რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო მეხუთე, საიუბილეო ფესტივალი 

მაკა ვასაძე

 

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალი

 

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორე წელია განსხვავებული ფორმატით იმართება. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ავარიულობის და სარემონტო სამუშაოების გამო, ტრადიციისამებრ ფესტივალის სპექტაკლების იქ გამართვა შეუძლებელია. 2018-ში ორგანიზატორებმა ფოთის გარშემო, სხვადასხვა ღია თუ დახურულ სივრცეში, გამართეს სპექტაკლები.  2019 წლის მეხუთე საიუბილეო ფესტივალი კი საქართველოს 13 რეგიონს ეწვია და 16 ქართული და 3 უცხოური სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს.
ფესტივალი თბილისში სოხუმის თეატრის ახალ დარბაზში გაიხსნა, ფოთის თეატრის სპექტაკლით „მკვდარი ქალაქები“ (რეჟ. მიხეილ ჩარკვიანი),  ეს არ არის ახალი სპექტაკლი და შარშანდელ ფესტივალზეც იყო ნაჩვენები, ამიტომ ალბათ, ჯობდა რაიმე ახალი სპექტაკლით წარმდგარიყო ფოთი ფესტივალზე. მითუმეტეს, რომ იმ სივრცეში სპექტაკლმა ძალიან ბევრი დაკარგა.
 საქართველოს რეგიონის თეატრებმა სხვადასხვა ქალაქში გამართეს წარმოდგენები: ჭიათურამ რუსთავში, ცხინვალმა გორში, გორმა თელავში, ოზურგეთმა ახალციხეში, ახალციხემ კი ოზურგეთში, დმანისმა ქუთაისში, სენაკმა ზესტაფონში, ზესტაფონმა ჭიათურაში, ქუთაისმა ბათუმში, ზუგდიდმა და ბათუმმა კი წარმოდგენები საკუთარ სცენებზე ითამაშეს. ბოლო 5 დღე  ქართული თუ უცხოური წარმოდგენები ფოთის კულტურის ცენტრში გაიმართა. უცხოელი სტუმრები იყვნენ უკრაინიდან,  ლიეტუადან და ირანიდან.

ჭიათურის თეატრი თამაზ გოდერძიშვილის რეი კუნის გადმოქართულებული პიესით „მოუხელთებელნი“ წარსდგა რუსთავის მაყურებლის წინაშე. სპექტაკლი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ 2-3 წლის წინ დადგა. ეს გახლავთ კურიოზებით აღსავსე კომედია, სასაცილო, გასართობი, ამიტომაც მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო. 

ნათია მაკრახიძის სამაგისტრო-სადიპლომო ნამუშევრით, თამაზ ბაძაღუას მიხედვით შექმნილი მონოსპექტაკლით, „ფანჯრებს იქეთ“ წარსდგა ფესტივალზე გორის თეატრი. სპექტაკლის რეჟისურა საკმაოდ უსუსურია, ლიკა კევლიშვილი სამსახიობო ოსტატობით ცდილობს  თავისი პერსონაჟის მთლიანი სახის შექმნას და გმირის შინაგანი განცდების მაყურებლამდე მიტანას. ამ სპექტაკლის უმთავრესი ღირსებაა მუსიკალური ბენდი „კანუდოსი“, რომელიც ცოცხალი მუსიკით აფორმებს სპექტაკლს.

რუსთავის თეატრიც რამდენიმე წლის წინ დადგმული ლევან სვანაძის „თეთრი ბაირაღებით“ წარსდგა დმანისელების წინაშე. გარდა იმისა, რომ სპექტაკლი ძველია, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ დადგა ლევან სვანაძემ ეს ნაწარმოები, რისი თქმა უნდა, რა კონცეფცია აქვს, რა პრობლემების წარმოჩენა სურდა რეჟისორს. რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები ვერ მოარგო თანამედროვე პრობლემებს. სპექტაკლის დასრულების შემდგომ ფესტივალმა დმანისელებს, შიო აბრახამიას ორგანიზებული მინი-კონცერტი შესთავაზა. კვინტეტმა „მეგობრები“ (ლაშა მიროტაძე, გიორგი ნარმანია, დავით მაჭავარიანი, ლევან ფანგანი, პაკო შარიქაძე) რამდენიმე ხალხური და ქალაქური სიმღერა არაჩვეულებრივად შეასრულა.  


