top of page

ხუთი წელი ერთად,მუდმივი გამოწვევების და პრობლემების პირისპირ

13.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

ხუთი წელი ერთად, მუდმივი გამოწვევების და პრობლემების პირისპირ

 

ორიგინალური ფორმატით ჩაიარა 2019 წლის რეგიონული თეატრების ფოთის მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალმა. პრობლემები, რომელიც რეგიონული თეატრების წინაშე დგას, პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ხოლმე თავად ფესტივალის ფორმაზეც. წელსაც, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის სავალალო მდგომარეობის გამო, ფესტივალის ორგანიზატორებს გამოსავლის ძიებაში მოუწიათ ეფიქრათ ფესტივალის არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ ფორმაზე. კერძოდ, ლოკაციებზე, სადაც საქართველოს რეგიონის 17 და უცხოური 3 თეატრი გამართავდა თავის წარმოდგენებს.

შარშან, ფესტივალის ორგანიზატორებმა გამოსავალი ალტერნატიულ სივრცეებში იპოვეს, წელს კი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინელი ჭანკვეტაძის  გადაწყვეტილებით, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა, სადაც პროფესიული თეატრი ფუნქციონირებს. მართალია ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს (თენგიზ ხუხია, ბექა ჯუმუტია, შიო აბრახამია, ნანა თუთბერიძე, ნათია გოგოჭური) რთული სამუშაოების შესრულება და ბევრი პრობლემის გადაჭრა მოუწიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ფესტივალის შესახებ გაიგო უფრო მეტმა, ვიდრე ხუთი წლის განმავლობაში, რადგან ფესტივალი თავად ეწვია ცამეტ ქალაქს საქართველოს რეგიონში.

2019 წლის ფესტივალი ერთგვარ მარათონს დაემსგავსა. ამ მარათონში მონაწილე თეატრებთან და ცნობილ ქართველ მსახიობებთან ერთად, ჩაება ქართველი თეატრმცოდნეების და კრიტიკოსების დიდი ნაწილი, რომლებიც ამ საერთაშორისო ფორუმის დააარსების დღიდან არაოფიციალურად ფესტივალის „მეგობართა საბჭოს“ წევრებად ჩამოყალიბდნენ. „მეგობარი-მცოდნეები“ სრულიად უსასყიდლოთ ფესტივალის ბორდთან ერთად ჩადიოდნენ საქართველოს რეგიონებში და კონკრეტულ ქალაქებში მაყურებელს წარუდგენდნენ ფესტივალში მონაწილე თეატრებს. „მცოდნეებისა“ და კრიტიკოსების მისია ფესტივალზე მხოლოდ თეატრების წარდგნინებით არ შემოიფარგლებოდა. დასასრულს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, მონაწილეობა თეატრის ხელმძღვანელებმაც მიიღეს. შეხევდრაზე დაისვა ბევრი პრობლემური საკითხი, შემუშავდა გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც მომავალში ფესტივალის წარმატებას შეუწყობს ხელს.

ერთი მხრივ, ყოველდღიური მომთაბარეობა და გადარბენა ქალაქიდან ქალაქში ჩვენთვის დამქანცველი აღმოჩნდა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს ქალაქებში გაიცნეს ის თეატრები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილან საგასტროლოდ მათთან. ასე და ამგვარად, სოხუმის თეატრის ახალმა დარბაზმა უმასპინძლა ფოთის თეატრს, რუსთავმა ჭიათურას, თელავმა გორს, დმანისმა რუსთავს, გორმა ცხინვალს, ახალციხემ ოზურგეთს, ქუთაისმა დმანისს, ზესტაფონმა სენაკს, ჭიათურამ ზესტაფონს, ოზურგეთმა ახალციხის თეატრს. ზუგდიდის და ბათუმის თეატრებმა კი წარმოდგენები საკუთარ სცენებზე გამართეს, ბათუმის თეატრის ახალმა  ექსპერიმენტულმა სცენამ უმასპინძლა ქუთაისის მესხიშვილის თეატრს. ფესტივალის მიწურულს, ხუთი დღე წარმოდგენები ფოთის თეატრის დროებით სცენაზე, ფოთის კულტურის ცენტრში იმართებოდა. ამ კამერულმა სცენამ უმასპინძლა ფესტივალში მონაწილე უცხოურ დასებს უკრაინიდან, ირანიდან, ლიეტუადან და საქართვეოდან, მათ შორის, მარიონეტების თეატრს „ნიკოლოს“, სოხუმის და ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თელავის დრამატულ თეატრებს.

