წლევანდელ ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის დევიზს.

საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც რეგიონის თეატრები, კრიტიკოსები და მაყურებელი წლიდან წლამდე მოუთმენლად ელოდება, წელს საკუთარ ქალაქში „იძულებით გადაადგილებული პირის“ სტატუსით აგრძელებს სიცოცხლეს. იმის გამო, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ახლადრეაბილიტირებულ შენობაში სპექტაკლების გამართვა უსაფრთხო არ არის როგორც მაყურებლის, ისე მსახიობებისა და თეატრის ტექნიკური პერსონალის სიცოცხლისთვის, ფესტივალიც, თეატრთან ერთად, იძულებული გახდა შენობიდან გამოსულიყო და ალტერნატიული სივრცეები შეერჩია წარმოდგენების გასამართად.

სანამ ფესტივალის ორგანიზატორები ფოთსა და მის შემოგარენში სპექტაკლების გასათამაშებელ ლოკაციებს ეძებდნენ, მუსირებდა აზრი, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მეტი კომფორტისთვის სხვა ქალაქს მიაშურებდა, მაგრამ ნინელი ჭანკვეტაძემ, რომელიც უკვე ტრადიციადქცეული ღონისძიების იდეის ავტორი და დამაარსებელია, ქალაქ ფოთის, ფოთის თეატრისა და ადგილობრივი საზოგადოების ერთგულების ხარჯზე რთული გზა აირჩია.

„ზოგი ჭირი მარგებელიაო...“ - თქვა ბრძენმა ქართველმა ხალხმა და სავსებით სამართლიანად. ფესტივალის პროგრამის მრავალფეროვნებისთვის ახალმა მოცემულობამ კიდევ უფრო გაზარდა ფესტივალის მნიშვნელობა და გააჩინა ბევრი ინიციატივა ახალი პროექტებისთვის და მისცა სტიმული შემოქმედებით საზოგადოებას ანალოგიური პროექტების განხორციელებისთვის.

რიგით მეოთხე ფესტივალის პროგრამის ნაწილმა აუთვისებელი სივრცეების ახალი ფუნქციით დატვირთვა განიზარახა მიზნად, რამაც ადგილობრივ არტისტებში, ფესტივალში მონაწილე თეატრებში (და არა მხოლოდ) უნდა გააჩინოს მოტივაცია, შექმნას პრეცედენტი, რომ ტრადიციული და კლასიკური სცენის გარდა სხვაგანაც შესაძლებელია სპექტაკლის დადგმა და გათამაშება, ალტერნატიული არატრადიციული „სცენა“ აღვიძებს შემოქმედობითობას და ებრძვის დამკვიდრებულ შტამპებს, იძლევა მეტ შემოქმედებით თავისუფლებას და ბადებს ახალ იდეებს.

წლევანდელმა ფესტივალმა ფოთში არსებულ, ბევრისთვის მივიწყებულ სივრცეებს ახალი და მნიშვნელოვანი ფუნქცია შესძინა-მიანიჭა, ამავდროულად შეძლო შინაარსობრივად დაეტვირთა მიტოვებული შენობა-ნანგრევები, რომელთა სიმცირეს „მკვდარი ქალაქი“[1]  თურმე არ უჩივის. ფესტივალს წლებია ძირითადად საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს. წელს ფესტივალის ორგანიზატორებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაც ამოუდგა გვერდში, რომელიც თავის მხრივ, ქალაქ ფოთის გამოცოცხლებაში წვლილის შეტანას ცდილობს.

ფესტივალის საზეიმო გახსნისა და პირველი საფესტივალო წარმოდგენისთვის, მალთაყვის სანაპიროზე არსებული მიტოვებული სამსართულიანი შენობა შეირჩა. ნანგრევების მესამე სართული, რომელიც მთლიანად ღია სივრცეს წარმოადგენს, ორგანული გარემო აღმოჩნდა გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლის „ანტიმედეა“ გასათამაშებლად.

 

 

 

90-იანების მედეა, ანუ „ანტიმედეა“

 

