top of page

ქართული თეატრის ქალბატონები

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

585751629_1457265063068814_7983031919316687543_n.jpg

22.01.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

ქართული თეატრის ქალბატონები

 

ქართული თეატრის ისტორია ჭეშმარიტად მდიდარია მასშტაბური, გამორჩეული, თვითმყოფადი, უნიკალური მსახიობთა სახეებით, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება სიცოცხლეშივე გადაიქცა ლეგენდებად. გადის დრო, სცენაზე ჩნდებიან თაობები, მაგრამ მათ არ/ვერ ივიწყებენ, რადგან მათი დავიწყება შეუძლებელია.

 

„არ დავიწყების“ საქმეში, ერთ-ერთი პიონერი თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეა, რომელმაც რთული მისია იკისრა. მისი ავტორობითა და ორგანიზებით ქართველმა მაყურებელმა უკვე ნახა ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავებისადმი მიძღვნილი რამდენიმე საღამო, რომლებიც თავისი ფორმითა და შინაარსით შორს არის ჩვენში დამკვიდრებული მსახიობთა საიუბილეო საღამოს ფორმატისგან. ნიკოლოზ წულუკიძე, გარდა იმისა, რომ ქართული თეატრის საგანძურის უკვდავყოფასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ამავდროულად მომავალ თაობებს აცნობს მათ, ვინაც ქართული თეატრი არამატერიალური კულტურის ძეგლად აქცია.

 

ამჯერად, ნიკოლოზ წულუკიძემ მხატვრულ-დოკუმენტური სტილისტიკის სპექტაკლი-წარმოდგენა „ვერიკო და სესილია“ შესთავაზა ქართულ მაყურებელს, რომელიც საკმაოდ განსხვავდება აქამდე მომზადებული სხვა ამ ტიპის წარმოდგენებისგან. „ვერიკო და სესილია“ უფრო მეტად მიუახლოვდა სპექტაკლის ფორმას, რადგან მონოლოგებზე მეტად წარმოდგენაში გათამაშებულ-გაცოცხლებული ეპიზოდები სჭარბობს. საკამათო არ არის, რომ ნიკოლოზ წულუკიძე საინტერესო მთხრობელია, მაგრამ მისმა თხრობამ ამ კონკრეტულ დადგმაში უკანა პლანზე გადაინაცვლა, რამაც წარმოდგენას არგო პირველ რიგში, ვინაიდან რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ ისე ააგო წარმოდგენის სტრუქტურა, რომ მაყურებელი ინტერესით ელოდება ყოველ მომდევნო ეპიზოდს. ნიკოლოზ წულუკიძე ამ დადგმაში კვლავ მთხრობლად გვევლინება, რომელიც მაყურებელს წარგვიდგენს დიდ არტისტებს იმ რაკურსით, რომლითაც მათ ფართო საზოგადოება არ იცნობს.

 

ნიკოლოზ წულუკიძემ ბიოგრაფიულ-საპრეზენტაციო წარმოდგენის სცენარი თეატრმცოდნე ანა მირიანაშვილს ანდო, რომელმაც შეკრიბა ამბები, ფაქტები, მოვლენები დიდი მსახიობების ცხოვრებიდან და აქცია მხატვრული პროდუქტის ჩონჩხად, რაზეც ნიკა ჩიკვაიძემ სევდიანი და ამავდროულად ჯადოსნური სანახაობა შექმნა. მხატვარმა ანკა კალატოზიშვილმა შექმნა პირობითი სივრცე, სცენის ფონი კოტე მარჯანიშვილის მიერ მოსკოვში დაარსებული „თავისუფალი თეატრის“ ფარდით დაფარა, რომელზედაც კომედია დე ლ’არტეს პერსონაჟები არიან გამოსახული, სცენაზე ორი საგრიმიოროა, სარკეებით, რომლებიც მსახიობთა ცხოვრების დეტალებს ირეკლავენ და რომლებიც ხან სახლია, ხანაც თეატრალური სტუდია.

 

ზემოთ, ვახსენე, ვერიკოზე და სესილიაზე მათსავე სიცოცხლეში ლეგენდები შეიქმნა-თქო. ამიტომაც წარმოდგენას „ვერიკო და სესილია“, როგორც მხატვრულ ნაწარმოებს უნდა მივუდგეთ და არა როგორც დოკუმენტურ სპექტაკლს. ფაქტები და მოვლენები გახდა დამდგმელი ჯგუფისთვის ინსპირაციის წყარო მათ სცენაზე მხატვრული ენით გასაცოცხლებლად, ახალი ისტორიებისა და სიტუაციების შესათხზველად. გარდა ამისა, ერთხელ და სამუდამოდ, უარი უნდა ვთქვათ ისტორიის დამახინჯებაზე, ყველა გამოჩენილი და სახელოვანი პერსონის ხატად შექმნაზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინი არ იყვნენ ღმერთები, ისინი იყვნენ ადამიანები (თუნდაც არაჩვეულებრივი) თავისი სისუსტეებით, რთული ხასიათით, კაპრიზებითა და ზოგჯერ არაადეკვატურობით. მე თუ მკითხავთ, სწორედ ამაშია იყო მათი ხიბლი, გენიალურობა და მთავარი კოზირიც.