ამ გადარბენაში ბევრი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის, თეატრების მატერიალურ ტექნიკური მდგომარეობის, ტექნიკური პერსონალის რესურსის სიმწირის და მათი არაპროფესიონალიზმის. ბევრი თეატრი სავალალო პირობებში მუშაობს, რამდენიმეს საკუთარი შენობაც არც გააჩნია (ზუგდიდი, ოზურგეთი), ან ვისაც გააჩნია (ზესტაფონი) ინგრევა. საბედნიეროდ, რეგონებში არის თეატრები, რომლებიც იმდენად კარგად არის ტექნიკურად აღჭურვილი, რომ ეს შესაძლებლობები ბოლომდე არ არის გამოყენებული (ბათუმის დრამატული თეატრი).

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლები რეგიონის თეატრების, როგორც ძველი რეპერტუარიდან, ისე ბოლო სეზონიდან. წლევანდელ საიუბილეო ფესტივალზე ორგანიზატორებმა თეატრებს მისცეს საშუალება თავად აერჩიათ სპექტაკლები. რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელები ვერ არიან კარგი სელექციონერები. ამიტომ, ფესტივალის ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით შედგა და რომელსაც კრიტიკოსებთან ერთად თეატრების ხელმძღვანელები  ესწრებოდნენ, ფესტივალის ორგანიზატორებს რეკომენდაციის სახით შესთავაზეს, რომ სამომავლოდ საფესტივალო სპექტაკლი არა თეატრმა, არამედ ფესტივალმა  შეარჩიოს და ის ორიენტირებული უნუდა იყოს პირველ რიგში მხატვრულ ხარისხსზე, ახალგაზრდების და ახალ, ბოლო სეზონის ნამუშევრებზე.

მეხუთე საიუბილეო ფესტივალი თბილისში სოხუმის ახლადგახსნილ დარბაზში ფოთის თეატრის სპექტაკლით „მკვდარი ქალაქები“ გაიხსნა. ამ სპექტაკლს კარგად იცნობს თეატრის მოყვარული მაყურებელი. მიხეილ ჩარკვიანის (დავით ხორბალაძის ტექსტი) ამ დადგმით დაიხურა შარშანდელი ფესტივალი, რომელიც ერთგვარ აქციად იქცა და მაყურებლის, პროფესიონალების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სპექტაკლი მეორედ აჩვენეს თბილისში, მაგრამ წარმოდგენას ის ეფექტი არ ჰქონდა, როგორც ფოთში. ერთი მხრივ, სპექტაკლს ხელი შეუშალა სოხუმის თეატრის სცენამ (ფოთში მაყურებელი წრიულად სცენაზეა განლაგებული), ხოლო მეორე მხრივ, დარბაზის აკუსტიკამ. მაყურებლის უმრავლესობამ მსახიობთა მიერ წარმოთქმული ტექსტი ვერ გაიგო და იმედგაცრუებული დარჩა.

მეორე საფესტივალო დღეს ჭიათურის თეატრს  რუსთავის თეატრმა უმასპინძლა. რეი კუნის პიესის „Run for your wife“ მიხედვით თამაზ გოდერძიშვილის მიერ გადმოქართულებული სპექტაკლი „მოუხელთებელი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ დადგა. კომედიური ჟანრის სპექტაკლები ხიბლავს მაყურებელს, განსაკუთრებით თუ ეს კომედია არ სცდება ჟანრის სფეციფიკას და არ გადადის იაფფასიან ბუფონადაში.

