რა გითხართ, რით გაგახაროთ?!
ლაშა ჩხარტიშვილი
ამ წერილის პესიმისტური სათაური ჩემისთანა ოპტიმისტური კაცისგან ალბათ გიკვირთ, არც კეკლუცობაა ჩემი მხრიდან, უფრო დასკვნაა იმ იძულებითი ძალადობით მიღებული შთაბეჭდილებებისა, რაც ბოლო პერიოდში მომრავლებული საფესტივალო სპექტაკლების ნახვის შემდგომ გამიჩნდა. ილიას ცნობილი პუბლიცისტური წერილის ეს სათაური ზუსტად მიესადაგება თანამედროვე ქართული რეგიონული თეატრების (თუ არა ზოგადად ქართული თეატრის) ბედს და მდგომარეობას; ამიტომაც ვისესხე ეს პათოსი და მეც მორიგი სათეატრო სეზონის მიწურულს, შემიძლია რეზიუმეს სახით ვთქვა: – „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“. თუმცა სჯობს მივყვეთ თანმიმდევრობით.
რომ არა კულტურულ–საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ინიცირებული და წარმატებით განხორციელებული პროექტი – რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, ძნელი სათქმელია, გამოჩნდებოდა თუ არა ასე ხელის გულზე რეგიონების თეატრებში არსებული რეალური მდგომარეობა და დავინახავდით თუ არა იმ სურათს, რომელიც დღეს რეგიონების თეატრებში განხორციელებული სპექტაკლების ნახვის შემდეგ იხატება.
საბედნიეროდ, მხოლოდ პრობლემების გამოსაკვეთად და დასანახად როდი არსებობს ფოთის ფესტივალი. სწორედ, ამ ფესტივალის დამსახურებაა, რომ ნებით თუ იძულებით, თანამედროვე ქართული თეატრის რუკაზე გამოჩნდა ფართო საზოგადოებისთვის (სხვათაშორის, პროფესიული წრეებისთვისაც) აქამდე უცნობი პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრები. ბევრმა არც კი იცოდა ხულოში, სენაკსა და დმანისში არსებული (მათ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია) თეატრების შესახებ (მე რომ ვიცოდი, ჩავდიოდი და სპექტაკლებსაც ვნახულობდი ეს არ კმარა!!!). ფესტივალის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრებზე არაერთხელ გაჟღერდა რამდენიმე თეატრის მხრიდან, რომ წლიდან წლამდე ელოდებიან ფოთის ფესტივალს, რათა საფესტივალოდ ახალი წარმოდგენა დაიდგას. ესეც უკვე შედეგი ფესტივალისა, როცა გარკვეული თეატრისთვის, აღნიშნული ფორუმი გახდა მუშაობისა და აქტივობის მაინსპინირებელი საშუალება. (საუბარია სახელმწიფო პროფესიულ თეატრზე, რომელსაც ისედაც აქვს ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე).
ფოთის ფესტივალის დამსახურებაა ისიც, რომ ზღვისპირა ქალაქი, რომელიც განებივრებული არ არის კულტურული ღონისძიებებით არც ზაფხულში და არც წელიწადის სხვა დროს, საფესტივალო დღეებში გამოცოცხლდა და თეატრი ერთმანეთის ნახვის, გართობისა და ესთეტიკური სიამოვნების მიღების საშუალებად იქცა. თეატრიც, ხომ მაყურებლისთვის არსებობს და არა კრიტიკოსებისთვის, მაგრამ ეს სიყვარული ოდნავ მაცდური და არაპროგნოზირებადიცაა, რადგან ის, რაც მაყურებელს მოსწონს და ტაშს უკრავს, არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების ერთადერთი გზაა თეატრებისთვის მაყურებელთან საურთიერთოდ, რადგან მგონია, თეატრის ფუნქცია დღეს მხოლოდ მაყურებლის გართობა და მისი გამხიარულება როდია, არამედ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ამ ინსტიტუციას და სულაც არ ვფიქრობ, რომ მაყურებელი დაშორდება მას იმის გამო, რომ თეატრში მოსულს საეჭვო მხატვრული ღირებულების სპექტაკლი არ დაახვდება. ეს რომ ასეა ფესტივალის რამდენიმე მხატვრული ხარისხით და იდეებით დატვირთულმა, გამორჩეულმა სპექტაკლებმაც დაადასტურეს.
ყველაფერი თეატრზეა დამოკიდებული, რას და როგორ სთავაზობ მაყურებელს, მაყურებელი კი საინტერესოს და გააზრებულს აუცილებლად მიიღებს. მთავარია თეატრმა მიაჩვიოს და ასწავლოს განსხვავება მასსსა და "იუმორინას" შორის. ყოველთვის ჩვენს თავში უნდა ვეძიოთ მიზეზი, რატომ მიგვატოვა და ვერ დავაინტერესეთ მაყურებელი... უნდა ვაღიაროთ, რომ რასაც ჩვენვე ვერ ვიგებთ და გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად ვაკეთებთ, არც მაყურებელი მიიღებს... ამიტომაც, მქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დადის მაყურებელი თეატრში? – ალბათ იმიტომ, რომ ისეთ გაურკვეველ, უხარისხო და კუსტარულ წარმოდგენებს სთავაზობს ზოგიერთი თეატრი თავის მაყურებელს, რომ მისი მიღება–გააზრება, გნებავთ გაძლება პროფესიონალებსაც კი უჭირთ.
ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს სათეატრო ფესტივალების რუკაზე გამორჩეული და განსხვავებული ნიშა უჭირავს. ის, როგორც ფორუმი, აერთიანებს (ყოველგვარი კონკურსის და გამარჯვებისთვის გახარჯული ვნებათაღელვის, კრიტიკოსებთან და ჟიურის წევრებთან ავტორიტეტების მიგზავნის და საქმის ჩაწყობის გარეშე) რეგიონში მოღვაწე ყველა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალი საერთაშორისო სტატუსისაა და წლიდან წლამდე ემატება ფესტივალში მონაწილე უცხოური დასების რაოდენობა და ფართოვდება გეოგრაფიული არეალიც.
ფოთის ფესტივალის შედეგია რკინის თეატრის სპექტაკლი „ჩიტები“, ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით რკინის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დამაარსებლის დავით ანდღულაძის მიერ განხორციელებული დადგმა, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა თეატრის, ძირითადად რეგიონების, მსახიობებს. სწორედ ამ წარმოდგენით, სავსებით ლოგიკურად, გაიხსნა ფესტივალი, რომელშიც დედაქალაქის თეატრში მოღვაწე მსახიობთან ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად მონაწილეობდნენ დავით როინიშვილი (ქუთაისის თეატრი), ზაზა თაგოშვილი (რუსთავის თეატრი) . ბესიკოს როლზე ასევე მოწვეულია ზუგდიდის თეატრის მსახიობი ირაკლი სამუშია. პროექტის იდეა სწორედ შარშანდელ ფესტივალზე გაჩნდა და იმედია ეს ინიციატივა სხვა რეჟისორებისთვისაც გადამდები აღმოჩნდება და ტრადიციად იქცევა ყოველი ახალი ფესტივალის მსგავსი კოპროდუქციული ნამუშევრით გახსნა.
რაც შეეხება თავად წარმოდგენას: მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი პროფესიონალმა რეჟისორმა დადგა, პროფესიონალ და გამორჩეულ არტისტებთან ერთად, სპექტაკლს აკლდა სიუჟეტის თხრობის თანმიმდევრულობა და დრამატურგიული სიმძაფრე, რისთვისაც მსახიობები ძალას, ენერგიას და პროფესიონალიზმს არ იშურებდნენ, მაგრამ სპექტაკლის სათავე – დრამატურგიული ტექსტი – არ იძლეოდა შინაგანი დინამიკის, სიტყვის ქმედითუნარიანად გადაქცევის, მისი გაცოცხლების და დრამატურგიული სტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების შესაძლებლობას, მიუხედავად პიესაში მოთხრობილი ამბის აქტუალობისა და სიმძაფრისა. აღსანიშნავია, რომ გამოცდილ პროფესიონალებს ნინელი ჭანკვეტაძესა და დავით როინიშვილს ღირსეულ პარტნიორობას უწევდა ახალგაზრდა მსახიობი ზაზა თაგოშვილი. მათ შექმნეს სცენაზე ანსამბლურობა და სცენაზე პარტნიორული ურთიერთობის მაგალითიც აჩვენეს.
