
ქარიშხალი და წინააღმდეგობა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.01.2026
ლელა ოჩიაური
ქარიშხალი და წინააღმდეგობა
აღელვებს თუ არა დღევანდელ საზოგადოებას ის, რაც ოდესღაც აღელვებდა და შეიძლება, თუ არა, რეჟისორმა ძველ კლასიკურ ტექსტებში იპოვოს თანადროული სათქმელი, შეარჩიოს სიტყვები, რომლებითაც საზოგადოებას მიმართავს და ისაუბროს მისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე? სიტყვები, რომლებიც დღეს სცენიდან უნდა ისმოდეს? შესაძლებელია, თუ არა, რომ მსახიობებმა, რომლებიც ამ საუბარში მონაწილეობენ, „ძველ“ პერსონაჟებში ახალი ადამიანის თვისებები აღმოაჩინონ და მათი, თანადროული სახეები შექმნან? როგორები არიან თანამედროვე გმირები? რა არის და რას ნიშნავს დღეს გმირობა?
თეატრში მუდამ სვამენ ასეთ კითხვებს, პასუხობენ, ან პასუხის პოვნას ცდილობენ. იმის მიხედვითა და კავშირში, რა ხდება სამყაროში, რა ხდება საზოგადოებაში, ამა თუ იმ დროს. და ცდილობენ, იპოვონ ტექსტი, მასალა, რომელიც მარადიულთან ერთად, თანადროული პრობლემების შესახებ დიალოგის გამართვის საშუალებას იძლევა. პროცესი უწყვეტი და უცვლელია და ყველა ახალი ამბავიც „კლასიკური სიუჟეტის“ მიხედვით ვითარდება.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ (რომელმაც დრამატურგიაში, სათეატრო ცხოვრებასა და საზოგადოების აზროვნებაში ბევრი რამ შეცვალა და ქართული თეატრის ისტორიაშიც გამორჩეული აღმოჩნდა), რომელიც საქართველოში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა და თან იქ, სადაც არასდროს ყოფილა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლით.
დაბრუნდა პიესის ადაპტირებული და თავისებური ვერსიით. ხუთაქტიანი და რამდენიმე ათეული სცენისგან შემდგარი პიესა ერთ (90 წუთამდე ხანგრძლივობის) აქტშია მოქცეული, რომელშიც ხუთივე მოქმედება და თითქმის ყველა სცენა-სურათის მოკლე ვერსიები შენარჩუნებულია. და გამოკვეთილი თავისი იდეურ-კომპოზიციური ხაზი აქვს.
ადაპტაცია მანანა ანთაძეს ეკუთვნის, რომელიც იმის გარდა, რომ გამორჩეული მთარგმნელია, გამოირჩევა პიესებისა თუ სხვა მხატვრული ტექსტების ინსცენირებებზე მუშაობის ხარისხით, ზუსტად გრძნობს ახალი სათეატრო ენის მახასიათებლებსა და დიალოგებსა და მონოლოგებს „ცოცხლად“ მეტყველად აქცევს.
„ყაჩაღების“ სცენოგრაფია გიორგი უსტიაშვილი, კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე, რეჟისორის ასისტენტი - ლიკა მამიაშვილი; მოქმედი გმირები და შემსრულებელები: გრაფი მაქსიმილიან მოორი - ვალერი კორშია, მისი ვაჟები - უფროსი და მემკვიდრე - კარლ მოორი - პაატა ინაური, უმცროსი - ფრანც მოორი - შაკო მირიანაშვილი; კარლის საცოლე და მოხუცი მოორის აღზრდილი და კარლის საცოლე ამალია ფონ ედერლეიხი - ანუკა გრიგოლია; კარლის მეგობრები და ყაჩაღები: შპილბერგი - ბაჩო ჩაჩიბაია (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), რაცმანი - ჯაბა კილაძე, გრიმი - ირაკლი ჩხიკვაძე, როლერი - როლანდ ოქროპირიძე, შვარცი - ნოდარ ძოწენიძე.
საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში, ტექსტის შეკვეცის გარდა, სამითაა შემცირებული გაყაჩაღებული სტუდენტების რაოდენობა, ხოლო პიესის დანარჩენი პერსონაჟები ამბიდან საერთოდ ამოღებულია. ფრანცი მამას დაქირავებულ „ინფორმატორს“ კი არ უგზავნის, არამედ თვითონ ინიღბება „უცხოდ“ და ოჯახს კარლის „სიკვდილის“ მაცნედ ეცხადება.
