top of page

რა ცუდად ვგრძნობთ, რა ცუდად ვხედავთ ...

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_6738.JPG

ლაშა ჩხარტიშვილი

 

რა ცუდად ვგრძნობთ, რა ცუდად ვხედავთ ...

 

რაიმე ქცევის განსახორციელებლად ადამიანი, შინაგან მზაობასთან ერთად, საჭირო უნარების გააქტიურებას და მობილიზებას ახდენს იმ დანაკლისის შესავსებად, რაც მას აკლია. ამ პროცესს მეცნიერები განწყობას უწოდებენ. განწყობას კი ადამიანის ცხოვრების რადიკალურად შეცვლაც შეუძლია, რომელსაც შესაბამისად ან პოზიტიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ან სავალალო. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა მიზანს ისახავს ადამიანი. სწორედ ამ და სხვა არაერთ პრობლემაზე საუბრობს საბა ასლამაზიშვილი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში განხორციელებულ სპექტაკლში „ავადმყოფობის სიმულაცია“, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ჟან ბატისტ მოლიერის კომედიის „ეჭვით ავადმყოფის“ მიხედვით დადგა. პიესის თარგმანსა და ადაპტაციაზე ვალერი ოთხოზორიამ იმუშავა. ერთი მხრივ, რეჟისორი მოლიერის ტექსტს და მისი კომედიებისთვის დამახასიათებელ თამაშის მანერას ეყრდნობა, მაგრამ მეორე მხრივ, საგრძნობლად შორდება მოლიერის ატმოსფეროს არა მხოლოდ ეპოქის აღრევითა და მისი განზოგადებით, არამედ თამაშის ხერხითაც. რეჟისორს აშკარად არ „აძლევს“ მოლიერის პიესა იმდენს, რაც მას სჭირდება თავისი ჩანაფიქრის მაყურებლამდე მოსატანად, ამიტომაც მიმართავს ის პირდაპირი, შემხებლობითი ინტერაქტივის ხერხს, რომელიც მსახიობისგან იმპროვიზაციის განსაკუთრებულ უნარსაც ითხოვს და შესაბამისად, ამით კომედია დე ლ’არტეს ფორმასაც უახლოვდება, ოღონდ ნიღბების გამოყენების გარეშე. საერთოდ, ამ კონკრეტულ სპექტაკლში საბა ასლამაზიშვილი ტექსტის დეკონსტრუქციასთან ერთად, სხვადასხვა სათეატრო ფორმების დანაწევრებულ და სანახევროდ გამოყენების ხერხსაც მიმართავს. ის ამ დადგმით ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებს და ცდის მას მსახიობებთან და მაყურებელთან ერთად.

საბა ასლამაზიშვილი დღეს ქართულ თეატრში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შრომისმოყვარე რეჟისორია ახალგაზრდა თაობაში, რომელიც შემოქმედებითი აქტიურობით არა მხოლოდ ავითარებს პროფესიულ უნარებს, არამედ მუდმივად იძენს ახალ გამოცდილებას. ექსპერიმენტებისთვის ის იყენებს სხვადასხვა პლატფორმებს, მათ შორის, რეგიონის თეატრებს, რაც თავისთავად, ახალი გამოცდილებაა იმ დასებისთვის, რომელთანაც ის მუშაობს. ჭიათურის თეატრში განხორციელებული „ავადმყოფობის სიმულაცია“ ახალგაზრდა რეჟისორის მორიგი ექსპერიმენტია, კლასიკურ პიესაზე დაყრდნობით რეჟისორი ცდილობს ჩვენი თანამედროვეობა და საკუთარი თავი დაგვანახვოს.