ფოთის ფესტივალის ორგანიზატორების (ნინელი ჭანკვეტაძე, თენგიზ ხუხია, ბექა ჯუმუტია, შიო აბრახამია, ნანა თუთბერიძე) გადაწყვეტილებით წლევანდელ ფესტივალზე ახალ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი: თითოეულ თეატრს წარადგენდა ფესტივალზე სამუშაოდ მოწვეული თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები. მაყურებელთან და თეატრთან ურთოერთობის ეს ფორმა ერთგავრი გამოწვევაც აღმოჩნდა თეატრმცოდნეებისთვის, ვინაიდან საჯარო გამოსვლებს გადაჩვეულ კრიტიკოსებს მოუწიათ მობილიზება მოცემულ დროში თეატრების პრეზენტაციისა. ეს გამოწვევა კრიტიკოსებმა სიამოვნებით მიიღეს და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ „მუზების ფერხულში“ (მიხეილ თუმანიშვილის ეს ფრაზა „თეატრი მუზების ფერხული“– წლევანდელი რეგიონული თეატრების ფესტივალის სლოგანი იყო).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფესტივალი სწორედ პროფესიული წრეებისთვის, ისინი ვინც იკვლევენ და აკვირდებიან თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებს. ფესტივალმა საშუალება მისცა თეატრის ექსპერტებს ერთ სივრცეში თანმიმდევრულად გასცნობოდნენ თეატრებსა და მათ ნამუშევრებს, არაოფიციალურ გარემოში შეხვედროდნენ მსახიობებსა და თეატრის ხელმძღვანელებს პრობლემების უკეთ გასაცნობად. ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მივლენილი იყო სარეკომენდაციო საბჭოს ოთხი წევრი მონიტორინგის განსახორციელებლად. ფესტივალში მონაწილე უკლებლივ ყველა სპექტაკლი გარკვეულ ტენდენციას ავლენდა, რომელიც სცილდება ერთი კონკრეტული თეატრის პრობლემას. ამიტომაც, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ფესტივალის მეორე დღე ხულოს თეატრის წარმოდგენას დაეთმო, რომელიც რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. ხულოს თეატრი ერთ–ერთი ყველაზე სპეციფიკური თეატრია, რომლისთვისაც ფრთხილად და გააზრებულად უნდა შეირჩეს პიესა და არჩევანისას რეჟისორები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ დასს და მის შესაძლებლობებს. მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია“ ემიგრაციის ფონზე შერყეულ ურთიერთობებს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება, სპექტაკლის ცქერისას გრჩება განცდა, რომ ეს სპექტაკლი გასული საუკუნის 40–50 იან წლებში დაიდგა. ამ განცდას ხელს უწყობს ატმოსფერო, რომელსაც მსახიობები პიესაზე დაყრდნობით ქმნიან და სცენოგრაფია, რომელიც გასული საუკუნის ტექნოლოგიით არის შესრულებული და თანამედროვეობასთან მას არაფერი აკავშირებს. დაუდგენელია სპექტაკლის სტილისტიკაც, რეჟისორი მიზანსცენების ასაწყობად იყენებს სხვადასხვა ხერხებს, რომელიც ეკლეკტურობას ქმნის და მსახიობსაც აბნევს ხან აპარტეზე მუშაობის, ხანაც ფსიქოლოგიური თეატრისთვის დამახასიათებელი გრძელი პაუზებით, მით უფრო, თამაშის ეს სტილი არ შეესაბამება არც პიესაში მოთხრობილ ამბებს. შეუსაბამო და ჩემთვის აუხსნელი იყო იტალიელი პარტიზანების ჰიმნი „ჩაო ბელა“ (სხვადასხვა ვერსიებითა და შემსრულებლებით), რომელიც გამუდმებით ისმოდა სპექტაკლში, როგორც უცვლელი მუსიკალური ფონი და ერთგვარი ლაიტმოტივი. (მუსიკალური გამფორმებელი თამაზ იმნაძე). ხულოს თეატრის მსახიობებისთვის ბუნებრივი არ აღმოჩნდა თბილისური კილო–კავით პერსონაჟების გაცოცხლება სცენაზე, დაკარგული ბუნებრიობა კი უხერხულობის განცდას ტოვებდა. სპექტაკლში ბევრი ფსევდოპათეტიკურ–პატრიოტული ტექსტი ჟღერდა, რომელიც დანიშნულებისამებრ ვერ/არ ჟღერდა სპექტაკლში.
მისტიკური ატმოსფეროს შექმნას ცდილობდა ზუგდიდის თეატრი სპექტაკლში „მსხვერპლი“ (დავით კლდიაშვილის მიხედვით), რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა დადგა. წარმოდგენა, რომლის საპრემიერო ჩვენება სწორედ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, ვნებების და ღელვის გარეშე არ ჩაუვლია. მისტიკის შექმნის ხარჯზე ხშირად იკარგებოდა მსახიობების ხმა, რაც ტექსტის მოსმენის და მისი გააზრების ბარიერს ქმნიდა. ამ ბარიერს ვიზუალურად სპექტაკლის სცენოგრაფიაც (მხატვარი მარიკა კორკელია) ამყარებდა, რომელმაც კიდევ უფრო ჩაკეტა სივრცე, რამაც უფრო ბრტყელი გახადა სამოქმედო არეალი. სპექტაკლში გარკვეული მიზანსცენები ისე თამაშდებოდა, რომ მაყურებლის ნაწილის თვალი ვერ წვდებოდა. თვალ და ხმა უწვდენელმა წარმოდგენამ საბოლოოდ ჩაკეტა ის ხიდი, რითაც მაყურებელი სცენაზე მომხდარს უკავშირდებოდა. უცნაურია, მაგრამ გამოცდილი არტისტებისგან განსხვავებით, გაცილებით უკეთ ისმოდა ზუგდიდის თეატრთან არსებული დებიუტანტი სტუდიელების ხმები, რომელთაგან მარინეს როლის შემსრულებელი ლიკა დემეტრაძე გამოირჩეოდა. ახალგაზრდა, მომავალში პერსპექტული მსახიობი დაამახსოვრდა ყველას არა მხოლოდ გამართული სასცენო მეტყველებითა და ხმით, არამედ სცენური გულწრფელობითა და მომხიბვლელობით. ახალგაზრდა მსახიობის სცენური გულწრფელობა და სისადავე იმით იყო გამოწვეული, რომ მომავალი მსახიობი თავისუფალი ე.წ. შტამპებისაგან, რომლითაც მდიდარია უფროსი და საშუალო თაობის მსახიობთა მხატვრულ სახეთა პალიტრა...