 

ნიკოლოზ წულუკიძისა და ნიკა ჩიკვაიძის „ვერიკო და სესილია“ მსახიობების წყალობით აცოცხლებს ეპოქასა და პერსონებს: ვალერი კორშია და ეკა მჟავანაძე ერთდროულად რამდენიმე განსხვავებულ ტიპაჟებს, პერსონაჟებს ორგანულად და ოსტატურად განასახიერებენ. ეკა მჟავანაძე დროგამოშვებით ხან დედაა, ხანაც მერი დავითაშვილია, ხანაც თეატრალური სტუდიის მასწავლებელი. მსახიობი მოკლე დროში ოსტატურად ახერხებს შექმნას სხვადასხვა ტიპაჟი, რასაც მოაქვს სხვადასხვა განწყობა და მეტ ფერს სძენს წარმოდგენას. ტაშით ეგებება მაყურებელი ლეო ანთაძის მოულოდნელ შემორბენას სცენაზე, რომელიც ერთ-ერთი სევდიანია ეპიზოდია ამ წარმოდგენის. ლეო ანთაძის ზურიკელას მცირე მონოლოგი სპექტაკლიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. მსახიობი ცდილობს დამალოს ასაკი, აჩვენოს სუმბურული ენერგია და სიცოცხლის ხალისი, თამაშის დაუოკებელი ჟინი, ამიტომაც ის კუნტრუშ-კუნტრუშით ტოვებს სცენას, რასაც კვლავ მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტი მოჰყვება. მრავალფეროვან პერსონაჟთა გალერეაში აღსანიშნავია ახალბედა მსახიობებიც: კესო ავალიშვილი (ახალგაზრდა სესილია), რაჟდენ ლაღაძე (ვასო გოძიაშვილი), მარიამ ჩანგელია (ახალგაზრდა ვერიკო), სანდრო ფოლადაშვილი (ნოდარ მგალობლიშვილი), ლევან მიქაბერიძე (გიგა ლორთქიფანიძე), თორნიკე მიქაძე (ელდარ შენგელია). მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდა სესილიას როლის შემსრულებელი კესო ავალიშვილი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად ხატავს დიდი მსახიობის ტიპაჟს, რომელიც იხატება სწორ მეტყველებაზე, ზუსტ ინტონაციებში და მოძრაობაში, ისე როგორც ჩვენს თვალწინ ცოცხლდება ვასო გოძიაშვილის ტიპაჟი. არანაკლებ დასამახსოვრებელია თორნიკე მიქაძის მიერ გაცოცხლებული ახალგაზრდა მიშა ჭიაურელი, ხოლო შემდეგ ელდარ შენგელაია. ფაქტურითა და მოძრაობით მარიამ ჩანგელია ახერხებს ახალგაზრდა ვერიკო ანჯაფარიძის ტიპაჟის შექმნას, თუმცა, როცა საუბარს იწყებს მსახიობს პერსონაჟი სულ სხვა გზით მიჰყავს, რითაც აშორებს ვერიკოს მხატვრულ სახეს. ვინაიდან წარმოდგენა (სავსებით სამართლიანად) მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში რჩება, ამიტომაც მართებულად მიმაჩნია გარკვეული შენიშვნების გამოთქმა, კონკრეტულად ახალგაზრდა მსახიობთა მიმართ, რომლებიც ახლა იძენენ გამოცდილებას დიდ სცენაზე - საჭიროა მეტი დრო დაუთმონ მათ სასცენო მეტყველებას, რათა მათ მიერ ნათქვამი ყოველი ფრაზა სახიერად იყოს მიტანილი მაყურებლამდე.

 

წარმოდგენის მთავარი ფიგურები ვერიკო და სესილიაა, რომელთაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ეკა ჩხეიძე და ქეთი ჩხეიძე ასრულებენ. ისინი არ ცდილობენ მიბაძონ ვერიკოს ან სესილიას, ისინი ქმნიან გენიალურ მსახიობთა თავისებურ და ორიგინალურ ვერსიას ლეგენდარული მსახიობების ტიპაჟებისა. ორივე მსახიობი ოსტატურად ხატავენ დიდი მსახიობების პერიპეტიებით სავსე რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების სურათებს, ეპიზოდებს, განცდებს, ვნებებს, ტკივილსა და სიხარულს. მაყურებელი მათ ენდობა და მათთან ერთად განიცდის, უხარია, სტკივა, ბედნიერია.

 

„ვერიკო და სესილია“ ჰიბრიდული წარმოდგენაა, რომელშიც ორგანულად ერწყმის საიუბილეო საღამოს, პერფორმანსის და სპექტაკლის ელემენტები, ერთმანეთს ენაცვლება მულტიმედია, ვიდეო პროექციაზე გამოსახული კინო არქივი, რადიოს ოქროს ფონდის ნიმუშები, ამოძრავებული თოჯინები და ცოცხალი სცენები ცოცხალი მსახიობებით. მაყურებელი მათთან ერთად მოგზაურობს დროში, რომელიც ხატავს ეპოქასა და პერსონებს ისეთს, როგორებიც ისინი იყვნენ.

bottom of page