საბა ასლამაზიშვილს სხვა ღირსებებთან ერთად, მსახიობის დარწმუნების უნარიც აქვს. მას შეუძლია შემოქმედებითი ჯგუფი პირველივე შეხვედრის დროს თანამოაზრეებად აქციოს. ასე მოხდა მოლიერის „ეჭვით ავადმყოფის“ შემთხვევაშიც. წარმოდგენაში მონაწილე სამი მსახიობი: თამარ ჯაჯანაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე და ანდრია ვაჭრიძე ერთმანეთთან არა მხოლოდ თანამოაზრეობას, არამედ კარგი პარტნიორობის უნარსაც ავლენენ. გარდა ამისა, სამივე მსახიობი განსხვავებულ ამპლუაში ვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მათ ნიჭიერებასა და პროფესიონალიზმში. გიორგი ჩაჩანიძე სპექტაკლში, საკუთარი თავის გარდა, კოლეგებისგან განსხვავებით, ბატონი არგანის როლს ირგებს მხოლოდ. მსახიობი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს რეჟისორის ამოცანებს და ოსტატურად ატარებს მაყურებელთან ინტერაქტივის ეპიზოდებს. ის, როცა მსახიობი გიორგი ჩაჩანიძეა, უშუალო, ბუნებრივია და გულწრფელი, ხოლო ბატონი არგანის შესრულებისას მსახიობი იყენებს გროტესკს, რაშიც მას ხელს უწყობს კოსტიუმი. თამაშის ამ მანერაში მსახიობი ინარჩუნებს ზომიერებას. გიორგი ჩაჩანიძის ბატონი არგანი კარიკატურული, გროტესკული პერსონაჟია, რომელიც დაავადებულია ავადმყოფობის შიშით (პრევენციის მიზნით ის მკურნალობს კიდეც). ამ განწყობას მისთვის სავალალო, ტრაგიკული შედეგი მოაქვს და რას აკეთებს ამ დროს ოჯახის წევრები, საზოგადოება, რომელსაც მისი გადარჩენა შეუძლია? არც არაფერს! რადგან ყველას თავისი მერკანტილური ინტერესი აქვს. ადამიანი კი ეწირება უაზრო აკვიატებას, იმის გამო, რომ ის არასწორად ხედავდა და მცდარი შეხედულებები ჰქონდა მომავალზე. ნამდვილი არტისტული ფეიერვერკი მოაწყო ანდრია ვაჭრიძემ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში, რომელმაც პიესის „ეჭვით ავადმყოფი“ თითქმის ყველა პერსონაჟი და საკმაოდ ოსტატურად განასახიერა.  ანდრია ვაჭრიძემ ერთდროულად ასრულებს ქალებისა და კაცების, დიდგვაროვნებისა და მდაბიოების, მამაცებისა და ყეყეჩების, მლიქვნელებისა და პირუთვნელების ტიპაჟებს. ამ პერსონაჟთა განსახიერებისას მსახიობი რეკორდული სიჩქარით ირგებს სახე-ტიპაჟების ნიღბებს, იცვლის ხმის ტემბრს, მეტყველების მანერას, სიარულის სტილს და გარდაიქმნება სულ სხვა პერსონაჟად. მსახიობი ამ გარდასახვების კასკადს ხშირად მექანიკურადაც ახორციელებს, რომლის მიუხედავადაც ახერხებს თუნდაც გარეგნულად ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპაჟების შექმნას.  არანაკლებ საინტერესოდ მუშაობს თამარ ჯაჯანაშვილი, რომელიც ძირითადად არგანის ქალიშვილის, ანჟელიკის როლს ასრულებს. თუმცა რეჟისორი მას სხვა პერსონაჟების ნიღბების მორგებასაც სთავაზობს, მაგრამ არასრულყოფილად, ეპიზოდურად და ფრაგმენტულად. ამიტომაც მაყურებელს, მათ შორის, მეც მიჩნდება კითხვა რატომ? იმიტომ, ხომ არა, რომ რეჟისორს ამით მსახიობის ბუნების ჩვენებაც სურს, რომელსაც საკუთარი ერთი როლი არ აკმაყოფილებს და ყველაფრის განსახიერება სურს? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბა ასლამაზიშვილი სპექტაკლის პირველ ნაწილში თამაშის დე ლ’არტესეულ ფორმას იყენებს, სადაც ხაზგასმით გვეუბნებიან მსახიობები, რომ ისინი ახლა განასახიერებენ პერსონაჟებს. ამიტომაც თამარ ჯაჯანაშვილი ანჟელიკის პერსონაჟის განსახიერებისას პიესის სხვა მოქმედი გმირების განსახიერებას იწყებს, მაგრამ მას ანდრია ვაჭრიძე ანაცვლებს, რომელიც ხარბად ეწაფება ახალ როლს და მისეულ ვერსიას სთავაზობს მაყურებელს.

