top of page

პრემიერა ზუგდიდში  - „ყოველი წლის თებერვალში“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.BV8taFuo3NkJoCv5bp4VuEnHSz4bq7CTVdKhxcBzSIo.jpg

მანანა თევზაძე

პრემიერა ზუგდიდში  - „ყოველი წლის თებერვალში“

ამ დადგმის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ  გავიგე, როდესაც სპექტაკლ „ანდერძის“ სანახავად, ზუგდიდში ჩავედით. მაშინ გავეცანი ახალგაზრდა რეჟისორ დავით თურქიაშვილს, რომელიც ჩემი ამხანაგის შვილიშვილი თუ არა,  შვილი მაინც მეგონა, მაგრამ თურმე - არა... და ასე, სუფრასთან საუბრისას, აღმოვაჩინე ბიჭი, დაფიქრებული სხვადასხვა საკითხებზე, უპირველესად, თეატრის მამოძრავებელ ძალებზე. როგორც ყველა ახალგაზრდა, იგი ეძიებს საკუთარ ადგილს და სათქმელს თეატრალურ  სივრცეში.

არ ვიცი, თეატრმა შესთავაზა მას საპრემიეროდ ბერნარდ სლეიდის გახმაურებული პიესა „იგივე ადგილას, მომავალ წელს“ – „Same time, net year“, თუ ეს მისი არჩევანი იყო. თუ ეს ასეა, ჩემთვის, მით უმეტეს, კიდევ უფრო ნათელი გახდა მისი ბუნების ალბათ მთავარი ღირსება - რომანტიზმი! მიუხედავად სირთულეებისა, სევდიანობისა, ცხოვრების ლირიკული აღქმა მისთვის უპირატესია...

და თუ ეს თეატრის არჩევანია, იგივე შემიძლია ვთქვა, ამ თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი კაშიას მიმართ.

და ეს ყველაფერი, მე ძალიან მომწონს! რადგან ამ თვისების გარეშე, ადამიანს უჭირს კრიტიკული რეალიზმის მარწუხებში არსებობა...

რაც შეეხება თავად პიესას, ამერიკელი დრამატურგისა და სცენარისტის ბერნარდ სლეიდის 1975 წელს დაწერილი ეს პიესა საოცარი წარმატებით დაიდგა ჯერ ბროდვეის, შემდეგ ბრიტანულ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ სცენებზე; მოიპოვა პრემია „ტონი“  და  Drama Desk-ის ჯილდო; ასევე „ოსკარი“ საუკეთესო კინოსცენარისათვის.

ქართულ სცენაზე, პიესა, რუსთაველის თეატრში  რეჟისორ რეზო ჩხაიძეს დაუდგამს, თუმანიშვილის თეატრში - რეჟისორ გურანდა იაშვილს.

პიესის თარგმანი შესანიშნავ მწერალს, მთარგმნელს - თამაზ გოდერძიშვილს ეკუთვნის, რომელთანაც საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციაში დაწყებული მეგობრობის მრავალი წელი მაკავშირებს.  მის შემოქმედებას, გამორჩეულს სისადავით,  დახვეწილი ქართული ენითა და რაც მთავარია, სათარგმნი ტექსტისადმი ერთგულებითა და საკუთარი ტრანსკრიპციით, საკმაოდ კარგად ვიცნობ. ამ შემთხვევაშიც, მან, პიესის სათაური ბევრად უფრო პოეტური გახადა, როდესაც უწოდა „ყოველი წლის თებერვალში“ და რომლის ყოველ ფრაზაშიც  მისი ოსტატობა სჩანს. ბატონ თამაზს სულ ახლახანს ჰქონდა ღირსშესანიშნავი იუბილე - 90 წელი! სხვებთან ერთად მეც მივულოცე დაბადების დღე და გავახარე ზუგდიდის თეატრში მის მიერ ნათარგმნი პიესის წარმატებით...

რაც შეეხება ზუგდიდის თეატრის საპრემიერო სპექტაკლს - „ყოველი წლის თებერვალში“.