რეპერტუარიდან ძველი სპექტაკლი წარმოადგინა ცხინვალის დევნილმა თეატრმა ფოთში. დათო ტურაშვილის „მატარებელი“ ამ თეატრში გოჩა კაპანაძემ რამდენიმე წლის წინ დადგა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის თეატრებში პრობლემას წარმოადგენს რეპერტუარში სპექტაკლების შენარჩუნება. ამ მხრივ, ცხინვალის თეატრი გამონაკლისია, რომლის რეპერტუარში ახალ წარმოდგენებთან ერთად სეზონის განმავლობაში ძველი სპექტაკლების ჩვენებაც ხდება, მაგრამ საფესტივალო მაყურებელი მაინც სიახლის მოლოდინშია და ამიტომაც სასურველია თეატრებმა ახალი დადგმები წარმოადგინოს, რომელიც უკეთ გამოხატავს თეატრის დღევანდელობას და მის პოტენციალს.
ანდრო ენუქიძის სპექტაკლით „ბონდოს ღამე“ (ინგმარ ვილკისტის „ჰელვერის ღამის“ ირაკლი სამსონაძისეული ადაპტაცია) წარსდგა ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრი, რომელშიც თეატრის ორი წამყვანი მსახიობი: მაია ცეცხლაძე და ტიტე კომახიძე მონაწილეობდნენ. ბათუმიდან ფესტივალს მეორე დასიც სტუმრობდა – თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ის ერთადერთი საბავშვო თეატრია რეგიონებში, რომელიც სფეციფიკიდან გამომდინარე საბავშვო რეპერტუარზე მუშაობს. ამ თეატრის ჩართვით ფესტივალმა გააფართოვა მაყურებლის სეგმენტი და ფოთის თეატრის დარბაზი პატარა მაყურებლით შეივსო, თუმცა არც უფროს მაყურებელს მოუწყენია. დალი თედორაძის მიერ ქართული ხალხური ზრაპრების მოტივებზე შექმნილმა წარმოდგენამ „ამბიზიური ვირი“ კობა ფაცურიას რეჟისურით, სასიამოვნოდ განტვირთა ფესტივალის მძიმე და ტლანქი სპექტაკლების ცქერით დაქანცული მაყურებელი.
საქართველოს რეგიონებში კიდევ ერთი მოზარდ მაყურებელთა თეატრი არსებობს – „თეთრი ტალღა“, რომელიც ხელოვნების სტუდიის ბაზაზე სოხუმში შეიქმნა და დღეს თბილისში მოღვაწეობს. ეს თეატრი წარმოდგენებს ძირითადად თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მართავს. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი რეპერტუარიდან გამომდინარე დრამატული თეატრების ნუსხაში მოიაზრება და იშვიათად შეხვდებით აქ დადგმულ საბავშვო წარმოდგენას. ფესტივალზე დასმა დავით კობახიძის სპექტაკლის „ჩარლის დეიდა“ მეშემდეგე ვერსია წარმოადგინა განახლებული შემადგენლობით. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ერთადერთი აზრი მიტრიალებდა თავში: რა დააშავა ნიჭიერმა არტისტებმა, როცა ასეთი დაბალი დონის (მხატვრული ხარისხისა და წინა ეპოქაში ჩარჩენილი) სპექტაკლში მონაწილეობენ. მაყურებელსა და კრიტიკოსებს არ გამოპარვიათ თორნიკე ბელთაძისა და ლეონიდე გულუას ნიჭიერება, მახვილგონივრული იუმორი და არტისტული სისადავე, მაგრამ რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობის საინტერესო ნამუშევარი ვერ ცვლის თეატრში სურათს, თუკი არ მოხდა ძირეული გარდატეხა და თანამედროვე პროცესებში თეატრის ჩართვა, მით უფრო დასი დედაქალქში მოღვაწეობს, სადაც ასე თუ ისე, უფრო მარტივია საინტერესო რეჟისორების მოწვევა. დავით კობახიძის სპექტაკლი მიზანსცენებითა და რეჟისურლი გადაწყვეტით გასული საუკუნის უსუსურ სპექტაკლებს მოგაგონებდათ, რომელიც სავსეა ილუსტრატიული ეპიზოდებით, დაბალ მხატვრულ ხარისხში შესრულებული ცეკვებითა და მუსიკალური ნომრებით... სპექტაკლში კუპიურების მსგავსად უადგილოდ ჩართული ცეკვები ერთად შეერთებული ალბათ, აღემატებოდა მსახიობთა მიერ წარმოთქმულ–გათამაშებული ტექსტის ქრონომეტრაჟს.
