ქართული თეატრი სტატისტიკაში

«ქართული თეატრი სტატისტიკაში»

დავით ბუხრიკიძე

ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთში პრემიერი, 2015 წლის თებერვალი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა საქართველოში მოქმედი 48 სახელმწიფო და კერძო თეატრის მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის შედეგები წარმოადგინა.
კვლევაში, რომელსაც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეოთხე წელია, ახორციელებს, შეფასებულია 2014 წლის ქართული თეატრის მნიშვნელოვანი მოვლენები. სტატისტიკურ ანალიზთან ერთად, კვლევაში წარმოდგენილია თეატრების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების რეიტინგები, რომლებიც ქართულ თეატრში მოღვაწეობდნენ.

კვლევის შედეგების შეფასება «პრემიერმა» თანამედროვე ქართული თეატრის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს სთხოვა:

_ მეოთხე წელია, აღნიშნული კვლევა ტარდება. რას ემსახურება ეს კვლევა და რა არის მისი მიზანი? უკვე არსებულმა კვლევებმა რა შედეგი გამოიღო?
 _ ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევა იყო სრულიად სპონტანურად მოფიქრებული და ექსპერიმენტი, რომელსაც პირველ წელს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ბუნებრივია, ველოდით მოწინააღმდეგეებს, მაგრამ სწორედ საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობამ მოგვცა ბიძგი, მომავალ წელსაც გაგვეგრძელებინა ამ მხრივ მუშაობა. კვლევის მიზანი იყო, დაგვედგინა ეფექტურად მომუშავე თეატრები. განსაკუთრებით ეს სახელმწიფო თეატრებს ეხებათ, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ და შესაბამისად, მათზე მონიტორინგი საზოგადოების ვალია, მით უფრო გავთამამდით იმის ფონზე, როცა თავად მათი დამფინანსებლები არ ახორციელებენ მონიტორინგს თეატრების მუშაობაზე. ზოგიერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს  კვლევის შედეგებმა ჩემ მიმართ აგრესია გაუღვივა, რადგან, ფაქტობრივად, შედეგებმა ამხილა მათი უუნარობა. წარმოიდგინეთ, თეატრს, რომელსაც ნახევარ მილიონამდე აქვს ბიუჯეტი და წელიწადში ორ სპექტაკლს დგამს, შედეგებით და მაჩვენებლებით სჯობდა თეატრი, რომლის ბიუჯეტი ოთხჯერ ნაკლებია მასზე და მის ანგარიშზე ოთხი ახალი სპექტაკლია წლის განმავლობაში. პირველ ეტაპზეც ჩვენი მიზანი ეს იყო, დაგვედგინა აქტიური და ეფექტურად მომუშავე თეატრები. წლიდან წლამდე იზრდება ამ კვლევაში მონაწილე თეატრების რიცხვი, რადგან კვლევა, პირველ ყოვლისა, მათი მუშაობის პოპულარიზაციასა და მათ წარმოჩენას ემსახურება და არამხოლოდ მანკიერი მხარეების გამოვლენას.
_ მკითხველისთვის რომ ნათელი იყოს, რა ტენდენციები გამოკვეთა კვლევის შედეგებმა?
_ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა: იზრდება ინტერესი თანამედროვე ქართული დრამატურგიისადმი და ამ ინტერესის დამკვეთი, პირველ ყოვლისა, მაყურებელია, რომელსაც ანგარიშს უწევს თეატრები; ასევე, შესამჩნევია რეჟისორების გასცენოგრაფება. ხშირად ვხვდებით რეჟისორებს, რომლებიც სპექტაკლის მხატვრები თავად არიან. ასევე, იმატა დრამატულ თეატრებში საბავშვო წარმოდგენებმა, რადგან ინტერესი საბავშვო რეპერტუარზე საკმაოდ დიდია. სწორედ ამ ტიპის სპექტაკლები ლიდერობენ რეპერტუარში წარმოდგენების რაოდენობით, შემოსავლებით და, შესაბამისად, მაყურებელთა დასწრებით. არის გამონაკლისებიც, ძირითადად კერძო თეატრებში არ იდგმება საბავშვო სპექტაკლები და იქ ლიდერის პოზიცია რეპერტუარში გამორჩეულ სპექტაკლებს უჭირავს.
 _ ბოლო წლებში თეატრის წარმომადგენლები, მსახიობები თუ რეჟისორები პოლიტიკაში ერთვებიან, ამ მხრივ, თუ აჩვენა კვლევამ კონკრეტული შედეგი?.. ასეთი მსახიობებისა თუ რეჟისორების რეიტინგში რა ხდება?
