top of page

რა არის INTRO?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

275769696_654845735739972_1295833460655292546_n.jpg

ნუცა კობაიძე

 

რა არის INTRO?

მუსიკის, რითმის ინსპირაციით შექმნილი მოძრაობები

 

2013 წლის პრემიერიდან 9 წელი გავიდა, არაერთხელ შეიცვალა „INTRO”-ს მსახიობთა შემადგენლობა და ამის მიუხედავად წარმოდგენა არ კარგავს პოპულარობას. რეჟისორმა კახა ბაკურაძემ პერფორმანსი სანდრო ნიკოლაძის მუსიკალურ ალეგორიაზე ააწყო. ცოცხალი მუსიკის (კომპოზიტორი თავად უკრავს არაერთ ინსტრუმენტზე) ფონზე, შთამბეჭდავი სანახაობა იშლება მაყურებლის თვალწინ. „ინტრო“ ჟანრობრივად შეიცავს საცირკო სანახაობის, მარიონეტების და თანამედროვე თეატრის ელემენტებს. პროგრამაშივე ვკითხულობთ, რომ წინ გველოდება დრამატული ცირკი, მუსიკალური შოუ, ბაგირზე მოცეკვავე ბალერინები, მხიარული ჟონგლიორები, თოკზე მოხტუნავე აკრობატებისა და ვოკალის სინთეზი.

 „ინტრო“ - მედიტაცია, საკუთარი სხეულიდან გასვლაა. აქ მსახიობების ყოველი მოძრაობა ავანსცენიდან ნათქვამი სიტყვის ტოლფასია. „სულ რაღაცის რატომ გვეშინია?“; „ვის ადარდებს მომავლისკენ რომ მივდივართ ხოხვით“; „როცა დღე ღამეზე ბნელია…“; „ჩვენ არ გავქრებით...”- რეჩიტატივებს კახა ბაკურაძე ხშირად მიმართავს, რაც ფაქტობრივად რეჟისორის ხელწერად იქცა. ამ ხერხით პროტაგონისტი ინტონაციურად აქცენტირებს პრობლემებზე, რომლებიც ასე აქტუალურია დღეს.

თითქოს, ცეკვები არ არის დადგმული, მსახიობები კი მოძრაობენ ისე, როგორც მათ სურთ იმ მომენტში და ამგვარად შინაგანად განიმუხტებიან. მუსიკის რიტმისა და ტექსტის რითმის ინსპირაციით მაყურებლის თვალწინ იქმნება ხელოვნება. ბევრი რამის თქმა შეუძლია სხეულის ენას.  მოძრაობის თეატრის მსახიობები პლასტიკით გადმოგვცემენ სიყვარულს, პროტესტს, ყვირილს. ცეკვას სიუჟეტური ფუნქცია აკისრია. სანდრო ნიკოლაძის გარშემო შეყვარებული წყვილების ტანგო: ჰაერში (ფეხებით დაკიდებული), კედელზე თუ იატაკზე,   კომპოზიტორის ალეგორიულ-მუსიკალური პარალელების ასოციაციას გვიქმნის. მის ფანტაზიას ხორცს ასხამს აკორდეონი, ყოველი აკორდის აღების დროს განათების საშუალებით სხვადასხვა სივრცეზე მოცეკვავე მსახიობებს რომ აფიქსირებს.

დრამატულ თეატრში მისული პუბლიკა მეტ-ნაკლებად მომზადებულია - ან პიესა აქვს წინასწარ წაკითხული, ან ამბად მაინც გაუგია რას ეხება სპექტაკლი. ამ შემთხვევაში ყველაფერი შეგრძნებებამდეა დაყვანილი. აქ არაფრის ცოდნა არ არის საჭირო, მთავარია გათავისუფლდე ყოველგვარი დაძაბულობისგან და მიიღო სიამოვნება სანახაობისგან. კახა ბაკურაძემ დადგმა სანდრო ნიკოლაძის მუსიკას და წარმოდგენის იდეას შეუსაბამა, რაც თვალსაჩინო გახდა სცენურ ქმედებაში. აქ ცეკვას აქვს არა წმინდა ქორეოგრაფიული, არამედ, დრამატული დანიშნულება.

ტროსზე ხელით დაკიდებული მოცეკვავის (ანი თალაკვაძე) შინაგანი დაძაბულობა და ეიფორია გამოიხატება მოძრაობებში, რაც ჭეშმარიტად დრამატულია, თავისთავად ბადებს რიტმულ აღმავლობას და ემოციურად ითრევს მაყურებელს, რომელიც სცენაზე მიმდინარე ამბის თანამონაწილე ხდება.

იმპროვიზებულ სცენებში გვხვდებიან ჰაერში დაკიდებული ჟონგლიორები აკრობატული ილეთებით; ქვისმთლელი  (მიხეილ ზაქაიძე) ჩვენს თვალწინ აცოცხლებს ქანდაკებას; მარიონეტი არფაზე უკრავს და ალკოჰოლით შეზარხოშებული სევდიანი მამაკაცი (მარიონეტის მსგავსად მართავს სამი ადამიანი) ალეგორიებით გვესაუბრება: - „და თანაც შავ ზღვას მარილიც გამოელია“. სპექტაკლის მანძილზე ჰარმონიული მელოდიის ფონზე  რამდენჯერმე გვესმის ნასროლი მეტაფორული ფრაზა.

 

რთულია დავწერო და სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, რაც „INTRO”-ს ნახვის შემდეგ მომყვება. ეს არის პერფორმანსი, რომელსაც ერთხელ ნახვის შემდეგ აუცილებლად მიუბრუნდებით.

bottom of page