ლაშა ბუღაძის „ანტიმედეა“ გურამ მაცხონაშვილმა „ახალი დრამის ფესტივალის“ ფარგლებში დადგა და თბილისში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დიღმის ერთ-ერთ პავილიონში მხოლოდ ერთხელ წარმოადგინეს. ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე კი სპექტაკლი მეორედ, მალთაყვის სანაპიროზე მდებარე მიტოვებული შენობის მესამე სართულზე ღია სივრცეში გათამაშდა, რომელსაც შავ ზღვაში ჩამავალი მზის პეიზაჟი ედო ფონად. გარემო, რომელშიც „ანტიმედეა“ გათამაშდა ქმნიდა სიმბოლურ-მეტაფორულ ატმოსფეროს არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ აზრობრივი თვალსაზრისით, რომელიც იმ ამბავს ზედმიწევნით შეესაბამებოდა, რომელსაც რეჟისორი დრამატურგის ტექსტით გვიყვებოდა (სხვათაშორის, ფესტივალის დღევანდელ მოცემულობასაც). ამბავი ვახსენე და აქვე დავძენ, რომ მიუხედავად უხვი მონოლოგებისა და დიალოგებისა, ერთი შეხედვით, ფორმის თვალსაზრისით არატრადიცული თხრობის მანერისა, არ იკარგება ძირითადი ამბავი, მთავარი დრამატრგიული ხაზი: ემიგრაციაში მყოფი მედეას - თავგადასავალი, რომელსაც სრულიად ახლებურად, თანამედროვე აქცენტებით ყვება დრამატურგი და გვიჩვენებს რეჟისორი.

ლაშა ბუღაძე „ანტიმედიაში“ მთლიანად დისტანცირდა მედეას მითთან, გათავისუფლდა ფსევდო ეროვნული იდენტობის კომპლექსებიდან, დახავსებული ტრადიციებიდან და კოლხი მედეას ახალი მოდელი შექმნა, რომელიც ერთდროულად ეფუძნება მითოსურ საწყისს და თანამედროვეობას.

გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლით ეროვნულ მოძრაობაზე იწყება. ამით რეჟისორი აქცენტს სვამს ეპოქაზე - ეს გასული საუკუნის 90-იანებია, მოპოვებული თავისუფლებით და ომების სერიებით, დღემდე დაუსრულებელი ემიგრაციის ტალღით, კოლხეთში ნაგულისხმებ აფხაზეთზე...

სპექტაკლში ძირითად პერსონაჟებთან ერთად უტყვი ქოროც გვხდება (ქეთევან სამხარაძე, ანი ჯაფარიძე, ელენე მოსიაშვილი, მარიამ ქართველიშვილი, ნუკა დევდარიანი, მარი კურტანიძე, ნათია ქვაჩახია). გურამ მაცხონაშვილმა ქოროს ახალი და თანამედროვე ფუნქცია შესძინა. ქორო უტყვია და დუმს, ის მხოლოდ მოვლენებს აკვირდება. ამ პასაჟზე მინიშნება ლაშა ბუღაძის ტექსტშიც არის, მაგრამ რეჟისორმა ქორო თანამედროვე ეპოქის შესაბამისი ფუნქციით დატვირთა. ქორო, ანტიკური ქოროსგან განსხვავებით, თანამედროვე სეირის მაყურებელი საზოგადოებაა, რომელიც მხოლოდ ვირტუალუარად რეაგირებს და შფოთავს, ასეთ არაფრისმომცემ საზოგადოებას მედეა მეტაფორულად სჯის კიდეც. სპექტაკლის ავტორები გვთავაზობენ ანტიმედეას ერთგვარ მოდელს, რომელშიც შესაძლოა თითოეული ჩვენგანი აღმოჩნდეს. სპექტაკლში ქორომ ერთდროულად შეიძინა ხალხის (საზოგადოების ერთი ნაწილის) და მასობრივი ინფორმაციის საშუალების, სოციალური მედიის ფუნქცია. თუ ხალხი მხოლოდ ვირტუალურად შფოთავს, პრესა ერთგვარ იარაღად გვევლინება. ამიტომაც, ქოროს მობილური ტელეფონები (როგორც კამერების), რომელიც მუდმივად პირდაპირ ეთერშია ჩართული,  პისტოლეტის მსგავს ე.წ. „სელფის ჯოხზეა“ დამაგრებული. ტელეფონს, როგორც კამერას იარაღივით უშვერენ ერთმანეთს სპექტაკლის მოქმედი გმირები.

„ანტიმედეას“ ამ სცენური ვერსიით დრამატურგის დამდგმელებს მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოუჩნდა გურამ მაცხონაშვილის სახით, რომელმაც ზედმიწევნით სიზუსტით და სიღრმისეულათ გააცოცხლა ტექსტი. რეჟისორი არ კარგავს დრამატურგ ლაშა ბუღაძისათვის დამახასიათებელ ირონიას, სარკაზმს, სატირას, იუმორსა და დრამატულ სიმძაფრეს. თავად რეჟისორისთვისაც „ანტიმედეა“ ახალი ეტაპია სათეატრო ენის თვითმყოფადი და ინდივიდუალური ძიების პროცესში. ამ ნამუშევარში რეჟისორი საგრძნობლად გათავისუფლდა გავლენებისგან და დამოუკიდებელ მოაზროვნედ მოგვევლინა, რომელიც მძაფრად რეაგირებს ყველა აქტუალურ პრობლემურ საკითხზე, დასცინის სტიგმებს და დრომოჭმულ ტრადიციებს.