განსხვავებით პიესისაგან, მასში სამი მსახიობი: თეა ცინცაძე, გოგი გუგუჩია და ზურაბ ლაშხია მონაწილეობს. მესამე პერსონაჟის შეყვანა მოქმედებაში, უკვე დამდგმელი რეჟისორის სურვილი და აზრობრივი გადაწყვეტაა, ალბათ. დროის სვლას იგი სასტუმროს მსახურის შემოსვლებითა და მოქმედებებით გვაგრძნობინებს, ასევე სხვადასხვა დეტალებითა და მსახიობთა ჩაცმულობით.

საკურორტო, პატარა ქალაქის სასტუმროს ჩვეულებრივი, უღიმღამო ოთახი, სულერთია ეს სასტუმრო ამერიკაშია თუ სადმე  სხვაგან...

სცენის წინა პლანზე - გაშლილი საწოლი, რამდენიმე სავარძელი და პატარა მაგიდა... მეორე პლანზე კი - მხატვარსა და რეჟისორს,  გამჭვირვალე კედლით ოთახისაგან გამოყოფილი საპირფარეშო და სააბაზანო გააქვთ. ამ კედელს მიღმა - გარდერობი და იქვე, სკამზე ჩამომჯდარი ბათლერი - სასტუმროს ოთახის ერთი ღამით დამქირავებელთა ერთი ღამის  ცხოვრების მომწესრიგებელი ასაკოვანი კაცი.

სივრცე სიყვარულისათვის...

სცენის სივრცე, მსახიობებისა და მაყურებლების სიახლოვის გამო,  განსაკუთრებით თბილ, კამერულ ატმოსფეროს ქმნის; სპექტაკლის განწყობილებას აძლიერებს მუსიკა ჩასაბერი ინსტრუმენტების თანხლებით და რა თქმა უნდა, განათება.

და მაყურებელი, ჩვეულებრივ გარემოში შემთხვევით აღმოჩენილი ქალისა და კაცის იდუმალი ცხოვრების უნებლიე მოწმე ხდება.

სასიყვარულო ისტორიის ექვსი ეპიზოდი, რომელიც ცხოვრებაში ხშირად ტრაგიკულად ვითარდება, დავით თურქიაშვილის სპექტაკლში, ეპიზოდების იმგვარ ჯაჭვად იქცა, ქალისა და კაცის ერთმანეთისადმი სურვილი რომ წარმოშვა.  უხერხული სიტუაციის მიუხედავად, პიესისა და დადგმის ღირსებაც ისაა, რომ იგი მორალიზაციის გარეშეა დაწერილი და დადგმული და წარმოიდგინეთ, სიყვარულზე, ერთგულებასა და მარტოობაზე მოგვითხრობს. აქ ყველაფერი ცხადია - მომხიბვლელი და არავითარ შემთხვევაში, დამთრგუნველი, რადგან:

გადაუჭრელი პრობლემები - გადაუჭრელია!

ორი პერსონაჟის დიალოგს მიღმა დგას ცოლი, ქმარი, შვილები - სიხარული, წუხილი და... სიყვარული, რომელიც არასოდეს სრულდება! ცოლ-ქმრული ღალატი ტრივიალური ამბავია, მაგრამ სპექტაკლში, იგი ოჯახურ ჩარჩოებში მოწყენილი ადამიანების მთელი ცხოვრების რომანტიკაა.

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ასეთი მაგალითები ბევრია, რად ღირს თუნდაც ბერნარდ შოუსა და სტელა პატრიკ კემპბელის 40 წლიანი ეპისტოლარული  რომანი...

და მაყურებელი, სპექტაკლის, მისთვის სასურველი ფინალის მოლოდინში, სუნთქვაშეკრული შესცქერის სცენას...