_ საინტერესო კითხვაა. ვინც პოლიტიკით არიან გატაცებულ-დაკავებულნი, თეატრში მათი აქტივობა იკლებს და ეს, პირველ რიგში, მათ შემოქმედებაზე აისახება. ისინი არც პროდუქტიულები არიან და არც მხატვრული თვალსაზრისით ქმნიან რაიმე საინტერესოს. 2014 წელს თუ თვალს გადავავლებთ, პოლიტიკურად აქტიურ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებს არაფერი დაუდგამთ, მათი შემოქმედებითი წელი ცარიელია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ მსახიობი და რეჟისორი თავის პოლიტიკურ შეხედულებებსა და მრწამს სცენიდან უნდა ამბობდნენ და არა მიტინგზე ტრიბუნიდან. რამდენიმე რეჟისორი ვერ ხვდება, რომ მათ პოლიტიკა დროს და, შესაბამისად, პროფესიასაც ართმევს. ასეთი რეჟისორების, ან მსახიობების პროფესიული რეიტინგი ეცემა და ბევრი გვინახავს და გვახსოვს, როგორ ჩამოაცილა პოლიტიკამ ისინი სცენასა და თეატრს. ამიტომ სჯობს, რეჟისორმა სპექტაკლი დადგას და ნუ კარგავს დროს იმაზე, რაც მისი საქმე არ არის.
_ მთლიანობაში ქართული თეატრის ბედზე რას ამბობს კვლევა?
_ მე ნუ მომიაზრებთ პესიმისტურად განწყობილთა კატეგორიაში, რომლებიც მოთქვამენ, რომ ქართული თეატრი კრიზისშია და გადაშენების პირასაა. ქართული თეატრი საგრძნობლად ვითარდება და ჩვენ გვყავს საინტერესო ახალგაზრდები, რომლებიც დიდ იმედს იძლევიან სამომავლოდ. რაც მახარებს, ისინი ერთმანეთს არ ჰგვანან, არც გემოვნებით, არც მსოფლმხედველობით და არც მისწრაფებებით. სუსტი მსახიობი და რეჟისორი უფროს თაობაში არ გინახავთ? შტამპებისგან დამძიმებული და დროს აცდენილი სპექტაკლიც ბევრი იდგმება და სულ მიკვირს, რატომ ადგმევინებენ მათ სპექტაკლებს. ან არტისტი, რომელიც ფიზიკურად არ არის ფორმაში, რატომ ვერ ხვდება, რომ ეს პირველ რიგში მის იმიჯს აზიანებს და უარყოფითად განაწყობს მაყურებელს მის მიმართ.
_ რა პრინციპით ავლენთ საუკეთესო სპექტაკლებს?
_ საუკეთესო სპექტაკლების გამოსავლენად შვიდი პროფესიონალისგან შემდგარი კომისია შევქმენით. კომისიაში შევიყვანეთ ის თეატრმცოდნეები, რომლებიც აქტიურად ესწრებიან სპექტაკლებს, წერენ რეცენზიებს და ითვლებიან მოქმედ კრიტიკოსებად. სიმართლე გითხრათ, ფართო არჩევანიც არ გვქონდა, რადგანაც ჩვენი წრე ისედაც მცირერიცხოვანია. ამავდროულად, ჩვენს მიერ აღიარებული სპექტაკლების ხუთეული არის კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობის შეხედულება და სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია სრული ჭეშმარიტება, მაგრამ მერწმუნეთ, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან, რადგან ჩვენ არ გვიხელმძღვანელია სტერეოტიპული მეთოდოლოგიით. რომ გამოცდილი და აღიარებული ხელოვანი არ უნდა დატოვო პრიზის გარეშე, ან წაახალისო რომელიმე ახალგაზრდა რეჟისორი, ან წარმოაჩინო რეგიონის თეატრი. ჩვენ ყველა უნებლიე მონაწილე თანაბარ პირობებში ჩავაყენეთ.
_ კვლევის მიხედვით, გასული წლის საუკეთესო სპექტაკლებად რომლები დასახელდა?
_ 2014 წელს დადგმული სპექტაკლების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა: «ფსკერზე» _ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი დათო დოიაშვილი; «რიჩარდ III» _ თავისუფალი თეატრი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი; «ტკივილი არის ახალგაზრდობა» _ სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე; «მაკბეტი» _ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი ანდრო ენუქიძე; «მაკბეტი» _ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი იოანე ხუციშვილი.
_ საინტერესოა თეატრების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების რეიტინგები, რომლებიც ამ კვლევაში არიან წარმოდგენილნი...