ლაშა ბუღაძისთვის და არც გურამ მაცხონაშვილისთვის არ არის მთავარი იმის დადგენა მოკლა თუ არა საკუთარი შვილები მედეამ, ამ დილემადქცეულმა თეზამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, თითქოს აქტუალობაც დაკარგა, მნიშვნელობაც და ახლა მედეას ემიგრაციიდან დაბრუნების თემა გახდა მწვავე და პრიორიტეტული. ამიტომაც, ფინალურ სცენაში სასიგნალო შუქით განათებულ სანაპიროზე ზღვისკენ გაქცეულ მედეას ვხედავთ, რომელიც ემიგრაციიდან სამშობლოში ბრუნდება. გამარჯვებული მედეა თითქოს ზღვის ჰორიზონტს ერწყმის. ასე ამაღელვებლად და ოპტიმისტურად სრულდება ბუღაძე-მაცხონაშვილისეული მედეას მითის ახლებური ვერსია.

სპექტაკლში მედეას მხატვრული სახის ახლებურ მოდელს მსახიობი ლილი ხურითი ქმნის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, გამორჩეული პროფესიონალიზმით, სცენური მომხიბვლელობითა და ემოციის უჩვეულო კონტროლით. ლილი ხურითის მედეა თანამედროვე ემიგრანტი ქალია, ძლიერი, ჭკვიანი და მოაზროვნე, რომელიც ხშირად იმარჯვებს და მარცხდება კიდეც... მსახიობი მინიმალისტური ჟესტიკულაციით, მეტყველი მიმიკითა და გაწონასწორებული ემოციურობით ხატავს გმირ ქალს. ლილი ხურითის მედეა ღირსეული ქალია, რომელმაც სიყვარული ოჯახზე და სამშობლოზე გაცვალა (თუმცა ბუღაძე-მაცხონაშვილისეულ ვერსიაში მედეას ემიგრაციას სიყვარულის გარდა, სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური ფონიც უდევს საფუძვლად). მედეა-ხურითი მის მიმართ ღალატის მიუხედავად, არ ეცემა და ღირსეულად ახერხებს თავდაცვას, მისი იარაღი ამ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვაა და მედეას მტკიცე ხასიათი. ავტორები მედეას მხატვრულ სახეს სქემატურად და ცალსახად როდი ხატავენ. ლილი ხურითი თანაბრად გვიჩვენებს მისი გმირის ძლიერ და სუსტ მხარეებს. სიყვარული - ერთადერთი გრძნობაა, რომელიც მედეას ანგრევს, მაგრამ ის თავისთავში პოულობს ძალას და მის დამარცხებას ახერხებს კიდეც. მედეა ბევრს ლაპარაკობს ქმართან, კრეონტთან, ხალხთან, ლაპარაკობს მაშინაც, როცა დუმს, პასუხობს უსიტყვოდ, მხოლოდ მიმიკით, სახის გამომეტყველებით და ამბობს ბევრს.

როგორც ბოლო პერიოდის თანამედროვე ქართული თეატრის ახალგაზრდა რეჟისორთა სპექტაკლებში, „ანტიმედეაშიც“ გმირების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში მიკროფონებით საუბრობენ. ამ ხერხს გურამ მაცხონაშვილმა ბრეხტის ეპიკური თეატრის ზონგის ფუნქცია შეუთავსა. ძირითადი მონოლოგების და საკვანძო ეპიზოდების ტექსტი სწორედ მიკროფონით ისმის, ამ ხერხს რეჟისორმა გარკვეული ტექსტზე აქცენტირებისთვის მიმართა. სპექტაკლის ტექსტის თითქმის ნახევარს მსახიობები მიკროფონის გარეშე წარმოსთქვამენ. სპექტაკლი კი, როგორც უკვე ვთქვი, ღია ცისქვეშ, ზღვის სანაპიროზე გათამაშდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო რომ მსახიობთა მიერ წარმოთქმულ ტექსტს მაყურებლამდე არ მიეღწია, ასე არ მოხდა. სპექტაკლში მონაწილე უკლებლივ ყველა მსახიობის პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ სპექტაკლზე მისულ მაყურებელს არც ერთი სიტყვა არ დაუკარგავს.