დეკორაცია არ იცვლება: იგივე ფონი, იგივე მაგიდა, სკამები. მხოლოდ დრო მიფრინავს. დრო - აქ თანაბარი გმირის როლს ასრულებს! ყოველდღიურ აურზაურში ხომ დროს ნამდვილად ვერ ვამჩნევთ. აქ, სცენის საზღვრებში კი, მისი დოზა იმდენად კონცენტრირებულია, რომ ძნელია არ შეამჩნიოთ: გაცნობისას გმირები ახალგაზრდები არიან, გარე სამყაროსგან დამალული მათი კავშირი არა მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვას ეფუძნება, არამედ ერთმანეთის ნდობას. წლის ერთადერთი შეხვედრა ორივეს იცავს დიდხანს დარჩნენ ახალგაზრდებად;  იცავს მათ ოჯახებს, რადგან სცენაზე უხილავად არიან მათი ცოლ-ქმარი... 

ალბათ ახლა საშინელ რამეს ვიტყვი, მაგრამ ასეთი რამ ხშირად ხდება: ოჯახი - ორი ადამიანის უმძიმესი ყოველდღიური საქმეა.

სპექტაკლში, დროის სახიერ წარმოჩენაზე მხატვარი ილია საჯაია ზრუნავს; გმირების კოსტიუმებში იგი კონკრეტული პერიოდის მოდის მინიშნებებს იცავს: ქსოვილს, ფეხსაცმელს, ქუდს, შარვლებს, მაღალქუსლიან სანდლებს, სქელ პლატფორმებს, გაშლილ თმაზე შეკრულ შარფს, მძივებს - ყველაფერი იმ პერიოდის შესაბამისია, რომელშიც შეხვედრა მიმდინარეობს. თითოეული სცენა ახალი დროა, ამიტომ ჩვენ ექვსჯერ განვიცდით რეინკარნაციას. მოდა იცვლება და ისტორიული მოვლენებიც ერთმანეთს ენაცვლება: ჰიპები, თანამგზავრის გაშვება კოსმოსში... ეს ორი კი, კვლავ და კვლავ ხვდება ერთმანეთს და ყოველ ჯერზე მათი შეხვედრა სავსეა სიყვარულით, სულიერი თანხვდომით.

მსახიობები თეა ცინცაძე და გოგი გუგუჩია რეჟისორის მიერ დასახულ ამოცანებს ღირსეულად ართმევენ თავს. თეა ცინცაძე ჯერ კიდევ სპექტაკლიდან „ყვავილები ელჯერნონისათვის“ მახსოვს - სცენაზე საკმაოდ ეფექტური გარეგნობის ქალი, ზოგჯერ გამომწვევი, მაგრამ არა ვულგარული.

ამ სპექტაკლში თეა ცინცაძე და გოგი გუგუჩია ისე შეეჩვივნენ თავიანთ პერსონაჟებს, რომ მაყურებელს სჯერა ყოველი ჟესტის, ყოველი სიტყვის, ყოველი გამოხედვის. მათი პერსონაჟები ხომ შემოთავაზებულ ცხოვრებისეულ გარემოებებში იცვლებიან, იზრდებიან, სინანულითაც იტანჯებიან და სიამოვნებითაც, საუბრობენ საკუთარ მეუღლეებზე, შვილებზე, მათთან დაკავშირებულ სიხარულებსა თუ განსაცდელებზე. მაყურებელი წყვილის ურთიერთობის განვითარებას აკვირდება, რამდენად ჰარმონიულები არიან ისინი, რამდენად ამაღელვებლები, ცოცხალი, ზოგჯერ სევდიანები, ზოგჯერ სასაცილო, მაგრამ არა ვულგარული. ისინი თამაშის ყოველდღიური, ჩვეულებრივი სტილით, ცხოვრებისეული, სადა ლაპარაკით „იპყრობენ“ მაყურებელს. მაგრამ ხანდახან იმდენად ჩუმი ხმით, რომ მიუხედავად მაყურებელთან სიახლოვისა, ტექსტი არ ისმის, ყურში გხვდება დაუსრულებელი სიტყვებიც. მთელი სპექტაკლის მანძილზე მათ იმპროვიზაციულ შესრულებაში ჩანს პროფესიონალიზმი.