მესამე საფესტივალო დღეს თელავის თეატრის დიდი სცენა დაეთმო გორის თეატრის მონოსპექტაკლს „ფანჯრებს იქეთ“. თამაზ ბაძაღუას მონოპიესა რეჟისორმა ნათია მაკარაძემ ლიკა კევლიშვილთან ერთად დადგა. სპექტაკლი იყო ნიმუში იმისა, თუ როგორ იტანჯება რეჟისურის უსუსურობით მსახიობი და მასთან ერთად მაყურებელიც. რეჟისორი მიმართავს პრიმიტიულ ხერხებს, ტექსტის ილუსტრაციას, ბანალურ მიზანსცენებს და ამ „თეატრალურობაში“ იძირება მსახიობი, როგორც ჭაობში, რომელიც ცდილობს ხსნას, მაგრამ უშედეგოდ. რაც უფრო იწევს ზემოთ (ინდომებს), უფრო იძირება (პათეტიკაში გადადის). სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ლიკა კევლიშვილი. ამ სპექტაკლის ყველაზე ნათელი წერტილი ჯგუფი „კანუდოსი“ იყო, რომელიც მუსიკალურ აკომპანიმენტს ქმნიდა სპექტაკლში. პროფესიონალი და კრეატიული მუსიკოსების ტანდემი თავისი შემოქმედებით ქმნიდნენ სპექტაკლის ხმოვან რიგს და მუსიკალურ პარტიტურას (კონცეფტუალურს და გამართული დრამატურგიით), ისინი იქცნენ წარმოდგენის მთავარ მონაწილეებად. სწორედ ამიტომ, საჭიროა ფესტივალისთვის საგანგებოდ შეირჩეს სპექტაკლები და აქცენტი გაკეთდეს მხატვრულ ხარისხზე, რადგანაც თეატრები ამ სპექტაკლებით არა მხოლოდ კრიტიკოსთა წინაშე, არამედ, პირველ ყოვლისა, სრულიად უცხო მაყურებლის წინაშე წარსდგებიან, რითაც ახდენენენ საკუთარი თავის პრეზენტაციას. საკუთარი თავი კი ფესტივალზე სასურველია თეატრმა პოზიტიური კუთხით წარმოაჩინოს, რადგან წარმოდგენა იქცეს ზეიმად, მით უმეტეს, გორის თეატრს რეპერტუარში გაცილებით უკეთესი მხატვრული ხარისხის სპექტაკლები აქვს.  ამის თაობაზე საკითხი ფესტივალის ფარგლებში გამართულ „მრგვალ მაგიდაზეც“ დაისვა, სადაც გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა განმარტა, რომ სურდა ბალანსის დაცვა რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებს შორის. ბევრი მათგანი უკვე მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალში და ამიტომ გააკეთა არჩევანი ამ კონკრეტულ სპექტაკლზე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ფესტივალზე სპექტაკლების შერჩევისას, სამხატვრო ხელმძღვანელებმა მეტი პასუხსიმგებლობა უნდა იგრძნონ.

ზუსტად იგივე პრობლემა წარმოაჩინა რუსთავის თეატრის სპექტაკლმა „თეთრი ბაირაღები“, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლევან სვანაძემ დადგა. რუსთავის თეატრის ეს ძველი და უსახური წარმოდგენა დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრის სცენაზე გათამაშდა. „თეთრი ბაირაღები“ ძველი სპექტაკლია, არა მხოლოდ დადგმის ასაკიდან გამომდინარე, არამედ შინაარსობრივადაც. დამდგმელმა ჯგუფმა ნოდარ დუმბაძის ტექსტი საერთოდ არ გადაიაზრა და არ მოარგო თანამედროვეობას. საბჭოთა ციხე და ქურდული მენტალობა ისევ რომანტიზირებული დარჩა, ხოლო ძალადობა, რომელიც მრავლად ხდება საკანში, აღიქმება როგორც უმნიშვნელო დეტალად, როგორც ცხოვრების ჩვეულებრივ, მიღებულ, დადგენილ წესად. ერთადერთი სასიხარულო ის იყო, რომ წარმოდგენისას მსახიობები ერთმანეთს არ ეჯახებოდნენ, თუმცა ერთმანეთს კი ფარავდნენ, მათ შორის, დიალოგების დროს. ასევე ვხედავდით ძველ და ჩამოშლილ სათეატრო სკოლის ნამსხვრევებს, დაქვეითებული სასცენო მეტყველების კულტურით.  არადა, ისე როგორც გორის, რუსთავის თეატრშიც მრავლად მოიპოვება „თეთრი ბაირაღებისგან“ რადიკალურად განსხვავებული (მხატვრული ხარისხითა და კონტენტით) სპექტაკლები.