მეორე აზრმაც გამიელვა გონებაში ამ სპექტაკლის დასრულების შემდეგ: რა საჭიროა თეატრი, რომელიც სტაბილურად ვერ ფუნქციონირებს, ვერ იწვევს ისეთ რეჟისორს, რომელსაც შეუძლია თუნდაც ნორმალური მხატვრული ხარისხის სპექტაკლი დადგას და ამ ფრაგმენტულ მცდელობებს ჰქონდეს შემოქმედებითი პროცესისთვის რაიმე შედეგი. თეატრი არსებობდეს არა არსებობისთვის, არამედ ფუნქციონირებდეს საზოგადოებისთვის. ამ მხრივ, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსგავსად პრობლემატურია რეგიონის რამდენიმე თეატრი, რომელიც პრემიერას მხოლოდ ანგარიშისთვის უშვებს და სპექტაკლს სიცოცხლისუნარიანობასაც ვერ უნარჩუნებს.
საინტერესო სპექტაკლი წარმოადგინა ოზურგეთის თეატრმა – ეჟენ იონესკოს „მაკბეტი“. სასიამოვნო სიურპრიზი იყო აბსურდის დრამატურგიის სცენაზე ხილვა ოზურგეთის თეატრის მიერ, დასის, რომელსაც ამ ჟანრში და ესთეტიკაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ჩვენში ხშირად აბსურდის დრამატურგიასაც (ისე როგორც ყველაფერს) სტანისლავსკის მეთოდებით დგამენ. ზურაბ სიხარულიძის სპექტაკლი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, სადაც გაცოცხლდა იონესკოს ატმოსფერო და ამ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა, თუმცა აქაც იჩინა რამდენიმე პრობლემამ: 1. გურული ინტონაციების გადაჭარბებული ზღვარი; 2. სასცენო მეტყველების პრობლემა (განსაკუთრებით ე.წ. „რბილი ლასი“). ყველაფრის მიუხედავად იონესკოს "მაკბეტი" მაინც ვერ აღმოჩნდა ორგანული ოზურგეთის თეატრის დასისთვის, ისე როგორც გიორგი სიხარულიძის ბოლო პერიოდის ექსპერიმენტული ძიებები მესხეთისა და სენაკის თეატრებისთვის. ამიტომაც ეს სპექტაკლები ხელოვნურის, გაკეთებულის ელფერი დაკრავდა...
საინტერესო წარმოდგენა იყო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრის „სტუმარი“ (ავტორი ერიკ ემანუელ შმიტი) ლევან ბიბილეიშვილის რეჟისურით, რომელიც გამოირჩეოდა სადადგმო კულტურით, დახვეწილი მიზნასცენებით. სპექტაკლი ორი მსახიობის სულხან გოგოლაშვილის (ფროიდი) და გიორგი ჩაჩანიძის (სტუმარი, ღმერთი) გამართულ, პროფესიულად აწყობილ, დახვეწილ დიალოგზე დგას. მსახიობები წარმატებით ართმევენ თავს დრამატურგისა და რეჟისორის მიერ დაკისრებულ ამოცანას. ტრადიცულმა და ერთ–ერთმა გამორჩეულმა თეატრმა ფესტივალზე ღირსეულად წარადგინა თავი. არანაკლებ საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზა ზესტაფონის თეატრმა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ლიპარტიანმა ზესტაფონის თეატრის არცთუ მრავალრიცხოვან დასთან ტენესი უილიამსის „ვარდის სვირინგი“ განახორციელა. საინტერესო მხატვრული სახეებით და დრამატურგისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროს შექმნით საფესტივალო ცხოვრებაში ზესტაფონის თეატრმა ნათელი სხივი შემოიტანა.
ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლით თუ ვისმჯელებთ, სავალალო მდგომარეობაშია რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი ყველაზე ახლომდებარე ქალაქია დედაქალაქთან, თეატრი საკმაოდ ჩამორჩენილია და დაშორებულია დედაქალაქის თეატრებში მიმდინარე პროცესებს და ტენდენციებს. უფრო მეტიც, დედაქალაქიდან შორს, თუნდაც მაღალმთიან რეგიონებშიც კი არ ხორციელდება ისეთი პროექტი, როგორც რუსთავის თეატრის „ხეჩოს სიზმარია“. ოპონენტების გასაგონად ვიტყვი, რომ კი ბატონო, მაყურებელი ბედნიერი იყო, მაგრამ მაყურებელი ბედნიერია „იუმორინაზეც“, მაგრამ ესტრადა ესტრადაა, თეატრი კი თეატრი. მათი ფუნქციები და როლი ერთმანეთისგან განსხვავებულია და ამიტომაც, პროფესიული სტატუსის მატარებელ სახელმწიფო თეატრს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება. ღრმად მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ რუსთავის თეატრს ლამის ათწლეულში გაწელილი მუდმივი დაპირისპირებებისა და ხელმძღვანელთა ინტენსიური შეცვლის გარდა, შეუძლია შექმნას თეატრში შემოქმედებითი ატმოსფერო და ჯანსაღ კონკურენციაში ჩაერთოს ზოგად სათეატრო პროცესების კვალდაკვალ. მუდმივი დაპირისპირება და ხელმძღვანელთა ცვლა პირდაპირ აისახება შემოქმედებითი პროცესის დისკრედიტაციაზე, მათ შორის, გამოცდილ არტისტებზე, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რასაც აკეტებენ ხარისხიანად და ლაზათიანად აკეთებენ.