მსახიობები რეჟისორთან ერთად ქმნიან თანამედროვე ქართულ თეატრს - ბუნებრიობით, ხელოვნურობის გარეშე პრობლემის არსში ღრმა წვდომით, ხოლო  რეჟისორი მინიმალისტური მიზანსცენებით გვიჩვენებს მძაფრ ლოკალურ და ამავდროულად ზოგად, გლობალურ პრობლემადქცეულ დრამატულ ამბავს. რეჟისორის კონცეფცია რამდენიმე მეტაფორულ მიზანსცენაში (იაზონისა და კრეუზას მონოლოგებში) და მსახიობთა კოსტიუმების დეტალებში გამოსჭვივის.

ლაშა ბუღაძე და გურამ მაცხონაშვილი მედეას მითიურ პრობლემებთან ერთად, ახალი, ანუ ჩვენი დროის პრობლემებსაც ეხმიანება, მათ შორის, თანამედროვე ევროპის (როგორც ღირებულებათა სისტემის) გარდაცვალებას, პირადი სივრცის ხელყოფას, ემიგრაციას, სოციალურ უთანასწორობას, ენასთან დაკავშირებულ ბარიერებს უცხო ქვეყანაში დასამკვიდრებლად, თაობათა შორის ღირებულებათა კონფლიქტს... სამყაროში, რომელსაც გურამ მაცხონაშვილი ქმნის პოლიცია ჯამბაზადქცეული ინსტიტუციაა (მსახიობი - ირაკლი ჩხიკვაძე არლეკინოს ყელსაბამითა და მოკლე შორტებით, წელზემოთ შიშველი, რომელიც სამეფო კარზე მოღვაწე ჩინოვნიკია და არა ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი პერსონა), ხოლო იაზონი (ირაკლი გოგოლაძე) საკუთარი მიზნებისთვის მებრძოლი ნაძირალა, რომელსაც გულწრფელად უყვარდა მედეა და ახლა ყველაფერი შეიცვალა. ორ ადამიანს (მეტაფორულად კი კულტურას) შორის საკომუნიკაციო ძაფი გაწყდა. ირაკლი გოგოლაძის იაზონი არ არის ცალსახად უარყოფითი პერსონაჟი, პირიქით მას თავისი სიმართლეც აქვს, რასაც ვერ ვიტყვით არჩილ ბარათაშვილის მიერ განსახიერებულ კრეონზე. მსახიობი თანამედროვე პოლიტიკოსის კრებით მხატვრულ სახეს ხატავს, რომელიც პოლიტიკური კარიერისთვის წირავს ყველას და ყველაფერს. ის სულაც არ არის ფართო მასშტაბიანი მოაზროვნე კრეონი, მისი აზროვნება მხოლოდ ერთი მიზნისკენ-პოლიტიკური კარიერის მწვერვალისკენ არის მიმართული. გამორჩეული პერსონაჟია კრეუზა, რომელსაც ანი იმნაძე განასახიერებს. მსახიობი ყოველგვარი პათეტიკურობის და ხელოვნურობის გარეშე, მინიმალისტური ხერხებით გვიჩვენებს თანამედროვე შეყვარებულ და კომპლექსებით სავსე ქალს, თამამ ახალგაზრდას, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი, პირში მიახალოს მამას და მეფეს ყველაფერი, რასაც ფიქრობს. ემიგრანტი ქალის საინტერესო და ორიგინალურ ზოგად მხატვრულ სახეს ქმნის თეა კიწმარიშვილი, რომელსაც იუმორისტულ პასაჟთან ერთად, სევდა და ტრაგიკულობა შემოაქვს სპექტაკლში. ამ რთულ ამოცანას მსახიობი წარმატებიტ ართმევს თავს, ის ამახსოვრდება მაყურებელს და ასოციაციას აღძრავს მის რეალურ პროტოტიპებთან.

ლაშა ბუღაძის „ანტიმედეა“, რომელიც გურამ მაცხონაშვილმა სპექტაკლად აქცია სულ სხვა მედეაა, სხვა ინტონაციით, სხვა აქცენტით, სხვა ტემპერამენტითა, სხვა ღირებულებებით და სხვა კულტურით. ამიტომაც, მისი არსებობა აუცილებელია ასე ერთფეროვნადქცეულ თანამედროვე ქართულ თეატრში.

 

P.S. იმედია, „ანტიმედეას“ სცენური სიცოცხლე გაგრძელდება და სპექტაკლი სოხუმის დრამატულ თეატრში დაიდებს ბინას.

 

 

[1] „მკვდარი ქალაქები“ ფოთის თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლია (ტექსტი - დავით ხორბალაძე, რეჟისორი -მიხეილ ჩარკვიანი“), რომლითაც წლევანდელი ფესტივალი დაიხურება ყოფილი ჰიდრომელორაციული ტექნიკუმის შენობა-ნანგრევში.