ახლა, ალბათ, მკითხველი ფიქრობს, თუ ყველაფერი პოზიტიური კუთხით წარმოვაჩინეთ ფესტივალებზე, პრობლემები როგორღა დავინახოთ. ვფიქრობ, ფესტივალები მხოლოდ პრობლემების აღმოსაჩენი პლატფორმა არ არის. ფესტივალი უნდა იყოს ზეიმი, თეატრების პრეზენტირება, საუკეთესო წარმოდგენების ჩვენება, რათა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო. პროფესიული წრეები ისედაც კარგად იცნობს არსებულ პრობლემებს, რომელზედაც სხვა დროს და სხვა ფორმატში მიუთითებენ კიდეც თეატრებს. ფესტივალები იმართება მაყურებლისთვის, რომელიც იმსახურებს მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება და არ დაიტანჯოს არაპროფესიონალიზმითა და ქართული თეატრის შემოქმედებითი უსუსურობით.

რუსთავის თეატრის ქრონომეტრაჟით გრძელი, ორმოქმედებიანი, დრამატული და დამქანცველი სპექტაკლის დასრულების შემდეგ, „ფოთის ფესტივალმა“ დმანისელ მაყურებელს და იქ საგანგებოდ ჩასულ სტუმრებს განსამუხტად სახელდახელო კონცერტი შესთავაზა, რომელიც შიო აბრახამიამ ვოკალურ კვინტეტთან „მეგობრები“ ერთად მოამზადა. დავით მაჭავარიანმა, გიორგი ნარმანიამ, ლაშა მიროტაძემ, ლევან ფანგანმა და პაკო შარიქაძემ ქართული ჰანგებით გაათბეს დარბაზი, უფრო მეტიც, მათ მაყურებელთა დარბაზიდან ფოიეში გასული მაყურებელი უკან შემოაბრუნეს.

გორის თეატრის მაყურებლით გადაჭედილ დიდ დარბაზში ჩაიარა ცხინვალის თეატრის სპექტაკლმა „ალი და ნინო“, რომელიც რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. ყურბან საიდის გასული საუკუნის მიწურულის ბეტსელერადქცეული საგა კვლავ ხიბლავს და იზივს მაყურებელს. მაყურებლის ეს მისწრაფება კარგად გამოვლინდა სწორედ გორში „ალი და ნინოს“ წარმოდგენისას. მაყურებლის ასეთი ოვაციების შემდეგ, ძნელია დაარწმუნო დამდგმელი ჯგუფი, რომ სპექტაკლს გარკვეული ხარვეზები აქვს. რეჟისორები ხშირად იმართლებენ თავს და ამბობენ კიდეც, რომ სპექტაკლებს მაყურებლისთვის ქმნიან და არა კრიტიკოსებისთვის. მართალია, ეს ასეცაა, მაგრამ მხოლოდ მაყურებელი და მისი რეაქცია ვერ გამოდგება ხარისხის ერთადერთ შემფასებლად, წარმატების საზომად. მაყურებელი, მეტადრე რეგიონში მონატრებულია სპექტაკლებს, შეხევდრას მისთვის უცხო მსახიობებთან და ამიტომაც, მათი თბილი რეაქცია არ არის გასაკივირი. მაყურებელს მაინც ისტორია, დრამატული ამბავი ხიბლავს და ის ნაკლებად აქცევს ყურადღებას სცენურ სიყალბეს, პათეტიკას...

მესხეთის თეატრის მცირე სცენაზე წარსდგა ოზურგეთის თეატრი ბულგარულ-ქართული კოპროდუქციით „კოცნა“, ანა პეტროვას პიესა ოზურგეთის თეატრში ბულგარელმა რეჟისორმა ნევენა მიტევამ დადგა. სპექტაკლით ოზურგეთის თეატრი ბულგარეთსა და უკრაინაში სამ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი კი სპექტაკლისთვის „კოცნა“ მეოთხე პლატფორმა აღმოჩნდა, სადაც ოზურგეთის თეატრის დასი პროფესიული მაყურებლის წინაშე წარსდგა. ბულგარელი რეჟისორი ნევენა მიტევა დიდი პროფესიული ნიჭიერებით და უნარ-ჩვევებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ოზურგეთის თეატრს ჰყავს მრავალპლანიანი მსახიობები და ეს ამ სპექტაკლშიც ნათლად გამოჩნდა. მსახიობებმა შექმნეს სახასიათო ტიპაჟები, დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამარ მდინარაძე, რომელმაც ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სახე-ტიპაჟი შექმნა. მსახიობმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი ნიჭიერება, სცენური კულტურა და პროფესიონალიზმი. თამარ მდინარაძის შესრულებამ არა მხოლოდ ახალციხელი მაყურებელი მოხიბლა, არამედ ფესტივალის სტუმარ-კრიტიკოსთა მოწონებაც დაიმსახურა.