_ სია საკმაოდ გრძელია, ხუთეულების შემადგენლობა უკვე გამოქვეყნდა და მათი ნახვა ჩვენი ცენტრის გვერდზეც შეუძლია დაინტერესებულ პირს. წელს კვლევაში ლიდერის პოზიციებზე სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდა ახმეტელის თეატრი. იქ სულ რაღაც შვიდი თვეა, რაც ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა და მიხარია, რომ ამ მოკლე ხანში ამ თეატრში, საინტერესო შემოქმედებით პროცესთან ერთად, ეფექტური და სტაბილური მუშაობა მიმდინარეობს. წელს სტაბილური ფუნქციონირებით, პრემიერებისა და მაყურებელთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია ახმეტელის თეატრთან ერთად მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის თეატრებშიც შეინიშნება, ამ მიმართულებით კი ლიდერი საბავშვო და საყმაწვილო თეატრების კატეგორიაში საქართველოში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს უჭირავს, რომელსაც აქტიურობით თბილისის თოჯინების თეატრი მოსდევს. რაც შეეხება ლიდერ თეატრებს რეგიონებში, ესენია: გორის, მესხეთისა და ოზურგეთის თეატრები.
_ რა ძირითადი პრობლემები აჩვენა კვლევის შედეგებმა?
_ პრობლემა ბევრია, რომლის შესახებაც კარგად იციან თავად თეატრებმა და მათმა დამფუძნებლებმა. მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან ერთად, დიდი პრობლემაა დასების ახალგაზრდა კადრებით შევსება. განსაკუთრებით რეგიონებში დგას ეს პრობლემა. ასევე, პრობლემატური საკითხია მაყურებლის სიმცირე, რომელსაც თეატრების მარკეტინგისა და პიარსამსახურებთან მივყავართ. რაც შეეხება შემოქმედებით პრობლემებს, რეჟისორები ხშირად სცოდავენ, როცა რეგიონების თეატრებში ჩასულები სპექტაკლებს ორ კვირაში დგამენ. ასეთი ზერელე მიდგომით ვერც საკუთარი შემოქმედების რეალიზებას ახდენენ და ვერც იმ დასებს ეხმარებიან პროფესიულ ზრდაში, რომლებთანაც მუშაობენ.
_ საინტერესოა ერთი რამ,  კვლევამ აჩვენა კონკრეტული შედეგები, შემდეგ რა ხდება? ვინმეს ეგზავნება, რეკომენდაციის სახით, და მუშაობენ ხარვეზებისა თუ პრობლემების აღმოფხვრაზე, თუ უბრალოდ ეს მხოლოდ სარეიტინგო კვლევაა?
_ წელს არც ვაპირებდით კვლევის განხორციელებას, რადგან ამდენი წლის მანძილზე განსაკუთრებული ინტერესი ვერ შევნიშნეთ კულტურის სამინისტროს, ორგანიზაციას, რომელიც თავად უნდა ახორციელებდეს მსგავს კვლევას. ჩვენ მას მონიტორინგის შედეგების დოკუმენტს, ფაქტობრივად, უფასოდ, გამზადებულს ვაწვდით, მაგრამ ამაოდ, მათი ინტერესი არც ჩვენ შეგვინიშნავს და არც წარმატებული თეატრების ბიუჯეტებზე ასახულა ციფრებში. ამის გამო დაკარგული გვქონდა სრული მოტივაცია, ენთუზიაზმით გაგვეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ პროფესიულმა სინდისმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ საზოგადოებისთვის არ გაგვეგებინებინა იმ თეატრების მუშაობის შესახებ, რომლებიც აქტიურობენ, შრომობენ, ქმნიან საინტერესო სპექტაკლებს. საუკეთესო ხუთეულებს 10 ლარის ოდენობის პრიზიც კი ვერ მივეცით, იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ფულის ხარჯვა არც კერძო სექტორს სურთ და არც სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ ვფიქრობ, მოტივაციისთვის, საუკეთესო ხუთეულებში დასახელებაც კი აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო. ვიღაცამ ხომ უნდა შეაფასოს მათი ნამუშევარი, რათა მომავალში უკეთესის კეთების სურვილი არ გაუქრეთ.
_ რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში კვლევას?
_ ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა სათეატრო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ლოგიკური და ბუნებრივია. სასიხარულოა, როცა კვლევის შედეგებმა სათეატრო წრეებში ბევრს ისეთ საკითხებზე დააწყებინა დისკუსია, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი იყო და არავინ კამათობდა. ჩვენც გვყავს ოპონენტები და მათ ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენთ, ვცდილობთ, გავიზიაროთ კიდეც. ასე მოხდა წელს, როცა მშრალ ციფრებს პროფესიული ანალიზიც დავამატეთ, რაც საუკეთესო ხუთეულების შედგენაში გამოვლინდა. თუკი ვინმეს ჩვენ მიერ დასახელებული საუკეთესო ხუთეულები არ მოსწონს, სრული უფლება აქვს, შემოიკრიბოს თანამოაზრეთა ჯგუფი და შექმნას ალტერნატიული კომისია, მით უმეტეს, ეს ნიშა იმდენად თავისუფალია, რომ ბევრი სახის სათეატრო კონკურსს დაიტევს, თუკი ამის რესურსი ქართულ თეატრმცოდნეობასა და სათეატრო კრიტიკაში არის, რაშიც მე ეჭვი მეპარება.