„ხანუმას“ ახლებური, ადაპტირებული და გათანამედროვებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა თელავის თეატრმა (რეჟისორი კახა გოგიძე). საეჭვო მხატვრული ხარისხის, ცრუ პათეტიკით და პატრიოტიზმით გამსჭვალული დადგმა – „ბედნიერი ერი“ წარადგინა სენაკის თეატრმა (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), ხოლო გიორგი ერისთავის ვოდევილით „ძუნწი“(რეჟისორი კოტე მირიანაშვილი) წარდგა ფესტივალზე დმანისის თეატრი. ეს უკანაკსნელი განსაკუთრებით სტარტეგიულ რეგიონში მდებარეობს, მაგრამ ამ განსაკუთრებულობას ვერც ადგილობრივი თვითმმართველობა და ვერც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გრძნობს. სწორედ მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა ამ თეატრზე, მაგრამ ამაოდ. რა აზრი აქვს ისეთი თეატრის დაფუძნებას (დამფუძნებელი კულტურის სამინისტრო), რომელსაც ვერაფრით ეხმარები, რომლის შემდაგენლობაში მხოლოდ 3 საშტატო ერთეულია. რა აზრი აქვს დააფუძნო პროფესიული სახელმწიფო თეატრი, თუ მას არ ჰყავს მუდმივმოქმედი დასი, არ ჰყავს რეჟისორი და არც სადადგმო ხარჯი გააჩნია წელიწადში თუნდაც ერთი სპექტაკლის განსახორციელებლად. რა საჭიროა ტყუილი, რაოდენობა, თუ თეატრი ვერ იფუნქციონირებს და ვერ შეასრულებს იმ მისიის 5% მაინც, რომელიც თეატრს, თავად სახელმწიფომ დააკისრა?! დმანისის თეატრმა წარმოდგენა მოწვეულ რეჟისორთან და უკლებლივ ყველა მოწვეულ მსახიობთან ერთად დადგა. ძნელია ამ დადგმის შენარჩუნება და თუნდაც დმანისში (ან მის მიმდებარედ) რამდენჯერმე ჩვენება/წარმოდგენა. დმანისის თეატრი მხოლოდ ფურცელზე რეგისტრირებული თეატრია, რომელიც სახელმწიფოსგან მიტოვებული და იგნორირებულია უკვე ათწლეულობის განმავლობაში. ამიტომაც, ძნელია მოთხოვო თეატრს მხატვრული ხარისხი, შემოქმედებითი პროცესის წარმართვა, როცა რეალურად არაფერი არ არსებობს, როცა ეს არ არის დმანისის თეატრის ნაწარმოები, აქ მხოლოდ მარკაა – დმანისის თეატრი (სინამდვილეში კი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფილიალია, რადგან დმანისის თეატრმა სპექტაკლისთვის მსახიობები სწორედ ამ თეატრიდან "ისესხა"). თამრი ფხაკაძის მოთხრობის „სანამ დაგვიძახებენ“ სცენური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ მესხეთის თეატრიდან. სპექტაკლის მთავარი პრობლემა სწორედ ლიტერატურული ტექსტი იყო, რომელიც ვერაფრით მოერგო სცენას. მიუხედავად სევდიანი, ემოციური და დამთრგუნველი ეპიზოდებისა, სპექტაკლმა როგორც ნაწარმოებმა არ დატოვა ერთიანობის განცდა. სიუჟეტის თხრობის დესტრუქციული მეთოდი არ აღმოჩნდა წარმატებული გზა სიყვარულის ისტორიის გამართულად გადმოსაცემად.