პიესაში მოქმედება ორი წლის განმავლობაში, გერმანიაში ხდება. სპექტაკლში - დროც და ადგილიც დაუკონკრეტებელია. მაგრამ, ცხადია, რომ ყველაფერი ხდება აქ და ახლა.
საბა ასლამაზიშვილის ჩანაფიქრითა და კონცეფციის მიხედვით, კლასიკური კონფლიქტი, ინტრიგა, რომელიც სიუჟეტს უდევს საფუძვლად და არა ერთი მოვლენის გამომწვევად იქცევა, სპექტაკლში ახალ მიმართულებასა და „შინაარსს“ განსაზღვარავს.
შემდეგ, როდესაც ამბავი იშლება, ვითარდება და პერსონაჟების სახეები, სურვილები, მიზნები თანდათან მჟღავნდება, მოქმედება ახალი მოვლენებით იტვირთება და ივსება - დათესილი ქარი, უკლებლივ ყველასთვის, ქარიშხლად იქცევა.
მეტაფორებისა და სიმბოლოების, მხატვრული ხერხების თავისთავადობის, ასოციაციების, ციტირებებისა და თვითციტირებების ერთობაზე აგებული კომპოზიცია რეალობისა და თანადროული პრობლემების მეტყველი ალეგორიაა.
სწორედ ამ ახალ სცენურ რეალობასა და პირობით სამყაროში, რომლის ცხოვრების წესსაც და ქმედების თავისებურებას სამყაროს განტევება და გაუცხოება განსაზღრავს, გიორგი უსტიაშვილის შექმნილ - ცარიელ და ნახევრადჩაბნელებულ სამყაროში, რომლის კავშირიც, თვით თეატრალურ რეალობასთანაც კი, უცნაურად გამოიყურება, შავი ფერი დომინირებს, რომელიც დროდადრო ძლიერი შუქითა და არაბუნებრივად ნათდება, რითაც რეალობის საზღვრები იშლება და შუქ-ჩრდილის უცნაურ კონტრასტსა და ქმედების სიხისტისა და უცხოობობის მიხედვით, მისტიკური გარემო იქმნება.
სცენაზე არაფერია, არც დეკორაცია, არც რეკვიზიტი. მხოლოდ, ზოგჯერ, როდესაც ეპიზოდს „სჭირდება“, რამდენიმე უზურგი სკამი შემოაქვთ და გააქვთ. ცარიელი სცენა შავებში, შავ ქსოვილშია „შემოსილი“ - ავანსცენიდან არიერსცენამდე. უკანა და გვერდით კედლებამდე. კულისების ფარდებიც შავია. სივრცისა და მოცულობის, გარემოს გახსნილობის ასეთი მასშტაბი იშვიათია. იდუმალი სიცარიელე თითქოს უფრო ზრდის სამყაროს პარამეტრებს. რეალობის პირობითი საზღვრები უსასრულოა. რაც ხდება, თითქოს ჩრდილებისა და აჩრდილების გარემოცვაში ხდება. სამყარო თითქოს დაცლილი და ცარიელია სიცოცხლისგან. თითქოს პრაქტიკულად აღარ არსებობს. სულიერების, ამქვეყნიურობის აღარაფერი შერჩენია, რადგან ადამიანებმა უკვე გადააბიჯეს ზღვარს, რომლის მიღმაც აღარაფერია.
სპექტაკლის მეორე და კულმინაციურ ნაწილში, როდესაც კარლი შინ ბრუნდება და საიდუმლო მჟღავნდება, სცენაზე ლითონის, კიბისებური მოძრავი კონსტრუქცია (აბსტრაგირებული და არადეტალიზებული, არა ერთი პირობითობით) შემოაქვთ (რომლის ნაწილებიც დიდ ეშაფოტს გავს) და მოქმედებაც ძირითადად მის საფეხურებსა და შრეებზე ინაცვლებს. ამ „მექანიზმის“ - deus ex machina (რომელიც, მართალია, ციდან არ ეშვება, არც ღმერთი ჩამოყავს და არც კრიზისიდან გამოსავლის მომასწავებელია) გამოჩენას, გადამწყვეტი მოვლენების მორიგი ტრაგიკული რიგი მოსდევს და ადამიანის (კარლის, ამალიას, ფრანცის) მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობა, საფუძველი და არჩეული გეზის ნიშანია, რომელიც ქაოსში წესრიგს ამყარებს.
