top of page

„ … ქართველ ქალთა ვნახე კრება!“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

4BC156F5-FC25-4986-B643-49502330592A.jpg

თამარ ქუთათელაძე

  „ … ქართველ ქალთა ვნახე კრება!“

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე, ბოლო სასწავლო და თეატრალური სეზონების მანძილზე უკვე მეორედ იქნა დადგმული გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის ტრენდული პიესა - შადიმან შამანაძის „ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში“. გასულ წელს მაყურებელმა იხილა რეჟისორების - გიორგი სიხარულიძისა და თინათინ კორძაძის მიერ განხორციელებული პიესის თავისუფალი ინტერპრეტაცია სახელწოდებით „სავანე“. 2025 წლის მაისში კი, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის დადგმა.

        

პიესისა თუ სპექტაკლის მოქმედ გმირებში მხოლოდ ქალები არიან. აშკარად სიმბოლური და მრავლისმთქმელია მათი სახელები - თამარი, ქეთევანი, თინათინი, დარეჯანი. ამ დიდმა ქართველმა ქალებმა ხომ მარადიული ადგილი დაიმკვიდრეს ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაში. ამ ძლიერ, მებრძოლ, დიდად ავტორიტეტულ, სამაყო ქალბატონებს, პიესის ავტორისა თუ დამდგმელი რეჟისორის თვალთახედვით, ჩვენს რეალობაში ჩაენაცვლნენ დამოუკიდებელი, საკუთარ პროფესიაში წარმატებული, მაგრამ პირადი ბედნიერების მოსაპოვებლად უშედეგოდ გარჯილი მშვენიერი ახალგაზრდები. როგორც ირკვევა, 80-იანი წლებიდან დღემდე, ქართველ ქალთა დრამატული ხვედრი უცვლელი დარჩა, ისევე როგორც თავად აკაკი წერეთლის განწყობა, გაცხადებული მის შედევრალურ ლექსში „სიზმარი“, რომლის ინსპირაციითაც შეიქმნა პიესა.

          

გიორგი მარგველაშვილის რეჟისურით ერთ მოქმედებად წარმოდგენილი თითქმის ორსაათნახევრიანი დადგმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გულგრილს ვერავის ტოვებს. ტატო გელიაშვილის მიერ შექმნილი სპექტაკლის მხატვრობაც დიდი გემოვნებითაა შესრულებული. სცენაზე ზედმეტი არაფერია. თანამედროვე ყაიდაზე მოწყობილი საცხოვრებელი ბინის ინტერიერში მოქმედება ერთი საღამოს მანძილზე ვითარდება. წარმოდგენის დასაწყისში მაყურებელი თვალს ადევნებს საშუალო ასაკს მიღწეული დების - თამრიკოსა და ქეთის სამზადისს ვინმე საპატიო სტუმრის მისაღებად. როგორც ირკვევა ამ დახვეწილი ახალგაზრდა ქალებისთვის, უცნაური ვიზიტორის  „განაჩენი“ უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქ და ახლა გაცხადდება მათი მომავალი.

            

სცენა  უხვადაა გამოფენილი უფროსი დის, ქალთა სამოსის დიზაინერი თამრიკოს მიერ შექმნილი ნამუშევრებით. თითქოსდა ხალისიან სამზადისში გართულ დებს მალევე ემატებათ ასევე დახვეწილი, საქმიანი, განათლებული, მომხიბლავი ორი მეგობარი - თიკა და დარეჯანი. ოთხივე ქალბატონი კარგად აღზრდილი, თავშეკავებული, იუმორით აღსავსე, თითქმის სრულქმნილი, თუმცა როგორც მალევე გაირკვევა, საკუთარი მოუწყობელი პირადი ცხოვრებით უსაზღვროდ უკმაყოფილო, დეპრესიული არსებაა.  პიესაშიც, ისევე როგორც სპექტაკლში, სასურველი შამანის სტუმრობა არ შედგა, თუმცა სწორედ მისი პროვოცირებით ხდება ნათელი ამ ოთხი ნატიფი ქალის სავარაუდო ხვედრი.  

       