ფესტივალის პროგრამა გაამრავალფეროვნა უცხოურმა დასებმა პოლონეთიდან, ბელორუსიიდან და ირანიდან, რომლებმაც აჩვენეს მათი ქვეყნების თეატრებში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესი და დონე. თუკი პოლონური დადგმები გამოირჩევა განსაკუთრებული სიახლეებით სათეატრო ხელოვნებაში, რომელიც მალევე ითვისებს ევროპული თეატრების გამოცდილებებს, ბელორუსული თეატრი ამ მოვლენების კვლადაკვალ უფრო დაბალ რეგისტრში მიყვება მეზობელ პოლონეთს, რომელსაც მაინც უჭირს საბჭოთა სათეატრო გამოცდილებასთან განშორება, ხოლო ირანული თეატრი უფრო ექსპერიმენტულ, ძიებაში მყოფ თეატრს წარმოადგენს, რომელიც თავისი ფორმით ევროპული თეატრის მოდელს ეფუძნება. ფესტივალზე წარმოდგენილი „მოჩვენებითი ხელოვნების“ „წითელქუდა“ საინტერესო ექსპერიმენტს წარმოადგენდა იმ თვალსაზრისით, რომ აქ დროში გაშლილი იყო წამი. წამიერ განცდებზე დაფუძნებული ხანგრძლივი მოქმედება უნებისყოფო მაყურებლისთვის დიდი გამოცდა იყო. სპექტაკლი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული არტისტული ძიებებითა და საშემსრულებლო დონით, მუსიკალური გაფორმებითა და პლასტიკური მიზანსცენებით. ვერც ბელორუსულმა დამოუკიდებელმა „თეატრმა ჩე“–მ მოიწონა თავი დარიუშ ეზერსკის სპექტაკლით „რა ვუყოთ ამ ვეფხვს?“ ფესტივალის მაყურებელთა შორის, რომელიც თავისი ვერბალურობის და თეატრალური გაძარცვულობის გამო „დაიჩაგრა“, რადგან სპექტაკლი სუბტიტრების გარეშე მიდიოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ წარმოდგენის პირველი ნაწილი ზემოთ ნახსენებ პრობლემებს არ უჩიოდა. ყველაზე თანამედროვე (ამ სიტყვის ფართო გაგებით) სპექტაკლი ფესტივალის პროგრამაში იყო ქალაქ ზაბჟეს „ახალი თეატრი“ პოლონეთიდან, რომელიც კატარინა დეშჩიმ ელფრიდე იელინეკის პიესის „მთხოვნელები“ მიხედვით დადგა. სპექტაკლი რამდენიმე ღირსებით გამოირჩეოდა: გარდა არასტანდარტული ფორმისა და თხრობის სტილისა, სპექტაკლი გამორჩეული იყო არტისტული ანსამბლურობით, ჟანრის ზუსტი და ზომიერი შეგრძნებით, ცოცხალი და მოქმედი ტექსტით, ემიგრაციასთან დაკავშირებული აქტუალური თემებითა და პრობლემებით. პოლონელთა სპექტაკლი კარგი მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა შეძლოს თეატრმა საზოგადოებაში თავისი ფუნქციის გაზრდა–შესრულება და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში წვლილის შეტანა, თანამედროვე მაყურებელთან საკომუნიკაციოდ თანამედროვე ენის გამონახვა.
ყველაფრის მიუხედავად, ფესტივალში მონაწილეობდნენ თეატრები, რომელთა სპექტაკლებმა ყველა გემოვნების, ინტერესების, მსოფლმხედველობისა და ასაკის კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თეატრები, რომლებიც ერთი კონკრეტული სპექტაკლით ავლენდნენ, რომ მათთან შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს, რომ თეატრი ცდილობს გაამართლოს პროფესიული თეატრის სტატუსი, რომ გახდეს საინტერესო და მიმზიდველი, იყოს მუდმივ ძიებაში და არ ჩამორჩეს მოვლენებს, რომელიც დედაქალაქის, თუ ევროპის თეატრებში მიმდინარეობს. ფესტივალის სამი მარგალიტი წელს ჭიათურის, გორის და ფოთის თეატრები აღმოჩნდნენ. გორის თეატრმა სოსო ნემსაძის ამელი ნოტომის „საწვავის“ მიხედვით დადგმული პიესა წარმოადგინა, რომელშიც სამი მსახიობი: კახა ბერიძე, სოფო მაიერი და ვახტანგ ჩაჩანიძე მონაწილეობდნენ. გამართული და პროფესიულად დახვეწილი მიზანსცენები, მსახიობების მიერ საინტერესოდ გააზრებული მხატვრული სახეები და კონცეპტუალური სცენოგრაფია გახდა გორის თეატრის წარმატებისა ფესტივალზე.
ფესტივალის დახურვის პატივი მასპინძელს – ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ერგო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით მღებრიშვილისეული ცნობილი პიესის იბსენის „ხალხის მტერის“ სცენური რედაქცია ფესტივალის ერთ–ერთ ყველაზე დახვეწილ სპექტაკლად დასახელდა. ერთ საათსა და ათიოდე წუთში რეჟისორმა შეძლო ძირითადი აქცენტების დასმა, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა და პიესაში დასმული პრობლემების კიდევ უფრო გამძაფრება. ფოთის თეატრს აქვს ამბიცია და შესაძლებლობაც დღეს იქცეს ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო თეატრად, რადგან სარეპერტუარო პოლიტიკა მიმართულია დასის შემოქმედებით ზრდასა და განვითარებაზე.