მოორების სასახლეში, თუ მის მიღმა, ბოჰემიის ტყესა თუ სხვა შორ თუ ახლო დისტანციაზე, არსად ჩანს სიმდიდრის, ფუფუნების, იერარქიულობის კვალი. ყველა თითქოს თანასწორია. პერსონაჟებს შავი, ერთნაირი კოსტუმები აცვიათ, პერანგები, მაისურები, კლასიკური თარგის შარვლები, ბათინკები, თასმებიანი ჩექმები, ტყავის ლაბადები. მოქმედების პირველ ნაწილში შავს თეთრიც ერევა - ამალიას კაბა და მამა მოორისა და ფრანცის პერანგები. შემდეგ თეთრი ფერი ქრება და ყველაფერი სრულიად შავდება. რადგან იქ, სადაც მოქმედება იშლება, ამგვარი ზღვრები და მიჯნები არ არსებობს.
არავითარი სამკაული, არავითარი სხვა ატრიბუტი თუ ნივთი. მხოლოდ მოორების ძალაუფლების სიმბოლო - „მედალიონი“, რომელსაც ფრანცი ესწრაფვის და მოკლულ მამას ხსნის. ბოლოს კი, არა ამ ოქროს ჯაჭვით (როგორც პიესაში), არამედ ტყავის ზონრით იხრჩობს თავს.
თეთრისა და შავის სიმბოლიკა ერთმანეთს ავსებს და თან, როგორც წესი, უპირისპირდება. სიკვდილისა და სამყაროს კვდომის გარდა, შავი ფერი სულიერი ზრდისა და განვითარების (თუნდაც, სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე და მის შემდეგ არსებობის გაგრძელების) ნიშანია, რომელსაც ტრაგედიის კანონების მიხედვით, ახალი სიცოცხლის აღმოცენება, ახალი გზის გაჩენა უნდა მოჰყვეს. „ყაჩაღებში“ ასეც ხდება.
„ყაჩაღებში“ აქცენტირებულია არა სოციალური საკითხები (რასაც აქტიურად მიაწერდნენ და „უწონებდნენ“ შილერის პიესას), არამედ მთავარი და პირველადი ხდება ადამიანის მორალი, მისი ზნეობრივი არჩევანი და არჩევანის შედეგი, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობა და გამარჯვების იმედი, თუნდაც, დანაკარგების, მსხვერპლის ფასად. ჰეროიკულ-რომანტიკული კი, სპექტაკლში არაფერია, სიყვარულის, სიძულვილის, ერთგულების, ძალადობის, ღალატის, ორპირობის, „საგმირო საქმეებისა“ და სიკვდილის ტრაგიზმის მიუხედავად.
სიცოცხლის ნაკადი და სიცოცხლის მარადიულობის შეგრძნება შემოაქვს კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკას, რომელიც თემის მრავალშრიან, მრავალფეროვან, მრავალტონალობიან, თუმცა განტვირთულ, ლაკონურ და დახვეწილ სისტემას ქმნის. ეს თემები, რომლებიც ჰარმონიულად ეფინებიან ერთმანეთს, გმირების, მათში მიმდინარე ცვლილებების, პროცესების სვლის გამოხმაურებაა. მუსიკა არაა ფონი, არაა ემოციური მუხტის ასაწევ-დასაწევი და გაძლიერების საშუალება. ესაა იმ სამყაროსა და ადამიანებს მუსიკა, რომელსაც მოვლენების მართვაც შეუძლია და მოვლენებიდან გამომდინარე, მათი თანასწორი ნაწილიცაა.
გერმანული იავნანას ფრაგმენტები, რომელიც სპექტაკლში რამდენჯერმე ისმის, კარლს ხსოვნაში აქვს ჩარჩენილი, როგორც მშვენიერი და ნათელი დროის შეხსენება, როგორც ჯერ კიდევ არსებული და ცხოვრების გაგრძელების ნათელი იმედი და რომელიც შინ აბრუნებს, სახლში, რომლის კარი მისთვის სამუდამოდ ჩაკეტილია.