პიესაში გვხვდება კიდევ ერთი მოქმედი პირიც, რომელსაც სცენაზე ვერ ვხედავთ, მაგრამ მასზე უხვად გვთავაზობენ ინფორმაციას მოქმედი პირები. თანამედროვე ეპოქამ, ალოგიკურმა, აპოკალიფსურმა სამყარომ, სადაც სულ უფრო მძლავრობს ტრიქსტერის ძალაუფლება, უსწრაფესად წაშალა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის. დაემხო ყველა მარადიული ღირებულება და ავანსცენიდან კულისებში მიიმალა ჩვენი ტურბულენტური საუკუნის ფსევდოღირებულებებით დახუნძლული,  გაუსახურებული მამაკაცის ტიპი.  გურამი, რომლის თაობაზეც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში საუბრობენ, დრამატურგმა დიდი ქართველი კაცების სიმბოლური სახელით არ გაგვაცნო. ამითაც მიგვანიშნა მის დეგრადაციის მასშტაბზე. კულისებიდან ქალთა მოთვალყურე ახალგაზრდა კაცი, დავით კლდიაშვილისეული ოსიკოს ვარიაციაა. უნებისყოფო, ცინიკოსი, მძვინვარე ტრიქსტერის მსახურად ჩამოქვეითებული ქართველი კაცი, აშკარად  მისივე ქაოტური ყოფის მსხვერპლი, საკუთარი თავის მაჭანკალიცაა. ისიც ოსიკოსავით დაწანწალებს, ეძებს და ვერ პოულობს მისთვის სასურველ შეძლებულ საცოლეს, ერთობა მშვენიერი ქალების მარტოობით. ეს შეუმდგარი, სარგებლისმოყვარე კაცი, მომხიბლავ ქალებთან ხანმოკლე ფლირტით, შემდგომ კი მათი დამცირებითა და განშორებით იკმაყოფილებს თავის შელახულ ღირსებებს.

         

დრამის ფაკულტეტის, დრამისა და კინოს მსახიობის ამ საკვალიფიკაციო ნამუშევარში (ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი მარგველაშვილი), მსახიობთა თამაშში, სახე-ნიღბებში (მონაწილეობენ: მარი ენგურელი-დარეჯანი, ნინი ნოზაძე-ქეთი, თამარა ვანიშვილი-თიკა, ელისაბედ რუხაძე-თამრიკო (მოწვეული მსახიობი), ჟესტებსა თუ ინტონირებებში, მკაფიოდ იკვეთება მაესტრო გოგი მარგველაშვილის სკრუპულოზური შრომა. თითოეული მსახიობის მიერ განსახიერებულ სცენურ სახეს, თითქოს შლეიფივით დაჰყვება რეჟისორ-პედაგოგის ხმა. მსახიობები გააზრებულად, თანმიმდევრულად, დახვეწილად მოძრაობენ სცენაზე, მეტყველებენ მკაფიოდ, გამჭვირვალე ქვეტექსტებით. თითოეული მთელი ფსიქოფიზიკური აპარატით გვიყვება მათი სცენური გმირის ისტორიასა და ტკივილს, მაქსიმალური თავშეკავებით, მაგრამ მკაფიოდ  ხატავენ საკუთარი ბედნიერებისთვის მებრძოლ ქალთა ტრაგიკულ პორტრეტებს. სანატრელი სტუმრისგან მიტოვებულნი, აცნობიერებენ საკუთარი მიმქრალი იმედების კრახს და ემოციებიც აპოგეას აღწევს. წყობიდან გამოსული, უსამართლო ბედისწერასთან ამხედრებული, თითქოსდა ქარის წისქვილთან შერკინებულნი, იძარცვებიან ყალბი თავდაჯერების, ხალისიანი განწყობისა თუ სიმშვიდის ნიღბისგან. ასეთ დროს, დაუნდობლად ცდილობენ აღიარონ საკუთარი მარცხი და მეგობრებიც აიძულონ გაიაზრონ მკაცრი, ძალზე მტკივნეული სინამდვილე. შოთა გეგიაძის მიერ შექმნილი ნერვიული სასცენო მოძრაობებით დატეხილი  საცეკვაო ოპუსებით, ცხადად თამაშდება გმირთა შინაგანი ისტერია. საკუთარ თავსა თუ ყოფილ სატრფოზე ძლივს შეკავებული ბრაზით აღსავსე, თავდავიწყებით მოცეკვავე მარი ეგურელის მიერ განსახიერებული დარეჯანის მონასმები, სულისშემძვრელ ამბოხს, პროტესტს, თავზარდამცემ ტკივილს გამოხატავს.

      

სცენაზე შექმნილი ხასიათები მკვეთრი და განსხვავებულია. თითქმის არაამქვეყნიური სილამაზის, უჩვეულოდ ჰაეროვანი, ქალური სინაზითა და ხიბლით გამორჩეული თამარ ვანიშვილის თიკა, უკიდურესად დამთმობია. ის მორჩილებით, შიშითა და თანაგრძნობით ეგებება მეგობრის ახირებებს. წარმოდგენის მიწურულამდე გაგებითა და თანაგრძნობით ეგუება გაავებული დარეჯანის თავდასხმებს მის წარუმატებელ გაბრძოლებებზე თუნდაც მეორადი პარტნიორის მოსაპოვებლად. სპექტაკლის ბოლოს კი, ისიც იმაღლებს ხმას და ღიად აღიარებს დაფარულ მარცხს.