ლადო მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგინა საპრემიორო სპექტაკლი იბსენის „ხალხის მტერი“ დმანისის თეატრმა, რომელიც რეჟისორმა გიორგი სავანელმა დადგა. ხოლო ზესტაფონის თეატრმა სენაკის თეატრის ბოლო პერიოდის წარმატებულ დადგმას, ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“ უმასპინძლა, რომელიც გასულ სათეატრო სეზონში სენაკის თეატრში რეჟისორმა კახა გოგიძემ დადგა. აღნიშნული სპექტაკლით მონაწილეობდა შარშან სენაკის თეატრი ფოთის ფესტივალში. ჭიათურის თეატრის სცენა მეზობელი და მეგობარი ზესტაფონის თეატრის სცენას დაეთმო, რომელმაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ლიპარტიანის მროჟეკის პიესის „სახლი საზღვარზე“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი შესთავაზა ფესტივალის მაყურებელს. აბსურდულმა და აქტუალურმა სიუჟეტმა მიიპყრო დამსწრე საზოგადოების ყურადღება, პრობლემებზეც დააფიქრა და გვარიანად გააცინა კიდეც სიტუაციის აბსურდულობაზე, რომლის ანალოგები ცხოვრებაში მრავლად შეგვხვედრია.

გურიანთის გაძარცვულ და გაღატაკებულ კულტურის ცენტრში, სადაც ამჟამად და დროებით სპექტაკლებს მართავს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მესხეთის თეატრმა წარმოადგინა ჰაროლდ მიულერის „მშვიდი ღამე“. გიორგი შალუტაშვილის ამ სპექტაკლით უკვე მეორედ მონაწილეობდა ახალციხის თეატრი ფოთის ფესტივალში. სპექტაკლში ორი მსახიობი ანდრია ვაჭრიძე და ლია სულუაშვილი მონაწილეობს.

პროგრამით გათვალისწინებული სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის სპექტაკლი „თოჯინების სახლი“ ურეკის კულტურის სახლში უნდა წარმოდგენილიყო, თუმცა წელს სოხუმის თეატრმა, ისე როგორც ხულოს სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ფესტივალში სხვადასხვა მიზეზით მონაწილეობა ვერ მიიღეს.

სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ზუგდიდის თეატრისა და ფოთის თეატრის კოპროდუქცია „უღელტეხილი“, რომელიც ნიკა საბაშვილმა განახორციელა. რუსეთის ოკუპაცია და ჭუბერის ტრაგედია ნიკა საბაშვილმა უსიტყვოდ გადმოსცა ფოთისა და ზუგდიდის თეატრის მსახიობების საშუალებით, მწირი ტექნიკური შესაძლებლობებით. წარმოდგენამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელოვნებას მხოლოდ ფული არ ქმნის, არამედ ხელოვანის ფანტაზია.

ფესტივალის პროგრამაში წელსაც შეხვდებოთ საბავშვო რეპერტუარს. ფოთელი პატარა მაყურებელი ორი დღის განმავლობაში განებივრებული იყო საბავშვო წარმოდგენებით. მარიონეტების თეატრმა „ნიკოლო“ ბადრი წერედიანის შოუ „ცირკი ნიკოლო“ წარმოადგინა, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა „პინოქიო“, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ფესტივალში მონაწილეობა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“ მიიღო.

ბათუმის ახლადრეაბილიტირებული თეატრის ექსპერიმენტული სცენა მესხიშვილის თეატრის წარმოდგენას „სილამაზის ლინეინის დედოფალი“ დაეთმო. მარტინ მაკდონას სასტიკი, დრამატული და მხატვრული სახეებით მდიდარი პიესა მესხიშვილელთა წარმოდგენით იქცა სქემატურ ტექსტად (რეჟისორი დავით ბახტაძე). ურეჟისოროდ დარჩენილმა მსახიობებმა თითქოს თავი ვერ მოაბეს სიღრმეში ჩასწვდომოდნენ უნიკალურ ტექსტს, ამოეკითხათ ქვეტექსტი და გაეთამაშებინათ ის. ამავე სპექტაკლში (ისე როგორც ბევრ სხვა სპექტაკლში) გამოიკვეთა მეტყველების კულტურის პრობლემა, სასცენო ტექნიკის ვერ/არ ფლობა. ხშირ შემთხვევაში, კამერულ სივრცეშიც კი არ ისმის მსახიობის მეტყველება, მაყურებელს ხშირად უწევდა მსახიობთა მიერ წარმოთქმული ტექსტის დადგენა-გარკვევა.