ყურბან საიდის ბესტსელერის „ალი და ნინო“-ს მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ითამაშეს ცხინვალელებმა გორში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გოჩა კაპანაძის  დადგმული წარმოდგენა 3 საათს გრძელდება და პირადად ჩემთვის ცოტათი მოსაბეზრებელია. ექსპოზიცია ძალიან გაწელილია,  გარკვეული სცენების და ეპიზოდების შემოკლება შეიძლებოდა და უფრო რიტმული და კომპაქტური სანახაობის შექმნა. დასახვეწია სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებაც. თუმცა გორელმა მაყურებელმა წარმოდგენა ძალიან კარგად მიიღო.

ანა პეტროვას პიესა „კოცნა“ ბულგარელმა რეჟისორმა ნევენა მიტევამ დადგა ოზურგეთის თეატრში. დადგმა სამსახიობო ანსამბლით გამოირჩევა. მსახიობებმა შექმნეს დასამახსოვრებელი, სახასიათო მხატვრული სახეები და ტიპაჟები. განსაკუთრებით გამოვყოფდი თამარ მდინარაძეს, რომელმაც ერთ სპექტაკლში ორი განსხვავებული ტიპაჟი შექმნა.

სავალალო შთაბეჭდილება დატოვა დმანისის სპექტაკლმა. რეჟისორმა გიორგი სავანელმა იბსენის „ხალხის მტერი“ დადგა. გარდა იმისა, რომ სპექტაკლი დაუსრულებელი იყო, გეგონებოდა ერთ-ერთ რეპეტიციას ვესწრებოდით, რეჟისორმა რატომღაც, სრულიად გაუმართლებლად იბსენის ტექსტს თავისი საკუთარიც დაუმატა. გაწელილი, დაუმთავრებელი წარმოდგენა ყალბი, პათეთიკური სცენებით და თამაშის სტილით იყო აღსავსე.

სენაკის თეატრი შარშანაც და წელსაც კახა გოგიძის დადგმული ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგოთი“ წარსდგა ფესტივალზე. ზესტაფონის თეატრმა სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ლიპარტიანის დადგმული მროჟეკის „სახლი საზღვარზე“ ითამაშა ჭიათურაში. აბსურდის ჟანრში დაწერილი პიესა ძალიან აქტუალურ პრობლემებს მოიცავს, რაც სპექტაკლშიც არის ასახული. წარმოდგენის ფინალი გასაკეთებელი და დასახვეწია.


ახალციხემაც ძველი წარმოდგენა ითამაშა, ჰაროლდ მიულერის „მშვიდი ღამე“. გიორგი შალუტაშვილის დადგმული სპექტაკლი უკვე მეორედ აჩვენეს ფესტივალზე. ლია სულუაშვილი და ანდრია ვაჭრიძე სამსახიობო ოსტატობით ქმნიან თავიანთ პერსონაჟებს. ამისდამიუხედავად, ალბათ აჯობებდა, ახალციხელებსაც ახალი წარმოდგენა ეთამაშათ.

წლევანდელი ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული სპექტაკლი ფოთისა და ზუგდიდის ერთობლივი ნამუშევარი „უღელტეხილი“ იყო. ნიკა საბაშვილი ნიჭიერი, საინტერესო რეჟისორია, რომელმაც უკვე დაიმიკვიდრა სახელი თავისი დადგმებით. არავერბალური თეატრის ხერხებით, ტექნიკურად მწირი შესაძლებლობებით, მაგრამ ულევი ფანტააზით გადმოსცა ახალგაზრდა რეჟისორმა ჭუბერის ტრაგედია. ვფიქრობ საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ, ამ კონკრეტულ მოვლენაზე  და ზოგადად ოკუპაციაზე, რუსეთის აგრესიაზე, ასეთი მხატვრული ნაწარმოები ჯერ არ შექმნილა.