ჭიათურის თეატრი ფესტივალზე, ქუთაისის თეატრთან ერთობლივი ნამუშევრით ირაკლი სამსონაძის „მეთევზე ერთი, ორი...“ წარსდგა, რომელიც რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა. წარმოდგენა ფესტივალის ფავორიტ ნამუშევრად იქცა, რომელმაც ერთდროულად მოხიბლა მაყურებელი არა მხოლოდ პიესის ორიგინალური სიუჟეტითა და თხრობის კულტურით, არამედ რეჟისორული გააზრებით, ზუსტი სცენოგრაფიული სამყაროს შექმნით და რაც მთავარია, ორი მაღალი რანგის არტისტული (დავით როინიშვილი, გიორგი ჩაჩანიძე) ნამუშევრით. სპექტაკლი გამოირჩეოდა დახვეწილი სადადგმო კულტურითა და საშემსრულებლო ხელოვნების ნამდვილი ოსტატობით. შემთხვევითი არ იყო, რომ ფესტივალის ფარგლებში თუმანიშვილის ფონდის მიერ (ხელმძღვანელი მანანა ანთაძე) დაწესებული პრიზი –საუკეთესო სპექტაკლი – სწორედ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლს გადაეცა, ფესტივალის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის პრიზით ფესტივალზე მომუშავე ახალგაზრდა კრიტიკოსების ჯგუფმა ფავორიტ ახალგაზრდა მსახიობად სწორედ გიორგი ჩაჩანიძე დაასახელა და მსახიობმა ვანო იანტბელიძემ რევაზ ინანიშვილის პრემია ორ ახალგაზრდა მსახიობს გიორგი ჩაჩანიძეს და ლექსო რაზმაძეს (თელავის თეატრი) გადასცა. სამწუხაროა, რომ გიორგი შალუტაშვილის "მეთევზე ერთი, ორი..." წარდგენილი არ იყო თეატრალურ პრემიაზე "დურუჯი", რომელიც მინიმუმ სამ ნომინაციაში გაიმარჯვებდა. დეკემბერში გამართული პრემიერის შემდეგ ამ წარმატებული სპექტაკლის შესახებ არც პროფესიულ წრეებში გვსმენია რამე... რომ არა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, შესაძლოა ეს გამორჩეული ნამუშევარი არც არავის ენახა და მისი კვალიც გამქრალიყო...
ფესტივალმა, საბედნიეროდ, ქართულ თეატრში სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გადასაჭრელი პრობლემები გამოკვეთა. ჩემი აზრით, სამომავლოდ სასურველია:
-
– მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თეატრები საფესტივალო სპექტაკლის შერჩევას (მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით). თეატრები უნდა შეეცადონ ბოლო სეზონის, ან სრულიად ახალი სპექტაკლები წარმოადგინონ ფესტივალზე, რათა არ განელდეს ინტერესი მათი ნამუშევრების მიმართ.
-
– მეტი პასუხისმგებლობით შეავსონ ფესტივალის განაცხადი და მიაწოდონ ფესტივალის მაყურებელს მთავარი და საჭირო ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ (მინიმუმ სწორად დაწერონ საკუთარი თეატრის, წარმოდგენილი სპექტაკლის დრამატურგის დასახელება), ვინაიდან ფესტივალი საერთაშორისოა და კატალოგს ეცნობა უცხოური დასებიც.
-
– კარგად გავაცნობიეროთ რისთვის არსებობს და რა მისიას უნდა ასრულებდეს თეატრი რეგიონში, რომელიც იმ გეოგრაფიულ არეალში ერთადერთი კულტურის კერაა, რომელზედაც სახელმწიფო ათასობით ლარს ხარჯავს ყოველწლიურად, რომ თეატრი ეკუთვნის საზოგადოებას და უნდა ემსახურებოდეს მის ინტერესებს და არა სამხატვრო ხელმძღვანელთა თუ რეჟისორთა ახირებებს...
-
– ფესტივალმა გამოკვეთა თანამედროვე ქართული სათეატრო რეჟისურის კრიზისი, ზედაპირული და ფრაგმენტული დამოკიდებულება რეჟისორების მხრიდან რეგიონის თეატრში მუშაობისას.
-
– განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდა კადრებით დასების შევსება–შენარჩუნება, რის გამოც თეატრები იძულებულები არიან პროფესიული სცენა გაუხსნან თეატრებთან არსებულ სტუდიელებს...
-
– დასახვეწია მენეჯმენტი და თეატრების ე.წ. შეფუთვის მეთოდიკა, მარკეტინგული თუ პიარ კამპანია. თეატრების უმრავლესობას არ აქვს ვებ გევრდი, არ ფუნქციონირებს გვერდები სოციალურ ქსელში, არ ხდება ინფორმაციის განახლება. კოპროდუქციის შემთხვევაში ჭირს პროექტის მენეჯერთან კომუნიკაცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პროდუქციაზე პასუხისმგებელი ერთდროულად ორი იურიდიული პირია...
-
– თეატრები მხოლოდ სტატუსით რჩებიან პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრებად, მათი უმრავლესობა კი სახალხო, მოყვარული თეატრის დონეს უტოლდება მხოლოდ...
-
– თეატრების უმრავლესობას არ აქვს შემუშავებული ერთიანი სარეპერტუარო პოლიტიკა, იდგმება შემთხვევით შერჩეული პიესები და შედეგად ვიღებთ კუსტარულ სპექტაკლებს, რის გამოც ვკარგავთ მაყურებელს და სამუდამოდ ვაშორებთ მას თეატრს.
პრობლემებისა და ტენდენციების სია გრძელია, ამ ჯერზე, კმარა...