სპექტაკლის პირველი ნაწილი კომედია დე ლ’არტესა და ვოდევილურ სტილისტიკაში თამაშდება, ეს ფორმა ცოტა ხანში მოსაწყენი ხდება და ის გვიან, მაგრამ მაინც იცვლება. სხვადასხვა სათეატრო ფორმებსა და ჟანრებში მსახიობები თანაბარი შემოქმედებითი რესურსის გამოყენებითა და ჩართულობით მონაცვლეობენ, მაგრამ ამ მუდმივ ცვლილებაში იკარგება პიესის სიუჟეტური ხაზი და ფერმკთალდება ამბავი. ამიტომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმის ძიებას ნაწილობრივ შეეწირა კიდეც მოლიერიც და პიესის სიუჟეტიც.

სპექტაკლი მაყურებელთა დარბაზში მიმდინარეობს, პუბლიკა მოვლენებს თვალს სცენაზე საგანგებოდ აგებული ამფითეატრიდან ადევნებს. დარბაზში რამდენიმე სავარძლის მაგიერ უნიტაზია ჩამაგრებული, რომელსაც პერსონაჟები პირველადი დანიშნულებისამებრ იყენებენ კიდეც. მხატვარმა ბარბარა ასლამაზიშვილს სურდა დეკორაციად ჭიათურის თეატრის დარბაზი გამოეყენებინა, რომელიც კლასიცისტურ სტილისტიკაშია გადაწყვეტილი (მათ შორის, მონუმენტური ფერწერით გაფორმებული ჭერითა და კედლებით. მხატვარი უფროსი რობერტ სტურუა) და სიძველის ასოციაციას იწვევს. მხატვარმა კოსტიუმებიც ეპოქის სტილს მოარგო, მაგრამ როგორც დეკონსტრუირებულია მოლიერის ტექსტი და თამაშის ხერხები, ისე დანაწევრებულია (დაშლილია) კოსტიუმების კლასიკური სტილი. სპექტაკლში დაშვებულია უკიდურესი პირობითობა, რომელიც არა მხოლოდ თამაშის მანერაში და სტილისტიკაში ვლინდება, არამედ სცენოგრაფიასა და როლების განაწილებაშიც კი.

საბა ასლამაზიშვილმა გვიჩვენა ეგოისტი საზოგადოება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ინტერესებზე ფიქრობს, რომელთაც ერთმანეთი მოჩვენებითად უყვართ. ამ გარემოსა და საზოგადოებაში ვცხოვრობთ უკვე დიდი ხანია და სწორედ ასეთი ცხოვრების სტილის წინააღმდეგ ილაშქრებს საბა ასლამაზიშვილი თავისი სპექტაკლით. თამარ ჯაჯანაშვილის ანჟელიკი საფინალო დრამატულ მონოლოგში (რომლის ფრაზებიც რამდენჯერმე მეორდება მის სემანტიკურ მნიშვნელობაზე ხაზგასმის მიზნით, როგორც თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ტრენდული ხერხი) ამბობს ფრაზებს გარდაცვლილ მამაზე: „რა ცუდად გრძნობდა, რა ცუდად ხედავდა ...“ დიახ, არგანი ცუდად გრძნობდა და ცუდად ხედავდა, მაგრამ ჩვენ?!

bottom of page