სპექტაკლის პირველივე სცენა ავისწმომასწავებელია და ბუნებრივად იწვევს შფოთისა და ხიფათის განცდასა და მოლოდინს. დასმენა, ცილისწამება, რასაც მოორების ოჯახის განადგურება მოსდევს, თავიდანვე გულისხმობს ამბის შემდგომ დრამატულ გაგრძელებასა და დასასრულს. რაც მუდამ ახლავს ინტრიგას, ღალატს, დანაშაულს, თაღლითობას, გულგრილობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას - თეატრშიც და სინამდვილეშიც.
ვალერი კორშიას მაქსიმილიან მოორი ასაკოვანი (მაგრამ არა მოხუცი, როგორც პიესაშია განსაზღვრული) მხნე და გონიერი კაცია. ალბათ ის ერთადერთია სპექტაკლში, რომელიც ღირებულებებსა და ზნეობას არასდროს კარგავს და შეიძლება, ყველაზე დრამატული ფიგურა, რომელიც სწორედ ამ თვისებებისა და ღირსების ერთგულების მსხვერპლია.
მსახიობი ზუსტი, ლაკონური და მახვილი აქცენტებით ავსებს მის სახეს. მრავალფერი ნიუანსებით ქმნის პერსონაჟის ხასიათს. მოორის ყოველი პასუხი, მოვლენების ყველა შემდგომ ფაქტზე, მწვავე ემოციური გულწრფელი რეაქცია და სინანულია. რეაქცია და პასუხი იმაზე, რასაც ფრანცის ავანტურა იწვევს, რასაც ბრმად იჯერებს, რადგან აქვს ნდობა და სიმართლის ერთადერთობის არსებობის სწამს. და რაც მის ოჯახს ანადგურებს.
ანუკი გრიგოლიას ამალია ნაზი, მოკრძალებული, თავმდაბალი და თითქოს მორჩილი ბუნებისაა, მაგრამ აქვს მორალი და პრინციპები, ფრანცის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მისი აქტიური და კატეგორიული წინააღმდეგობა, სიმტკიცე და ასეთივე სურვილი, კარლს მიანიჭოს თავისუფლება, ხელი შეუწყოს მას საკუთარი თავისგანვე გათავისუფლებაში, მისცეს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი, მთავარი და კეთილშობილი მიზნისკენ, ქალს მორალურად, უშიშრობითა და პრინციპული არჩევანით, კარლის თანასაწორად და მეტიც, მასზე უპირატესადაც კი აქცევს. და თუ ამ სპექტაკლში ვინმე გმირია, სწორედ ამალიაა, რომელიც უპირისპირდება ძალადობას, მოქმედებს, იბრძვის, ეწირება და იმარჯვებს.
მოვლენების, ამბის, კონფლიქტის ორ მთავარ ფიგურას - ფრანც - შაკო მირიანაშვილი და კარლ - პაატა ინაური - მოორებს - საბა ასლამაზიშვილის ვერსიით, ერთობლივი სცენები არ აქვთ. ყველაფერი მათი მონაწილეობით, მათი შეპირისპირებით, მათ გარშემო ხდება, მაგრამ კავშირი თითქოს პარალელური შრეებიდან იბმება, შეხვედრა/გადაკვეთის გარეშე.
ძმები ერთმანეთს თითქოს გვანან, ირეკლავენ და უპირისპირდებიან. შავი და თეთრი. და არა კეთილი და ბოროტი. ორივეს აქვს ის თვისებები და პირობები, ცხოვრების „დაშვებული“ წესი, რომლებიც უბიძგებენ, მიმართავენ დანაშაულისკენ და ეს „დანაშაულები“ თუ ცოდვები ყველასთვის საბედისწეროა.
ფრანც მოორმა მოიპოვა ის, რაც არ ეკუთვნოდა. რაც არ დაიმსახურა და შემდეგ ყველაფერი დაკარგა. კარლმა დაკარგა, ხელიდან გაუშვა ის, რაც მისი იყო და ეკუთვნოდა. ფრანცის დანაშაული ახალ-ახალ მსხვერპლს იწვევს. კარლი თვითონვე ხდება თავისივე შეცდომების მსხვერპლი. შემდეგ ფრანცის პასუხისმგებლობისა და მონანიების ჯერიც დგება.