ბათუმის თეატრის დიდი სცენა ამავე საღამოს მასპინძელი თეატრის წარმოდეგნას „KLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით“ დაეთმო, რომელიც ანდრო ენუქიძემ დავით კლდიაშვილის პიესის „უბედურება“ მიხედვით დადგა. სპექტაკლში თეატრის რამდენიმე თაობა მონაწილეობდა. სასიამოვნო იყო მათი ხილვა სცენაზე. სპექტაკლის ცქერისას იგრძნობოდა, რომ თეატრს უნიკალური შესაძლებლობების განხორციელების საშუალება მიეცა (გახმოვანება-განათების სისტემის ჩათვლით). იმედი მაქვს ამ შესაძლებლობებს ანდრო ენუქიძე და ბათუმის თეატრის დასი აუცილებლად გამოიყენებს.

2019 წლის ფოთის ფესტივალის ბოლო ქართული წარმოდგენა თელავის თეატრში ელენე მაცხონაშვილის მიერ დარიო ფოს ნაწარმოებების მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი „კაცი ცოლს უღალატებს და სხვა ამბები“ იყო, რომელმაც მაყურებელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. (ზემოთ ჩამოთვლილი სპექტაკლების შესახებ, უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ბლოგები).

რაც შეეხება ფოთის ფესტივალის წლევანდელ პროგრამას: სამწუხაროდ, წელს, უცხოეთიდან, არაფერი განსაკუთრებული, უცხო და გამორჩეული არ ყოფილა. ამიტომაც, მგონია, რომ სასურველია ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა უცხოური დასების შერჩევისას აქცენტი გააკეთოს ან მხატვრულ ხარისხზე, ან გამორჩეულ ფორმაზე, ან რაიმე სიახლეზე სათეატრო ხელოვნებაში (თუნდაც, მუშაობის მეთოდოლოგიაში, ტექნიკური პროგრესის თეატრში დანერგვის ხერხებსა და საშუალებებში... ), რომელიც უცხო და საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, სათეატრო სფეროს წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ, შემთხვევითი უცხოური წარმოდგენები ფესტივალის პროგრამას არაფერს განსაკურებულს არ მატებს. სამაგიეროდ, უკვე შეგვიძლია ფაქტებით ვისუაბროთ ფესტივალზე მოწვეული უცხოელი ექსპერტების, თეატრმცოდნეების, ფესტივალების დირექტორების მიერ გაწეულ მუშაობაზე, ურთიერთთანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოწვეული სტუმრები, რომლებიც ქართულ სპექტაკლებს აკვირდებიან, უფრო მომგებიანია ქართული თეატრისთვის, ვიდრე უცხოური დასების სპექტაკლების ჩვენება. სწორედ ფოთის ფესტივალის წყალობით მიიწვიეს რამდენიმე რეგიონული თეატრი სხვადასხვა ფესტივალებზე, განახორციელეს გაცვლითი პროექტები, კოპროდუქციები, გასტროლები, მათი დახმარებით რეგიონულმა თეატრებმა მოიწვიეს უცხოელი რეჟისორები სპექტაკლების დასადგმელად და ა.შ.

2019 წლის რეგიონული თეატრების ფოთის V საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალს წლიდან წლამდე უმცირდება ბიუჯეტი, ემატება პრობლემები, ხვდება ბარიერები, მაგრამ იზრდება მისი ავტორიტეტი და პოპულარობა სათეატრო რუკაზე. რეგიონული თეატრების ფესტივალი არის სივრცე სტიმულის და მოტივაციის განახლებისთვის რეგიონებში მოღვაწე თეატრებისთვის, ადგილი შეხვედრებისთვის, გამოცდილების და პრობლემების გაზიარებისთვის.

bottom of page