სპექტაკლი საჩუქარია მსახიობებისათვის; არ ვიცი როგორ მიმდინარეობდა რეპეტიციები, დაახლოებით ორ თვეში დაიდგაო და რეჟისორის დამსახურება ისაა, რომ სცენური ცხოვრება თითქოსდა ადვილი გახადა მსახიობებისათვის.

საგანგებოდ გამოვარჩევ ზურაბ ლაშხიას უსიტყვო გმირს. უსიტყვოს და თავშეკავებულს, მოცემულ ვითარებში თითქოს მხოლოდ დაკისრებული მოვალეობების შემსრულებელ პერსონაჟს. თამაშის ძუნწი მანერით იგი ქმნის სასტუმროს მსახურის სახეს, რომელიც არეულ ოთახს აწესრიგებს, მის თვალწინ გათამაშებულ ამბავში არ ერევა და მხოლოდ ბოლოს, სპექტაკლის მიწურულს, მოულოდნელად შემოდის ოთახში და საგანგებო იარაღით ჭრის გათბობის მილებს... საბოლოო წერტილს უსვამს ოთახში მყოფი ქალისა და კაცის თავგადასავალს...

მაყურებელს შეუძლია მთელი გულით განიცადოს დასასრული, რომელსაც გმირები თავად ირჩევენ; ფინალური სცენები იმდენად მგრძნობიარეა, რომ მგონი ბევრს თვალი აუცრემლიანდა... თითქოს მელოდრამაა, თითქოს ლირიკული კომედია, თითქოს ცხოვრებისეული დრამა ნატურალისტური ჩანართებით (ტუალეტში წყლის ჩხრიალითა და პირველსავე სცენაში შიშველი, ზეწარშემოხვეული ქალის წრიალით, გამჭვირვალე კედელს იქეთ კოსტუმების გამუდმებული ცვლით, მოულიოდნელად დაწყებული მშობიარობის ტკივილებით, ტელეფონის გაბმული, უპასუხოდ დარჩენილი ზარით) - ამგვარ ჟანრობრივ გაურკვევლობას, წარმოდგენის სასიამოვნო სიმსუბუქე ბადებს, რა თქმა უნდა,  დიდწილად მსახიობების წყალობით, რაც ადასტურებს, რომ რეგიონულ თეატრებში მშვენიერი მსახიობები მუშაობენ, რომელთაც მაყურებელი წლების განმავლობაში უყურებს, ზეპირად იცის სპექტაკლებში მათი ყველა სიტყვა, ყოველი ამოსუნთქვა...

რადგან ჩვენი ცხოვრება რთულად ასახსნელი მოვლენებითაა სავსე და ჩვენი ქმედებებიც ყოველთვის არ ექვემდებარებიან ლოგიკასა და გაგებას,  ალბათ თეატრში  ბევრ კითხვაზე ვპოულობთ პასუხს...

 ვულოცავ ზუგდიდის თეატრს - მსახიობებს, რეჟისორს პრემიერას! დარწმუნებული ვარ სპექტაკლს მაყურებელი არ დააკლდება...

თეატრში წასვლისას კი, მით უმეტეს, ზუგდიდელთა საყურადღებოდ, აუცილებლად ვიყიდოთ ყვავილები, რათა   დღევანდელ სასტიკ სამყაროში სიკეთისა და ერთგულების მცირედი ოაზისისთვის მსახიობები დავაჯილდოვოთ!

ალბათ იკითხავთ, ცოლ-ქმრული ღალატის ფონზეო?   სწორედაც...

რადგან მიუხედავად პიესის ავტორის, ბერნარდ სლეიდის წინასიტყვაობისა - ამორალური ამბავი ექვს სცენაშიო!.. 

ეს სპექტაკლი ერთ-ერთი ნათელი სასიყვარულო ისტორიაა...  

bottom of page