ძმები და ყაჩაღების რაზმი ადამიანური ცოდვების მთელ სპექტრს წარმოადგენენ, რასაც თითქოს არც გამართლება აქვს და არ შენდობა. უცოდველი აქ არავინაა და თითოეული თავისებურ პასუხს აგებს და ინანიებს დანაშაულსა თუ შეცდომას.
პაატა ინაური აჩვენებს, თუ მოქმედების, საკუთარი თუ სხვების საქციელის შეფასებებისა და განსხვავებულ დამოკიდებულებებთან ერთად, სხვადასხვა ეტაპისა და სხვადასხვა მოვლენის მიხედვით, რა შინაგან გზას გადის კარლი დასაწყისიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე, საბოლოო და მთავარ არჩევანამდე, რომელსაც თითქოს ორიენტირები არ აქვს და რომელიც, გაურკვეველია, საით წაიყვანს. და იგი მაინც აკეთებს ამ არჩევანს.
მსახიობი გმირის თვისებებსა და ტრანსფორმაციას, ზუსტი ნიშნებით, ნახევარტონებითა თუ ინტენსიურად გამოხატული, შენიღბული და მკვეთრი ინტონაციებით, აუღელვებლად, თითქოს მშვიდად და განყენებულად, მაგრამ შინაგანად ძლიერად დამუხტული რეაქციებითა და რეაქციებზე რეაქციებით აჩვენებს. ქმნის, აჩვენებს და გამოკვეთს, რომ კარლი - ერთი შეხედვით, უდარდელი, სინამდვილეში არაგულგრილი დაა ლიდერია, იბრძვის არა მემკვიდრეობისა და ტიტულის დასაბრუნებლად, არამედ სამართლიანობის, სახელისა და ღირსებისთვის და იმის იმედითა და სურვილით, რომ შესაძლებელია, დარჩეს ადამიანად და იცხოვროს, როგორც ადამიანმა.
შაკო მირიანაშვილის ფრანცი მოძრავი, მკვირცხლი, წინააღმდეგობრივი და აქტიური ბუნებისა და მიზანსწრაფულია. სწორედ ეს თვისებებია, რომლებიც მას მოვლენების მთავარ „ორგანიზატორად“ და გამომწვევად აქცევენ, სანამ „სადავეები“ ხელიდან გაექცევა. მსახიობი პირველივე ეპიზოდიდან აჩვენებს ფრანცის ხასიათის არაერთგვაროვნებას, ორჭოფობას, დაფარულ და აშკარა ზრახვებს, ადამიანის, რომელიც არა ერთ ამორალურ ნაბიჯს დგამს და ცოდვასაც ჩადის. რომლის სიხარბე და ქმედება, მისი მიზანი „გამართლებულია“, „ამართლებს საშუალებას“, რადგან საკუთარ მდგომარეობას უსამართლოდ თვლის და სამართლიანობის აღდგენას, თავისებურად და თავისებური გაგებით, მართალია, არასამართლებრივად, ცდილობს.
იგი მუდამ ემოციურ და ზეემოციურ მდგომარეობაშია. ექსპრესიული, მკვეთრი ხერხებით, მეტყველებისა და პლასტიკის გამომსახველობით, ინტენსივობით, შაკო მირიანაშვილი ფრანცის ფსიქოლოგიურ და მრავალმხრივ, მრავალშრიან პორტრეტს ქმნის და აჩვენებს, წარმოადგენს, როგორც ადამიანს, რომლის საქციელსა და სურვილებს შეიძლება გაუგო, მოტივაცია ახსნა და თანაუგრძნო. და რომელმაც იცის, რაც ელოდება.
ბაჩო ჩაჩიბაია, ჯაბა კილაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, როლანდ ოქროპირიძე, ნოდარ ძოწენიძე - ყაჩაღების რაზმს რომ ასახიერებენ, მეორეხარისხოვანი როლების, მასობრივი სცენების მსახიობებად გამოსვლას არ თაკილობენ. ისინი - სტუდენტები - ჯერ მხიარულად და უდარდელად ატარებენ დროს და შემდეგ ყაჩაღები ხდებიან. არა „კეთილშობილი“, რადგან მოძალადეებად იქცევან. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან სივრცეში, სცენიდან დარბაზში, დარბაზიდან მის გარეთ; ქმნიან რაზმს, და ქმნიან ანსამბლს. წარმოადგენენ გარკვეული კატეგორიის ადამიანების გუნდს, აქვთ პარტნიორობის ძლიერი შეგრძნება და თითოეული ქმნის პერსონაჟის ტიპსა თუ ხასიათს. იცავენ „იერარქიას“, როგორც კარლთან - მეთაურთან - მიმართებაში, ისე საერთო მოცემულობაში და თავიანთ ინდივიდუალიზმს (რაც ჭარბად აქვთ) მკაფიოდ უქვემდებარებენ.