       

ნინი ნოზაძის მიერ განსახიერებული, მეგობრებს შორის ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელი ქეთი, თითქოს იმედს არ კარგავს. თუმცა, მასშიც შეიგრძნობა „ხავსს ჩაჭიდებული“ ქალის სევდა. ისიც გრძნობს, რომ არც მას გაუმართლებს ექსცენტრიულ, გაუწონასწორებელ, ღირსებადაკარგულ გურამთან. ამიტომაც მღელვარედ რეაგირებს ტელეფონის ყოველ ზარზე, ხმა უკანკალებს ე.წ. სატრფოსთან სატელეფონო დიალოგის დროს. ის დიდხანს, საგულდაგულოდ მალავს ამ საეჭვო კაცთან ურთიერთობას. თუ სპექტაკლის დასაწყისში საზეიმო წითელ კაბაში გამოწყობილი, დახვეწილი მაკიაჟითა და წითელი პომადით დამშვენებული ქეთი, მთელი არსებით კაშკაშებს თვალებგაბრწყინებული, სპექტაკლის მიწურულს ფერდაკარგულ კაბაში ჩაცმული, უღირსი კაცისაგან მიტოვებულ-დამცირებული, ჩამქრალ, დათრგუნულ, წამიერად მობერებულ ქალად წარმოგვიდგება.

          

მსახიობი მარი ენგურელი მძაფრი ემოციით, დიდი შინაგანი ტკივილით თამაშობს  დარეჯანის გურამთან წარუმატებელი ურთიერთობით განცდილ დრამას. ავანსცენისკენ ჩამომჯდარი, განმარტოვებული, ვეღარ მალავს ცრემლს, მთელი სხეულით წარმოაჩენს იმ დიდ ტრავმას, მოუშუშებელი ჭრილობა რომ დაუტოვა. თვალცრემლიანს ახსენდება გურამთან გატარებული ბედნიერი წამები, იმედების თავბრუდამხვევად მზარდი განცდა, პარტნიორის ლამის ოჯახის წევრად მიჩნეული განწყობა და უეცრად თავზარდამცემი კრახი, მისი სამარცხვინო ღალატი. მსახიობი წარმოაჩენს ყოფილი შეყვარებულის მორიგი მანიპულაციებით აღშფოთებულ, მებრძოლი ქალის სახეს. ცდილობს ფუჭ იმედს ჩაბღაუჭებულ, სიყვარულისთვის თავგანწირულ, გამოუცდელ ქეთის ააცილოს ის სულისშემძვრელი ტანჯვა, რაც თავად დაატყდა.

          

ელისაბედ რუხაძის მიერ განსახიერებული თამრიკო თითქოს უკვე შეგუებია მარტოობას. ეს სერიოზული, დინჯი, ყოვლიმომთმენი, თვითკმარ არსებად გადაქცეული ახალგაზრდა ქალი, უმცროს დასთან თუ მეგობრებს შორის, ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებაა. მის მიმართ ყველა ნდობითაა განწყობილი. მისი სჯერათ, ენდობიან,  ყურადღებით უსმენენ.   ოთხი მეგობრის ერთად გატარებული ერთი საღამო, ააშკარავებს არა მხოლოდ მათ შინაგან სამყაროს, მათ ღირსებებსა თუ მიზანსწრაფვებს, არამედ ზოგადად თანამედროვე ქალთა ღირებულებებს. განმარტოების, ერთმანეთისგან გაცლის, უნებური კონფლიქტის აცილების აუცილებლობის განცდის დროს, ისინი აივანთან იკავებენ ხოლმე ადგილს და გარესამყაროდან მონაბერი ნიავი, თითქოს აგრილებს აღგზნებულ, მოუწყობელი ყოფით უკმაყოფილო პერსონაჟებს, სიმშვიდის განცდით ავსებთ. თითოეულმა კარგად იცის ერთმანეთის გაუხუნარი ღირსებაცა და ადამიანური ნაკლიც. ამიტომაც ებრძვიან თავს, რომ  წინასწორობადაკარგულებმა,  წყენა არ მიაყენონ მრავალწლიან, ერთგულ, მოსიყვარულე მეგობრებს. ეს მშვენიერი, კინოკადრის მსგავს ფორმასა და განათებაში გახვეული მიზანსცენები კი, სილამაზესთან ერთად, მისტიკურ საბურველშიც ახვევს მშვენიერ ქალებსაც და ამ ლამაზ, დახვეწილ სპექტაკლსაც, რომლის მიწურულს, თავადაც ვერ იხსენებენ რა ჯაოსნობა გაათამაშა ონავარმა შამანმა თუ სასტიკმა, მანიპულაციათა დიდოსტატმა ტრიქსტერმა. და საერთოდ, როგორც ავანსცენაზე ჩამომჯდარი, უმიზნო მომავალზე მწარედ დაფიქრებული,  თვალცრემლიანი მარი ენგურელის დარეჯანი აცხადებს -  მოხდა კი რამე?..

bottom of page