სოხუმის თეატრს ფესტივალზე დავით საყვარელიძის დადგმული იბსენის „თოჯინების სახლი“ უნდა ეთამაშა (რომლის პრემიერაც სეზონის დასასრულს შედგა). თუმცა მათ გზის ფული ვერ იშოვეს და ამიტომაც ვერ მიიღეს მონაწილეობა წლევანდელ ფესტივალში.

 

წლევანდელ ფესტივალზე ორი საბავშვო სპექტაკლიც იყო წარმოდგენილი: ბადრი წერედიანის „ცირკი ნიკოლოთი“ და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წარმოდგენით „პინოქიო“. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა კი მარიონეტებით შექმნილი სპექტაკლი დიდებისთვის ითამაშა - ავთო ვარსიმაშვილის „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“.

 

 

 

 

 

 

ქუთაისის თეატრმა თანამედროვე ირლანდიელი დრამატურგის მარტინ მაკდონას „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ ითამაშა. რეჟისორმა დავით ბახტაძემ მაკდონას დრამატული, შეიძლება ითქვას სასტიკი, მხატვრული სახეებით მდიდარი პიესა ძალიან სქემატურად დადგა. 

 


ახლადგარემონტებულ ბათუმის თეატრში ბათუმლებმა ფესტივალზე სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის, დავით კლდიაშვილის „უბედურების“ მიხედვით, „Kldiasvili.ge იმედითადამოთმინებით“ დადგმული სპექტაკლი ითამაშეს. თელაველებმა კი ელენე მაცხონაშვილის დარიო ფოს მიხედვით შექმნილი შერეული ტიპის (ცოცხალი მსახიობები და თოჯინები) წარმოდგენა შესთავაზეს ფესტივალის მაყურებელს.
სამწუხაროდ წლევანდელ ფესტივალზე, უცხოური სპექტაკლებიც არაფრით გამოირჩეოდა.

ფესტივალის დასასრულს, ტრადიციისამებრ მრგვალი მაგიდა გაიმართა. კრიტიკოსებმა ერთხმად აღვნიშნეთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილმა სპექტაკლებმა (2-3-ის გარდა) ერთობ მძიმე შთაბეჭდილება შეგვიქმნეს რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა ისიც, რომ აუცილებელია სპექტაკლების სელექცია. თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები სხვადასხვა მიზეზის გამო არასწორად არჩევენ ფესტივალზე წარსადგენ სპექტაკლებს. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ერთგვარი დათვალიერება-შეფასებაა რეგიონების თეატრების შემოქმედებითი მუშაობის. ამიტომაც ვფიქრობ, სამხატვრო ხელმძღვანელებმა საუკეთესო სპექტაკლები უნდა წარმოადგინონ და არა პირიქით.  აქედან გამომდინარე საორგანიზაციო ჯგუფმა თავად უნდა აირჩიოს სპექტაკლები. 2018-ში ორგანიზატორებმა შეარჩიეს დადგმები. ალბათ, ამ მიზეზით, შარშანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლების მხატვრული ხარისხი, წინა თუ წლევანდელ წლებთან შედარებით, უფრო მაღალი იყო.

დასრულდა სიუბილეო, რიგით მეხუთე რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი. იმისდამიუხდავად, რომ წლევანდელი ფესტივალი ორგანიზების თვალსაზრისით, ალბათ, ყველაზე რთული იყო, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დირექტორმა და მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი, ამ რთულ და მძიმე საქმეს. მადლობა მინდა ვუთხრა საორგანიზაციო გუნდს. ნინელი ჭანკვეტაძე (იდეის ავტორი, დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი), თენგიზ ხუხია (დირექტორი), ბექა ჯუმუტია, შიო აბრახამია,  ნანა თუთბერიძე, ნათია გოგოჭური, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, - თავდაუზოგავად შრომობენ ფესტივალის სამუშაო და საზეიმო განწყობის შესაქმნელად.