რომ არა ისინი, კარლის, ფრანცის, მამისა თუ ამალიას სახეები ასეთი გამოკვეთილი შეიძლება არც ყოფილიყო და მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, „რომ არ არსებობს დიდი და პატარა როლები“. ასეთი ინდივიდებისგან (ფაქტურით, ხასიათების გახსნით, მეტყველებისა და პლასტიკის ინდივიდუალიზმით) შემდგარ „მასას“ ხშირად ვერ შეხვდებით. ესაა თითოეულის დიდი მიღწევა და პროფესიონალიზმის გამოხატულება.
კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფია, როგორც ყოველთვის, გამორჩეულია და მრავლისმეტყველი, როგორც სპექტაკლის ორგანული ნაწილი. მისი ბუნებისა და ხასიათის შესატყვისი ანაბეჭდი და მეტაფორების მთელი რიგის მომცველი.
გამორჩეული მხატვრული გადაწვეტა აქვს პრეფინალურ სცენას - ამალიასა და კარლის „დუელს“, რომელიც რეჟისორის გადაწყვეტით, ჩინური თუ რუსული „რულეტკას“ თამაშის „წესებს“ მიჰყვება და ქორეოგრაფიულად გამომსახველ, უტყვ „მიმოდრამად“ თამაშდება. ამ განმარტოებული წყვილის გარშემო თითქოს მართლა არავინაა (იმის მიუხედავად, რომ სხვა პერსონაჟები იქვე „ტრიალებენ“) და ეს სცენა სავსეა სიყვარულით, ვნებით, ძალითა და უღონობით, ბედისწერის გარდუვალობის წინაშე.
მსახიობების თითოეული ნაბიჯი, მოძრაობა, ჟესტი ზუსტ და ქმედით ნახაზშია მოქცეული. თითოეულ ელემენტს, მათ რიტმულ და დინამიკურ გამეორებას, თანმიმდევრობასა და კონტრასტს მკაფიო და ნათელი ხაზები და შრეები აქვს, რაც მთლიანობასა და ეპიზოდის გამართულ დრამატურგიას ქმნის.
„ყაჩაღებში“ ხშირად და ბევრს და ხმამაღლა ისვრიან და კლავენ ან თავს იკლავენ. სხვადასხვა საშუალებით. სცენა კვამლით ივსება და ამოვარდნილი ქარიშხალი, რომელიც მოორების სასახლეს გადაუვლის და საბედისწერო წერილებით (როგორც დრამატული მოვლენების გამომწვევის), ან როგორც განაჩენის შემცველი ფურცლებით ავსებს და შლის ყველაფერს, რაც აქამდე იყო ახალი გზის პარმაღზე, ახალი კარის გაღების წინ.
ტირანიის, რეჟიმის, ძალადობის წინააღმდეგ ადამიანს ბევრ რამეზე, კეთილდღეობის მოჩვენებითობაზე, ლაღ ცხოვრებაზე, პირადულ არჩევანზე უწევს უარს თქმა, რადგან ნამდვილი სამართლიანობისა და მისი აღდგენისთვის ბრძოლა საზოგადოებისთვის თავდადებასა და მის მსახურებას გულისხმობს. ეს ხშირად მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებია, რადგან ამგვარ ბრძოლას სიტყვები არ სჭირდება. და ზოგჯერ „საჭირო“ სიტყვები, რადგან ზოგჯერ დიალოგსა და კითხვებს, არსებითი მნიშვნელობა აქვთ.
საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღებში“ მოვლენების მსვლელობა, პერსონაჟების არჩევანის „სიმართლე“ და მათთან დაკავშირებული თუ ურთიერთგამომდინარე კონტექსტები ცვლიან ერთმანეთს, ერთპიროვნული არც მიმართვები და არც „სიტყვები“ არ არსებობს და მაყურებელმაც თვითონ უნდა აირჩიოს, რომელი „შესაძლებელი“ ვერსია უნდა და შეუძლია გაიზიაროს. გააკეთოს არჩევანი, რომელიც შემგუებლობას, დანებებასა და მორჩილებას გულისხმობს, თუ არჩევანი, რომელსაც ლოგიკურად მოსდევს - თავდადება, მსხვერპლშეწირვა, სიკვდილი, ფიცის გაუტეხლობა, წინააღმდეგობა, ბრძოლის გაგრძელება - IN TYRANNOS! და ქარიშხალი და თავისუფლება.
P. S. ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღებთან“ ძალაუნებურად ჩნდება ისტორიული პარალელები, რომლებსაც ჩვენ პირადად ვერ გავავლებთ, მაგრამ ვიცით მისი ლეგენდარული ქართული ისტორია, მისი მნიშვნელობა, რაობა, მასზე საზოგადოების რეაქცია. ვიცით, რომ საქართველოს, ქართული კულტურის, ქართული თეატრის ისტორიაში „ყაჩაღებს“ გამორჩეული ადგილი უკავია და არა იმდენად, შილერის (რომელმაც ქართულად თარგმანისთანავე, საქართველოში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ისევე, როგორც ევროპაში), არამედ, რუსთაველის თეატრში, სანდრო ახმეტელისა და შოთა აღსაბაძის სპექტაკლის გამო, რომელიც კულტურული მოვლენად იქცა. ვიცით, რომ სცენოგრაფი იყო ირაკლი გამრეკელი, კოსტუმების მხატვარი - სერგო ქობულაძე, კომპოზიტორი - ივანე გოკიელი და რომ, მთავარ როლებს - გიორგი დავითაშვილი, აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა ასრულებდნენ.
და როგორც თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძეს უწერია, „ყაჩაღები“ სანდრო ახმეტელის საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული, რომ ის საეტაპოა ქართულ თეატრის ისტორიაში და რომ, იმის ნიმუშიცაა, თუ როგორ უნდა „აითვისო“ კლასიკური მემკვიდრეობა. ისიც ვიცით, თუ როგორ დრამატულად წარიმართა სანდრო ახმეტელის ბედი, მალევე, „ყაჩაღების“ დადგმის შემდეგ და როგორი ტრაგიკულად დასრულდა მისი ცხოვრება, ტირანულ სახელმწიფოში, დასმენისა და ბრალდებების შედეგად.
რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ მანამდეც, ახმეტელის დროსაც და უახლოეს მომდევნო წლებშიც, „ყაჩაღები“ საქართველოს რეგიონების თეატრებში რამდენჯერმე დაიდგა, თბილისში და მით უმეტეს, „მარჯანიშვილში“ (მაშინაც და შეიძლება ითქვას, აქამდეც), ამ პიესას არაოფიციალური „ტაბუ“ ედო და ხელს არავინ ჰკიდებდა, (ისევე, როგორც ყველა დანარჩენს - ორ მთავარ ქართულ - მარჯანიშვილისა და რუსთაველის - თეატრებს შორის ოდესღაც მიღებული, არადაკანონებული, თუმცა დამკვიდრებული წესის თანახმად - არ დაედგათ ერთი და იგივე პიესა). და რომ ეს „წესი“, პირველად, 1982 წელს თემურ ჩხეიძემ „დაარღვია“, „ოტელოს“ დადგმით, შემდეგ, მაშინ დაირღვა, როდესაც ლევან წულაძემ და თემო კუპრავამ „ჰამლეტები“ დადგეს, ვიდრე 2025 წელს - საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღების“ (ამ პიესის საქართველოში ბოლო დადგმიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ) დრო არ მოვიდა.
„ყაჩაღები“ ფრიდრიხ შილერის პირველი პიესა და სანდრო ახმეტელის ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი; მისი პირველი დადგმა მარჯანიშვილის თეატრში; საბა ასლამაზიშვილის პირველი სპექტაკლი „მარჯანიშვილში“ და ბიოგრაფიაში - შილერის პიესა - პირველად.
თამამი და თავზეხელაღებული უნდა იყო, ყაჩაღებივით, რომ დაარღვიო „წესები“ და მათ დარღვევას არ შეუშინდე.